უმცროსი არკანების ოთხი მასტი

უმცროსი არკანების ოთხი მასტი

უმცროსი არკანების ოთხი მასტი  განასახიერებდა შუა საუკუნეების საზოგადოების ოთხ ძირითად ფენას, რომელიც თითქმის ზუსტი ანალოგიით ერგება ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას. დრო გადის, ტექნოლოგიები ვითარდება, ჩვენი რეალობა იცვლება, მაგრამ ადამიანები თითქმის ისეთივეები რჩებიან.

ტაროს მასტები ასევე წარმოადგენს ოთხი ელემენტის ალეგორიას: მახვილები ჰაერის სტიქიას; ფიალები წყლის სტიქიას; პენტაკლები მიწის სტიქიას; კვერთხები ცეცხლის სტიქიას.

მახვილის მასტი განასახიერებს ელიტური ძალაუფლების მპყრობელ არისტოკრატულ კასტას, თავადაზნაურობას, რომელთაც აქვთ უნარი და მიზანსწრაფვა ეომონ და მართონ სხვა წოდების ადამიანები. მოვლენების წინასწარმეტყველებაში მახვილები გამოხატავენ ძალაუფლებას, გავლენას, სიძულვილსა და ძალადობას. ეს ბანქოები აღწერენ თქვენს მტრებს, იქნებიან ეს კონკრეტული პიროვნებები, ორგანიზებული ჯგუფები თუ უხილავი ძალები, რომელთაც ზიანის მოყენება ან თქვენი მართვა სურთ.

თუ განლაგებაში მმართველი მასტი მახვილი აღმოჩნდა, მტრების,წარუმატებლობებისა და სხვა უსიამოვნო ზემოქმედებების გავლენა დადებით მომენტებზე მეტი იქნება. მახვილის მასტი საფრთხეებისა და სახიფათო სიტუაციების მაუწყებელია. თქვენ გაფრთხილებენ,რომ ადამიანები და გარემოებები თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობენ. ამიტომ დიდი ყურადღება და წინდახედულობა გმართებთ.

ფიალის მასტი,გავლენის მიხედვით,მეორე კლასი,განასახიერებს სულიერებას.  პირველ რიგში აქ იგულისხმებოდნენ ადგილობრივი მღვდლები,რომლებიც ცდილობდნენ, შეემსუბუქებინათ თავიანთი მრევლის მძიმე ხვედრი. ფიალები გამოხატავს სიყვარულს, რწმენასა და ერთგულებას. ამ ბანქოთა ამოსვლა, ტაროს გაშლისას,იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს გარშემო არიან ადამიანები, ჯგუფები ან ძალები, რომლებიც უანგაროდ ზრუნავენ თქვენზე.

თუ განლაგებაში ფიალები სჭარბობს, მეგობრული, სასიყვარულო, მშობლიური და სხვა დადებითი ემოციები მთავარ გავლენას ახდენს სიტუაციის განვითარებაზე. მოცემულ ეტაპზე შემკითხველის გარშემო დადებითი და დამცველი აურაა, რაც დაეხმარება თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები და დადებითად გადაწყვიტოს საკითხები.

პენტაკლები განასახიერებენ ვაჭართა კლასს. საქმოსნები ყიდულობდნენ და ყიდდნენ, სავაჭრო გზებს აფართოებდნენ,უამრავ სარისკო ღონისძიებას აფინანსებდნენ და ფულს გამოიმუშავებდნენ. მათი ძალაუფლება_ფულის ძალაუფლებაა და ეს მასტი განასახიარებს მატერიალური შემოსავლების გავლენას (დადებითს ან უარყოფითს) თქვენს ცხოვრებაზე.

სოციალური კიბის უმდაბლეს საფეხურზე იდგა გლეხთა და მუშათა კლასი, რომელიც კვერთხის მასტით გამოისახება. იმდენად,რამდენადაც გლეხები თითქმის მონები იყვნენ,მათი ცხოვრების გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება მონასტერში წასვლა ან გაქცევა იყო. ამიტომ მოვლენათა წინასწარმეტყველებაში  კვერთხის ბანქოები მიუთითებენ ამბიციებზე, გარდატეხებზე, წინსვლისა და წარმატების მიღწევის უნარზე,მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა.

