ტრანზიტული სატურნი I სახლში

ტრანზიტული სატურნი I სახლში

როდესაც ტრანზიტული სატურნი I სახლს გადის, ახალი შიდაგანაწესი ყალიბდება, მას შემდეგ, სატურნის XII სახლის გავლისას, ძველი სისტემის კრისტალიზების პროცესში, შეიძლება სისტემა საერთოდ მოიშალა. როდესაც სატურნი ასცენდენტს უახლოვდება და შემდეგ უერთდება, ადამიანს ხშირად უჩნდება განცდა, რომ ღრუბლებიდან მიწაზე ჩამოსვეს. მას თითქმის აიძულებენ ძველი ქცევებისა და ჩვევების შედეგების დეტალურად გააზრებას. შედეგად, ინდივიდს უჩნდება შინაგანი სურვილი, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავსა და ქცევებზე, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ის ისეთ დეტალებსა და ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ადრე უგულვებელყოფდა. მსგავსი გამოცდილება კი საკუთარ თავზე ახალი აღმოჩენების გაკეთებაში ეხმარება.

რადგან ადამიანთა უმეტესობა საკუთარ ნაკლოვანებებსა და მოთხოვნებს მომავალი განვითარებისთვის იაზრებს, ამ პერიოდში ინდივიდი აქტიურად ეძებს უკუკავშირს გარემოცვასთან იმისთვის, რომ უფრო სრულყოფილად დაინახოს საკუთარი თავი, რას წარმოადგენს სინამდვილეში. ის საკონსულტაციო ტიპის ვიზიტებს ახორცილებს მეგობრებთან, ფსიქოლოგთან, ასტროლოგთან, სულიერ მოძღვართან და ა.შ. მოკლედ, ყველა მეთოდს მიმართავს საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალურად აღქმისთვის, რომ რაც შეიძლება ნათლად წარმოიდგინოს, როგორ ხედავს საკუთარ მეს მომავალში. ახალი „მეს“ ფორმირება კი აუცილებლად გულწრფელი თვითშეფასებით და კონცენტრირებული ძალისხმევით უნდა მოხდეს. ეს არის მეტად ნაყოფიერი თვითშეცნობის პერიოდი, როდესაც ადამიანი ყველაზე მეტად უღრმავდება საკუთარ თავს, რომ უკეთ გაიცნოს ინდივიდუალური შესაძლებლობები.

სატურნის ტრანზიტი XII და I სახლებში ხშირად უკავშირდება პიროვნულ კრიზისს, “თავიდან დაბადების“ პროცესს, რომელიც საშულოდ 5 წელი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ძველი ინდივიდუალური სტრუქტურა უკან რჩება, მაგრამ ახალი სტრუქტურა და მეთოდები, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გულწრფელ თვითშეფასებაზე. ამიტომ, სატურნის ტრანზიტი XII და I სახლებში, ნამდვილად გარდამტეხი ეტაპია ინდივიდის ცხოვრებაში და ერთიან ფაზად განიხილება. როდესაც სატურნი XII სახლს ტოვებს და პირველ სახლში გადადის, ინდივიდი თავს ახალშობილად გრძნობს, რომელიც უზომოდ ცნობისმოყვარე და გახსნილია თვითშემეცნებისთვის, მაგრამ იმავდროულად უდისციპლინობით ხასიათდება, რადგან ინდივიდულობის კონკრეტული სტრუქტურის ფორმირება დროში გაწელილი პროცესია.

ახალი პოტენციალები, რომლებიც XII სახლის ფაზაში იქმნება, ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული და ურთიერთშეთანხმებული, ფუნქციონალურ მთლიანობაში. აი, როდესაც სატურნი I სახლში შედის, ადამიანს მკაფიო შინაგანი მოთხოვნა უჩნდება გააკეთოს და შექმნას რამე რეალურად ღირებული, განვითარდეს, იმოქმედოს, აქტიურად იმუშაოს და არ დარჩეს გახსნილ, მაგრამ პასიურ მდგომარეობაში_ “არსებობა“, რაც ასე დამახასიათებელია XII სახლისთვის.

