ახალი გამოცდილება – მთვარის კვანძები სასწორი-ვერძში (18.02.2014 – 12.11.2015)

ახალი გამოცდილება – მთვარის კვანძები სასწორი-ვერძში (18.02.2014 – 12.11.2015)

რას ნიშნავს მთვარის კვანძები

თებერვლის მთავარ ასტროლოგიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მთვარის კვანძების გადასვლა მორიელი-კუროს ნიშნიდან სასწორი-ვერძის ნიშანში. აღნიშნული მდებარეობა 2015 წლის 12 ნოემბრამდე გასტანს. სოციალური გამოცდილების მიღების პერიოდია.

მთავარი სფერო – პირადი ცხოვრება, პირადი და სოციალური ურთიერთობები, ჯგუფური ქმედებები, სამართლიანობის დაცვა, “მოწინააღმდეგის” აზრის გათვალისწინება, თანასწორობა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაა. მთვარის კვანძების ცვლის პარალელურად ურანის, პლუტონის და იუპიტერის დაძაბული ასპექტია, ამიტომ სასურველია მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ამოცანებს, მიზნებს, მოქმედებებს (განსაკუთრებით ეხება ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს).

2014-2015 წლებში საერთო, საზოგადოებრივი ცხოვრება წინა პლანზე იწევს, ცვლილებებიც და ახალი მიმართულების არჩევაც სწორედ ამ სფეროს ეხება. ჩვენ მოგვიწევს სამართლიანი, სწორი და კორექტული ქცევის სწავლა ან განხორციელება სხვების ინტერესების გათვალისწინებით. „სხვებში“ მოიაზრება როგორც სასიყვარულო პარტნიორი, ასევე საქმიანი პარტნიორები, საზოგადოება, ის გარემო და ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს. ნაკლებად გამოიყენეთ ძალისმიერი მეთოდები, ორიენტირდით თანამშრომლობაზე. პირადი ინიციატივა და ქმედებები გამოიყენეთ საზოგადოებრივი საქმეების, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.

აღმავალი კვანძი „გაფართოებაა“, ახალი გამოცდილება, მიმართულება, ამოცანები. სასწორი ჰარმონიის, წონასწორობის, თანამშრომლობის ნიშანია, შესაბამისად ამ პერიოდის მიმართულება, ამოცანები თანხვედრაში იქნება ამ მახასიათებლებთან. ერთის მხრივ, აღმავალი კვანძი სასწორში მოიტანს სრულყოფილებისკენ მიდრეკილებას (ახლანდელი მდგომარეობით უკმაყოფილებას), პარტნიორულ ურთიერთობებში სიახლის შეტანის, „გაფართოების“, ახალი პოტენციალის მოძიების სურვილს, გადაწყვეტილების მიღების პრობლემას.

ამ პერიოდში მოსალოდნელია როგორც ძველი ურთიერთობების გადახედვა-განახლება, ასევე ახალი ურთიერთობების, პარტნიორობის შექმნა, ახალი საქორწინო და საქმიანი კონტრაქტების გაფორმება.

აღნიშნული პერიოდი საყურადღებოა სასწორებისა და ვერძებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ამ ნიშნებში ჰყავს მთვარის კვანძები.

რომ შევაჯამოთ, აღმავალი კვანძის ტრანზიტი სასწორში მოიტანს:

  • პარტნიორული (როგორც პირადი, ასევე საქმიანი) ურთიერთობების განახლებას, გადახალისებას.
  • ერთობლივი, ჯგუფური სამუშაოებით უფრო მეტი შედეგის მიღწევას, ვიდრე ინდივიდუალური ძალისხმევით.
  • საკუთარი შესაძლებლობების სხვებთან გაზიარებას.
  • თანასწორობის, სამართლიანობის, კანონების დაცვის მოთხოვნების ზრდას (მშვიდობიანი გზით).
  • საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცვლილებებს, რეფორმებს მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.
  • ხელოვნების ახალი მიმდინარეობების ან ფორმების გაჩენას.
  • ამ პერიოდში ვსწავლობთ ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთობებს, პარტნიორობის საშუალებით მოქმედებას, სოციუმთან ჰარმონიულ ურთიერთობას.

პირად რუკაზე გავლენა

ტრანზიტული მთვარის კვანძების შეერთება (ან სხვა ასპექტი) პლანეტასთან ან სახლთან იმ სფეროს მოვლენებს ააქტიურებს. ასპექტებს მცირე „გადაცდენით“ ვიღებთ (0,5° – 1°).

ტრანზიტული პლანეტის შეერთება თქვენს მთვარის კვანძთან – მთვარის კვანძის გამოვლინება ხდება იმ პლანეტის სფეროსთან დაკავშირებულ ადამიანებთან, სფეროსთან, მოვლენებთან, ენერგიებთან. მაგ: ტრანზიტული მზის შეერთება თქვენს აღმავალ კვანძთან მიანიშნებს შემოქმედებითი პოტენციალის ზრდაზე, პიროვნულად მეტად შესამჩნევი შეიძლება გახდეთ.

ტრანზიტული აღმავალი კვანძის შეერთება თქვენს პლანეტასთან – ახალი მოტივები, შესაძლებლობები. აღმავალი კვანძი ჩვენს წინ ახალ „კარს“, შესაძლებლობებსა და საშუალებებს ხსნის. ახალ გამოცდილებას ვიღებთ პლანეტის სფეროებში. მაგ: ტრანზიტული აღმავალი კვანძის შეერთება თქვენს მთვარესთან – ქალებთან ან დედასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.

ტრანზიტული დაღმავალი კვანძის შეერთება თქვენს პლანეტასთან – სირთულეები იმ ადამიანებთან, სფეროებთან, ენერგიებთან, რომლებიც პლანეტას უკავშირდება. დაღმავალი კვანძი დროებით „ანელებს“, „ბლოკავს“ პლანეტის გამოვლენის საშუალებას, ახალი გამოცდილების მიღებას. ამ პერიოდში ძველი ურთიერთობის, ვალის, ქმედების გამოსწორება ან დასრულება ხდება. მაგ: ტრანზიტული დაღმავალი კვანძი თქვენს მერკურს უერთდება – ახალი ნაცნობობა ნაკლებადაა მოსალოდნელი, ზოგადად ნაცნობების წრე იკვეცება ან ცვლილებას განიცდის, ძველი ნაცნობობის გახსენება და მისი დასრულება ხდება.

სახლი, რომელსაც მთვარის კვანძი გადის – თემა, სფერო, რომელზეც კონცენტრირება ან ახალი გამოცდილების მიღება გვიწევს. მაგ: ტრანზიტული აღმავალი კვანძი მე-7 სახლს თუ გადის, ახალ გამოცდილებას ვიღებთ პირად და საქმიან ურთიერთობებში, ამავე პერიოდში დაღმავალი გადის 1-ელ სახლს – ნაკლებად მოგვეცემა მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირების ან დაყრდნობის საშუალება.


About Tamta

Scroll To Top