რუდოლფ შტაინერი
კოსმიური საიდუმლოებანი. კომეტარული და ლუნარული
შტუტგარტი, 5 მარტი 1910წ.
ნათელ ვარსკვლავიან ღამეში ციურ სიღრმეებს მზერას რომ ვაპყრობთ, ჩვენ გვეუფლება ურიცხვ ვარსკვლავთა სიმშვენიერით გამოწვეული ამაღლებულობის განცდა, ზოგ ადამიანში უფრო მძაფრია, ზოგში ნაკლებად მძაფრი, თითოეულის განსაკუთრებული, ინდივიდუალური მიდრეკილებების მიხედვით. მაგრამ ყველა შემთხვევაში, – და ეს სწორედ ვარსკვლავიან ცასთან, როგორც მოვლენასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, _ ადამიანში მალევე იბადება იმის ნატვრა, რომ შეიცნოს კოსმოსის საიდუმლოებანი, რომლებიც ამ დროს თავს დაჰყურებენ. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოთხოვნილებას, სწორედ ვარსკვლავიან ცასთან მიმართებით, ვერ დააბრკოლებს ის მოსაზრება, თითქოს ვარსკვლავთა სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნით ამაღლებულობის შეგრძნება იკარგებოდეს. მართლაც, სრულად გამართლებულია, რომ შემეცნება და გაგება განსაკუთრებით ამ სფეროში ვერაფერს აკლებს ჩვენს უშუალო შეგრძნებას. მალე ყოფიერების სხვა სფეროებთან დაკავშირებითაც აშკარად გამოჩნდება, რომ სულისმეცნიერეული შემეცნება განსაკუთრებით აძლიერებს და ამაღლებს ჩვენს ჯანსაღ შეგრძნებებსა და განცდებს. ადამიანს ასევე შეუძლია დარწმუნდეს და მომავალში სულ უფრო მეტად დარწმუნდება, რომ სწორედ სამყაროს დიად, ამაღლებულ მოვლენებთან დაკავშირებული შემეცნება ვერაფერს აკლებს შეგრძნებებს.
ისიც გასათვალისიწნიბელია, რომ სამყაროზე ყოველი წარმოდგენა ასე თუ ისე მისი მხოლოდ გარკვეული კუთხით ხედვაა და დროა იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლოთ სამყაროსეული აქტების წვდომა. დღეს ჩვენი თემა იქნება სივრცული სამყაროს სწორად ისეთი პატარა, მცირე ნაწილი განვიხილოთ ადამიანის ცხოვრებასთან კავშირში. თუ ადამიანს თავდაპირველად მხოლოდ წინათგრძნობა აქვს იმისა, რომ მთლიანობაში იგი იშვა მთელი სამყაროსგან და სამყაროს საიდუმლოებები მისი საკუთარი არსების საიდუმოებებთანაა კავშირში, მაშინ იგი ამას შემდგომში სულისმეცნიერების საშუალებით სულ უფრო მეტად და მეტად შეიცნობს. ეს აშკარად გამოჩნდება, თუ ყურადღებას მივაპყრობთ ყოფიერების გარკვეულ საიდუმლოებებს.
ადამიანის ცხოვრებაში მიწერი განვითარებისას ვლინდება ერთი დაპირისპირებულობა. იგი ჩვენს წინაშე გამუდმებით და ყოველ ნაბიჯზე ჩნდება. ეს არის დაპირისპირებულობა მამრობითსა და მდედრობითს შორის. როგორც ვიცით ადამიანთა მოდგმის განვითარებაში ეს დაპირისპირებულობა ლემურიული ხანიდან მოდის, და ისიც ვიცით, რომ რაღაც დროის მანძილზე იგი კიდევ იარსებებს; შემდეგ კი ეს ორი პოლუსი კვლავ უმაღლეს ერთიანობად შეერწყმება ერთმანეთს.
თუ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ადამიანური სიცოცხლე სამყაროს სიცოცხლისგან იშვა, გაგვიჩნდება კითხვა: შეგვიძლია თუ არა საერთო უნივერსუმში, რომელიც ყველანაირი სიცოცხლის მშობელია, ვიპოვოთ იმის წინარეხატი, რასაც ადამიანურ ცხოვრებაში, ლემურიის ხანიდან მოყოლებული, კაცსა და ქალს ვუწოდებთ? შეგვიძლია თუ არა ვიპოვოთ კოსმიური საწყისი, რომლისგანაც იშვა ის, რასაც დედამიწაზე ქალისა და კაცის სახით ვიცნობთ? – ასეთი კითხვის დასმა სავსებით შესაძლებელია.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვდგავართ სულისმეცნიერულ ნიადაგზე და ვერ გამოვიყენებთ იმ რეცეპტებს, რომელთაც დღევანდელი მატერიალისტები იყენებენ. დღევანდელ მატერიალისტს ვერ წარმოუდგენია ისეთი რამის არსებობა, რასაც თავის უშუალო გარემოში ვერ აღიქვამს. იგი მთელს სამყაროში ეძებს და მამრობითად და მდედრობითად ახასიათებს იმას, რასაც ადამიანურ ცხოვრებაში მნიშვნელობა მხოლოდ დედამიწასთან კავშირში აქვს, ხოლო ცხოველთა სამყაროსთვის მხოლოდ მთვარესთან და დედამიწასთან კავშირში. ეს არის ჩვენი დროის დიდი სისულელე. მკაცრად უნდა გვახსოვდეს, რომ ვიწრო გაგებით “მდედრობითი”-ს და “მამრობითი”-ს ცნება მხოლოდ ლემურიული ხანიდან არსებობს და ადამიანისთვის დედამიწის განვითარების გარკვეული საფეხურების შემდეგ გაქრება, ისევე როგორც აღარ იარსებებს იგი მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსთვის მთვარისა და დედამიწის განვითარებს შემდეგ. მაგრამ კითხვა იგივე რჩება: წარმოიშვა თუ არა მიწიერი მდედრობითი და მამრობითი მაღალი კოსმიური დაპირისპირებულობიდან? თუ ეს დაპირისპირებულობა ვიპოვეთ, თავდაპირველად გამოჩნდება საოცარი, იდუმალი ურთიერთკავშირი ამ მოვლენასა და კოსმიურ მოვლენას შორის. დაპირსპირებულობა კოსმოსშიც ყველგან გვხდება. საჭიროა მხოლოდ მათი სწორი მოძებნა.
