რა მარტივი იქნებოდა,მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო!
მაგრამ კიდევ არსებობს სკოლის პირველი დღე,რელიგია,
მშობლები,ზმნები,ბრჭყალებში რომ უნდა ჩასვა,ის…
ერთი დოლარი კბილის ფერიისგან და ა.შ.
კუროსა და თხის რქის ნიშნები მიწის ფერების აურით არიან გარემოცულნი,იმავდროულად საიმედოობითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. მათი ცხოვრება არ არის მთლიანად ნაცრისფერი ან ყავისფერი,შავი ან ლურჯი,მაგრამ მათთან იშვიათად შეხვდებით უსაფუძვლოდ ოპტიმისტურ ყვითელ ან ექსტრავაგანტულ წითელ შეფერილობებს.
ორივემ კარგად იცის,საით მიდის_მწვერვალისკენ! დიდ მეგაპოლისსა თუ პატარა დაბაში,ყოველთვის მხოლოდ ერთი მიმართულებით_მწვერვალისკენ!
ორივე ნიშანი თავშეკავებული და მორიდებულია. მათ ზუსტად იციან,როგორ გამოიყენონ შინაგანი ამტანობა,როგორც საკუთარი უსაფრთხოების სისტემის სიგნალი,რათა თავი აარიდონ ფუჭ ემოციებს. მე სულაც არ ვგულისხმობ,რომ ისინი მოსაწყენი ადამიანები არიან,იუმორის გრძნობისა და წარმოსახვის დეფიციტით. განა კუროს ნიშნით დაბადებული შექსპირი „სუხარია“? თითქმის ყველა თხის რქა რაიმე შემოქმედებით ან არტისტული ნიჭს ფლობს. მათი უმეტესობა კარგად ხატავს. მაშინაც კი,როდესაც უბრალო ნახაზებს ჯღაბნიან,ნამდვილი პროფესიონალებივით მუშაობენ. ზოგიერთი მათგანი მართლაც წარმატებული მწერალი ან მხატვარი ხდება,ან ორივე ერთად,როგორც რომანისტი ჰენრი მილერი. რაც შეეხება კუროებს,მიუხედავად საღი აზრებით გამოტენილი თავისა,მათ გულში მუდამ მუსიკის ჰანგები ჟღერს. ერთნი ცნობილი მომღერლები,მუსიკოსები და კომპოზიტორები არიან. დანარჩენები უდარდელად უბრახუნებენ როალს ან სიმოვნებით აზუზუნებენ ჰარმონიკას. თითქმის ყველა კურო ღიღინებს შხაპის ქვეშ,როდესაც დარწმუნებულია,რომ არავინ უსმენს. მათ საოცრად თბილ იუმორის გრძნობაზე აღარაფერს ვამბობ.
თხის რქებიც ფლობენ ოდნავ დამცინავ და ცივ იუმორის გრძნობას. მათი გონებამახვილური დაკვირვებები უდაოდ სახალისო და ჭკვიანურია,რაც კიდევ უფრო სასაცილო ხდება იმის გათვალისწინებით,რომ თხის რქა სერიოზული სახით ხუმრობს. ასე რომ,კუროსა და თხის რქას,არამხოლოდ მიწიერი სიმყარე და სიმტკიცე,არამედ თბილი ურთიერთობებიც აკავშირებთ.
ეს კავშირი შეესაბამება 5-9 ფორმულას,რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ ურთიერთგაგებასა და სირთულეების მარტივად გადალახვას. ამ კომბინაციაში საერთოდ რთულია დიდხანს გაბრაზება. შერიგების გზა,თუ მოძებნა მოისურვეს,ორივესთვის ხილული და მარტივად გასავლელია. საერთო ინტერესების სფეროები: სასიყვარულო ისტორიები,შვილები,შოუ ბიზნესი(V სახლი),მოგზაურობა,განათლება, რელიგია(IX სახლი).
არის ერთი სფერო,რომელსაც ორივე მზის ნიშანი თავისთვის გამორიცხავს_ნარკოტიკები. კუროებს უბრალოდ არ ესმით რა საჭიროა რაღაც საეჭვო შეგრძნებები ეძიო,როდესაც შეგიძლია საათობით თვალდახუჭულმა ყნოსო ყვავილები,ექსტაზში ჩავარდნილმა წარმოიდგინო მათი ფორმა და ფერი და დატკბე ბუნებრივი არომატებით იქამდე,სანამ გაბრაზებული ფუტკარი ცხვირზე არ გიკბენს. ტიპური თხის რქები არც კი გაიფიქრებენ ისეთ სიამოვნებაზე,რაც კანონგარეშედ არის გამოცხადებული. თხის რქა არ არის ის ადამიანი,რომელიც წუთიერი სიამოვნებისთვის საკუთარ წარმატებას საფრთხის ქვეშ დააყენებს ან სკანდალურ ისტორიებში გაეხვევა. თხის რქებს სურთ,რომ მათი მეგობრები,ნათესავები,მეზობლები და მთლიანი საზოგადოება პატივს სცემდნენ. როდესაც სოციოლოგები სერიოზულად დაკავდებიან ასტროლოგიის შესწავლით,ისინი კუროებისა და თხის რქების საოცრად მცირე პროცენტს აღმოაჩენენ ალკოჰოლ და წამალდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრებში. ბუნებრივია,არსებობენ გამონაკლისები,მაგრამ უკიდურესად მცირე შემთხვევაში.