ადამიანი დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ ჩამოაყალიბოს ინდივიდუალობის ახალი შეგრძნება, უფრო ღრმა დონის თავდაჯერება. როდესაც სატურნი I სახლის დასასრულს უახლოვდება, შესაძლებელია მან ნატივს ისეთი შეხვედრა ან გამოცდილება მოუწყოს, რომელიც საკუთარი მთლიანობის გაცნობიერებაში დაეხმარება. შინაგან პოტენციალთან მჭიდრო ინტეგრირების განცდა დაფუძნებული იქნება მყარი ფასეულობებისა და საკუთარი ვალდებულებების სიღრმისეულად გააზრებაზე.

როგორც კი სატურნი ასცედენტს გადაკვეთს და I სახლში შევა, ხშირია თვალსაჩინო ფიზიკური ცვლილებები. წონაში კლება, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ჩვეულებრივი მოვლენაა, ხანდახან იმ დონემდე, რომ ადამიანი გამოფიტულად გამოიყურება. ფიზიკური ენერგია ხშირად საკმაოდ მცირდება. ჩნდება დაღლილობის დათრგუნულობის შეგრძნება, თავს იჩენს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მაქსიმალურად ხელსაყრელი პერიოდია ახალი, სასურველი ფორმის სხეულის გამოძერწვისთვის; ასევე ახალი ინდივიდუალური სისტემის ფორმირებისთვის. მაგრამ იმავდროულად უნდა აცნობიერებდეს, რომ ეს პროცესები მკაცრ დისციპლინას, შეუპოვრობასა და მძიმე შრომას მოითხოვს. მე მინახავს ფიზიკურად ძლიერი და წარმოსადეგი ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში კატასტროფულად იკლებენ წონაში, ბეჩავდებიან და სუსტდებიან, თუ არავითარ ზომებს არ იღებენ ძველი ჩვევების შესაცვლელად. თუმცა ისეთი სუსტი და ავადმყოფი ადამიანებიც მრავლად არიან, ვინც საგრძნობლად მოკეთდნენ ამ პერიოდში, მკაცრად დისციპლინირებული კვების რეჟიმისა და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებით.

სხვა სიტყვებით, სატურნის ტრანზიტი I სახლში მისი ციკლის საკვანძო ფაზაა, რადგან სწორედ ამ დროს ვაყალიბებთ ადამიანის იმ ტიპს, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ და ვაცნობიერებთ, რას მოითხოვს ჩვენი კარმა. აქიდან გამომდინარე, ნებისმიერი ტიპის აქტივობისა და ჩართულობის ხასიათი (სატურნის მომავალ 29 წლიანი, სრული ცილკის პერიოდში) ამ დროს განისაზღვრება. ეს პერიოდი ნამდვილად ხასიათდება გაურკვევლობით იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანი მთლიანად საკუთარ თავზეა კონცენტრირებული და ნაკლებ დროს უთმობს სხვადასხვა საქმეებსა და მისწრაფებებს. მაგრამ, როგორც ცნობილია, პიროვნული ზრდისა და დაჩქარებული ტრანსფორმაციისთვის, თითქმის ყოველთვის აუცილებელია გარესამყაროსგან გამოთიშვა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც პატივმოყვარეობისა და კარიერული ზრდის პლანეტა სატურნი ახალი წამოწყებების სახლში იმყოფება, ადამიანს იტაცებს რაიმე ახალი საგანი, თავისი ინტერესის სფეროებიდან გამომდინარე, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა მისი პროფესიად იქცეს. ძველი მისწრაფებები და გატაცებები, ჩვეულებრივ, კრახს განიცდის, როდესაც სატურნი წინამორბედ, XII სახლში იმყოფება. I სახლში ახალი, შორსმიმავალი, მიზნები და ინტერესები ყალიბდება. ამასთან, ადამიანი ხშირად ვერც კი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში მისი ახალი გატაცება. ბოლოს და ბოლოს, სატურნი ხშირად შეიგრძნობა, როგორც ჩვენს ცხოვრებაში გამოწვდილი „ბედისწერის ხელი“ და ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ასრულებს სატურნი ამ როლს ჩვენი სამომავლო ორიენტირების განსაზღვრაში.

