ტყუპები და სასწორი

ტყუპები და სასწორი

ხან ბნელოდა,ხან ნათდებოდა.

ახლა სცივათ,მაგრამ მერე ისევ  დათბება.

ამ ორ ნიშანზე დაკვირვება ისეთივე საინტერესოა,როგორც  საჰაერო გიმნასტების ცქერა ცირკის თაღის ქვეშ. მათი მენტალური გიმნასტიკა აღსაფრთოვანებელი და თავბრუდამხვევია. მათი მშობლიური სტიქია ჰაერი_ უხილავი და ხელშეუხებელი,ის არის ყველგან და არსად.

რადგან სასწორი ვერაფრით იღებს გადაწყვეტილებას,ტყუპები კი მუდმივად ცვლის მას,ვერასოდეს გათვლით წინასწარ,რას შეიძლება ელოდოთ. სასწორი კარდინალური ჰაერია,ტყუპები_მუტაბელური. კარდინალური ანუ ძირითადი ანუ ლიდერული. მუტაბელური ანუ დაუსრულებლად ცვლადი და პირველ რიგში ურთიერთობაში. ტყუპები მშვენივრად ურთიერთობენ სასწორებთან იქამდე,სანამ ისინი კამათს წამოიწყებენ. აბა,როგორ?! ლიდერობა მათ უნდა დარჩეთ.  ნუ მისცემთ სასწორებს იმის საშუალებას,თავიანთი ღიმილითა და ლოყებზე ნაჩვრეტების დემონსტრირებით დაგაბრმაონ. თქვენ ვერც შეამჩნევთ,როგორ შეიცვლით აზრს. თუ სასწორმა თავისი აზრის გატანა ზეინტელექტითა და დედუქციური  აზროვნებით ვერ მოახერხა,მაშინ ვენერას ღიმილითა და ფართოდ გახელილი უმანკო თვალებით დაგამარცხებთ.  დაძაბულობა  უბრალოდ დადნება.

ვის შეუძლია სასწორის სილამაზის,შარმის,ლოგიკის,გონებისა და პირმოთნეობის ამგვარ კომბინირებას დაუპირისპირდეს? ტყუპებს! და ამას ძალიან ხშირად აკეთებს. ბოლოს და ბოლოს,შარმისა და ინტელექტის სინთეზის მეშვეობით  ადამიანების დარწმუნება და გადარწმუნებაც  ტყუპების გამოგონებაა. ტყუპებმა მოიგონეს ეს თამაში,სასწორებმა კი წარმატებით აითვისეს. ზოდიაქალურ წრეში ხომ ჯერ ტყუპები მოდიან და მათ მოჰყვებიან სასწორები.

ამ ადამიანებს ძალიან უყვართ ლაპარაკი,თუმცა არც ერთს არ უყვარს მოსმენა. მათ შეუძლიათ ისაუბრონ  დიდხანს და ყველაფერზე. ამასთან,ძალიან მდიდარი წარმოსახვაც აქვთ.

სასწორს განსაკუთრებული ტიპის გონება აქვს,რომელიც ზუსტად ხსნის ამ ნიშნის სიმბოლოს: როგორც კი თავში რაიმე იდეა მოუვათ,მათი გონება მყისვე რთავს საწინააღმდეგო აზრს. შეგიძლიათ მიხვდეთ ეს რა არის? ვიღაც ამბობს „ცხელი“,თქვენს თავში კი მოდის “ცივი“. ვიღაც აცხადებს „გრძლად“,თქვენ კი დარწმუნებული ხართ,რომ „მოკლედ“. თუ თქვენ გესმით „სწრაფი“,მყისვე ფიქრობთ „ნელი“. თქვენ თავს ცუდად გრძნობთ,მაგრამ კარგად გამოიყურებით… ისევ აქ ხართ? დაბრძანდით და თვალები დახუჭეთ. თავბრუსხვევა გაივლის. ახლა გესმით რატომ აქვთ სასწორებს მუდამ შეცბუნებული სახე და  დაბნეული მზერა? თავიანთი ცხოვრების ნახევარს ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებში,სიტყვებსა და ქცევებში ატარებენ.

ახლა,როდესაც გაიგეთ,როგორ მუშაობს სასწორის გონება,შეგიძლიათ მიხვდეთ მათ მუდმივ დილემას? რა არის ჭეშმარიტება? რა სიტყვა უნდა იყოს საბოლოო პასუხი? მერყეობის ტრავმა!

