პლანეტები გრადუსებით ერთმანეთთან მიმართებაში დაშორებულები არიან, რის შედეგადაც იქმნება ასპექტები. ასპექტი არის ორ პლანეტას შორის შექმნილი გრადუსული კუთხე და შესაძლოა ახასიათებდეს გარკვეული თვისებები. ის ხშირად ცვლის პლანეტის გამოვლენის თავისებურებებს, ამიტომ პირად რუკაში მისი განხილვა მნიშვნელოვანია.
360°–ის შუაზე გაყოფით მიიღება ოპოზიცია (180°), სამზე – ტრინი (120°), ოთხზე – კვადრატურა (90°), ექვსზე – სექსტილი (60°).
ასპექტი შეიძლება იყოს ჰარმონიული და დაძაბული. ორივეს ორი მხარე აქვს: დაძაბული ასპექტები რთულია, მაგრამ სრულად დამუშავებით შეიძლება უდიდესი მიღწევები გქონდეს, ჰარმონიული ასპექტებით კი ადვილად აღწევ მიზნებს, სურვილების შესრულება სწრაფად ხდება, თუმცა შეიძლება შესაძლებლობები გაფლანგო ან დაკარგო.ზოგადად, დაძაბული ასპექტები იწვევს სიძნელეებს, პრობლემებს (სფეროებში,რომლებსაც პლანეტები განაგებენ). პრობლემები შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, სოციალური ან ორივე ერთად. პრობლემების დროს ხშირია იმედგაცრუება, თუმცა გადალახვით საკუთარ პოტენციალს სრულად ავითარებენ. ჰარმონიულ ასპექტებს ადვილი ურთიერთქმედება მოაქვს დაკავშირებულ პლანეტებსა და მათ სფეროებს შორის. ეს ასპექტები დამხმარე ასპექტებია შინაგანი შესაძლებლობების გამოსავლენად. ადამიანებს მხოლოდ ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ეძლევათ ძლიერი უნარები, პოტენციალი, მაგრამ უარყოფითი კუთხით – შეიძლება ბოლომდე ვერ განავითარონ (ვერ გამოიყენონ).ხოლო ადამიანებს მხოლოდ უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში -უძნელდებათ სირთულეებზე გამკლავება და ოპტიმიზმი აკლიათ.
ასპექტებიდან, რომელიც უფრო მეტად სჭარბობს, შეიძლება ითქვას, ადამიანის მახასიათებლადაც გამოდგება. მაგალითად: შეერთება მიანიშნებს ძლიერ, საკუთარ თავში კარგად გარკვეულ ადამიანზე და პიროვნებაზე, სექსტილი – მეგობრული, სოციალური ადამიანი ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, კვადრატი – ამბიციური კარიერისტი, რომელიც კარიერის, ოჯახის, პოლიტიკის სფეროებში სირთულეებს მუდმივად აწყდება და ამ სირთულეების გადალახვა უწევს, ტრინი – ჰარმონიული, რომელიმე შემოქმედებით, ხელოვნების, განათლების, რელიგიურ სფეროში თვითგამოხატვით დაკავებული ადამიანი, ასევე, ადვილად გამოსდის იდეების რეალიზება, ოპოზიცია – მუდმივი ზრუნვა ურთიერთობებსა და საკუთარ პიროვნებაზე, სირთულეების დაძლევა. პ.ს. კვადრატურისა და ოპოზიციის შემთხვევაში ადამიანისთვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს შინაგანი, აგრესიული ფონი..
ასპექტირებული პლანეტის ნიშანი მიუთითებს აღნიშნულ სფეროში ასპექტის მოქმედებაზე მაგ: სექსტილით ასპექტირებული პლანეტები კუროსა და კირჩხიბში, აძლიერებენ წარმატების შანსს ფინანსურ და ოჯახურ სფეროებში, სექსტილი ვერძისა და ტყუპების ნიშანში მყოფ პლანეტებს შორის – ახალი და ორიგინალური, აქტიური იდეები.
სახლებსაც მნიშვნელობა აქვს,რადგან სახლის მახასიათებლებიც მოქმედებს. მაგალითად ტრინით დაკავშირებული პლანეტები პირველ და მე–5 სახლში შემოქმედებით შესაძლებლობებს აძლიერებს, მე–2 და მე–10 სახლში – ფინანსურ საკითხებსა და პროფესიულ ასპარეზზე წარმატების შანსს და ა.შ.
ანალიზის დროს სასურველია, პლანეტის მხრიდან სახლების სიმბოლური მმართველობის გათვალისწინებაც.მაგალითად, ვენერასა და მარსს შორის კვადრატურაა. მარსი კი მე–5 სახლის მმართველია (ანუ მე–5 სახლი ვერძშია), ეს მიანიშნებს სასიყვარულო სფეროში ემოციურ არეულობაზე (შფოთვა, დაკარგვის შიში, შებოჭილობა და ა.შ.). კაცის შემთხვევაში –ქალებისადმი იმპულსურობა, უხეში დამოკიდებულება და ქცევა. ხოლო თუ მარსი მე–6 სახლის მმართველია (ანუ მე–5 სახლი ვერძშია) – სამსახურში ქალებთან კონფლიქტები და უხეში ქმედებები.
