ჰოროსკოპი IV სახლი ჩემთვის ყველაზე ინტიმური და იმავდროულად ყველაზე შეუმჩნეველია. თანაც ეს მახასიათებლები მარტივად ცვლიან ერთმანეთს, რადგან სწორედ ასე მუშაობს ქვეცნობიერის ცენზურა, რომელიც ჩემთვის არსებითად უმნიშვნელოვანეს გარემოებებს ჩემი სულის ყველაზე ღრმა კუნჭულებში განდევნის, იმისათვის რომ ცნობიერებისგან უხილავად და მიუწვდომლად შეინახოს.
თუ II სახლი ჩემი ყოფითი გარემოცვაა, III კი ჩემი სოციალური გარემო, IV სახლი ჩემი სამყაროს ფუნდამენტია, მისი საერთო სურათი, რომელსაც ქვეცნობიერად აღვიქვამ, ღრმა რელიგიური გრძნობები _ წყარო, რომელიც ჩემს საერთო რელიგიურობას კვებავს, რაც უფრო კონკრეტულ/მიწიერად V, VIII და IX სახლებით ვლინდება.
მაშასადამე, IV სახლით მართული პროცესების და დადგენილებების უმეტესობა ჩემთვის გაუაზრებელი და ბუნდოვანი რჩება… მაშ, რა ხდება, როდესაც ჩემი პარტნიორის პლანეტები იქ ხვდება? გასაგებია, რომ ჩემს ზედაპირულ რეაქციებს არაფერი საერთო არ შეიძლება ჰქონდეს ჭეშმარიტებასთან. მაგრამ როგორია ჩემი ბუნებრივი რეაქცია, ჩემთვისაც გაუგებარი რჩება. თუმცა შეიძლება გამოვყოთ ჩემი ქვეცნობიერის, სინასტრიულ პლანეტებზე, რეაგირების ორი ძირითადი ტიპი:
- უგულვებელყოფა თავდაცვის მიზნით. ქვეცნობიერი, რომელიც თავისთავად ჩემი ფსიქიკის დამცავ მექანიზმს წარმოადგენს, ჩათვლის, რომ პარტნიორისგან მიღებული სტიმული ჩემთვის სახიფათოა და გვერდზე განაგდებს, რაც ცნობიერ დონეზე პარტნიორის მიმართ ინტერესის გაქრობით გამოვლინდება. უფრო მარტივ ვარიანტში, თემის შეცვლის მწვავე სურვილი დამეუფლება.
- შეზღუდული ურთიერთქმედება. ამ შემთხვევაში, ქვეცნობიერი პარტნიორთან ინტიმური ურთიერთქმედების ნებას დამრთავს, მაგრამ საკმაოდ ხისტ ჩარჩოებში, რომელიც მან უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიპლომატიური ურთიერთობა მყისვე გაწყდება. ამ ვარიანტში, ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები ჩემთვის უზარმაზარია, მაგრამ ფსონზე ჩემი არსების ფუნდამენტი დევს. ამიტომ, ქვეცნობიერი გააფთრებით იცავს თავს და უკიდურესი სიფრთხილისკენ მიბიძგებს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, დაახლოებით მსგავსი გრძნობებით იყო გამსჭვალული საბჭოთა კავშირი, როდესაც გასული საუკუნის 80იანების ბოლოს ამერიკელ სპეციალისტებს საკუთარ სამხედრო საწარმოებს აცნობდა.
პარტნიორის თვალთახედვიდან, ჩემი რეაქციები მისი პლანეტების აქტივობაზე, ხშირად ამოუცნობი და იდუმალია. ცხადია, თუ ის საერთოდ მიდრეკილია, ყურადღება გაამახვილოს ისეთ წვრილმანებზე, როგორიც ჩემი რეაქციებია მისგან მიღებულ სტიმულზე. თუ ის დაკვირვებულია, სწრაფად შეამჩნევს, რომ უკიდურესობებში ვვარდები: ან საერთოდ არ ვიმჩნევ; ან ყველაფერი „გულთან ახლოს მიმაქვს“, ასე ვთქვათ, ბუზს სპილოდ ვაქცევ, რასაც შეიძლება საერთოდ არ გულისხმობდა. ან აბსტრაქტულ სიბრტყეში თეორიზაციას ვცდილობ, რასაც აკეთებს კიდევ ჩემი ქვეცნობიერის თავდაცვითი სისტემა, როდესაც საკითხი ძალიან ინტიმურად მეხება. მაგალითად, ძალიან კონკრეტულ კითხვას: „რა პასუხისმგებლობა მეკისრება ბოროტებაზე, რომელსაც საკუთარ ოჯახში ჩავდივარ?“ შეიძლება თეორიული დისკუსიით ვუპასუხო თემაზე „თავისუფალი არჩევნის როლი ადამის ცოდვით დაცემაში“.
შეუძლებელია ადამიანს სიღრმისეულად გაუგო, თუ მის IV სახლში (ქვეცნობიერში) ვერ შეაღწევ. სრულიად ნათელია, რომ ამის განხორციელება მხოლოდ მისი კეთილი ნების თანხმობით არის შესაძლებელი.
