თხის რქა და მერწყული

თხის რქა და მერწყული

ამ თავგადასავლის  კვანძის მოულოდნელი გახსნა ის იყო, რომ…

თუმცა ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, გიამბოთ თუ არა ამ თავგადასავალზე.

აი, წარმოიდგინეთ ავბედითი ცელით შეიარაღებული მოხუცი სატურნი, დანაოჭებული სახითა და გრძელი წვერით,  უტეხი და მკაცრი, მაგრამ  საოცრად ბრძენი. ახლა წარმოიდგინეთ ველური ურანი, რომელიც  მჭექარე ხმით წარმოსთქვამს გამოცანებს და თვალებიდან მეხს ისვრის, რომელსაც თმაში ნარცისები ჩაუბნევია და ბრზრიალათი თამაშობს. ხედავთ რაიმე მსგავსებას სიახლოვისთვის? დიახ, თითქმის შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რითი დასრულდება ამ ორი ნიშნის ურთიერთობა.

უმეტესად ეს დამოკიდებულია მათი მთვარეებისა და ასცედენტების ნიშნებზე. ასევე იმაზე, რამდენად მომთმენი იქნება თხის რქა ექსცენტრული მერწყულის მიმართ; ან სულაც იმაზე, რამდენად სწრაფად მობეზრდება მერწყულს ის ფაქტი, რომ თხის რქა ყოველთვის „სტატუს კვოს“ ებღაუჭება.

თხის რქა ბუნდოვნად გრძნობს, რომ მერწყულისგან გარკვეული გაკვეთილები აქვს სასწავლი_ ნიშნისგან, რომელიც კარმულ ბორბალზე მის წინ დგას. მერწყული კი, თავის მხრივ, მეტად მომთმენი იქნება თხის რქის პატარა მანკიერებების მიმართ. მერწყული უკვე იმყოფებოდა სატურნის გავლენის ქვეშ, ყოველ შემთხვევაში, ერთ  განსხეულებაში მაინც.  შესაბამისად, ის გულწრფელად შეეცდება გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია თხის რქისთვის ვალდებულება, პასუხისმგებლობა და ტრადიციები. მაგრამ ამ განსხეულებაში  ის  დედამიწას ტრადიციების გასანადგურებლად მოევლინა, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ეს მისთვის ბევრს ნიშნავდა.

იმ უიშვიათესი სასიამოვნო გამონაკლისების გარდა, როდესაც თხის რქა  იუმორის გრძნობას ავლენს, სატურნიელები ძალიან სერიოზულები არიან. მათი ცივი, მშრალი იუმორი და მრავალმნიშვნელოვანი ქარაგმები, ოდნავ შესამჩნევი ღიმილის თანხლებით, ხშირად იძენს პოპულარობას.  სამაგიეროდ, თხის რქების პრაქტიკულობას არავითარი დაკვირვება არ სჭირდება, ისედაც თვალშისაცემია . მართალია, მერწყული მუდმივი ჯვრის ნიშანია, მაგრამ მის სერიოზულობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. პირიქით, მას ძალიან მოსწონს მოსაწყენი სიმყუდროვის დარღვევა, განსაკუთრებით თხის რქისთვის. მერწყული ყველაფერს მოულოდნელად აკეთებს. ამაშია მთელი საიდუმლო. წყლის მღვრელი გიჟდება სურპრიზებზე.

თხის რქამ, რომელიც ახლა ამ სტრიქონებს კითხულობს, შეიძლება გააპროტესტოს: „მე არასდროს გავუკვირვებივარ ადამიანს, რომელსაც კარგად ვიცნობ“. თუმცა წინადადების მეორე ნაწილის ფორმულირებას სხვაგვარად ვურჩევდი: „…რომელსაც, მგონია, რომ კარგად ვიცნობ“.  ერთ მშვენიერ დღეს თხის რქა თავის აბაზანაში, კბილის ჯაგრისების ჭიქაში  ყვავილოვან კომბოსტოს იპოვის და გაოცებისგან ხელიდან რამე გაუვარდება. მერწყული დაინტერესდება რა ხმაურია. რა მნიშვნელობა აქვს? ვითომ რატომ არ შეიძლება ყვავილოვანმა კომბოსტომ წყლით სავსე ჭიქაში ფესვები გაიკეთოს, როგორც სხვა მცენარეებმა? თხის რქას ეს სულაც არ ადარდებს, რა თქმა უნდა, თუ პროფესიით მებაღე ან ბოსტნეულის ბაზრის მფლობელი არ არის. თუმცა ამ  შემთხვევაშიც, ის შემოსავლითა და გასავლით უფრო დაინტერესდება. თხის რქები ყოველთვის  მსუყე თანხების თბილ  საბანში უნდა გაახვიოთ, რომ მათი ძალიან ლამაზი და სიფრიფანა, თითქმის  გამჭირვალე კანი მწუხარებისგან არ დაიფოთლოს.