ორბისები
პრაქტიკაში უზუსტეს ასპექტებს ყოველთვის ვერ შეხვდებით, ასტროლოგიაში მიღებულია რამდენიმეგრადუსიანი „გადახრა“, რომლის შემთხვევაშიც მიღებული გრადუსი ასპექტად ითვლება. მაგალითად, სექსტილი არის 60°, თუმცა სექსტილად ასევე ჩაითვლება 58°. ქვემოთ მოყვანილია ცხრილი პლანეტებისა და ასპექტების მიხედვით. მაგ: მზისა და მთვარის შემთხვევაში: შეერთება/ოპოზიცია/კვადრატი/ტრინი – მაქსიმალური გადახრა 9 გრადუსი, სექსტილის შემთხვევაში – 5 გრადუსი.
მზე–მთვარის შემთხვევაში ორბისები შემდეგნაირია:
10° — შეერთება და ოპოზიცია
9° — ტრინი
8° — კვადრატი
6° — სექსტილი
დანარჩენ შემთხვევაში 8° — შეერთება და ოპოზიცია, 5° — სექსტილი და ტრინი
ზრდადი და კლებადი ასპექტები
ასპექტი შეიძლება იყოს ზრდადი ან კლებადი. ზრდადია ასპექტი (რუკაზე ასპექტის ნახვის დროს, აღინიშნება გრადუსის >; <; ამ ორ სიმბოლოს შორის მოთავსებით, მაგ: >158°<;), როდესაც სწრაფად მოძრავმა პლანეტამ უფრო ნელა მოძრავ პლანეტას „გადაუსწრო“ და „შორდება“. ხოლო კლებადია (აღინიშნება < >; სიმბოლოთი, <121°>;), როდესაც სწრაფად მოძრავი პლანეტა „ეწევა“ უფრო ნელა მოძრავ პლანეტას. ზრდადი ასპექტისთვის დამახასიათებელია მოქმედებისკენ მიდრეკილება, ხოლო კლებადი ასპექტისთვის –ცნობიერების განვითარება და შინაგანი მუშაობა.
შეერთება –0°– იგივე ელემენტი/იგივე მოდალობა/იგივე ნიშანი
შეერთება არის ძლიერი ასპექტი, რომელსაც ზოგიერთი ასტროლოგი მძიმე ასპექტად მიირჩნევს, ნაწილი კი – ნეიტრალურად. ყველაფერი დამოკიდებულია შეერთებაში მყოფ პლანეტებზე. არის ასპექტი 0-10 გრადუსამდე. ესაა ერთ-ერთი ძლიერი ასპექტი, რომლითაც ორი პლანეტის მახასიათებლები ერთდება და ირევა ერთმანეთში. თუ შეერთება არ ხდება მზესთან ამ მთვარესთან, შეერთების მაქსიმალურ გადახრად ითვლება 8 გრადუსი. მასში ერთიანდება და ირევა ორი პლანეტის ენერგია. პლანეტების მოქმედება ერთმანეთშია არეული, რაც უფრო მცირე ორბისიანი შეერთებაა, მით უფრო განიცდიან ერთმანეთის გავლენას. ამიტომ რთულია შეერთებაში მყოფი პლანეტების აღწერა, რადგან ერთის ჩართვა იწვევს მეორის ჩართვას და პირიქით. შესაძლოა იყოს სტრესის გამომწვევიც – გააჩნია რომელი პლანეტები ერთდება. –შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლების მქონე. იუპიტერს, ვენერას, მთვარესა და მზეს შორის (თუ სხვა პლანეტები არ უშლიან ხელს), როგორც წესი, დადებითი მუხტის მატარებელია. სატურნსა და მარსს შორის შეერთება კი უარყოფითი მუხტის მატარებელია. შეერთების დროს ის პლანეტა უფრო მეტად მოქმედებს, რომელიც შეერთებისას უფრო ძლიერ მდებარეობაში იმყოფება (მაგ: სახლის მმართველია,ეგზალტირებული პლანეტები. მაგალითად: სატურნისა და მთვარის შეერთება კირჩხიბში – ამ შემთხვევაში მთვარე ძლიერია,რადგან კირჩხიბის მმართველია,ხოლო სატურნი ტყვეობაშია. სატურნისა და მთვარის შეერთება თხის რქაში – სატურნი (რადგან სატურნი თხის რქის მმართველია, ხოლო მთვარე აქ ტყვეობაშია) . სატურნისა და მარსის თხის რქაში შეერთების შემთხვევაში – თითქმის თანაბარია და ერთნაირად ვლინდება (რადგან სატურნი აქ მმართველია, მარსი კი ეგზალტაციაშია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში- სატურნი უფრო ძლიერი იქნება, ხოლო ევოლუციური ფსიქოლოგიის მიხედვით- მარსი, რადგან ეგზალტაცია მართავს ევოლუციურ პროცესებს). როგორც წესი, მზესთან პლანეტის შეერთება დადებითი ელფერის მქონეა, რადგან პლანეტა მზის ენერგიას იღებს.
ითვლება, რომ რაც უფრო მეტია შეერთება რუკაში, მით უფრო შეერთებული, მთლიანი და კონცენტრირებულია პიროვნება., მით უფრო კარგად ჩანს ხასიათის შტრიხები ადამიანის ქცევაში. ორი ან მეტი შეერთება მიუთითებს ძირითად ბირთვზე, რითაც ადამიანი ხასიათდება. ასეთი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან შემოქმედებითი უნარებით და როგორც წესი, შეუმჩნევლები არ რჩებიან. თუ შეერთება ხდება „კეთილ“ პლანეტებს შორის – პიროვნება მიისწრაფის მაღალი მიზნებისკენ, ხოლო თუ „ბოროტ“ პლანეტებს შორისაა – პიროვნება ფოკუსირებულია რაღაც მისთვის ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენაზე, მიზანზე, რაც შეიძლება მხოლოდ მას ეხებოდეს.