პირველი კოსმიური პოლარულობა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ადამიანური ცხოვრებისათვის, არის პოლარულობა მზესა და დედამიწას შორის. მართალია, დედამიწის განვითარებაზე დაკვირვებებმა დაგვანახეს, თუ როგორ გამოეყო მზე დედამიწას და როგორ იქცნენ ისინი დამოუკიდებელ სხეულებად, მაგრამ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: როგორ მეორდება მზისა და დედამიწის ეს დაპირისპირება, ეს მაკროკოსმიური, სამყაროსეული მოვლენა ადამიანებში, მიკროკოსმოსში? არსებობს თუ არა ადამიანურ ბუნებაში ისეთი რამ, რაც მზის სისტემაში მზისა და დედამიწის პოლარულობას შეესაბამება? დიახ, არსებობს! და იგი ადამიანის ორგანიზმში, – და აქ იგულისხმება საერთო, ფიზიკური და სულიერი ორგანიზმი, _ თავს იჩენს როგორც პოლარულობა თავის ორგანოსა და იმ ორგანოებს შორის, რომლებიც გარეგნულად ადამიანურ მოძრაობას გამოხატავენ. ადამიანის თავისა და მის ხელ-ფეხს შორის დაპირისპირებლობაა ყოველივე ის, რაც შეესატყვისება იმ პოლარულობას, რასაც კოსმოსში მზესა და დედამიწას ვუწოდებთ. მოგვიანებით იმასაც დავინახავთ, თუ როგორ შეესაბამება ეს ფაქტი მზის პარალელს გულთან; მაგრამ ჩვენთვის ახლა მთავარია დაკვირვება იმ პოლარულობაზე, რომელიც არსებობს ადამიანის თავსა და მის მოძრაობის ორგანოებს შორის.
თქვენთვის ადვილი წარმოსადგენია, რომ ძველი მთვარის განვითარებისას ადამიანის მიმართება თავისი სხეულის წევრებისადმი სულ სხვა იყო, ვიდრე დედამიწის განვითარებისას. ადამიანი მხოლოდ აქ, დედამიწაზე გაიმართა და ისწავლა ხელებისა და ფეხების დღევანდელი სახით გამოყენება. მან მხოლოდ იმიტომ შესძლო თავისუფლად თავის აწევა და სამყაროს სივრცეებისთვის მზერის მიპყრობა, რომ მისი ხერხემალი, რომელიც მთვარის განვითარების დროს მთვარის ზედაპირის პარალელური იყო, მზის ძალებმა გაასწორეს, აღმართეს. დღევანდელი დედამიწის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ: მისი ბრალია, რომ ადამიანი თავის ხელ-ფეხს ისე იყენებს, როგორც ეს დღეს ხდება. ხოლო ის, რომ ადამიანის თავი გარკვეული სახით დედამიწის მიჯაჭვულობისგან გამოთავისუფლდა და ძალუძს სამყაროს სივრცეებისკენ მზერის მიპყრობა, მზის ზეგავლენის შედეგია. ანუ ის, რაც მზის პლანეტარულ სისტემაში მზისა და დედამიწის დაპირისპირებულობას წარმოადგენს, ადამიანში თავისა და ხელ-ფეხის დაპირისპირებულობაში გამოიხატება. და ეს გამოხატულება კაცშიც და ქალშიც ერთნაირია. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ: მზისა და დედამიწის პოლარულობის შესატყვისობა ქალშიც და კაცშიც ერთნაირად გამოიხატება. დედამიწა ქალზეც ისევე მოქმედებს, როგორც კაცზე; გარკვეული გაგებით ქალიც ისევეა დედამიწაზე მიჯაჭვული, როგორც კაცი; და ამ მიჯაჭვულობისგან ქალის თავიც ისევეა მზისგან გამოხსნილი, როგორც კაცის თავი.
ამ პოლარულობის მნიშვნელობის მთელს სიღრმეს მაშინ დავაფასებთ, თუ გავიხსენებთ, რომ მაგალითად ის არსებები, რომლებიც მეტისმეტად ადრე ჩამოვიდნენ მკვრივ მატერიაში, _ ლაპარაკია ძუძუმწოვარა ცხოველებზე, _ თავიანთი პირისახით მიწიერ ყოფიერებაზე მიჯაჭვულნი დარჩნენ და ვერ შესძლეს მიეღწიათ ციური სიღრმეების თავისუფალი ჭვრეტისთვის. მზისა და დედამიწის პოლარულობა მათ არსებაში ისე ვეღარ გამოიხატა, როგორც ადამიანში. ამიტომაც არ შეგვიძლია ძუძუმწოვარა ცხოველს მიკროკოსმოსი ვუწოდოთ. ჩვენ კი უფლება გვაქვს ადამიანს ვუწოდოთ მიკროკოსმოსი. ამ მიკროკოსმიური ბუნების მტკიცებულება ახლახანს დავინახეთ მისი თავისა და ხელ-ფეხის პოლარულობის განხილვისას.
ეს მაგალითი ამავე დროს იმასაც გვიჩვენებს თუ რა უსაზღვრო მნიშნვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი დაკვირვებები ცალმხრივი არ იყოს. ცხადია, შეიძლება ადამიანის სხეულში ძვლების დათვლა, შემდეგ ძუძუმწოვარა ცხოველების ძვლების დათვლა, შემდეგ ორივეში კუნთების რიცხვის დათვლა და ამის შედეგად იმ თანამედროვე თვალსაზრისამდე მისვა, რომელიც ადამიანებს ძუძუმწოვარა ცხოველების გვერდით აყენებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანებმა სულისმეცნიერების საშუალებით ისწავლონ: ეს ჭეშმარიტებები საკმარისი არ არის. შემდეგი ფრაზა თითოეულმა ანთროპოსოფმა გულში და გონებაში ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს: არსებობს მრავალი ჭეშმარიტება, მაგრამ მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ეს ჭეშმარიტებებია, საკმარისი არ არის! უეჭველად ჭეშმარიტებაა ის, რასაც მაგალითად თანამედროვე ბუნებსმეტყველება ადამიანებისა და მაიმუნების ნათესაობაზე ამბობს. მაგრამ მთვარია არა ის, რომ ეს რაღაცა ჭეშმარიტებას წარმოადგენს, არამედ ის, თუ რამდენად დიდმნიშვნელოვანია ეს ჭეშმარიტება ყოფიერების ამოცანის ამოსახსნელად. და ამიტომ ისიც შესაძლებელია, რომ რომელიმე თითქოსდა ყოველდღიურ, ჩვეულ ჭეშმარიტებაში ვერ აღმოვაჩინოთ მისი გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ამ თვალსაზრისით მას არ დავკვირვებივართ. არსებობს ერთი ამგვარი ყოველდღიური ჭეშმარიტება, რომელსაც ყველა ადამიანი იცნობს და თუ მას მთელი თავისი სიღრმით აღვიქვამთ, შევძლებთ ჩავწვდეთ მის ღრმა, ძალიან ღრმა მნიშნვნელობას მიწიერი განვითარებისათვის. ეს ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი არსებაა, რომელსაც მართლაც თავისუფლად შეუძლია სამყაროს სივრცეებს მიაპყროს სახე. თუ ამ მიმართებაში ადამიანთან ახლო მდგომ მაიმუნებს განვიხილავთ, უნდა ვთქვათ, რომ ისინი მართალია ეცადნენ წელში გამართვას, მაგრამ სწორედ ეს არ გამოუვიდათ.- აი ესაა მთვარი. საჭიროა რაიმე მოცემული ჭეშმარიტების მნიშვნელობა შევიცნოთ. ადამიანის ეს უპირატესობა უნდა მთლიანდ გავისიგრძეგანოთ იმისთვის რომ შევძლოთ მისი მნიშვნელობა მეორე სამყაროსეულ ფაქტს დავუკავშიროთ. კერძოდ იმას, რომ ადამიანში მოქნედებს არა მარტო დედამიწა, არამედ მზეც, რომელიც მას მიწიერი ყოფიერებისაგან ათავისუფლებს და ამიტომაცაა ადამიანი ციური სივრცეების მოქალაქე. და გარკვეული თვალსაზრისით უფლება გვაქვს ვთქვათ: იმისთვის, რომ ადამიანს სამყაროში ეს უპირატესობა მიეღო, საჭირო გახდა აგებულიყო მთელი კოსმიური წყობა, რომელსაც დღეს ჩვენ მზისა და დედამიწის პოლარულობაში ვხედავთ. იმისთვის, რომ ადამიანი ცხოველურ მდგომარეობაზე ამაღლებულიყო, შედგა მზისა და დედამიწის მოცემული კონსტელაცია.