მერწყული იშვიათად იქცევა კეთილგონივრულად და შესაბამისად, თხის რქისთვის გასაგებად. მერწყულის აზრით გონივრულია ის, რაც ახალ ცოდნას უკავშირდება და დედამიწას თავისი ღერძის გარშემო ტრიალში უწყობს ხელს. მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ ამაზე სხვები. მათი აზრი მერწყულს საერთოდ არ აინტერესებს. ზუსტად ასევე  არ  აინტერესებს  საზოგადოებრივი მორალი, ადათები და ტრადიციები, ადამიანის გარეგნობა და სხვა წვრილმანი სისულელეები.  ტიპური მერწყული საკუთარ ტრადიციებსა და წესებს ადგენს. რაც შეეხება თავად მერწყულის გარეგნობას, თქვენ გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, რამდენად ხშირად ამსგავსებენ მათ უცხოპლანეტელებს. ეს უჩვეულო ჩაცმულობა, მანერები და შეხედულებები, რასაც მერწყულები განზრახ დემონსტრირებენ, ბუნებრივია, ძალიან ადარდებს თხის რქას, რომლისთვისაც საზოგადოებრივი შეფასება პირველ ადგილზეა… თუმცა არა, პირველ ადგილზე მაინც ოჯახია. შემდეგ მეზობლები,  მეგობრები, ნაცნობები და კოლეგები. თუ ბოლომდე ჩავეძიებით, ჯერ კოლეგები და მხოლოდ შემდეგ მეგობრები და  ნაცნობები.

ურანმა თავისი კოსმიური შვილი უზომო გამჭრიახობით დააჯილდოვა, რითაც საშუალება  მისცა, შორს მოისროლოს უსარგებლო პრინციპები და მერყევი ფაქტები და ისე მიაკვლიოს ჭეშმარიტებას, რომელიც სადღაც ზედაპირზე ძევს, დაუკვირვებელი თვალისთვის შეუმჩნევლად. და მაინც, მერწყული თავის მსჯელობას პრინციპებსა და მერყევ ფაქტებზე აგებს. მე მესმის, რომ ეს რამდენადმე დამაბნეველია.  მერე რა?!  სიტყვა „დაბნეულობა“ ურანით მართული ადამიანების სინონიმია. მერწყული იმდენად შორეულ მომავალში მიდის თავისი გეგმებით, რომ საშუალო გონების ადამიანებს, განსაკუთრებით თხის რქებს, ის უბრალოდ მეოცნებედ ეჩვენებათ. შეიძლება მერწყულის იდეები და იდეალები წლების განმავლობაში არ გამოვლინდეს, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ის გენიალობისა და სიგიჟის ნიშანია, თანაც თანაბარ პროპორციებში. თხის რქას არც ერთი და არც მეორე თვისება არ ესიმპათიურება, რადგან მათი უმრავლესობისთვის ეს ერთიდაგივეა. სწორედ ამან შეიძლება განაპირობოს მათ შორის კომუნიკაციის პრობლემა.

თხის რქას ძალიან უჭირს ალოგიკური, უსაფუძვლო, არაპრაქტიკული მსჯელობის აღქმა, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს არ ეფუძნება. ურანიელის ლექსიკონში კი  საერთოდ არ არსებობს (და მისი აზრით, ბუნებაშიც არ უნდა არსებობდეს) სიტყვა „შეუძლებელი“ . აბსოლუტურად ყველა მერწყული უზომოდ ცნობისმოყვარეა. მათ ყველაფერი აინტერესებთ. ეს შთაგონებული უცნაური ქმნილებები საერთოდ მოკლებულნი არიან ცრუ წინასწარგანწყობებსა და პირობითობას. ურანით მართული გონება ყველაზე ფართოდ გახსნილია ყველანაირი შემეცნებისთვის.

ბუნებრივია, მე შემხვედრიან უფოლოგიითა და ასტროლოგიით გატაცებული თხის რქები, მაგრამ მათი რაოდენობა საოცრად ცოტა იყო. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პირად ჰოროსკოპებში გარკვეული პლანეტარული სიგნიფიკატორები ფიგურირებდა, რაც მათ მეტად განვითარებულ წარმოსახვასა და ბავშვურ მიმნდობლობაზე მიუთითებდა. ტიპურ თხის რქაზე კი ნებისმიერი რამ შეიძლება ითქვას, გარდა იმისა, რომ ის ბავშვურია. სატურნიელთა უმეტესობა ბავშვურ უმანკოებას ცხოვრების მეორე ნახევარში უფრო ავლენს, როდესაც ისინი, ბოლოს და ბოლოს, იმ უდარდელობით ტკბებიან, რასაც ბავშვობასა და ყრმობაში იყვნენ მოკლებულნი. ამ პერიოდში თხის რქა მეორე ბავშვობას გადის, რასაც სხვები შეცდომით „ჭკუიდან გადასვლას“ უწოდებენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ზოდიაქოს ეს ორი  ნიშანი გაცილებით უკეთ ახერხებს თანაცხოვრებასა და თანამშრომლობას მოწიფულ ასაკში. ახალგაზრდა თხის რქასა და მერწყულს შორის  მეტი გაუგებრობაა.

როდესაც თხის რქა დაჟინებით მიიწევს თავისი პატივმოყვარეობის მწვერვალისკენ, მას ნებისმიერი სისულელე და ქარაფშუტობა აღიზიანებს. მერწყული, რომელიც უბრალოდ და მხიარულად ყბედობს ყველაფერსა და არაფერზე, რომელშიც გენიოსის სიგიჟე გამოსჭვივის, რომელიც ციდან მოწყვეტილ  ვარსკვლავს სურვილს ჩაუთქვამს და ვარდისფერი ბაყაყების ნახვაზე ოცნებობს, თხის რქას მართლა უცნაურად ეჩვენება, რადგან მისი წმინდა რწმენით, ოცნებების ასრულება მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით შეიძლება. თხის რქა ყოველთვის გონივრული სიტყვებით საუბრობს. სრულიად ბუნებრივია, რომ  ურანით მართული ადამიანები მისთვის სხვა სამყაროდან ჩამოსულ არსებებთან ასოცირდებიან.

