სექსტილი

სექსტილი

სექსტილის სიმბოლო

 

რიცხვი: 6  (360 : 6 = 60. მთელის მეექვსედი)

მმართველი: მერკური და ურანი

ტყვეობა: მზე და იუპიტერი

კულმინატორი: მერკური

დეკადენტი: პლუტონი

 

ციფრი 6 დაკავშირებულია აბსოლუტის შემოქმედებით გამოვლენასთან, მის მატერიალიზებასთან _ „სამყაროს შექმნა 6 დღეში“. ამრიგად, ადამიანის რუკაში სექსტილის ასპექტი წარმოადგენს აბსოლუტისგან ბოძებულ შესაძლებლობას, შემოქმედებითად ჩაერთოს ევოლუციის პროცესში, ამა თუ იმ კარმული პროგრამის რეალიზებით.

სექსტილის ასპექტის მეორე საკვანძო სიტყვაა „თავისუფალი არჩევანი“, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა შესაძლებლობასთან. ეპითეტი „თავისუფალი“, მოცემულ შემთხვევაში, იმას გულისხმობს, რომ არჩევანს, გარკვეულ კარმულ საზღვრებში, თავად ადამიანი აკეთებს და საბოლოო გადაწყვეტილებაც  მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ძალიან ხშირად სექსტილის ასპექტით შემოთავაზებული არჩევანს ალტერნატიული ხასიათი აქვს: მიიღოს შემოთავაზება თუ უარი თქვას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მას, რადგან სექსტილი, როგორც მაჟორული ასპექტი, მის ძირითად კარმულ პროგრამას წარმოადგენს და შეცდომის ფასი, ისევე როგორც მცდარი მოქმედებისა, შესაძლოა ძალიან მაღალი აღმოჩნდეს.

სექსტილი ასევე ჰარმონიის სიმბოლოა, მაგრამ თუ ტრინი აქტიურ ჰარმონიას გულისხმობს, რომელიც ადამიანს მზა ფორმით ეძლევა, სექსტილი პოტენციური ჰარმონიაა, რომელიც მან უნდა იპოვოს და შექმნას. ამ თვალსაზრისით, სექსტილი გაცილებით უფრო შემოქმედებითი ასპექტია, რადგან ტრინის ჰარმონია ლამაზი ლენტებით შეფუთული საჩუქარივით მოდის. ვთქვათ, მზა დეკორატიული ნივთი; სექსტილიც საჩუქარია, მხოლოდ ისეთი, რომელიც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, ვთქვათ მრავალდეტალიანი კონსტრუქტორი, რომლისგანაც ადამიანს გემის ან სახლის აწყობა შეუძლია, თავისი გემოვნების მიხედვით.

სექსტილი ვერ მოგვცემს მზა ტალანტს, როდესაც ადამიანი პირველივე ნაბიჯებიდან განაცვიფრებს მასწავლებლებს და მოკლე დროში მათაც აჭარბებს. სამაგიეროდ, ადამიანი ასევე დაცულია ტრინისთვის თვისებრივი პარაზიტული და მომადუნებელი  ეფექტებისგან. სექსტილი გიჩვენებთ გზას ჰარმონიისკენ, მაგრამ ეს გზა გასავლელია, რაც არც ისე მარტივია და ადამიანისგან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მას ყოველთვის ექნება ბედისწერის მხარდაჭერის და რაც მთავარია, ფეხქვეშ მყარი ნიადაგის შეგრძნება იმ გზაზე, რომელსაც შეუდგება.

უფრო კონკრეტული მაგალითი, რით განსხვავდება ტრინი და სექსტილი: მაგალითად, მერკური-სატურნის ტრინი მოგვცემს ბრწყინვალე მეხსიერებას. თუ ადამიანს დასჭირდა, მას შეუძლია კონცენტრირდეს და ერთ ღამეში წაიკითხოს მთელი სახელმძღვანელო, საიდანაც ნახევარს ზეპირად დაიმახსოვრებს, ნახევარს_ ტექსტთან მიახლოებით. ის ბრწყინვალედ ჩააბარებს გამოცდას, რომელიც საჭიროებს ცოდნას (ანუ მეხსიერებას).   თუ ის უცხო მხარეში მოხვდა, სწრაფად და მარტივად ისწავლის უცხო ენას. თუმცა! როგორც ცნობილია, წლებთან ერთად, მეხსიერება სუსტდება. ტრინის პატრონს კი თავში აზრადაც არ მოუვა, გაიუმჯობესოს  ბუნებისგან ბოძებული ტალანტი.

