შეთავსება: ტყუპები და თხის რქა

შეთავსება: ტყუპები და თხის რქა

მთებში გუგუნი დატრიალდა. თითქოს ექო დაუსრულებლად იმეორებდა:

“სად არიან?.. სად არიან?“

_რა უნდათ ამ ტყუპებს? ვინ არიან? სად არიან? _ წამოიძახებს შეწუხებული თხის რქა, რომელმაც საქმე ტყუპებთან დაიჭირა.

_არსად, _უპასუხებს ასტროლოგი. _არსად და იმადროულად ყველგან.

ეს რთული ასახსნელია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ყოველი ტყუპები უმცირეს შემთხვევაში ორი პიროვნებაა. მაგრამ ხომ არ გგონიათ, თხის რქას  ეს პასუხი დააკმაყოფილებს? ის ზედმეტად ეფემერული და აბსტრაქტულია, რომ პრაქტიკული გამოსავალი გახდეს.

შეიძლება ვცადოთ და თხის რქას ტყუპების არსი იმ ფაქტზე ხაზგასმით ავუხსნათ, რომ ის მერკურიელი, ჰაერის ნიშანია და თავადაც ძალიან ჰგავს ქარს. ქარი უხილავია, თუმცა ძლიერი. ის არც მეგობარია და არც მტერი. ის შვეიცარიასავით  ნეიტრალურია, მაგრამ ხანდახან კლდეების განადგურებაც შეუძლია. მისი ახსნა თითქმის შეუძლებელია, ისევე როგორც ტყუპების. ქარი თავისუფალი და არაპროგნოზირებადია _ განა შეიძლება გათვალოთ, საით შეიცვლის მიმართულებას? თუმცა თხის რქისთვის არც ეს არის დამაკმაყოფილებელი პასუხი და მან შეიძლება იმის გამორკვევა გააგრძელოს, რა მიმართულებით დაუბერავს რომელიმე კონკრეტული ტყუპების ქარი.

მდუმარე თხის რქა არ არის მათი რიცხვიდან, ვისი გზიდან აცდენაც შეიძლება მჭევრმეტყველებით (ტყუპებთა განსაკუთრებული ნიჭით). მიუხედავად იმისა, რომ თხის რქათა უმეტესობა სიამოვნებით ისმენს ჭორებს ცნობილ ადამიანებზე, თვითონ იშვიათად მონაწილეობენ ამ პროცესში. მე ვიგულისხმე ჭორაობაში, თორემ დიდება-აღიარებაში ისინი ყოველთვის სიამოვნებით მონაწილეობენ. მისი მეუფე სატურნისთვის სიფრთხილე სიბრძნის საწინდარია, როგორც მეტყველებაში, ისე მოქმედებებში. სიმბოლური სატურნი სიბრძნის პლანეტაა, რომელიც სხვადასხვა განსხეულებაში მიღებული საიდუმლოების შედეგად შეიძინა. ის ასევე გულისხმობს ხელმძღვანელ ჩინოვნებს, მშობლებსა და ნებისმიერ ავტორიტეტს, ხელისუფლების ჩათვლით ანუ ყველა ამ ადამიანსა თუ ორგანიზაციას, რომელთაც ძალიან უყვართ მზრუნველობის გამოვლენა, “არას“ თქმით… თქვენივე კეთილდღეობისთვის, რა საკვირველია.

ეს შეთავსება 6-8 მოდელია, სადაც თხის რქა (VIII ნიშანი) ტყუპებს იზიდავს ყვლაფრით, რაც დაკავშირებულია საიდუმლოებებთან, გარდაცვალებასთან, სექსთან, გარდასახვასთან, ჰიპნოზთან, ფსიქიატრიასა და ნარკოტიკებთანაც კი. და პირიქით, თხის რქა ყოველთვის რაღაც სარგებელს იღებს ტყუპებისგან (მისთვის VI ნიშნისგან). მათი კავშირი იმით სრულდება, რომ ტყუპები ამა თუ იმ ფორმით ემსახურებიან ეგოისტ თხის რქას. თავგანწირვა-აი, რა უნდა არსებობდეს მათ ურთიერთობაში, იქნება ეს ოჯახი, საქმე, მეგობრობა თუ სიყვარული. თუ ადამიანები იმდენად განსხვავებულები გამოდგნენ, როგორც ეს ორი ნიშანია, ერთ-ერთს მსხვერპლზე წასვლა მოუწევს.

თხის რქები ძველმოდურად, მაგრამ ძალიან ელეგანტურად იცვამენ. მათ გარეგნობაში თითქოს სატურნის გამოცდილებით დაგროვებული სიბრძნეა ხაზგასმული. თხის რქის ზოგ შეხედულებას ნაფტალინის სუნი აქვს. მათ უმტესობას სძულს თანამედროვე ავეჯი და ყოველთვის უფრო ტრადიციულის, ძველებურისა და მუდმივისკენ იხრებიან. დაე, ტყუპებმა გაუსწრონ თანამედროვეობას და სახლი პლასტმასებითა და ელვარე ქრომით  მორთონ. თხის რქა კი მხოლოდ იმას ენდობა, რაც  გონივრული და წლების მანძილზე გამოცდილია.