სექსტილი –60°– დამატებითი ელემენტი/განსხვავებული მოდალობა/მსგავსი სქესი
სექსტილი 60°-იანი დადებითი ასპექტია, ± 3°-იანი გადახრით. ტრინის მსგავსი მოქმედება ახასიათებს, თუმცა ირთვება ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში, ანუ მისი ჩართვისთვის ერთგვარი „ბიძგია“ საჭირო. რაც მეტი სექსტილია რუკაში, ინდივიდს მით უფრო იოლი ცხოვრება აქვს. ესაა შესაძლებლობების ასპექტი. ინდივიდს არ შეუძლია იჯდეს და ელოდოს კარგს, მან კარგი უნდა გამოიმუშაოს, ჩართოს, მიმართოს ენერგია. სექსტილი მიუთითებს ორ პლანეტას შორის ჰარმონიულ ურთიერთქმედებაზე. თუმცა ამ ასპექტის ჩართვისთვის საჭიროა ხელშეწყობა, პირობები.ასევე, მიუთითებს გარკვეულწილად ტალანტზე, ადვილად განხორციელებად მოქმედებებზე. სექსტილით დაკავშირებული პლანეტები ადვილად ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე, თუმცა ხელშეწყობა აუცილებელია, რადგან ტრინის მსგავსად ბუნებრივი ხელშეწყობა არ ხდება. სექსტილი მიანიშნებს იმ შესაძლებლობებზე, ტალანტზე, რომელსაც თავად ადამიანები გამოიმუშავებენ. ეს ასპექტი ხელს უწყობს ინტელექტუალურ დამუშავებას. სექსტილი ითვლება ჰარმონიულ ასპექტად, თუმცა მისი მოქმედება ხანგრძლივი და მუდმივი არაა. სექსტილი „ბედის ღიმილს“ ჰგავს, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში უნდა გამოიყენო.
კვადრატი/კვადრატურა –90°– განსხვავებული ელემენტი/მსგავსი მოდალობა/განსხვავებული სქესი
კვადრატურა არის 90°-იანი ასპექტი, ±4°-იანი გადახრით. მზის ან მთვარის შემთხვევაში ± 5°. არის სტრესული ასპექტი, თუმცა უფრო მეტად იწვევს შინაგან კონფლიქტებს. კვადრატურა ითვლება არაჰარმონიულ ასპექტად, პლანეტები „იბლოკება“ და თავის დადებითად გამოხატვა უჭირთ. ხშირად ეს ასპექტი ძლიერი მამოძრავებელი ძალაა. უზრუნველყოფს ცვლილებებს, მოქმედებებს ან ორივეს ერთად. ინდივიდს ეს ასპექტი დასვენების საშუალებას არ მისცემს. საჭირო რაოდენობით დადებითად მოქმედებს, რადგან ხელს უწყობს მიღწევებს, მოქმედებას. თუმცა ზედმეტი რაოდენობით – იმედგაცრუების მომტანია. ინდივიდი საკუთარი თავით არასდროსაა კმაყოფილი. ადამიანს აიძულებს იბრძოლოს რაღაცისთვის, ის მუდამ იღებს დარტყმებს კვადრატურით დაკავშირებულ სფეროებში (პლანეტების სფეროები), შედეგად საპასუხო მოქმედების მოფიქრება უწევს, შესაძლოა თავის დასაცავად. ანუ ამ ასპექტით ადამიანები მუდმივად მოქმედებაში არიან. თუ პიროვნება საკმაოდ ჭკვიანი, მგრძნობიარე და ძლიერია, მსგავსი დარტყმებისგან თავის დაცვას ისწავლის. სუსტი პიროვნებებისთვის კვადრატურა მძიმე ასპექტია, ხოლო ძლიერი პიროვნებებისთვის – ერთგვარი დამხმარე საშუალებაცაა წინააღმდეგობების გაწევისა და გადალახვისთვის. თუ რუკაში ბევრი კვადრატურაა – ცხოვრებაში სირთულეები ელით. კვადრატურების უქონლობის შემთხვევაში – ცხოვრებისთვის ბრძოლა ადამიანს არ მოუწევს, თუმცა სულიერ დონეზე რეალიზება უფრო გაუჭირდება.
კვადრატურა ძლიერი ასპექტია, თუმცა უარყოფითად მოქმედი და სტრესის, ფრუსტრაციის, შინაგანი კონფლიქტის მაჩვენებელია. ამავე დროს, კვადრატურა შეიძლება იყოს ძლიერმოქმედი და ენერგიის წყაროც – რაც არ გაკმაყოფილებს, ეცდები შეცვალო, უფრო მეტს მიაღწიო და ა.შ. კვადრატურა ქმნის დაძაბულობას, რომელიც მოქმედებისკენ უბიძგებს ადამიანს, თუმცა ამავე დროს ზედმეტი დაძაბულობა სტრესის გამომწვევია. ადამიანებს, რომლებსაც ბევრი კვადრატურა აქვთ, მანამდე არ ისვენებენ, სანამ ყველაფერს არ მიაღწევენ. ეს ასპექტი განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდობაში, თუმცა დროთა განმავლობაში ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს. უფრო მეტად მატერიალურ პლანში მოქმედებს, მაგალითად: სხეულზე, ჯანმრთელობაზე. მისი მოქმედება უარყოფითი ხასიათისაა, ხშირად მოქმედებისკენ უბიძგებს, თუმცა პრობლემებიც მოაქვს. პრაქტიკაში, ასპექტს განიხილავენ, როგორც გამააქტიურებელს, სირთულეებთან ბრძოლისუნარიანობისკენ მიდრეკილს. კვადრატურა მოქმედებს დამანგრეველად, თუ ადამიანი მზად არაა მოულოდნელი ცხოვრებისეული ცვლილებისთვის.
