… სიმართლეზე კარგი არაფერია და მე მინდა მხოლოდ ის მოვყვე, რაც სინამდვილეში მოხდა.
ისინი არამხოლოდ ვერ უგებდნენ ერთმანეთს,ზრდილობაც დაივიწყეს.
მშვილდოსნები სავსენი არიან მხიარულებითა და არათანმიმდევრულობით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არაფერი სწყინთ და ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან. ოდნავ მოუქნელი მშვილდოსნები ხშირად ბორძიკობენ (ლაპარაკის დროსაც). ეს, უდავოდ, თავისებურ მომხიბვლელობას ანიჭებს მათ, თუმცა, იმავდროულად, თხის რქების ალერსიან ქირქილსაც იწვევს. თხის რქებმა ზუსტად იციან, საით გაუწევიათ, რაც მშვილდოსნებისთვის ცოტა შესაშური და გამაღიზიანებელი თვისებაა, რომელიც ვერაფრით აითვისეს. დიახ, ეს ნიშნები დიდ დროს გაატარებენ გაკვეთილების ჩატარებასა და ათვისებაში. თხის რქა მასწავლებელია, მშვილდოსანი კი ურჩი მოსწავლე. ორივეს აქვს ერთმანეთისთვის მიმზიდველი თვისებები. მაგალითად, მშვილდოსანს მთროთლვარე მოკრძალება იტანს, როდესაც სტომატოლოგის სავარძელში მშვიდად მოთავსებულ თხის რქას უყურებს. თხის რქა კი ფარული შურით ივსება, როდესაც მშვილდოსანი გაბედულად მიაჭენებს ცხოვრებასთან შესახვედრად და არავითარი მოულოდნელობა არ აშინებს, იმ იშვიათ კენტავრებს თუ არ ჩავთვლით, ვინც მხოლოდ საკუთარ წარმოსახვაში მოგზაურობს და რისკავს. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვობაში მკაცრმა მშობლებმა დააკომპლექსეს.
საერთოდ, მოგზაურობა მათი გადაკვეთის წერტილიც შეიძლება გახდეს. იმ დროს, როდესაც მეისრეთა უმეტესობა უდარდელად მიაჭენებს სამყაროს ერთი კიდიდან მეორესკენ,(პარალელურად სხვადასხვა ხალხების, რელიგიებისა და ფილოსოფიების შესწავლით), თხის რქას ასეთ გაუმართლებელ ქაოსზე გაფიქრებაც კი ანერვიულებს. მოსაცდელ დარბაზში ჩალაგებული ჩემოდნებით ჯდომის იდეა მას სიგიჟედ ეჩვენება. ისევე როგორც კატეგორიულად არ ამართლებს რელიგიასა და ფილოსოფიასთან უშნოდ შეხუმრებას. რაც კარგი იყო მისი მშობლებისთვის, კარგია მისთვისაც. მისი ბავშვობის ეკლესია კვლავ საიმედოდ დგას ნაცნობ ადგილზე. მაშინ რატომ უნდა შეიტანოს ეჭვი მის საფუძვლებში? რაც შეეხება ფილოსოფიას, პლატონი პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობოდა, სოკრატე _ გონებას. ჰოდა რა საჭიროა ეს ექსპერიმენტები ახალსა და უცნობთან? შეიძლება უკლებლივ ყველა არა, მაგრამ თხის რქათა აბსოლუტური უმრავლესობა, სიმბოლური და პირდაპირი გაგებით, მყარად დგას მიწაზე. ხანდახან შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც შეგექმნათ, რომ ცოტაც და ფესვებს გაიდგამენ და სუროდ გადაიქცევიან, რომელიც ასწლეულების განმავლობაში აცმაცუნებს თავის მაგარ ულვაშებს საგვარეულო ციხე-სიმაგრეებზე.
მართლაც საინტერესო სანახავია, როგორ ურთიერთობს ეს ორი ნიშანი. ის იშვიათი მშვილდოსნები, ვინც შემოქმედებით ტიპს მიეკუთვნებიან, მარტივად პოულობენ საერთო ენას თხის რქასთან. თუმცა მშვილდოსანთა უმრავლესობა თავად საუბრის პროცესისგან იღებს სიამოვნებას. მათ კითხვებს ბოლო არ უჩანს, მათ ყველაფრის გაგება სწადიათ. თხის რქა თავიდან სიამოვნებით ჩაერთვება პროცესში და გულისხმიერად უპასუხებს მის კითხვებს. ამ გაწონასწორებულ ადამიანებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს საკუთარი ცხოვრებისეული სიბრძნის გაზიარება. მაგრამ როდესაც გარკვეული დროის შემდეგ თხის რქა მიხვდება, რომ უდარდელი მშვილდოსანი სატურნის მთელ სიბრძნეს უბრალოდ უგულვებელყოფს, ის დაასკვნის, რომ მისთვის ეს მხოლოდ თამაშია. პრაქტიკული თხის რქები კი არ ხარჯავენ თავიანთ ძვირფას დროს თამაშებსა და გართობაზე.