ამგვარად,უმცროსი არკანები მთელს გარესამყაროს ჰყოფენ ოთხ ძირითად კატეგირიად:

1. თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედ ძალებად;

2.თქვენს სასარგებლოდ მოქმედ,დამხმარე ძალებად;

3.მატერიალური სამყაროსა და შემოსავლების ზემოქმედებად;

4.ამბიციებად და გამბედაობად.

მართალია,ამგვარი დაყოფა, ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან გამარტივებული კლასიფიკაციაა. ბოლოს და ბოლოს, სამყარო მარტო სიძულვილი, სიყვარული, ფული და ამბიციები ხომ არ არის?! თუმცა თუ კარგად დაუფიქრდებით, ეს ოთხი ელემენტი ნებისმიერი, რთული თუ მარტივი, სოციალური ჯგუფის საბაზისო კატეგორიებია.

უფროსი არკანების მსგავსად, უმცროსი არკანებიც, პირველ რიგში, დაკავშირებულია პიროვნებასთან. „მისდიეთ თქვენს ოცნებებსა, მაგრამ არის გარემოებები, რომელიც ხელს შეგიწყობთ ან შეგიშლით მიზნის მიღწევაში“_ამბობენ უმცროსი არკანები.

ყოველ მასტში ბანქოთა ურთიერთქმედება ანალოგიურია. რიცხვითი ბანქოები აღწერენ  ლოგიკურად და თანმიმდევრულად განვითარებად მოვლენებს: ერთი გამომდინარეობს წინამორბედისგან და მიზეზ-შედეგობრივად განაპირობებს მომდევნოს. ნახატი ბანქოები ასევე აღწერენ სიტუაციებს, თუმცა უმეტესად მიუთითებენ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მოვლენათა განვიათარებაზე.

როდესაც ნახატი ბანქო სიტუაციას აღწერს,ის მოცემულობის ერთგვარ რეზუმირებას ახდენს ანუ  საერთო მდგომარეობას ხსნის. მაგალითად,თუ მკითხაობაში ფიალის ნახატი ბანქო ამოვიდა, ადამიანის ემოციური მდგომარეობა და რეაქცია გარშემომყოფებზე გადამწყვეტ როლს შეასრულებს მოვლენების განვითარებაზე.

როდესაც ნახატი ბანქო ადამიანებს განასახიერებს, ეს ადამიანები ფლობენ მოცემული ბანქოს და პირველ რიგში მისი მასტის ყველა თვისებას. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ მოქმედი ინტელექტის მეშვეობით ისინი განზრახ ახდენენ ამ თვისებათა საჯაროდ დემონტრირებას. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის განმასახიერებელ ბანქოს მეტი გავლენა აქვს, ვიდრე იმ ბანქოებს, რომლებიც მხოლოდ სიტუაციებს აღწერენ. ამის მიზეზი მარტივი ასახსნელია_თუ მოცემული სიტუაცია გარემოებათა დამთხვევის შედეგია, გარკვეულ დამატებით გარემოებებს მოცემულობის შეცვლა შეუძლიათ. მაგრამ თუ გონიერი პიროვნება მიზანმიმართულად გეგმავს ან იწვევს ამა თუ იმ სიტუაციას, მის შესაცვლელად საჭიროა თანაბარი ძალის საპირწონე ინტელექტი.

მაშასადამე,როდესაც ნახატი ბანქო მიუთითებენ  სხვა ადამინების მხრიდან თქვენი ცხოვრების მიმართ აქტიურ ინტერესზე,დადებით ან უარყოფით,აუცილებლად საჭიროა ყურადღების გამახვილება.