კვადრატურა უფრო ძლიერად მოქმედებს, როდესაც კვადრატურის მქონე პლანეტები საკუთარ ნიშანში მდებარეობენ, ანუ მმართველები არიან. მაგალითად: მარსი ვერძში, სატურნი თხის რქაში. თუ რუკაში მზე პლუტონის კვადრატურაა და სახლების ხელს “უწყობს”, ეს იქნება მარტოსული ადამიანი ბრბოს წინააღმდეგ.
ტრინი –120°– იგივე ელემენტი/განსხვავებული მოდალობა/იგივე სქესი
ტრინი არის 120°-იანი ასპექტი, ± 5°-იანი გადახრით. მზის ან მთვარის შემთხვევაში ± 6°, მერკურისა და ვენერის შემთხვევაში ± 4°. მერკურისა და მზის შემთხვევაში ± 5°, მზისა და იუპიტერის შემთხვევაში ± 3°.ხანგრძლივად მოქმედი ჰარმონიული ასპექტი. მოაქვს ჰარმონია, სიხარული, სიკეთე, დადებითი იმპულსები. მისი დახმარებით წარმატების მიღწევა ადვილდება.
ტრინით დაკავშირებული პლანეტები ერთმანეთის გააქტიურებას, ჰარმონიულ მოქმედებებს უწყობენ ხელს. ესაა ერთ-ერთი დადებითი და ძლიერი ასპექტი, რომელიც ერთგვარი დაცვის ფუნქციას ატარებს, თუმცა ადამიანს „აზარმაცებს“. რაც უფრო მეტი ტრინია რუკაში, მით უფრო სტაბილური ურთიერთობა ელის ადამიანს.
ტრინი – “იღბლიანობა, თუმცა მოქმედებებისკენ თავად არაა მიდრეკილი”. ინდივიდი რასაც მოისურვებს, ყველაფერი ბუნებრივად მისდის. პლანეტები, რომლებიც ტრინს ქმნიან, იმ სფეროებში ადვილად აღწევენ წარმატებას. თუმცა თუ მოქმედება არ უყვარს, შეიძლება ადვილად დაკარგოს „წყალობა“.
ტრინი კომფორტისა და ბუნებრივი მხარდაჭერის ასპექტია. ის მიუთითებს ორ პლანეტას შორის ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე. ტრინით ადვილად გვეწყობა ხელი იმ სფეროებში, რომელ სფეროებზეც პასუხისმგებელია დაკავშირებული პლანეტები. ტრინი არის მსახიობური და კრეატიული ტალანტის წყარო. თუ რუკაში ტრინი ბევრია,მიუთითებს, რომ ადამიანი ადვილად, იოლად აღწევს მიზნებს, სურვილები უსრულდება,ხელშეწყობა მუდმივად აქვს, თუმცა ამავე დროს, რადგან ყველაფერი გამოსდის, პიროვნულად შესაძლოა სუსტიც იყოს. ტრინით დაკავშირებული პლანეტები ერთმანეთის ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მისი მოქმედება ბუნებრივად ხდება, ბუნებრივი ხელშეწყობა კოსმოსიდან, ბუნებიდან, სიტუაციებიდან. ხშირად ტრინით მოცემული ნიჭიერება არაცნობიერ დონეზე გვეძლევა და სრულად ვერ ვაცნობიერებთ მის მოქმედებას, რადგან „ბუნებრივად გამოგვდის“.
ოპოზიცია –180°– განსხვებული ელემენტი/მსგავსი მოდალობა/მსგავსი სქესი
ოპოზიცია არის 180°-იანი ნეგატიური ასპექტი, ± 5°-იანი გადახრით. მზის ან მთვარის შემთხვევაში ± 7°. ეს ასპექტი ადამიანის ცხოვრებაში უსიამოვნების მომტანია. იწვევს უკმაყოფილების შეგრძნებას, პიროვნება არჩევანის წინაშე დგება, თუმცა რაც არ უნდა აირჩიოს – მეორე, აურჩეველი ვარიანტი ხშირადაა სტრესის მომტანი (რადგან არჩევანის გაკეთება ხდება ორ, ერთმანეთისგან საპირისპირო ემოციას, ქცევას, აზრს, სფეროს შორის). ოპოზიცია ხშირად გვევლინება მოქმედებების წყაროდ.საუკეთესო შემთხვევაში – არჩევანი კეთდება ორ სფეროს შორის და ადამიანი რომელიმეს მიყვება. უარეს შემთხვევაში – პიროვნულად სუსტ ადამიანს ვიღებთ, რომელსაც ხან ერთი მხარე გადაწონის, ხან მეორე.