მშვილდოსანმა, თავის მხრივ, შეიძლება დაასკვნას, რომ თხის რქა ზედმეტად გულგრილია და ბოლომდე გახსნა არ სურს. თხის რქამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მშვილდოსანი ზედმეტად მოუსვენარია და სინამდვილეში არაფრის მოსმენაც არ უნდა. აი, რა ხდება ხანდახან, როდესაც იდეალიზმი და ჭეშმარიტების ძიება კონფლიქტში შედის სიბრძნესა და სიფრთხილესთან. თუმცა კარგად რომ დავუკვირდეთ, განა არსებობს იდეალიზმი სიბრძნის გარეშე? ან ჭეშმარიტების ძიება სიფრთხილის გარეშე?
„მეტი წესრიგი!“_ბუზღუნებს თხის რქა.
„მეტი შთაგონება!“_ ეწინააღმდეგება მშვილდოსანი.
და ორივე მართალია. თხის რქა რომ თავისი ყოვლისმცოდნეობის მწვერვალიდან დაშვებულიყო ან მშვილდოსანს რომ თავისი მოუსვენრობა მოეთვინიერებინა და სითამამისთვის მეტი მოთმინება შეემატა, ორივე ნახავდა, როგორი ბრწყინვალე შედეგების მიღწევა შეიძლება საწინააღმდეგო შეხედულებების შერწყმით. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დრო და ძალები მუდმივ დაპირისპირებაში ხარჯონ, მათ ყოველთვის შეუძლიათ ერთობლივად იმოქმედონ და ერთმანეთი შეავსონ.
არც ერთ მათგანს არ მიაჩნია თავმდაბლობა ღირსებად. მშვილდოსანს საერთოდ ამ სიტყვის მნიშვნელობაც ძლივს ესმის. გარეგნულად ყველაზე მორცხვი თხის რქაც კი ყოველთვის წარმატების მწვერვალებისკენ მიილტვის.
განსხვავებულად უყურებენ ფულსაც. მე ჯერ არ შემხვედრია თხის რქა, რომელსაც დანაზოგი არ აქვს, როგორც მინიმუმ, ორ სხვადასხვა ბანკში მაინც. მშვილდოსანს ფულის ხარჯვა უფრო უყვარს, ვიდრე დაგროვება, რადგან გულწრფელად მიაჩნია, რომ ფული დასახარჯად შეიქმნა. ისინი გასავალს უფრო სწრაფად ითვლიან, ვიდრე შემოსავალს. შესაძლოა არსებობენ არატიპური მშვილდოსნები, მაგრამ თუ ჩაეძიებით, თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ მათ მთვარეებს ან ასცედენტებს კუროს, კირჩხიბის, ქალწულის ან თხის რქის ნიშნებში. აი, ასეთ მშვილდოსანს შესანიშნავი ფინანსური ურთიერთობა ექნება თხის რქასთან, თუმცა, მეორეს მხრივ, ზუსტად ფული შეიძლება გახდეს მათი დაბრკოლების ქვა.
ამ კავშირის ერთერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი ის არის, რომ სქელკანიანი თხის რქა მარტივად ისხლიტავს მშვილდოსნის პირდაპირობას. როდესაც მშვილდოსანი მას სიმართლით ბასრად წამახულ ისრებს დაუშენს, თხის რქა უბრალოდ მხრებს აიჩეჩავს: „მერე რა?“ მაგრამ თუ იუპიტერელი დაშვებულის ზღვარს გადაცდება, თხის რქა მას სატურნული სიმართლის დაღს დაასვამს. იდგეს მერე თვეობით კუთხეში ატუზული. სატურნით მართული თხის რქები შესანიშნავი პედაგოგები არიან, რომელთაც ღირებული გაკვეთილის ჩატარება შეუძლიათ იმპულსური ადამიანებისთვის.
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მშვილდოსანი განზრახ აღიზიანებს თხის რქას. ყოველ შემთხევაში, გარედან დამკვირვებლისთვის ასე ჩანს. სინამდვილეში თხის რქა მშვიდად და გაბედულად იქცევა თავისი სურვილისამებრ და მშვილდოსანი ხელცარიელი რჩება. ისევე როგორც დანარჩენი მიწის ნიშნები, თხის რქაც მხოლოდ დროებით დათმობაზე მიდის, რომ კამათი კონფლიქტში არ გადაიზრდოს. საბედნიეროდ, მშვილდოსანთა უმეტესობა შესანიშნავად ხვდება, როდის უნდა შეწყვიტოს ნერვებზე თამაში… სანამ თხის რქა მართლა გაბრაზდება!
მშვილდოსნები მსუბუქი გულით ხვდებიან ცხოვრებისეულ გაუგებრობებსა და უსიამოვნებებს, მაგრამ ყველა დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევს, რომ გულის სიღრმეში ისინი სევდიანი ჯამბაზები არიან. ზედმეტი გაღიზიანება და ნერვიულობა მათ უზარმაზარ ტკივილს ანიჭებს. მათი ნათელი სული სავსეა იმედებით, ამიტომაც ძალიან იტანჯებიან, როდესაც ცისარტყელაზე ხინჯებს აღმოაჩენენ. თხის რქის ბუნება გაცილებით თავშეკავებული და ფრთხილია, ის ხომ ზომიერებისა გადამცემი ჩამონტაჟებული აპარატით იბადება, რაც საშუალებას აძლევს წონასწორობა შეინარჩუნოს ცხოვრების კლდოვან ქიმებზე. უფრო მარტივად და კონკრეტულად: მშვილდოსანი ოპტიმისტია, თხის რქა პესიმისტი. იუპიტერული იდეალიზმი და ოპტიმიზმი სერიოზულად აშფოთებს წინდახედულ თხის რქას. სატურნული პესიმიზმი და წინდახედულება კი სერიოზულად თრგუნავს მეისრის ფერად სულს.