სამაგიეროდ, მერკურის-სატურნის სექსტილი იძლევა მეხსიერების განვითარების შესანიშნავ უნარებს, რაც რამდენიმე წელს მოითხოვს, მაგრამ საჭირო წვრთნის შემთხვევაში, ადამიანი მშვენივარად დაეუფლება არამხოლოდ პასუხების დამახსოვრების ხელოვნებას, არამედ შეძლებს აქტიურად და შემოქმედებითად ისარგებლოს საკუთარი მეხსიერებით და მაშინ ის (მეხსიერება), საჭირო დროს და საჭირო ადგილას, თავისით უკარნახებს ყველა  მონაცემს და იმდენად მზრუნველად შეურჩევს ასოციაციებს, ხშირად თავად ნატივსაც განაცვიფრებს.

ამრიგად, თუ ტრინი მიდრეკილია სიზარმაცის, თვითკმაყოფილების და პარაზიტობისკენ, სექსტილი კონსტრუქციულ მოქმედებებზე ორიენტირებული ასპექტია. ცხადია, ნატივი ამას კარგად გრძნობს. სექსტილის ჩართვისას, შინაგანი (სავსებით მოსალოდნელია, გარეგანიც) ხმა ადამიანს აუწყებს: „აქ კარგი შანსი გაქვს, მაგრამ ყველაფერი შენ თვითონ უნდა გააკეთო“.

სექსტილი ჰარმონიული ასპექტია არამხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ პოტენციურ ჰარმონიას შეიცავს, არამედ იმიტომაც, რომ მისგან შემოთავაზებული ვარიანტები, მცირედი ძალისხმევითაც კი, ადამიანს მძიმედ მერყევი სიტუაციის დაბალანსების და მაშასადამე, დიდი უბედურების თავიდან აცილების საშუალებას აძლევს. ამიტომ, სექსტილის დამუშავება მეტად კეთილშობილი საქმეა, რადგან კარმა, თუ ადამიანმა შემოთავაზებულ ვარიანტში კონსტრუქციული შემოქმედება აირჩია, სამყარო დახმარებას და მხარდაჭერას აღუთქვამს ყველაზე განსხვავებული მეთოდებით, თითქოს გადაწყვეტილებას  უწონებს და აქეზებს.

მეორეს მხრივ, სექსტილისგან შემოთავაზებული შესაძლებლობების ჯიუტად უგულვებელყოფას, რაც განპირობებულია იმით, რომ ადამიანს არ სურს კონსტრუქციული მიმართულებით გარჯა, საკმაოდ მძიმე შედეგები მოსდევს. წლებთან ერთად,  ის სულ უფრო მწარედ ნანობს, სიზარმაცის, ქარაფშუტობის ან მომხმარებლური დამოკიდებულების გამო, ხელიდან გაშვებულ შანსებზე, რაც მის ცხოვრებას არსებითად შეცვლიდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის! არარეალიზებული შესაძლებლობები ადამიანს მტკივნეულ მოწყვლადობას განუვითარებს და დამცველ საფარველს შემოაცლის, რაც  ბედისწერის მწარე დარტყმებით გამოვლინდება, რომელსაც ხშირად სავსებით ხელთქმნილი ხასიათი აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი თავად იწვევს ნეგატიურ მოვლენებს საკუთარ ცხოვრებაში. ამდენად, სექსტილის კეთილგანწყობის და თავის დროზე თავისუფალი არჩევნის უკან მძვინვარე გაფრთხილების ჩრდილი დგას _  ადამიანს როდესმე აუცილებლად მოუწევს საკუთარ არჩევნებზე პასუხისგება.