არავის შეუძლია ისე ოსტატურად დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა ცარიელი ლაყბობით,როგორც ტყუპებს. მერკურიელებს ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ კამათი და აბსოლუტურად მისაღებად წარმოაჩენენ სრულ ნონსენსს. ნებისმიერს დაახვევენ თავბრუს, თხის რქის გარდა. თხის რქა მარტივად შიფრავს ამ თამაშს და როგორც კი იგრძნობს, რომ მის წინააღმდეგ ცბიერი ფსიქოლოგიური ილეთი გამოიყენეს, შეეცდება  შემდეგში აღარ წამოეგოს იმავე სატყუარაზე.

თხის რქაში არის სიდიადე და აუღელვებლობა და სწორედ ამით იზიდავს ტყუპებს,რომელსაც გულის სიღრმეში სიმშვიდე სწადია. სერიოზულ, მაგრამ კეთილ და დელიკატურ თხის რქას შეუძლია საიმედო და რაციონალური საფუძველი უზრუნველყოს მისი ემოციური უსაფრთხოებისთვის. ტყუპებისთვის ეს ისეთივე აუცილებელია, როგორც ის მშობლიური ადგილი, სადაც გადაფრენებს შორის ფრთებს კეცავს. ტყუპების ცხოვრება იმდენად სწრაფად მიედინება,ხშირად გათქვეფილ ლაქად ითხაპნება. მათთვის აუცილებელია დროდადრო შეჩერება. თხის რქა სიმშვიდის, მუქი მწვანე ტყეების და მარადიულობის მკვიდრია და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ზუსტად თხის რქასთან, სატურნის ყველაზე აუჩქარებელ რითმებში შეუძლია ტყუპებს შეიცნოს სიცოცხლე და სიყვარული,

თხის რქასაც შეუძლია ბევრი სასარგებლო რამ ისწავლოს ტყუპებისგან. ტყუპებს მაგიური უნარი აქვთ ნებისმიერი წაკითხული წიგნის,ნანახი კინოფილმის, მოსმენილი სიმფონიის სამყაროში შეაღწიონ და ამ გამოგონილ რეალობაში იმდენად ბუნებრივად და თავისუფლად იგრძნონ თავი, თითქოს იქ დაიბადნენ.

შესაბამისად ტყუპებს ნამდვილად ხელეწიფება ღირებული გაკვეთილი ჩაუტაროს თხის რქას, როგორ უნდა შევიდეს ლიტერატურის, მუსიკის, ხელოვნების წარმოსახვით სამყაროში. თხის რქა ამით მხოლოდ მოიგებდა,რადგან მისთვის უკიდურესად რთულია,მიწიერის გარდა, სხვა რეალობა აღიქვას. მას ხომ ფესვები აქვს გადგმული დედამიწაში. ის უკიდურესად პრაქტიკული და დამიწებულია როგორც ცნობიერ, ისე ქვეცნობიერ დონეზე.

ბუნებრივია არსებობენ იშვიათი თხის რქები,მდიდარი წარმოსახვით, ვისი სულიც ჩუმ ვარსკვლავიან ღამეს სხვა განზომილებებში მოგზაურობს, ვინც სიამოვნებით დემონსტრირებს დახვეწილ იუმორის გრძნობას, ტელეპატიასა და დიდებული პირამიდების საიდუმლოებებშიც ერკვევა. მაგრამ ტიპური თხის რქა არ დაინტერესდება იმით, რისი დაშლა-აწყობაც არ შეიძლება მკაცრად განსაზღვრული სქემებით.

როდესაც თხის რქა სადმე მიფრინავს, ბილეთებს წინასწარ ჯავშნის (საიმედოობისთვის). როდესაც მანქანით მგზავრობს, თან საგზაო რუკა მიაქვს (თავდაჯერებულობისთვის). მათთვის კი, ვინც ასტრალში მოგზაურობს, არავითარი გეგმები და რუკები საჭირო არ არის. სხვათა შორის, ტყუპებს იქ უბრალო ცნობისმოყვარეობა მიუძღვის და არა სულიერი შიმშილი.

საოცრად ბევრი თხის რქა თავის სულიერ შიმშილს სატურნის ნაკარნახები მეთოდით იკმაყოფილებს და ხელოვნებით ინტერესდება. ისინი იწყებენ ფერწერული ნიმუშების კოლექციონირებას, ხდებიან ნიჭიერი მხატვრების მფარველები ან თავად ხატავენ. ზოგიერთი სამსახიობო პროფესიამდეც მიდის ან დრამატურგი ხდება. აი,მუსიკალურ ხელოვნებას ცოტა  თხის რქა ემსახურება. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა საქმიანობდეს თხის რქა,ის ორივე ფეხით კარგად გრძნობს მყარ ნიადაგს ფეხქვეშ. რამდენად შორს შეიძლება გაფრინდე,როდესაც ორივე ფეხი მიწაზე გაქვს?

ნებისმიერი შემოქმედებითი ძალისხმევა _ ადამიანების სურვილია, გაიგონ რა ხდება ხუთი ძირითადი გრძნობის მიღმა,ეს მინიშნებაა მეექვსეზე,მეშვიდეზეც და ა.შ. ძველები ამბობდნენ, რომ სატურნი მეშვიდე განზომილების პლანეტაა. ჩვენ ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ სამ განზომილებაში მაშინ,როდესაც დრო,უსასრულო აწმყო, როგორც აინშტაინს ესმოდა,მეოთხე განზომილებაა. ბუნებრივია, მეშვიდე განზომილება, სრულიად განსაკუთრებულ სიბრძნეს უნდა ატარებდეს _ იმაზე დიდს, ვიდრე თვით ტყუპების წარმოსახვას შეუძლია ივარაუდოს. მაგრამ სატურნი საგულდაგულოდ იცავს თავის საიდუმლოებებს. იქნებ ამიტომ არიან თხის რქები ასეთი მორცხვი და მდუმარეები?

