მზის ტრინი
„როდესაც ბედის მხარდაჭერას გრძნობ, დაფიქრდი, კონკრეტულად რას უჭერს ის მხარს“
მზესთან ტრინი ძალიან ძლიერი ასპექტია. თითქოს კარმა სამუდამო კეთილდღეობას, ჰარმონიასა და ბედნიერებას უქადის პლანეტას. ყოველ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, ადამიანს ასე ეჩვენება და გარკვეულწილად, ასეც არის. კარმა პლანეტის პრინციპებს გამარჯვებისთვის „განწირულ“ მსვლელობას სთავაზობს, მხოლოდ დამუშავების პირობით! ადამიანი ყოველთვის კონსტრუქციულ მიმართულებას მიიღებს, თუ მუშაობა მოინდომა. იმ შემთხვევაშიც, თუ მან პლანეტის პრინციპების სათავისოდ მოხმარება განიზრახა, წინ ვერაფერი აღუდგება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მზის ტრინი პლანეტის პრინციპების ყვავილობას ნიშნავს. ასეთივე წარმატებით მან შეიძლება მის ლპობასაც შეწყოს ხელი (და მაინც, ფასადური სილამაზის შენარჩუნებით), თუ ადამიანის ნება მტაცებლური მოთხოვნებით არის მოტივირებული. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად საშიშია მზე-მთვარის ტრინი, განსაკუთრებით ძლიერი მზის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად ბოროტად სარგებლობს საკუთარი ჯანმრთელობით.
მთლიანობაში, ტრინის და განსაკუთრებით მზის ტრინის ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული მის დამუშავებაზე. დაბალ დონეზე, ნების ეგოისტურად მიმართვისას, ადამიანი სწრაფად შეეჯახება უსიამოვნო ფაქტს, რომ იმპერატიული გარემოებები მხოლოდ დასანახად უწყობს ხელს პლანეტის პრინციპებს, შინაგანად კი, ე.ი. არსებითად, ის არ ვითარდება, თანდათან იყინება და ადამიანი უზომოდ მოსაწყენი ხდება.
მეორეს მხრივ, პლანეტის პრინციპების აქტიური დამუშავება და მისი განვითარება კარმის ძლიერ მხარდაჭერას იძლევა, რომელიც ადამიანს სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ მისი ნებელობითი ძალისხმევის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი მუშაობა, რადგან ტრინის შემოქმედებითად მხარდამჭერი გავლენა მყისვე წყდება, როგორც კი ადამიანი კონსტრუქციულ ძალისხმევას ასუსტებს. მაშინ ტრინი მძარცველს ემსგავსება, რომელიც გარემოსგან ძალადობრივი გზით ითვისებს ჰარმონიას და ადამიანს იმ ფორმით აწვდის, რომელიც მისთვის უკვე უინტერესოა.
გაფრთხილება: პლანეტით მართულ სფეროში, ნატივთან შებრძოლება ძალიან სახიფათოა, რადგან ის ძალა, რომელიც მის გარშემო ჰარმონიას ინარჩუნებს, თქვენთან ცერემონიებს არ დაიწყებს.
ტრინის განმარტების დროს, ყურადღება უნდა დაეთმოს არამხოლოდ მზის და პლანეტის ძალებს (აფეტიკით), არამედ კონკრეტულ გარემოებებსაც ადამიანის ცხოვრებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ნატივს გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი ნება, პლანეტარული პრინციპების გამოვლენისას, სრულყოფილია და მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ქირონის ტრინი: „სიტყვები ბავშვებს ჰგვანან _ ძალდაუტანებლად თამაშობენ თავისთვის“
ქირონის ტრინი საოცრად ცინცხალ შეხედულებებს იძლევა პლანეტით მართულ სფეროებში. მას შეუძლია სრულიად უჩვეულოდ და იმავდრულად დამაჯერებლად აღიქვას მოვლენები და სხვებისთვისაც ხილვადი გახადოს საკუთარი აღქმა. ასე რომ, კეთილგანწყობილი ქირონით ნანახის დავიწყება და ქვეცნობიერში რეპრესირება საკმაოდ რთულია.