ამგვარად, ერთი და იგივე პოლარულობას ჩვენ ვპოულობთ ერთი მხრივ ადამიანში და მეორე მხრივ ციურ სიღრმეებში, როდესაც მზესა და მის საპირისპირო სურათს, დედამიწას, ვაკვირდებით.
ახლა კი ისმის კითხვა: შეგვიძლია თუ არა კოსმოსში იმ პოლარულობის პოვნაც, რაც დასაწყისში მდედრობითით და მამრობითით აღვნიშნეთ? არსებობს თუ არა კოსმოსში, და მე აქ ჩვენი მზის სისტემის კოსმოსს ვგულისხმობ, ისეთი რამ, რომელიც დედამიწაზე ქალისა და კაცის პოლარულობაში აისახება? დიახ, არსებობს ასეთი რამ და ეს უფრო მაღალი შესატყვისი გამოიხატება კომეტარულ და ლუნარულში, ანუ კომეტებისა და მთვარის პოლარულობაში. ამ უკანასკნელს იმგვარივე გაგებით თუ დავაკვირდებით, როგორც ეს მზისა და დედამიწის შემთხვევაში გავაკეთეთ, მივიღებთ მდედრობითისა და მამრობითის პოლარულობის ხატებას. ისე რომ შეგვეძლება თქმა: როგორც ადამიანის თავსა და ხელ-ფეხში აისახება მზისა და დედამიწის პოლარულობა, იმგვარადვე ირეკლება კომეტებსა და მთვარეს შორის პოლარულობა მდედრობითსა და მარობითში.
ამას გარკვეული გაგებით სამყაროს ძალიან ღრმა საიდუმლოებებში შევყავართ. კერძოდ, რაც არ უნდა უცნაურიად ჟღერდეს, ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის, რომ ადამიანის გარეგნული ფიზიკური სხეულის სხვადასხვა წევრებს სხვადასხვა ღირებულება აქვთ, – იმის მიხედვით თუ როგორი სიძლიერით გამოხატავენ ისინი სულიერებას. სინამდვილეში ადამიანის ფიზიკურ გამოვლინებაში თავისი გარეგნული ფორმით მისი მხოლოდ თავი და ხელ-ფეხი შეესაბამება შინაგან სულიერ ძალებს, რომლებიც მათ საფუძვლად უდევთ. ერთმანეთს რომ სწორად გავუგოთ, უნდა დავიმახსოვროთ: ყოველივე ის, რასაც ფიზიკურ სამყაროში ვხდებით, სულის ანაბეჭდია, გარეგნული ფიზიკური ფორმები სულის შემოქმედების ნაყოფია. როცა სული გარეგან ფიზიკურს ფორმას ანიჭებს, ეს ფორმა თავისი განვითარების რაღაც საფეხურზე მას მეტ-ნაკლებად ჰგავს ან არ ჰგავს. გარეგნული ფორმის მიხედვით ადამიანში მხოლოდ მისი თავი და ხელ-ფეხი ჰგვანან თავიანთ სულიერ წინარეხატს. ყველაფერი დანარჩენი ადამიანის სხეულში იმდენად არ ჰგავს მის მიღმა მოქმედ სულიერებას, რომ შეგვიძლია ვთქვათ: თავისა და ხელ-ფეხის გარდა ადამიანის მთელი გარეგნული გამოხატულება ცრუ ხატია. და ვისაც გამომუშავებული აქვს ნათელმხილვური მზერა, ის ადამიანებზე ჭეშმარიტ წარმოდგენას მხოლოდ მისი თავისა და ხელ-ფეხის მიხედვით იქმნის. მხოლოდ ამ ორგანოებთან დაკავშირებით აქვს ნათელმხილველს უტყუარობის შეგრძნება. ადამიანის მთელი დანარჩენი სხეული კი მასში იწვევს განცდას, რომ ეს ცრუ ფორმაა, არ შეეფერება ჭეშმარიტებას და არ ჰგავს მის მიღმა მოქმედ სულიერებას. ხოლო ამათგან იმ ყველაფერს, რაც მდედრობითია, ნათელმხილვური ცნობიერება აღიქვამს როგორც გარკვეულ საფეხურზე გაჩერებულ განვითარებას. თუ ვიტყვით, რომ განვითარება შემდეგნაირად მიიწევს წინ:
ანუ ნორმალური განვითარების გზით A წერტილიდან B წერტილამდე, C-ს გავლით, მაშინ C-ში საქმე გვექნება ადამიანის თავთან და ხელ-ფეხთან. ქალის სხეულის დანარჩენი ნაწილი კი თითქოს გაჩერებულია C-სთან და არ მიუღწევია განვითარების დღევანდელი წერტილისთვის. თუ ამას სწორად გავიგებთ, შეგვიძლია ვთქვათ: ქალის სხეული, იმ სახით, როგორიც დღესაა, სულიერ საფეხურზეა დარჩენილი; თავისი ფორმით იგი ისე ღრმად არ ჩამოსულა მატერიაში, როგორც განვითარების საშუალო საფეხურს შეეფერება. ყველანაირი განვითარება სულიერიდან სხეულისკენ ხდება. ქალის სხეული განვითარების უფრო ადრეულ საფეხურზეა დარჩენილი და განვითარების საშუალო წერტილისთვის არ მიუღწევია.
კაცის სხეულმა კი პირიქით, თავისა და ხელ-ფეხის გამოკლებით, განვითარების საშუალო საფეხურს უკვე გადააბიჯა. იგი ამ წერტილს გადაახტა. ამიტომ, კაცის სხეული მაცდურია, რადგან უფრო მატერიალურია ვიდრე მისი სულიერი წინარეხატი, ანუ მატერიაში იმაზე ღრმადაა ჩამოსული, ვიდრე ეს განვითარების საშუალო საფეხურს შეეფერება. ამგვარად, ქალის სხეული წარმოადგენს ნორმალურ განვითარებას ჩამორჩენილ ფორმას, ხოლო კაცის სხეული მატერიაში იმაზე მეტად ჩამოსულს, ვიდრე მთლიანი ადამინის თავისა და ხელ-ფეხის განვითარების დონეს შეეფერება.
