კირჩხიბი და მერწყული

კირჩხიბი და მერწყული

ეს რთული კითხვაა,რადგან თითქმის შეუძლებელია იმის თქმა,

სინამდვილეში როგორ მიედინება დრო ნევერლენდზე.

ის მზისა და მთვარის მეშვეობით ითვლება,

რაც,მატერიკთან შედარებით,აქ გაცილებით მეტია.

მერწყულს კირჩხიბი თავისებურად სასარგებლოდ მიაჩნია,კირჩხიბს მერწყული_თავისებურად იდუმალად. მართალია,კირჩხიბი ერთადერთი არ არის,ვინც ასე ფიქრობს და მაინც,მას უფრო    ეუცნაურება წყლის მღვრელი,ვიდრე მზის სხვა ნიშნებს,რადგან ის კირჩხიბისთვის VIII ასტროლოგიური სახლის ბინადარია. ეს კი იმას გულისხმობს,რომ კირჩხიბი მას ისევე ამოუცნობად აღიქვამს,როგორც ვერძი მორიელს,კურო მშვილდოსანს,ტყუპები თხის რქას და ა.შ. თუ თქვენ გგონიათ,რომ მათ საერთო არაფერი აქვთ,ნუ იჩქარებთ დასკვნებში. მაგალითად,ავიღოთ დედა იხვი(რომელიც უდაოდ კირჩხიბია) და ლუის ქეროლის შეშლილი მექუდე(რომელიც უდაოდ მერწყულია). მათ ნადვილად აქვთ საერთო თვისება _ უცნაურობა,და ეს ყველაზე მთავარი მსგავსებაა!

თუ მერწყული გარშემომყოფებს მოულოდნელობებითა და არაორდინალობით აკვირვებს,კირჩხიბი ადამიანებს თავისი არაპროგნოზირებადობით აბნევს. დიახ,ეს თვისება მათ საერთო აქვთ,უბრალოდ სხვადასხვანაირად ვლინდება. თუმცა კირჩხიბის ცვალებადობა უფრო ადვილად ექვემდებარება პროგნოზირებას,რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული მთვარის ფაზებთან. მთვარის კალენდარი ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ კირჩხიბთან ურთიერთობაში. თქვენ მარტივად დააფიქსირებთ,როგორ იპყრობს მას ახალ მთვარეზე მღელვარება და შფოთი,სავსე მთვარეზე კი იდუმალი და სენტიმენტალურია. მთვარის პირველ ფაზაზე ნოსტალგიური განწყობა აქვს და სახლი ან ძველი დრო ენატრება,მეოთხე ფაზაზე_საყვარელი და სასაცილოა. აღმავალ პერიოდში თითქმის სულ შია და აგრესიულია,დაღმავალ ფაზებში_მხიარული და ექსცენტრული. ეკლიფსზე კი აჯობებს საერთოდ ახლოსაც არ გაეკაროთ_მთვარის დაბნელება მისი განმარტოების დროა. უბედურება ის არის,რომ ხანდახან კირჩხიბები თვითონ ურევენ განწყობებს.

რაც შეეხება მერწყულს… თქვენ გესმით,რომ მისი ხასიათცვალებადობა ურანის ელვებს უკავშირდება? მე არ მეგულება არც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე,ნიკოლა თესლასა და თომას ედისონის ჩათვლით,ვისაც ზუსტად შეუძლია ურანის გაელვებების პროგნოზირება. ალბათ,ხვდებით,რომ ეს კავშირი უბრალოდ ვერ იქნება დუნე და მოსაწყენი.

