ურთიერთობათა ტიპები პირადი რუკის მიხედვით

ურთიერთობათა ტიპები პირადი რუკის მიხედვით

Борис Щитов-მა და მისმა კოლეგებმა პირადი რუკების დახმარებით ურთიერთობათა ტიპები   გაანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირად რუკაში აისახება სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა: სიყვარული, მეგობრობა, მფარველობა, კონკურენცია, მასწავლებელ-მოსწავლის როლი და ა.შ.

ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში იგულისხმება ერთი ადამიანის რუკის პლანეტის ასპექტი მეორის პირადი რუკის პლანეტასთან. რა თქმა უნდა, დადებითი ასპექტები (ტრინი, სექსტილი, ზოგჯერ შეერთება) ურთიერთგაგებაზე მეტყველებს, ხოლო უარყოფითი ასპექტები (კვადრატი და ოპოზიცია, ზოგჯერ შეერთებაც) – სირთულეებზე. თუ ასპექტი არაა – ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთობა ნაკლებად ან საერთოდ არაა მოსალოდნელი.

 

სქესთა შორის ურთიერთობები

სექსუალური მიზიდულობა

თუ გვაინტერესებს, ორ ადამიანს შორის არსებობს თუ არა სექსუალური მიზიდულობა პირადი რუკის მიხედვით, უნდა ვნახოთ რა ასპექტს ქმნის ერთი პარტნიორის მთვარე მეორე პარტნიორის პლუტონთან. კაცის შემთხვევაში ვნახულობთ მისი პლუტონის ასპექტს ქალის მთვარესთან (კაცს მეტად იზიდავს ქალი), ქალის შემთხვევაში მისი პლუტონი – კაცის მთვარე (ქალს მეტად იზიდავს კაცი).

 

სექსუალური პრიორიტეტი

ყველა ადამიანს ქალურობისა და მამაკაცურობის საკუთარი გაგება აქვს, რაც გავლენას ახდენს მიზიდულობაზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი უფრო მეტად გვიზიდავს როგორც სექსუალური პარტნიორი, ხოლო მეორე – არა. რა განაპირობებს? ასტროლოგიაში სექსუალურ მიზიდულობაზე პასუხს აგებს მზის, ვენერის, მთვარისა და მარსის ასპექტები.

კაცის შემთხვევაში: მის მზეს ვადარებთ პარტნიორის ვენერას (პარტნიორი ქალი) ან მარსს (პარტნიორი კაცი).

ქალის შემთხვევაში: მის მთვარეს ვადარებთ პარტნიორის მარსს (თუ კაცია) ან ვენერას (თუ ქალია).

 

მგრძნობელობა, ვნება

პირადი რუკების შედარების დროს ორ ადამიანს შორის ძლიერ ემოციურ მიზიდულობას, ვნებას, სექსუალურ სურვილებს განაპირობებს მარსისა და ვენერის ასპექტები. კაცის შემთხვევაში – მისი მარსის ასპექტს ვნახულობთ ქალის ვენერასთან, ხოლო ქალის შემთხვევაში – მისი ვენერის ასპექტს კაცის მარსთან.

 

სულიერება, ურთიერთგაგება

ეს სფერო მოიცავს მეორე ადამიანის როგორც პიროვნების, ინდივიდის მიღებას მისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლების ჩათვლით. ამ შემთხვევაში სექსი, ვნება და მიზიდულობა ნაკლებმნიშნველოვანია, წინა პლანზეა წამოწეული – რამდენად სურთ ერთმანეთთან სულიერად გახსნა, თანაარსებობა. შეთავსების რუკაში ამ ასპექტების არსებობა ცხოვრების ერთად გატარების სურვილის ქონაზე მიანიშნებს. ორივე სქესის შემთხვევაში ვნახულობთ  მზის ასპექტს მეორე პარტნიორის მთვარესთან.

 

იდეალური, პლატონური სიყვარული

ესაა ოცნებების, ილუზიის, წარმოსახვის დონე, რომელზეც იდეალები დიდ გავლენას ახდენს. შეგვიძია გავიგოთ ადამიანს რამდენად იდეალური მიაჩნია პარტნიორი, პასუხობს თუ არა  მის ოცნებებში, გონებაში წარმოდგენილ იდეალური პარტნიორის ტიპაჟს. ასევე შესაძლოა მიანიშნებდეს ღვთაებრივ, ამაღლებულ სიყვარულზეც. კაცის შემთხვევაში ვნახულობთ მისი მზისა და ქალის ნეპტუნის ასპექტს. ქალის შემთხვევაში მისი მთვარისა და კაცის ნეპტუნის ასპექტს.

ცდუნება

ესაა სიყვარული, რომელიც მოქმედებს როგორც ცდუნება. ხშირად ასეთ სიყვარულზე ამბობენ, რომ  „ადამიანი სიყვარულმა დააბრმავა“ო. ამ ტიპის სიყვარულის დროს ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას გრძნობენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ადამიანი გრძნობდეს – პარტნიორობა კარგს არაფერს მოუტანს, მაინც იზიდავს და ურთიერთობისკენ მიილტვის.

ამ ტიპის ურთიერთობებში ხშირად ნახავთ კაცის მზისა და ქალის ლილიტის (შავი მთვარის) ასპექტს, ხოლო ქალის შემთხვევაში – მისი მთვარისა და კაცის ლილიტის (შავი მთვარის) ასპექტია ხოლმე.

ასევე არის ურთიერთობები, რომლებიც ცდუნებას წარმოადგენს, მაგრამ ადამიანი მას ადვილად გადალახავს ხოლმე. ამ შემთხვევაში საპირისპიროდ ვლინდება – კაცის შემთხვევაში მისი მთვარისა და ლილიტის ასპექტია, ხოლო ქალის შემთხვევაში – მისი მზისა და კაცის ლილიტის ასპექტი.

„მოჯადოება“

სიყვარულის ტიპი, როდესაც ადამიანი თითქოს მოჯადოებულია, სიყვარულში „ეფლობა“. ამ ტიპის სიყვარული მის უარყოფით მხარეს მეტად ააქტიურებს, ვიდრე დადებითს.

მოჯადოების ტიპის ურთიერთობა ყალიბდება, თუ კაცის მარსი და ქალის ლილიტი (შავი მთვარე) ერთმანეთთან ასპექტს ქმნიან (ამ შემთხვევაში კაცია „მოჯადოებული“), ხოლო ქალის შემთხვევაში – ქალის ვენერა კაცის ლილიტთან ქმნის ასპექტს. ასევე შესაძლებელია საპირისპიროდაც (კაცის ვენერა-ქალის ლილიტი, ქალის მარსი-კაცის ლილიტი), მაგრამ ასეთ შემთხვევაში გააზრება ბევრად ადვილად და სწრაფად ხდება.

მადლიერება

სიყვარულის ტიპი, რომელიც როგორც ითვლება „ზემოდან უნდა დაიმსახურო“, ესაა ბედის ერთგვარი საჩუქარი, ურთიერთობა, რომელიც დადებით გავლენას ახდენს, ადამიანის დადებით თვისებებს წინა პლანზე წევს, მას უკეთესს ხდის. ამ ტიპის ურთიერთობა კარმულად ითვლება.

მსგავსი ურთიერთობა აქვთ ადამიანებს, რომელთა რუკებში ერთ-ერთის მზეს ან მთვარეს ასპექტი აქვს მეორე ადამიანის სელენასთან (თეთრ მთვარესთან). ყველაზე მნიშვნელოვანი შეერთებაა: როდესაც ერთი პარტნიორის მზე ან მთვარე მეორის თეთრ მთვარეს უერთდება.

თანაგრძნობა

ამ ტიპის ურთიერთობაში თუნდაც ის სექსუალური სახით იყოს, მოკლებულია ვულგარულობას და სიბინძურეს. ორივე პარტნიორი ერთმანეთისგან სიამოვნებას და სიხარულს იღებს. ესაა ურთიერთობა „ნათელ ფერებში“.

კაცის შემთხვევაში ვნახულობთ მისი მარსის ასპექტს ქალის სელენასთან (თეთრ მთვარესთან), ქალის შემთხვევაში – ვენერას ასპექტს კაცის სელენასთან.

