21 დეკემბერი, 2012 წელი

21 დეკემბერი, 2012 წელი

ჩვენს ბლოგზე, ალბათ 21 დეკემბერზე ინფორმაციას ბევრი თქვენგანი ელოდა, თუმცა უკვე იმდენი ლეგენდა და  უარყოფა დაიწერა ამ თარიღთან დაკავშირებით, ახალს ვერაფერს ვიტყვი. რამდენიმე დღეა უფრო აქტიურად მეკითხებიან „რამე იქნება 21 დეკემბერს?“, „ჩემს გარშემო შეშინებულები არიან, 21 დეკემბერს ელოდებიან და რა ვიფიქრო აღარ ვიცი“, „შენც გჯერა აღსასრულის მოახლოების?“. რა თქმა უნდა, არ მჯერა :) ამ თარიღთან დაკავშირებით  სხვადასხვა საიტს გადავხედე და…სერიოზულად ემზადებიან, რჩევებს წერენ, სანთლებს, ძნელადფუჭებად საკვებს იმარაგებენ, ზოგ საიტზე 2013 წლის 21 დეკემბერზე „გადაიწია“ აღსასრულმა და ა.შ.

მოკლედ, დავიწყოთ იქიდან, რომ მაიას ტომს ქვეყნის დასასრული არ უწინასწარმეტყველებია. წელს, ამ დღეს, ისევე როგორც საუკუნეების განმავლობაში, მზებუდობა, ყველაზე გრძელი ღამე იქნება და 22 დეკემბერიც მშვიდობიანად გათენდება.ითვლება, რომ ამ პერიოდში (21-25 დეკემბერი) მზე „კვდება“, ძველი ციკლი მთავრდება და 25 დეკემბრისთვის ახალი მზე „იბადება“, ახალი ციკლი იწყება. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ 21 დეკემბრიდან ახალი წლის დადგომის პერიოდამდე ხდება მომავალი წლის ციკლის „გაშვება“ და სწორედ ამ პერიოდში შეიძლება მასში კორექციის შეტანა (ახალი წლის ღამეს, 00:00-ზე სურვილების ჩაფიქრებაც  უკავშირდება). ძველად, 21-25 დეკემბრის პერიოდი შედარებით მძიმე პერიოდად ითვლებოდა, სასურველი იყო ფრთხილად მოქმედება, დაფიქრება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ერიდებოდნენ და 25 დეკემბერს „ახალი მზის დაბადებას“ ზეიმობდნენ. 

ეს დღე ერთ-ერთი დადებითი დღეა პლანეტების განლაგების მიხედვით. მისი დადგომისთანავე მოიმატებს მოულოდნელი ემოციური „ამოფრქვევები“, შესაძლოა ბევრმა ჩვენგანმა ინერვიულოს, ზედმეტად გამოხატოს ემოციები, გაღიზიანებამ და „რაღაცის“ მოლოდინმა იმატოს, ნაკლებად კონტროლდება ემოციები, რის გამოც რამდენიმე საათი კონფლიქტური იქნება. ამ დღეს ნაკლებად შეიტანეთ სასიყვარულო ურთიერთობებში მოულოდნელობები, ნუ აყვებით უარყოფით ემოციებს. დაახლოებით შუადღის პერიოდიდან გაძლიერდება დადებითი ემოციების, სიყვარულის გამოხატვა.