თხის რქა უფრო მეტად ენდობა საკუთარ თავს. ტყუპები დაბადებულია ურთიერთობისთვის. ვინ არის მართალი? ერთი და მეორეც,ორივე თავისებურად, სანამ ერთის სიმართლე ხელს არ შეუშლის მეორეს.

ტყუპები მამაკაცი და თხის რქა ქალი

Johnny Depp & Vanessa Paradis

_არ მომიახლოვდე! არავის შეუძლია დამიჭიროს და ზრდასრულად მაქციოს…

მას სიმართლე უნდა ეთქვა:

_მე უკვე გავიზარდე, პიტერ. მე ოცზე გაცილებით მეტის ვარ.

_შენ ხომ დამპირდი, რომ ამას არ გააკეთებდი!

_ვერაფერი გავაწყვე…

 

თხის რქა ქალი მართლაც ვერაფერს გახდება იმასთან, რომ ასაკის შეუსაბამოდ ბრძენია და არც ტყუპებია დამნაშავე, რომ დროდადრო უპასუხისმგებლო პატარა ბიჭს ჰგავს. ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის ითვლებოდა,რომ მამაკაცი ძლიერი, მოწიფული და პრაქტიკული უნდა იყოს; ქალი კი ჰაეროვანი, უმწეო და არაპროგნოზირებადი.

ტყუპებისა და თხის რქების საბედნიეროდ, როგორც იქნა,ჩვენ გავაცნობიერეთ ქალის უფლება, პრაქტიკული და ჭკვიანი იყოს და მამაკაცის უფლება, ხანდახან იოცნებოს და ქარაფშუტობა გამოავლინოს.  ეს ყველა ჩვენთაგანის ბედნიერებაა, მაგრამ  ამ ორის განსაკუთრებით. მათ ისედაც საკმარისი პრობლემები ექმნებათ განსხვავებული ხასიათების გამო. რა საჭიროა აიძულოთ ადამიანი, ვიღაცეების ცრურწმენებს შეესაბამებოდნენ, სამაგალითო ქალისა და მამაკაცის შესახებ?

ამ ორი მზის ნიშნის სქესი, ერთი შეხედვით, ისეთია, როგორიც უნდა იყოს. თხის რქა ფემინური ნიშანია,ტყუპები მასკულინური. თუმცა რეალობაში საქმე არც ისე მარტივადაა. დიახ, თხის რქა მდედრული საწყისის ნიშანია,მაგრამ მას მოხუცი სატურნი მართავს,რომელიც დანამდვილებით მამრობითი სქესის პლანეტაა. ტყუპების ნიშანი მამრული საწყისის არის,მაგრამ მას ცბიერი  და თვალთმაქცი მერკური მართავს; პლანეტა, რომელიც ცნობილია თავისი  ტყუილებისადმი მიდრეკილებით  და რომელსაც უნარი აქვს, სქესი იცვალოს. ასე რომ,ამ საკითხში შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები. არა გადაულახავი, მაგრამ მაინც პრობლემები.

შეიძლება წარმოიშვას სიტუაციები, როდესაც ტყუპები მას უგულობასა და უგრძნობობაში დაადანაშაულებს, თხის რქა ტყუპებს_ცვალებადობასა და ემოციურ უმწიფრობაში. გარკვეული თვალსაზრისით, ორივე მართლაც ასეთები არიან. თუმცა მოსიყვარულე და ერთგული ქალი,ბრწყინვალე იუმორის გრძნობით_ესეც თხის რქაზეა. უბრალოდ მან უნდა იგრძნოს,რომ მყარ მიწაზე დგას და არა უწყვეტი ცვლილებების ქვიშიან ნიადაგზე, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება ფეხიდან გამოეცალოს (ყველა თხის რქას მიწისძვრის ქვეცნობიერი შიში აქვს). ტყუპებ მამაკაცსაც ზუსტად ასევე შეუძლია იმაზე მეტი სიღრმეების გამოვლენა,ვიდრე მისგან ელიან,თუ მას  კუთხეში არ ამწყვდევენ მუდმივი ეჭვებით, შავბნელი სამომავლო პროგნოზებითა და „ტვინის ბურღვით“.

არსებობს ერთი უცნაური მწერი ღვთისმლოცველა, რომლის მდედრიც სქესობრივი სიახლოვის შემდეგ მამრის თავს ჭამს. ოდესაღაც, სადღაც რაღაც მსგავსი წაუკითხავს ტყუპებს. სწორედ  მამრი ღვთისმლოცველასავით გრძნობს თავს ტყუპები ბიჭი, თუ  მისი საყვარელი ქალი სიტყვასიტყვით „ჭამს“ მას, როდესაც ჰგონია, რომ დაუსრულებელი შენიშვნებითა და განსჯით  თავის ერთგულებასა და მზრუნველობას გამოხატავს. მაგრამ კრიტიკა და სიმკაცრე ნამდვლად არ არის საუკეთესო საშუალებები ტყუპებში დადებითი თვისებების გამოსავლენად. მიუხედავად ყველაფრისა, სავსებით დასაშვებია, რომ ამ ორმა ნიშანმა ოჯახიც კი შექმნას.