მაშ ასე, შევაჯამოთ. სექსტილის ასპექტის საკვანძო-გასაღები სიტყვებია:

  • შემოქმედება
  • პოტენციალი
  • თავისუფალი არჩევანი
  • პირადი ძალისხმევა

 

______________ პლანეტების მმართველობა სექსტილში ___________________

მერკური, როგორც სექსტილის მმართველი, ასპექტს ბრწყინვალე რაციონალურ შეფერილობას ანიჭებს. ადამიანი ფიქრობს თავის არჩევანზე. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ალტერნატივაა (ვთქვათ, დაქორწინდეს თუ არ დაქორწინდეს), მისი მერყეობა მენტალურ მხარეს ეხება და ძლიერ ააქტიურებს მის გონებრივ რესურსებს. სხვა საქმეა, რა დონეზე მიდის ეს განსჯები, ისევე როგორც საინტერესოა, ნატივის ფიქრები მისი გონების პირმშოა თუ საზოგადოებრივი ცნობიერით და ქვეცნობიერით ნაკარნახები.  ნებისმიერ შემთხვევაში, სექსტილისგან შემოთავაზებული არჩევანი თავად ადამიანს ეკუთვნის და რას აირჩევს, მთლინად მისი პასუხისმგებლობაა. ამიტომ, ის კარგად უნდა დაფიქრდეს საკუთარი გადაწყვეტილებების შორეულ პერსპექტივებზე.

მერკურის გავლენითვე, სექსტილი მეტად დინამიური და მოქნილი ასპექტია. ის არაფერს გაიძულებთ: ეს არ გინდა? მაშინ მეორე. არც ის მოგწონს? მაშინ მესამე. არ მოგწონთ საკუთარი ძალების რეალიზების ეს მეთოდი? სცადეთ სხვა, მაგრამ აუცილებლად სცადეთ და ნუ ელით ამ ასპექტისგან „ციურ მანანას“!  უმჯობესია თუ მას ტრინის სიახლოვეს მოიკითხავთ. მსგავსი სიმკვირცხლე დამახასიათებელია სატურნის ტრინისთვისაც კი, რომელიც აუცილებლად შესთავაზებს ადამიანს თვითჩაღრმავების და კონცენტრაციის რამდენიმე ვარიანტს. მიუხედავად ყველა ამ სიკეთისა, სექსტილის შემოთავაზებებთან ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ. საერთოდ, რაც უფრო ფართო არჩევანს გთავაზობთ სექსტილი, მით უფრო ზედაპირულია ეს შესაძლებლობები. შესაბამისად, მით უფრო რთულია თითოეულის რეალიზება. ესეც რომ არ იყოს, შესაძლებლობების გაფართოებას თავად სექსტილის დამუშავება იძლევა, რომელიც, ადამიანში კოდირებული უნარების განვითარებითა და გაფართოებით  ცვლის მის არსს. სწორედ ამის შემდეგ მისცემს სექსტილი ადამიანს უფრო სიღრმისეულ და პერსპექტიულ შანსებს. თუ სექსტილი არ მუშავდება, ე.ი. ადამიანი პირად ძალისხმევას, ენთუზიაზს და შემოქმედებით საწყისს არ ავლენს პროექტების რეალიზაციაში, დროთა განმავლობაში, სექსტილი იმ თაღლითს დაემსგავსება, რომელიც არარსებული განძის რუკებს გთავაზობთ.

ურანი, როგორც სექსტილის მმართველი, მას  არაპროგნოზირებად და კრეატიულ ხასიათს ანიჭებს, რომელიც არც ისე მარტივი გამოსაყენებელია. როგორც ცნობილია, ურანული გავლენა ხშირად გაურკვეველი მინიშნებებით ვლინდება თემაზე, რომელზეც ვამბობთ: „ვერაფერი გავიგე… მარამ გენიალურია!“ მართლაც, სრულიად გაუგებარია, როგორც შეიძლება არათუ მათი უტილიზაცია, არამედ მისაღებ ჩარჩოებში მოქცევა. სინამდვილეში, ეს პატარა ურანული აფეთქებები იმის დასტურია, რომ ადამიანს დასამუშავებლად სთავაზობენ ნამდვილად ახალ თემას, რომელიც გაუგონარ გვერდით ეფექტებს უქადის, პირდაპირზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ როდესაც ის მათ გამოიკვლევს, მას მოუწევს თავისი ზოგიერთი შეხედულების შეცვლა. გარდა ამისა, ურანის მმართველობა იმის სიმბოლოა, რომ არჩევნის მომენტში ადამიანი არ უნდა იყოს ორიენტირებული (ან ვერც კი შეძლებს ორიენტაციას)  მიმდინარე მოვლენების წმინდად  რაციონალურ მხარეზე. სამაგიეროდ, დამუშავების დაბალ დონეზე, ურანის მინიშნებები მის ხელთაა, იმ პლანეტების ხასიათის გათვალისწინებით რომლებიც სექსტილის ასპექტს ქმნიან.

