იუდაიზმი მიეკუთვნება ე.წ. აბრაამისეული რელიგიების რიცხვს და ამ ჯგუფიდან უფრო ძველი რელიგიაა, ვიდრე ქრისტიანობა და ისლამი. მისი მიმდევრები არიან ებრაელები და იუდაიზმი გამოდის როგორც ამ ერის კონსოლიდაციის უმთავრესი ფაქტორი.
მის ჩამოყალიბებაში, ტრადიციის მიხედვით დიდი წვლილი მიუძღვის ებრაელი ერის წინამძღოლს, წინასწარმეტყველ მოსეს. ტრადიციის თანახმად, მას შემდეგ, რაც სამოთხეში ბიბლიური გველის მიერ ცდუნების შედეგად ადამიანები დაშორდნენ ღმერთს, უფალი რჩეულთა მეშვეობით ამცნობდა კაცობრიობას თავის ნებას, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცხადება და აღთქმა უფლისგან მიიღო შუამდინარეთში მცხოვრებმა აბრაამმა, რომელიც ითვლება ებრაელი ერის მამათავრად. აბრაამის შვილიშვილის, იაკობის თორმეტმა ვაჟმა, გადმოცემის თანახმად, დაუდო საფუძველი მთელს ებრაელობას და იაკობის შთამომავლობა გარკვეულ ხანს იმყოფებოდა ეგვიპტეში, სადაც განიცდიდნენ ჩაგვრას. ამ ჩაგვრას ბოლო მოეღო მოსეს მიერ, რომელმაც მიიღო გამოცხადება აბრაამის ღმერთისგან და იკისრა ებრაელთა გამოყვანა ეგვიპტიდან.
ეგვიპტეში დატრიალებული არეულობების შემდეგ ებრაელი ერი გამოდის ეგვიპტიდან და უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში ხეტიალის დროს გადის სხვადასხვა გამოცდას, რის შემდეგაც ეღირსათ შესვლა აღთქმულ მიწაზე, რომელიც თავად უფალმა აღუთქვა აბრაამის შთამომავლობას. მოსემ, ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, დაუდო თავის ერს რჯული, რომელიც ჩამოყალიბებულია ებრაულ საღვთო წერილში. ებრაული ბიბლია შედგება სხვადასხვა დროს დაწერილი ტექსტებისგან, კრებულია საღვთო რჯულისა, ისტორიული წიგნებისა, საღვთისმსახურო წიგნებისა, ლოცვებისა, წინასწარმეტყველებებისა.
შუა საუკუნეების ცნობილმა ებრაელმა ფილოსოფოსმა და ღვთისმეტყველმა, რაბბი მოშე ბენ მაიმონმა ჩამოაყალიბა რწმენის ცამეტი(ცამეტი, როგორც რიცხვითი სიმბოლო ღვთაებრივი თვისებებისა) პრინციპი, რომელიც მოკლედ აყალიბებს იუდეველთა რწმენას:
- მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, რომლის სახელი კურთხეულია, ქმნის და სუფევს ყოველ ქმნილებაზე, და მხოლოდ მან ერთმა შექმნა, ქმნის და შექმნის ყოველ არსს.
- მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, რომლის სახელი კურთხეულია, ერთადერთია და არ არსებობს არსად ერთობა, მისი მსგავსი; ის ერთია ჩვენი ღმერთი: იყო, არის და იქნება.
- მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, რომლის სახელიც კურთხეულია, უსხეულოა, და მას არ მიეწერება ნივთიერი თვისებები, და არ გააჩნია მას არავითარი სახე.
- მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, რომლის სახელი კურთხეულია, პირველია და უკანასკნელი.
- მწამს სრული რწმენით, რომ მხოლოდ შემოქმედისადმი, რომლის სახელი კურთხეულია, უნდა ილოცო და აკრძალულია ლოცვა სხვა ვინმესადმი, მის გარდა.
- მწამს სრული რწმენით, რომ ყოველივე თქმული წინასწარმეტყველთა მიერ – ჭეშმარიტებაა.
- მწამს სრული რწმენით, რომ მოშეს, ჩვენი მოძღვრის წინასწარმეტყველება, – განისვენოს მან მშვიდობით! – იყო ჭეშმარიტი, და რომ ის – მწვერვალია წინასწარმეტყველთა, რომლებიც მისი წინამორბედნი და მომდევნონი იყვნენ.
- მწამს სრული რწმენით, რომ მთელი თორა, რომელიც ჩვენს ხელშია, – ეს არის ის, რაც მიეცა მოშე-რაბეინს – განისვენოს მან მშვიდობით.
- მწამს სრული რწმენით, რომ თორა არ შეიცვლება და არ იქნება სხვა თორა შემოქმედისგან, რომლის სახელი კურთხეულია.
- მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედმა, რომლის სახელი კურთხეულია, იცის კაცთა ყოველი საქმე და ყოველი აზრი, როგორც ნათქვამია: „მათი გულების შემოქმედს ესმის მათი საქმეები“.
- მწამს სრული რწმენით, რომ შემოქმედი, რომლის სახელი კურთხეულია, მიაგებს სიკეთეს მათ, ვინც იცავს მის მცნებებს და სჯის მათ, ვინც არღვევს მის მცნებებს.
- მწამს სრული რწმენით მაშიაჰის(ებრ.ცხებული) მოსვლა, და, მიუხედავად იმისა, რომ აყოვნებს, მაინც ყოველ დღე ვიცდი, რომ მოვიდეს.
- მწამს სრული რწმენით, რომ იქნება მკვდართა აღდგომა ბოლო ჟამს, როდესაც იქნება შემოქმედის ნება, რომლის სახელიც კურთხეულია, და ხსენება მისი ამაღლდება სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე.
სტატიის ავტორი: გიორგი