თხის რქის  მომავლისადმი დამოკიდებულება  ყოველთვის მკაცრად განსაზღვრულია და ჯობია ფული მან განკარგოს. საქმე ის არ არის,რომ ტყუპები ციფრებთან მოუხერხებელია. მათი უმეტესობა შურისგან გაამწვანებდა კომპიუტერებს. უბრალოდ თხის რქამ უკეთ იცის ფულის ხარჯვა და დაბანდება. თუმცა თუ ტყუპების ასცედენტი ან მთვარე  კუროს, კირჩხიბის, ქალწულის ან თხის რქის  ნიშანშია, ფულთან არ ექნება არასერიოზული დამოკიდებულება.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ორივე ნიშანს ასტროლოგები (მეგობრებსა და ნათესავებზე რომ არაფერი ვთქვათ) ცივებს უწოდებენ. თხის რქას მკაცრი სატურნის  გავლენის გამო, ტყუპებს იმიტომ, რომ ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება, თითქმის ყოველთვის დისტანციურია და სადღაც შორს დაფრინავს. მიუხედავად ამისა, თხის რქას შეუძლია მიწიერი სიყვარული, მხურვალეც კი,თუმცა სატურნის რკინის კონტროლი მის ემოციებზე ყოველთვის ცივად ინახავს მის გონებას. მას ესმის, რომ გრძნობებს თავისუფლება არ უნდა მისცეს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ეს სერიოზულია.

რაც შეეხება ტყუპებს, ამ ნიშანს ჯერ კიდევ წინ აქვს ნამდვილი სიყვარულის აღტაცების შემეცნება(სულიერი თვალსაზრისით, თორემ თეორიულად იცის,წაკითხული აქვს). ტყუპებისთვის,კარმული კუთხით,ჯერ უცნობია სიყვარულის ჭეშმარიტი სიღრმე. მაგრამ განა წინათგრძნობა მშვენიერი არ არის? რა თქმა უნდა, მშვენიერია. ტყუპების აღტაცებული ოცნებები დაეხმარება თხის რქას რეალობაზე ამაღლდეს. თხის რქის ჩუმი სიყვარული იმ სანთლის შუქია, რომელიც ტყუპებს გზას გაუნათებს და მის  სიმშვიდეს უზრუნველყოფს მერყეობის პერიოდებში.

ხანდახან თხის რქა ქალი შეიძლება ზედმეტად კარგი, ზედმეტად სრულყოფილი, ზედმეტად საიმედო იყოს საიმისოდ, რომ ტყუპები მას გაუმკლავდეს. რადგან ყველა ეს „ზედმეტად“ მის საკუთარ არასრულფასოვნებას უსვამს ხაზს. თხის რქის ერთგულებაც კი საწყენი ხდება მისთვის. არამარტო იმიტომ, რომ თვითონ მსგავსი ერთგულების გამოვლენა არ შეუძლია (როგორც თავად ეჭვობს), ეს მას აშინებს, აწუხებს და შეიძლება გაქცევისკენაც უბიძგოს. თუმცა დროებით, შემდეგ ისევ დაბრუნდება. ეს კიდევ ერთი ტყუპური დაბნეულობაა სასიყვარულო საქმეებში.

როგორც ალბათ თქვენ თვითონაც მიხვდით, მათი სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის ვნებათა ვულკანი ვერ იქნება. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ორივე ნიშანს მოსწონს ეს. ტყუპებს ყველაზე ინტიმური მომენტების დროსაც სჭირდება თავისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება. თხის რქასაც _ მას არ შეუძლია თავი დაკარგოს ვნებების გამო. ასეთივე უუნაროა ამ თვალსაზრისით ტყუპები ბიჭიც, რომლის ორმაგი ნატურაც ორი „მესგან“ შედგება. როდესაც ერთი „მე“ განცდებშია,მეორე „მე“  მშვიდად აკვირდება მის ემოციებს. აი,ასე სწავლობს ტყუპების ნიშანი _ მერკურიული მგრძნობიარობის დონის მიხედვით. მაგრამ თხის რქა ქალს რაღაც ამოუხსნელი მეთოდით შეუძლია დაავიწყოს ყველაფერი, სურვილების გარდა. თხის რქა ტყუპებისთვის 8 ასტროლოგიური სახლის ბინადარია, რას წარმოადგენს მერვე სახლი? სექსუალურ საიდუმლოს (ასევე უფრო ღრმა სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს).

ტიპური თხის რქა ქალი  მშვიდად ცხოვრობს რეალურ, ტრადიციულ სამყაროში, ყველაფერში სიბრძნით ხელმძღავნელობს. ტყუპები ბუნდოვნად გამოსახულ, ფანტაზიებითა და აქტიური გონებრივი დინამიკით აღსავსე სივრცეში იმყოფება,სადაც ცნობისმოყვარეობას მიჰყავს. მათთვის სასარგებლოც კი იქნება დროდადრო როლები, უფრო სწორედ სამყაროები გაცვალონ, მხოლოდ არა კრიტიკის, არამედ გამოცდილების მიღების მიზნით _ როგორც შორეულ ზღაპრულ ადგილას გამგზავრება, რომ უჩვეულო და ახალი სილამაზეებით დატკბეთ და შემდეგ კვლავ სახლში დაბრუნდეთ.