და მაინც, როდესაც სევდიანი ჯამბაზის იმედებს უმოწყალოდ კლავენ ის სასტიკი ადამიანები, ვინც მის ენთუზიაზმს არ იზიარებს, თხის რქა მის გვერდით არის და ჭრილობებს ნაზი მზრუნველობითა და სიბრძნით უშუშებს. ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში, როდესაც პატარა კენტავრს ბებია და ბაბუა ამშვიდებდნენ…
დიახ, დროის უმეტესობა თხის რქა დაღვერილი დუმს და ჯავრობს, მაგრამ არავინ იქნება მასსავით ნაზი და მზრუნველი, როდესაც უდარდელი მშვილდოსანს, რომელმაც სატურნის ბრძნული წინდახედულება დაუდევრად უგულვებელყო, თავს უსიამოვნებები დაატყდება.
_ არაფერია, _ ამშვიდებს თხის რქა. _ ადრე თუ გვიან, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. წვიმის შემდეგ ყოველთვის ცისარტყელა გამოდის. განა ასე არ მასწავლიდი?
და მოდი, სათანადოდ დავაფასოთ თხის რქა, ის საკმარისად ბრძენია, რომ ყოველთვის ახსოვდეს ყველაფერი, რაც კი მისთვის ოდესმე უსწავლებიათ.
მშვილდოსანი მამაკაცი და თხის რქა ქალი
პიტერს გული ჩაწყდა.
ვენდი, ხელფეხშეკრული, მეკობრეთა გემზე.
_მე გადავარჩენ! _ დაიყვირა მან და იარაღს ხელი სტაცა.
და უცებ გაიფიქრა, რომ შეეძლო
ვენდისთვის რაიმე სასიამოვნო გაეკეთებინა,
მაგალითად, წამალი დაელია!
თხის რქა ქალი საოცრად მომხიბვლელი ქმნილებაა. მან ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან და როგორ მიიღოს სასურველი, თუმცა შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ დიად მიზნებს არც ისახავს. ის თავშეკავებულია და არასდროს აწყვეტინებს თავის ოცნებებზე ენად გაკრეფილ მშვილდოსანს, ეს კი ყველა ქალს ნამდვილად არ გამოუვა. მშვილდოსანს თხის რქა დამჯერ და რბილი ხასიათის ქალად ეჩვენება.
მშვილდოსანი ძალიან ცდება. მართალია, თხის რქა ფემინური ნიშნით დაიბადა, მაგრამ ის ცალსახად მამაკაცური სატურნით იმართება. დიახ, მას შეიძლება რბილი მანერები ჰქონდეს და დამჯერიც ჩანდეს, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ არის ასეთი. ჯობია თავიდანვე გაითვალისწინოთ, რომ ამ ქალს ძალზედ მკაცრი ზნე აქვს. ის ვერ იტანს სისულელეებს. თხის რქისთვის სისულელეს წარმოადგენს დროის ფუჭად ფლანგვა, მკაფიო მიზნების არარსებობა, უაზრო ფლირტი და შემთხვევითი კავშირები. ყურადღება მიაქციეთ, რომ არა ფლირტი, როგორც ასეთი, არამედ უაზრო ფლირტი და არა კავშირები, როგორც ასეთი, არამედ შემთხვევითი კავშირები. ადრე თუ გვიან ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. საქმე ის არის, რომ თხის რქა ქალბატონს თავიდანვე სურს იმის გარკვევა, რა განზრახვები გამოძრავებთ მის მიმართ. იმ შემთხვევაშიც, თუ ჯერ თქვენ თვითონაც ვერ გარკვეულხართ საკუთარ მოტივებში. დამიჯერეთ, კენტავრებო, ჯობია სერიოზული განზრახვები გქონდეთ და არა ისეთი, როგორც ქალთა უმეტესობასთან…
მშვილდოსანი მამაკაცები ხშირად დაბდურა რომანტიკოსები არიან. ალბათ ისიც იცით, რომ ერთგულებითაც არ გამოირჩევიან. ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ გასართობ თავგადასავლებს ეძებენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს იდელიასტი რომანტიკოსი თავის ერთადერთს იპოვის, მას ნამდვილად შესწევს რაინდული ერთგულებისა და თავდადების უნარი. მაგრამ ამ ბედნიერ მომენტამდე მისმა ბრჭყვიალა აბჯარმა შეიძლება დაკარგოს იდეალური ბრწყინვალება. ბუნებრივია, ჭეშმარიტი სიყვარული კვლავ დაუბრუნებს სიკაშკაშეს… კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ქალს ვერ შეაჩერებს ეს წვრილმანი უსიამოვნება. თხის რქა სიყვარულში პრაქტიკულია. მისი რაინდის აბჯარს ჟანგი მოეკიდა? მერე რა? მას შეუძლია ისე გაწმინდოს, ახალივით იქნება და ვერავინ ვერაფერს შეამჩნევს. „გუშინ“ გუშინ იყო, „ახლა“ დღევადელი დღეა, „ხვალ“ კი საფიქრალია. თხის რქა აპატიებს მშვილდოსანს წარსულ ცოდვებს, მაგრამ ის საკმაოდ ფრთხილი და გონიერია, რომ ასევე მარტივად ენდოს. ის არ მოითმენს არავითარ ტყუილს! და ეს კარგად უნდა ახსოვდეს მშვილდოსანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელი წამწამების ერთი დახამხამებით, მას წარსულის ნაგავსაყრელზე მოისვრიან. თხის რქის ცხოვრებისეული შეცდომების სიას კი კიდევ ერთი სირცხვილი შეემატება. საბედნიეროდ, ეს ცივსისხლიანი სისასტიკე მშვილდოსანს ნამდვილად ვერ შეაჩერებს. ხომ გახსოვთ, რომ ის ორმაგად მასკულინური ენერგიის გავლენას განიცდის? როგორ ფიქრობთ, შეეგუება და დაემორჩილება?.. ამასთან, ის არც ისე სულმოკლეა, უბრალოდ ცბიერებასთან ვერ მეგობრობს. მან შეიძლება დაუფიქრებლად დააბრეხვოს რაღაც, რაც თხის რქის ღირსებას შელახავს, სატურნიელებს კი ყოველთვის ღირსეულად უჭირავთ თავი, განსაკუთრებით პუბლიკის წინაშე. რა თქმა უნდა, თხის რქაც აფასებს გონებამახვილობას, მაგრამ მას ძალიან სწყინდება წვერებიანი ანეკდოტები და საშინლად აღიზიანებს უხეში მანერები. თხის რქა სულაც არ არის განწყობილი მოსასმენად, როდესაც ყველას თვალწინ შეცდომებზე მიუთითებენ, რაც მშვილდოსნის ერთერთი გამორჩეული ნიჭია. სამაგიეროდ, თხის რქა დაუფასებს პატიოსნებას. მშვილდოსანს მოსწონს ეს გონიერი და პრაქტიკული ქალი. მშვილდოსანი თავადაც უარს აცხადებს ფაქტების შელამაზებაზე და პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ხედავს. პირდაპირობა ორივეს სიმპათიას იწვევს და ეს ის თვისებაა, რომელსაც ორივე ნიშანი ფლობს. ეს მართლაც კარგი საფუძველია ურთიერთსიმპათიისთვის, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მათი გარშემომყოფებიც ასევე აღფრთოვანებულნი არიან ამით. თუ თქვენ ამ წყვილს საღამოს ესტუმრებით, ისინი კი დილით ადრე უნდა ადგნენ, თქვენ აუცილებლად შეგახსენებენ, რომ გვიანია. თხის რქა ტაქტიანად და თავაზიანად, მშვილდოსანი _ მეგობრული გულგახსნილობით. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ გარეთ გამოგიძახებენ, მაგრამ მკაფიოდ გაგრძნობინებენ, რომ თქვენი წასვლის დროა.
ისინი იზიარებენ მუსიკისა და ხელოვნების, რელიგიისა და სამართლის მიმართ ინტერესს. მშვილდოსანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ თხის რქა მზადაა მსხვერპლზეც კი წავიდეს სასურველის მისაღებად. და ის მართალია. მაგალითად, თუ თხის რქა პატარა ქალაქში ცხოვრობს და მის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ისე ხარისხიანად ასწავლიან ხელოვნების ისტორიას, ის ავტოგასამართ სადგურზე იმუშავებს, რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლის ფული მოაგროვოს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, მშვილდოსანი სათანადოდ დააფასებს ასეთ, თუნდაც ცალმხრივ, ერთგულებას მიზნისადმი, რადგან თვითონაც დაახლოებით ასეთივეა. იმ განსხვავებით, რომ თხის რქა ცდილობს რაც შეიძლება იშვიათად დატოვოს სახლი, მშვილდოსანი კი ყოველთვის ჩემოდნებზე ზის. „ჩემოდნებზე ზის“ ფიგურალურად, თორემ ის, ჯიბეში მხოლოდ კბილის ჯაგრისითაც, მზადაა გასამგზავრებლად.
რა თქმა უნდა, თხის რქა არ გაყვება და ის უამრავ გამართლებას იპოვის უარისთვის:
_ ჩვენ ეს არ დაგვიგეგმია. _ იტყვის ის.
_უფრო მხიარულად! _ უპასუხებს მშვილდოსანი.
თხის რქა იბღვირება. მშვილდოსანი არწმუნებს. თხის რქა უდრეკია. ვგონებ, ზუსტად ამ დროს გაუელვებს თავში პირველად კენტავრს, რომ ეს ქალი კონსერვატულია. თუმცა როდესაც ის გაუღიმებს, ის წამსვე დადნება, მას ხომ ისეთი დიდი გული აქვს! მაგრამ ჩვენ შორის დარჩეს და ხომ უნდა არსებობდეს რაღაც მეთოდი თხის რქაზე გასამარჯვებლად?