მაგრამ მოდით, სათანადოდ დავაფასოთ თხის რქა და აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც მერწყული გზას გაუნათებს მას ახალი გამოგონებებისა და აღმოჩენებისკენ, თხის რქა მის გვერდით მიაბიჯებს და თვალის ჩინივით უფრთხილდება ამ სასწაულებს, რომ, ბოლოს და ბოლოს, რაიმე პრაქტიკული სარგებელი მიიღოს. თუმცა თხის რქა არ გაიზიარებს ახალ იდეას, დეტალური ანალიზისა და მკაცრი კრიტიკის გარეშე. ის ვერ დაუშვებს, რომ რაღაც სულელური შეცდომის ან არათანმიმდევრულობის გამო, უტოპიური იდეა იწამოს. ჩვეულებრივ, თხის რქა დაჟინებით მოითხოვს დაწვრილებით აუხსნან ყველაფერი, რომ მისთვის თითოეული სიტყვა სრულიად ცხადი და გასაგები გახდეს. მერწყული ყველაფერს ორი მხრიდან უყურებს: ერთის მხრივ, მეცნიერული ანალიზის ცივი მზერით და მეორეს მხრივ, ურანის  წამიერი გაელვებების გამჭრიახობით.

ჭეშმარიტი მერწყული არც ისე დარწმუნებულია, რომ იდეა, რომელსაც თხის რქა ამუხრუჭებს, არასწორია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მერწყული თვლის, რომ იდეის დათრგუნვა თავისთავად ბოროტებაა. „იცხოვრე და სხვის ცხოვრებასაც ნუ შეუშლი ხელს“_ მერწყულების ლოზუნგია. „გადაყარე  ნაგავი და მხოლოდ ის დაიტოვე, რაც სასარგებლოა“_თხის რქის. მე არ ვაპირებ მათ კამათში ჩარევას. დაე, თვითონ გადაწყვიტონ. თუმცა ხანდახან მერწყულს ნამდვილად არ აწყენდა ერთიდაიგივე  ფერის  წინდების ჩაცმა, თხის რქას კი ბზრიალასთან თამაში.

 

 

 

თხის რქა მამაკაცი და მერწყული ქალი

Nicolas Cage & Lisa Marie Presley

 

_ დინ! _ ჩუმად დაუძახა… _ დინ, სად ხარ?

დინი დოქში იჯდა და ძალიან მოსწონდა,

აქამდე არასდროს მოხვედრილა წყლიან სურაში.

ამ ქალისა და მამაკაცის სიყვარული შეიძლება დიდხანს მიმდინარეობდეს უღრუბლოდ, სანამ მერწყული ერთ მშვენიერ დღეს რაიმე შეურაცხმყოფელ შენიშვნას არ დასჭექს თხის რქის მისამართით, მისი მეგობრების ან წმინდა ოჯახის (მუხლი მოიყარეთ!) თანდასწრებით;  ან სულაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, როდესაც უდარდელად გამოუცხადებს, რომ  შეხედულებები და გეგმები შეიცვალა. ჰო, მაშინ თხის რქა ანერვიულდება. ეს კი ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რადგან თქვენ იცით, რომ თხის რქა თითქმის არასდროს გამოდის წყობიდან.

ყველაზე მთავარი რამ, რაც ამ მამაკაცზე შეყვარებულმა გოგონამ უნდა ისწავლოს, მისი ოჯახის სიყვარული და დემონსტრაციული პატივისცემაა. საკუთარ ოჯახზე მეტადაც კი. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა! არ გეგონოთ, რომ თხის რქას ბრმად სწამს თავისი ოჯახის და მის  დეფექტებს ვერ ამჩნევს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის გრძნობს, რომ უნდა გააღმერთოს მშობლები და იგივეს მოითხოვს სხვებისგანაც, თუნდაც მხოლოდ მისი თანდასწრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დანაშაულის გრძნობისგან იტანჯება. ქალმა, რომელსაც მისი გულის დაპატრონება სწადია, ჯობია არაფერი შეიმჩნიოს. თავად თხის რქა ან ამართლებს საკუთარი ოჯახის მანკიერებებს ან არ იმჩნევს (თუმცა კი ყველაფერს კარგად ამჩნევს). ხანდახან საკუთარ უკმაყოფილებებსაც კი გამოთქვამს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი პრეროგატივაა. სხვებისთვის მისი ოჯახის კრიტიკა კატეგორიულად აკრძალულია! ბუნებრივია, ოჯახისადმი ასეთი პატივისცემა და სიყვარული მხოლოდ აღტაცების ღირსია, მით უმეტეს, რომ თხის რქა თავის ცოლსა და ბავშვებსაც  ასეთივე ერთგულებითა და თავდადებით მოეპყრობა, თუ მის ჰოროსკოპში უკიდურესად დაზიანებული ვენერა არ აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში თხის რქა მამაკაცი არამხოლოდ უგულო შინაური ტირანი ხდება, მეუღლესაც ხშირად ღალატობს კონსპირაციულად.