სხვათა შორის, თუ მართლა ბევრს იმოგზაურებენ, ტყუპები ძალიან ბედნიერი იქნება, თხის რქა ნაკლებად, თუ მისი ასცენდენტი ან მთვარე ტყუპების, ვერძის, ლომის, მშვილდოსნის ან თევზების ნიშანში არ მდებარეობს. ეს ის ქალი არ არის, რომელიც ტრიალ მინდორზე კარავს გაშლის და სახლს დაარქმევს. თუმცა დროსთან ერთად, თხის რქა სულ უფრო მსუბუქდება და მოგზაურობაზე ფიქრი განწყობას უმაღლებს, მაგრამ ნებისმიერი მოგზაურობიდან ის ყოველთვის ბედნიერია, რომ სახლში ბრუნდება. მართალია თხის რქებს შორის განსაკუთრების მრავლად შეხვდებით კარიერისტებს, მაგრამ პირველ რიგში ის ქალია, რომელიც დიდი სიამოვნებით ზის თავის კერასთან. არც ტყუპებია ოჯახური კერის წინააღმდეგი და შეუძლია თვეობით, ხანდახან წლობითაც ითამაშოს უზადო მეოჯახის როლი, მაგრამ შემდეგ… ფრიიი! დაუბერავს ქარი და ბუმბულივით მსუბუქ ტყუპებს ახალი თავგადასავლისკენ გაიტაცებს, მეზობელ ქალაქში გამგზავრებაც რომ იყოს, სადაც შეუძლია დაიკარგოს, რომ თავიდან იპოვოს საკუთარი თავი.

როგორც ეს ხშირად ხდება ამ ფორმულის დროს, სავარაუდოდ ისინი ერთმანეთს ვიღაცამ წარუდგინა. ტყუპები და თხის რქა იშვიათი წყვილია, თუ ერთერთის მზე მეორეს მთვარესთან კონიუქციას (შეერთებას) ან ტრინს არ ქმნის.

ტყუპები ყოველთვის ხალისიანად ხუმრობს, მაგრამ ხშირად ეს ნიღაბია. ის გრძნობს, რომ ადამიანები მაინც არ დაიჯერებენ სიმართლეს, ის ხომ ისეთი ცხადია, ამიტომაც ნიღბავს. ტყუპების ცვალებად სიმართლეს ყოველთვის აქვს ორი, სრულიად საპირისპირო მხარე. სამაგიეროდ თხის რქა მიაჩნია, რომ სიმართლე აბსოლუტური უნდა იყოს და მასში არ არის ორმხრივი სინამდვილის ადგილი. ტყუპებს თხის რქის ასეთი დამოკიდებულება გადაჭარბებულად მკაცრად ეჩვენება, რადგან მისი იდეათა  ნებიერი დინება უამრავ ვარიანტს და თვითგამოხატვის თავისუფლებას მოიაზრებს. ტყუპებმა არ იცის საიდან მოდის ეს იდეები, სამაგიეროდ, ისინი არასოდეს მთვარდება.

თხის რქა მოინდომებს, ტყუპებმა სერიოზულ საქმეს მოჰკიდოს ხელი, სამომავლო პერსპექტივითა და აწმყოში გონივრული ანაზღაურებით. სავარაუდოდ, სახლის ყიდვასაც მოისურვებს. თხის რქებს არ უყვართ მრავალბინიან ჭიანჭველების ბუდეში ცხოვრება. ტყუპებს კი  არც ისე ძალიან სჭირდება მსგავსი ტიპის საიმედოობა და ფესვების გადგმა. ტყუპები გონებაში მილიარდი  იდეით და ბანკში ასი დოლარით უფრო ბედნიერია, ვიდრე პირიქით. მას მიაჩნია, რომ პირველ ვარიანტს უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს. თხის რქა,როგორც თქვენც ხვდებით, საპირისპიროშია დარწმუნებული. ტყუპებს მისი არ ესმის და შეიძლება ვერც ვერასდროს გაუგოს. ტყუპები დარწმუნებულია, რომ მისი იდეები და წარმოსახვა ყველაზე დიდი ფასეულობაა. ქალწულის, კირჩხიბის ან თხის რქის ძლიერი გავლენითაც კი, ტყუპებმა შეიძლება სრულიად დაივიწყოს სიფრთხილე ახალი მიზნის ან პროექტის გამო, რომელიც ერთერთ თავში მოუვიდა.

თუ მათი ურთიერთობა გაწყდა, თხის რქა ქალს ძალიან გაუჭირდება. თუ მან ერთხელ რომელიმე კონკრეტულ კაცს თავისი ბედი ანდო, მას არ შეუძლია უბრალოდ ადგეს და უკან წაიღოს თავისი ძღვენი. მას ვერ ექნება ტყუპებივით მსუბუქი დამოკიდებულება განშორების მიმართ. როდესაც თხის რქას ვინმე  უყვარს, ის ვარაუდობს, რომ ეს სამუდამოა. მაგრამ თუ მან გადაწყვიტა, რომ მისი „მარადიულობა“ ჩიხში შევიდა, არ იქნება არც ისტერიული სცენები, არც ზლუქუნი და არც ბრალდებები. თხის რქა უბრალოდ წავა და აღარასდროს დაბრუნდება. არც ერთ მზის ნიშანს არ შეუძლია ისეთი უემოციო წასვლა,როგორც თხის რქას,როდესაც ის სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. მაგრამ თქვენ მხოლოდ იმას ხედავთ, რაც ჩანს. სინამდვილეში კი მისი სათუთი გული  დარდისგან სკდება, რაც კიდევ უფრო მტანჯველია იმიტომ,რომ ამას მარტოობაში განიცდის.