არსებობს ასეთი მეთოდი. დაუმტკიცეთ მას, რომ სერიოზული ხართ, არამხოლოდ მის სიყვარულში, არამედ იმაშიც, რას აპირებთ ამ სამყაროში და რა ჯილდოს ელით სანაცვლოდ. უკლებლივ ყველა მშვილდოსანი სავსეა ოცნებებით (სანამ ცხოვრებისეული უსიამოვნებები არ გაუნადგურებენ). ეს მეოცნებე მზადაა იმდენი შესთავაზოს! თხის რქა გულაჩუყებულია,ოცნება მშვენიერია!.. მაგრამ სად არის მისი განხორცილების პროგრამა? მშვილდოსანს მიაჩნია, რომ მთავარი სურვილია. თხის რქამ კარგად იცის, რომ ოცნებასაც კი განხორციელების გეგმა სჭირდება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თხის რქა უკიდურესად პრაქტიკული ნიშანია.
მაგრამ რაც უფრო ემატება ასაკი თხის რქას, მით უფრო თავისუფლდება კომპლექსებისგან. დადგება დრო და ის თავის მშვილდოსანთან ერთად სიამოვნებით იმოგზაურებს, რასაც მოკლებული იყო ბავშვობაში. პატარა თხის რქას ხანდახან ეჩვენება, რომ 105 წლის დაიბადა, ნუ, პლუს-მინუს რამდენიმე წელი. მისი პრაქტიკული და მელანქოლიური გულის ცემა შედარებით ჩქარდება, იმაზე გაფიქრებისას, რამდენი რამის აღმოჩენაში დაეხმარა მისი საყვარელი კენტავრი. თუმცა, ვგონებ, ცოტა გადავასწარით მოვლენებს. ისინი ხომ ჯერ კიდევ ცუდად იცნობენ ერთმანეთს.
მშვილდოსნის დაუფიქრებლობა აფიქრებს და ხანდახან ადარდებს თხის რქას. ის უნდა შეეცადოს გაიგოს, რომ სინამდვილეში მშვილდოსანი ცუდს არაფერს გულისხმობს. მისი უტაქტო გამონათქვამები სპონტანური ხასიათისაა. ეს მისთვისაც მოულოდნელი სურპრიზია. როდესაც მშვილდოსანი ეუბნება, რომ რაღაც ისეთი ფორმის ცხვირი აქვს… რომ მოკლე ვარცხნილობა უფრო მოუხდებოდა… რომ მისი მეგობარი ჭორიკანაა… ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ყველაფერი ასეც არის. როდესაც მშვილდოსანი ამბობს „მე შენ მიყვარხარ“, ესეც სრული სიმართლეა. ამ ადამიანს არ შეუძლია ტყუილი, მაშინაც კი, როდესაც გულმოდგინედ ცდილობს. ამიტომ, მინდა თხის რქა დავამშვიდო, რომ ის სრულ უსაფრთხოებაშია, სანამ მშვილდოსანი პირდაპირ არ ეტყვის, რომ აღარ უყვარს. საყვარელი ქალისგან უარყოფილმა მშვილდოსანმა თავი შეიძლება მონასტერს შეაფაროს, მაგრამ თავად არასდროს მოატყუებს არც ქალს და არც საკუთარ თავს. თუ განგების ნებით რაიმე ტყუილში გაეხვა, ამ შემთხვევაშიც კი თავს დაირწმუნებს, რომ ეს სიმართლეა. თუმცა საბედნიეროდ, ასეთი რამ თითქმის არ ხდება.
მათი სექსუალური შეთავსება შესაძლოა ორმა ფაქტორმა დააზარალოს: მშვილდოსნის უტაქტობამ, რაც კიდევ უფრო აგრილებს ამ ისედაც თავდაჭერილ ქალს (თან მშვილდოსანს არც ესმის,რატომ); და თხის რქის თავისებურებამ, სექსუალური სიახლოვე აღიქვას როგორც სასიამოვნო აუცილებლობა, რომელიც ასევე განრიგს ექვემდებარება. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია, თხის რქა ვერავითარ სიამოვნებას ვერ მიიღებს, თუ მშვილდოსანი მის ნდობას ვერ მოიპოვებს. ისეც ხდება, რომ თხის რქა ეს-ეს არის ივიწყებს სიფრთხილეს და მშვილდოსანი ისეთ რამეს წამოროშავს, რაზეც ჯობდა ჩუმად ყოფილიყო… სატურნულ გულზე ჭრილობები ძალიან ნელა ხორცდება.
ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თხის რქა ყურებს მიღმა ატარებს მშვილდოსნის სიტყვებს, ქათინაურებსაც კი. ის ისე იქცევა, თითქოს საერთოდ არც ადარდებს. თუმცა მას არამხოლოდ ადარდებს, გულიც კი უძგერდება. უბრალოდ თვლის, რომ სხვამ არავინ უნდა იცოდეს მისი გრძნობების შესახებ. თხის რქის გარეგნული სიცივე მარტოობის სევდას მალავს, რომელსაც ის არასდროს აჩვენებს. ეს ის ქალია, რომელსაც ასე სჭირდება სიკეთე. დაარწმუნეთ, რომ ის ლამაზია, შეუქეთ მიღწევები, მეტი სინათლე შეიტანეთ მის ცხოვრებაში… თუ მისი საყვარელი მამაკაცი ასე მოიქცევა, შედეგები ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. და ნუ მიაქცევთ ყურადღებას მის სიტყვებს: „რა სულელური სენტიმენტალიზმია!“ მისი სიყვარული მტკიცე და საიმედოა, როგორც ბაბუას ძველებური საათი, თავისი მარადიული მელოდიით… რა თქმა უნდა, თუ მშვილდოსანმა გული არ გაუხეთქა რაიმე შოკისმომგვრელი უტაქტობით.
