ისინი არასდროს ამთავრებენ დაწყებულ სტროფს.
ეს ვერძისა და მერწყულის საერთო თვისებაა. მათ ყოველთვის ყველაფერი ახალი იზიდავთ,სანამ ის ჩვეული გახდება. როგორც კი სიახლის ეფექტი ქრება, მყისვე ტოვებენ,რომ თავით გადაეშვან მორიგ თავგადასავალში. ტოვებენ და არასდროს იხედებიან უკან, არც არასდროს ოხრავენ, ცხადია, თუ ორივე თავისი მზის ნიშნის ტიპური წარმომადგენელია. ვერძისთვის დღევანდელი დღე გუშინდელზე მნიშვნელოვანია, მერწყულისთვის კი ხვალინდელი დღე დღევანდელსაც ჩრდილავს და გუშინდელსაც.
დროდადრო მათი მიწიური გზები იკვეთება და ეს ყოველთვის საინტერესო შეხვედრებია, მათ დაბადებამდე დიდ ხნით ადრე ზემოდან განსაზღვრული.
ვერძი მოქმედების ადამიანია და ის პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრისკენ იწევს. არც მერწყულისთვის არის უცხო ენთუზიაზმი, მაგრამ ის არ აჰყვება ემოციებს. მართალია, ყველაფერი აინტერესებს, რაც მის გარშემო ხდება, მაგრამ ურჩევნია მიმდინარე მოვლენებს უსაფრთხო დისტანციიდან ადევნოს თვალი. ასე ინარჩუნებენ მერწყულები მიუკერძოებლობასა და მოქმედების თავისუფლებას.
ვერძისა და მერწყულის კავშირს,მეგობრული იქნება, ნათესაური, საქმიანი თუ სასიყვარულო, ყოველთვის კარმულ ვალდებულებათა ბეჭედი აქვს დარტყმული. ეს ან დიდ სიკეთეს მოიტანს ან დიდ უბედურებას,მაგრამ დანამდვილებით შეცვლის ორივეს ცხოვრებას.
მერწყული გულწრფელად მადლიერია თავისი ვერძი მეგობრის, რომელმაც მასთან მზრუნველობისა და ავადმყოფობის ტვირთი გაიზიარა, მაგრამ უკვირს:“რაში სჭირდება სხვისი პრობლემები?“ ვერძი, განგების ნებით, კოსმიურ ვალებს აბრუნებს. ამას გარდა, მერწყულთან ურთიერთობა მის ინტელექტუალურ ჰორიზონტს აფართოებს და მასში მოულოდნელ მიზნებს აღვიძებს, რაც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მერწყულიც ასეთივე გულისხმიერებით აგვარებს ვერძის საქმეებს და სრულიად უანგაროდ ეხმარება ფულით; ისიც თავის ვალს აბრუნებს.
ისინი სერიოზულად მეგობრობენ და სერიოზულად მტრობენ. მაგრამ თუ მიტევებამდე ამაღლდნენ, დასაბამს დაუდებენ დამეგობრებათა უსასრულო ჯაჭვს შემდეგ განსხეულებებში.
მერწყული ერთ-ერთი იმ ოთხთაგანია, ადამიანური ასტროლოგიური ნიშნებიდან (ტყუპები, ქალწული, სასწორი), რომელიც თავის ვნებებს ვერძზე უკეთესად აკონტროლებს. ვერძისთვის სიყვარული და სიძულვილი ხშირად ეგოიზმით სქლად შეზავებული ინსტინქტებია. მერწყული კი ინსტინქტებიდან უმაღლეს ცნობიერებამდე და წმინდა ინტუიციამდე მაღლდება, რაც მას ზებუნებრივი უნარებით აჯილდოებს_მაგალითად,ტელეპატიით.
ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ვერძიც ფლობს ამ ნიჭს, მაგრამ ეს ილუზიაა. უბრალოდ ყველგანმავალი მარსის გავლენა მას პრობლემების არსში ჩაწვდომის საშუალებას აძლევს. მერწყულის იდუმალ გასხივოსნებას სხვა ხასიათი აქვს. მერწყული კოსმოსიდან მომავალ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებებს იჭერს, თან იმის მეათედ ენერგიასაც არ ხარჯავს ამისთვის, რასაც ვერძი.
მათ არაფერი უშლის ხელს, ერთმანეთს გაუგონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი აზრები იყოფა, ჰაერისა და ცეცხლის ბუნებრივი სიმპათია მნიშვნელოვნად ეხმარება მათ დისჰარმონიის დაძლევაში.