მერწყული ექსცენტრულ ხუმრობებს არ იშურებს ნათესავი,მეგობარი,თანამშრომელი,საყვარელი თუ მეუღლე  მთვარეულების მისამართით,მხოლოდ იმიტომ,რომ რეაქციაზე დააკვრიდეს. კირჩხიბს ისეთი მოძრავი სახე აქვს,თითქოს ცხოვრებისეულ ფილმს უყურებთ: სიხარული,სევდა,სიცილი,უნდობლობა, შიში,რისხვა,იმედი,სასოწარკვეთა,მოლოდინი_ადამიანური ემოციების მთელი გამათა დიაპაზონი ირეკლება მათ ნაზ სახეზე. ცრემლები და შემდეგ ღიმილი. ღიმილი და შემდეგ ტირილი. ჭირვეულობა და შემდეგ სინაზე. სირბილე და შემდეგ მარწუხებით ჩაჭიდება. მერწყულს დიდად სიამოვნებს ამ ყველაფერზე დაკვირვება. თუმცა აქვს კირჩხიბს ერთი განწყობა,რომელშიც სასიამოვნო არაფერია_გადაჭარბებული შფოთი. მერწყულს დასამალი არაფერი აქვს და ამიტომაც არ ესმის,რატომ არის კირჩიხიბი ასეთი ეჭვიანი და რატომ ზრუნავს ასე გამალებით საკუთარ უსაფრთხოებაზე. ხშირად ისეც ხდება,რომ ერთერთის უცნაური ახირებები მეორეს ნერვებს უშლის. მაგალითად, ჰიპერმგრძნობიარე კირჩხიბს ძლიერ ტკენს გულს მერწყულის უხეში გამოთქმები. მერწყულს კი ძალიან სწყინს კირჩხიბის ჩაკეტილობა და ტუჩების დაბერვის ჩვევა. თუმცა მერწყული არასდროს თვლის თავს უცნაურად. მისი აზრით,ეს სამყაროა შეშლილი,თვითონ კი იმდენად ნორმალურია,რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია!

მერწყული ფიქსირებული ნიშანია,კირჩხიბი_კარდინალური. ამიტომ ის ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს იმისთვის,რომ მერწყულს უხელმძღვანელოს. თავის მხრივ,მერწყულიც ნებისმიერ ხერხს მიმართავს,რომ არ დაემორჩილოს. კირჩხიბს უყვარს სხვადასხვა სტრატეგიული მანევრის გამოყენება იმისთვის,რომ მერწყულმა მისი შეხედულებები გაიზიაროს. თუმცა ასტროლოგისთვის დღესავით ნათელია,რომ ურანიელ ადამიანს თვით ეშმაკი და ორმოცი ყაჩაღიც კი  ვერ აიძულებენ  ის გააკეთოს,რაც თვითონ არ უნდა. უმალ ეშმაკსა და ორმოც ყაჩაღს უფრო დაითანხმებთ,ვიდრე მერწყულს! თუ წყლის მღვრელს თავში სხვა აზრი აქვს,კირჩხიბი ფუჭად  ხარჯავს დროს მის დაყოლიებაზე. კარგი იქნება,თუ ეს ყოველთვის ემახსოვრება,რადგან მას დროის უქმად ფლანგვა ფულის ხარჯვაზე მეტად არ უყვარს. მიუხედავად ამისა,შედეგები მართლაც გასაოცარია. ხომ არ გავიწყდებათ კირჩხიბის საოცარი დაჟინებულობა? თუ კიბორჩხალა რამეს ან ვინმეს თავისი მარწუხებით ჩაებღაუჭა,მისგან თავის დახსნა ძალიან,ძალიან,ძალიან რთულია.

თუ კირჩხიბებს სურთ მერწყულთან ჰარმონიის მისაღწევი რეცეპტი გავუმხილო,აი,ისიც(მხოლოდ არავის უთხრათ! შშშ…): დაკავდით თქვენი საქმეებით,არ იჭორაოთ,არ აუშარდეთ,არ დაუსვათ კითხვები და მოემზადეთ დროდადრო მნიშვნელოვანი სახელებისა და მისამართების შესახსენებლად,როდესაც დაბნეულ მერწყულს მოულოდნელად თავიდან ყველაფერი ამოუფრინდება.

მერწყულებისთვისაც მაქვს რეცეპტი,მთვარის პირმშოთა გასაბედნიერებლად: ბევრი სიყვარული,ბევრი საჭმელი,ბევრი ფული და რაღა თქმა უნდა,ულევი თანამგრძნობი ყურადღება.