ტყუპები მარტივად იქცევა. ის უპრობლემოდ მოისვრის გუშინდელს,რომ დატკბეს დღევანდელით და არ იფიქროს ხვალინდელ დღეზე,სანამ ის არ დადგება. სასწორს ასე არ შეუძლია.  რა იქნება,ხელშეკრულება  რომ არასწორი იყოს? თუმცა შეიძლება სწორიც იყოს,მაგრამ თუ არა? როგორ დაიბრუნოს,რომ გამოასწოროს? კარგი თუ ცუდი? რეალური თუ წარმოსახვითი? დადებითი თუ უარყოფითი? უკიდურესი პოლარობები და წინააღმდეგობრიობის პრობლემა ამ ადამიანებისთვის მუდამ აქტუალურია. სასწორი ვერ ბედავს უარი თქვას საკითხის კიდევ ერთხელ(მეათიათასედ) გადახედვაზე,იმის შიშით,რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არ მოისროლოს.

სასწორებისგან განსხვავებით,ტყუპები პოლარობებითა და წინააღმდეგობებით მარტივად ჟონგლირებენ. იმასაც ახერხებენ,ანტგანოზმები საკუთარი თავის შიგნით,ორმაგ „მეში“ გააერთიანონ. ახლა გესმით,რატომ არ არიან ეს ნიშნები დედამიწის ზურგზე ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანები?

თუ თქვენ შინაგანად გაწონასწორებულ სასწორს ხედავთ_ეს შესანიშნავია! თუ თქვენ  ტყუპები ისეთ დროს გამოიჭირეთ,როდესაც თავისი ტყუპისცალი დასაძინებლად ჰყავს გაგზავნილი_არაჩვეულებრივია! მაგრამ უფრო ხშირად ისინი ორნი,სამნი ან ოთხნი არიან,ეს კი უკვე ბრბოა.

მიუხედავად მსგავსებისა,მათ შორის ბევრი განსხვავებაა. ტყუპები ყველაფერს სწრაფად წყვეტს, გადაწყვეტილების მიღება მათთვის გაელვებასავით არის. არც აღელვება,არც სინანული,არც მოლოდინი,არც კითხვები,მხოლოდ მოქმედება. სასწორი მსჯელობს, აანალიზებს, აბალანსებს, დარდობს… და ხვალისთვის დებს. ხანდახან ეს „ხვალ“ არც დგება. გადაწყვეტილება შეიძლება მცდარი იყოს,სასწორს კი არ შეუძლია და არც უნდა,რომ შეცდეს. თავის მხრივ,ის ფაქტი,რომ ტყუპებმა რაღაც გადაწყვიტა,ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. წუთის შემდეგ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს და მასთან ერთად გეგმებიც. სამაგიეროდ,თუ ხანგრძლივი და ზუსტი აწონ-დაწონვის შედეგად სასწორმა რაღაც გადაწყვიტა,ბოლომდე თავის აზრზე იდგება,იმ ვარაუდით,რომ უბრალოდ შეუძლებელია იმის გაუმჯობესება,რაც ასე გულდასმით  აწონ-დაწონა.

სასწორი ტყუპებზე ფრთხილია. ტყუპებს მიაჩნია,რომ არ ღირს ჩახლართული კვანძის გახსნა,როდესაც შეგიძლია მარტივად გადაჭრა მაკრატლით. სასწორი არასდროს მოჭრის იმას,რისი გახსნის თეორიული შანსი მაინც  არსებობს. ვის სჭირდება ასეთი სისწრაფე,თუ თქვენ მოგვიანებით კვლავ საწყისს წერტილთან მოგიწევთ დაბრუნება, საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად.

ტყუპებთა ბავშვური გულწრფელობა ხშირად  უბიძგებთ მათ მშვენიერი სისულელეებისკენ_ მაგალითად,  ოცდაშვიდჯერ წარმოთქვან რომელიმე დრუიდის სახელი,როდესაც ვარსკვლავი ცას მოსწყდება ან თავიანთ წარმოსახვაში  კალია გააჭენონ. სასწორი არ ხარჯავს დროს ასეთ სისულელეებზე. მიუხედავად მხიარული და უდარდელი გარეგნობისა,სასწორები საკმაოდ ცივები და ლოგიკურები არიან.

სიმართლე რომ გითხრათ,ტყუპებიცა და სასწორებიც გაცილებით ბედნიერები იქნებოდნენ,ნაკლები რომ ეფიქრათ და მეტი ეგრძნოთ.

 

 

 

 

ტყუპები მამაკაცი და სასწორი ქალი

სინამდვილეში მან არაფერი იცოდა ამის შესახებ,

ის უბრალოდ ეჭვობდა და  ვარაუდით წამორსთქვა:

_ვენდი,მე სახლიდან იმ დღეს გამოვიპარე,როდესაც დავიბადე.