ვერძებს ხშირად აჯავრებენ მიამიტობის გამო. მერწყულებს კი გიჟებად თვლიან. სამყაროს მათი არ ესმის, თუმცა ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორ გზაზე დგანან. განა ეს საკმარისი მიზეზი არ არის, რომ გაერთიანდნენ და უფერულ რუტინას დაუპირისპირდნენ? ვერძის თავზეხელაღებული და მერწყულის უცნაური სიბრძნე, ერთად გადადნობის შემდეგ, ჯადოსნური ნაერთი გამოდის. მათი აგებული ჰაეროვანი ციხე-სიმაგრეები, საღად მოაზროვნეთა გასაკვირად, ქვითა და კირით აშენებულ შენობებზე მტკიცე აღმოჩნდება ხოლმე.
ურანისგან ბოძებული მოთმინების წყალობით,მერწყული შემწყნარებლურად ეკიდება ვერძის ბავშვურ ახირებებსა და თავისებურ ფანტაზიებს. მეომარი მარსი კი ვერძს მერწყულის სიჯიუტესთან გამკლავებაში ეხმარება. მოკლედ,ეს გიჟური და ზღაპრული კავშირია.
მერწყული ვერაფრით აგებინებს ვერძს,რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი არ შეიძლება. ეგოს უკუგდება ვერძს ისეთივე სიამოვნებას ანიჭებს,როგორც უკუნეთ სიბნელეში ხეტიალი. მერწყულები განწირულები არიან,სამყაროს ისეთი იდეები უძღვნან,რაც გაუგებარი და დაუფასებელი დარჩება დიდი ხნით.
„ადამიანის ყველა პრობლემას საკუთარი გრძნობებისა და მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასება განაპირობებს!“_ წამოიძახებს მერწყული.
„ადამიანები, რომლებიც საკუთარ გრძნობებს აუფასურებენ და თრგუნავენ, ცივები და უგულოები არიან!“_ეპაექრება ვერძი.
ვერძი მამაკაცი და მერწყული ქალი
მე დავბრუნდი!
რატომ არ გიხარია?
დღეს ვერძის დაბადების დღეა. მან ეს-ესაა გაუგზავნა დედას მისალოცი წერილი და ახლა თავისი საყვარელი მერწყულისკენ მიეჩქარება. გახარებული და აღელვებული პირდაპირ იჭრება მის ბინაში და გოგონას მკლავებში მოიმწყვდევს.
ვერძი: ძალიან მაგარი იდეა მაქვს. იმ პატარა იტალიურ რესტორანში ვისადილოთ, შემდეგ „სიყვარულის ისტორიას“ ვუყუროთ, ელ მაქგროუს და რეინ ო’ ნილის მონაწილეობით.
მერწყული (ძილიანი მზერით ათვალიერებს რაღაცას მის მიღმა) : საინტერესოა ამ ლაქის ამოყვანა თუ შეიძლება ჭერზე? გარშემო რომ ყვავილები მივუხატო? ეს ისეთი ორიგინალურია! ფრესკები ჭერზე, როგორც სიქსტეს კაპელაში.
ვერძი: რაზე ლაპარაკობ? მე დაბადების დღეზე გეუბნები.
მერწყული: მაპატიე, საყვარელო. შემიძლია დავიფიცო,რომ მიქელანჯელო იტალიაში დაიბადა…თუ საფრანგეთში?.. რაღაც ისე ვერ არის? განაწყენებული მეჩვენები.
ვერძი: არა,რა ნაწყენი?.. გაგიჟებული ვარ!
მერწყული: ასცედენტი კუროში ჰყავს…
ვერძი: ვის?
მერწყული: ელი მაქგროუს. ვერძია, შენსავით, მაგრამ ასცედენტი კუროში ჰყავს. იმ წუთიდან ვტირი,რაც პირველი წინადადება წავიკითხე…
ვერძი: საერთოდ,გაიგე რა გითხარი?
მერწყული: სულ ოცი წლის იყოს,როცა მოკვდა.
ვერძი: ოჰ,ღმერთო ჩემო!
მერწყული: ერთი სული მაქვს,როდის ვნახავ იმ ფილმს. და ის არაჩვეულებრივი იტალიელი მიმტანი… როგორ მიხვდა,რომ შეყვარებულები ვიყავით… სანთლები და ყვავილები რომ მოგვიტანა. ჰო,იმ ღვინოს გაჩუქებ შენს დაბადების დღეზე რომ ვსვამდით. ახლავე ჩავიწერ,რომ არ დამავიწყდეს. მომავალ თვეში არ გაქვს?.. რატომ მიყურებ ასე უცნაურად? ააა,გასულ თვეში გქონდა?