ეს პოლარულობა არსებობს კოსმოსშიც, ჩვენს მზისეულ კოსმოსშიც. ამასთან, იგი გამოიხატება ისე, რომ თუ ჩვენი დედამიწისა და მზის ყოფიერებას განვითარების ნორმალურ საფეხურად მივიჩნევთ, მაშინ კომეტას ამ საფეხურისთვის ჯერ არ მიუღწევია; იგი კოსმოსში შეესაბამება იმას, რაც ადამიანში ქალურის სახითაა წარმოდგენილი. ამგვარად კოსმოსში კომეტარული ყოფიერება დედამიწაზე ქალური ორგანიზმის წინარე ხატებაა. ლუნარული კი მამაკაცის ყოფიერებას შეესატყვისება. როგორც ხაზგამით აღვნიშნეთ, მთვარე დედამიწას გამოეყო. იგი რომ დედამიწის ნაწილად დარჩენილიყო, დედამიწის განვითარება შეჩერდებოდა. მთვარე სწორედ თავისი სიმკვრივის გამო უნდა გამოყოფოდა მას. ამგვარად, კოსმოსში კომეტებისა და მთვარის პოლარულობა ადამიანში მდედრობითისა და მამრობითს წინარეხატია.
ყოველივე ეს განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაცაა, რომ აქ კარგად ჩანს: რაიმე არსებაზე დაკვირვებისას, განურჩევლად იმისა მიწიერია იგი თუ სამყაროსეული, მისი ერთი წევრის მეორეზე უბრალოდ გადაბმის უფლება ჩვენ არა გვაქვს. თუ ასე მოვიქცევით, გაუგონარი ილუზიების მსხვერპლნი გავხდებით. სივრცეში ერთმანეთის გვერდით არსებობა ტოლფასობას სულაც არ ნიშნავს. ცხადია, ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა წევრი ერთდროულად და ერთად გვაქვს მოცემული და ჩვეულებრივი მატერიალისტი ანატომი სივრცეში გვერდიგვერდ განლაგების გამო მათ ერთმანეთის ტოლფასად მიიჩნევს. ის კი, ვინც საგნების ჭეშმარიტ არსს ჭვრეტს, მათ ერთმანეთისგან ანსხვავებს განვითარების საფეხურების მიხედვით: იმისდა მიხედვით, რომ ერთი დგას განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე, მეორე ამ საფუხერზე ოდნავ წინ, და მაინც მასთან ერთად გაუყვა გზას, ხოლო მესამემ გადააბიჯა იმ საფეხურს. ოდესმე, როცა მთელს ადამიანურ ორგანიზმს ამ თვალსაზრისით განიხილავენ, წარმოიშობა სწორი გაგებით ოკულტური ანატომია. რადგან საგნების განვითარების მდგომარეობაზე მხოლოდ ზემოაღწერილი სახით დაკვირვება გვაძლევს ადამიანის ორგანიზმის ჭეშმარიტი წვდომის შესაძლებლობას; ამ ორგანიზმის წევრები განვითრების სხვადასხვა საფეხურზე მდგომად უნდა აღვიქვათ. სივრცეში ერთმანეთის გვერდით მდგომი საგნები ტოლფასნი არ არიან და ამგვარად ერთმანეთის გვერდით ვერ დვაყენებთ.
თუ თქვენ გაიხსენებთ, რომ დღევანდელ მიწიერ განვითარებას წინ უძღოდა მთვარისეული განვითარების საფეხური, მაშინ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვიტყვით: მართალია, დღევანდელი მთვარე ძველი მთვარისეული განვითარების ნაწილია, მაგრამ მაინც არ დგას მთვარისეული განვითარების იმ საფეხურზე, ანუ იმ საფეხურს არ წარმოადგენს. ეს იმიტომ, რომ იგი განვითარდა არა მარტო დედამიწამდე, არამედ გადააბიჯა კიდეც მას, ანუ ვერ შეძლო დაეცადა დედამიწის იუპიტერად გარდასახისთვის და ამის შედეგად გაშეშდა, გამყარდა. მაშასადამე მთვარე, რაც მის მატერიალურ მხარეს შეეხება, ნორმალური განვითარების საფეხურს გადაახტა და ამიტომ გაშეშდა; მაგრამ სულიერ მიმართებაში ეს ასე არაა.
საპირისპირო მოვლენებთან გვაქვს საქმე კომეტის შემთხვევაში. იგი დღესაც გამოხატავს იმ ურთიერთკავშირს, რომელიც ძველ მთვარეს ჰქონდა მზესთან. კომეტა განვითარების იმავე საფეხურზე დარჩა. ამ საფეხურს იგი დღეს სხვანაირად გამოხატავს, მაგრამ მისი განვითარება მართლაც ძველი მთვარისეული ყოფიერების სტადიაში გაჩერდა. კომეტამ დედამიწის ნორმალურ განვითარებას ვერ მიაღწია. მაშასადამე, დღევანდელი მთვარე წარმოადგენს ნაადრევად დაბადებულ იუპიტერს, რომელიც ამის გამო გაშეშდა და უსიცოცხლოა, კომეტა კი დღევანდელ დედამიწას ძველი მთვარისეული განვითარების ნაწილად ევლინება.
სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ აქ საქმე გვაქვს საყურადღებო ფაქტთან, რომლის გამო სულისმეცნიერული დაკვირვების მეთოდმა გაკრვეული სახით პატარა ტრიუმფი განიცადა. მათ ვინც 1906 წელს ჩემს პარიზულ ლექციებს ესწრებოდა, ალბათ ახსოვთ ჩემს მიერ დედამიწის განვითარების ზოგიერთი ასპექტის აღწერა, რომლებსაც ჩემს “იდუმალთმეტყველების ნარკვევში” არ შევხებივარ, რადგან იქ სხვანაირად იყო საჭირო ასეთ საკითხებზე საუბარი, ვინაიდან შეუძლებელია მსგავსი თემები ყოველთვის ყველა ასპექტიდან განიხილო. ამის განსახორციელებლად საჭირო იქნებოდა არა ერთი წიგნის, არამედ წიგნების უსასრულო რაოდენობის დაწერა. ამიტომ, პარიზში მე განვავითარე ის პუნქტი, რომელიც უფრო მატერიალურ-ქიმიურ მხარეს ეხება. მაშინ მე ვთქვი, რომ ძველი მთვარისეული განვითარება, როგორც ახლაც დავინახეთ, ჩვენს დღევანდელ კომეტარულ ყოფიერებაშიცაა შემორჩენილი, რადგან კომეტა განვითარების ამ საფეხურზეა გაჩერებული და რამდენადაც დღევანდელი პირობები ამის შესაძლებლობას აძლევს, იმ ძველი კანონზომიერებებით ცხოვრობს. და მე ვთქვი, რომ ეს მთვარისეული განვითარება დედამიწის განვითარებისგან იმდენად განსხვავდება, რომ მაგალითად ძველი მთვარისეული არსებებისთვის აზოტი, აზოტის გარკვეული შენაერთები, ციანი და ციანწყალბადმჟავა ისეთივე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა, როგორსაც წარმოადგენს დღევანდელი მიწიერი არსებებისთვის ჟანგბადი. დღევანდელი მაღალგანვითარებული არსებებისთვის ციანწყალბადმჟავას მსგავსი ნივთიერებები გარკვეულ შემთხვევებში სასიკვდილოა და მათ განადგურებას იწვევს. მაგრამ მაშინ დღევანდელი ჟანგბადის მსგავს როლს სწორედ ნახშირბადის და აზოტის შენაერთები, ცინაწყალბადმჟავა და მსგავსი ნივთიერებები ასრულებდნენ.