ვენდი ძალიან გაოცდა,მაგრამ დაინტერესდა.

 

ეს ის შეთავსებაა,რომელზეც სადაო არაფერია. ტყუპები მამაკაცი არანორმალურად მომხიბვლელია. ჯერ კიდევ გუშინ გაწონასწორებული  სასწორი გოგონა თავს კარგავს და საკუთარ გულს ისეთ ადამიანს უძღვნის,რომელიც სამომავლოდ ვერაფერ კონკრეტულს ვერ სთავაზობს. სასწორი მზადაა,თანახმაა, მიუხედავად იმისა,რომ ტყუპებს ასი განწყობა და ათასი გეგმა აქვს. მაგრამ ამას რომ სხვა მხრიდან შევხედოთ? დუალიზმი ისეთი ბუნებრივია ტყუპებისთვის,როგორც სასწორისთვის.

მოდით,თვალყური მივადევნოთ,როგორ არწმუნებს სასწორი გოგონა საბრალო ტყუპებ ბიჭუნას,რომ ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება,მას შემდეგ რაც ადამიანი შეგიყვარდება,დაქორწინებაა.  კიდევ სამსახურის შოვნა და ერთ ადგილას,ერთ ადამიანთან ბუდის მოწყობა. თანაც ცდილობს ისიც დაჯეროს,რომ ეს ტყუპების იდეაა. ვინ მოიგებს ამ რომანტიულ თამაშს? ხშირად ეს დამოკიდებულია იმაზე,რომელს უფრო ძლიერი მთვარე ჰყავს და მაინც,როგორც წესი,ეს ტყუპები კი არა,სასწორია. ეს ისეთი სახალისოა,როდესაც ილუზიონისტ ტყუპებს თავისივე მაგიური ხრიკებით  ასულელებენ,რამდენიმე ახალი სატყუარას დამატებით. მაგრამ ამაში არის გარკვეული სამართლიანობა. ტყუპები ბიჭუნა მთელი თავისი სიცოცხლე ხიბლავს გოგონებს და იმდენსაც ახერხებს,რომ ამ სასიყვარულო ისტორიებში თვითონ არასდროს არაფერში არის დამნაშავე,რადგან ნებისმიერ სახიფათო სიტუაციასთან გამკლავების შესაშური უნარი აქვს. ამისთვის ბევრი არაფერი სჭირდება: მხოლოდ პატარა ბიჭის უმანკო შესახედაობა და სიტყვებით თამაში.

ახლა კი ტყუპები ისეთ ქალს შეხვდა,რომელიც ტყუილების თამაშში არა მხოლოდ მის ნასროლ ბურთებს იცილებს,უკანაც უბრუნებს დარტყმებს. მას შემდეგ,რაც სასწორი მოხერხებულად დაარწმუნებს,რომ ტყუპებმა ის სრულიად მოხიბლა  და ტყუპების თავისუფალ სულს ქორწინების ბორკილები დაედება(სასწორი გოგონები მხოლოდ ამაზე არიან თანახმა),ტყუპები აღმოაჩენს,რომ მისი სატრფოს სირბილის,სინაზისა და მეგობრული მანერების მიღმა მოქნილი გონება,ძლიერი ნება და რკინის გამბედაობა იმალება. სასწორი თურმე სულაც არ ყოფილა რბილი კნუტი. ის ქალთა არმიის ქვეითი ქვედანაყოფის გენერალია!

სასწორი ქალი ყოველთვის აღწევს თავისას,სამართლიანობის,ქალურობისა და უმწეობის ნიღბით. კიდევ ერთხელ  შეგახსენებთ,რომ სასწორი მამაკაცური ნიშანია. მაგრამ ვერავინ,თვით სასწორიც კი,თავისი ბრწყინვალე ინტელექტით,დიდი ხნით ვერ გაასულელებს ტყუპებს.  მართალია,სასწორი არც აპირებდა მის მოტყუებას. უბრალოდ სიყვარული ეს სქესთაშორისი ომია და ქალი,რომელსაც კაცის დამარცხება სურს,კარგად უნდა ფლობდეს საკუთარ იარაღს.