ტყუპებმა მამაკაცმა შეიძლება წამოიძახოს: “რა ცოტას მივაღწიე და კიდევ რამდენი რამ არის გასაკეთებული!“  შემდეგ ის  ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებსა დაიტირებს..უპასუხოდ დატოვებულ და ფუჭად გაფლანგულ სიყვარულზე დანაღვლიანდება… დიახ,რა თმქა უნდა…  მაგრამ ხვალ დღე იქნება_ნათელი, ახალი, დამაიმედებელი დღე! ვინ იცის, რა ჯადოსნობა იმალება მასში? შეიძლება… დიახ, შერიგებაც შეიძლება და ყველაფრის თავიდან დაწყებაც. ამჯერად ის უფრო ნაზი და მორიდებული იქნება თხის რქა გოგონასთან.

თხის რქა რომლის რომანი ან ქორწინება განშორებით დასრულდა, არც ისე მალე გაიღიმებს. რაც შეეხება ნათელ ხვალეს, მას ასე არ ეჩვენება და ზუსტად ამიტომ შეეცდება ურთიერთობის შეინარჩუნებას. მის სიყვარულს ყველა დროებითი უთანხმოების გრიგალის გაძლება შეუძლია,დროის მბრძანებელი სატურნი ხომ მის მხარეზეა.

 

 

ტყუპები ქალი და თხის რქა მამაკაცი

Priscilla & Elvis Presley

კუნძული თავად ეძებდა მათ სივრცეში.

უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ ასე შეიძლებოდა მისი ნაპირების მიღწევა.

_აი, ისიც გამოჩნდა_თქვა პიტერმა ჩვეული ხმით.

_სად? სად?

_საითკენაც ყველა ისარი მიუთითებს.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანი არიან ერთად. თხის რქა მამაკაცი ვერაფრით გაიგებს, როგორ ვერ ხედავს ტყუპები გოგონა იმას, რაც მას ასე თვალსაჩინოდ ეჩვენება.

ტყუპების აზრით, თხის რქის შეცდომა ის არის, რომ რეალობად მხოლოდ მატერიალურ სამყაროს აღიქვამს, წარმოსახვა  კი მხოლოდ სახალისო დროსტარება ჰგონია. ტყუპების გონება მუდამ კვლევებით, გამოთვლებითა და ქარში ქროლვით არის დაკავებული, თანაც ყველაფერს ერთდროულად აკეთებს. ეს საშუალებას აძლევს ორივე, რეალური და წარმოსახვითი, სამყარო გააერთიანოს და გაამთლიანოს.

როგორ რეაგირებს ამაზე თხის რქა? სხვადასხვანაირად, მაგრამ ყოველთვის განსაზღვრული თანმიმდევრობით. ჯერ ბრაზდება, შემდეგ ცდილობს გაუგოს. თუ ტყუპების სიტყვები და ქცევები უაზრობად მოეჩვენა, მისი გაგების მცდელობა კატეგორიული უარყოფით იცვლება. თუ თხის რქამ გადაწყვიტა, რომ თემა განხილვას არ ექვემდებარება, ვერაფერს გახდებით. ის შეიძლება მტრულიც იყოს, უხეშიც და მკაცრიც: „ამაზე აღარ ვისაუბრებთ. საკითხი დახურულია!“  ტყუპები გოგონასთვის სამუდამოდ დახურული საკითხი არ არსებობს, ის ყოველთვის გახსნილია ახალი შეხედულებებითა და აღმოჩენებით კორექტირებისთვის. მაგრამ მთელი თავისი მომხიბვლელობითაც კი, მას ძალიან გაუჭირდება, აიძულოს თხის რქა,ერთხელ უკვე დახურულ საკითხს მიუბრუნდეს.

თხის რქა შეიძლება ქარაფშუტადაც თვლიდეს ტყუპებს, მაგრამ მასში საკმარის მიზეზებს იპოვის, რომ აღფრთოვანდეს და მისი საოცარი გონების მუშაობის მეთოდები შეისწავლოს. ტყუპებს შეუძლია უდიდესი სიმსუბუქით გახსნას ყველა კვანძი და  ურთულესი პრობლემები გადაჭრას, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. თავის მხრივ, ტყუპებიც აფასებს თხის რქის სიბრძნეს, რომელიც ასე განსხვავდება მისი სწრაფი გონებისგან. ამან შეიძლება მათში მიზიდულობა წარმოშვას,რომელიც ხან ძლიერდება,ხან სუსტდება. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათ შორის განსხვავება უფრო თვალსაჩინო გახდება. თხის რქაში არის ისეთი სერიოზულობა,რაც ძლიერ თრგუნავს ტყუპებს. თხის რქა კი ტყუპების განწყობების უცნაური ცვალებადობით ღიზიანდება… მათ პიროვნებებს, ზნეობებსა და ხასიათებს შორის ისეთი დაშორებაა.