თუ ამ რეცეპტებს დაეუფლებით,ყველაფერი კარგად აეწყობა.

 

 

 

 

კირჩხიბი მამაკაცი და მერწყული ქალი


ის  სავსე იყო რისხვით ამ ზრდასრულების მიმართ.

როგორც კი თავის ხეზე აძვრებოდა,

პიტერი მძიმედ და სწრაფად სუნთქავდა.

ასე იმიტომ იქცეოდა,რომ ნევერლენდში ამბობდნენ:

„ყოველ  ჩასუნთქვაზე უფროსი ადამიანი კვდებაო“.

ამიტომ ისე სწრაფად ანადგურებდა,როგორც შეეძლო.

ვენდი გაქრა…

მერწყული გოგონა ძალიან ცდება,თუ ფიქრობს,რომ მისი ალერსი კირჩხიბს დედასა და მშობლიურ სახლს დაავიწყებს. მერწყულს ჰგონია,რომ  გუშინდელი დღე არც ისე მნიშვნელოვანია და დროა კირჩხიბმა საკმარისი მოწიფულობა გამოავლინოს იმის მისახვედრად,რომ ყველაფერი საინტერესო მომავალშია. წარსულზე ემოციური მიჯაჭვულობა  უბრალოდ არაკეთილგონივრულია. შეიძლება ისე ღრმად  შეტოპოს,ერთ დღესაც უკმეხად გამოუცხადოს: „გაიზარდე!“ მერწყულები არ გამოირჩევიან ტაქტით,ამაში ისინი ძალიან ჰგვანან მშვილდოსნებს. მერწყულის მცდელობები,უფრო ზრდასრული შეხედულებებისკენ უბიძგოს კირჩხიბს,ძლიერ ტკივილს აყენებს მის ფაქიზ ფსიქიკას.  სავარაუდოდ,ის მარწუხებს გაატკაცუნებს და შემდეგ ურანის რეალიზმს თავის ბავშვობისდროინდელ ხის ფუღუროში დაემალება. ეს ძალიან სახიფათოა. კირჩხიბი თავს საშინლად მარტოსულად გრძნობს,როდესაც საყვარელი ქალი ვერ ხედავს,როგორი აუცილებელია მისთვის ეს ნოსტალგიური მიბრუნებები ბავშვობის ბედნიერ და უშფოთველ დღეებთან. მეგობრებისა და ადამიანების გულგრილობისგან ნაწყენი კირჩხიბი პატარაობაშიც ზუსტად ასე იქცეოდა. სინამდვილეში მას საერთოდ არ უნდოდა გაზრდა. ტყუპების მსგავსად,კირჩხიბს სურს მარადი ბავშვი იყოს. მის ბავშვობაში იმდენი საოცრება ხდებოდა,იმდენი რამ აკვირვებდა,იმდენ რამეზე ტიროდა და იცინოდა!..  დიახ,ის ახლაც უზარმაზარ სიამოვნებას განიცდის,როდესაც წარმოსახვით თავის ბავშვობაში  მოგზაურობს.

„რა მოსაწყენი ქალია!_ფიქრობს თავისთვის კირჩხიბი._წარმოსახვის ნატამალიც კი არ აქვს. ის სულ კაცივით ფიქრობს,ლაპარაკობს და იქცევა“. მას კი სულაც არ სჭირდება მამაკაცური რეალიზმი! სათუთი კირჩხიბი საყვარელ,თბილ,ნაზ და ალერსიან ქალზე ოცნებობს… აი,ზუსტად ისეთზე,როგორიც  დედამისია.