დღის ბოლოსკენ კი ემოციურობა და ჩვენი რაციონალური ნაწილი შეთანხმებულად იმოქმედებს, უფრო მეტიც – გონება (აზროვნება) და ემოცია თავსებადი იქნება („აი, ხომ ვთქვი, ქვეყნის აღსასრული არ დადგება თქო!“ – დღის ბოლოსთვის მსგავსი კომენტარების დაწერა დაემთხვევა :) ). დღის პირველ ნახევარში რეკომენდებულია ცეკვა, ფიზიკური აქტიურობა, მიწასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარება, სწავლა, მშენებლობა. დღის მეორე ნახევრიდან კი –  სასურველია  ნაკლებად აყვეთ ილუზიებს,  იმატებს მოტყუების ალბათობა, გადაამოწმეთ ინფორმაცია, პრობლემების გამო საკუთარ თავს ნუ დაიდანაშაულებთ. ეს პერიოდი შესაძლოა კარგად გამოიყენოთ ახალი ეტაპის დასაწყებად. კარგია მიტევება, სხვადასხვა ინსტრუმენტთან მუშაობა, ფიზიკური ვარჯიში. ამ კვირის განმავლობაში დაბალ დონეზე, შესაძლოა იმატოს სხვებისა და თავის მოტყუებამ, სასურველია ილუზიებს არ ავყვეთ და დადებითად განვეწყოთ.

მაიას ტომის მიხედვით, 21 დეკემბერს მთავრდება ძველი ეტაპი (ერა) და იწყება ახალი… ჩვენ რომ ძველ წელს ვაცილებთ და ახალ წელს აღვნიშნავთ, მის მოსვლას სიხარულით, დროსტარებით, ფეიერვერკით  ვხვდებით, ეს ხომ არაა დასასრული? დაახლოებით მსგავსია ახალი ერის დასაწყისიც, რომლის დროსაც უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა სულიერ მხარეს, მის განვითარებას (რისი ერთ-ერთი მანიშნებელიცაა პლანეტა ნეპტუნის თევზებში გადასვლა). ცვლილებები უფრო მეტად მოსალოდნელია სულიერი სფეროს მხრივ, ვიდრე ფიზიკურად. ამ დღეს ნუ ველოდებით მნიშვნელოვან და ძლიერ ცვლილებებს, რადგან შეცვლა უცებ და ერთმნიშვნელოვნად არ იწყება. ახალ ეტაპზე ნელ-ნელა გადავალთ.

რაც მთავარია, ცვლილებები უკვე დაწყებულია, ჩემი აზრით, გარკვეული მომზადების ეტაპები გავიარეთ მზისა და მთვარის დაბნელებების დროს (რა თქმა უნდა, მანამდეც) და 21 დეკემბერი უბრალოდ ერთ-ერთი დღეა, რომელსაც უკავშირდება  მზებუდობა…ახალი მზის…ახალი ციკლის დაბადება.
 როგორ მოვიქცეთ 21 დეკემბერს?

მთელ სამყაროში ისედაც ბევრი უარყოფითი ემოციაა დაგროვილი, მოდით ჩვენც ნუ დავუმატებთ და გავიხსენოთ, რომ „ბუმერანგის პრინციპი“ არსებობს, რომლის ქართული ვერსიაც კი გვაქვს – „რასაცა გასცემ, შენია…“.

ამ დღეს შეხვდით მშვიდად, საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული. დაფიქრდით ვინ იყავით და მომავალში როგორი იქნებით.

გათავისუფლდით უარყოფითი ემოციების, განწყობებისდა  ენერგიისაგან. 

მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ენერგიის ზედმეტ ხარჯვას (გამოფიტვას), ქირურგიულ ჩარევას (თუ გადაუდებელი არაა).

კარგი იქნება თუ  სახლს გაწმენდთ, სანთელი დაანთეთ (ცეცხლით გაწმენდა), ილოცეთ და მფარველ ანგელოზს მიმართეთ. ასევე, კარგი იქნება მანტრების “გამოყენება”. სამყაროს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ.

ახლობლებს და საკუთარ თავს  შეცდომები მიუტევეთ.

შეიქმენით დადებითი განწყობა, დღე ახლობლებთან ან მეგობრებთან გაატარეთ. კარგი იქნება მათთან ურთიერთობა, კონტაქტი, ვინც გიყვართ და უყვარხართ.

სამყაროსთან და ადამიანებთან კონტაქტს ნუ შეწყვეტთ, არ იზოლირდეთ სხვებისგან, პირიქით – გამოხატეთ სითბო, სიყვარული და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

საუკეთესო სურვილებით,  

თამთა


About Tamta

Scroll To Top