ტრანზიტული ლილიტის ასპექტები პლანეტებთან

ტრანზიტული ლილიტის ასპექტები პლანეტებთან

ტრანზიტული ლილიტის ასპექტები პირადი რუკის პლანეტებთან – ლილიტის ახლანდელი მდებარეობის მიერ შექმნილი ასპექტები თქვენი რუკის პლანეტებთან.

თუ ინდივიდი სულიერი განვითარების დონით მაღალ საფეხურზეა – ლილიტის ასპექტები გავლენას ან არ ახდენს ან ძალიან მცირე გავლენით მოქმედებს. პირიქით, ეს ასპექტები შესაძლოა რთული სიტუაციების დაძლევაში, უარყოფითი მახასიათებლების დამუშავებაში დაეხმაროს. კარგი პერიოდებია მავნე ჩვევებისა და ცდუნებების გასაანალიზებლად. უარყოფითი კუთხით მოსალოდნელია – გაუბედაობა, პასიურობა, ილუზიები, „ბოროტი ენები“, ნეგატიური აზრები.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი მზესთან – ამ პერიოდში ადამიანს ქვეცნობიერ დონეზე დაურწმუნებლობა ახასიათებს, რაც შეიძლება სიძლიერის დემონსტრირებაში გადაიზარდოს. ფარული საკითხებისადმი შიშს აძლიერებს. საკუთარ პიროვნებაზე და პიროვნულ მახასიათებლებზე არასწორი წარმოდგენების შექმნის ალბათობა იზრდება. უარყოფითი კუთხით სულიერ მხარეს ნაკლები ყურადღება ექცევა. ძლიერი ასტრალური გრძნობები და განცდები აქვს. ადამიანი გრძნობს დიდ ენერგიას, თუმცა არ იცის საიდან. ზომიერება დაიცავით: სიამაყის გამოვლენის, საკუთარი ძალების, პიროვნების როლისა და ქმედებების შეფასების დროს. მოერიდეთ საკუთარ თავზე უარყოფით ფიქრებს, გადამეტებულ წარმოდგენას. იყავით სამართლიანი და კეთილსინდისიერი.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი მთვარესთან – აძლიერებს მგრძნობელობას, გრძნობებში გაურკვევლობას, კაპრიზულობას. ამ პერიოდში დედისა და ზოგადად ქალებისადმი გაორებული დამოკიდებულება შეიძლება გაჩნდეს, ყველაფერს კი მუქ ფერებში ხედავს. საუკეთესო შემთხვევაში ადამიანს არ აწუხებს კომპლექსები და შიშები. შეცდომებს, დანაშაულის განცდას ადვილად უმკლავდება. უარეს შემთხვევაში – ქვეცნობიერში ღრმად „გადამალული“კომპლექსები, შიშები ზემოთ ამოდის, ტკივილის განცდა მატულობს. ეცადეთ საკუთარ განცდებს დაუფიქრდეთ, გაანალიზოთ, განწყობის ცვალებადობას ნაკლებად აყვეთ. გახსოვდეთ, რომ შიშებისა და კომპლექსების გაცნობიერება მათი დაძლევისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი მერკურთან – საუკეთესო ვარიანტში ეს ნიშნავს საკუთარი ინტელექტუალური შეცდომების გააზრებას, მეგობრებისა და მტრების გამოცნობას. შედარებით დაბალ დონეზე – შესაძლოა გამოვლინდეს ტყუილები, კონტაქტების გაწყვეტა, უხეშობა საუბრის დროს, სპეკულაციები, სავაჭრო და კომუნიკაციის სფეროებში გაუგებრობები. ინდივიდს ბოროტებაზე სიბოროტით უნდა გადახდა. მოერიდეთ: ტყულის თქმას, ბრმად მინდობას, უარყოფით აზრებს, „ბოროტ ენების“ აყოლას. თქვენამდე მოსული ინფორმაცია შეამოწმეთ.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი ვენერასთან – უკეთეს შემთხვევაში ინდივიდს გარშემომყოფებთან დისჰარმონიული სიტუაციების გამოსწორების, ურთიერთობების აღდგენის, სექსუალური კომპლექსების გააზრების საშუალება ეძლევა. შედარებით დაბალ დონეზე, ლილიტი გავლენას ახდენს სილამაზის აღქმაზე, სიზარმაცეზე, ფულადი დანახარჯების მატებაზე, მარტოობის ძლიერ განცდაზე, სექსუალურ უკმაყოფილებაზე (ძირითადად საკუთარი თავის მიმართ). მოერიდეთ: მარტოობის განცდის გამო სასიყვარულო ან პარტნიორული ურთიერთობის დაწყებას, ეჭვიანობას, გაუაზრებლად ფულის ხარჯვას (განსაკუთრებით ლამაზი, მაგრამ გამოუყენებელი ნივთების შეძენას).