სასწორის გონება,რომელიც ასეთი მიმზიდველია სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისში,ტყუპებს სიფრთხილისკენ უბიძგებს. სასწორი მას უპირატესობას ართმევს,სიმშვიდესა და წონასწორობას აკარგვინებს და  აიძულებს,ნამდვილი ხასიათი გამოამჟღავნოს. ტყუპები თავს დამარცხებულად გრძნობს და ეს მაშინ,როდესაც აცრემლებული სასწორი უცხადებს,რომ ის ტირანია და მისი გაბრაზებაც იმაზე მეტყველებს,რომ ის მართალი არ არის. აი,ასე ასულელებს სასწორი ტყუპებს,მისივე ხრიკების გამოყენებით. იმავდროულად,ტყუპებს თვითონ არ შეუძლია რაიმე ნაკლით უჩხვლიტოს,რადგან სასწორი იმდენად შეუმჩნევლად და დახვეწილად მანევრირებს,რომ ყველაფერი სამართლიანობის სახელით არის შენიღბული.

სასწორი ქალი ვერ იტანს იძულებას,შეიძლება იმდენად ძლიერ არა როგორც ტყუპები,თევზები,ვერძი ან მშვილდოსანი,მაგრამ მაინც. არ ღირს მისმა ქმარმა ტყუპებმა ზეწოლა დაიწყოს მასზე. უბრალოდ გაიხსენეთ,სასწორი მუნდანურ ასტროლოგიაში ჩინეთს მართავს და იმ შემთხვევაშიც,თუ თქვენ ჩინური თავსატეხების გამოცნობის დიდოსტატი ხართ,თქვენ ვერასოდეს ამოიცნობთ ზუსტად,როგორ უნდა მოიქცეთ აღმოსავლელ ხალხთან. ისინი რბილები და თავაზიანები ჩანან,თითქოს არაფერს ეწინააღმდეგებიან,მაგრამ მიუხედავად ამისა,ყოველთვის შეუძლიათ ისეთი დახვეწილი მეთოდი იპოვონ,რომლითაც საწინააღმდეგო მხარეს სრულიად განაიარაღებენ.

ტყუპები მამაკაცი ვერასდროს მიაღწევს სრულ გამარჯვებას სასწორ ქალზე. როგორც კი ის იფიქრებს,რომ წარმატებას მიაღწია,სასწორი შეუმჩნევლად შეცვლის ტაქტიკას ან ემოციურ სტრატეგიას და კვლავ მოულოდნელად განაცვიფრებს ტყუპებს. სასწორი ეცდება მოიგოს,მაგრამ თუ ეს არ გამოუვიდა,წარუმატებლობის მიზეზებსაც საოცარი სიმშვიდით გააანალიზებს,თითქოს არაფერი განსაკუთრებული  მომხდარა. ამაში ისინი გვანან. საერთოდ,ისინი ბევრ რამეში გვანან და ხშირად ავსებენ ერთამენთს იმ სფეროებშიც,სადაც განსხვავდებიან. ტყუპები და სასწორი საოცრად კარგად ეწყობიან ერთმანეთს და ბევრ საერთო ღირსებას ატარებენ(ისევე როგორც საერთო ნაკლს).

ისინი პატივისცემით ეპყრობიან იმას,რას ფიქრობს და ამბობს მეორე. მართალია,ტყუპები ხშირად აწყენინებს სასწორს,მაგრამ ამას თვითონაც განიცდის. მას სულაც არ სურს სასწორის წყენა,უბრალოდ მისი ვერბალური აფეთქებები შეიძლება ზედმეტად ბასრი იყოს სასწორი გოგონასთვის,რომელიც თავის ყოველ შეხედულებას  ტაქტითა და თავაზიანობით ნიღბავს. და მაინც,თავისი მერკურიანული ხიბლით,ტყუპები მოახერხებს დაარწმუნოს,რომ ის არ უგულისხმია,რაც თქვა. პრინციპში,ეს სრული სიმართლეა_ტყუპების სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არასდროს აქვს.

მათი ფიზიკური კავშირი შეიძლება გაუგებარი იყოს ცეცხლისა და მიწის ნიშნების ადამიანებისთვის. მათი მიწიერი სიყვარული უფრო პოეტურია,ვიდრე მგრძნობიარე. მაგრამ ბუნებრივი შეთავსებადობის წყალობით,ეს ქალი და ეს მამაკაცი ისევე მიჯაჭვულნი არიან ერთმანეთს,როგორც ის შეყვარებულები თუ მეუღლეები,ვისი კავშირიც მხურვალე ვნებაზე დგას. სიყვარული მათთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე სექსი და სწორედ ეს გაამთლიანებს მათ ინტიმურ უკიდურესობებს.

