12 ნიშნის ელემენტი და მოდალობა

12 ნიშნის ელემენტი და მოდალობა

ძირითადად ჩვენ ვიცნობთ ასტროლოგიის 12 ნიშანს, რასაც ჩვენს ზოდიაქოს ვუწოდებთ ხოლმე. “ზოდიაქო” იგივე მზის ნიშანია, მაგრამ რა თქმა უნდა, მზის გარდა არსებობს სხვა პლანეტები, რომლებიც აუცილებელი არაა იგივე ნიშანში, იგივე ზოდიაქოს ნიშანში მოხვდეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სხვა ნიშნების მეტნაკლები გავლენა. თითოეულ ნიშანს გავლენა და უნიკალური თვისებები აქვს, მათი დაყოფა მსგავსების პრინციპის მიხედვით ჯგუფებად ხდება. ელემენტი – ეს არის ნიშნების ძირითადი მახასიათებელი. გარდა ელემენტებისა, გვაქვს ხარისხიც, ანუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ნიშანი განსხვავდება ელემენტის და ხარისხის მიხედვით.

კარდინალური ნიშნები – მოქმედება მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, ისინი იწყებენ საქმეს, არიან ინიციატორები, ენერგიულები, მიზანმიმართულები. ამ ჯგუფში ერთიანდებიან ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. თუ მათ ცხოვრებაში კრიზისი და სირთულე არ არსებობს, ისინი თავად შექმნიან და იბრძოლებენ მის დასაძლევად, მოქმედების გარეშე ეს ნიშნები არ არსებობს. კარდინალური ნიშნები რომელ სახლებში მოხვდნენ რუკაში მიანიშნებს ცხოვრების რა სფეროებში ვიქნებით აქტიურები.

ფიქსირებული ნიშნები – მოსწონთ სტაბილურობა. კარდინალურები თუ საქმეს იწყებენ და ინიციატორები არიან, ფიქსირებულები დაწყებულის გამგრძელებლები და მფლობელები არიან. მათ სურთ უფროსობა და არ არიან წინააღმდეგნი თუ კარდინალურები დაიწყებენ საქმეს, სამაგიეროდ სტაბილურობისთვის ისინი შეინარჩუნებენ. კარდინალურებს ქმედება სჭირდება, ხოლო ფიქსირებულებს – ყველაფერი სურთ რაც მათ გარშემო მოძრაობს. ფიქსირებული ნიშნებია კურო, ლომი, მორიელი და მერწყული. ფიქსირებული ნიშნები რომელ სახლებს მართავენ თქვენს რუკაში მიანიშნებს სად უნდა გაჩერდეთ და და „მომავალში გაიხედოთ“.

მუტაბელური ნიშნები – შეიძლება ითქვას – “კომუნიკაცია მათი მოგონილია”.  კარდინალურები მოქმედებენ, ფიქსირებულები ავითარებენ რაც კარდინალურებმა დაიწყეს, ხოლო მუტაბელურები საუბრობენ იმ მიღწევებზე, რასაც სხვები აღწევენ. მუტაბელურებს ყველაზე მეტად ახასიათებთ ადაპტაციის კარგი უნარი, ადვილად მიდიან კომპრომისზე. ისინი ხალხზე ორიენტირებულები არიან, მაგალითად კარდინალურებს თუ გზაზე გადაეღობე, პასუხად მიიღებ: „გამეცალე, ეს უნდა გავაკეთო!“, ფიქსირებულებისგან – „მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია, ეს კი არა. ესაა და ეს“, ხოლო მუტაბელურებისგან – „მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე“. მუტაბელურები მანამდე გაჩერდებიან კონკრეტულ ადგილზე, სანამ მათთვის საინტერესოა, შემდეგ კი უფრო საინტერესო ადგილს მონახავენ. სახლები, რომლებსაც მუტაბელური ნიშნები თქვენს რუკაში მართავენ მიუთითებს ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებშიც არ გიჭირთ კომპრომისზე წასვლა და ადაპტაციის კარგი უნარით გამოირჩევით.

გადავიდეთ ელემენტებზე. სულ არის 4 ელემენტი: ცეცხლი, მიწა,ჰაერი,წყალი.