პარიზში ეს ყველაფერი ითქვა სულისმეცნიერული კვლევებიდან გამომდინარე და ამგვარად მათ, ვინც ეს წლების მანძილზე თავის სამშვინველში ჩაიბეჭდა, თავისი თავისთვის უნდა ეკითხათ: თუ ყოველივე ეს მართალია, მაშინ დღევანდელი კომეტების შემადგენელ ნივთიერებებში უნდა მოიძებნებოდეს ნახშირბადისა და აზოტის შენაერთები. ახლა კი ვნახოთ რა გამოაქვეყნა სტოკჰოლმის კურსმა იანვარში, – შემდეგ ეს გაზეთებმაც დაბეჭდეს:კერძოდ ის რომ, მართლაც, კომეტების სპექტრში აღმოაჩინეს ციანწყალბადმჟავური შენაერთები. ეს ერთ-ერთი ბრწყინვალე საბუთია თუ როგორ გვიჩვენებს სულიერი კვლევის შედეგები უფრო ადრე იმას, რაც მოგვიანებით ფიზიკურ ბუნებისმეტყველებაშიც დასტურდება! მსგავსი მტკიცებულებების მოპოვებას ყოველთვის უნდა შევუწყოთ ხელი და აქაც სწორედ ამიტომ ვახსენეთ. როდესაც ადგილი აქვს ასეთ თავისთავად მეტყველ ფაქტებს, მნიშვნელოვანია, და ეს უნდა ითქვას ყოველგვარი პატივმოყვარეობის გარეშე, რომ ანთროპოსოფებმა მიუთითონ სულისმეცნიერების ასეთ პატარა ტრიუმფებზე და გაიხსენონ ისინი.
ამგვარად, როგორც ვხედავთ, მამრობითისა და მდედრობითის პარალელურობას კოსმოსშიც ვპოულობთ, ოღონდ უფრო მაღალი გაგებით, თავისი წინარეხატების სახით – კომეტისა და მთვარის პოლარულობაში. ჩვენ ვერ მოვიცავთ მთელს განშტოებებს, ეს შეუძლებელიცააა, მაგრამ ზემოთქმულიდან გამომდინარე ერთი მხრივ მთვარის სხეულის ზემოქმედების და მეორე მხრივ კომეტარული ვარსკვლავების სრული ზეგავლენის აღწერა რომ შეგვეძლოს, დავინახავდით თუ რა უდიდესი, ყველა სხვა ამაღლებულობის გრძნობაზე უფრო მძლავრი განცდა დაეუფლებოდა ჩვენს სამშვინველს იმის გაცნობიერებისას, რომ აქ, დედამიწაზე ვხედავთ ისეთი რამის ანაბეჭდს, რომელიც თავს იჩენს სწორედ იმ ფუნქციაში, რაც კოსმოსში კომეტისა და მთვარის პოლარულობას ახასიათებს. მაგრამ ჩვენ შევიძლია მივანიშნოთ ამ საკითხის მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე, იმ ასპექტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა გავაცნობიეროთ ადამიანზე იმ პოლარულობის ზემოქმედება, რომელიც კომეტასა და მთვარეში გამოიხატება. არ უნდა გვეგონოს, რომ იგი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რასაც მაგალითად ქალი და კაცი ჰქვია კაცობრიობაში; ჩვენთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ყოველ ქალში არსებობს მამაკაცური თვისებები, ხოლო ყოველ მამაკაცში–ქალური თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, როგორც ვიცით კაცის ეთერული სხეული მდედრობითია და ქალისა კი მამრობითი, მაშინვე ყველაფერი უაღრესად გართულდება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კაცისა და ქალის ეთერულ სხეულთან მიმართებაში კომეტარული და ლუნარული ზემოქმედება შებრუნებული ხასიათისაა. თანაც ამ ზემოქმედებას ადგილი აქვს ასევე ასტრალურ სხეულთან და “მე”-სთან დაკავშირებით. ასე რომ, მთვარისა და კომეტის ამ პოლარულობას კაცობრიობის მიწიერი განვითარებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.ის, რომ მთვარეს საპირისპირო სქესების ურთიერთობასთან იდუმალი კავშირი აქვს, ეგზოტერული დაკვირვებისთვის შეუცნობელი რჩება. მაგრამ ამ კავშირის აღქმა ჩვენ შეგვიძლია, თუ მაგალითად დავაკვირდებით იმ ფაქტს, რომ მდედრობითისა და მამრობითის ურთიერთზემოქმედების შედეგს – ბავშვს, ჩასახვიდან დაბადებამდე ათი მთვარისეული თვე სჭირდება განსავითარებლად, ასევე თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ამას თვით დღევანდელი მეცნიერებაც კი სწორედ მთვარისეული და არა მზისეული თვეებით ანგარიშობს. ეს ხდება იმიტომ, რომ მამრობითის კოსმიურ წარმომადგენელს ანუ მთვარეს, მდედრობითის კოსმიურ წარმომადგენელთან ანუ დედამიწასა და კომეტარულთან მიმართებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ეს აისახება კიდეც სქესების ურთიერთზემოქმედების ნაყოფში.