ამ კავშირის ვიბრაციაში აუცილებლად აქტუალური იქნება ფინანსური სტაბილურობისა  და თავგანწირვის  თემები, ვინაიდან მერწყული თხის რქისთვის II, თხის რქა კი მერწყულისთვის XII სახლის ბინადარია. იმავდროულად, თხის რქა გრძნობს, რომ მერწყული მისთვის ჯერ უცნობ სიბრძნეს ფლობს. მერწყულიც საოცარ მოთმინებას  ამჟღვნებს თხის რქის მელანქოლიური და დეპრესიული განწყობების მიმართ. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მიწასა და ჰაერს  ბევრი რამ აერთიანებთ.  ხშირად ისინი საერთო ბიზნესში ერთვებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ურთიერთობა ოჯახურ კერასა და სახლზე კონცენტრირდება. თუ ისინი შეყვარებულები არიან,  შეეცდებიან დიდი ყურადღება არ მიაქციონ საკუთარ ხასიათობრივ განსხვავებებს.

თუ რომელიმეს შეცვლა უწერია, ეს მერწყული იქნება და არა თხის რქა. ყოველთვის არა, მაგრამ თითქმის ყოველთვის თხის რქას  ბავშვობიდან ღრმად აქვს გადგმული ფესვები საკუთარ უცვლელ ნიადაგში. მერწყული მეტად მოქნილია და უფრო მარტივად ერგება გარემოებებს. მართალია, ის მუდმივი ნიშანია და ხანდახან წარმოუდგენელ სიჯიუტეს ავლენს, მაგრამ თუ სიყვარულის შესანარჩუნებლად ცვლილებებია საჭირო, ის შეიცვლება. ეს პროცესი ამ ქალისთვის სრულიად ბუნებრივია, თხის რქისთვის_არა. თხის რქა  ვერ იტანს ცვლილებებს, განსაკუთრებით საცხოვრებელი ადგილის ან მეგობრების შეცვლას. თუ მერწყული სიამოვნებით ეცნობა  ახალ ადამიანებს და მარტივად აბამს ახალ კავშირებს, თხის რქა ძალიან უხალისოდ ურთიერთობს ყველასთან, უშუალოდ ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარდა, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლის წლებში შეიძინა. ლოგიკურად, მათი სიახლოვე  ოჯახის ფარგლებს გარეთ გარკვეულწილად შეზღუდულია.

მე გითხარით, რომ ზუსტად მერწყული შეიცვლება და მოერგება თხის რქას და ეს სრული სიმართლეა. მაგრამ ასევე შეგახსენებთ, რომ მერწყული მუდმივი ნიშანია. ამიტომ, ის აუცილებლად გამოძებნის თხის რქის მართვის მეთოდებს. ეს ცოტა უსამართლობაა? არა, ეს უბრალოდ ურანის მეთოდია, ჩააჭედოს კვადრატული ლურსმნები  მრგვალ ნახვრეტებში და მრგვალი ლურსმნები კვადრატულ ნახვრეტებში, თანაც სრულიად შეუმჩნევლად, რომ გარედან არაფერი შეეტყოს.

მათ ძლიერ იზიდავთ ერთმანეთში სიმართლის და პირდაპირობის იმპულსები, რომელსაც მერწყული რადიოსიგნალივით ასხივებს. თხის რქა მამაკაცი ვერ იტანს ვულგარულ, აგრესიულ და უზნეო ბუნების ქალებს. ამიტომ, სიგნალის დაჭერის შემდეგ, ის გადაწყვეტს, რომ მერწყული აკმაყოფილებს მის კრიტერიუმებს. თხის რქა საკმაოდ დიდხანს იცდის და ბოლოს, გულსა და ხელს სთავაზობს. თუმცა რასაც არ უნდა სთავაზობდეს, ეს არ მოხდება სწრაფად. თხის რქა არაფერს აკეთებს ნაჩქარევად.

სამაგიეროდ, სატურნიელს იშვიათად ესმის, რომ მერწყულის პირდაპირობის გარდა, არასდროს უნდა დაივიწყოს მისი ინდივიდუალიზმი. მერწყული პირველ რიგში მართალია საკუთარ თავთან, ასევე იმასთან, რაც მას სწორად მიაჩნია. სატურნის პირდაპირობა, ერთგულება და სიმართლე განსხვავებული ხასიათის არის. თხის რქა წესებით ცხოვრობს, ისევე როგორც მერწყული, მაგრამ მას, თხის რქისგან განსხვავებით, საკუთარი წესები აქვს.

კიდევ ერთი რამ, რაც მათი დაახლოების თავდაპირველი მიზეზი ხდება ხოლმე, მერწყულის სილამაზეა. ურანით მართული ქალები რაღაც არამიწიერ, დილის ნისლის მსგავს  სათუთ სილამაზეს ფლობენ. მათ მკაფიოდ გამოკვეთილი სახის ნაკვთები აქვთ, რომელიც ბერძენ  ქალღმერთებს მოგაგონებთ. მათი თვალებიც მაგნიტივით მიმზიდველია, რადგან არარსებობს მერწყულის თვალებზე უფრო მეოცნებე, იდუმალი და ბუნდოვანი თვალები, რომელიც დღეს უკვე ხვალინდელ დღეს ხედავს. თხის რქის მორიდებული  და სერიოზული მზერა მკაცრად კონცენტრირებულია დღევანდელ დღეზე. მაგრამ წინააღმდეგობები მიიზიდებიან, განა ასე არ არის?

