მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალის მზესთან
ეს ასპექტი მკვეთრად ამწვავებს ურთიერთობას, რადგან თითოეული პარტნიორი დარწმუნებულია, რომ აბსოლუტურად მართალია საკუთარი დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. ლოგიკურია, რომ მათ უჭირთ ერთმანეთთან დაახლოვება. მამაკაცი ფილოსოფიურად დისტანცირებულია, რაც ქალს ისეთ შეგრძნებას უქმნის, რომ მისი ინდივიდულიზმი არც ისე მნიშვნელოვანია მისი რჩეულისთვის. ამიტომ, როგორც წესი, ეს იმედგაცრუების მომტანი ასპექტია, რომელიც ხელს უშლის პარტნიორებს ჭეშმარიტი სიახლოვის მიღწევაში. ის შეიძლება მიუთითებდეს მხიარულებასა და ურთიერთაღტაცებაზე, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები საკმაოდ გაუცხოებულნი არიან ერთმანეთისგან.
ქალის იუპიტერი კვადრატში მამაკაცის მზესთან
ეს ასპექტი გულისხმობს არსებით განსხვავებას იდეოლოგიებში, რაც ურთიერთობის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განსხვავებული ფასეულობათა სისტემების, ღირსების, პატივის, განათლების, რელიგიის, პირადი ავტონომიების შერკინება არაერთ სერიოზულ კონფლიქტს განაპირობებს. ორივე ინდივიდის პერსონალური დამოუკიდებლობის მოთხოვნა ზედმეტად უტრირებულია.
მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალის მთვარესთან
ამ პარტნიორობაში ქალის ძირითადი თავდაცვითი ინსტინქტები დათრგუნულია, რადგან მისი რაინდი, მბრწყინავ აბჯარში, თვითონაც მშვენივრად ახერხებს საკუთარი თავის დაცვას. ის უარყოფს ქალის მზრუნველობას და ემოციურ რეაქციებს, საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ქალი ვერ გამოხატავს იმ ინსტიქტებს, რაც დედისგან ისწავლა, ქვეცნობიერად, ის უკან, ბავშვობისდროინდელი მდგომარეობისკენ იხევს და თვალს ვერ უსწორებს იმ ფაქტს, რომ, როგორც ქალს, არ შეუძლია მიიღოს საყვარელი მამაკაცის მოუთვინიერებლობა.
ქალის იუპიტერი კვადრატში მამაკაცის მთვარესთან
ეს ასპექტი იწვევს გადაჭარბებულ ემოციურ განცდებსა და უსაფუძვლო განსჯას. მამაკაცის მესაკუთრული თვისებები წინააღმდეგობაში მოდის ქალის თავისუფლებისკენ სწრაფვასთან. თუმცა ოპტიმიზმი, რისი წყალობითაც ქალს პარტნიორის ცნობიერების ამაღლება შეუძლია, ზუსტად მისი თავისუფალი სულიდან მომდინარეობს. ამრიგად, სახეზე გვაქვს წინააღმდეგობრივი კონფლიქტი, რომელიც მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც მამაკაცი ცნობიერებას აიმაღლებს.
მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალის მერკურისთან
ეს ასპექტი მეტად ართულებს კომუნიკაციას, რაც არც ისე მარტივი გადასალახია. მართალია, ქალი ეყრდნობა მამაკაცს უმაღლესი ჭეშმარიტებების წვდომის უნარის თვალსაზრისით, მაგრამ შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ჭეშმარიტების მისეული კონცეფცია არ ემთხვევა მის საკუთარ მოსაზრებებს. მამაკაცი შესაძლოა წინასწარმეტყველისა და ბრძენის როლსაც ასრულებდეს, როდესაც მას რამეს ეკითხება, მაგრამ მიღებული პასუხები ჭეშმარიტების ისეთ ასპექტებს უჩვენებს, რაც რეალურ ცხოვრებაში არავითარ სარგებელს არ მოუტანს მის აზროვნებას. შედეგად, ქალმა ან უნდა შეიცვალოს შეხედულებები ან შეეგუოს დაქვემდებარებულ მდგომარეობას ამ ურთიერთობაში.
ქალის იუპიტერი კვადრატში მამაკაცის მერკურისთან
ამ ასპექტში მამაკაცი ქალს საკუთარი ცნობიერების გასაფართოვებლად იყენებს. ქალს შეუძლია აუხსნას მას თავისივე აზრები. თუმცა დიდი ალბათობით, მას ეს ახსნა არ მოეწონება. იმავდროულად, მამაკაცი თავს იმედგაცრუებულად გრძნობს ან საკუთარი იდეებში ეჭვი შეაქვს. ქალს ძალიან უჭირს იმ ინფორმაციასთან საქმის დაჭერა, რაც მის რჩეულს მნიშვნელოვნად მიაჩნია. ასე რომ, მამაკაცის უმდაბლესი და ქალის უმაღლესი გონებები კი არ ავსებენ ერთმანეთს, როგორც დადებით ასპექტების შემთხვევაში, არამედ პირიქით, ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობენ.
მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალის ვენერასთან
ეს ასპექტი თავდაჯერებას ართმევს ქალს. სიყვარულის მიღების მოლოდინში, მან შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მამაკაცის ექპანსიური ბუნება გაცილებით მეტს ეძებს ცხოვრებაში, ვიდრე ერთი-ერთზე პირადი ურთიერთობაა. როდესაც ქალი თავისი სიყვარულისა და მიჯაჭვულობის გაცემას ცდილობს, მამაკაცის ფილოსოფიური პოზიციები და შორეული იდეები მისი მუდმივი გაღიზიანების წყარო ხდება. საქმე ის არის, რომ მამაკაცს არასწორად ესმის მისი განზრახვები და ცდილობს რჩეული თავისი ცოდნითა და რაინდული სულისკვეთებით მოხიბლოს, მაშინ როდესაც ქალი მისგან ადამიანურ სიყვარულსა და სინაზეს ელოდება. თუ მამაკაცი მზადაა უარი თქვას თავის ფილოსოფიურ ტახტზე, მაშინ შეძლებს ქალი უფრო მიწიერად და პერსონალურად აღიქვას და მისი გაგებაც ბევრად გაუადვილდება.
ქალის იუპიტერი კვადრატში მამაკაცის ვენერასთან
მამაკაცი ქალის ექპანსიურ ბუნებას ეჯახება. ის შეეცდება ქალის გონება საკუთარი სიყვარულით დააკავოს, მაგრამ ქალის თავისუფლების გრძნობა და მუდმივი სწრაფვა გახსნილობისკენ, ხშირად გაღიზიანებას იწვევს მამაკაცის მესაკუთრულ თვისებებში. ქალი შესაძლოა საკუთარ თავს ხედავდეს მასში, მაგრამ მას ძალიან გაუჭირდება ქალურობის გამოვლენა, რომელსაც მამაკაცი მასში ეძებს. შედეგად, ქალი შეიძლება სასურველ სიყვარულს გაექცეს ან ძლიერი იმედგაცრუება განიცადოს. თუ ის საკუთარ თავისუფლებაზე უარს იტყვის, მართალია, შესაძლოა ქალურ იდენტობას მიაგნოს, მაგრამ მაშინ პიროვნულ დამოუკიდებლობას დაკარგავს. ამრიგად, ეს ასპექტი ერთგვარ პერსონალურ დილემას ქმნის ქალისთვის, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალი მარსთან
ქალი დაჟინებით დასდევს პარტნიორს, რომელიც, თავის მხრივ, თავისუფლებას ეძებს. ეს ასპექტი ანტაგონისტურ ურთიერთობაზე მეტყველებს, რადგან თითოეულ მათგანს აკლია მოთმინება ერთმანეთთან ურთიერთობაში. ურთიერთაღქმის ორმხრივი დეფიციტი მეტად ართულებს ჰარმონიულ და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ქალის იუპიტერთან კვადრატში მამაკაცის მარსთან
ეს ასპექტი ძლიერ, თუმცა კი უაზრო აქტიურობას განაპირობებს. მამაკაცის ინსტინქტები და იმპულსები ქალის იდეებსა და ფილოსოფიას უპირისპირდება. მამაკაცი დაჟინებულად იცავს თავის უფლებას, რადგან არც ისე კარგად ესმის ქალის ხედვის წერტილი. ამრიგად, მამაკაცი ცდილობს შეწვდეს ქალს, რომლის ცხოვრებისეული პოზიციები მისი წვდომის არეალს სცდება. ლოგიკურია, რომ მათი შეხედულებები დიდად განსხვავებული იქნება, რაც ძალიან ართულებს ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქალი მიდრეკილია განსაჯოს პარტნიორის მოტივები. იმედგაცრუებები და გაღიზიანება კი თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი გზის ძიებისკენ უბიძგებს და არა პარტნიორობის შენარჩუნებისკენ.
იუპიტერების კვადრატი
ამ ასპექტს ორმხრივი გაღიზიანება და იმედგაცრუება მოაქვს. ორივე მათგანის ინდივიდუალური პოზიციები და შეხედულებები ურთიერთობას ძალიან ართულებს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე აღიარებისთვის იბრძვის. ყველაზე დიდი სირთულეები წარმოიქმნება იმის გამო, რომ მათი რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებისეული ფილოსოფიების პირობებში, თითოეული მათგანისთვის საკუთარი პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტნიორთან სრული თანხვედრა თუ არა, კომპრომისის გამონახვა მაინც.
მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალის სატურნთან
მამაკაცის ფილოსოფია კონფლიქტში შედის ქალის ტრადიციულ წარმომავლობასთან. ის, განათლებისა და ექსპანსიის მეშვეობით, გონებაგახსნილობისკენ ისწრაფვის. ქალი კი მჭიდროდ არის მიჯაჭვული წარსულზე და შეიძლება ზურგიც შეაქციოს ნებისმიერ თვალისმომჭრელ შესაძლებლობას, რადგან გულმოდგინედ ცდილობს შეინარჩუნოს ის, რასაც მყარი საფუძველი აქვს. მამაკაცი კი თავის უმაღლეს გონებას იყენებს იმისთვის, რომ დღევანდელი ცნობიერების საზღვრებს გასცდეს. კარმულ დონეზე, ქალი აგრძელებს თავის მემკვიდრეობით ხაზს. მამაკაცის შეხედულებები ხშირად ეწინააღმდეგება ქალის ჩვევებს და ტრადიციულ აზროვნებას. შეიძლება იყოს ძლიერი ეთნიკური ან/და კულტურული დაპირისპირებაც, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს ურთიერთგაგებით, თუ მათ ერთად ყოფნა სურთ.
ქალის იუპიტერი კვადრატში მამაკაცის სატურნთან
ქალი თავისუფლებისა და სიმსუბუქისკენ ილტვის, მაშინ როდესაც მამაკაცი მტკიცედ არის მიჯაჭვული წარსულზე. ის მამის როლს ირგებს და თავისი წარსული ინკარნაციების იმ წერტილში „იყინება“, რომელიც მისთვის კარმულ დონეზე მნიშვნელოვანი იყო. ის აგრძელებს წარსულის ტრადიციებს, ჩვევებსა და პოზიციებს. თუმცა რაც უფრო გულმოდგინედ ცდილობს ამას, მით უფრო დაჟინებით იცავს ქალი საკუთარ თავისუფლებას, რადგან პიროვნული ზრდისა და გაფართოვებისკენ ისწრფვის. მას დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს, გაიგოს, რა ხდება ყოველი ახალი ჰორიზონტის მიღმა. მამაკაცი კი ცდილობს მომავლის სტრუქტურა კარმულ წარსულში ჩამოაყალიბოს. ამ ურთიერთობისთვის ასევე დამახასიათებელია იდეებთან დაკავშირებული დამოკიდებულება. თუ ორივე ინდივიდს გაზრდა სურს, ეს ქალის მხრიდან გამოვლინდება. ეს კარმული გაკვეთილების ასპექტია. სწავლის პროცესში, ქალი უნდა განერიდოს მამაკაცის მიერ შექმნილ ისტორიულ დეკორაციებს, ვინაიდან ის უპირატესობას მემკვიდრეობით მიღებულ განსაზღვრულ კულტურებს, ცივილიზაციებსა და ტრადიციებს ანიჭებს. სწორედ ქალმა უნდა შეასუსტოს და გააფართოვოს ეს კრისტალიზებული ფორმები, რომ დააბალანსოს რჩეულთან ურთიერთობა თანამედროვე გარემოცვასთან მიმართებაში.
მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალის ურანთან
ამ ამაღელვებელ და შფოთიან ასპექტს ძლიერი დინამიკა შეაქვს ურთიერთობაში. არსებობს ობიექტური განსხვავება, რისი გადალახვაც არც ისე მარტივია. ორივე პარტნიორისთვის დამახასიათებელია ინდივიდუალიზმის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ძლიერი გრძნობა. თუმცა თითოეული მათგანი მიდრეკილია შეიჭრას პარტნიორის ფსიქიკურ სივრცეში. შედეგად, შეიძლება გამოიწვიონ ნერვული დაძაბულობა. ამის გამო, ორივეს უჭირს ერთმანეთის გაგება, თანაგრძნობაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ, ეს ურთიერთობა შეიძლება ამაღელვებელი იყოს, მაგრამ იშვიათად გრძელდება დიდხანს. რადგან თითოეული მათგანი თავისთვის აღმოაჩენს, რომ საკუთარ ინდივიდუალურ იდეებზე უფრო მიჯაჭვულია, ვიდრე პარტნიორზე.
ქალის იუპიტერი კვადრატში მამაკაცის ურანთან
ამ ასპექტში ქალის პოზიცია ეწინააღმდეგება მამაკაცის თვითრწმენას. ქალმა, თავისი ზედმეტად დამრიგებლური ტონით, შესაძლოა მამაკაცი განსაჯოს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს მისი მხრიდან პროტესტს. ამიტომ, ის ცდილობს რაც შეიძლება ხშირად განერიდოს ამ ურთიერთობას და ამგვარი საქციელით ანადგურებს ქალის მიზნებსა და ოპტიმიზმს. თუ სინასტრიაში სხვა დადებითი კონფიგურაციები არ არსებობს, ამ ასპექტს ძლიერი იმედგაცრუება მოაქვს და ორივე მათგანის თავდაჯერებას ანგრევს.
მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალის ნეპტუნთან
ეს სულიერი დაუკმაყოფილებლობის ასპექტია. მამაკაცი თავის ჭეშმარიტებებს იმ მისტიურ შთაბეჭდილებებში ეძებს, რომელსაც ქალისგან იღებს. თუმცა ქალს უჭირს, დაიჯეროს მისი გულწრფელობა, რადგან მისი პოზიციები მეტად თავქარიანად მიაჩნია. იმავდროულად, მამაკაცის მკაფიოდ ფორმირებული შეხედულებები, სწორსა და არასწორზე, ხშირად ქაოსში ეხვევა, პარტნიორის ბუნდოვანების გამო. ქალი ცდილობს პარტნიორს უჩვენოს მისი წესების სისტემის სულიერება, რადგან სურს, მამაკაცმა შეიგნოს, რომ არსი უპირატესია იმ მშრალ მეთოდებთან, რომლითაც ის ცხოვრებას აღიქვამს. თუ მამაკაცი გონებაგახსნილობას შეინარჩუნებს და მესაკუთრული პოზიციებისა თუ ცრუ წინასგანწყობებისგან განთავისუფლდება, ეს ურთიერთობა ხელს შეუწყობს მის სულიერ ზრდას.
ქალის იუპიტერი კვადრატში მამაკაცის ნეპტუნთან
ქალი ცდილობს შთაგონება მიიღოს პარტნიორის მეშვეობით. შესაძლოა თავისი ჭეშმარიტების ფსიქიკურ ან ინტუიციურ დადასტურებას ეძებდეს. მაგრამ მამაკაცი მისი აღქმის მხოლოდ გარეგნულ ნაწილს ხედავს და ამიტომაც უჭირს მისი გულწრფელობის დაჯერება. მას მიაჩნია, რომ ქალმა დიდ სიღრმეს უნდა მიაღწიოს, მაშინ როდესაც ქალი მოთმინებას კარგავს, მამაკაცში სპონტანურობის უკმარისობის გამო. ეს მეტად რთული ასპექტია, რადგან ორივე მათგანის რწმენის სისტემა და სულიერი პოზიციები კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან.
მამაკაცის იუპიტერი კვადრატში ქალის პლუტონთან
მამაკაცი ფუჭად ხარჯავს მენტალურ ენერგიას, ცდილობს რა ქალის განათლებას. ქალი, თავის მხრივ, ცდილობს სიღრმე შემატოს მამაკაცის ჭეშმარიტების ზედაპირულ აღქმას. ორივე პარტნიორი განსხვავებული პოზიციებიდან უყურებს ცხოვრებას. მამაკაცი საგნებისა და მოვლენების მიზნობრიობას და გარეგნულ მხარეს ამჩნევს. ქალი სიღრმეს და ჭეშმარიტ ტრანსფორმაციას, რომელიც ადამიანმა სულიერი ზრდისთვის უნდა განახორციელოს. ცნობიერების ამ განსხვავებული დონეების გამო, მათ ურთიერთობაში ფარული უკმაყოფილებები, უთანხმოება ყალიბდება, რაც საბოლოოდ ურთიერთგაცივებითა და გაუცხოებით სრულდება.
ქალის იუპიტერი კვადრატში მამაკაცის პლუტონთან
ქალი ცდილობს გაანათლოს პარტნიორი. ის ხედავს, რომ მამაკაცი უკიდურესად სიღრმისეულად აღიქვამს ყველაფერს, მაგრამ მას არ ესმის მიზეზი, რა საჭიროა ასე ღრმად წახვიდე პასუხების საძებნელად, რაც მისთვის ისედაც ცხადია. იმავდროულად, მამაკაცი გრძნობს, რომ ქალის სულსწრაფობა, პოზიციების ჩამოყალიბების პროცესში, იმაზე მიუთითებს, რომ მას ხელიდან უსხლტება ჭეშმარიტი აზრი. ქალი ცხოვრობს გახსნილი ცნობიერებით, მამაკაცი კი ყოველთვის წყვდიადით მოცულ კუთხეებს ეძებს ჭეშმარიტებას. ყველაზე დიდი სირთულე იქმნება მაშინ, როდესაც ორივე პარტნიორი თვლის, რომ მათი იდეები სრულყოფილი და დასრულებულია. ასეთი დამოკიდებულებით, უმცირესი უთანხმოებაც კი სერიოზულ პრობლემაში გადადის.