ბუნებრივია, ქირონთან დაკავშირებული პლანეტა აღჭურვილი იქნება მეტად თავისებური ხასიათის იუმორის გრძნობითაც. „თავისებური“ რადგან ნატივს დიდ სიამოვნებას ანიჭებს გარშემომყოფთა არამხოლოდ გართობა, ასევე მათი დაბნევა და უხერხულ სიტუაციებში ჩაგდებაც.
მაღალ დონეზე, ეს ასპექტი პლანეტის პრინციპებში სიღრმისეულად შეღწევის და მათი განვითარების უზარმაზარ პოტენციალს იძლევა. ის ხშირად ხდება თანამედროვეთათვის დაუჯერებელი იდეების აპოლოგეტი, თუმცა კი მომავალი თაობები მის იდეებს ფუნდამენტურს უწოდებენ.
დაბალ დონეზე, ადამიანი მიდრეკილია ქირონის ტრინის ექპლუატაციისკენ. ის საერთოდ არ ირჯება და დროთა განმავლობაში ეჩვევა, რომ ქაოტური და საჩოთირო სიტუაციები როგორღაც თავისით და უმტკივნეულოდ გვარდება, როგორც ბედისწერის გონებამახვილური ხუმრობა. თუმცა ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბოლომდე გაიგო ქირონის იუმორი და მით უმეტეს ფიქრობს, რომ ამ პლანეტის გავლენა უშუალოდ მას არ შეეხება, ძალიან მწარედ ცდება. როდესაც იუმორი მის საკუთარ ცხოვრებას ეხება (და პლანეტის პრინციპები ყოველთვის შედის მათ რიცხვში), ნატივს საქმე სასაცილოდ სულაც არ აქვს და ის სასოწარკვეთილი ცდილობს გაიგოს, რა ხდება მის თავს. დაუმუშავებელი ქირონი კი ამის საშუალებას არ მისცემს, მართალია სიტუაციიდან გამოსავალს შესთავაზებს, თუმცა ნატივს უკმაყოფილების შეგრძნება დარჩება, თითქოს უცხო მხარეში საესტრადო კონცერტზე იმყოფება და ენის უცოდინრად ცდილობს გაიგოს კონფერანსიეს კალამბურები, დარბაზი კი, სრულიად გაუგებარი მიზეზებით, სიცილით იხოცება.
ქირონის ასპექტები მზესთან
ქირონის ასპექტი მზესთან იძლევა განსაკუთრებულობის შეგრძნებას. ძლიერი სურვილები. შესაძლოა სხვებს საკუთარი ორიგინალური იდეებით ეხმარებოდნენ. კრიტიკაზე მტკივნეულად რეაგირებენ. საჭიროა ისწავლონ კრიტიკის მიღება, „მებრძვიან, ვძულვარ“ შეგრძნების გარეშე. უარყოფითი კუთხით: უჭირთ თვითგამოხატვა.
როდესაც ქირონი რომელიმე ასპექტით მზეს უკავშირდება, მთელი ჩვენი „მეს“ შეგრძნება, ვინ ვართ სინამდვილეში, დამოკიდებულია ჩვენს სულიერების განცდაზე, ჩვენს უმაღლესს ცნობიერებაზე. მზეს და ქირონს შორის არსებული ასპექტები ადამიანის დარმას იდენტიფიკაციას უკავშირდება. ასპექტის ხასიათი კი უჩვენებს, მისი განვლილი გზა უწყვეტი სტრესია თუ პროგრესი. დაძაბული ასპექტის (შეერთების, კვადრატის, ოპოზიციის) მფლობელთათვის 40 წლამდე პერიოდი მეტად რთული იქნება, რადგან ისინი გრძნობენ, რომ ბედისწერა, რომელსაც საკუთარ თავში განიცდიან, არ აისახება მათ რეალობაზე.