ოპოზიცია შეიძლება ჩაითვალოს მეორე, ყველაზე ძლიერ ასპექტად შეერთების შემდეგ. ეს ასპექტი ქმნის დინამიურ, ძლიერ ენერგიას ორ პლანეტას შორის. მისი გავლენა ისეთივე უარყოფითი არაა, როგორც კვადრატურის შემთხვევაში, თუმცა ითვლება კონფლიქტის, დაპირისპირების, პოლარულობის მომცველ ასპექტად. თუ ამ ასპექტის მქონე ადამიანი ეცდება შეცვალოს მისი უარყოფითი მოქმედება, გამოადგება შემოქმედებითობისა და ენერგიის წყაროს მხრივ. პ.ს. მზე და მთვარე ოპოზიციაში არიან სავსემთვარეობის დროს. „ორი ერთში“, ესაა ასპექტი, რომელიც თავის თავში გულისხმობს ურთიერთობას ორ პლანეტას შორის, რომელიც უნდა დარეგულირდეს და ორივე მხარის შეთანხმება მიიღწეს. ოპოზიციის მქონე ადამიანები სხვებთან ურთიერთობაში სწავლობენ საკუთარ თავს. ოპოზიცია რთული ასპექტია, ხან ერთი პლანეტა „გადაძალავს“ მეორეს, ხან პირიქით. იწვევს უკმაყოფილებას, დაუცველობის გრძნობას. მეორე მხარის დანახვით შეიძლება პრობლემების მოგვარება. პრობლემური, უარყოფითი ასპექტი, მის დამუშავებაზე დიდი ენერგია იხარჯება. საჭიროა ყურადღება მივაქციოთ უფრო ძლიერ პლანეტასაც, რადგან, როგორც წესი, მისი მახასიათებლები უფრო მეტად ჩანს ხოლმე, მაგალითად თუ მარსია ოპოზიციაში ძლიერი – ხასიათში მომატებული უხეშობით გამოვლინდება.
ასპექტი ბალანსისთვის. შესაძლოა ინდივიდზე სხვები ახდენდნენ გავლენას. შესაძლოა მოუწიოთ ბალანსის დაცვა სხვებისა და საკუთარ მოთხოვნილებებს შორის. მაგ: საკუთარ და სხვების სურვილებს შორის ბალანსის დაცვა (ლომი-მერწყული), საკუთარი და სხვების ფულის ხარჯვაში ბალანსის დაცვა (კურო-მორიელი), საზღვრების შემოტანა და საზღვრების დარღვევა (ქალწული-თევზები) და ა.შ.
პარალელი – ესაა ერთნაირი კუთხოვანი მანძილის მქონე პლანეტების განლაგება ეკლიპტიკაზე.მისი მოქმედება უფრო ბედთანაა დაკავშირებული, ვიდრე ხასიათის შტრიხებთან. ამიტომ, პარალელი უფრო საინტერესოა ტრანზიტების დროს, რადგან მიანიშნებს ცხოვრებისეულ მოსახვევებზე როგორც სასიკეთო ისე, უარყოფითი კუთხით.
კვიკონსი არის 150°-იანი ასპექტი, ± 3°-იანი გადახრით. მზის ან მთვარის შემთხვევაში – . ± 4°. ითვლება რეტრო, დადებით ასპექტად. მიუთითებს სიტუაციებზე, რომლებიც წარსულიდან მოდის. ის ხელსაყრელი სიტუაციების განმეორებას უწყობს ხელს. მიუთითებს იმ საქმეებზე, ურთიერთობებზე,რომლებიც ოდესღაც დავიწყეთ და დასასრულებელია. ამ შემთხვევაში ჩვენი ვალდებულება კი არაა დასრულება, არამედ დასრულება თავადაა ვალდებულება ჩვენს წინაშე. კვიკონსი გვევლინება ჰარმონიისა და სტაბილურობის შემნარჩუნებელ ასპექტად. საკმაოდ რთული ასპექტი გადასალახად და გადალახვის შემდეგ ვლინდება დადებით ასპექტად. დანარჩენ შემთხვევაში მისი გამოვლინება დაძაბულობის მატარებელია. ასპექტით დაკავშირებული პლანეტების ურთიერთმოქმედების სფეროებში „არჩევანი არაა“. ინდივიდს მოუწევს საკუთარ სურვილებზე მეტად სხვების, გარემოს, კოსმოსის სურვილების გათვალისწინება და წინ დაყენება. ასევე, კვიკონსი მიიჩნევა ზომიერ, მაგრამ არაპროგნოზირებად ასპექტად. არის სირთულეებისა და სტრესის შემომტანი ასპექტი. მიანიშნებს გარემოებების მხრიდან პიროვნებაზე ვალდებულებების დაკისრებას, იძულებას. საკმაოდ რთულად დასამუშავებელი ასპექტია, რადგან, როგორც წესი, ამ ასპექტის ჩართვის დროს „უკან დახევა“ არ ხერხდება, საჭირო ხდება ზომების მიღება. კვიკონსის დროს ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
ნახევარკვადრატი 45°-იანი ასპექტია, ± 0,5° … +1°-იანი გადახრითმზის ან მთვარის შემთხვევაში – ±1,5°. ესაა ერთ-ერთი უარყოფითი მეორადი ასპექტი, რომლის გავლენა ხდება ბუნების ძალების, სტიქიების ან მისგან დაშორებული გარემოს მხრიდან. ინდივიდი ხშირად ვერ აცნობიერებს მისგან გამოწვეული მოვლენების მიზეზებს, ესაა ერთგვარი ფარული გავლენის მქონე ასპექტი და ითვლება ერთ-ერთ კარმულ ასპექტად. აქვს სუსტი ეფექტი, თუმცა კვადრატის მსგავსი. ამ ასპექტის ქონის შემთხვევაში რთულია ახალ გარემოებებთან შეგუება,ადაპტირება. გვასწავლის მოთმინებას. დროებითი ბოროტება, ცხოვრებისეული სირთულე.