დაბრკოლების ერთერთ ქვად შეიძლება იქცეს მერწყულის კარიერა. თხის რქა მამაკაცთა უმრავლესობა არ ამართლებს დაოჯახებული ქალის მუშაობის იდეას, ხანდახან პირდაპირ კრძალავენ კიდეც. ხანაც, გამონაკლისის სახით, ცოლს ოჯახურ ბიზნესში დასაქმების ნებას რთავენ. ზოგიერთი თხის რქა იმდენად მტკიცედ იზიარებს სტერეოტიპებს, აბსოლუტურად  დარწმუნებულია, რომ მამაკაცი, რომელიც წარმატებულ ქალზე ქორწინდება, ამას მხოლოდ ფულის გამო კათებს, როგორი თვალსაჩინოც არ უნდა იყოს, რომ მათ ერთმანეთი უყვართ. იმ შემთხვევაშიც თუ მამაკაცი გულწრფელად შეყვარებულია ასეთ ქალზე, თხის რქა მაინც დარწმუნებულია, რომ მისი მთავარი მოტივი პატივმოყვარეობაა, როგორი ლამაზი, ჭკვიანი, სასურველი და საყვარელიც არ უნდა იყოს  ეს წარმატებული ქალი.

თუ თხის რქა მერწყულის თავისუფლებას არ შეეხება, ამ  ქალს შეიძლება მოეწონოს  კიდეც მისი ძველმოდური ჩვევები და შეხედულებები. ბოლოს და ბოლოს, მან თხის რქა სტაბილურობის გამო შეიყვარა. ვინაიდან  მერწყული არაპროგნოზირებადი  და „ყირამალა“ ნიშანია, ის ხშირად ეძებს პარტნიორში ისეთ თვისებებს, რასაც თავად მოკლებულია, მაშასადამე, საიმედოობასა და უსაფრთხოებას.

უმეტეს შემთხვევაში ისინი გარეფაქტორების გამო კამათობენ, ადამიანების ან მოვლენების, როდესაც მერწყული ტოლერანტობას, თხის რქა კი საოცარ შეუწყნარებლობას ავლენს. და მიუხედავად იმისა, რომ თხის რქამ მერწყული შეცვალა, კამათის შემთხვევაში, სწორედ მერწყულს რჩება გადამწყვეტი სიტყვა. თავისი ჰაეროვანი შარმის გამოყენებით, მერწყული თავს ისე მოაჩვენებს, თითქოს მხოლოდ სთავაზობს  იდეას. ამ მეთოდის გამოყენებით მერწყული ყოველთვის იმარჯვებს ჯიუტ თხის რქასთან შერკინებაში. ის მარტივად ხიბლავს და აცდუნებს მას, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ისე, რომ არაფერს ითხოვს.  არც ისე გასაკვირია, რატომ ჰგონიათ გარედან დამკვირვებლებს, რომ ამ წყვილში წამყვანი როლი თხის რქა მამაკაცს ეკუთვნის.

თუ მათ მზეებსა და მთვარებს შორის დაძაბული ასპექტებია, ერთ წვიმიან დილას თხის რქა  შეიძლება მიხვდეს, რომ  მისით ძალიან მოქნილად მანიპულირებენ. მაშინ ის გაბრაზდება და განქორწინებაზე ჩაფიქრდება. ის ყველაფერს ძალიან  ნელა აკეთებს, მით უმეტეს არ იჩქარებს ოჯახის დანგრევას. განქორწინება მერწყულისთვისაც მტკივნეული იქნება, თუმცა ის (ტყუპების, თევზებისა და მშვილდოსნების მსგავსად) გაცილებით ადვილად ერგება ცვალებად სიტუაციებს. ცვლილებები მას არასდროს აშინებს. პირიქით, უყვარს კიდეც.

ამ კავშირის სექსუალურ ასპექტზე უკეთესის იმედი თუ გვექნება. თუმცა არც ეს იმედი ამართლებს ყოველთვის. მერწყული ორმაგად მასკულინური ნიშანია. მისი  იდუმალება და ცვალებადი განწყობა თავიდან სასიამოვნოდ  აღელვებს თხის რქა მამაკაცს, მაგრამ მოგვინაბით ეს შეიძლება გამაღიზიანებელიც გახდეს, რადგან მერწყულის ნამდვილი არსი თითქოს ყოველთვის ხელიდან უსხლტება. რაც შეეხება თავად თხის რქას… მისი მიწიერი კეთილგონიერება, რითაც ასე მიიზიდა მერწყული თავიდან, მოგვინებით  მძიმე ტვირთად დააწვება ამ ჰაეროვან არსებას.  სექსუალულრი თვითგამოხატვის მერწყულისეული იდეალი უფრო ეფემერულია და წარმოსახვას, სათანადო პრელუდიას მოითხოვს. საბედნიეროდ, სიყვარული ყოვლისშემძლეა. საჭიროა მხოლოდ მცირეოდენი მაგია. ამიტომ, თუ ორივე მართლა  მოინდომებს, ყველა სირთულეს გადალახავენ. ორივე ხომ ერთმანეთის ამდენად განსხვავებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თხის რქა ნაზი მიჯაჭვულობის, მერწყული კი ადამიანური ბუნების გაგების უნარის მეშვეობით.