ცხადია,კირჩხიბი ცდება. ამ გოგონას ყველაზე ნაკლებად შეესაბამება სიტყვა „მოსაწყენი“. უბრალოდ ეს კირჩხიბის საყვარელი სალანძღავი ეპითეტია,სიტყვა „სასტიკის“ შემდეგ. აბა,რა უწოდოს ქალს,რომელსაც მასთან ერთად ტირილი და სიცილი არ უნდა და უარს აცხადებს,მის ყველა განწყობას მოერგოს? როგორც უკვე არაერთხელ გითხარით,ურანიელებს ტირილ-სიცილის არევის უცნაური თვისება ახასიათებთ. გულგატეხილი მერწყული ბევრს იცინის და პირიქით,ბედნიერებისგან ტირის. კირჩხიბს გარკვეული დრო დასჭირდება ამის გასაცნობიერებლად; მერწყულის მოულოდნელ გამოხტომებთან შეგუებაზე აღარაფერს ვამბობ. პრინციპში,ის თავადაც მარტივად ექცევა გაწნყობის გავლენის ქვეშ,თუმცა მერწყულის ახირებები და ფანტაზიები კიდევ უფრო არაპროგნოზირებადია, ვიდრე მისი. ასე რომ,ამ გოგონასგან კირჩხიბს იმ მწარე აბების გადაყლაპვა მოუწევს,რომელითაც თვითონ „ატკბობს“ სხვებს. დიახ,ისინი ნამდვილად იმსახურებენ ერთმანეთს, დარწმუნებული იყავით ამაში.

მერწყული ქალი არ საჭიროებს თანაგრძნობას,მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს მის უგულობაზე; გრძნობებიც ნადვილად აქვს,თუმცა ხანდახან მათი გამოყენება ავიწყდება,განსაკუთრებით პირად ურთიერთობაში. როდესაც მერწყული ხვდება,რომ თავის საყვარელ კირჩხიბს ტკივილი მიაყენა,ყველა შესაძლო ხერხს იხმარს საკუთარი ბრალის გამოსასყიდად და კირჩხიბისთვის გულწრფელი მზრუნველობის სადემონსტრაციოდ. პრობლემა სწორედ „ყველა შესაძლო ხერხია“. მერწყულს შეიძლება ისეთი მეთოდი მოაფიქრდეს,მერე დიდი დრო დასჭირდება საბრალო კირჩხიბის გონზე მოსაყვანად. მაგრამ მერწყული ხომ ცდილობს?! იმის დაჯერება მაინც არ შეუძლია,რომ ცდილობს?! ცხადია,შეუძლია, უბრალოდ კირჩხიბმა უნდა გაიაზროს,რომ მისი რჩეული არასტანდარტულად აზროვნებს,თუმცა როდესაც ამას მიხვდება,ის ნამდვილად ვერ გაბედავს მერწყულთან საერთო საბანკო ანგარიშის გახსნას.

მერწყულის ჩეკის წიგნაკთან მოპყრობის მანერა კირჩხიბს ძალიან აშინებს. მთვარეულები თითქმის ნერვოზამდე მიდიან,როდესაც საქმე ფულს ეხება: გასავლებსა და შემოსავლებს,დანახარჯებსა და დანაზოგებს. ჰოდა თუ თვითონ ასეთი  შფოთიანია ,რა უფლებით უწოდებს მერწყულს მოუსვენარს? ჰო,ნამდვილად კარგია,რომ ორივეს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს,რასაც ყოველთვის შეუძლია ყველაზე სავალალო სიტუაციის გადარჩენა. და მაინც,სავსე მთვარეზე და ურანის რეტროგრადული მოძრაობისას ურთიერთობის გარკვევას თავი უნდა აარიდონ.