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი მარსთან – საუკეთესო შემთხვევაში ინდივიდს ძალა და ენერგია ეძლევა კომპლექსების შესაცვლელად, მნიშვნელოვანი ევოლუციური საკითხების მოსაგვარებლად. შედარებით დაბალ დონეზე – კამათის, უხეშობის, სისასტიკის, ძალადობის გამოვლენის ალბათობა მატულობს. მას შეიძლება იმდენად დიდი ენერგია დაუგროვდეს, დახარჯვის მიზნით თავად მოგვევლინოს პროვოკატორის როლში. ეცადეთ ენერგია ბევრად ჰარმონიული მიმართულებით დახარჯოთ – ფიზიკური ვარჯიში, სეირნობა, შემოქმედებითი საქმიანობა და ა.შ.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი იუპიტერთან – დადებითი კუთხით იძლევა ცრუ ავტორიტეტების დანგრევის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებას. შედარებით დაბალ დონეზე – ადამიანს სურვილი აქვს ყველა ავტორიტეტისა და ავტორიტეტული აზრის წინააღმდეგ გაილაშქროს. სამსახურიდან წასვლის განცხადებას წერს, თუმცა არ იცის სად მიდის და რას აპირებს. ზოგჯერ ამ ასპექტის შემთხვევაში „ყველაფრის მიტოვებისა და სეირნობის“ სურვილი უჩნდებათ. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს სოციალური სტატუსი. ლილიტის ასპექტი იუპიტერთან მაცდუნებელი შემოთავაზებებისა და იღბლიანობის მაჩვენებელია (ეს უკანასკნელი ან საერთოდ ტოვებს ადამიანს, ან უდიდეს შეთავაზებას იღებს, რომელიც შეიზლება ფუჭი აღმოჩნდეს), თუმცა ტრანზიტული ლილიტის ჩართვის გამო ადამიანი იღბალმა შეიძლება მალე „მიატოვოს“. გამოიყენეთ დროული შესაძლებლობები, მაგრამ ზედმეტ ოპტიმიზმს მოერიდეთ – ეცადეთ ყველაფერი რეალურად შეაფასოთ.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი სატურნთან – მაღალ დონეზე შესაძლოა გამოვლინდეს საკუთრებაზე უარის თქმა, თვითგაცნობიერება, თვითანალიზისკენ მიდრეკილება, სიმშვიდე, სიმამაცე, მოთმინება. შედარებით დაბალ დონეზე ადამიანს უჭირს წესრიგის დაცვა, დეტალებში გარკვევა, ორიენტირება, მოთმინება. შესაძლოა მიიღოს ფარული დარტყმები ან ზურგსუკან თავად იმოქმედოს. მოერიდეთ: დეპრესიას, იზოლაციას, ზედმეტი სიფრთხილის გამოჩენას. ეცადეთ სხვებთან იკონტაქტოთ, ორგანიზებულობის დროს ზომიერება დაიცვათ, ემოციები გამოხატეთ და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი ურანთან – საუკეთესო შემთხვევაში ადამიანს ეძლევა იმ დაბრკოლებების გადალახვის საშუალება, რომლებიც პირად თავისუფლებას ხელს უშლიან. რეალურ და მოღალატე მეგობრებს შორის სხვაობას ადვილად ამჩნევს, მეგობრობაზე აზრი უმტკიცდება. შედარებით დაბალ დონეზე ინდივიდი მიდრეკილია ექსცენტიულობისკენ, ნებისმიერი გზით ცნობადობისა და ორიგინალურობის გამოვლენისკენ. თავისუფლებას ყველანაირად გამოხატავს – ძველთან კავშირის გაწყვეტით, ბუნტისთაობით, რადიკალური ქმედებებით. რეალური გეგმები ირეალურში ირევა. ეცადეთ იდეები სწრაფად არ შეიცვალოთ, მეგობრების არჩევის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი ნეპტუნთან – მაღალ დონეზე შიშების დაძლევას, ფარული მტრების გამოაშკარავებას, მაგიურ ძალას, ილუზიისგან გათავისუფლებას განაპირობებს. შედარებით დაბალ დონეზე – ეს ადამიანი შეიძლება თაღლითების, მატყუარების მსხვერპლი გახდეს. მოერიდეთ შავი მაგიით გატაცებას, ილუზიებს, ტყუილს, შიშების აყოლას, ალკოჰოლისა და წამლების მიღებას. სიზმრებს ნაკლებად დაუჯერეთ.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი პლუტონთან – საუკეთესო შემთხვევაში ინდივიდი ენერგიის სწორად სუბლიმირებას, დახარჯვას ახერხებს, საკუთარ თავზე ორიენტირდება და სხვადასხვა უნარებს სასიკეთოდ იყენებს. უარეს შემთხვევაში – ყველა რეზერვუარის მობილიზება, ქვეცნობიერ დონეზე მოქმედება, კოლექტიური ცნობიერების მძლავრი გავლენა აქტიურდება. სადო-მაზოხისტური მიდრეკილებები იმატებს. ამ პერიოდში საკუთარი მიზნებისთვის სხვების რესურსების გამოყენებას, პანიკიორობას მოერიდეთ.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი პროზერპინასთან – უკეთეს შემთხვევაში, ეს პერიოდი შეიძლება გამოიყენო ცხოვრებისეული პროგრამების ხარისხობრივი ცვლილებებისთვის. მაგ: უარყოფითი გზის შესაცვლელად, პიროვნული ცვლილებებისთვის, მედიტაციის დროს სულიერი გამოღვიძება და სულიერების განცდა. უარყოფითი კუთხით – პიროვნული კუთხით მტკივნეული ცვლილებები, უარყოფითი პროცესები, ჯანმრთელობის პრობლემები. ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შეცვალოს, თუმცა არ იცის რა. მოერიდეთ წამლების მიღებას (განსაკუთრებით რეცეპტის გარეშე). გზაზე და მგზავრობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი ქირონთან – საუკეთესო შემთხვევაში ეს არის პერიოდი, როდესაც ინდივიდს შეუძლია წარსული ჯაჭვის (კვანძების) გაწყვეტა, წინააღმდეგობების გადალახვა, სწორი გზის არჩევა. უარეს შემთხვევაში სხვებს ატყუებს (ან მას ატყუებენ), ღალატობს, თამაშობს. გაქურდვის ალბათობაა. მგზავრობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა ქორწინებაში პრობლემები შეიქმნას პარტნიორთან წინააღმდეგობის გამო (ანტაგონიზმი).

