დაბადების რიცხვი – 6

დაბადების რიცხვი – 6

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება).

მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 8 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 8+3+1+9+5+7=33. 33 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 33=3+3=6. ამ ადამიანის რიცხვი 6-იანი ყოფილა.

 

რიცხვი 6

მთავარი საკითხები: ოჯახური და სოციალური პასუხისმგებლობა, სიყვარული, შემოქმედება

ბედნიერი რიცხვები: 6, 15, 24

სასიკეთო დღეები: ოთხშაბათი, პარასკევი

ძლიერი პერიოდები: 20 თებერვალი – 20 მარტი, 21 აპრილი – 21 მაისი, 24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი.

სუსტი პერიოდები: 21 მარტი – 20 აპრილი, 24 აგვისტო – 23 სექტემბერი, 24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი.

ურთიერთობები: უკეთესად ეწყობიან 3, 5 და 6 რიცხვის მქონე ადამიანებს.

ექვსიანების მმართველად ვენერა ითვლება. ეს პლანეტა თავისი რიცხვის ქვეშ დაბადებულებს ხიბლს მატებს, რაც მოხუცებულობაშიც უნარჩუნდებათ.  ვედურ ნუმეროლოგიაში 6-იანები ყველაზე წარმატებულ ადამიანებად ითვლებიან (ვედურ ნუმეროლოგიაში, ყურადღებას აქცევენ დაბადების რიცხვს, ანუ მათი მიხედვით 6-იანები შეიძლება იყვნენ 6, 15, 24 რიცხვებში დაბადებულებიც).

ექვსიანების თითქმის მთელი ცხოვრება ემოციებით, გრძნობებითა და სასიყვარულო თავგადასავლებითაა სავსე. ამ ადამიანებს მრისხანებისა და უარყოფითი ემოციების ღიმილით დაფარვა შეუძლიათ. გარშემომყოფებისგან უკონფლიქტობით გამოირჩევიან.

დადებითი მახასიათებლები: ექვსიანების პირად ცხოვრებაში უამრავი ადამიანი ჩნდება, ბევრს მოსწონს. საპირისპირო სქესის ადამიანებთან პოპულარობით სარგებლობენ იმ შემთხვევაშიც, თუ სილამაზის ეტალონს არ წარმოადგენენ.

სასიყვარულო პარტნიორები მათ ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებენ არამხოლოდ პირად, არამედ კარიერულ ცხოვრებაშიც.

ექვსიანების ცხოვრებაში სიყვარული დიდი რაოდენობითაა – ყველა სფეროს მოიცავს, ყველა ქმედებაში იგრძნობა. მათთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახი და პირადი ცხოვრება დგას.

ამ რიცხვის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საკუთარი სახლი უყვართ და მის კომფორტულ მოწყობას დიდ დროს უთმობენ. მიუხედავად მოჩვენებითი ქარაფშუტობისა, ექვსიანები საიმედოები არიან. შეგიძლიათ დაეყრდნოთ და მათი იმედი იქონიოთ.

ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ პირობის შესრულებას. ახლობლების პრობლემებით ხშირად ინტერესდებიან, გულკეთილად ექცევიან მათ გარშემო მყოფ ადამიანებს და დასახმარებლად მზად არიან.

უარყოფითი მახასიათებლები: ექვსიანები ეშმაკობისკენ მიდრეკილნი არ არიან, მაგრამ თუ წარმატების მისაღწევად არასწორ ან ფარულ გზას აირჩევენ, წარუმატებლობა თან სდევთ. გარშემომყოფთა საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას უნდა ერიდნონ. ასევე, სასურველია თუ პერიოდულად გარშემომყოფთა წრეს გაფილტრავენ და გვერდით მყოფებს ყურადღებით შეარჩევენ.

ექვსიანების უარყოფითი თვისებაა გარშემომყოფთა ცხოვრებაში „განზავდეს“, გაითქვიფოს, რასაც უნდა ერიდოს. საკუთარი ინტერესების ჩამოყალიბება მათთვის უმნიშვნელოვანესია. ამის გარდა, ექვსიანები დიდ ყურადღებას აქცვენ გარეგნულ მონაცემებს, გარეგნობას. მათ მოეთხოვებათ ბალანსის დაცვა ფიზიკურ და სულიერ სილამაზეს შორის, ინტელექტის, სულიერი თვისებების განვითარება.

ასევე, ექვსიანები არ გამოირჩევიან პრაგმატულობით, შეუძლიათ თანხა (საკუთარი თუ სხვისი) ერთიანად დახარჯონ. ექვსიანების სიკეთე სიძულვილში იზრდება, თუ უღალატებენ. ამ შემთხვევაში შეუძლიათ შურისძიება წამოიწყონ. თუმცა, უნდა ახსოვდეთ, რომ სიძულვილი ისევ მათ დააზიანებს. კარგი იქნება, თუ პატიებას, უარყოფითის გაშვებას ისწავლიან.

მომზადებულია  ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Tamta

Scroll To Top