სატურნის ტრანზიტი I სახლში ასცედენტთან შეერთებით იწყება, ასცედენტი კი, მოგეხსენებათ, პირადი მნიშვნელობის წერტილია. I სახლი ცეცხლოვანი სახლია, რომელიც ჩვენს პირად იდენტობას მართავს. ამიტომ, ამ პერიოდისთვის აქტუალური ხდება თვითპრეზენტაცია არამხოლოდ პიროვნულ დონეზე, არამედ ვიზუალურადაც. ეს ის დროა, როდესაც ინდივიდი განსაკუთრებულად შეიგრძნობს ასაკს და სრულიად ობიექტურად აღიქვამს საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობას. ფრიად ხელსაყრელი პერიოდია დიეტის, სპორტით დაკავებისა და ჯანსაღი რეჟიმის გამომუშავებისთვის, რადგან ამ დროს სარკეში ჩვენ ვხედავთ იმას, რაც რეალურად არის და არა იმას, რაც გვინდა რომ იყოს. ჩვენი მსოფლმხედველობა მკვეთრად სერიოზულდება და გაცილებით სოლიდური და პასუხიმგებლობით აღსავსე ხდება.

ტრანზიტის საწყის ეტაპზე ხშირია საკუთარი თავით იმედგაცრუებისა და უკმაყოფილობის განცდა, რაც თავდაჯერებულობის უკმარისობით არის გამოწვეული. თვითშეფასების გაზრდისა და საკუთარი შესაძლებლობების გადამოწმების მოტივით, ადამიანი ხშირად იყენებს პირად და მეგობრულ ურთიერთობებს. თუ მსგავსი მცდელობების შედეგები წარუმატებელი აღმოჩნდა, ნატივს ფრუსტრაციის განცდა ეუფლება. დარწმუნებული იყავით, რომ სატურნი, თქვენი დახმარებით, ბუნებრივია, არაერთხელ გაგიღვივებთ მსგავს შეგრძნებებს. ეს ტრანზიტი იმგვარად მოქმედებს, რომ გაიძულებთ დამოუკიდებლად შეაფასოთ საკუთარი თავი და აღმოაჩინოთ თავდაჯერებულობის მიზეზები, რაც მყარი ფუნდამენტი გახდება შინაგანი ძალის გასაზრდელად. სატურნი ეცდება მოგაშოროთ ყველაფერი ზედაპირული, თქვენს საკუთარ თავთან, სხეულთან დაკავშირებული ილუზიები. ტრანზიტის საბოლოო შედეგად მიიღებთ განახლებულ პიროვნებას და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალისტურ აღქმას.

კარიერისა და პროექტების თვალსაზრისით, ეს არ არის ისეთი პერიოდი, როდესაც წარმატება თვალსაჩინოა და ცხადია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს საძირკვლის ჩაყრის ზონაა მომავალში პროგრესისთვის. მაგალითად, ერთ-ერთ კლიენტი, ამ პერიოდში ახალმა ჰობიმ გაიტაცა, რაზეც დიდი ენერგია და დრო დახარჯა, მაგრამ ვერანაირი ფინანსური სარგებელი ვერ მიიღო, თუმცა ეს იქამდე, სანამ მისი ჰობი, წლების შემდეგ, წარმატებულ კარიერაში არ გადაიზარდა.

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top