თუ ვივარაუდებთ, რომ მათ მზეებსა და მთვარეებს შორის დადებითი ასპექტებია, მათი კავშირი წლებთან ერთად სულ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება. მერწყული გაცილებით გაწონასწორებული და მშვიდი გახდება. თხის რქა _ ნაკლებად მკაცრი, უფრო გახსნილი და თავისუფალი. ისინი თანდათან დაემსგავსებიან ერთამანეთს, რითაც ძალიან გააკვირვებენ თავიანთ მეგობრებს. სრულიად თვალსაჩინოა, რომ ასეთი მდგომარეობა ძალიან არაბუნებრივია მერწყულისთვის, მაგრამ თუ ყველაფერს ფრთხილად დააბალანსებენ, შედეგი არაჩვეულებრივი იქნება.

ადამიანთა უმრავლესობა უბრალოდ ვერც კი ამჩნევს  როგორ წყურია თხის რქას გულის სიღრმეში მხიარულება და თამაში. ამიტომ, მასზე შეყვარებულმა მერწყულმა დროდადრო სატურნს ხელბორკილი უნდა ახსნა, ხელი ჩასჭიდოს და გამოწვევა გამოუცხადოს; „ჰეი! წამო ნავით ვისეირნოთ, კუებს ვეთამაშოთ და სახლი ავაშენოთ, კედლების გარეშე!“ მორცხვმა თხის რქამ შეიძლება საკუთარი თავი გააოცოს, როდესაც სიხარულით დათანხმდება. მაგრამ თუ ის ეჭვიანი მზერით ჰკითხავს, როგორ აპირებს სახლის აშენებას, კედლების გარეშე, თაფლობისთვე დასრულდება…  სიყვარულიც. მაგრამ იმ შემთხვევაშიც თუ ასე მოხდა, მერწყული შეიძლება სასწაულებრივად აღსდგეს. განა მერწყული  ჯადოქრობის დიდოსტატი არ არის?

 

 

 

თხის რქა ქალი და მერწყული მამაკაცი

Carla Bruni & Nicolas Sarkozy

_ვენდი, წამოდი ჩემთან ერთად. ბიჭებს ზღაპარი მოუყევი.

ცხადია, ვენდის  თხოვნა ეამა, მაგრამ მაინც შეეწინააღმდეგა:

_ღმერთო, როგორ შემიძლია?

დედაზე იფიქრე?

ამასთან, მე ფრენა არ შემიძლია.

აი, ისინი მანჰეტენის ცენტრალურ პარკში ან ლონდონის ქენსინგთონის ბაღში ერთად უსმენენ ორკესტრს. თუმცა უფრო მართებული იქნებოდა მეთქვა, რომ მერწყული უსმენს, თხის რქა კი ჩანახატებს აკეთებს პასტელით. მართლაც რომანტიულად ჟღერს და მშვენივრად გამოიყურება, არა? და ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა დეტალი: სინამდვილეში ორკესტრი არ არის.  კონცერტი კი, რომელსაც მერწყული უსმენს, მხოლოდ მის თავში ჟღერს. ამიტომ, როდესაც მერწყული ხელების ქნევას იწყებს, თავს ვიოლინოების ტაქტს აყოლებს და ფეხებით ბარაბნების რითმს ჰყვება, ის ცოტა უცნაურად გამოიყურება. ბოლომდე გულწრფელად რომ გითხრათ, ამ სახელდახელო იმპროვიზაციის შემხვედვარე თხის რქა ქალბატონი გაიფიქრებს, რომ ეს მამაკაცი რეგვენია. თუმცა რადგან თხის რქა ჭეშმარიტი ქალბატონია, გრაციოზული მანერებით, ის ოდნავ გაწითლდება, კიდევ უფრო დიდი მონდომებით გააგრძელებს ხატვას და თავს მოიკატუნებს, რომ არაფერი შეუმჩნევია. მაგრამ თხის რქა უთუოდ გაცხარდება, თუ მერწყული შესთავაზებს სიმღერით აჰყვეს ან სრულიად სერიოზულად ჰკითხავს, როგორ მოსწონს მევიოლინეთა პარტია. თხის რქის წყობიდან გამოყვანა კი არც ისე მარტივი საქმეა. ამას რაღაც წარმოუდგენელი რამ სჭირდება. პრინციპში, მერწყული მამაკაცი ზუსტად ასეთი წარმოუდგენელი არსებაა. მისი უცნაურობა შეიძლება უსასრულოდ მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით თუ მას თხის რქა გოგონას თვალით შეხედავთ. ვფიქრობ,  ერთგულ მკითხველებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩემს პირველ წიგნში, „მზის ნიშნები“, მე ვწერდი: „თხის რქა ერთადერთი გოგონაა, რომელიც შეიძლება მახინჯ გომბეშოს უცქერდეს და იცოდეს, რომ სინამდვილეში ის მოჯადოებული უფლისწულია“. ამიტომ, იძულებული ვარ გაგიმხილოთ, რომ თუ თხის რქა ქალბატონი ასეთი რწმენითა და სიყვარულით განიმსჭვალა მამაკაცის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ ახირებული არსების გაუმჯობესება. თხის რქა მისგან ქმრისა და მამის იდეალს გამოთლის. თუ, რა თქმა უნდა,წინასწარი მსჯელობის საფუძველზე დაასკვნის, რომ მამაკაცი ღირს გაწეულ ინვესტიციებად და შრომად. ასე რომ, თუ თხის რქამ ივარაუდა, რომ მერწყულს ღირსებებიც არანაკლები აქვს, შეიძლება თამაშში აჰყვეს და მევიოლინეთა პარტია მოუწონოს ან წაიმღეროს კიდეც. მაგრამ ის ზუსტად ასეთივე გულმოდგინებით  შეეცდება მის გადაკეთებას. ის რბილად ეტყვის, რომ შესაშნიშნავად ესმის მისი, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რას იტყვის ხალხი. სატურნის შვილთა ღრმა რწმენით, ყოველთვის ისე უნდა მოიქცე, რომ პატივისცემა დაიმსახურო.