ესაა135°-იანი ასპექტი, ± 1,5° … +2°-იანი გადახრით. მზის ან მთვარის შემთხვევაში – ± 3°. ეს ასპექტი მუდმივად მუშაობს, ძირითადად ნეგატიურ სიტუაციებს, სირთულეებს იწვევს, რომლებიც შეიძლება სულაც არ ეხება კონკრეტულ ადამიანს. სტრესული ასპექტია. კვადრატისგან (რომლის დროსაც, პრაქტიკული გამოცდილებით შეიძლება სტრესის შემცირება) განსხვავებით მუდამ მიანიშნებს გადაულახავ პრობლემებზე, ენერგიის დახარჯვაზე.
ნახევარსექსტილი არის 30°-იანი ასპექტი, ± 1° … + 1,5°-იანი გადახრით. მზის ან მთვარის შემთხვევაში – ± 2°.ესაა ნახევარკვადრატის საპირისპირო ქმედების დადებითი ასპექტი. გვევლინება ადამიანთა ჯგუფების ან ბუნების მხრიდან როგორც დამხმარე ასპექტი. ნახევარსექსტილი პერიოდულად ირთვება როგორც დამხმარე ასპექტი.არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანს, რომელსაც ბევრი ნახევარსექსტილი აქვს, მას კოლექტივი ადვილად იღებს. მიანიშნებს ორი პლანეტის მიერ ერთმანეთის ხელის შეწყობაზე, თუმცა პრაქტიკული ძალისხმევა აკლია შედეგების განსახორციელებლად. ამიტომ, ამ ასპექტის ჩართვისთვის საჭიროა მოქმედება. ხასიათის დადებითი მახასიათებლები, დროებითი სიკეთე
72°-იანი ასპექტია, რომელიც ნახევარსექსტილს ჰგავს. შემოქმედებითი, კრეატიულობისა და იღბლიანობის ასპექტია. ხასიათდება ჰარმონიულობის, ცვლილებებისკენ და თავისუფლებისკენ მიდრეკილებით.
144° -იანი კვინტილის მსგავსი ასპექტი. მიანიშნებს ტალანტზე, შემოქმედებითობაზე, კრეატიულობასა და ორიგინალურ გადაწყვეტაზე.
განსხვავება ტრინსა და სექსტილს შორის: ტრინი ბუნებრივად მოქმედებს, ძალის გამოყენების გარეშე, ენერგია საჭირო მიმართულებით მიდის.ხოლო სექსტილს- ხელშეწყობა სჭირდება და მოქმედებს „როცა საჭიროა“., ენერგიას საჭირო მიმართულებით სჭირდება წარმართვა.
განსხვავება ოპოზიციასა და კვადრატურას შორის: კვადრატურა ქმნის დაბრკოლებებს, წინააღმდეგობებს, რომლებიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს, ოპოზიციაც ქმნის დაბრკოლებებს, თუმცა გადაწყვეტას ურთიერთობებით ცდილობენ, ვიდრე თავად დაბრკოლებებზე მუშაობით. კვადრატი იქმნება ერთმანეთთან დისჰარმონიულად დაკავშირებულ ელემენტებს შორის, ოპოზიცია- შემავსებელ სტიქიებს შორის.
რუკაში ასპექტის დომინირება:
შეერთება – ერთი მიმართულებით ამოქმედებს ადამიანს, ოპოზიციის უქონლობის შემთხვევაში უჭირთ მეორე მხარის დანახვა, ადვილად კარგავენ პერსპექტივას.
სექსტილი – კომუნიკაცია, კრეატივი, გამომხატველობა
კვადრატი – სირთულეზე და მოქმედებაზე ორიენტირება,მოტივირება, ენერგია, პიროვნული სიძლიერე, ბრმად დაუთანხმებლობა (ბრმად არ ეთანხმება სხვებს).
ტრინი – უცვლელობა, ნიჭიერება, კომფორტი, ადვილად დათანხმება
ოპოზიცია – წინააღმდეგობრივობა, ბალანსის ძიება, არაფოკუსირებულობა, ცხოვრების აზრის ძიება, ურთიერთობებით (გა)ზრდა.
რუკაში ასპექტის ნაკლებობა:
შეერთება – არ ეძიებენ პასუხების გამო, ადვილად ერთვებიან სხვადასხვა თემებზე, შემრიგებელი სიტუაციებზე
სექსტილი – ნაკლებად გამოხატავს თავს, კომუნიკაციისკენ არაა მიდრეკილი, შემოქმედებით უნარებს ყურადღებას არ აქცევენ.
კვადრატი – მოტივაციის ნაკლებობა, ირჩევს ადვილ გზებს, ცვლილებებისკენ მიდრეკილი არაა.
ტრინი – არაბალანსირებული, კონფლიქტზე ორიენტირებული.
ოპოზიცია – სუბიექტური, არ საჭიროებს თავისივე მსგავს პარტნიორს, საკუთარ თავზე ორიენტირებული, ურთიერთობებში ზრდას არ ეძებს.
უასპექტო პლანეტები
მზე – შესაძლოა ჰქონდეთ თვით–იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით პრობლემები, ეგოისტური გამოვლინებები და ქცევები.
მთვარე – სახლიდან, ოჯახიდან, ფესვებიდან მოწყვეტის განცდა.
მერკური – სიძნელეები აზრის გამოხატვაში. შესაძლოა იყვნენ წყნარი, მშვიდი ადამიანები. მიმართულები არიან ინტელექტუალური უნარების განვითარებისკენ.
ვენერა – პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებში; სოციალურები არიან.
მარსი –მოტივაციის ნაკლებობა, უკონტროლ ოენერგია.
იუპიტერი – სირთულე იღბლიანობაში, შემოქმედებითობის გამოხატვაში, თუმცა საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავენ მათზე.