 

მეგობრული ურთიერთობები

შეჩვევა

ამ ტიპის ურთიერთობა შეგვიძლია მივიჩნიოთ მეგობრობის დაწყების ეტაპად. ასეთი კავშირი ყალიბდება, როდესაც ადამიანს ვეჩვევით, ვიღებთ მას როგორც ჩვენი გრძნობების ან განცდების პოტენციურ გამზიარებლად, ვისთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ.

კაცის შემთხვევაში მისი მზის ასპექტს ვნახულობთ მეორე ადამიანის მერკურთან; ქალის შემთხვევაში მისი მთვარის ასპექტს მეორე ადამიანის მერკურთან.

პარტნიორობა

ესაა აქტიური კონტაქტის, ინფორმაციული გაცვლის, თანამშრომლობის ტიპის ურთიერთობა, თუმცა, ადამიანებს განსაკუთრებული სულიერი გაგება და სულიერი მეგობრობა არ აკავშირებთ. ამ ტიპის ურთიერთობა უფრო მეტად მოგვაგონებს კლასელების, ჯგუფელების, თანამშრომლების ურთიერთობას, ანუ იმ ადამიანების, რომლებთანაც ხშირად გვიწევს კონტაქტი და ახლოს ვართ. პარტნიორობის დროს ორივე სქესის შემთხვევაში მერკურს მეორე ადამიანის ქირონთან ასპექტი აქვს.

მეგობრობა („ძმაკაცობა“, „დაქალობა“)

სიღრმისეულ გაგებაზე აწყობილი ურთიერთობა, უფრო მეტად ემოციურია, ვიდრე პარტნიორობა. საერთო ენის გამონახვა არ ჭირს, პირიქით – ამ ტიპის ურთიერთობაში საიდუმლოებების გაზიარება მეტად ხდება. ორივე სქესის შემთხვევაში  მთვარეს ასპექტი აქვს  მეორე ადამიანის ურანთან.

ამხანაგობა, მეგობრობა

ამ ტიპის ურთიერთობაში მეგობრობა და ურთიერთგაგებაა, თუმცა არა სიღრმისეული. ადამიანები იმედოვნებენ, რომ ერთმანეთს განვითარებაში ხელს შეუწყობენ, ახლოს იქნებიან, დაეხმარებიან და ა.შ., ანუ ურთიერთობა დაფუძნებულია არამხოლოდ პირად სიმპათიაზე, არამედ რაღაც საერთოზე, რაც აკავშირებთ. ორივე სქესის შემთხვევაში მერკურს ასპექტი აქვს  მეორე ადამიანის ურანთან.

„იძულებითი მეგობრობა“

ურთიერთობის რთული ფორმაა, რომელშიც ადამიანი იძულებით მეგობრობს რაიმე მიზეზის გამო (ვალდებულია იმეგობროს), პრობლემებსა და სირთულეებს აწყდება. ამ შემთხვევაში სულიერი კავშირი ნაკლებადაა და მეგობრობა უფრო ფორმალურ სახეს ატარებს. კარმული ურთიერთობის ტიპებიდან ერთ-ერთია, როდესაც ინდივიდი წინა შეცდომების გამოსწორებას ამ ურთიერთობის სახით ახერხებს. ამ ტიპის ურთიერთობაში  ერთი პარტნიორის/მეგობრის მერკური ან ქირონი შეერთებაშია მეორის ლილიტთან (შავ მთვარესთან).

„დამსახურებული მეგობრობა“

ურთიერთობის ყველაზე დადებითი ფორმა, რომელიც მეგობრობაში გვხვდება. ამ ტიპის კავშირის დროს ადამიანი იღებს ისეთ მეგობარს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს, სულიერ განვითარებას ხელს უწყობს, ჭეშმარიტი მეგობარია. კარმული ურთიერთობათა ტიპებიდან ერთ-ერთია და სამყაროს საჩუქარს წარმოადგენს. ამ ტიპის ურთიერთობაზე მეტყველებს ერთი პარტნიორის/მეგობრის მერკური ან ქირონი მეორის სელენასთან (თეთრ მთვარესთან) შეერთებაშია.