მერწყულს ვერაფრით ესმის მისი აღშფოთება. კარგი ჰო,რაღაც შეეშალა. ნეტავ, რატომ თვლიან დაბნეულად? ზოგიერთი იმასაც იტყვის,რომ ღრუბლებში დაფრინავს. მაგრამ ვერძი ამას უპატიებელ დაცინვად თვლის. მას ვერ ამჩნევენ! რას ვიზამთ,ეს მართალია,მაგრამ მას ხომ მარტო ვერძი არ ავიწყდება. მაგალითად,წამლის საათობრივად მიღებაც არ ახსოვს.
ტიპური ვერძი სიყვარულში დაუფიქრებლად,პირდაპირ თავით ეშვება და ამავეს ელის თავისივე რჩეულისგან. თუ მყისიერი პასუხი ვერ მიიღო,შეურაცხყოფილია:“ვის სჭირდება საერთოდ?“ შეიძლება ზუსტად მას,მაგრამ ვერძს არ შეუძლია თავს ცალმხრივი სიყვარულის უფლება მისცეს.
მერწყულ გოგონას უჭირს არჩევნის გაკეთება. ეს ურანის წყალობა და წყევლაა. მას შეუძლია ყველა უცნობში აღმოაჩინოს რაღაც ამაღელვებელი და საინტერესო. მერე როგორ გაარჩიოს გატაცება და სიყვარული ერთმანეთისგან? მით უმეტეს,რომ მას ყოველთვის ერევა სიყვარული და მეგობრება. სამაგიეროდ,კარგად არჩევს სიყვარულსა და ფიზიკურ მიზიდულობას. მისი სტიქია ჰაერია,ის მენტალური ნიშნით არის დაბადებული და ამიტომ ინტელექტუალურ ნათესაობას ეძებს. განა ის,რომ შეცდომებს არ უშვებს და უმანაკოა,არა… უბრალოდ მას,ხორციელი ვნებების გარდა,კიდევ რაღაც სჭირდება.
ვერძი მამაკაცი ვერ დაიპყრობს მას მხოლოდ არამიწიერი სიყვარულის მხურვალე აღიარებებითა და დაპირებებით,მაგრამ თუ მერწყულმა არჩევანი მასზე შეაჩერა,ის არ დაიწყებს კდემამოსილ პოზირებას და ვერძის გაურკვევლობებით ტანჯვას. უფრო რაღაც ამდაგვარს მოუხევს:“მგონი შემიყვარდი. იქნებ ღამე ერთად გაგვეტარებინა?“ ვერძი წუთით გაქვავდება,მაგრამ მხოლოდ წუთით. ის თვითონაც მართალი და პირდაპირია. ამ წყვილს საერთოდ სძულს თვალთმაქცობა და გულგრილები არიან სხვისი აზრის მიმართ. ორივე იმას აკეთებს,რაც თავში წამოუფრენთ და უბრალოდ აღმერთებენ ეპატაჟს.
მათ ურთიერთობაში ერთი საშიში წყალქვეშა ქვაა: ორივე მამაკაცური მზის ნიშნით არის დაბადებული და მამაკაცური პლანეტების გავლენას ექვემდებარებიან. ეს რაღაც ბავშვური თამაშის მსგავსია,როდესაც ერთერთი გამყოფ ხაზს ავლებს და მეორეს გადასაბიჯებლად აქეზებს. თუმცა ისინი არამხოლოდ მუჯლუგუნებითა და პანჩურებით აჯილდოებენ ერთმანეთს,მეგობრობაც შეუძლიათ. ეს 11-3 დადებითი ფორმულაა. არც ისე ცუდია,როდესაც წყვილს,ვნებებზე მეტად,მეგობრობა აკავშირებს. და კიდევ ერთი: ისინი მარტივად გამოხატავენ გრძნობებს სიტყვებით,ამიტომაც უპრობლემოდ არკვევენ ნებისმიერ გაუგებრობას. მერწყულს,ისევე როგორც ჰაერის სხვა ნიშნებს,ძალიან უყვარს საუბარი.