პოზიტიური ასპექტების (სექსტილი, ტრინი, კვიკონსი) მფლობელები პატარა ასაკიდანვე ბუნებრივი სულიერებით გამოირჩევიან. ისინი შორს იჭერენ თავს ისეთი გამოცდილებისგან, რაც მათ სულიერებას დააზარალებდა. შეიძლება აღმატების კომპლექსიც ჰქონდეთ და სხვებს ზემოდან ქვემოთ უყურებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მეტად ქარიზმატული ხალხია, ხშირად იმდენად, რომ გარშემომყოფები უფრთხიან კიდეც.
მზის და ქირონის ტრინი
ბავშვობიდანვე იცოდნენ ვინ იყვნენ, ასპექტი ხელს უწყობს საკუთარი თავის გაგებას, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობას. ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა ეძლევათ, შესაძლოა საკუთარ თავში უნიკალური ტალანტის აღმოჩენაც, შემოქმედებითი ადამიანი. უარყოფითი კუთხით შეიძლება ეგოს ზრდა („ყველანი ვალდებულნი ხართ…ჩემს წინაშე”), თუ მზე ძლიერია-გენიალურობა, ხოლო სუსტი მზის შემთხვევაში – გონებრივი სისუსტე.ეს ადამიანი კამპანიების “სული და გულია”.
ეს ასპექტი ამცირებს თავდაუჯერებლობის გრძნობას, აძლიერებს საზრიანობას, რისი წყალობითაც ადამიანი ცხოვრების გზაჯვარედინებზე ოპტიმალურ არჩევანს აკეთებს. ეს სრული და მონოლითური ხალხია და ერთი შეხედვით, ძალიან გაგიჭირდებათ მათი სუსტი წერტილების(ჭრილობების) მიგნება.
ეს სიცოცხლიმოყვარე, ოპტიმისტი და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ხალხია. აღმერთებენ მძაფრ შეგრძნებებს, ცხოვრებაშიც და სიყვარულშიც. მარტივად ახერხებენ საკუთარი ხედვების გადმოცემას ხელოვნების სფეროების მეშვეობით. ზედმეტი თავდაჯერება (რაც შეიძლება გამოიწვიოს მზის ან ქირონის დამატებითმა ასპექტმა მარსთან ან იუპიტერთან), დროთა განმავლობაში ავტორიტარიზმს შობს, რაც მოგვიანებით ნეგატიურად აისახება მათ შემოქმედებით აქტივობაზე, რადგან ადამიანის თვალსაწიერი სულ უფრო შევიწროვდება და დაჩლუნგდება.
თუ მზე ან ქირონი დამატებით კვადრატურის ასპექტებით არის დაზიანებული, ამ მოცემულობამ შეიძლება განაპირობოს შინაგანი ბრძოლა, დატოვოს ცხოვრება ისე როგორც არის თუ მთელი სასიცოცხლო ძალებით შეეცადოს მის კარდინალურად შეცვლას. ხანდახან ასეთი ბრძოლა ტრაგიკულად სრულდება, მაგალითად, როგორც პრინცესა დაიანას შემთხვევაში. განსაკუთრებით კრიტიკული იქნება 15-19 და 35-45 წლების ასაკობრივი პერიოდები.
Famous people with Sun/Chiron trine:
FIRE: Edie Sedgwick♈/♌, Fanny Ardant♈/♐, Ben Affleck ♌/♈,Guy de Maupassant♌/♐, Tyra Banks♐/♈, Bruce Lee♐/♌.
EARTH: Pete Townshend ♉/♍, David Icke ♉/♑, Alexander Skarsgard♍/♉, Deva Cassel♍/♑, Katherine Moennig♑/♉, Jimmy Page♑/♍.
AIR: Donald Trump♊/♎, Prince♊/♒, Brigitte Bardot♎/♊, Jean-Claude Van Damme♎/♒, Thomas Edison♒/♎, Lauren Conrad♒/♊.
WATER: Jaden Smith ♋/♏, Diana Princess of Wales♋/♓, Emma Stone♏/♋, Marie Curie♏/♓, Chuck Norris♓/♋, Billy Crystal♓/♏.
მომზადებულია ავესალომ პადვოდნის, ფელიქს ველიჩკოს და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.