ყმაწვილქალობაში მერწყული ფიქრობს,რომ სექსი ძალიან საინტერესოა. მას შემდეგ,რაც დაქალდება,თვლის,რომ სექსი სახალისოა. ასაკის მატებასთან ერთად კი სექსი ქალისა და მამაკაცის ურთერთსაჭიროების გამოხატვის საკმაოდ უცნაურ ფორმად ესახება. ერთხელაც ის დიდად გააკვირვებს საკუთარ თავს,როდესაც ქალისა და მამაკაცის მიწიერ სიყვარულზე საყოველთაოდ აღიარებულ შეხედულებას გაიზიარებს. ის ისწავლის ხორციელი  სიამოვნების მიღებას თავის ნაზ კირჩხიბთან. ეს ქალი და მამაკაცი კარგად გრძნობენ ერთმანეთის უხმო ძახილს. მათ ნამდვილად შეუძლიათ ცრურწმენებისა და პირობითობისგან აბსოლუტურად გათავისუფლდნენ. მათი დამაკავშირებელი მოციალე რგოლი ექსტაზისა და ვნების ბრწყინვალებით ბრდღვიალებს,მათ სიახლოვეს კი წარმოსახვა ხელმძღვანელობს. თანდათან კირჩხიბიც აღმოაჩენს,რომ მერწყულს არათუ ესმის მისი ვნებიანი სურვილები,შეიძლება ერთერთი იმ იშვიათთაგანიც  გახდეს,ვინც კირჩხიბის მყარ ჯავშანში დამალულ მეოცნებე  სულს დაინახავს.

კირჩხიბს თავადაც გააკვირვებს ეს აღმოჩენა. ხომ გითხარით,მერწყული სავსეა სიურპრიზებით. ისინი  თანაბრად ვერ იტანენ მონოტონურობასა და ერთფეროვნებას. კირჩხიბის ტრადიციულობა და დახვეწილობა,ხშირად ძველმოდური მანერების თანხლებით,წამითაც ვერ მოატყუებს მერწყულს. ისინი ბუნებრივები არიან და იქნებ ეს  სძენს მათ სექსუალურ კავშირს  ზაფხულის ღამის სიოსავით დამაშვიდებელ ეფექტს.

მათ ურთიერთობაში ხდება პერიოდული აფეთქებები და ამის გამომწვევ მიზეზებს ვერაფრით ავხსნით „კარდინალური“ და „ფიქსირებული“  ცნებების აუხსნელად. როგორი რბილი და თავაზიანიც არ უნდა იყოს კირჩხიბის ქცევები,ის დაიჟინებს,რომ ურთიერთობაში წამყვანი თვითონ არის. მისი „მუდმივი“ მეგობარი კი კატეგორიულ უარს განაცხადებს,ვინმემ უხელმძღვანელოს. სანამ მერწყული ჩვეულად ზიგზაგისებრ ბილიკს მიუყვება,ის მხიარული და უდარდელია. მაგრამ ყოველ ჯერზე,როდესაც კირჩხიბი შეეცდება მიმართულება შეუცვალოს და გზა მიუთითოს,ის გაჯიუტდება და  ისე მოიქცევა,თითქოს ეს მას საერთოდ არ ეხება… ან სულაც აფეთქდება. მისი მოულოდნელი რისხვა სწრაფად ჩაივლის,თუ საშუალებას მისცემთ,მარტოობაში უმკურნალოს შეურაცხყოფილ სულს. მაგრამ თუ კირჩხიბი თავისას დაიჟინებს და მისი თავისუფლებას გახედვნას არ შეეშვება,სულ მალე უარეს აფეთქებას მიიღებს. აზრი არ აქვს მერწყულის ჰაეროვანი არსის განსაზღვრულ ფორმაში მოქცევის მცდელობებს. რაც უფრო სწრაფად მიხვდება კირჩხიბი ამას,მით უკეთესია ორივესთვის.

მერწყულს კი ყოველთვის უნდა ახსოვდეს: როგორ სიამოვნებასაც არ უნდა ჰპირდებოდეს კირჩხიბს ხვალინდელი დღე,მას აუცილებლად სჭირდება გუშინდელისკენ გახედვა_ის ხომ ასეთი ნაცნობი და საიმედოა.

 

 

 

კირჩხიბი ქალი და მერწყული მამაკაცი

ვენდიმ შეამჩნია,რომ პიტერი თითქოს მართლა ვერ ხვდებოდა,

რამდენად უცნაური მეთოდი იყო ეს სარჩოს საშოვნელად.

 თავად ვენდი უფრო სტაბილურ სამსახურს აირჩევდა.