მშვილდოსანს ერთი ჯადოსნური მეთოდი აქვს სატურნის მოღუშულობის გასაქარწყლებლად: თავისი ნათელი, მზიური სხივებით ის თხის რქას მიწიდან მოწყვეტაში ეხმარება. ხანდახან, როდესაც მშვილდოსანი სკოლის ხულიგანივით იქცევა, თხის რქა კი მასწავლებელივით მკაცრია, ყურადღებით დააკვირდით სახეზე. ხედავთ ჯოკონდას ღიმილს?
მშვილდოსანი ქალი და თხის რქა მამაკაცი
ნუ აღიზიანებ ტყუილად!
ესე იგი თქვენ მშვილდოსანი ხართ და სიმართლე გიყვართ, არა? იმ შემთხვევაშიც, თუ უსიამოვნოა, ჰო? და თქვენ მუდამ სიმართლის მომხრე ხართ, როგორი მტანჯველიც არ უნდა იყოს? მშვენიერია! სიმართლეს ითხოვდით და ინებეთ. იქნებ არიან დედამიწაზე თხის რქები, რომლებიც ადრეულ ბავშობაში დაობლდნენ (ჭეშმარიტად, საბედისწერო გამოცდილებაა ამ ნიშნისთვის) და იქნებ არის რამდენიმე მშობლებზე განაწყენებული თხის რქა, რომელმაც სახლი ძალიან პატარა ასაკში დატოვა. მაგრამ, როგორც წესი, თხის რქა მამაკაცი ყოველთვის საკუთარი ოჯახის მხარდამჭერია, თუ მის პირად რუკაში მთვარე და სატურნი სერიოზულად არ არის დაზიანებული. ეს ძალიან ჰგავს ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუსა და წმინდა პატრიკის კათედრალის გადაკვეთაზე მდგარ ატლასის სკულპტურას, რომელსაც დედამიწა საკუთარი მხრებით უჭირავს, თხის რქის მსგავსად, ბედისწერისა და დროის მორჩილად. ატლასს ჯერ არ ჩამოუგდია დედამიწა მხრებიდან, ყოველ შემთხვევაში, ბოლოს რომ ჩავუარე, იქ იდგა. რას მოვაყოლე?.. ჰო, დაე, ეს გაფრთხილება იყოს მიამიტი მშვილდოსანი გოგონასთვის, რომელსაც ჰგონია, რომ თხის რქას მხოლოდ ის უყვარს. დიახ, უყვარს. შეიძლება მის წინაშე მუხლსაც იყრიდეს და ვარდებსაც ჩუქნიდეს (როდესაც მეყვავილეები ჩამოაფასებენ), შეიძლება საკუთარი ავტომობილის მართვის ნებაც დართოს, მაგრამ ის არასდროს გახდება მისთვის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს საპატიო ტიტული მხოლოდ მისი ოჯახის წევრებს ერგებათ და ასეც იქნება, სანამ მას პირში სული უდგას. თუმცა, საბედნიეროდ, მისი ოპოზიციური ნიშნის, კირჩხიბისგან განსხვავებით, თხის რქები არ ებღაუჭებიან სახლს. მათ შეიძლება არამხოლოდ მშობლიური სახლი, შტატიც დატოვონ და სხვაგან გადასახლდნენ. თუმცა როგორ შორსაც არ უნდა იმყოფებოდეს თხის რქა ოჯახისგან, არასდროს, ა რ ა ს დ რ ო ს სცადოთ მისი ფესვებიდან მოწყვეტა!
მშვილდოსან გოგონასაც ძალიან დადებითად და მყუდროდ ესახება ოჯახი, როდესაც რამდენიმე დოლარი უნდა ისესხოს ან უქმეების გასატარებელ ადგილს ეძებს. მაგრამ თავისუფლების სიყვარული და ძლიერი ინდივიდუალიზმი აიძულებს, ადრე დატოვოს მშობლიური სახლი და ოჯახთან მხოლოდ კონვერტებით გააგრძელოს ურთიერთობა. ბარტყები ყოველთვის ტოვებენ მშობლიურ ბუდეს, განა ასე არ არის? ბუნების კანონების თანახმად, ჩიტი თავად აგდებს ბარტყს ბუდიდან, რომ მან ფრენა, დამოუკიდებლად საზრდოობა და გადარჩენა ისწავლოს. აღზრდის ეს მეთოდი მშვილდოსანს ძალზედ გონივრულად და სახალისოდ მიაჩნია. თხის რქა ფიქრობს, რომ ეს გულისამრევი სისასტიკეა. მას თავად ამაზე გაფიქრებაც აფითრებს. რა საშინელებაა! ვინ გამოკვებავს და ვინ მოუვლის მათ, როდესაც დაზამთრდება? კირჩხიბი ოჯახს იმიტომ ებღაუჭება, რომ მასზე იზრუნონ. თხის რქა ოჯახისგან პროტექციას არ საჭიროებს. პირიქით, მას მიაჩნია, რომ ისინი საჭიროებენ მის დაცვასა და მზრუნველობას. ეს სხვადასხვა რამ არის, მაგრამ შედეგი ერთიდაიგივეა, განსხვავებული მოტივების მიუხედავად, კირჩხიბსაც და თხის რქასაც ძალიან უჭირთ ოჯახისგან განცალკევება.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდება როდესაც მშობელი თხის რქაა და შვილი კირჩხიბი ან პირიქით? საშინელებაა! წაიკითხეთ კირჩხიბი-თხის რქის შეთავსება და ნახავთ… აბა, ჯერ კიდევ ვერ გავუქარწყლეთ მშვილდოსან გოგონას რომანტიული ოცნებები? თხის რქა მამაკაცი არ მიეკუთვნება აგრესიულ მამაკაცთა ტიპს. მათი უმრავლესობა ძველმოდური და გალანტურია. ამასთან, ისინი წინდახედულნი არიან და გულმოდგინედ იცავენ წესრიგს. მათ ხომ ყოველთვის ადარდებთ „რას იფიქრებს ხალხი“. ეს იმას არ გულისხმობს, რომ თხის რქა რომანტიული არ არის, უბრალოდ მისი რომანტიზმი სიფრთხილით არის შეზავებული. მისი აზრით, გრძნობების დემონსტრაცია უმწიფრობის გამოვლინებაა. მისი ემოციური მოწიფულობა კი ზუსტად ის არის, რაც მშვილდოსან გოგონას სჭირდება და რის გამოც ასე ენდობა მას.