თხის რქა ცდება. საშინლად  ცდება. მერწყულს საერთოდ არ აღელვებს, პატივს სცემენ თუ არა. განა პატივისცემის  საწინააღმდეგო აქვს რამე, მისთვის უბრალოდ სულერთია. დროდადრო ეს ფაქტორი მათი განხეთქილების მიზეზი ხდება. მერწყული მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტია. თხის რქა გოგონასაც შეიძლება ჰქონდეს არაჩვეულებრივი იდეები. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თხის რქა იდეებს თავისთვის ინახავს, უცხო ადამიანების დაცინვისა და კრიტიკისგან დასაცავად, მერწყულს კი საერთოდ არ აშინებს საკუთარი ექსცენტრულობის დემონსტრირება.

თხის რქის სამყარო, მერწყულისგან განსხვავებით, არ არის გამოგონილი. მისი სამყარო პრაქტიკულია. ის სავსეა საყვარელი ლეკვებით, ხელოვნების ნიმუშებითა და ოცნებებით თბილ სამზარეულოებსა და მრავალრიცხოვან ოჯახებზე, რომლებიც ერთად მღერიან საშობაო სიმღერებს. თხის რქის სურვილები არასდროს სცდება იმის ფარგლებს, რისი დამსახურებაც შეუძლია. ამიტომ, მას ირეალურად ეჩვენება მერწყულის სამყარო, რომელიც  დასახლებულია ნებისმიერი ზომის, ფორმისა და კონსისტენციის გაურკვეველი წარმომავლობის ქმნილებებით და სადაც  შეუძლებელი შეიძლება მოხდეს (ადრე თუ გვიან, ხდება კიდეც).

თხის რქამ უნდა შეიყვაროს მერწყულის მეგობრები. ეს აუცილებელი მოთხოვნაა ნებისმიერი ქალისთვის, რომელსაც მერწყულის შენარჩუნება სურს. ის საოცრად თავდადებულია თავისი მეგობრებისთვის, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ მან ამ სიტყვით შეიძლება შვეიცარიც მოიხსენიოს, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთელ ჰყავს ნანახი. მერწყულს მეგობრობის ძალიან განუსაზღვრელი გაგება აქვს. ის იმდენად დაბნეულია, შეიძლება ცოლი ასე წარადგინონ: „ჩემი კარგი მეგობარი, ელაიზა“.

თხის რქები ჩუმი, ღირსეული და მოკრძალებული ცოლები არიან. ისინი არ უყენებნ ქმრებს კაპრიზულ მოთხოვნებს, არ ავლენენ უზომო ცნობისმოყვარეობას და არც თავის მობეზრება ახასიათებთ ზედმეტი დაჟინებულობით. ალბათ, ხვდებით რატომ იზიდავს ეს ქალი მერწყულს. მაგრამ თხის რქა არც იმდენად ჩუმი და მოკრძალებულია, რომ მერწყულს თავისი არსებობის დავიწყების საშუალება მისცეს. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ მერწყული მარტივად ივიწყებს ბევრს რამეს, მათ შორის იმასაც, რომ დაქორწინებულია და კუბოს კარამდე ერთგულების აღთქმა აქვს დადებული. მინდა გითხრათ, რომ ამ მამაკაცს სერიოზული პუნქტი აქვს დაპირებასთან დაკავშირებით. კატეგორიულად ვერ იტანს! ეს ურანული პირდაპირობის უცნაური გამოხატულებაა. მერწყულს მიაჩნია, რომ სისულელეა რამის წინასწარ მტკიცება, როდესაც დარწმუნებული არ ხარ, რა მოგაფიქრდება ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ვის შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ არასდროს არაფერი შეიცვლება? მერწყულს ნამდვილად არა. მაშინ რატომ უნდა მოატყუოს ადამიანები? მერწყულები საშინლად ვერ იტანენ, როდესაც ვინმე პირობის გატეხვაში ადანაშაულებს. ამიტომ, ის  ყველა ღონეს იხმარს, რომ დაპირება არ გასცეს.

ბუნებრივია, ეს იმას არ გულისხმობს, რომ საკუთარი პირობის ერთგული მერწყულები საერთოდ არ არსებობენ, ვინც მთელი ცხოვრება ერთ ქალთან რჩება.  ისინი არსებობენ, თანაც ბევრნი. ზოგიერთი  მათგანი მართლა ძალიან შეყვარებულია. მაგრამ ისინიც კი, ვისაც მეორე ნახევრებთან დიდი სიყვარული არ აკავშირებთ, ძალიან უხალისოდ მიდიან განქორწინებაზე. მერწყულის ცოლს იშვიათად ემუქრება მეტოქე ქალებთან კონფრონტაცია, მიუხედავად იმისა, რომ  ის ძალიან აქტიურად ინტერესდება ქალებით და ამისთვის  საკმაოდ  წონადი მიზეზიც აქვს. ქალები კაცობრიობის ნახევარს შეადგენენ. მერწყული კი, როგორც მოგეხსენებათ, საოცრად ცხოველ ინტერესს ავლენს  მთლიანი კაცობრიობის ბედისა და პრობლემებისადმი. ალბათ, ისიც იცით, რომ მას ძალიან უჭირს განსხვავება და თავიდან  შეიძლება ვერც შეამჩნიოს, რომ ქალი საპირისპირო სქესის ადამიანია. ეს მის უსქესობაზე არ მეტყველებს. უბრალოდ მერწყულისთვის სქესი არც ისე მნიშვნელოვანია. ასე რომ, თუ ქალი მცირეოდენ ძალისხმევას მაინც გამოიჩენს, უმეტეს შემთხვევაში საჩუქრად  ერთგულ ქმარსა და საყვარელს მიიღებს მერწყული მამაკაცის სახით.