მაღალ დონეზე, ეს კარმული განჭვრეტაა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ადამიანს იმ კარმულ პროგრამებზე, რომელიც მისი ამა თუ იმ გადაწყვეტილების შედეგად აქტიურდება. თუ არჩევანი სრულიად რაციონალურად გაკეთდა და ადამიანისთვის ყველაფერი გასაგებია, რა რას ნიშანვს, მაშინ ნატივმა ან რაღაც მნიშვნელოვანი ვერ შეამჩნია ან მოცემული არჩევანი კარმულად არსებითი არ იყო.

მზე, როგორც სექსტილის დამატყვევებელი, იმაზე მიგვითითებს, რომ, მისგან შემოთავაზებული არჩევნის მომენტში,  ადამიანზე იმპერატიული ზეწოლა არ ხორციელდება. ანუ მიმდინარე მომენტში არავითარი გარეგანი თუ შინაგანი  გარემობები არ წარმოადგენს იმდენად იმპერატიულ მოთხოვნებს, რომ ნატივს არჩევნის გაკეთება აიძულოს. თუმცა, ცხადია, არჩევნის გაკეთებისას, ნებისმიერი ადამიანი გარკვეულ ზეწოლას ყოველთვის განიცდის. მზის ტყვეობა კარმის ფარული ინტერესის სიმბოლოა ადამიანის არჩევნის მიმართ.

მზის, როგორც სექსტილის დამატყვევებლის, გავლენა იმით ვლინდება, რომ ადამიანის მიერ მიღებულ გადაწვეტილებების თანმიმდევრობით გამოწვეული კარმული შედეგები იმპერატიული ხასიათისაა. თუ ადამიანი მუდმივად უარყოფს შემოთავაზებულ შესაძლებლობებს, რომელიც მისგან კონსტრუქციულ ქმედებებს მოითხოვს, მაშინ ეგრეგორი მას მკაცრ კარმულ პროგრამაში ჩართავს, რომლის ჩარჩოშიც ის მხოლოდ ოცნებასღა შეძლებს დაკარგულ თავისუფალ არჩევანზე.

ამრიგად, მზე გამოხატავს ადამიანის იმპერატიულ პასუხისმგელობას საკუთარ არჩევანზე მთლიანობაში. მეორეს მხრივ, მზე იმპერატიულ მხარდაჭერასაც იძლევა, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება სექსტილისგან შემოთავაზებულ კონსტრუქციულ პროგრამებში. დამუშავებული სექსტილი კი ტრინს ემსგავსება, თუმცა შეცდომა იქნება ამ ორი ასპექტის გაიგივება, რადგან სექსტილი არასდროს მოგცემთ უფასო ჰარმონიას ან მომადუნებელ ეფექტს.

იუპიტერი, როგორც სექსტილის დამატყვევებელი, ფარული შესაძლებლობების და პოტენციალის სიმბოლოა, რომელიც ადამიანისთვის მხოლოდ მაშინ იხსნება, თუ ის კონსტრუქციულ პროგრამებში ერთვება. ტრინისგან განსხვავებით, აქ იუპიტერი არ იძლევა ფართო წარმატებას და კეთილდღეობას მაშინვე, მაგრამ ამას უთუოდ ჰპირდება ნატივს, გამოჩენილი სიბეჯითისა და კეთილსინდისიერი შრომის საფასურს.

თუმცა შრომის ნაყოფზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანში ისეთი უნარების აღმოჩენის და განვითარების შესაძლებლობაა, რომელზეც ადრე არც კი ეჭვობდა. აქ კარმა ადამიანს არჩევნის წინაშე აყენებს: ან შრომის ნაყოფით დატკბეს, რომელიც სწრაფად გაქრება, ან ახლად აღმოჩენილი უნარების დამუშავება გააგრძელოს. დაბალ დონეზე, იუპიტერი სექსტილს სატყუარას ხასიათს ანიჭებს, რომელიც იაფფასიანი რეკლამის მსგავსად მუშაობს და ადამიანს დიდი შედეგების მიღებას, საჭიროზე ნაკლები შრომის შედეგად ჰპირდება. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, ტრინისგან განსხვავებით, სექსტილი არასდროს მოგცემთ შედეგს ავანსად! ის უფრო დაპირებებით შემოიფარგლება, რომელთა არასაიმედოობასაც ადამიანი კარგად გრძნობს და მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველთვის ეგება ანკესზე.