მაშ ასე,მერწყულმა გოგონამ გადაწყვიტა სასიყვარულო კავშირი დაამყაროს ვერძ მამაკაცთან და მათ შორის ჰარმონია გამეფდა. მაგრამ მისი რჩეული არ უნდა მოდუნდეს ერთჯერადი წარმატებით. მერწყულის ღვთაება მრავალფროვნებაა. ის არ აღიარებს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ რიტუალებს. მას ძლიერ იზიდავს სიყვარულის გამოხატვის არაორდინალური ფორმები: მაგალითად,სასიყვარულო შიმშილის ნერვული დაკმაყოფილება ჩხუბის შემდეგ; სიყვარულით დაკავება ამისათვის გაუთვალისწინებელ საათებში; ხმამაღალი მუსიკა,რომელიც სიტყვებს,ოხვრებს და ამაღელვებელ ჩურჩულს ახშობს_ რაც არ უნდა იყოს,ოღონდ მონოტონური მოწყენილობა არა.
მაგრამ მერწყულმა უნდა შეიგნოს,რომ ვერძი არანორმალურად მოწყველადია,მიუხედავად იმისა,რომ არასდროს აჩვენებს ამას. მისი ალერსი აღტაცებულად და სერიოზულად უნდა მიიღოს. ეს ყოველთვის არ გამოსდის მერწყულ ქალს,რომლისთვისაც სექსი მისი მრავალფეროვანი ცხოვრების მხოლოდ ერთერთი ფერია. ის შეიძლება გატაცებით ძრომიალობდეს მანქანის ძრავში ან იებს აგროვებდეს და ვერც შეამჩნიოს ვერძის მელანქოლია. მერწყული მეტად ყურადღებიანი უნდა იყოს,დაივიწყოს კარბურატორი,გადააგდოს თაიგული და ამის ნაცვლად,რამდენიმე საალერსო სიტყვა ჩასჩურჩულოს „თოთო ჩვილს“. მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოს,რომ შემდეგ მამაკაცმა გამოავლინოს ინიციატივა. ვერძის სათუთი ეგოს მოფრთხილება სახლაფორთო საქმიანობაა,მაგრამ არც მერწყულის განწყობებისა და ფანტაზიების კალეიდოსკოპურ ცვლილებებზე მორგებაა ადვილი.
პატივმოყვარე და ენერგიით მდუღარე ვერძი მერწყულს ხანდახან კომეტად ეჩვენება,რომელმაც ჩაუქროლა და გაქრა. ნუთუ მოახერხებს მისი დინამიკის დამუხრუჭებას? მოახერხებს,თუ ხშირად დაუგდებს ყურს თავის გულს. მაგრამ ასეც რომ მოხდეს,მერწყულს ერთხელაც მოუნდება,რომ ვერძი ისეთივე მოუსვენარი გახდეს,როგორც ერთ დროს. მაშინ ის განზრახ შეუნთებს დენთს მის ფეთქებად ტემპერამენტს. მას არ მოუწევს დიდხანს ლოდინი და რაც არ უნდა უცნაური იყოს,ეს „აფეთქება“ მას გააბედნიერებს.
მერწყული მართლაც გააკვირვებს ვერძს,როდესაც ზუსტად იმ ღვინოს აჩუქებს,რომელსაც მის დაბადების დღეზე სვამდნენ. მხოლოდ ეს აგვისტოში მოხდება,მაგრამ ვერძი არ გაბრაზდება,პირიქით,გულიც კი აუჩუყდება. ის კვლავ იგრძნობს ამ დრუიდული ხიბლის ძალას,ამ ჯადოსნურ სიგიჟეს.
შემდეგ სწრაფად ახედავს ჭერს და იტყვის:“იცი,საყვარელო,ეს ფრესკა,რომელიც ლაქას მიუხატე ძალიან თვალწარმტაცია“.
„როგორ მიხვდი, რომ შემოდგომაზე იტალიაში წასვლა მინდოდა?“_ გაუხარდება მერწყულს.
არაფერია რთული. როგორც იქნა, ვერძი მისი კოსმიური არხის მაღალ სიხშერეზე განეწყო. ამას გარდა, თავადაც დიდი ხანია უნდოდა სიქსტის კაპელას ნახვა. ყველაზე კარგი იქნება, თუ ოქტომბერში წავლენ, რომ დაბადების დღე იტალიაში გადაუხადოს.
„ოქტომბერში?“ _ მერწყული გაიღიმებს და დაუდასტურებს, რომ ეს არაჩვეულებრივი იდეაა. მას ყოველთვის უნდოდა გაეგო, როგორია სასწორობა. და ვერძი გამოტყდება, რომ როგორც ლომს, მას ყოველთვის უნდოდა სასწორთან რომანი გაეჩაღებინა.