მეტოქეობა-თანამშრომლობა

მეტოქედ აღიქმება ადამიანი, რომელსაც ინდივიდი პოტენციური საფრთხის შემცველად თვლის. კაცის შემთხვევაში ვაანალიზებთ  მისი მზი ასპექტს მეორე ადამიანის ქირონთან; ხოლო ქალის შემთხვევაში – მისი მთვარის ასპექტს მეორე ადამიანის ქირონთან. თუ უარყოფითი ასპექტებია ნიშნავს,რომ მეტოქეობა და დაპირისპირებაა, ხოლო თუ დადებითი – თანამშრომლობა და პარტნიორობა.

დაპირისპირება ან აქტიური თანამშრომლობა

ორივე სქესის შემთხვევაში ვნახულობთ მისი მარსის ასპექტს მეორე პარტნიორის ქირონთან. თუ უარყოფითი ასპექტებია ნიშნავს, რომ დაპირისპირებაა, ხოლო თუ დადებითი – აქტიური თანამშრომლები და ხელშემწყობნი ხდებიან.

იდეოლოგიური დაპირისპირება ან მოკავშირეობა

ცხოვრებაში გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი იდეოლოგიით ან შეხედულებებით სრულიად განვსხვავდებით, ვუპირისპირდებით, ვკამათობთ ან პირიქით – მსგავსებას ვნახულობთ და ადვილად ვურთიერთობთ. ამ ტიპის ურთიერთობას განაპირობებს კაცის შემთხვევაში მისი მზის ასპექტი მეორე ადამიანის სატურნთან; ქალის შემთხვევაში – მისი მთვარის ასპექტი პარტნიორის სატურნთან. თუ უარყოფითი ასპექტებია ნიშნავს, რომ დაპირისპირებაა, ხოლო თუ დადებითი – მოკავშირეები ხდებიან.

იდეოლოგიური განსვლა ან სრული თანხმობა

იდეოლოგიური განსხვა წარმოადგენს ურთიერთობის ტიპს, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ ვერ უგებს, ვერ ურთიერთობს და მუდმივი კონფლიქტურობაა. სრული თანხმობის შემთხვევაში უსიტყვოდაც კი უგებენ ერთმანეთს. ორივე სქესის შემთხვევაში ვნახულობთ მისი მარსის ასპექტს მეორე პარტნიორის სატურნთან. თუ უარყოფითი ასპექტებია ნიშნავს, რომ იდეოლოგიური განსვლაა, ხოლო თუ დადებითი – სრული თანხმობა.

 

მასწავლებელი-მოსწავლის ტიპის ურთიერთობები

ესაა კარმული ურთიერთობის ტიპი, რომელიც მოიცავს ცოდნის, ინფორმაციის, გამოცდილების გაზიარებას. ადამიანი, რომელიც ინფორმაციას გადასცემს, უზიარებს, გამოცდილება ასწავლის ან სულაც ევოლუციურ განვითარებას ხელს უწყობს – ურთიერთობაში მასწავლებლად იწოდება. ხოლო ის, ვინც სწავლობს, იმეცნებს, ინფორმაციას იღებს – მოსწავლე. ყოველი ჩვენგანი ერთდროულად შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლე, რადგან ერთი ადამიანისგან ვსწავლობთ, ხოლო მეორეს შესაძლოა „ნასწავლს“ გადავცემდეთ, გამოცდილებას ვუზიარებდეთ. ამ ტიპის ურთიერთობებში ნებისმიერი ასპექტი მნიშვნელოვანია.

აღმზრდელი-აღსაზრდელი

ესაა მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობის პირველი კლასი, „საბავშვო ბაღის“ დონე, როდესაც მასწავლებლის როლში მყოფი ძლიერ ემოციურ საჭიროებასა და აუცილებლობას ხედავს მეორე ადამიანზე იზრუნოს, ურთიერთობაში რბილი იყოს. აქ მასწავლებელი წარმოადგენს ადამიანს, რომელიც შიშისგან, საფრთხისგან იცავს. მასწავლებელი „ყველაფრის შემძლე“-ს როლშია და დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაზე, განვითარებაზე. ამ ტიპის ურთიერთობაში მასწავლებლის როლში მყოფის იუპიტერს ასპექტი აქვს მოსწავლის როლში მყოფის მთვარესთან.