 

 

ოთხი მასტის მოკლე დახასიათება

მას შემდეგ, რაც ყველა ბანქოს გახსნით, პირველ რიგში დააკვირდით, ხომ არ სჭარბობს განლაგებაში რომელიმე მასტი. თუ ასეთი ფერი აღმოაჩინეთ, იგულისხმება, რომ მისი მნიშვნელობის გავლენა არსებითად განსაზღვრავს მოვლენების განვითარებასა და ყველა სხვა გარემოებას ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე.

მახვილი  მიუთითებს წინააღმდეგობებსა და გამოწვევებზე. როდესაც წყობაში მახვილის  ბანქო ამოდის, ეს იმის მანიშნებელია, რომ მალე თქვენ გამოწვევის წინაშე დადგებით, შესაძლოა ძლიერ პიროვნებასთან ან დაძაბულ სიტუაციასთან მოგიწიოთ პირისპირ შეჯახება. მახვილი ასოცირდება დაპირისპირებებსა და შერკინებებთან, რაც შეიძლება სერიოზულ კონფლიქტებში გადაიზარდოს. ის გვაუწყებს მოსალოდნელ გამოწვევებს, დაავადებებს, გულის ტკივილს, ომებს, დანაკარგებსა და სიკვდილს. მაგრამ მახვილის მასტი ასევე გაიძულებთ, თვალი გაუსწოროთ სიმართლეს იმისათვის, რომ უფრო მარტივად გადალახოთ დაბრკოლებები. ამიტომ თუ მას უშიშრად შეეგებებით, კარგი გაკვეთილის მოცემაც შეუძლია.

ფიალები დადებითი ბანქოებია. საუკეთესო შემთხვევაში ისინი მტკიცე კავშირებსა და გარემოებებზე გამცნობენ, რომელიც განზრახ დადებითად მოქმედებენ კითხვის დამსმელის სასარგებლოდ. მათ ასევე შეუძლიათ შეასუსტონ სხვა ბაქნოების ბოროტი წინასწარმეტყველებები. უარეს შემთხვევაში, სიყვარული ილუზიური აღმოჩნდება, შემოთავაზებული დახმარება კი არა საკმარისი, ნეგატიური სიტუაციის დასაძლევად. ასეა თუ ისე, ეს ბანქოები არასდროს აჩვენებენ ბოროტ ნებას და დანამდვილებით ხელს უწყობენ მძიმე ხვედრის შემსუბუქებას.

პენტაკლების რაოდენობრივი უპირატესობა განლაგებაში იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაციის განვითარება მეტწილად დამოკიდებულია ფინანსებზე. ეს შეიძლება მეტყველებდეს  კითხვის დამსმელის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ან იმის მანიშნებელი იყოს, რომ პრობლემების მოგვარება მხოლოდ ფულის საშულებით არის შესაძლებელი. ხანდახან არის საქმიანი ქიშპობის ან ფულსა და ქონებასთან დაკავშირებული კონფლიქტების მაჩვენებლი. ასეა თუ ისე, სასიკეთოდ თუ სამწუხაროდ, მოცემული განლაგება  მატერიალური სიმდიდრის დაგროვებას უკავშირდება.

თუ წყობაში კვერთხის ბანქოები სჭარბობს, ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ სიტუაციას საქმიანი პრობლემები მართავს. განსაკუთრებით აქტუალურია სწავლასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა ყველაზე მეტად იმის მანიშნებელია, რომ სიტუაციის გადაწყვეტა მეგობრულ კავშირებსა და მათ გავლენაზეა დამოკიდებული. დადებითი წყობის შემთხვევაში, მეგობრები დაგეხმარებიან წინსვლასა და წარმატების მიღწევაში. უარყოფითი წყობისას, ასევე მიიღებთ დახმარებას,მხოლოდ წინააღმდეგობის დაძლევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ გირჩევენ აქტიურად გამოიყენოთ მათი დახმარება და არ იმოქმედოთ მარტო. დაეყრდენით თქვენს მეგობრებსა და ნაცნობებს.

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top