VI სახლი სინასტრიაში

VI სახლი სინასტრიაში

VI სახლი ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოს მართავს, რომლის მეშვეობით ადამიანი „არსობის პურს“ გამოიმუშავებს. ეს სახლი ასევე დაკავშირებულია სამუშაო ინსტრუმენტებთან, უპირველესად კი, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან (სხეულთან), რომელიც ყოველი ადამიანისთვის შრომის უმთავრესი იარაღია. გარდა ამისა, VI სახლი მსახურებსაც ეხება, ამ სიტყვის ძველებური გაგებით _ ანუ ადამიანებს, რომლებიც ინტიმურად არიან დაკავშირებულნი პატრონთან და მის ნებას ისე აღასრულებენ, როგორც საკუთარს.

თავისთავად VI სახლის გაგება, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგება კანტის ეთიკურ სწავლებას, რომლის თანახმად, სხვა ადამიანი ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც მიზანი, და არასდროს, როგორც საშუალება. ეთანხმება რა დიად ფილოსოფოსს, ასტროლოგიას, მიწიერი ყოფის მანკიერების გათვალისწინებით, მცირეოდენი კორექტივები შეაქვს და აცხადებს, რომ პარტნიორის პლანეტები ჩემს VI სახლში, ნებით თუ უნებურად, ხშირად გვაგდებს ბატონისა და მსახურის როლებში, ყოველ შემთხვევაში, დასანახად მაინც. თუ ორივე ჩვენგანი ამას ნებაყოფლობით მივიღებთ და სათანადოდაც დავამუშავებთ, ეს შეიძლება მეტად კონსტრუქციული კვეთა აღმოჩნდეს ორივე ჩვენგანისთვის. ამდენად, უსიამოვნებების მთავარი მიზეზი, სულაც არ გახლავთ როლთა ამგვარი გადანაწილება, როგორც შეიძლებოდა გეფიქრათ.  დაძაბულობის უმთავრესი წყარო, როგორც ყოველთვის, ნათალური სახლების შეუთავსებელი სინასტრიული განლაგებაა.

VI სახლი, უპირველეს ყოვლისა, სამუშაოს მოიაზრებს, რომელიც არ ითვალისწინებს თავისუფალ არჩევანს (ეს X სახლის პრეროგატივაა), მაშასადამე, სრულიად გარკვეული ტიპის საქმიანობას, სადაც მერყეობა და არჩევანი, მათ შორის პარტნიორისაც, განხილვას აღარ ექვემდებარება, რადგან დასრულებულად მოიაზრება.

შემდეგ, VI სახლს სრულიად კონკრეტული ფასეულობითი აქცენტები აქვს.  შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ და არც კი ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ, მიუხედავად გააზრებისა, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხია, რადგან სწორედ აქ ხდება ჩემი პირადი თვითგამოხატვა შრომის პროცესში. თავისთავად ეს პროცესი და შრომის ყველა იარაღი ჩემთვის ძალიან ფასეულია, ვიდრე, ვთქვათ, ჩემი წარმოებული პროდუქტის ფასის მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ. ამ დებულებას განამტკიცებს მისი განხილვა თვითდამკვიდრების სხვა ფორმებთან მიმართებაში. მაგალითად, დიად მსახიობს (V სახლი) ან დიად მისტიკოსს (VIII სახლი) შეიძლება გარკვეული უფლება აქვთ დიდებაზე, თუმცა მაინც VI სახლის კონტექსტში _ რომ, ნიჭიერებასთან ერთად, ადამიანი დიადი მშრომელიც არის.

ამდენად, VI სახლით თვითდამკვიდრებას იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ვიდრე წარმომიდგენია. ეს ძალიან მკაფიოდ იკვეთება სინასტრიული პლანეტების აქტივაციისას, როდესაც პარტნიორი ჩემს შრომაში ერთვება და, ბუნებრივია, თავისებურად აფასებს შრომის პროცესს და მის შედეგებსაც. იმავდროულად, ირკვევა, რამდენად მზად ვარ წყვილში მუშაობისთვის. პირველ რიგში კი, მისი ყველაზე მარტივი ნაირსახეობისთვის: ბატონის ან მსახურის როლისთვის.

თუ მე ძირითადი ცხოვრებისეული სიუჟეტის მიხედვით ავადმყოფობისკენ ვარ მიდრეკილი, მაშასადამე ცხოვრების საკმაოდ დიდი პერიოდები გარესამყაროში წინ „მე ავად ვარ“ და უკან „დამეხმარეთ რითიც შეგიძლიათ“ აბრებით ვარსებობ, ძალიან ლოგიკურია, რომ ჩემს VI სახლში განთავსებულ სინასტრიულ პლანეტებს ჩემი დახმარებისკენ მოვმართავ: მზე ექიმს აირჩევს, მერკური ბაზარში გაიქცევა, სატურნი პროთეზს მოიმარჯვებს, პლუტონი _ ოყნას. მეორეს მხრივ, თუ ჩემი პარტნიორი შეიქმნა ავად, ანალოგიური დახმარება შემიძლია გავუწიო მეც, განსაკუთრებით ძლიერი VI სახლის შემთხვევაში. თუმცა ეს მაინც ეს უფრო ჯარნმრთელობის სახლია, ვიდრე დაავადებების და სინასტრიული პლანეტებიც იმას გვიჩვენებენ, როგორ ზრუნავს პარტნიორი ჩემს ჯანმრთელობაზე. მაგალითად, მარსით ლაშქრობაში წამიყვანს, იუპიტერით _ძვირადღირებულ გამაჯანსაღებელ კურორტზე; სატურნით თევზებში_ ყინულჭრილში მაყვინთავებს.

სინასტრიული პლანეტები VI  სახლში ან გვეხმარება ან გვაბრკოლებს სამუშაოს შესრულებაში. ვთქვათ, თქვენი ნათალური VI სახლი ცარიელია და მისი კუსპიდი (საწყისი საზღვარი) თევზების ნიშანზე მდებარეობს, გულახდილად და რბილად რომ ვთქვათ, შრომისმოყვარეს ნამდვილად ვერ გიწოდებთ და არც დაგეგმვა-ორგანიზებაა თქვენი ყველაზე ძლიერი უნარები, უფრო მედღეხვალიე ტიპის მუშაკი ხართ და ხშირად არიდებთ თავს ვალდებულებებს. დავუშვათ, პარტნიორის მზე ან იუპიტერი სინასტრიულად თქვენს VI სახლში განთავსდა. ეს კონკრეტული ადამიანი, დიდი ალბათობით, შესანიშნავი ინსპირატორი და მოტივატორი აღმოჩნდება ყოველდღიური ამოცანების დასასრულებლად, რასაც მანამდე დიდი მონდომებით არიდებდით თავს.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top