შემდეგ ისინი ბალიშებით იომებენ და მერწყული მოიგებს, როგორც ყოველთვის… მაგრამ ვერძს არ ეწყინება ეს მარცხი.
ვერძი ქალი და მერწყული მამაკაცი
ის სატირლად მოემზადა,
მაგრამ, ამის ნაცვლად,
გაიცინა,რომ მისთვის ნერვები მოეშალა…
ეს ორი მარტივად ააწყობს, თუ ვერძი ქალი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას გაითავისებს: მერწყული მამაკაცი იცინის, როდესაც მოწყენილია და ტირის, როდესაც ბედნიერია. მას შემდეგ რაც მერწყულის თამაშის წესებს აითვისებს, ვერძი აღარ მისცემს მას საშუალებას, სხვა ხრიკებით თავი გააცურებინოს. მაგალითად, როდესაც თავის სიყვარულს მალავს ან ღრმა გრძნობებს ნიღბავს. ყურებამდე შეყვარებულიც რომ იყოს, მერწყული შეეცდება ჩააგონოს ვერძს და საკუთარ თავსაც, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, მეგობრობას დაუბრუნდნენ. ეს ურთიერთობა აზარტულ ბანქოს თამაშს ჰგავს. ვერძს უყვარს თამაშები, მხოლოდ ისეთი, სადაც ყოველთვის იმარჯვებს. მერწყულს ეს არ აწყობს, რადგან არც ის არის თანახმა მარცხზე და ვერძის მრისხანებით აღსავსე ცრემლები მის განწყობას ვერ შეარბილებს.
სავარაუდოდ, თავის დამოუკიდებელ მეგობარს ეტყვის:“საიდან ასეთი მგრძნობიარობა? შენ არ იყავი გასულ კვირას თანასწორ უფლებებს რომ ითხოვდი ქალთა ლიგის დემონსტრაციაზე? მაშინ თანასწორ უფლებებზე ითამაშე! შენ თვითონ გადაადგილე ავეჯი, შეაკეთე წყალგაყვანილობა და გამოცვალე ბორბლები… იომე ბოლოს და ბოლოს!“
მერწყული ცდება. ვერძი დემონსტრაციაზე გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვამ კი არა, ამაღელვებელმა ხმაურმა და ბრბოს მხიარულებამ შეიტყუა. მამაკაცთან თანასწორობა ამტკიცოს? რა სისულელეა! ის დაბადებით თავისუფალია და იცის, რომ მისი როლი ამ სამყაროში გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ პირდაპირ დასცინებს:“ვიომო? სამყაროს რომ ქალები მართავდნენ, ომები საერთოდ არ იქნებოდა!“
ადრე თუ გვიან, ვერძი დაიწყებს საყვედურებს, რომ მერწყული გულგრილი, გაუცხოებული და სასტიკია_ერთი სიტყვით, სადისტი (ვერძები ვერ არჩევენ ნახევარტონებს). თუმცა ვერც იმას ვიტყვით,რომ ეს ცილისწამებაა. საკუთარი შეხედულებების მასშტაბები მერწყულს ცალკეულ ინდივიდთა წვრილმან ინტერესებზე მაღლა აყენებს და მთელი კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნავს. ასე მაგალითად, ნაციის ჯანმრთელობით შეპყრობილ მერწყულს,შეიძლება აფთიაქში შესვლა და ახლობელი ადამიანისთვის წამლის ყიდვა დაავიწყდეს. ის სათობით იჭყლეტს ტვინს გერონტოლოგიასა და დაბერების პრობლემებზე, მაგრამ თავში აზრადაც არ მოუვა, მოხუცი ქალს ქუჩაში გადასვლაში დაეხმაროს. ურანი მის აზრებსა და მოქმედებებს საყოველთაო ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავს, უღრუბლო მომავლის სახელით, მაგრამ აბსოლუტურად აბრმავებს ახლობელი ადამიანების აწყმო გასაჭირთან.
მერწყული მამაკაცი უმეტესად კეთილია და მიზნებიც ასეთივე კეთილშობილი აქვს, მაგრამ როგორც ალბათ გსმენიათ, კეთილი განზრახვებით ჯოჯოხეთის გზაა მოკირწყლული. გაიხსენეთ რობესპიერი (ასცედენტით მერწყული), რომელსაც საფრანგეთისთვის მხოლოდ სიკეთე სურდა, მაგრამ დაავიწყდა, რომ ქვეყანა ცოცხალი ადამიანებით იყო დასახლებული.