სატურნი – არ აღიარებენ შეზღუდვებს, სიძნელეებთან გამკლავება უჭირთ, თუმცა შესაძლოა გამოიმუშაონ თვითდისციპლინა.
ურანი – საკუთარი თავის, პიროვნების გამოხატვაში პრობლემები. შესაძლოა უარიც თქვან თავის გამოხატვაზე.
ნეპტუნი – სირთულეები წარმოსახვით სფეროში, თუმცა შეიძლება გახდნენ რელიგიური აქტივისტები ან მსახიობები კარგად განვითარებული სამსახიობო მონაცემებით.
პლუტონი – ემოციური ენერგიის განმუხტვის პრობლემა.
თანამმართველობა Mutual Receptions
თანამმართველობაა, როცა ორი პლანეტა მდებარეობს ერთმანეთის ნიშნებში. მაგალითად: მარსი ტყუპებში და მერკური ვერძში. მარსი და მერკური თანამმართველები გამოდიან, რადგან მარსი მართავს ვერძს, მერკური -ტყუპებს. მათ კი რუკაში „ერთმანეთისთვის ადგილი, „ტანსაცმელი“ აქვთ გაცვლილი“. ითვლება, რომ ასეთ შემთხვევაში ორივე პლანეტა იმოქმედებს ერთმანეთისთვის ან ერთად. ისინი ჰგვანან მეგობრებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან. თუ სხვა პლანეტებთან აქვთ დაძაბული ასპექტები, თანამმართველობა ეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში. მეორე მსგავსი მაგალითი: ვენერა თხის რქაში,სატურნი-სასწორში. ვენერა მართავს სასწორს, ხოლო სატურნი-თხის რქას.
მახასიათებლები, რომლებსაც ასპექტები ატარებენ
ერთ–ერთი ვერსიით, ასპექტები მოქმედებენ გარკვეული პრინციპების მიხედვით, რომლებიც ნიშნებისა და სახლების ანალოგია.
შეერთება – ანალოგია ლომის და პირველი სახლის პრინციპებისა (ერთმანეთში შერეული).
ნახევარსექსტილი – ერთმანეთში არეული კირჩხიბისა და ქალწულის (წყალი და მიწა), მე-2 და მე-12 სახლების პრინციპები.
სექსტილი –ტყუპებისა და სასწორის (ჰაერი), მე-3 და მე-11 სახლების პრინციპების სინთეზი.
კვადრატი – კუროსა და მორიელის (მიწა და წყალი), მე-4 და მე-10 სახლების პრინციპების სინთეზი.
ტრინი – ვერძისა და მშვილდოსნის (ცეცხლის სტიქია), მე-5 და მე-9 სახლების პრინციპების სინთეზი.
კვიკონსი – თევზებისა და თხისრქის (წყალი და მიწა), მე-6 და მე-8 სახლების პრინციპების სინთეზი.
ოპოზიცია – მერწყულის (ჰაერის) და მე-7 სახლის პრინციპების ანალოგი.
იმისთვის, რომ უკეთ გასაგები გახდეს, ასპექტების შემთხვევაში რომელ სფეროებში ხდება მათი გამოვლინება, დაუკვირდით რა სფეროზეა პასუხისმგებელი ასპექტის მქონე, ერთმანეთთან დაკავშირებული პლანეტები.
მარტივი განმარტებები, რომლებიც პლანეტების ასპექტების აღწერისას დაგეხმარებათ
პლუტონი- ექსტრემალური სიტუაციები, ან ყველაფერი, ან არაფერი.
ნეპტუნი – სიზმრების, ოცნებების, ილუზიის, წარმოდგენების პლანეტა
ურანი – სხვა პლანეტებს მატებს ექსტრემალურობას, სიმძაფრეს, მოულოდნელობებს
სატურნი – წესრიგი, ორგანიზება, ამბიციები, მიზეზობრიობა, დისციპლინა, სიცივე, ჩაკეტვა და მძიმე მუშაობა
იუპიტერი – იღბლიანობა, გაფართოება
მარსი – მოქმედების, ენერგიის, აგრესიის პლანეტა
ვენერა – სიყვარულის, სიამოვნების პლანეტა
მერკური – აზროვნების, წერის, საუბრის,ზოგადად კომუნიკაციის პლანეტა
მთვარე – ემოციები, განცდები, თავდაცვა, ინტუიცია, სურვილები
მზე -შემოქმედებითობა, ყურადღება, პიროვნება
საყურადღებოა:
1. ასპექტები, რომლებიც კარდინალურ ნიშნებში მყოფ პლანეტებს შორისაა, ეხება სტრუქტურას (დიზაინს), გეგმებს, ენერგიას, ნებისყოფის ძალას. მუტაბელურ ნიშნებში – გონებას, ინტელექტს, ნერვებს, სტაბილურობის ინტერესს, შრომისმოყვარეობას. ფიქსირებულ ნიშნებში – ობიექტებს, შფოთვებს, სხეულს.
2. ყველაზე ძლიერად და მნიშვნელოვნად ბედზე მოქმედებს ფიქსირებულ ნიშნებთან ან ნიშნებში ასპექტები.
3. პლანეტების ძლიერი მდებარეობა აძლიერებს ასპექტზე პლანეტის გავლენას. თუ სუსტია – მისი მოქმედება სუსტად ვლინდება.
4. ყოველთვის საჭიროა პლანეტების სიძლიერის შესწავლა, რადგან შეერთებისა და ოპოზიციის შემთხვევაში სიძლიერეს მნიშვნელობა უფრო მეტად ენიჭება.