განვიხილოთ მათი ურთიერთობა ოჯახში. თუ მამაკაცი ტიპური თხის რქაა, მისთვის ოჯახი არამხოლოდ მშობლები და და-ძმები, არამედ მისი ბებიკოები და ბაბუკოები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები და მამიდაშვილებიც(შიდა და გარეც) არიან. როგორ შეიძლება მათი დავიწყება? თუ ის ტიპური ტყუპებია, შეიძლება გულწრფელად უყვარდეს ნათესავები და  მხიარულ დღესასწაულებსა და წვეულებებზეც შეუერთდეს. მაგრამ ტყუპები არასდროს არის დაკავშირებული მათთან ისეთი მყარი ოჯახური ბორკილებით, როგორც თხის რქა. ის თავისი გზით მიდის, ნათესავები _ თავისი. თუ მათ გზებს გადაკვეთა მოუწიათ, არაჩვეულებრივია! მაგრამ ტყუპები არასოდეს ჩარევს ოჯახს პირად ცხოვრებაში. ის ძალიან უკმაყოფილო იქნება,როდესაც მის გარშემო მუდმივად თხის რქის ოჯახობა იტრიალებს და დიდ ოჯახში მიმდინარე ამბები მათი მთავარი სალაპარაკო თემა გახდება.

არც ერთ მათგანს არაფერი აქვს ფულის საწინააღმდეგო. პირიქით, ორივეს ძალიან უყვარს. მაგრამ ტყუპებს ფული დასახარჯად სჭირდება, თხის რქისთვის კი ის ემოციური ტრაკვილიზატორის როლს ასრულებს. როდესაც მან იცის, რომ ბანკში ფული აქვს, როგორც იქნა მოდუნება შეუძლია იმაში დარწმუნებულს, რომ სოლიდური მოქალაქეა, რომელსაც ფინანსური კატასტროფები არ ემუქრება. ტყუპებ ქალს ვერ გაუგია რა არის კარგი ფულის შენახვაში, როდესაც შეგიძლია შენთვის სასიამოვნოდ დახარჯო.

როდესაც თხის რქა გაბრაზებულია, ნაწყენია ან უბრალოდ ხასიათზე არ არის, ის იბუსხება, იქუფრება და დუმდება. როდესაც ტყუპები იმყოფება იმავე მდგომარეობაში, ენამწარეობს და სარკაზმს აფრქვევს. მაგრამ თუ თხის რქის ქცევები პროგნოზირებადია, ტყუპებთან ვერაფერს გათვლით წინასწარ. ის შეიძლება გაზაფხულის სიოსავით ნაზი და ცოცხალი იყოს და მოულოდნელად გრიგალივით დამანგრეველი გახდეს. მისი განწყობა ზარის ექოსავით წამიერია: თავიდან მსუბუქად-ფანტასტიური, შემდეგ ლოგიკურად რეალური; ჯერ ინტელექტუალური, შემდეგ მისტიურ-აბსტრაქტული (თუმცა მისტიური ყველაზე ნაკლებად, ტყუპებში ბევრი სკეპტიკოსია). ის ჭრელა-ჭრულა თავსატეხს ჰგავს, რომლის ფერადი ნაწილებიც შეკოწიწების მოლოდინში კისკისებენ.

ბუნებაში გვხვდებიან თავსატეხებისა და  გამოცანების მოყვარული თხის რქები. ასეთი ტიპის თხის რქა ნებისმიერი მიმართულებით გაჰყვება ტყუპებ გოგონას მერკურის ყველა დაკლაკნილ ბილიკზე, რომ გამოცანის ამოხსნის უმოკლესი გზა იპოვოს. ტყუპები ისეთი მომხიბვლელია, დახვეწილი და ქალური,მას ისეთი დამამშვიდებელი სიცილი აქვს და ისე კარგად გამოიყურება თხის რქის მკლავებში! თხის რქებს მოსწონთ ისეთი ქალები, ვისი ხალხში გამოჩენაც არ რცხვენიათ. ასეთი არაჩვეულებრივი ქმნილების სიყვარულის მოპოვება, რა თქმა უნდა, დიდი დამსახურებაა. სატურნიელებს ძალიან უყვართ მიღწევების დემონსტრირება. მათ მოსწონთ, როდესაც პატივით ეპყრობიან. თხის რქა ყოველთვის ზემოთ მიიწევს, რომ მწვერვალიდან დატკბეს ხედით. მას დიდად ეამაყება ისეთი ცოლისა თუ საყვარლის დემონსტრირება, რომელიც თავის თავში რამდენიმე ქალს აერთიანებს და ამასთანავე, ყოველი მათგანი  მხიარული, ნიჭიერი, მიმზიდველი და ქალურია. ნაკლებად იღბლიან კაცებს აუცილებლად შეშურდებათ მისი. მაგრამ თხის რქას ყოველთვის უნდა ახსოვდეს: მიუხედავად ტყუპების აღსაფრთოვანებელი ქალურობისა, მას მამაკაცური გონება აქვს. ეს ცოდნა მას არაერთხელ გამოადგება.