ეს ორი არ უყურებს სიყვარულს როგორც შიმშილს,რომელიც გაძღომას მოითხოვს. მათი ორმხრივი სიამოვნება ის წმინდა სასმელია,რომლითაც დინჯად უნდა დატკბე და არა ხარბად მოიყუდო. სასწორ ქალს შეუძლია ვნებების გარშემო რაღაც განსაკუთრებული სისუფთავის ატმოსფერო შექმნას. სიუხეშე და უხამსობა ძლიერ შეურაცხყოფს მის ამაღლებულ გრძნობებს.

რა თქმა უნდა,მიწის მთვარე ან ასცედენტი,ან ვენერა-მარსის დაძაბული ასპექტი შეარბილებს ამ თვისებას,მაგრამ ჩვენ,როგორც ყოველთვის,მზის ნიშნის ტიპურ წარმოამდგენელზე ვსაუბრობთ. ნაკლებად სავარაუდოა,რომ ტყუპებმა მისი გრძნობები შეურაცხჰყოს. ისინი ხომ ერთიდაიგივეს გრძნობენ,თუმცა ტყუპებს ხანდახან ეჩვენება,რომ სექსუალური ცხოვრების მცირედ გამრავალფეროვნება არც ისე ცუდი იქნებოდა…

სასწორი ასტროლოგიაში ქორწინების სახლს მართავს და მიაჩნია,რომ მათი კავშირი აუცილებლად ქორწინებად უნდა იქცეს. ამიტომ ან ტყუპების ცოლი გახდება ან მიატოვებს. ტიპურმა სასწორმა გოგონამ,რომელიც ჩვეულებრივ  ძალიან რთულად იღებს გადაწყვეტილებებს,შეიძლება საკუთარი თავი გამოიჭიროს,რომ მზადაა  ცოლად გაჰყვეს ტყუპებს,ყოველგვარი აწონ-დაწონვის გარეშე. იცით,კარგი გამყიდველი იმ უნარით იცნობა,რომლის მეშვეობითაც ადამიანებს თავისი გასაყიდი საქონლის გამო წააჩხუბებს. ტყუპები კი საუკეთესო გამყიდველია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. როდესაც გასაყიდი საქონელი თავად ტყუპებია,სასწორი გოგონა,მთელი პუბლიკის მსგავსად,გამოშტერებული შესცქერის მერკურის ბრწყინვალე  მომხიბვლელობას. დიახ,სასწორი გონიერია,ინტელექტუალური და ყველაფერი ასეთი,მაგრამ ეს ვერ უშველის,როდესაც თავის გულს ამ რბილ მამაკაცს უძღვნის,ცოცხალი თვალებით,დახვეწილი ჟესტებითა და გაურკვეველი მომავლით…

ფულის შეგროვება და ფინანსური პრობლემები სასწორებისა და ტყუპების აქტიური განსახილველი თემები ნამდვილად არ არის,მათი იშვიათი წარმომადგენლების გარდა,რომლებმაც შემთხვევით შეიხეტიალეს საბანკო საქმეში. ტყუპებისთვის ფული მნიშვნელობას მაშინ იძენს,როდესაც არ აქვს და ძალიან სჭირდება. სასწორისთვის ფული მნიშვნელოვანია იმ ლამაზი ნივთების გამო,რომლის ყიდვასაც ფული სჭირდება. თუ ტყუპები მამაკაცი ფულს არ ფლანგავს ან სარისკო სავალუტო სპეკულაციებში არ დებს,მისი დანახარჯები ძირითადად ახალ იდეებს,დასვენებას ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას უკავშირდება. სასწორი ქალი ფულს ტანსაცმელზე,ცეკვებზე,სკულპტურებზე,მუსიკის ან იოგას გაკვეთილებზე თუ სახლის მოწყობაზე დახარჯავს(ასცედენტის ან მთვარის ნიშანმა შეიძლება მცირედ შეცვალოს საერთო სურათი). სავარაუდოდ,მათი სახლი სავსე იქნება მუსიკით,წიგნებითა და ბავშვებით,თუმცა მათ ესეც არ  შეუშლით ხელს მოგზაურობაში.

თუ ბუნებრივად ჰარმონიულ კავშირს,მზე-მთვარეეებს შორის დადებითი ასპექტებიც დაერთო,მათ  გაუადვილდებათ ურთიერთობა. თუ დროდადრო მათ შორის ჰაერი ნესტიანი და ბუნდოვანი გახდა,მაინც ექნებათ შანსი ერთმანეთის მკლავებს დაუბრუნდნენ. ბოდიშის ნიშნად ტყუპები ყვავილებს გაუგზავნის და სასწორს გაახსენდება,როგორ ჰგავს ის პატარა ბიჭს და ყურადღებას აღარ მიაქცევს მის მანკიერებებს. სასწორი კიდევ ერთხელ გააანალიზებს,რამ შეაყვარა ეს ბიჭი და თავიდან შეუყვარდება.  მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ამ ამოცანას ბოლომდე,სანამ არ გააცნობიერებს,რომ ტყუპები ორი პიროვნებაა. მას კი თვითონ სჭირდება დუალიზმის გავლით ჰარმონიის მიღწევა,რასაც მისი მშობელი ვენერა ელის მისგან.