მაგრამ ვისთან გამიჩნდება სულის გაშიშვლების, ყველაზე ღრმა და მნიშნველოვანი განცდების გაზიარების სურვილი? ამის განხორციელება, თუ ჩემთვის ეს საერთოდ შესაძლებელია, ხდება ხანგრძლივი მეგობრობის შედეგად ან კარგ ოჯახში. მიუხედავად ამისა, საერთოდ უცხო ადამიანის პლანეტები შესაძლოა ჩემს IV სახლში მოხვდეს და მათი აქტივაციისას, არც ის არის გამორიცხრული, ორივე ჩვენგანი საკმაოდ გაუგებარ ან უხერხულ სიტუაციებში აღმოვჩნდეთ, რაც თუ არ დამუშავდა, ძალიან გაგვირთულებს ურთიერთობას.
საქმე ის არის, რომ კოლექტიური ქვეცნობიერის ძირითადი მცნება, შეიძლება ითქვას, ყველაზე ღრმა სიბრძნე, დაახლოებით ასე ჟღერს: რაც შეიძლება თავი არიდეთ ინტიმურობასა და გახსნილობას. ეს დებულება სხვადასხვა ხალხის ფრაზეოლოგიაში არაერთი ანდაზით თუ ფრთიანი გამოქმით ფორმულირდება. მაგალითად, „ჩემი სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა“, „ნუ გააღვიძებ მძინარე ძაღლს“, „ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს“ და ა.შ. მართლაც, სხვა ადამიანის და მისი პრობლემების გაგება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობას საკუთარი პრობლემები თავადაც არ აქვს გააზრებული, ძალიან რთულია. ამიტომ, მთელი მისი გახსნილობის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, სხვისი პრობლემების ადეკვატურად აღქმა და რჩევის მიცემა. ეს კი დამატებით პრობლემებს, წყენებსა და კონფლიქტებს გვიქადის: „მე შენ გული გადაგიშალე, შენ კი ცივად მიყურებ. ვერაფერს ხედავ და არაფერი გესმის!“
საერთოდ, IV სახლში განთავსებული პლანეტების ინტერპრეტაციისას მხედველობაში უნდა მივიღოთ, რამდენად ძლიერი ან სუსტია, ჰარმონიული თუ დაზიანებული, რამდენად დამუშავებული და აქტიურია ჩემი ცხოვრების კონკრეტულ მონაკვეთში. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია და ასპექტების განმარტების საბაზისო ფუნდამენტს წარმოადგენს. მაშასადამე პრინციპი იგივეა, რაც ნათალურში _ სინასტრიული პლანეტა აქტიურად მოქმედებს მაშინ, როდესაც მისი მასპინძელი სახლიც აქტიურია (ტრანზიტული პლანეტით ან თუ ტრანზიტული პლანეტა სახლის მმართველს ააქტიურებს). ანუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ჩემი სუსტი IV სახლი ჩააქრობს სინასტრიული პლანეტების აღტკინებას და თუ მოცემული პლანეტები პარტნიორის ნათალურ რუკაში ძლიერია, ანუ მისთვის აქტუალურია, ამან შესაძლოა გამოიწვიოს სრული გაუგებრობა. წარმოიდგინეთ, ადამიანი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გესაუბრებათ, თქვენგან დაინტერესებულ რეაქციას და ემოციურ ჩართულობას ელის და ამ დროს თქვენ საერთოდ არ რეაგირებთ. ასეთივე რეაქცია მექნება, თუ პარტნიორის დაზიანებული პლანეტა ჩემს ჰარმონიულ IV სახლში მოხვდა. პარტნიორი რომელიც ჩემთან მწვავე პრობლემებით მოდის გაოგნებული დარჩება, რამდენად აუღელვებლად შეიძლება ვუსმინო მის ტრაგიკულ მდგომარეობებს, „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“ ფილოსოფიით.
ყველა წყლის სახლი მისტიურია. და მაინც, IV სახლი იმდენად იდუმალი არ არის, როგორც VIII და XII. რადგან წყლის სტიქია ემოციებს და შეგრძნებებს ეხება, ყველაფერი საკმაოდ რთულია. გრძნობების განმარტება და სიტყვებით გადმოცემა არც ისე მარტივია, თუმცა ჩვენი ემოციები და გრძნობები ჩვენი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. IV სახლი იმ გრძნობებს აღწერს რომელიც ჩვენი ბავშვობიდან იღებს სათავეს. ეს მთვარის და კირჩხიბის სახლია _ ყველაზე პრივატული და ინტიმური, ოჯახის, სახლისა და სამშობლოს კონცეფციის ცენტრი.
შესაძლოა ამ სახლში განთავსებულ პლანეტებს რომანტიული ხასიათი არ ჰქონდეს, მაგრამ აუცილებლად დაგეუფლებათ ღრმა ემოციური კავშირის განცდა. თუ თქვენთვის ეს რომანტიულია, ჩინებულია. ჩვენ უბრალოდ იმის თქმას ვცდილობთ, რომ ეს არ არის გულისამაჩქროლებელი ფეირვერკები, რომანტიკა თავისი კლასიკური გაგებით. ეს ისეთი განცდაა, როდესაც ადამიანი თქვენთვის ნაცნობია, ახლობელია, კომფორტულია და მასთან თავს დაცულად გრძნობთ, თითქოს უკვე შეხვედრიხართ და მთელი ცხოვრებაა იცნობთ. ასეთი ადამიანები კარგად ეწერებიან „შინაურის“, „ოჯახის წევრის“ თქვენეულ აღქმაში და ასპექტი ბუნებრივად ბადებს ურთიერთზრუნვის მოთხოვნას.
ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”