აგვისტოს თვის მოვლენები

აგვისტოს თვის მოვლენები

აგვისტოს თვეში მოსალოდნელია იდეოლოგიური, რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებების რღვევა, აღნიშნულ საკითხებზე კამათი, ავტორიტეტების (ლიდერების, დიქტატორების, გადამეტებული ძალაუფლების მქონე ადამიანების) შერყევა-შეცვლა, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, საერთო ფინანსების კუთხით პრობლემები, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა.

შესაძლოა ბევრი ჩვენგანი დაფიქრდეს რისი სწამს. ესაა გადაფასებების პერიოდი. პოლიტიკური და სხვა ტიპის აქციებისთვის არცთუ კარგი დროა. იდეოლოგიის, ავტორიტეტის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება ორგანიზებულობითა და პასუხისმგებლობით, გარკვეული საზღვრების დაწესებით. თუმცა რამდენად გვიღირს – საკითხავი ესაა.

ამ პერიოდში მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, ძალაუფლების მხრივ გადაჭარბებას – სულერთია ეს ოჯახში მოხდება, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში. ასევე – ფინანსური საკითხების მოგვარებას, შეთანხმებებს; შორ მანძილზე (საზღვარგარეთ) გამგზავრებას; რელიგიურ საკითხებზე უთანხოებებში მონაწილეობას. ფიზიკური ან ფსიქოლოგიური (უფრო ზუსტად – ემოციური) გადატვირთვა უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.

4-6 აგვისტოს პერიოდი დადებითია პირადი ურთიერთობებისთვის, სასიყვარულო კუთხით. მატულობს სექსუალური პოტენციალი, ენერგია, სიყვარულის მიღებისა და გაცემის მოთხოვნილება.

7 აგვისტომდე თვითგამოხატვის, ენერგიისა და პიროვნული ქმედებებისთვის რთული პერიოდია. ეცადეთ ნაკლებად გამოავლინოთ სიამაყე, ამპარტავნება. საკუთარ თავზე მუშაობისთვის კარგი დროა.

12-15 აგვისტოს პერიოდისთვის დამახასიათებელია: მოულოდნელი ხანმოკლე მგზავრობები, შეტყობინებებისა და ინფორმაციის მიღება. კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ. მოერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას ან შეცვლას. ეს შესაძლოა მომავალში უარყოფითად აისახოს.

ჰარმონიული და ემოციურად გაწონასწორებული პერიოდია 16-19 აგვისტოს შუალედი. გამოიყენეთ ეს დრო ენერგიის აღსადგენად, პირადი ურთიერთობებისთვიის, ცვლილებების დაგეგმვისთვის, აქტიური ქმედებებისთვის.

აგვისტოს მეორე ნახევარი (განსაკუთრებით 22-26 აგვისტოს პერიოდი) შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“. რა შეიძლება მოხდეს? ემოციური გაუწონასწორებლობა, ყველაფრის იმპულსურად და სწრაფად მიღების სურვილი, ფინანსური არასტაბილურობა, დანაკარგები, ძალაუფლების გადამეტება, ფეთქებადობის მატება, იდეოლოგიური წმენდა, რელიგიურ-ფილოსოფიური დაპირისპირება, მოულოდნელი და რადიკალური ცვლილებების გატარება.

აგვისტოს თვე შედარებით კონფლიქტური და რთული პერიოდია, მაგრამ მოქმედებისკენ, შეცვლისკენ გვიბიძგებს. ამ პერიოდში ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ პირად ურთიერთობებში, წვრილმანების გამო კამათს და კრიტიკას მოერიდეთ. მოსალოდნელია არამხოლოდ პიროვნული, არამედ გარემო ცვლილებებიც. კარგად გაანალიზეთ ეს პერიოდი – რა ცვლილებებს ითხოვს სამყარო თქვენგან?

ესაა ერთგვარი გამოცდების, პიროვნული გაზრდის პერიოდი. ეს კი ზოგჯერ მტკივნეულია. გავიზრდებით თუ არა და რა მიმართულებას ავირჩევთ – ჩვენზეა დამოკიდებული.

აგვისტოს მშვიდად, უკონფლიქტოდ, დადებითი ცვლილებებით გატარებას გისურვებთ.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top