ჩხუდანი

ჩხუდანი

ჩხუდანი

(სტატია აკაკი გელოვანის წიგნიდან „მითოლოგიური ლექსიკონი“)

ჩხუდა(ნი) – სვ.(ჩხუტ – კენჭი, ქვა) – წმ. ქვა, სახლის კერპი, კა, ვითინი, ფიქალის დაფა, „ქორა მეზირ“ (სახლის სალოცავი), „ბაჩი გვიგვ“ (ქვის გული), ნივთიერი კულტურის ძეგლი, ქალთა სალოცავი, ანთროპომორფული ღვთაების საკულტო განსახიერება სხვადასხვა ფორმისა. დღესაც ინახება ზოგი ძვ. სახლის სარდაფში, გომურში, სადაც გარკვეულ დროს ლოცვით მიმართავენ მორწმუნენი, როცა ქვა წყრება.

მკვლევარი ბ.კოვალევსკი არ ცდება, როცა ამ ქვას „კას“ უწოდებს, რადგან „კა“ სვანურად ფიქალის ფიცარია. მაგრამ ცდება, როცა მას უძვ. წინარერელიგიურ ფეტიშად ვლის. სვ.მით-ში უდავოდ არის ქვის კულტი – შავი ქვის მაგიიდან ქვის ქრისტ. ჯვარის ჩათვლით, მაგრამ სალოცავი „ბაჩი გვიგვ“, ჩხუდანის სახესხვაობა, უკვე წარმართული ღვთაების კერპია.

ყოველ ახალ წელს ოჯახის უფროსი მოსაკითხით ჩადიოდა სარდაფში, მაჩვიბის დილეგში, ჩაჰქონდა პური, არაყი, კვერები, და ქვას ევედრებოდა ბედნიერი წელი მოეყვანა მისი ოჯახისა და სოფლისათვის. თან ქვას ხელს შეახებდა. თუ „კა“ გაოფლილი იყო, ეს წყრომის ნიშნად ითვლებოდა, და მაშინ ქვის გულს ლოცვით ინადირებდნენ. ლაშხერელ პაკელიანს ასეთი ქვა კალოზე ჰქონია, გარშემო პატარა ქვები შემოეწყო – „შვილები“ – და ამ ქვის კერპებს ევედრებოდნენ უხვ მოსავალს, ბარაქას, გამრავლებას, საქონლის დაცვას, გზაში მარცხის აცილებას, სნეულის მორჩენას და ყველა სიკეთეს. ეს პრიმიტიული ლოცვა ხდებოდა ახალ წელს და ახალ მთვარეზე.

ქვის ღვთიურ ძალას ერქვა ყერ (ღერთემ ყერ, „ღმერთის ძალა“, „მუჟემ ყერღო“ – „მზის მადლმა“). ეს ძალა სვანებს ისე ღრმად სწამდათ, რომ მესტიის მუზეუმის მესვეური აიძულეს კერპი თავის ადგილზე დაებრუნებინა, რადგან მათ ოჯახში ზედიზედ მომხდარი უბედურებების მიზეზად მის გატაცებას თვლიდნენ. შემდეგ ნახვის ნებაც აღარავის მისცეს. მისი ხილვა მხოლოდ ოჯახის უფროსს და მის მეუღლეს შეეძლოთ (ისიც არა ყოველთვის). გაუნდობელთათვის საიდუმლო ქვის ხილვა „მადე შიდ“ (არ ეგების, არ დაიშვება).

„ქორა მეზირ“ სვანთა წარმოდგენაში რაღაც ისეთი ძალაა (შინაური ღმერთი), რომელიც განუშორებლივ ოჯახში უნდა იყოს და მისი ოჯახიდან გასვლა ოჯახის დამხობას უდრის. ცხადია, ამიტომაც მოწიწებით ექცევიან. „რას ეხვეწება ეს პირქვე დამხობილი ქალი მეზირს? ეს ჩემთვისაც საიდუმლოდ დარჩა, დედაჩემმაც არ გამიმჟღავნა, ოჯახს ავნებსო (ბ.ნიჟარ., წერილები, 75). მეზირთან ლოცვა იცოდნენ აღდგომას, პეტრე-პავლობას და მარიამობას (წარმართული წარმოდგენებისა და ქრისტ. დღესასწაულების სინთეზი). ჩხუდანის სადგომი კლდეშიაც იყო გამოკვეთილი (უშგულში). მისი კერპები მულახში ინახებოდა ბერიანებისა და დადვანების ძვ. სახლებში, ჰადიშში – ავალიანებთან, მესტიაში – ნაკანებთან, მუჟალის ეკლესიაში. ზოგს მრისხანე პირღია კაცის სახე აქვს, ჟამთასვლაში გამურულია.