 

მერწყული მამაკაცი ოცნებობს ერთგულებაზე,მაგრამ თუ ეს ერთგულება ოკეანის სიდიდის არის,მაშინ წინააღმდეგია_სველ მდგომარეობაში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს. ზღვარგადასული მესაკუთრეობა მას თავისუფლად სუნთქვისა და თვითგამოხატვის საშუალებას ართმევს. როგორც უკვე იცით,ზუსტად ამ თვისების დემონტრირება უყვარს კირჩხიბ ქალს ყველაზე მეტად.

ტიპური წყლის მღვრელი ძალიან ბრაზდება,როდესაც ეკითხებიან ჩაიცვა თუ არა კალოშები,რა ჭამა და რა უყო ოცდათხუთმეტ დოლარს,რომელიც გუშინ ჯიბეში ჰქონდა. რა თქმა უნდა,მერწყულს დიდად სიამოვნებს  მთვარეული გოგონას ყურადღება,მაგრამ როდესაც ეს ყურადღება მის დამოუკიდებლობას ემუქრება,საშინლად ჯიუტდება,შეიძლება საერთოდაც აორთქლდეს. არავითარი აზრი აქვს ამ ადამიანს სახლში დაბრუნების დრო დაუთქვათ. მერწყული ყოველთვის თავისუფალი ფრენის რეჟიმშია. მის უცნაურ საქციელს კირჩხიბი გოგონა ხშირად ცრემლებამდე მიჰყავს. ხანდახან ისე იქცევა,თითქოს თავში აზრადაც არ მოსდის,რომ ატირებული კირჩხიბი მარტო დატოვა. მაგრამ როგორც კი ორცხობილა მოუნდება ან თასმას დაკარგავს და მის მოსაძებნად დახმარება დასჭირდება,ეულად დარჩენილ კირჩხიბს გამოეცხადება და განუცხადებს,რომ ყველაფერი მისი ბრალია! დიახ,სწორედ კირჩხიბმა მიაჩვია ის ორცხობილებს,მურაბებს და ხილს; მანვე ასწავლა,რომ თასმები ერთი ფერის უნდა იყოს. კირჩხიბს ისიც ძლიერ ანერვიულებს,როდესაც მერწყული ცხვირს ჰყოფს მის საიდუმლოებებში(რომც არ ჰქონდეს). ხანდახან კირჩხიბი უბრალოდ მთვარეს შესცქერის და დუმს. მისი აზრები ჩუმად მიცურავენ მთვარესთან ერთად. მერწყული კი ამ დროს თავისი კითხვებით გულს უხეთქავს,როდესაც მოულოდნელად იჭრება მის გარინდულ მარტოობაში.

ორივეს ურჩევნია,რჩეულმა თავზე არაფერი მოახვიოს. ხომ შესაძლებელია,უბრალოდ გვერდზე იყო და არ ჩაერიო?!. მათი პრობლემების ნახევარი მაინც თავისით მოგვარდება,თუ კირჩხიბი გაგებით მოეკიდება მერწყულის მოთხოვნას,დროდადრო მეგობრებთან ერთად გაუჩინარდეს და თუ მერწყული სატრფოს ოცნებების საიდუმლო სამალავებს არ შეეხება.