ძალიან უცნაურია (თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, არც ისე), მაგრამ მერწყული მამაკაცი ეჭვიანობის მწვავე შეტევებს იწვევს ქალებში, თვით მშვიდ და აუღელვებელ თხის რქაშიც კი. საქმე ის არის, რომ მერწყული შეიძლება სრულიად უცნობმა ადამიანმა გაიტაცოს  და მას მეგობარივით ეპყრობოდეს. თუ უცნობი მეგობარი ქალია, მის ცოლ თხის რქას გაუჭირდება იმის გაგება, რომ ეს არაფერს ნიშნავს.

მათი ურთიერთობის ფიზიკური მხარე ცვალებადი და არაპროგნოზირებადია. საერთოდ, ყველაფერი, რაც მერწყულს უკავშირდება, ცვალებადი და არაპროგნოზირებადია.  მერწყულის სექსისადმი დამოკიდებულება ძლიერი ცნობისმოყვარეობიდან მიუკერძოებელ მისაღებობამდე მერყეობს. თხის რქის _ საქორწინო ვალდებულებიდან ღრმა სიამოვნებამდე, ყოველგვარი ყალბი რიდისა  და თვალთმაქცობის გარეშე. როგორც ხედავთ, არც ერთი მათგანი არ აფასებს სექსს  არც მეტად და არც ნაკლებად. ორივე ისე აღიქვამს, როგორიც არის. მათი ფიზიკური სიყვარულისთვის არ არის დამახასიათებელია  ვნებები და ემოციური აღტკინებები, თუმცა ზოგიერთ მერწყულს ფიზიკურ სიახლოვეში სიზმრისეული  ირეალობა შეაქვს. ზოგიერთი თხის რქა ქალი კი უხერხულად წითლდება, როდესაც საკუთარ სექსუალობაზე ფიქრობს. სექსის სფეროში მერწყულმა შეიძლება ისეთი რამ მოიფიქროს, რაც თხის რქას ძალიან მომაჯადოებლად და ამაღელვებლად მოეჩვენება. თუ მათ ერთმანეთი უყვართ აუცილებლად მოაგვარებენ ყოველგვარ უთანხმოებას.

თუ რომელიმეს მთვარე ჰარმონიულ ასპექტშია მეორეს მზესთან, ფიზიკური კავშირი უფრო დამაკმაყოფილებელი იქნება. თუ დაძაბული ასპექტებია, სიახლოვე შეიძლება ილუზორული იყოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, სულიერი შიმშილი არ ემუქრებათ. ისეთი, როგორზეც პოეტები წერენ. თხის რქების სექსუალური ინსტინქტები ძალიან ნელა ვითარდება, იგივე შეიძლება ითქვას მერწყულზეც.  ამიტომ, რაც უფრო ზრდასრულ ასაკში დაქორწინდებიან, მით უფრო წარმატებული იქნება მათი ქორწინება.

განხეთქილების ძირითადი მიზეზი შეიძლება გახდეს თხის რქის ოჯახისადმი თავგადაკლული ერთგულება  ან მერწყულის ინდეფერენტული დამოკიდებულება მეზობლებისა და ნათესავებისადმი. თუმცა ჯობია ერთმანეთის დადებით თვისებებზე კონცენტრირდნენ. თხის რქა ქალი  ძალიან მოსიყვარულე, მტკიცე და ერთგულია, ძლიერი მორალური პასუხისმგებლობით. ძალიან იშვიათად, რომ მან თავისი საქციელით გული ატკინოს მერწყულს. ეს თითქმის ყველა თხის რქის შემთხვევაში სწორია, იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვინც სიყმაწვილიდან  განვითარების არასწორი გზა აირჩია. ასეთი გულნატკენი თხის რქები სექსს კბილის გამოხეხვასავით ჩვეულებრივ მოვლენად თვლიან და სრულიად  უარყოფენ რომანტიულ სიყვარულს.

რაც შეეხება მერწყულის, როგორც ქმრისა და მამის, ღირსებებს, არავინ ინარჩუნებს ამდენ ხანს ინტელექტუალურ ინტერესს, სიყვარული კი გონებიდან იწყება.. მომიტევეთ, რა თქმა უნდა, ჰაეროვანი ნიშნების შემთხვევაში ვიგულისხმე. მიწის სტიქიის ნიშნებისთვის კი, როგორიც თხის რქაა, სიყვარულის დასაბამი  ემოციური სტაბილურობაა, რასაც მერწყული მცირედ მოკლებულია. მაგრამ მოთმინებითა და ურთიერთგაგებით ჭკვიან ადამიანებს ყველაფრის სწავლა შეუძლიათ.

 

 

მომზადებული ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს”  მიხედვით.


About Qet

Scroll To Top