კაცობრიობის განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან, მაგრამ საპირსპირო შედეგს დავინახავთ, თუ მეორე მხარეს, ანუ კომეტარულს დავაკვირდებით. კომეტარული, როგორც ვთქვით მდედრობითის გამოხატულებაა. კომეტების მოძრაობაში, მათი დროდადრო გამოჩენის ხასიათში იკვეთება, ასე ვთქვათ, ქალური ბუნება კოსმოსში. იგი მართლაც ისე გამოიყურება, თითქოს განვითარების რაღაც გარკვეული, საშუალო საფეხურის წინაშე შეჩერებულიყოს. კოსმიური მდედრობითი, თუმცა ეს სახელი მაინცდამაინც არ შეესიტყვება მას, მაგრამ უკეთესი არ მოგვეპოვება, ეს კოსმიური მდედრობითი, რომელიც კომეტარულ არსებაში გამოიხატება, შიგადაშიგ ისე შემოიჭრება ხოლმე ჩვენს ყოფიერებაში, რომ ადამიანის ბუნების ხასიათით კომეტა უფრო ქალურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ქალის გრძნობებისა და შეგრძნებებისგან განპირობებული საქციელი როგორ მიმართებაშიც არის მამაკაცურ ცივ ფხიზელ განსჯასთან, – ხაზგასმულია რომ სწორედ მამაკაცურ ცივ და ფხიზელ განსჯასთან, – ასეთივე მიმართებაშია მთვარის კანონზომიერი, ფხიზელი მოძრაობიდან გამომდინარე შედეგები იმასთან, რაც კომეტარულის სახით თითქოსდა ურითმოდ და მხოლოდ დროდადრო იჭრება ჩვენს ყოფიერებაში. სწორედ ესაა ქალური სულიერი ცხოვრების განსაკუთრებული თავისებურება. ხაზს ვუსვამ: არა ქალის სულიერი ცხოვრების, არამედ ქალური სულიერი ცხოვრების. ეს განსხვავება საყურადღებოა. ბუნებრივია, რომ ქალის სულიერი ცხოვრება თავის თავში მამაკაცურ თვისებებსაც ატარებს; ხოლო იმას, რასაც ქალური სულიერი ცხოვრება ჰქვია (მნიშვნელობა არ აქვს კაცში თუ ქალში), მთელ ჩვენს ყოფიერებაში შემოაქვს რაღაც პირველყოფილი, რაღაც ელემენტარული. ასევე მოქმედებს კომეტაც. და სადაც კი ქალისა და მამაკაცის ეს პოლარულობა გვხდება, შეგვიძლია მისი მთელი სიმკვეთრის დანახვაც. ადამიანები, რომლებიც ყველაფერს მხოლოდ გარეგნულად აკვირდებიან, სულისმეცნიერებას ნაკლად უთვლიან იმას, რომ მისკენ მიმავალ გზას დღეს განსაკუთრებით ქალები პოულობენ. ვერ ხვდებიან, რომ ეს ბუნებრივია; ბუნებრივია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვეულებრივ მამაკაცის ტვინი თავის განვითარებაში მართლაც გადაცილებულია გარკვეულ საშუალო საფეხურს. იგი უფრო ცივი და გახევებულია, ამიტომ უფრო მეტად ეჭიდება უკვე მოცემულ ცნებებს, და არ შეუძლია წინასწარ შექმნილი შეხედულებებისგან გათავისუფლება. სწორედ ესაა, რასაც ხანდახან ასე მძიმედ განიცდის ის, ვინც სულისმეცნიერული თვალსაზრისით ამ მამაკაცურ ტვინს იყენებს: ის, რომ ამ ინკარნაციაში მას მამაკაცური ტვინი აქვს! რადგან ეს ტვინი არის მოუქნელი, მაგარი და უფრო ძნელი მოსახმარი, ვიდრე ქალური. ამ უკანასკნელს კი უფრო ადვილად შეუძლია იმ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც მამაკაცურ ტვინს თავისი სიმკვრივის გამო წინ ეღობება; ქალურ ტვინს გარკვეული სირთულეების უკეთესად დაძლევა შეუძლია, და ამიტომ უფრო ადვილად მიჰყვება იმას, რაც სიახლედ შემოდის ჩვენს მსოფლმხედველობაში. ტვინის აგებულებაში ქალურისა და მამაკაცურის როლის მიხედვით შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ჩვენს დღევანდელობაში უკიდურესად უსიამოვნო და მოუხერხებელია, როცა იძულებული ხარ მაინცდამაინც მამაკაცური ტვინი გამოიყენო. მამაკაცური ტვინი ქალურზე გაცილებით მკაცრად, რადიკალურად უნდა ვავარჯიშოთ. ამრიგად, საოცარი სრულადაც არაა, რომ დღეს ქალი უფრო ადვილად იღებს ისეთ განსაკუთრებულ სიახლეს, როგორიცაა სულისმეცნიერება. ამ ყველაფერს კულტურის ისტორის თვალსაზრისით უზომოდ დიდი მნიშნვნელობა აქვს, მაგრამ დღეს თითქმის შეუძლებელია ამის შესახებ სადმე საუბარი, თუ არა ანთროპოსოფიულ გარემოში. ანთროპოსოფების გარდა ვინ მიიღებს სერიოზულად იმას, რომ მამაკაცური ტვინის ქონა უფრო უსიამოვნოა ვიდრე ქალურისა? მაგრამ აქვე ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ქალის ტვინს ზემოაღწერილი მამაკაცური თვისებები დიახაც ახასიათებს. მოვლენები ქვეყანად არც ისე მარტივად გასაგებია, როგორც ეს ადამიანებს თავიანთი იდეებით სურთ დღევანდელობაში.
მაშასადამე ის, რასაც ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ელემენტარული, შემძრავი და გარკვეულ მიმართებაში კოსმოსის განვითარებისთვის ხელის შესაწყობად აუცილებელი რამ, არის კომეტარული. ადამიანებს ყოველთვის გააჩნდათ იმის წინათგრძნობა, რომ ამ კომეტარულს მიწიერ არსებებთან რაღაც კავშირი აქვს. დღეს კი ადამიანებს ეს განცდა აღარ გააჩნიათ, არც სურთ რომ ჰქონდეთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ გაოგდნება დღეს რომელიმე საშუალო დონის მეცნიერი, მასაც იგივე რომ დაემართოს, რაც პროფესორ ბოდეს ჰეგელთან. კერძოდ, ჰეგელი პირდაპირ და მოურიდებლად უმტკიცებდა ამ წესიერ გერმანელ პროფესორს, რომ კომეტების გამოჩენას ყურძნის კარგი, მოსავლიანი წელიწადი მოსდევს. და ამას ასაბუთებდა იმით, რომ 1811 და 1819 წლის ყურძნის კარგ მოსავალს წინ კომეტების გამოჩენა უძღოდა. დღეს ეს დიდ გაუგებრობებს გამოიწვევდა! მაგრამ ჰეგელი ამბობდა, რომ ეს ისეთივე კარგი მტკიცებულებაა, როგორც ზოგიერთი პლანეტის მოძრაობის გამოთვლა; რომ ეს არის ემპირიული ფაქტი, რომელიც ამ ორმა მაგალითმა დაასაბუთა. ასეთ ხუმრობებს ყურადღება რომც არ მივაქციოთ, მაინც შეგვიძლია ვთქვათ: ამ მხრივ ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ რაღაც გარკვეული წინათგრძნობა.
ახლა ჩვენ ამის დეტალური განხილვა არ შეგვიძლია, რადგან ეს ამოუწურავი თემაა, მაგრამ მოდით ადამიანის განვითარებაზე მოქმედ ერთ მთავარ ფაქტორს მოვფინოთ ნათელი.
კომეტების გამოჩენა დროის დიდ მონაკვეთებში ხდება. დავსვათ კითხვა: მათ მთელ ადამიანურ განვითარებასთან თუ გააჩნდათ ისეთი მიმართება, რომ მათი გამოჩენა, ასე ვთქვათ, ადამიანურ ბუნებაში მოქმედ ქალურს რაღაც იმპულს აძლევდეს?