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი აღმავალ კვანძთან – შესაძლოა მინიშნებები მიიღოს იმ საკითხებზე, რაც გამოსასწორებელია, მომავალში უნდა განახორციელოს ან პირიქით – უარყოფით მახასიათებლებზე ორიენტირდეს, ცდუნებას ვერ გაუძლოს და გადააჭარბოს (განსაკუთრებით, აღმავალი კვანძის ნიშნის უარყოფით თვისებებში)

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი დაღმავალ კვანძთან – საუკეთესო შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავში ღრმად ცახედვას ახერხებს და კარმის გასუფთავებას. კარგად ჩანს რა უნდა უარყოს და რა მიიღოს. უარყოფითი კუთხით დაღმავალი კვანძის მახასიათებლების გააქტიურება, შეფერხება, დაბრკოლებები და პრობლემები ჩნდება.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი სელენასთან – აქტიურდება შინაგანი ბრძოლა ორ პოლუსს („დადებითი – უარყოფითი“, „სიკეთე-ბოროტება“, „დაბალი და მაღალი საწყისები“) შორის. ამ პერიოდში ადამიანს შესაძლოა დიდი ენერგია დასჭირდეს შინაგანი კონფლიქტების გადასალახად. სასურველია: ლოცვა, მფარველი ანგელოზისთვის დაცვის თხოვნა, ძალების აღდგენა, სულიერი წმენდა.

ტრანზიტული ლილიტის ასპექტი ლილიტთან – აქტიურდება ჩვენი ლილიტის თვისებები. მოსალოდნელია უარყოფითი მახასიათებლების წინ წამოწევა. საუკეთესო შემთხვევაში ადამიანს საკუთარი ქვეცნობიერი პროგრამების გააზრების, ინსტინქტების სწორად განსაზღვრის, როგორც კარმული, ასევე უახლოესი 9 წლის შეცდომების გასწორების საშუალება ეძლევა. უარყოფითი კუთხით – მოსალოდნელია პირადი რუკის ლილიტის ნიშნის უარყოფითი თვისებების გააქტიურება. იყავით ფრთხილად, მაგრამ ნუ „ჩაიციკლებით“, რადგან ზედმეტი ყურადღების გამახვილებით შესაძლოა უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მიიღოთ. შეერთების შემთხვევაში ეს „ლილიტის დაბრუნებაა“. ლილიტი დაახლოებით 9 წელს უნდება, რომ ზუსტად იმ წერტილს დაუბრუნდეს, რომელზეც დაბადების მომენტში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ორი რამ შეიძლება მოხდეს: ა) წინა 9 წლის მოვლენების მიხედვით ვიღებთ იმას, რაც დამსახურებულია და ბ) ცდუნებები მატულობს (ნიშნიდან გამომდინარე). იყავით ყურადღებით, ეს პერიოდი დაფიქრებულად განვლეთ, მოვლენები და დაბრკოლებები (თუ შეგექმნათ) გაანალიზეთ და ყველაფერი კარგად ჩაივლის.

(დამხმარე წყარო: გლობა)

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top