მერკური, როგორც სექსტილის კულმინატორი, ადამიანს საშუალებას აძლევს, მენტალური ძალისხმევით, ეფექტურად ჩაერთოს სექსტილით შემოთავაზებულ პროექტებში, სწორად იგრძნოს და გამოიყენოს სიტყვის ძალა (უფრო სწორად, მისი ვიბრაცია), რაც მოგვცემს კარგ მწერალს, მქადაგებელს ან რელიგიურ ლიდერს. აქ საქმე უკვე აღარ ეხება რაციონალურ არჩევანს, არამედ  კარმული პროგრამების დანახვის და მათი შინაარსის სიტყვებით გადმოცემის უნარს, რის შედეგადაც ვიღებთ წმინდა წერილებს. დაბალ დონეზე, ეს ადამიანის მხრიდან საკუთარი რაციონალური ცნობიერების გადაჭარბებით შეფასების სიმბოლოა, ამა თუ იმ არჩევნის გაკეთების და მათი პერსპექტივების შეფასებისას. ამასთან, თუ ადამიანი საკუთარი რაციონალური გაგებისა და ანალიზის საზღვარს აღმოაჩენს, მის ფარგლებში, სექსტილი  ყველაზე კონსტრუქციულ დახმარებას გაუწევს გონებრივი აქტივობისას (ეს თვისებრივია დამუშავების მესამე დონეზე).

პლუტონი, როგორც სექსტილის დეკადენტი, ბედისწერის სიმბოლოა, რომელიც უჩინრად თავს ადგას ადამიანის ნებისმიერ არჩევანს და გვახსენებს, რომ ნებისმიერ არჩევანს თან ახლავს შეუქცევადი დანაკარგი, თუნდაც მცირედი. თუ ადამიანი ძირითადად სწორ არჩევანს აკეთებს და ეგუება დანაკარგებს, სექსტილის დამუშავებით, პარალელურად ხდება მისი განწმენდა და სულიერი ზრდა, რაც, დროთა განმავლობაში, სულ სხვა ევოლუციურ დონეზე გაიყვანს (იმ სფეროებში, რომელსაც სექსტილში ჩართული პლანეტები მართავენ).

თუ ადამიანს, არჩევნის გაკეთების მომენტში, ყველაზე მეტად პირადი სარგებელი და თავდაცვა ადარდებს, ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს მსხვერპლი და საერთოდ არ ფიქრობს კონსტრუქციულ საქმიანობაზე, პლუტონისეული განწმენდა გაცილებით გვიან ხდება, როდესაც ადამიანს ყველა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობისთვის მაღალი ეგრეგორის წინაშე უწევს პასუხისგება.  ამ ხნის განმავლობაში, ის უამრავ სიბინძურეს და ნაგავს აგროვებს, რასაც პლუტონის, ადამიანის შეფასებით, სასტიკად ანადგურებს.

 

 

______________ სექსტილის დამუშავება_______________

 

დამუშავების პირველ დონეზე, ადამიანი სექსტილისგან შემოთავაზებულ წინადადებებს, იმოქმედოს კონსტრუქციულად, ნეგატიურად უყურებს, ორი შემთხვევის გამოკლებით:

1)      პირველი გამონაკლისი ეხება დიდი ფსონის მოხსნის შესაძლებლობას, მინიმალური ძალისხმევით და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად. მსგავსი ვარიანტი ტიპურია ჰარმონიული პლანეტისთვის, როდესაც სექსტილის გარდა, ტრინის ასპექტითაც არის აღჭურვილი. ქცევის ასეთი ტიპი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ყველაზე ზედაპირულ შრეებზე მუშაობს და ყურადღების მიღმა რჩება, ან შეიძლება სულაც არ ხიბლავს, პერსპექტივების უფრო ღრმა და მდიდარი დონეები. სხვა სიტყვებით, გარკვეული დროის შემდეგ, ადამიანი აღმოაჩენს, რომ მარტივი საშოვრის ვარიანტები ამოიწურა ან ჩათვლის, რომ შემოთავაზება შრომად არ უღირს. მაგალითად, ის არ დათანხმდება პატიოსანი შრომით მოპოვებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასს, რადგან თავში აზრადაც არ მოუვა, რომ მოცემულ პოზიციაზე პროფესიული და პიროვნული განვითარების დიდი პერსპექტივები ეძლევა.