 

 

 

 

 

ტყუპები ქალი და სასწორი მამაკაცი

მაინც დართეს ნება,შეცვლილიყვნენ,

მაგრამ ცვლილება უნდა ყოფილიყო სრული.

 

ის,რომ ტყუპები ქალი და სასწორი მამაკაცი ასე გვანან,მათ ან გააბედნიერებს ან უამრავი უსიამოვნების საბაბი გახდება. ისინი შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთს,რადგან კარგად ესმით „ქამელეონის“ თვისება. ისინი ერთად განმარტოვდებიან უცხო ხალხისგან,ვისთვისაც მათი ჰაეროვანი მენტალობა გაუგებარია.

თუ რომელიმეს ემოციურობა პირად ჰოროსკოპში წყლის ელემენტით არის ხაზგასმული და მთვარე ან ასცედენტი მიწის ნიშანშია,ასტროლოგია ბედნიერების გარანტიას იძლევა. თუმცა სხვა შემთხვევაშიც,ამ ორს რაღაც იმაზე მეტი აქვს,ვიდრე წარმატების საშუალო შანსი; პატარა მღელვარებების გამოკლებით, განსაკუთრებით ქარიან დღეებში. ოდნავ ქარიანი ორივე შეიძლება იყოს. თუმცა  ისინი იმ ოჯახურ წყვილებზე უფრო შეთავსებადები არიან,ვინც მთლიანი სურათის შექმნას კითხვების,ამოცანების,რებუსების,მინიშნებებისა და სიყვარულის ნატეხებითაც კი ცდილობს.

ორივე ესთეტია: მათ მოსწონთ სილამაზე,აღიზიანებთ არააკურატულობა და უწესრიგობა. მაგრამ გარდა იმისა,რომ სილამაზეს საჭიროებენ,მათ ასევე შეიძლება დასჭირდეთ… ცოცხალი მშვილდოსანი,ენერგიული ვერძი ან შრომისმოყვარე ქალწული,ვინც ამ ყველაფერს გააკეთებდა.

ცხადია,ზოგიერთი ტყუპები და სასწორი აკურატულია,მაგრამ ისინიც კი არ იქნებოდნენ წინააღდეგნი,რომ ვიღაცას მათი არეულობები დაელაგებინა. რადგან ტყუპები ქალი მეტად სწრაფია,ის უფრო ხშირად დასდევს სასწორს,აქა-იქ მიმოფანტული წინდების ასაკრეფად. სამაგიეროდ,სასწორი არასდროს ეტყვის უარს ფულზე(თუ აქვს),როდესაც ტყუპებს სურს სახლი გაალამაზოს. მათი სახლი კარგი გემოვნებით და წიგნებით სავსე თაროებით გამოირჩევა. თუმცა კარავშიც რომ ცხოვრობდნენ_ეს კარგად მოჭიმული,მუსიკის ჰანგებით  სავსე და ნახატებიანი კარავი იქნებოდა.  სასწორი ვერ იტანს ხმაურს,კარვის მრუდედ ჩასობილ პალოებს და ზურგმოღრეცილ სკამებს.

მათ ჩხუბს ყოველთვის ტყუპები იწყებს და სასწორი ამთავრებს. ყოველ შემთხვევაში,გარედან დამკვირვებელს ასე მოეჩვენება. ტყუპები ქალი,მიუხედავად თავისი ჰაეროვანი შარმისა და დახვეწილი ქალურობისა,საკმაოდ ბასრი ენის მფლობელია,რომლითაც ხშირად ბოროტად სარგებლობს. მაშინ მისი საყვარელი სასწორი სხვა იარაღებს ააჟღარუნებს: მასზე ოსტატურად ხომ არავის ეხერხება ნამდვილი ზრახვების დამალვა ღიმილისა და დამაჯერებელი ხმის მიღმა. სასწორი მამაკაცი არასდროს არის ისეთი უმანკო,როგორც გამოიყურება,ლაპარაკობს და რაშიც ცდილობს,დაგარწმუნოთ. მისი მშვიდი სახის შემხვედვარე,თქვენ ვერასდროს წარმოიდგენთ,რა წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები მწიფდება ამ დროს მის გონებაში და რა აუტანლად ბუზღუნა შეიძლება იყოს ახლობლებთან,სანამ ეს გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მიღების პროცესშია.