5. სექსტილი, ტრინი, კვადრატურა უკეთესად გამოავლენენ თავს, თუ უფრო ზუსტი ასპექტები არიან.
6. ანალიზის დროს, პირველ რიგში, ძირითადი ასპექტების შესწავლა უნდა დავიწყოთ და შემდეგ მეორადი ასპექტების.
7. პლანეტა სხვა ნიშანში ან სახლში უნდა განვიხილოთ ისევე, როგორც ამ სახლის მმართველთან შეერთებაში მყოფი ან როგორც მისი გავლენის მქონე.
8. მზესთან ასპექტი პლანეტას აძლიერებს
9. უკეთესია თუ მზე ასპექტებში უფრო ძლიერია მდებარეობით, ვიდრე მასთან ასპექტის მქონე პლანეტა
10. მზეს, მთვარესა და ვენერას შორის ასპექტები კუთხოვან სახლებში, რუკაზე მნიშვნელოვან გავლენას გვაძლევს.
11. ზე–პლანეტების (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი) ასპექტები დამახასიათებელია უფრო მეტად თაობებისთვის და არა ინდივიდებისთვის
12. მუტაბელურ ნიშანში მყოფი პლანეტის კვადრატურა არის მავნე ჩვევების სიმბოლური მაჩვენებელი.
13. მამრობით ნიშანში ასპექტი არის სიმბოლური მაჩვენებელი სიკეთისა და სიავისა, რომელსაც რუკის მფლობელი იწვევს.
14. მდედრობით ნიშანში ასპექტი არის სიმბოლური მაჩვენებელი სიკეთისა და სიავისა, რომელსაც რუკის მფლობელი ახლობლებზე უშვებს.
15. თუ არაზუსტ ასპექტში სწრაფად მოძრავი პლანეტა უახლოვდება ნელა მოძრავს (კლებადი ასპექტი), ეს ნიშნავს, რომ ასპექტს გავლენა მთელი ცხოვრება ექნება.
16. თუ არაზუსტ ასპექტში სწრაფად მოძრავი პლანეტა ნელ პლანეტას შორდება (ზრდადი ასპექტი), ნიშნავს, რომ ასპექტი სუსტად გამოვლინდება
17. ტრინი სუსტად იმოქმედებს, თუ მასში შემავალი რომელიმე პლანეტა უარყოფითი თვისებების მქონეა („ბოროტია“)
18. ოპოზიცია უფრო ძლიერი და მნიშნელოვანი იქნება, თუ მასში შემავალი პლანეტები კვადრატს ქმნიან სხვა პლანეტასთან (ტაუ–კვადრატი იქმნება), ხოლო სუსტად გამოვლინდება, თუ სექსტილს ან ტრინს ქმნის.
19. პლანეტების დაგროვება ერთ სახლში ან ნიშანში (ბევრი შეერთება), რუკაზე ამ ნიშნის გავლენას აძლიერებს. პიროვნება გამოხატულია და მისი ცხოვრებაც მოვლენებითაა დატვირთული. ტრანზიტების დროს,პლანეტის გავლენა ყველა პლანეტაზე აქტიურდება და ერთდროულად რამდენიმე სფეროს გააქტიურება ხდება, ასევე დიდი წარმატება ან დანაკარგიც.
20. რაც უფრო ჰარმონიულია პლანეტებს შორის დამოკიდებულება, ცხოვრება მით უფრო მშვიდია
ასპექტების მახასიათებლები ადამიანურ ენაზე :)
შეერთება (0°) – „ორნი ნავში“. პლანეტები ერთად მიდიან საერთო მიზნისკენ, მეგობრობენ თუ არა – დამოკიდებულია პლანეტებზე. მზე და მთვარე არ „მეგობრობენ“ სატურნთან და მარსთან; მერკური საერთო ენას ყველასთან პოულობს; ვენერა არ მეგობრობს სატურნთან; მარსი და სატურნი არავის უმეგობრდებიან; იუპიტერი არ მეგობრობს მარსთან.
სექსტილი (60°) – პლანეტები ერთმანეთს უთანხმდებიან – „დამიძახე, როცა დაგჭირდები“. შესაძლებლობების ასპექტია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო.
კვადრატურა (90°) – „კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ“. ეს პლანეტების რინგია. კვადრატურის შემთხვევაში პლანეტები რინგზე ხვდებიან და პერიოდულად ერთმანეთს „ურტყამენ“. არასასიამოვნო და მტკივნეულია, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრს გასწავლით. მაგ: როგორ აიცილოთ თქვენსკენ მოქნეული მუშტი ან მეტოქეს აჯობოთ.
ტრინი (120°) – „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“. პლანეტები საფენებიდან მეგობრობენ, ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან. თუმცა, არსებობობს ერთი „მაგრამ…“ – კარგს სწრაფად ვეჩვევით და დახმარებას, რომელსაც მაშინვე ვიღებთ – აუცილებლობად, ვალდებულებად ვთვლით.
ოპოზიცია (180°) – პლანეტები მოქმედებენ პრინციპით „შენ ან მე“ – სხვა არჩევანი არაა! დისჰარმონიული ასპექტია, რომლის ამოცანაა პლანეტების პრინციპებს შორის ბალანსის სწავლა.
წყარო: გლობა, ვინკლერი, კეფერი, Сакоян, Льюис Эккер, cafeastrology.com, skyviewzone.com, astro.com, bobmarksastrologer.com, astrology-numerology.com, aaarf.net
სტატიის ავტორი: თამთა