2)      მეორე გამონაკლისი გავრცელებულია დაზიანებულ ჰოროსკოპებში, ან მაშინ, როდესაც სექსტილში ჩართულ პლანეტებს ნეგატიური ასპექტი აზიანებს. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს თავს ატყდება დიდი უსიამოვნებები ან რეალური განსაცდელი, საიდანაც სასწრაფო წესით უნდა მოძებნოს გამოსავალი. მაშინ სექსტილისგან შემოთავაზებული ვარიანტები, რომელიც მისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ რეალურ გამოსავალს სთავაზობს, ადამიანისთვის სავსებით მისაღები და სასურველიც ხდება. ამ თვალსაზრისით, სექსტილის და კვადრატის მქონე პლანეტა ადამიანს  განვითარების ბევრად უკეთესს შანსს (და საბოლოო ჯამში, უკეთეს ხვედრსაც)  სთავაზობს, ვიდრე ტრინის და კვადრატის მქონე პლანეტა. სექსტილი + კვადრატის შემთხვევაში, ადამიანი რაღაც მომენტში ხვდება, რომ კვადრატისგან მოტანილი სირთულეების გადალახვა შესაძლებელია პატიოსანი ძალისხმევით. ტრინი + კვადრატის შემთხვევაში, პრობლემები, ტრინის ჰარმონიული გავლენით, როგორღაც თავისით გვარდება. მაგრამ საქმე ის არის, რომ ტრინის შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის და ერთ, არცთუ ისე მშვენიერ დღეს ადამიანი კვადრატის მორიგ განსაცდელთან პირისპირ სრულიად მოუმზადებელი და დაუცველი აღმოჩნდება.

დამუშავების მეორე დონეზე, ადამიანი გაცილებით აქტიურად, გააზრებულად და დაინტერესებულად  ერთვება სექსტილის შემოთავაზებებში, (რაშიც მერკურის მმართველობა იკითხება. მაშინ როდესაც პირველ დონეზე, ძირითადად, იუპიტერის ეფექტებს ვხედავთ). ის მიდრეკილია შეისწავლოს კონსტრუქციული ქმედებების ყველა შესაძლებლობა, გულდასმით შეადაროს და გააანალიზოს ვარიანტები და იმავდროულად, განიხილოს პროექტები, რომლებიც, სავარაუდოდ, დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს მისგან. თუმცა ეს ყველაფერი გამორჩეულად მომხმარებლური პოზიციიდან _  საბოლოოდ  მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. მიუხედავად ამისა, ეს უფრო კონსტრუქციული დონეა, რადგან პროექტების რეალიზების პროცესში, ადამიანი მუშაობას  და, მთლიანობაში, ევოლუციურ განვითარებას სწავლობს. მეტიც, მას გულწრფელი ინტერესი უჩნდება, იმოგზაუროს ცხოვრების გზაზე საკუთარი ფეხით. ყოველ შემთხვევაში, ხანმოკლე პერიოდით მაინც და იმ პირობით, თუ მის ცხოვრებაში ძლიერ აღზევებას არ აქვს ადგილი, ადამიანი სექსტილის პროექტებით უფრო იქნება დაინტერესებული, ვიდრე ტრინისგან ნაჩუქარი, თუმცა კი მოსაწყენი, ჰარმონიით.

ამ ეტაპზე ადამიანი უკვე იწყებს სექსტილში ჩართული პლანეტების პრინციპების იდენტიფიცირებას. სექსტილი, რა თქმა უნდა, მეგობრულ ურთიერთობას უზრუნველყოფს პლანეტებს შორის, თუმცა მათი პრინციპების ურთერთშეთანხმებას, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, სპეციალური მომზადება სჭირდება და სწორედ ამაში დაეხმარება პრინციპების შეცნობა.

დამუშავების მესამე დონეზე ადამიანი გრძნობს, თუნდაც ინტუიციურად, თავის პასუხისმგებლობას სექსტილისგან შემოთავაზებულ არჩევნის სიტუაციაზე. თუმცა ახლა უკვე ის საკუთარი საქმიანი ან იმ ჯგუფის ინტერესებიდან გამოდის, რომელსაც თავს მიაკუთვნებს და არა  ვიწროდ ეგოისტური მოსაზრებებიდან. ახლა მას ესმის, რომ ყოველი შესაძლებლობა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა. ამიტომ, შინაგანი განვითარების  დონიდან გამომდინარე, ცდილობს ყველა შემოთავაზებული შანსი შორეულ პერსპექტივაში განიხილოს.