მერწყული ცდილობს თანაუგრძნოს მეგობრებს, მაგრამ მისი ემპატია არც ისე ღრმაა. მას მიაჩნია, რომ ტანჯვა სულს აღამაღლებს და არ უყვარს ბედისწერისთვის ხელის შეშლა. ეს მამაკაცი შეიძლება კეთილი და ნაზი იყოს, მოსიყვარულე და მხიარული, როდესაც ეს ხელს აძლევს. მაგრამ ის ცივი და უგულო რჩება მგრძნობიარე ვერძი ქალის თვალში. ამ წინააღმდეგობის შემსუბუქება შეიძლება, მაგრამ სრულად აღმოფხვრა_არა.
მერწყულს უამრავი მეგობარი ჰყავს და ბუნებრივია, ვერძს ყველა არ ეპიტნავება. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ის მეგობრებთან, მით უფრო ეჭვიანი ხდება ვერძი. რა შეიძლება გააკეთოს? შეიგნოს, რომ ის ვერ შეუცვლის მერწყულს მთელ სამყაროს და ამ ფაქტს შეეგუოს.
კიდევ რა მანკიერებები აქვს? ის არაპროგნოზირებადი, ექსცენტრული და უცნაურია, რაც ნამდვილი გამოწვევაა მისი მარსიანული ბრძოლისუნარიანობისთვის.
ვერძ გოგონას არაერთი მოულოდნელობა ელის, როდესაც საქმე ფიზიკურ სიახლოვეზე მიდგება. გაბედული და უშუალო ვერძი პირდაპირ მიჰქრის გაშლილი აფრებით. მაგრამ მერწყული სადღაა? წუთის წინ აქ არ იყო? ჰო,აი,ისიც! ვერძს მოუწევს დაბრუნდეს და თან გაიყოლოს. ის,როგორც ყოველთვის, ფიქრებშია ჩაძირული. იმ შეგრძნებას აანალიზებს, რაც პირველმა კოცნამ მოუტანა. საერთოდ, მერწყულები ყურადღებით შეისწავლიან ყველა პირველ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ზუსტად ფიზიკური სიახლოვე დაეხმარება ამ ორს ერთმანეთის უკეთესად გაგებაში. შეიძლება ვერძის გულწრფელობამ და სიმხურვალემ უჩვეულო სინაზეც გააღვიძოს მასში. მაგრამ ამისთვის ვერძს მოუწევს მის ოცნებებში დახატული იდეალური საყვარლის სახების დავიწყება და გაუკვალავი ბილიკებით სიარული.
არაერთი პრობლემას გამოიწვევს ის ფაქტი, რომ ვერძი კარდინალური ლიდერია და ხელმძღვანელობა უყვარს, მერწყული_ფიქსირებული ჯიუტი და დამორჩილებას ვერ იტანს. ამასთან, ორივეს ძალაუფლების მოყვარე, არაპროგნოზირებადი მამაკაცური პლანეტები მართავს. მარსი და ურანი უბრალო აფთიაქის მიქსტურა არ გეგონოთ,ეს ფეთქებადი ნაერთია.
ერთი ძველებური ზღაპარი გამახსენდა (გამოვტყდები, რომ ჩემს გემოზე გადავაკეთე): შეყვარებულებს ელფი გამოეცხადებათ და სამი სურვილის ასრულებას ჰპირდება. ნებისმიერი სურვილის, მხოლოდ სამი! როგორ მოიქცევა მერწყული? ეს საკუთარი თავის ერთგული თავნება მოცვის პუდინგის მსგავსს რაღაცას მოითხოვს. მისი თავქარიანობით განრისხებული ვერძი უფრო ჭკვიანურად არ მოიქცევა: “ნეტავ, ეგ დებილური პუდინგი პირდაპირ შენი სახისკენ გამოქანდეს!“ და რას მიიღებენ საბოლოო ჯამში? მესამე და ბოლო სურვილს პუდინგის სახიდან მოსაშორებლად გაწირავენ.
სამწუხაროა, როდესაც ადამიანებს საკუთარი სურვილების გამოყენება არ შეუძლიათ… მაგრამ ეს რა არის? უხილავი ფლეიტები ამღერდნენ, შორეული ბარაბნები აგუგუნდნენ და… ყველა ჩხუბი დავიწყებულია, ყველაფერი კვლავ კარგადაა.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.
სტატიის ავტორი Qet Adastra