თხის რქა მამაკაცი იშვიათად იქცევა პატარა ბიჭივით, შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ასაკით პატარაა, თუმცა ესეც არც ისე ხშირად ხდება. იმ იშვიათ თხის რქებს, ვისაც დალევა და ემოციების გამოხტვა უყვართ, უკიდურესად არასახარბიელო ნათალური რუკები აქვთ, ისინი უნდა შეიცოდოთ და არა დაადანაშაულოთ. ასეთი ქცევა მათ უფრო დიდ ტკივილს აყენებს, ვიდრე გარშემოყმოფებს, ეს ხომ მათი ბუნებისთვის სრულიად უცხოა. ზარმაცი ქალწული, მხდალი ლომი, თავდაჯერებული თევზები, ექსცენტრული კურო, მაშასადამე მზის ნიშნის ბუნებრივ არსთან მკაფიო შეუსაბამობა, სერიოზული საფრთხის სიგნალია.
თუ მშვილდოსანი გოგონა თავის შეყვარებულ ან ქმარ თხის რქაზე წუწუნებს, პირველ რიგში, მან საკუთარი პირდაპირობა უნდა მოათვინიეროს. განა არ სურს, მცირედი დაფიქრებით საყვარელი მამაკაცის გრძნობები და თავმოყვარეობა დაინდოს? ეს ნამდვილად ღირსეული საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან. ან სულაც სინონიმების ლექსიკონი შეიძინოს და რისხვა ალტერნატიული, ნაკლებად ყურისმომჭრელი სიტყვებით გამოხატოს. ასე ბევრს უსიამოვნებას აიცილებდა.
აი, მაგალითად, რითი შეიძლება ჩაანაცვლოს სიტყვა „ეგოისტი“? მაგალითად, „საკუთარი სურვილების წამქეზებელი“. „ცივი, უგულო, ძუნწი“_მძიმე სიტყვებია. „თავშეკავებული, გულჩათხრობილი, ხელმომჭირნე“ უფრო ზრდილობიანად ჟღერს.
თუ მშვილდოსანი პირდაპირ ისვრის: „შე ეგოისტო! ცივო და უგულო ადამიანო! ძუნწო და მუდო!“, ის თხის რქასაც დაკარგავს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ დაბრძენების შანსსაც. იმ შემთხვევაშიც, თუ ქვის გულიან წუწურაქად მიაჩნია, ჯობია მშვიდად უთხრას: „ იცი, ხანდახან შენ მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ფიქრობ. ხანაც ზედმეტად პრაქტიკული, ეკონომიური და ფრთხილი ხარ. გესმის ჩემი?“ თხის რქა გაიგებს და შეიძლება გაეღიმოს კიდეც… საოცარია, როგორ რეაგირებენ ადამიანები, როდესაც მათი მზის ნიშნების თვისებებს ისმენენ, რაც სხვებს უარყოფით თვისებებად ეჩვენებათ. უთხარით კუროს, რომ იმპულსურია და ის შემოგიბღვერთ. იგივე შეფასება ვერძს გაახარებს. უთხარით ლომს, რომ ის ამაყია და მას სახე გაებადრება. სამაგიეროდ, ეს სიტყვა ქალწულისთვის შეურაცხმყოფელია. უთხარით ტყუპებს, რომ მას ცვალებადი ზნე აქვს და ის გაგიღიმებთ. მორიელისთვის კი ეს შეფასება სასიკვდილო ჭრილობა იქნება. უთხარით თხის რქას, რომ ის კონსერვატულია, ის ამას ქათინაურში ჩამოგართმევთ, მაგრამ აბა, მშვილდოსანი შეამკეთ იგივე სიტყვით, რასაც საპასუხოდ მოისმენთ… თქვენს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. ის რაც ერთს ნაკლად მიაჩნია, მეორესთვის ღირსებაა. მაგრამ ზუსტად ამის წყალობით ვახერხებთ სამყაროში თანაცხოვრებას, ასე არ არის?