მაგალითად ავიღოთ ეგრეთწოდებული ჰალეის კომეტა, რომელიც ამჯერად აქტუალურია. ჩვენს სხვა კომეტების შესახებაც შეგვიძლია საუბარი. მაგრამ ამ კომეტას გარკვეული ამოცანა აქვს და დანარჩენი ყველაფერი, რაც მას მოჰყვება, გარკვეული სახით ამ ამოცანასთანაა კავშირში. ჰალეის კომეტის ამოცანაა, და ჩვენ ახლა ამ კომეტაზე სულიერი თვალსაზრისით ვსაუბრობთ, რომ მან თავისი არსებით ისეთი კვალი დატოვოს მთელ ადამიანურ ბუნებაზე, რომ ყოველთვის, როდესაც ჰალეის კომეტა დედამიწის განსაზღვრულ სფეროში შემოდის, როცა დედამიწას უახლოვდება, ადამიანურ არსებაში “მე”-ს განვითარება ერთი ნაბიჯით წინ მიიწევს, თანაც ისეთი მიმართულებით, რომელსაც იგი ფიზიკურ პლანში უფრო ღრმად შემოჰყავს. ეს კომეტა, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანური ბუნების ყველაზე დაბალ წევრებზე – მდედრობითსა და მამრობითზე, ანუ იგი მთვარესთან ერთად მოქმედებს; მის გარეშე მთვარის ზემოქმედება ცალმხრივია და იცვლება მაშინ, როცა კომეტა დედამიწასთან ახლოსაა. კომეტის ეს ზემოქმედება გამიხატება შემდეგში: ხომ ცხადია, რომ თუ ადამიანური “მე” ბიძგისებურად გადადგამს ნაბიჯს წინ, მაშინ იმისთვის, რომ ადამიანი ამ ნაბიჯს მთლიანობაშიც მიჰყვეს, შესაბამისად უნდა გარდაისახონ ფიზიკური და ეთერული სხეულებიც. თუ “მე”-ს აზროვნება მე-19 საუკუნეში განსხვავდება მისი აზროვნებისგან მე-18 საუკუნეში, მაშინ სხვადასხვანარი უნდა იყოს მე”-ს გარეგანი გამოხატვაც ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში; აი სწორედ ესაა კომეტის ამოცანა! იგი ისე მოქმედებს ადამიანის ამ სხეულებზე, რომ ისინი “მეს”-ს მართლაც უქმნიან წინ წასული განვითარებისთვის საჭირო ახალ, ფაქიზ ორგანოებს. ცნობიერი “მე”-ს განვითარება განსაკუთრებით ქრისტეს იმპულსის დედამიწაზე შემოჭრის შემდეგ დაიწყო. ამ დროის შემდეგ კომეტების გამოჩენამ ის მნიშვნელობა შეიძინა, რომ თავისი ეტაპობრივი განვითარების გზაზე “მე”, ასევე ეტაპობრივად, ისეთ ორგანოებს მიიღებს, ანუ ისეთ ფიზიკურ და ეთერულ ორგანოებს, რომელთა გამოყენაბაც მას განვითარების ახალ მოცემულ საფეხურზე შეუძლია. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს და რა საშინელ სისულელედაც არ უნდა მიიჩნიონ იგი ჩვენმა თანამედროვეებმა, წარმოიდგინეთ, რომ ეს მაინც ასეა: ბუხნერის “მე”-ს, მოლეშოტის “მე”-სა და 1850/60 წლების სხვა მატერიალისტებს შესაბამისად განვითარებული ფიზიკური და ეთერული ტვინი რომ არ ჰქონოდათ, ვერ შეძლებდნენ იმგვარ მატერიალისტურ აზროვნებას, როგორიც შეძლეს. მაშინ ბუხნერი ალბათ ერთი ჩვეულებრივი ყოჩაღი პასტორი იქნებოდა. და რაც მან თავის “ძალა და მატერია”-ში აზრობრივად ჩამოაყალიბა, ამისთვის არა მარტო მის “მე”-ს უნდა გაევლო ეს განვითარება, არამედ ფიზიკური და ეთერული სხეულებიც შესაბამისად უნდა ყოფილიყვნენ ჩამოყალიბებულნი. თუ გვსურს თვალი მივადევნოთ “მე”-ს განვითარებას, საჭიროა მხოლოდ სულიერ-კულტურულ ცხოვრებას დავაკვირდეთ. მაგრამ თუ გვსურს ვიცოდეთ: რამ გამოიწვია მე-19 საუკუნის ამ ადამიანებში მატერიალისტური აზროვნებისთვის შესატყვისი ასეთი ფიზიკური და ეთერული ტვინის ჩამოყალიბება? – მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს 1835 წელს გამოჩენილი ჰალეის კომეტის სინდისზეა. და რამ გამოიწვია მე-18 საუკუნეში ეგრეთწოდებული “განმანათლებლობა”, რომელიც ასევე ერთ-ერთი ეტაპია “მე”-ს განვითარებაში? მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ჩვეულებრივი ადამიანის ტვინში მოხდა სულიერი კონფიგურაცია, რომელსაც “განმანათლებლობა” ეწოდა. გოეთეც სწორედ ამის გამო იყო განრისხებული, ანუ: – ერთი-ორი ცნების დროშასავით ფრიალი და ამით დაკმაყოფილება! რამ შეუქმნა ამ “განმანათლებლობის ხანას” თავისი შესაფერისი ტვინები? – 1759 წელს მოვლენილმა ჰალეის კომეტამ. ეს არის მისი ზეგავლენის ცენტრალური შედეგი.
ამგვარად, თითოეულ კომეტარულ სხეულს სრულიად განსაზღვრული ამოცანა გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრების მდინარება გარკვეულ კოსმიურ, შეიძლება ითქვას, სამოქალაქო წესრიგს ემორჩილება. ისევე, როგორც ადამიანი ასრულებს ყოველდღე რაღაც გარკვეულ საქმიანობას თავისი მიწიერი მოქალაქეობრივი წესრიგით, მაგალითად, ამზადებს სადილსა და ვახშამს, ასეთივე წესრიგით მიმდინარეობს ადამიანის სულიერი ცხოვრებაც. მაგრამ ამას თან ერწყმის მოვლენები, რომლებიც ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრების ზოგიერთი მოვლენის მსგავსად, უჩვეულოა და რომელთა წყალობითაც შესამჩნევი ხდება გარკვეული წინსვლა.მაგალითად, როდესაც ოჯახში იბადება ბავშვი. მთვარის ანუ ლუნარული სხეულის გავლენით მთელი ადამიანური განვითარება სწორედ ზემოაღნიშნული კოსმიური მოქალაქეობრივი წესრიგით მიედინება. ამის საპირისპიროდ კი მოვლენები, რომლებიც განვითარებას წინ უბიძგებენ, კომეტარული სხეულების გავლენის შედეგია. სხვადასხვა კომეტებს სხვადასხვა ამოცანები გააჩნიათ. და როდესაც რომელიმე თავის ამოცანას ბოლომდე შეასრულებს, ეს კომეტა დაიშლება კიდეც. ამიტომაცაა რომ ზოგიერთი კომეტა დროის რაღაც მონაკვეთიდან ორმაგად ჩდება და შემდეგ იშლება. ისინი ქრებიან მას შემდეგ, რაც თავის ამოცანას შეასრულებენ. ამგვარად, ლუნარული გავლენის შედეგია ის ყოველდღიური, რაც ასე ვთქვათ სისტემატიური წესრიგით გამოირჩევა, ხოლო კომეტარულისა ის, რასაც ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ელემენტარული, ახალი. ეს ყველაფერი იმასაც გვიჩვენებს, რომ ცაში ამ თითქოსდა გაბნეულ ვარსკვლავებს, სამყაროს მთლიან ნაგებობაში დიახაც რომ ძალიან კარგი ადგილი და მნიშვნელობა გააჩნიათ.