თხის რქათა უმეტესობა თავშეკავებულობის მაგალითია. მისი რომანტიული ინიციატივები  თავდაჭერილი, ნელი და მოფიქრებულია. ტყუპები ისე ხრის თავს, თითქოს მის ჩურჩულს აყურადებს. ის სიამოვნებით აღმოაჩენს, რომ თხის რქა გამორჩეული და ხაზგასმით კარგი გემოვნებით იცვამს, მშვიდად უღიმის, მაგრამ ამ სიმშვიდეში სინაზეც იკითხება. ბუნებრივია, მას დიდად აინტერესებს ის შესაძლებლობა, რომ ეს ის კაცია, რომელიც მას გაუგებს.

თხის რქა ბედნიერი იქნება თუ მას ასიამოვნებს. ის გულისამაჩუყებლად მადლიერია ცხოვრების, რომ არსებობს ქალი, რომელსაც შეუძლია ასიამოვნოს. ამ განცდას მისთვის კმაყოფილება მოაქვს. თავის მხრივ, ტყუპებიც უჩვეულოდ მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც იმის უტყუარი შეგრძნება უჩნდება, რომ ეს მამაკაცი მათი რიცხვიდანაა, ვინც ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ტყუპებმა შეიძლება ნერვიულობა დაიწყოს სიტყვა „ვალდებულების“ გამო. ტყუპებს ვალდებულებაზე მინიშნებაც კი არ უყვართ. თუ სიყვარული ჭეშმარიტია, ის იარსებებს. ბუნებრივია, მას არ მოეწონებოდა ხანგრძლივვადიანი სასიყვარული კონტრაქტის გაფორმება! დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის და თუ მათი სიყვარული რაღაც მარადიულში გადაიზარდა _ ეს შესანიშნავია! მაგრამ კონკრეტულ გარანტიებზე საუბარი? ოოფ, ტყუპები ასეთი წესებით არ თამაშობენ!

რაც შეეხება მათი კავშირის ფიზიკურ მხარეს, აქ მათ ერთმანეთის გაოცება შეუძლიათ, პარტნიორის სურვილების ინტინქტური ამოცნობით. თხის რქაცა და ტყუპებიც სექსუალური ერთობისგან დასვენებასა და კომფორტს ელიან. ისინი არ უყენებენ ერთმანეთს ძლიერ ემოციურ მოთხოვნებს. და მაინც, ხანდახან  ხდება ხოლმე, რომ თხის რქის მოჭარბებული რეალიზმი სასურველ პასუხს ვერ იღებს და ვერც ტყუპების მთავარი ეროგენული ზონა, ტვინი იკვებება სათანადო სასიყვარულო სიტყვებით.

ამ მცირე უსიამოვნებებს თუ არ ჩავთვლით, ისინი შეიძლება სავსებით შეთავსებადები იყვნენ სიყვარულში. ამ წყვილის ურთიერთობაში სექსი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თხის რქის ძლიერი მიზიდულობა არ შესუსტდება, სანამ ისინი ერთად არიან და ეს არამხოლოდ აჯადოებს, მათ მეგობრებსა და ნათესავებსაც აკვირვებთ. მართალია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ ჰოროსკოპებს შორის ჰარმონიული მზე-მთვარის კავშირია. მაგრამ ასეთი პლანეტარული დამხარების გარეშეც, ისინი კარგ მეგობრებად დარჩებიან, დაშორების შემთხვევაშიც. 8-6 ტიპის წყვილებს, როგორც წესი, უჭირთ ხოლმე დაშორების შემდეგ ურთიერთობა, მაგრამ ამ წყვილს შეიძლება გამოუვიდეს.

სატურნით მართული გულის მოგება რთულია, მაგრამ სიყვარულს ყველა ყინულის დადნობა შეუძლია.  რაღაც ამოუხსნელი ძალა, ამ უკვე დამდნარ მამაკაცში, აიძულებს ამ ქალს მისი იწამოს, როდესაც სერიოზული თხის რქა ჰპირდება, რომ ერთად ბედნიერები იქნებიან. თუ წლების შემდეგ  ტყუპებ ქალს ცხოვრება უფერულად მოეჩვენა, მან შეიძლება ჩათვალოს, რომ თხის რქამ პირობა დაარღვია. მაგრამ საინტერესოა იცის თუ არა მან, რომ სწორედ თხის რქა გაახალგაზრდავდება, გათავისუფლდება და გალაღდება ასაკის მატებასთან ერთად? ის სულ უფრო დაემსგავსება ტყუპებს და თუ ორეულებს მოთმინება ეყოფა, თხის რქა შეასრულებს თავის პირობას.

რა თქმა უნდა, ტყუპები სულსწრაფები არიან და არ უყვართ ლოდინი. მაგრამ თუ ამას ისწავლის, ძვირფასს საჩუქარს მიიღებს, რადგან მხოლოდ მასთან ერთად გაიაზრებს, რომ სირბილში ვერ დაინახავ სიყვარულისა და სილამაზის ჭეშმარიტ არსს. მოთმინება _ აი, გასაღები სიტყვა ამ მამაკაცთან და მან უნდა განავითაროს ეს თვისება საკუთარ თავში. შეიძლება ტყუპები გოგონა ამ წუთს კითხულობს ამას და გაკვირვებულია, რადგან ახლა ისეთი ბედნიერები არიან ერთად. მაგრამ რა აზრის ცურვის სწავლას მაშინ, როდესაც ადამიანი იხრჩობა, ცურვა წინასწარ უნდა ასწავლოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ (და ეს დროულია!) გავიმეორებ ტყუპებისთვის ამ სიტყვას: მოთმინება!

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

ავტორი Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top