 

მასწავლებელი/მქადაგებელი-მსმენელი

მასწავლებელ-მოსწავლის ტიპის ურთიერთობებში სკოლის ეტაპს შეესაბამება, როდესაც მასწავლებელი არა აღმზრდელი, არამედ მეგობარია, მრჩეველი და ინფორმაციის გადმომცემია. ამ ეტაპზე მისგან ბევრ რჩევას მივიღებთ. მასწავლებელი იდეების გენერატორად გვევლინება, რომლებსაც მოსწავლეს აწვდის ფიქრისთვის, ანალიზისთვის, განსჯისთვის. ამ ტიპის ურთიერთობაში მასწავლებლის როლში მყოფის იუპიტერს ასპექტი აქვს მოსწავლის როლში მყოფის მერკურთან.

ოსტატი-მემკვიდრე/მოწაფე

მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობის  ტიპი, რომელიც „უნივერსიტეტის ტიპს“ შეესაბამება. აქ მასწავლებელი არამხოლოდ ინფორმაციის გადმომცემია, არამედ ძალაუფლება, გავლენა, ავტორიტეტიც მეტი აქვს; მეორე ადამიანის პიროვნებაზე მოქმედებს. შესაძლოა გარკვეული დისტანცია დაფიქსირდეს, რადგან მასწავლებელს მოსწავლე იღებს როგორც ავტორიტეტს. ამ ტიპის ურთიერთობაში მასწავლებლის როლში მყოფის იუპიტერს ასპექტი აქვს მოსწავლის როლში მყოფის მზესთან.

მოხუცი-ახალგაზრდა

ესაა ბრძენისა და მოწაფის ურთიერთობის სტილი, რომელშიც მასწავლებელი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით გამოირჩევა. ის ცდილობს აზალგაზრდა მოწაფე სწორი მიმართულებით გაუშვას რათა ფატალურ შეცდომებს აარიდოს; მოსწავლის წინაშე სერიოზულ ამოცანებს აყენებს, რათა ცხოვრებისეული პოზიცია გამოუმუშავდეს, სამყაროს მთლიანი სურათი შეკრას. ზოგჯერ ასეთ ურთიერთობებში მოსწავლის როლში მყოფი მასწავლებლის ქმედებებს აღიქვამს როგორც პირადი თავისუფლებისა და ნების შეზღუდვას (თუმცა მამასთან ან სამართლიან ადამიანთან მუდმივად აიგივებს). ამ ტიპის ურთიერთობაში მასწავლებლის როლში მყოფის სატურნს ასპექტი აქვს მოსწავლის როლში მყოფის მზესთან (კაცის შემთხვევაში) ან მთვარესთან (ქალის შემთხვევაში).

მოძღვარი-მსმენელი

ამ ურთერთობის დროს მასწავლებლის როლში მყოფი არამარტო უბრალოდ ინფორმაციას გადასცემს, არამედ სულიერ მხარეზე მოქმედებს, ცნობიერებას აფართოებს, ღვთაებრივობაზე აფიქრებს. ამ ტიპის ურთიერთობაში მასწავლებლის როლში მყოფის ნეპტუნს ასპექტი აქვს მოსწავლის როლში მყოფის მერკურთან.

გურუ-მოწაფე

ესაა მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა, როდესაც გურუს როლში მყოფი სრულად უზიარებს მოსწავლეს კოსმიურ საიდუმლოებებს, ცოდნას. სამწუხაროდ ურთიერთობის ეს ფორმა სრული სახით იშვიათად რეალიზდება. გურუ-მოწაფის შემთხვევაში მასწავლებლის როლში მყოფის ნეპტუნს ასპექტი აქვს მოსწავლის როლში მყოფის მზესთან (კაცის შემთხვევაში) ან მთვარესთან (ქალის შემთხვევაში).

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top