ძვირფასეულობა მათი კიდევ ერთი საერთო გატაცებაა. კუროები და თხის რქები,ლომებთან ერთად,გამოირჩევიან ძვირფასი ქვებისა და მეტალების სიყვარულით. ლომებს მათი ტარება უყვართ და რაც მეტი იქნება,მით უკეთესი. კუროები ოქროსა და ბრილიანტების მომპოვებლები არიან. თხის რქები კი თვითნაბად ბუნებრივ რესურსებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევენ. თუმცა კუროებისა და თხის რქების საბოლოო მიზანი,იმ ლომების მოძებნაა,რომელთაც თავიანთ ნაწარმს მიჰყიდიან და ფულს გამოიმუშავებენ. ორივე ნიშნისთვის ფული საიმედოობისა და უსაფრთხოების სინონიმია. სხვათა შორის,ჩემი ერთი კარგი ნაცნობი იუველირი თხის რქა,გარდა იმისა,რომ სამუშაო მასალებს თავისი ოქროსმაძიებელი მეგობარი კუროსგან იღებს,ხშირად დაეხეტება ნაგავსაყრელებზე და სწორედ იქ პოულობს მატერიალებს,რომელთაც მოგვიანებით სამეფო ღირსების შესატყვის სამკაულებად აქცევს. სატურნი განსაკუთრებულ უნარს ანიჭებს ამ ნიშანს: აღმოაჩინოს ნამდვილი განძი კონსერვის ქილებსა და დამსხვრეულ შუშებს შორის. და ეს მხოლოდ სიმბოლური არ არის!
თხის რქა უკვე ორი-სამი წლის ასაკში ზრდასრულია. კურო სერიოზულ გადაწყვეტილებებს დაახლოებით ამავე პერიოდიდან იღებს. ამიტომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,რა ასაკსა და ვითარებებში შეხვდებიან ისინი ერთმანეთს. მათი მიზნები იდენტური იქნება. კუროც და თხის რქაც კარგად იკვლევენ გზას გარესამყაროს ოღრო-ჩოღრო ბილიკებში. მაგრამ შინაგანი სამყარო მათთვის უფრო მნიშნველოვანია. ორივე სავსეა სენტიმენტებით,თუმცა აღიარება არ უყვართ და თითოეული საჭიროებს ღრმა მიჯაჭვულობასა და სათანადო დაფასებას,რომელსაც ხმამაღლა არ ითხოვენ. ამიტომ ისინი გვერდიგვერდ დგანან,როგორც ადამიანურ თანადგომასა და სიახლოვეს მოშიებული ორი მთა,რომელთაც საკუთარი სიმპათიების გამოვლენის ერიდებათ და ჯიუტად ეწინააღმდეგებიან მეგობრობის მორცხვ შემოთავაზებას.
კურო მამაკაცი და თხის რქა ქალი
_ვერ ვიძინებ!_წამოიყვირა მან,იმედოვნა რა,რომ ბოლო სიტყვა მასზე იყო,_ არ დავწვები!.. არა!..
ამ დროს ოთახში თეთრ საღამოს კაბით შემოსილი მისის დარლინგი შემოვიდა.
იქნებ კურო და თხის რქა ძალიან ცოტა ხანს იყვნენ ბავშვები? იქნებ რაღაცეები უნდა გაიხსენონ? თავიდან დაიწყონ? ვაშლის ხეებზე აძვრნენ,ბაყაყებს ეთამაშონ,მინდორში ირბინონ…მერე ერთი,ორი,სამი და მწვანე შუქი აინთება! ორივე თავისუფალია!
კურო მამაკაცის პრაქტიკული ნატურა აუცილებლად მოიხიბლება თხის რქა ქალის პრაქტიკული არსით. კურო აღფრთოვანებულია მისი დამოუკიდებლობით,დაინტრიგებულია მისი ღირსეული თავდაჭერილობით და მოჯადოებული მისი გრაციოზული სილამაზით. კურო არ აფასებს იმას,რაც მარტივად და უშრომელად ეძლევა და მყისვე დაინტერესდება უკარება ქალბატონით. თხის რქის სიყვარული და ნდობა საკმაოდ რთული მოსაპოვებელია,მარტივად და სწრაფად მას ვერ დაატყვევებთ. ამიტომ,როგორც კუროს მიაჩნია,თხის რქა ის ჯილდოა,რომლისთვისაც ბრძოლა ნამდვილად ღირს.