ამ დონეზე, ადამიანს უკვე შეუძლია ორივე პლანეტის პრინციპებთან თვითიდენტიფიკაცია და ამიტომ, უმეტესად მშვენივრად ახერხებს მათ შეთანხმებას. იმავდროულად, ის მარტივად ამოიცნობს ისეთ სიტუაციებს, როდესაც პლანეტების აქცენტები იცვლება და ძირითადი/წამყვანი ის პლანეტა ხდება, რომელიც ჩვეულებრივ უფრო სუსტია და ამიტომ, იძულებულია მეორეს მიესადაგოს.

ადამიანი კარგად ხვდება შინაგან იმპერატიულობას სექსტილის აქტივობის სიტუაციებში და გრძნობს, რომ აუცილებლად უნდა დაამუშავოს (მინიმალურ დონეზე მაინც) ქვეცნობიერის ის პროგრამები, რომელზეც სექსტილისგან მიღებული შესასრულებელი სამუშაო მიუთითებს. იმავდროულად, ის იაზრებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწევს და ცდილობს არჩევანი ბედისწერის ინტუიციური შეგრძნების შესაბამისად გააკეთოს და არა დანაკარგების მინიმალიზაციის გათვლით.  რადგან დანაკარგი გარდაუვალია, ადამიანს იმდენი შეგნებაც ჰყოფნის, რომ თვინიერება გამოიმუშავოს.

ამ ეტაპზე, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იმაზე ზრუნვა ხდება, რომ შესაძლებლობებმა ფუჭად არ ჩაიაროს, რომ ყველა პერსპექტივა პირადი ან იმ ჯგუფის ევოლუციური განვითარებისთვის გამოიყენოს, რომლის თანამონაწილეც არის.  ამდენად, ის თავად ხდება „მომავლის შესაძლებლობა“ სხვებისთვის, რის შემდეგაც მისი სექსტილში ჩართული პლანეტების პრინციპები ხარისხობრივად ახალ დონეზე იწყებენ მუშაობას.

დამუშავების მეოთხე დონეზე ადამიანი საკმარისად კარგად ხედავს კარმას, რომ მიხვდეს სექსტილისგან შემოთავაზებული შესაძლებლობების შინაგან აზრს. მისი ყოველი არჩევანი დაფუძნებული იქნება სწორედ ამ ხედვაზე, რაც ხშირად გაუგებარი აღმოჩნდება რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებისთვის. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა დაინტერესდეს, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელო, უპერსპექტივო ან გაცვეთილი პროექტით და აქტიურად დაიწყოს მისი დამუშავება. ის ჩასატარებელ კონსტრუქციულ სამუშაოებში, პირველ რიგში, შინაგანი მუშაობის შესაძლებლობებს ხედავს, მაშასადამე, საკუთარი ქვეცნობიერისა და შინაგანი სამყაროს სრულყოფის გზას. თანმხლებ პრობლემებს კი შინაგანი მანკიერებების გამოაშკარავების საშუალებად აღიქვამს. სწორედ ეს არის სექსტილის ევოლუციური კულმინაცია.

განვითარების ამ დონეზე სექსტილის პლანეტები საოცარ სინთეზში მუშაობენ და მათი პრინციპების ურთიერთკოორდინაცია ადამიანს თავისთვის მხოლოდ თვისებრივად ახალ სიტუაციებში უწევს. ნატივს თვითრეალიზაციის კოლოსალური საშუალებები ეძლევა და ჰარმონია, რომელიც მას სამყაროში შემოაქვს არა მხოლოდ მაღალკონსტრუქციულია, მკაფიო ინდივიდუალიზმითაც არის აღბეჭდილი. ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანა სხვებისთვის შესაძლებლობების შექმნა ხდება, თუმცა ის უკვე იმდენად მაღალ ეგრეგორს ემსახურება, მისი გაწეული სამუშაო უხილავი იქნება.

დამუშავებული სექსტილი იმდენად ძლიერ ჰარმონიულ მუხტს ატარებს, პლანეტების ნეგატიური ასპექტების ჰარმონიზაციაც შეუძლია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

ავესალომ პადვოდნი


About Qet

Scroll To Top