ბუდდიზმი

ბუდდიზმი

ბუდდიზმი ე.წ. მსოფლიო რელიგიათა რიცხვში შედის და მისი დამაარსებლის, ბუდდა შაკიამუნის შესახებ ცნობებს მივყავართ ინდოეთის ჩრდილოეთში. როდესაც ის მოევლინა ამ ქვეყანას, ინდოეთს ჰქონდა გამომუშავებული დიდი სულიერი კულტურა და გამოცდილება, და ამ გარემოცვაში ბუდდას უნდა ეთქვა ახალი სიტყვა, აღმოსავლეთის სულიერ ცხოვრებაში სიახლის შემომტანი უნდა გამხდარიყო. სიტყვა „ბუდდას“ ფუძე უნდა ვეძიოთ სანსკრიტში, სადაც „ბუდჰ“ ნიშნავს გამოღვიძებას და მოცემულ სწავლებაში აღნიშნავს მძინარე მდგომარეობიდან გამოსვლას.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეექვსე საუკუნეში წარმოშობილი სწავლების ფუძემდებელილ, სახელად სიდჰარტჰა, რომელსაც მოგვიანებით ბუდდა ეწოდა, დაიბადა შაკიების არისტოკრატულ ოჯახში, რომელიც მართავდა მცირე ქვეყანას ინდოეთისა და ნეპალის საზღვარზე. დედამ, სახელად მაიამ, შვილის ჩასახვის ღამეს იხილა სიზმარში, რომ მასში შედიოდა თეთრი სპილო. სიდჰარტჰა გაუტამას დაბადების დღე, მაისის სავსემთვარობა აღინიშნება ქვეყნებში, სადაც ბუდდიზმი გავრცელებულია. მამამ გადაწყვიტა, რომ მის შვილს არ ენახა ამ ქვეყნის გაჭირვება და ააშენა ისეთი სასახლე, საიდანაც სიდჰარტჰა ვერ დაინახავდა სენს, სიღატაკესა და გაჭირვებას… ახალგაზრდა კაცი იზრდებოდა სიმდიდრესა და ფუფუნებაში, მან ცოლი მოიყვანა და შვილიც გაუჩნდა… მაგრამ სიდჰარტჰამ მაინც შენიშნა, რომ ადამიანები სნეულდებიან, ბერდებიან და კვდებიან და დაფიქრდა ცხოვრების აზრზე. იგი მივიდა დასკვნამდე, რომ მატერიალური კეთილდღეობა არ არის საბოლოო მიზანი ცხოვრებისა. მან გადაწყვიტა დახმარებოდა ადამიანებს ჭეშმარიტების ძიებაში და 29 წლის ასაკში წავიდა სახლიდან, გახდა რა განდეგილი. დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში ის დადიოდა მდინარე განგის მიდამოებში, ესაუბრებოდა ბრძენ ხალხსა და მქადაგებლებს, მისდევდა ცხოვრების ასკეტურ წესს. მოგვიანებით, როდესაც დაასკვნა, რომ ხორცის მოკვდინება იწვევს გონების დაქვეითებას, ხოლო შედეგი არ დგება, სიდჰარტჰა გაუტამამ ხელი აიღო ასკეტიზმზე.

ბუდდას ქანდაკება.

35 წლის ასაკში სიდჰარტჰამ იგრძნო, რომ ჭეშმარიტება ახლოს არის და მიეცა მედიტაციას, რომელშიც რამდენიმე კვირა იმყოფებოდა, გარესამყაროს მოწყვეტილი. მედიტაციის პროცესში სიდჰარტჰა გაუტამამ მიაღწია გასხივოსნებას, ანუ გახდა ბუდდა, გამოღვიძებული, რომელმაც შეიცნო სამყაროს საიდუმლოებანი. ამის შემდეგ, 45 წლის განმავლობაში ის დადიოდა მთელს ქვეყანაში და ქადაგებდა თავის სწავლებას და გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. ბუდდისტურ ტექსტებში მოიხსენიებიან ღმერთები, ღვთაებები, სულები, დემონები, რომლებიც მასთან მოდიან და ესაუბრებიან. აღსანიშნავია, რომ ბუდდას ცხოვრების შესახებ ტექსტები ჩაიწერა მისი სიკვდილიდან ოთხასი წლის შემდეგ. აღნიშნული ტექსტები მეტ ყურადღებას უთმობენ სწავლებას, ფილოსოფიურ მხარეს, ვიდრე ქრონოლოგიურ ასპექტებს.

არის კამათი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ბუდდიზმი იწოდებოდეს რელიგიად. არსებობს შეხედულება, რომ ის უმჯობესია იწოდებოდეს ფილოსოფიურ მოძღვრებად.