ცეცხლის ნიშნები – მათთვის დამახასიათებელია აქტიურობა, იმპულსურობა, მოქმედება, საკუთარ თავზე კონცენტრაცია. მათთვის ყველაზე ძნელია სხვისი თვალით დაინახონ საგნები და მოვლენები. მიზნის მიღწევის დროს ახასიათებთ სხვების გზიდან მოცილება „დარტყმით“. პოზიტიური მხრიდან – ცეცხლის ნიშნები იდენტობას, ნამდვილ შინაგან მე-ს უსვამენ ხაზს, პირად ჰოროსკოპში კი მიუთითებენ რა სფეროებში ხართ აქტიური, ჟინიანი. ვერძი კარდინალური ცეცხლის ნიშანია, მას ახასიათებს აქტიურობა, პირდაპირობა, სიძლიერე. ლომი ფიქსირებული ცეცხლის ნიშანია და კრეატიულობა ახასიათებს. პირად ჰოროსკოპში ლომის მდებარეობა მიანიშნებს რა მიგაქვთ გულთან ახლოს. მშვილდოსანი მუტაბელური ცეცხლია და სიბრძნის ნიშანია და პირად რუკაში მიუთითებს როგორ იგებთ საგნებს.

რომ შევადაროთ, ვერძი – აფეთქებაა, ლომი – მზის სინათლე, მშვილდოსანი – სანთელი სიბნელეში.

მიწის ნიშნები – მიწის ნიშნებს სწამთ, სჯერათ იმის, რასაც ხედავენ, ეხებიან, ისმენენ ან გრძნობენ. თუ ისინი რეალურად რამეს ვერ აღიქვამენ, მაშინ არც არსებობს მათთვის. ცეცხლის ნიშანმა უბრალოდ იცის, რომ რაღაც მოხდება, აი მიწის ნიშანი კი ამას გაიგებს მას შემდეგ, რაც გადააწყდება. მიწის ნიშნებმა იციან, რომ შეუძლიათ გაძლონ მიხარულების გარეშე მიზნის მისაღწევად, ცეცხლისგან განსხვავებით მათ არ სჭირდებათ ბიძგება, მყარად დგანან მიწაზე, დეტალებს უფრო მეტ დროს უთმობენ, ნაკლებად არიან იმპულსურები (ან სულ არ არიან). ამიტომ რომელ სახლებს განაგებენ მიწის ნიშნები თქვენს რუკაში, მიუთითებს იმაზე, თუ რა სფეროში ხართ პრაქტიკული და სად გაქვთ პრაქტიკული ხედვა. უარყოფითი მხრიდან კი მიუთითებს – რა სფეროებში ხართ რიგიდული და სად გეშინიათ მოქმედების. მიწის ნიშნებია ფიქსირებული კუროს ნიშანი, მუტაბელური ქალწულის ნიშანი და კარდინალური თხის რქის ნიშანი.

ჰაერის ნიშნები – განაგებენ კომუნიკაციებს, ურთიერთობებს, ინტელექტს. ისინი ყველაზე მეტად ჰუმანურები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის, აქვთ მიდრეკილება იმსჯელონ, მიიღონ ახალი ინფორმაციები და გადაამუშავონ. რუკაში ჰაერის ნიშნების მდებარეობა მიგვანიშნებს სფეროებზე, რომლებშიც არ გვიჭირს ფიქრი, აზროვნება, საუბარი, სოციალურები ვართ და ა.შ. თუ რუკაში ჰაერის ნიშნის ნაკლებობაა და მეტია ცეცხლის – ეს ხშირად შეგვიქმნის პრობლემებს, თუ მიწაა გამოკვეთილი – რუტინული საქმეებისადმი მიდრეკილება გვაქვს ან სულაც არაფრის კეთებისკენ. ჰაერის ნიშნებია კარდინალური სასწორის ნიშანი, ფიქსირებული მერწყულის ნიშანი და მუტაბელური ტყუპების ნიშანი.

წყლის ნიშნები – წყალი ემოციური და ინსტინქტურია, ცეცხლის ნიშნები თუ გარშემო ყველაფერს წვავენ, წყლის ნიშნებს სურთ ყველაფერი დატბორონ  და მოახერხონ რაც შეიძლება მეტი ადგილის ათვისება.  წყლის ნიშნებს ბევრი ფიქრის გამო შესაძლოა წინწასვლა უჭირდეთ, რადგან მათ იმდენად აქვთ განვითარებული ინტუიცია, რომ ხშირად წინასწარ „იციან“ რა მოხდება. პირად რუკაში წყლის ნიშნები რომელ სახლებსაც განაგებენ,იმ სფეროებში ვართ ინტუიციურები, ემოციურები. წყლის ნიშნებს განეკუთვნება კარდინალური კირჩხიბის ნიშანი, ფიქსირებული მორიელის ნიშანი და მუტაბელური თევზების ნიშანი.

ძირითად მასალად გამოყენებულია bobmarksastrologer.com

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top