ერთ მშვენიერ დღეს ტყუპები ქალი გადაწყვეტს დიზაინერი გახდეს… შემდეგ რეაქტიული თვითმფრინავის მართვას მოინდომებს,მერე სანსკრიტული ტექსტების თარგმნას,მერე მკვდარი ზღვის ხელნაწერების შესწავლას,მერე ზოომაღაზიის გახსნას ან სულაც,კურსებზე ჩაეწერება,რომ უკეთესად შეისწავლოს კანონი. აი,სწორედ აქ სასწორ მამაკაცზე უკეთესად ვერავინ გაუმკლავდება მისი გადაწყვეტილებებისა და ემოციების მთელ ამ ჩახლართულ აბდაუბდას. სასწორი არ გამოვა წყობიდან და არც მიწისძვრას მოუწყობს,მიწის ნიშნების მსგავსად. ის არ აალდება ცეცხლის ნიშნებივით და არც წყლის ნიშანივით გამოაფხიზლებს ტყუპებს თავისი მდუმარე განსჯით. ჯერ ერთი,სასწორს ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. მეორეც,ის საკმარისად ლოგიკურია იმისთვის,რომ აკონტროლოს ტყუპები და ისტერიკამდე მისვლის საშუალება არ მისცეს. სასწორი რბილად უჩვენებს ყველა მომხრე და საწინააღმდეგო მხარეს,სანამ ტყუპები ამ ყველაფერს არ მიხვდება და გადაწყვეტს,თავისი „ლურჯი ფრინველი“ სახლთან და სასწორთან სადმე უფრო ახლოს ეძებოს.

სასწორი ტყუპებზე იმით ზემოქმედებს,რომ ყველაფერში სიცხადე შეაქვს. ტყუპებ ქალს კი ძალიან სჭირდება სიცხადე. მისი სული აფორიაქებულია. მას ყოველთვის უნდოდა გაეგო,ვინ არის და რას ეძებს… სასწორ მამაკაცს,თავისი ლოგიკით,ზუსტად შეუძლია ამის ახსნა. მაგრამ… ტყუპების ხასიათი თაფლისა და ცხარე სანელებლების ნაზავია. ტყუპები ყველა წაკითხული წიგნია; ყველა იდეის ანარეკლი; მისი სარკისეული „მეს“ მსჯელობა და ფილოსოფია,რომელიც დიამეტრულად განსხვავდება მისი საკუთარი „მესგან“. ტყუპების სამყარო ისეთი მოზაიკურია,მასზე შეყვარებული სასწორი მამაკაცი შეიძლება დაიკარგოს. ამიტომ,აჯობებს,მიმართულება შორიდან მისცეს. არის სასწორის მენტალობაში რაღაც გულგრილი და ცივი,რის გამოც თავს ბუნებრივად ვერ გრძნობს ზღაპრების ცვალებად სამყაროში.

ფიზიკურ სიყვარულის მეშვეობით მათ ისეთი „სიმააღლეების“ დაპყრობა შეუძლიათ,რომლის გაგებაც მხოლოდ ორ ჰაეროვან ნიშანს გამოსდის. თუმცა ხანდახან სასწორი მოთმინებით ელოდება,როდის ჩამოფრინდება ტყუპები,თავისი ჯადოსნური სამყაროდან,მის მკლავებში. მართალია,მათი ვნება ისეთი ყოვლისმომცველი არ არის,როგორც ცეცხლის და მიწის ნიშნების,მაგრამ ის გრილი სიოსავით მსუბუქია,სეტყვა არ იქნება,რადგან ორივე ჰაეროვანი ნიშანია და ყველა ემოცია ჯერ გონებაში იხარშება.

ისინი რიგ-რიგობით ხან აქტიურებენ,ხან პარტნიორისგან ელოდებიან სიყვარულს_თითქოს ერთი ტიპის ენერგიიდან მეორეზე ერთვებიან და ეს მუდმივი ცვალებადობა ნეტარების განცდას ანიჭებს მათ. ტყუპებსა და სასწორს შეუძლიათ ერთმანეთის შევსება,ჰარმონული გამთლიანება როგორც ფიზიკურად,ისე სულიერად და მენტალურად. ასე რომ,არ გაგიკვირდეთ,თუ გონებრივი და სულიერი სიახლოვე მათთვის სექსზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