მთვარეულ გოგონას ყოველთვის  დედობრივი განცდები აქვს საყვარელი მამაკაცის მიმართ. ერთი მითხარით,მერწყულ მამაკაცს სხვანაირად როგორ უნდა მოეპყრო? დიახ,მას შეიძლება ჰქონდეს მეტ-ნაკლებად სტაბილური სამსახური,შეიძლება წამდაუწუმ  არ კარგავდეს სათვალეს(მარტო იმიტომ,რომ სათვალეს საერთოდ არ ატარებს. თუმცა ასეთ შემთხვევაში სხვა ნივთებს დაკარგავს. მაგალითად, მართვის მოწმობას,ჩეკის წიგნაკს ან გასაღებს). ამ კაცს,ხუთი წლის იქნება თუ ორმოცდახუთის,ოცის თუ ორასის,ყოველთვის სჭირდება დედის სინაზე. თუმცა კირჩხიბი ქალი იმასაც უნდა ხვდებოდეს,რომ სინაზე გონივრულად უნდა გამოამჟღავნოს. ჩახუტებით დახრჩობაც შესაძლებელია. და საერთოდ,კირჩხიბი ბევრ რამეს უნდა მიხვდეს. მაგალითად,იმას,რომ შეუძლებელია მერწყულს პირდაპირი მოქმედებისკენ უბიძგო  და ყოველგვარი გადახრის საშუალება წაართვა. მერწყულმა ზიგზაგებით უნდა იმოძრაოს_ასე უცხადებენ ისინი სიმბოლურ სოლიდარობას კოსმიური მშობლის  მეხს. უცნაურია,რომ რაც უფრო ზრდასრული ხდება მერწყული მამაკაცი,მით უფრო მუდმივ ხასიათს იძენს მისი ჩვევები. მეორეს მხრივ,რაც უფრო ასაკში შედის კირჩხიბი გოგონა,მით უფრო ხშირად დარდობს წარსულზე. მე ნამდვილად არ მინდა შეცდომაში შევიყვანო კირჩხიბი,იმის მტკიცებით,რომ ასაკთან ერთად,ურანის შვილი შეიცვლება და ისეთივე ნორმალური გახდება,როგორც მისაღები უმრავლესობა. ის მაინც არაამქვეყნიური დარჩება,უბრალოდ მეტად „მუდმივი“ იქნება თავის უცნაურობაში. შეიძლება გაზონი დაბადების დღეზე ნაჩუქარ ძვირფას პიჯაკში გამოწკეპილმა აღარ გაკრიჭოს,მაგრამ არაორდინალური აზროვნება არსად წავა. შეიძლება მეტად თავდაჭერილი გახდეს,მაგრამ დროდადრო მაინც მოახერხებს სიურპრიზების მოწყობას,რომ ცხოვრება უფრო საინტერესო და ამაღელვებელი იყოს.

კირჩხიბის იუმორის გრძნობა მისი ერთერთი ყველაზე საყვარელი თვისებაა და იქნებ სწორედ ამით მიიზიდა მერწყული? ეჭვი არ არის,მისი ქალური იდუმალებაც ძლიერ იზიდავს ურანიელს,თუმცა ხანდახან მისმა ცვალებადმა განწყობამ შეიძლება დააფიქროს და ჭკუიდანაც გადაიყვანოს. საბედნიეროდ,ის ჰაერის ნიშანია და ეხერხება ადაპტაცია. მაგრამ იმავდროულად, ფიქსირებულიც! _იტყვით თქვენ. ზუსტად ამიტომ სჭირდება დროდადრო პატარა შენჯღრევა. ამ კავშირში კირჩხიბი VI ასტროლოგიურ სახლს წარმოადგენს,ამიტომ მერწყული სრულიად ბუნებრივ მოვლენად აღიქვამს მის მოთმინებით მსახურებას. თავის მხრივ,მერწყული მისთვის VIII  სახლის ვიბრაციას ასხივებს,რაც იმას გულისხმობს,რომ კირჩხიბს უჩვეულოდ იზიდავს ეს მამაკაცი,თუმცა თვითონაც ვერ ხსნის,რატომ.

მათ შორის უდაოდ არის ძლიერი სექსუალური ლტოლვა. ისინი თავიდანვე იზიდავენ ერთმანეთს. მერწყული ხომ მამრობითი ნიშანია და მასკულინური პლანეტით იმართება,კირჩხიბი კი ფემინური ნიშანია და ასევე ფემინური მთვარის შვილი. ასტროლოგიური გაფრთხილება ძალიან მამაკაცური მამაკაცებისა და ძალიან ქალური ქალებისთვის: მოერიდეთ ბუნებრივი დომინაციის მიდრეკილების გვერდით ეფექტებს_სადო-მაზოხისტურ გადახრებს. თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდება. მაგრამ შეიძლება  როლები გაცვალონ. დიახ,მთვარეული გოგონა არსებითად ქალური ქმნილებაა და თავიდან შეიძლება თვინიერი ანგელოზიც ჩანდეს,მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია,ვის მიჰყავს აღლუმი.