არავინ დავობს იმაზე, რომ თხის რქა მამაკაცი შეიძლება ცივი ჩანდეს. მას გრძნობების გამოხატვის ეშინია, რომ ამით ვინმემ არ ისარგებლოს და არ გადათელოს, რაც მშვილდოსან ქალს მშვენივრად ეხერხება. მაგრამ მთლიანობაში, ის არც ისეთი ეგოისტია. მართალია, ხანდახან საკუთარ თავში იკეტება, მაგრამ თუ მას მუდმივად გაუმეორებთ, რომ ეგოისტია, ბოლოს და ბოლოს, ის საკუთარ წარმოსახვაში გადასახლდება. თქვენი საყვარელი ადამიანი სულ უფრო ჩამოშორდება იმ პიროვნებას, რომელიც თქვენმა გულმა და გონებამ შეიყვარა. განა ეს გინდათ? ეს სიყვარულის მეტაფიზიკური კანონია… მაგრამ თუ თხის რქა მეტად მგრძნობიარე იქნება, მშვილდოსანი კი მეტად მომთმენი… თხის რქა უნდა ერიდოს ემოციურ უტაქტობას, როდესაც ფიზიკური სიყვარულის გამოხატვისას მხოლოდ კოიტუსით შემოიფარგლება ან სასიყვარულო აქტის შემდეგ პირდაპირ იძინებს. მშვილდოსანი უნდა ერიდოს სიტყვიერ უტაქტობას, ის ხომ ყოველთვის ახერხებს როგორღაც იქამდე მოუწამლოს ხასიათი, სანამ თის რქა მის ჩახუტებას მოასწრებს. შემდეგ მშვილდოსანი მის „სიცივეზე“ წუწუნს დაიწყებს. და მერე რა, რომ რამდენიმე წუთის წინ მის ეროტიულ სურვილებს ყინულივით ცივი შხაპი გადაასხა.
სატურნი შეიძლება ზედმეტად თავშეკავებული იყოს. იუპიტერის ყველაფერში გადაჭარბების თვისება ხშირად გამაღიზიანებელია. ამ ორ პლანეტას, პირდაპირი მნიშვნელობით, მიწისძვრის გამოწვევა შეუძლია. თითოეულ მათგანს თავისი გამგებლობის სფერო აქვს, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ გამოირჩევა სირბილითა და სინაზით. ასე რომ, თხის რქამ არ უნდა დათრგუნოს მშვილდოსნის იმპულსური ენთუზიაზმი. მშვილდოსანი კი მეტი ყურადღებით უნდა დააკვირდეს თხის რქას. მაშინ ის ამოიკითხავდა მის ფარულ ოცნებას. ეჰ, მართლაც რა შესანიშნავი იქნებოდა, ვინმემ სატურნული სიფრთხილის საპყრობილეს სწორი გასაღები მოარგოს და ემოციურად გაანთავისუფლოს ისე, რომ თავშეკავება დაავიწყოს და სრულად დატკბეს ვნებებით, რომელიც სადღაც მის სიღმეში იმალება.
ეს მამაკაცი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს მარტო (ან მშვილდოსანთან განმარტოებული), კლდის მწვერვალზე, ვიდრე ხალხით გადავსებულ ხმაურიან ადგილებში. მას სჭირდება ცნობადობა და წარმატება (სანამ ავტოგრაფს თხოვენ, რასაც კატეგორიულად ვერ იტანს) და მისთვის უბრალოდ აუცილებელია, რომ საყვარელი ქალი აღტაცებული იყოს მისი საზოგადოებრივი და პირადი მიღწევებით. აქ მშვილდოსანი ვერ გადააჭარბებს! თხის რქა თავს არასფრულფასოვნად გრძნობს, თუ პატარა გორაკების მწვერვალები მაინც არ დაიპყრო. მისი განწყობის გასაღები თავდაუჯერებლობაა, მანძილით რეალურ მიღწევებსა და შინაგან მიზნებს შორის.
მშვილდოსან ქალს არ სჭირდება მწვერვალები. სამაგიეროდ, მას სურს იცოდეს, რომ იმედის, სურვილებისა და იდეალების ისრები ხანდახან აღწევენ მიზანს. უამისოდ ის უბრალოდ სულიერ სიმტკიცეს დაკარგავს და ჩაქვრება. და რა არის უცეცხლო მშვილდოსანი? არაფერია იმაზე სევდიანი სანახავი, ვიდრე ცრემლებით გრიმგადღაბნილი ჯამბაზი გოგონა.
როდესაც თხის რქა მოღუშულია, რადგან მისი წარმატება კვლავ სადღაც შორეულ ბინდშია… როდესაც მშვილდოსანი სევდიანია, რადგან მისი ოცნებები ძალიან ნელა ხორციელდება ცხოვრებაში… ორივე სამოგზაუროდ უნდა გაემართოს რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში, სადაც ჰაერი მაგიური მტვრით არის გაჟღენთილი. ძალიან ხშირად ასეთი საერთო მოგზაურობა მეორე სუნთქვას უხსნის მშვილდოსან გოგონას და თხის რქა მამაკაცს, რომლებმაც შეწყვიტეს ძილის წინ ერთმანეთის კოცნა.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.