ასტრო იუმორი: ზოდიაქოს ნიშნები და აბაზანა

ასტრო იუმორი: ზოდიაქოს ნიშნები და აბაზანა

ვერძი – შევიდა აბაზანაში. 5 წუთის შემდეგ ბოლო ხმაზე ყვირის: “ჩემი ჯაგრისი სადაა?!”. უპოვეს, შეაწოდეს… კიდევ 5 წუთის შემდეგ ისევ ისმის მისი განწირული ხმა: “შამპუნი სად დევს?” უპოვეს, მიაწოდეს… კიდევ 5 წუთის შემდეგ _ “საპონი სადაა?”… კიდევ 5 წუთის შემდეგ: – “პირსახოცი დამრჩა, მომიტანეთ!!!” და ბოლოს, როგორც იქნა ვერძმა მიიღო აბაზანა და დასტოვა იგი დაბანილ-დასუფთავებულმა… აბაზანა? ჰმ, ამაზე სხვა სერიაში…

კურო – შევიდა აბაზანაში და დაეზარა შხაპის მიღება.

ტყუპები – შევიდა აბაზანაში და 5 წუთის შემდეგ აბაზანიდან ისმის არაბუნებრივი და არაადამიანური ხმები… რა ხდება?! ისეთი არაფერი, უბრალოდ შხაპის ქვეშ ტყუპებს მოუნდა სიმღერა და ცხოველების იმიტაცია, რაც შესანიშნავად გამოუვიდა… მთელ სადარბაზოს ეგონა, რომ მერიამ მათ კორპუსში ზოოპარკი გადმოიტანა …

კირჩხიბი– შევიდა აბაზანაში და გაახსენდა, რომ ჯერ ბავშვები უნდა დაებანა.. დაბანა ბავშვები… ახლა გაახსენდა, რომ მეუღლეს სურდა შხაპის მიღება და როცა კირჩხიბის დრო მოვიდა – ცხელი წყალი აღარ დახვდა ბაკში…

ლომი – ჯერ არ შესულა აბაზანაში, რადგან მისი ხუთსულიანი (ოჯახის რაოდენობა სურვილისამებრ შეცვალეთ) ოჯახიდან თითოეულს აცნობა, რომ შესვლას აპირებდა აბაზანაში. შევიდა, მაგრამ გაახსენდა, მეგობრებს არ უთხრა, რომ აბაზანაში შედიოდა. გამოვიდა, ყველას სათითაოდ დაუმესიჯ-დაურეკა… შევიდა, გაახსენდა, რომ შეყვარებულისთვის (შეგიძლიათ სხვა ვინმე იგულისხმოთ) არ უთქვამს, გამოვიდა, დაუმესიჯა, შევიდა და იქიდან ყვირის – აბაზანაში ვარ! გამოსვლისას იგივე სიტუაცია, ოღონდ კადრი უკუღმა დაატრიალეთ.

ქალწული _ შევიდა და დაიწყო წყლის ტემპერატურის რეგულირება. არ გამოსდის ზუსტად 37 გრადუსამდე დარეგულურება! შედეგი: შედეგი ის, რომ ამ რეგულირებაში ბაკი დაიცალა, ქალწულმა კი შხაპი ვერ მიიღო…

სასწორი – შევიდა და… საპატრულო, სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ჯგუფმა იპოვა კარის შემტვრევის შემდეგ, მეოთხე ხარისხის დამწვრობითა და სხეულის გადაციების სიმპტომებით. რატომ? უბრალოდ მონაცვლეობითი შხაპოთერაპიის მიღება სურდა (განმარტება: შხაპო თერაპია სასწორისეულად: მონაცვლეობითი წყლის პროცედურები – ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი შხაპის მიღება გაკაჟების მიზნით).

მორიელი _ შევიდა აბაზანაში, ჩაწვა აბაზანაში, შუქი გამორთო, მისცა თავის ფანტაზიებს გასაქანი და… მერვე სახლში აღმოჩნდა ( იხ. მერვე სახლის განმარტება )

მშვილდოსანი _ ჯერ შესული არაა უკვე გამოსულია. არა, არა, მან მარტო შხაპი კი არ მიიღო, შხაპის ქვეშ მობილურზეც იქაქანა, საკუთარ თავს ფილოსოფიაზეც ესაუბრა და უკვე ჩაცმულ-დავარცხნილ-დაბალზამებული შეხვედრაზე/პაემანზე გარბის. ეს ნიშანი ხომ ყველაზე სწრაფია მსოფლიოში!

თხის რქა – ზუსტად მშვილდივით, ჯერ შესულ არაა უკვე გამოსულია. ჰმ, ჰმ… თხის რქების სიძუნწეზე ხუმრობა უკვე ბანალურია…

მერწყული _ ის აბაზანაში შევიდა?! კი. როდის? ხვალ… უფრო სწორად ის ხვალ მეგობრებთან ერთად საუნაში მიდის და დღეს რა საჭიროა შხაპის მიღება?

თევზები _ სანამ აბაზანაში შევლენ ნახევარ დღით (გააჩნია თევზების ხარისხს და სირთულეს – უფრო რთულები 1, 2, 3 დღით ადრეც კი) იწყებენ წუწუნს: ამ სიცხეში ცხელი შხაპის მიღება რა ჯანდაბაა? (ეს ზაფხულის ვარიანტი, აქვე სეზონურად იცვლება წუწუნის სახე). ზამთრის წუწუნის სახეობას კი განეკუთვნება: ამ სიცივეში ბანაობა ვის გაუგია? ხომ გავცივდები? და ა.შ. და დღის ბოლოს (აქაც თევზების ხარისხსა და სირთულეს გააჩნია, შეიძლება 1, 2,3 დღის შემდეგ) გამოდიან აბაზანიდან ისეთი ნეტარი სახით, რომ გასხივოსნებულ ბუდასაც კი შეშურდებოდა მათი.

ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top