თუმცა თუ კირჩხიბმა საკუთარი ქალური თვისებები მერწყულის მამაკაცურ თვისებებს შეუხამა და თუ ისინი შეძლებენ თავიანთი ნიშნების ინური და იანური ენერგიები ჰარმონიულად შეურწყან,ეს იშვიათი სისავსის შეგრძნებას მისცემთ. მაშინ სიყვარული მართლაც შეიძლება ისეთ დღესასწაულად იქცეს,რომელიც სიმშვიდესა და კმაყოფილებას მოუტანს. მათი ფიზიკური სიახლოვე სრულიად განსაკუთრებული გამოცდილებაა. კირჩხიბი ისეთ ნაზ გრძნობებს გამოიწვევს მერწყულში,რომლის წარმოდგენა თვითონაც არ შეეძლო. მერწყული კი ისეთ ვნებას გააღვიძებს მასში,მისი მთვარეული ილუზიებისთვისაც ამოუხსნელი დარჩება. ალქიმიკოსი ურანი მერწყულს ეხმარება  სრულიად მოულოდნელად შეცვალოს კირჩხიბის სევდა გზნებით,დარდი_აუღელვებლობით,სასოწარკვეთა_ თავბრუდამხვევი აღმაფრენითა და ახალი იმედებით. მათი სექსუალური ერთობა უნიკალურია, არაპროგნოზირებადი და განსაცვიფრებელი,განსაკუთრებით თუ მათ მნათობებს შორის ჰარმონიული ასპექტებია.

ისინი მუდმივად გამოწვევებს უცხადებენ ერთმანეთს. განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ცის კაბადონზე მთვარე ურანს ასპექტირებს. მათ შეიძლება ხმაც არ ამოიღონ,მაგრამ ეს დუმილის მჭერმეტყველება იქნება. ორივემ იცის,როგორ გამოიყენოს თავისი შარმი ერთმანეთის დასაბმელად. მერწყული იფიქრებს,რომ არ დანებდება,მაგრამ კირჩხიბის ნაზი ბანგი კვლავ სასიამოვნოდ გააბრუებს. მას ხომ მერწყული თავისი მაგიური იდუმალებით უჭირავს. კირჩხიბმაც შეიძლება გაიფიქროს,რომ ჯობია პერიოდულ სასიყვარულო ტანჯვებს გაექცეს,მაგრამ მერწყული თავისი ამოუცნობი უცნაურობით შეაჩერებს და ის არ შეეწინააღმდეგება. იმ შემთხვევაშიც,თუ მერწყული მის მიტოვებას გადაწყვეტს,ურანის მთელი ალქიმია უძლური იქნება,როდესაც კირჩხიბი მაგრად ჩაიხუტებს.

კირჩხიბის მიტოვება რთულია. ეს მუქი იასამნისფერი სიმღერები ყველგან დაედევნებიან მერწყულს და მის სიზმრებს ვერცხლისფრად მოლივლივე სიცილით გააფერადებენ. მერწყულის  მეგობრებმა შეიძლება ჩათვალონ,რომ ის კიდევ უფრო გაუგებარი  და უცნაური გახდა… და ეს შესანიშნავია!

მარადი სევდის ნიშნად,

იარით დავშანთე ხელისგული,

ყველა კასანდრა აჩურჩულდეს:

„აი,კიდევ ერთი წაგებული.“

 

ის გაჰყვა მთვარის მელოდიას,

ციმციმა ციცინათელებით,

ტბათა ცეცხლის ციალს,

ბოშების შელოცვილ სიბნელეში.

 

…გაისმა კივილი ბატისანის

და ის თავიდან შეიყვარეს.

 

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top