ახლა თქვენ იმასაც მიხვდებით, რომ ის, რაც კოსმიური მდედრობითის შედეგის სახით კაცობრიობის განვითარებაში სიახლის ქარად ქრის, ხანდახან ქარიშხალადაც იქცევა. და ამ ქარიშხალის შემჩნევა დიახაც რომ შეიძლება, ოღონდ ადამიანებს ეს არ სურთ. მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ადამიანების ცნობიერებისათვის აშკარა გახდეს დედამიწაზე მომხდარი მოვლენებისა და კომეტების ყოფიერებას შორის ურთიერთკავშირი. როგორც ქალი ჩუქნის ყოველდღიურ ოჯახურ ცხოვრებას რაღაც ახალს, ასევე ახალი შემოაქვთ კომეტებს. მათი ყოველი გამოჩენა ოჯახში ახალშობილის მოვლინებას ჰგავს. მაგრამ ზოგიერთი კომეტის შემთხვევაში მართლაც ისეა, რომ მათ ადამიანის “მე” უფრო დაუფრო ღმრად შეჰყავთ ფიზიკურ სამყაროში, და საჭიროა კომეტების ზემოქმედების ასეთ შედეგს წინააღმდეგობა გავუწიოთ. თუ ჰარლეის კომეტას მომავალშიც ამგვარადვე შეეძლება ადამიანებზე გავლენის მოხდება, მის ახალ გამოჩენას ბუხნერული აზროვნების სტილის განსაკუთრებული გაძლიერება მოჰყვება. ეს კი ძალიან ცუდ ამბავში შეიძლება გადაიზარდოს. მაშასადამე თუ ჰალეის კომეტა ისევ გამოჩნდა, ეს ჩვენთვის იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი გადაგვექცევა საშიშ სტუმრად, თუ ჩვენ მთლიანად დავემორჩილებით მის გავლენას და მის წინააღმდეგ არ ვიმუშავებთ. მთავარია ორიენტირებულნი ვიყოთ კოსმოსის ამ ქმედებებსა და გავლენებზე, რომლებიც ჰალეის კომეტის გავლენაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანნი არიან. მაგრამ ის კი მართლაც საჭიროა, რომ ადამიანები ამ კომეტის გამოჩენაში ხედავდნენ ნიშანს და იცოდნენ, რომ დღეს მისი მოქმედება აღარაა ისეთი ნაყოფიერი, როგორც ძველ დროში, რომ ისინი დაბლა დაეშვებიან. დღეს ადამიანები სხვა ძალებს უნდა დაუკავშირდნენ იმისთვის, რომ ჰალეის კომეტის სახიფათო გავლენა გააწონასწორონ. არა ძველი ცრურწმენის გასაცოცხლებლად, არამედ ღრმა ჭეშმარიტების გასაცნობიერებლად გვინდა ჰალეის კომეტის ახალ გამოჩენაზე მივუთითოთ. იგი იქნება იმის ნიშანი, რომ მის შეუზღუდავი ზეგავლენის შემთხვევაში კაცობრიობა უფრო და უფრო ზედაპირული გახდება, რომ ადამიანის “მე” თანდათან უფრო ღრმად ჩაეფლობა ფიზიკურობაში და რომ სწორედ ახლაა საჭირო ვიმოქმედოთ ამის წინააღმდეგ. ეს კი მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ განვითარების იმ მიმართულებაზე, რომელიც ჰალეის კომეტის გავლენის შედეგია, ისეთი სპირიტუალური მსოფლმხედველობა იმოქმედებს, როგორიც ანთროპოსოფია.
შეგივძლია ასედაც ვთქვათ: მამა ღმერთი ზეციურ წკეპლას ჰკიდებს, რომ ადამიანებს მიანიშნოს: ახლა კი მოვიდა სპირიტუალური ცხოვრების გაჩაღების ხანა! მეორე მხრივ: განა საოცრება არაა, თუ სიცოცხლის როგორ სიღრმეებში მოქმედებს კომეტარული ყოფიერება, და არა მარტო ადამიანების, არამედ ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლეშიც? დიახ, ის, ვინც ასეთ მოვლენებს ყურადღებას აქცევს, შეამჩნევს რომ ყვავილობაც ყველგან უფრო სხვანაირია, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე. ეს ყოველივე აშკარად არსებობს, მაგრამ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ამისთვის თვალის არიდება, ისევე როგორც საერთოდ თვალს არიდებენ და არ სურთ სულის დანახვა.
ახლა კი დავსვათ კითხვა: აქვს თუ არა ზემოაღნიშნულ სპირიტუალურ ცხოვრებას კოსმოსთან კავშირი? არსებობს თუ არა იქ, კოსმოსში ისეთი რამ, რაც ამ სპირიტუალურ ცხოვრებას შეესატყვისება? როგორც დავინახეთ, კოსმოსში საკუთრი პოლარული ხატი მოეპოვებათ თავსა და ხელ-ფეხს, ასევე მდედრობითსა და მამრობითს; მაშასადამე შეგვიძლია ვიკითხოთ: არსებობს თუ არა კოსმოსში სპირიტუალურის ამოფრქვევის, დაბალი “მე”-დან მაღალ “მე”-მდე ადამიანის ამაღლების შესატყვისი რამ?
ეს შეკითხვა, რომელიც ჩვენი დროის სულიერი ცხოვრების უდიდეს ამოცანებს უკავშირდება, ხვალ ჩვენი საუბრის თემა იქნება. დღეს მსურდა შემექმნა წინაპირობა იმისთვის, რომ გარკვეული კოსმიური ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, ხვალ უკეთესად გაგვეგო თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი საკითხი, მართალია, დღეს ჩვენ მიერ თქმულიდან ზოგიერთი რამ უშუალოდ ამ საკითხს არ ხება, მაგრამ ჩვენ კომეტარულ წელიწადში ვცხოვრობთ. ამიტომ კარგია, თუ გვეცოდინება დედამიწასა და კომეტარულ ყოფიერებას შორის იდუმალი კავშირის შესახებ. ხვალ ამ ცოდნაზე დაყრდნობით ჩვენი დროის დიდ სულიერ ამაცანაზე შეგვიძლია საუბარი.