ყველა ტყუპებ ქალს არ სურს ბავშვები. მაგრამ თუ ის მომავალი შვილისთვის მამას არჩევს,სავარაუდოდ ეს სასწორი მამაკაცი იქნება. თუ ტყუპები სასწორზე თხოვდება,ეს იმიტომ,რომ მასში ყველაფერი მოსწონს. თუმცა შემდეგ შეიძლება მის შეცვლას შეეცადოს. ვენერიელი მამაკაცი ალბათ მოთმინებით აიტანს ამას იქამდე,სანამ გააცნობიერებს,რომ ეს წონასწორობის შენარჩუნებაში უშლის ხელს. მაშინ დელიკატურად,მაგრამ დაჟინებით შეახსენებს,რომ ის კარდინალური მასკულინური ნიშანია და თავის ჩვევებს დაუბრუნდება,რაც ორივესთვის უკეთესია.

სასწორი არასდროს მოიწყენს ტყუპებთან_ის ხომ ისეთი ხვადასხვანაირია! ის შეიძლება იყოს ყველაზე ლაქლაქა,როდესაც ხმამაღლა ფიქრობს და ყველაზე ჩუმი,როდესაც სასწორი მას თავის მეგობრებს წარუდგენს. ყველაზე ენერგიული ლოგინში და ყველაზე ზარმაცი დილით,როდესაც სასწორი იმედოვნებს,რომ საუზმეს მიართმევს… აბა,რომელ სხვა ქალს შეუძლია იყოს სიხარულის,სევდის,ბედნიერების,გაოცების,გაღიზიანების,აღტაცებისა და იმედგაცრუების ასეთი კალეიდოსკოპი? მხოლოდ მას,ვისშიც ქალურობის საიდუმლო გაორმაგებულია!

დიახ,ტყუპები შეიძლება იყოს არააკურატული,დაკარგოს გასაღები,დახარჯოს მთელი მისი ფული,გაუფუჭოს განწყობა,მაგრამ რისი გაკეთება შეუძლია სასწორს? სასწორი ეცდება ასწავლოს მას იყოს მეტად ლოგიკური და მუდმივი,გააკრიტიკებს მის ნაკლოვანებებს,ხანდახან მკაცრი მსაჯულივით მოიქცევა და მის თავისუფლებასაც შეზღუდავს. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს დაასკვნის,რომ ტყუპები ერთადერთია რისი გაწონასწორებაც არ შეუძლია თავის პინებზე. ტყუპები,ევას შვილი,იღიმის,რადგან იცის,რომ ის გამოცანაა,რომლის ამოცნობაც გონების საშუალებით შეუძლებელია და ის,ისევე როგორც ევა,არავის გაუმხელს ამ საიდუმლოს: დაე,თვითონ გამოიცნონ!

მაგრამ თუ ტყუპები,იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად,იმას ხედავს,რისი დანახვაც სურს და ფაქტებს ფანტაზიით აფერადებს,სასწორი პირიქით_ ცხოვრებას,ადამიანებსა და სიტუაციებს სრული რეალიზმითა და საოცრად ცივი ლოგიკით უყურებს. თუ სასწორმა გულწრფელი ძალისხმევა არ გამოიჩინა,რომ ტყუპების მდგომარეობაში შევიდეს,მან შეიძლება თვითონ უბიძგოს ორეულებს პატარა თავდაცვითი ტყუილისკენ. ტყუპებს უჭირს,როდესაც მისგან ზუსტ,სრულყოფილ და უწყვეტ სიმართლეს მოითხოვენ და „შეიძლებას“ ან „ვთქვათს“ საშუალებას ართმევენ. ის შეეცდება გაექცეს ამ რეალობას და კიდევ უფრო შორს გაფრინდეს წარმოსახვით სამყაროში. სასწორს არ ავნებს,თუ ტყუპების წარმოსახვის რამდენიმე წვეთს დაამატებს იმ ყველაფერს,რასაც ასე გულმოდგინედ აწონასწორებს თავის პინებზე. ხშირად ჭეშმარიტება ის არ არის,რაც ჩანს; ლოგიკა შეიძლება მატყუარა იყოს; ფაქტები კი გონების ამრევი_ასწავლის მერკური ტყუპებს.

ტყუპებმა იცის,რომ ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ ცხოვრების მუდმივად ცვლად  ფორმებზე მორგებით მიიღწევა. სასწორი ამაზე დაფიქრდება,აწონ-დაწონის და არ დაეთანხმება. მაგრამ სადღაც შუა გზაზე,ამ საპირისპირო შეხედულებათა გადაკვეთის წერტილში ტუპები და სასწორი ერთმანეთს შეხვდებიან,მსუბუქად შეეხებიან,შეჩერდებიან და ერთად დარჩებიან.

 

 

მომზადებული ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top