ბუდდიზმში ჩამოყალიბდა მრავალი სკოლა და მიმდინარეობა, რომელთა შორისაც ზოგჯერ მნიშვნელოვანი განსხვავებებია სწავლებაში. მაგრამ საყურადღებოა ისიც, რომ ბუდდიზმში მწვალებლობა არ არსებობს, რადგან შემეცნებაში ბუდდიზმი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს პირად გამოცდილებას, სუბიექტურ აღქმას და საკმარისად მიიჩნევა ბუდდას სწავლების მთავარ პრინციპებთან მიახლოვება, რადგან ამ რელიგიის მიმდინარეობები მრავალგვარად გვაწვდიან ბუდდა შაკიამუნის მიერ გადმოცემული დოქტრინის განმარტებებს.

ბუდდა თავად მოუწოდებს თავის მიმდევრებს ჭეშმარიტების იმგვარი მიღებისკენ, რომ მოხდეს ამ ჭეშმარიტების გააზრება და მასთან პრაქტიკით მისვლა. ბუდდასთვის ეს ცოდნა ხომ მედიტაციის, საკუთარ თავში ჩაღრმავების მეშვეობით გაიხსნა.

ოთხი ჭეშმარიტება გამოაცხადა ბუდდამ:

  • ყოველი ცოცხალი არსება იბადება, რაც გამოვლინებაა იმისა, რომ არსებობს ტანჯვა (სანსკრ. დუკკჰა), რომელშიც მოიაზრება მოუსვენრობა, აღელვება, შიში, დაუკმაყოფილებლობა, არამდგრადობა.
  • ტანჯვას აქვს თავისი მიზეზი.
  • არის შესაძლებლობა დუკკჰასგან გათავისუფლებისა.
  • არსებობს გზა, რომელსაც მივყავართ დუკკჰასგან გათავისუფლებისკენ.

სწორედ ამ გათავისუფლებკენ მიჰყავს ადამიანი რვასაფეხუროვან გზას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

  • სწორი გაგება
  • სწორი მისწრაფება
  • სწორი აზროვნება
  • სწორი მეტყველება
  • სწორი ქმედება
  • ცხოვრების სწორი წესი
  • სწორი ძალისხმევა
  • სწორი თვითჩაღრმავება

ამას კი მივყავართ ნირვანასკენ, რაც ნიშნავს ქრობას, ის გათავისუფლებაა სურვილებისგან, დამოკიდებულებათაგან და მიჯაჭვულობისაგან, გათავისუფლება ტანჯვისგან. ნირვანას მრავალგვარი განმარტება აქვს, ის მოცემული ახსნა ერთგვარი განზოგადებაა სხვადასხვა სწავლებისა ნირვანას შესახებ.

ბუდდიზმში მეტად მნიშვნელოვანია მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა და კარმას შესახებ სწავლება. დიდი ყურადღება ეთმობა ტანჯვის მიზეზებისა და მათი დაძლევის საშუალებას. კარმას შესახებ სწავლება კი, რომელიც დამახასიათებელია ზოგადად ინდური ფილოსოფიისა და რელიგიური სისტემებისთვის, განმარტავს, რომ ადამიანის ქმედებები განსაზღვრავენ მის მომავალს. ეს დოქტრინა უკავშირდება ბუდდისტურ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, რომელშიც შემოტანილია სანსარას გაგება, რაც გულისხმობს, რომ ადამიანის სული გადის მრავალ ცხოვრებას, ყოველ ხელახალ განსხეულებას, ანუ ინკარნაციას აქვს თავისი დანიშნულება და წინა ცხოვრების შედეგები განსაზღვრავენ მომავალი ცხოვრების მიმართულებებს, ხოლო ამ წრებრუნვიდან გასვლას, ტანჯვის დაძლევასა და ნირვანას მიღწევას ისახავს მიზნად ბუდდიზმი.

ბუდდიზმი ეხება ასევე სწავლებას ონტოლოგიურ, ანუ ყოფიერების საკითხში, როგორიც არის მოსაზრება ყოფიერების წამიერებაზე. ყოველი მდგომარეობა განიხილება როგორც არამდგრადი, წამიერი. ბუდდიზმა ასევე გადახედა შეხედულებებს პიროვნული და უპიროვნო ასპექტების შესახებ, რაზეც მუდმივად იმართება პოლემიკა ბუდდისტებსა და სხვა რელიგიური სისტემის წარმომადგენლებს შორის.

როგორც აღინიშნა, ბუდდიზმმა გაიარა განვითარების სხვადასხვა ეტაპები, წარმოიშვა მრავალი სკოლა და მიმდინარეობა ამ სწავლების შიგნით, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებულ პრინციპებზე თანხმდება ყველა ბუდდისტი, თავისი გარკვეული დათქმებითა და განმარტებებით.

ბუდდისტი ბერები.

ავტორი: გიორგი


About Giorgi

Scroll To Top