ჩხუდანთან (მეზირთან) რამდენიმე მითიცაა დაკავშირებული. მესტიაში, ს.ღვებრაში, ორი სახლი დანგრეულა, „სახლიდან ყვითელი ფრინველი აფრენილა, ცეცხლივით ყოფილა. ზემოთ, მუქფანდის მწვერვალზე (თარენგზელის ეკლესიასთან) დაფრენილა, იქ კივილი დაუწყია, სახლის დანგრევა სწყენია. ეს ჩხუდანი ყოფილა… მწვერვალზე ქალები სალოცავად ადიოდნენ აღდგომა ორშაბათს, ამაღლება დღეს… ორშაბათობით და ხუთშაბათობით, ახალ მთვარეზე“. (ნატა ბერიანის თქმით, ჩაწ. მიხ. ჩართოლანმა). ბერიანების კერპის სიმაღლეა 90 სმ.

სვანეთში ოდესღაც ფალოსის კულტი მძლავრობდა. თაყვანს სცემდნენ ფალოსიანი მამაკაცის შიშველ გამოსახულებას – ტყვიის, ხის ან ქვის კერპს ან მარმარილოს საკულტო ქვას, რაც მზის ღვთაების სიმბოლოდ მიაჩნდათ. ესეც ჩხუდანის სახეობა იყო. ქვებს მაგიური ძალა მიეწერებოდა. არსებობდა მონადირეთა სალოცავი „ჯგირაგ ნენჩაში“ (ანუ „ლენჩაში“) – ტყის წმ.გიორგის, ფუტკართა მფარველის სალოცავი, და სარიტუალო „ჯგირაგის ქვები“ (წმ.გიორგის ქვები). ირკვევა, რომ ქვის ხანიდან მოყოლებული ხალხი თაყვანს სცემდა ქვის გულს, მაგარ მრგვალ ქვას, კლდეს, წმ.ლოდს, „შესწირავდნენ მას კლდესა ცხოვარსა და ძროხასა და თაყუანისცემენ კლდესა მას (ელ.მეტრეველი, 1748 წ. საეკლ. კრების დადგ., საქ. მუზ. მოამბე, XIX-ა, 1957, 427). თაყვანს სცემდნენ სახლის ანგელოზს. მასვე უკავშირდებოდა ქვის ზოგი კერპი.  მაგრამ სვანეთში და ხევსურეთში ნახსენები ანგელოზი არაა არც ბიბლიური, არც ახალი აღთქმის ანგელოზი, ის უდავოდ წარმართული პანთეონის წევრია და „ბერძნებთან საერთო ბევრი მსგავსების გარდა აღარაფერი შერჩენია (ივ. ჯავახ., ისტ-ეთნ. პრობლემები, 1950, 171). შემდეგ ეს კერპები და „ქვის გული“ ქრისტიანულ რიტუალს შეერია და წმ. ქვის ჯვართან ერთად ძალა შეინარჩუნა წარმართული ჩხუდანის ქვამაც,  რაც მითოლოგიური და რელიგიური  რწმენების კონსერვატიულ გამძლეობაზე მეტყველებს.

ნართების ოსურ ეპოსში არის ზოგი შეხვედრა სვანური მითებთან. სხვათა შორის, მდინარეზე რეცხვის დროს ნართმა ქალმა სათანამ (ეს სახელი სვანეთში დღესაც გავრცელებულია) ნახა თეთრი ქვა, ამ ქვაზე ქალის სილამაზით გონწასული მწყემსი დაჯდა და დასვარა. სათანამ ქვა ბიჭებს დაამტვრევინა და ქვის გულიდან გამოსული ბიჭი გახდა ღვთაებრივი სოსლანი (დაახ. ასევე უცნაურად გაჩნდა ერიხთონიოსი).


About Giorgi

Scroll To Top