მაგრამ რა ვუყოთ თხის რქის მგრძნობიარობის აშკარა დეფიციტს? მიუხედავად გარეგნული გულგრილობისა რომანტიული მიდრეკილებების მიმართ,კურო ყველაზე სენტიმენტალური ზოდიაქოს ნიშანია. მათი გულისცემა მყისვე ჩქარდება,როდესაც საყვარელი სიმღერა ესმით ან ნაცნობი სურნელის მოახლოებას გრძნობენ.
თხის რქა ქალი ნამდვილად არ არის ძველ მოგონებებზე გადამკვდარი რომანტიკოსი,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ მას ღრმა მიჯაჭვულობა და ერთგულება არ ახასიათებს. გულწრფელად რომ გითხრათ,თხის რქას ერთგულებაში ვერც ერთი სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალი ვერ შეედრება. მხოლოდ ერთი პირობით: თუ მან ჩათვალა,რომ იპოვა ადამიანი,რომელიც მისი სიყვარულის ღირსია. ის შეიძლება იყო ნაზი,მხიარული,რბილი და თანამგრძნობი. სხვა თუ არაფერი,თხის რქა ფემინური ნიშანია. მაგრამ იმავდროულად კარდინალური ჯვრისა და მიწის სტიქიის წარმომადგენელიც,რაც იმას გულისხმობს,რომ სულაც არ სურს მამაკაცმა მასზე იბატონოს. იშვიათად,მაგრამ გრძნობებმა შეიძლება დაჩრდილოს მისი კეთილგონიერება და შეცდომის დაშვებისკენ უბიძგოს,რასაც მოგვიანებით ინანებს. თუმცა თხის რქა დიდ დროს არ კარგავს სინანულზე,რადგან ეს უსარგებლო სენტიმენტალურ ემოციად მიჩნია. სამაგიეროდ,მას ყოველთვის უწევს პასუხი აგოს იმ სიტყვებსა და ქცევებზე,რომელიც საღ აზრს იყო მოკლებული. დიახ,ხდება სასწაული და თხის რქა ხანდახან ივიწყებს საღ აზრს,მაგრამ სატურნი_არასოდეს! ამიტომ თხის რქისთვის დანაშაულის გამოსყიდვა,წამლის მიღებასავით არის:ვერსად გაექცევი.
თხის რქა შეიძლება იყოს მსუბუქი და ქალური,მაგრამ საოცარი შინაგანი ამტანობით გამოირჩევა. მას თბილი და ნაზი გრძნობები აქვს საყვარელი ადამიანების მიმართ,რომელთაც ყოველთვის ბოლომდე ერთგულობს. მაგრამ როდესაც თხის რქა ზედმეტად ეყრდნობა გულს,გონება ამას არ პატიობს. ის არ მალავს უსიამოვნო ფაქტებს სენტიმენტალური იდეალიზმის ქვეშ. თხის რქა სრული პასუხისმგებლობით ასწორებს საკუთარ შეცდომებს და იშვიათად იყურება უკან.
კურო მამაკაცი აღფრთოვანებულია მისი საღი გონებითა და პრაქტიკულობით,ამაში ხომ ისე გვანან ერთმანეთს. მაგრამ ოჰ,ეს მგრძნობიარობის დეფიციტი…კუროს გამბედაობას ართმევს. თუმცა რადგან თხის რქის ბუნებრივი არსი ასე შეეფერება კუროს,ჯობია მოთმინებით აღიჭურვოს(კიდევ ერთი საერთო თვისება),სანამ თხის რქა თავის გულითად-გონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს: შეიყვაროს და ცოლად გაჰყვეს კუროს. შემდეგ ის ისეთი სენტიმენტალური გახდება,როგორსაც კურო ისურვებდა. დაე,მთელი სამყაროსთვის უგულო სნობად და ცივსისხლიან კარიერისტად დარჩეს,მაგრამ მისმა ქმარმა და შვილებმა იციან,როგორი სიყვარული შეუძლია თხის რქას.
ეჭვიანობა არ უნდა გახდეს პრობლემა ამ წყვილისთვის. ვერც კუროს და ვერც თხის რქას უმნიშვნელო ფიზიკური ღალატი ვერ დააზარალებს ისე მწარედ,როგორც ცეცხლისა და წყლის ნიშნებს. სამაგიეროდ მძიმე ჭრილობას მიიღებენ,თუ ვინმე მათ საკუთრებას ემუქრება. კურო სასტიკად განრისხდება და დიდხანს იგლოვებს მოპარულ მანქანას ან საფულეს. თხის რქა გოგონაც არანაკლებ გაბრაზდება თუ აღმოაჩინა,რომ ვიღაც გაიძვერა დედამისის საგვარეულო ხალიჩის ან მამამისის ანტიკვარული საათის თაღლითური გზით მითვისებას ცდილობს. ახლა მაინც ხვდებით რა მძიმეა ეს ყოველივე?..მაგრამ არც ერთი არ დაანგრევს ოჯახს ან თუნდაც მყარ კავშირს,შემთხვევითი ინტრიგების გამო.
კუროს და თხის რქას არც ისე დიდი სურვილი აქვთ არსებული მდგომარეობა შეცვალონ. მაგრამ თუ ეს მოხდა,დარწმუნებული იყავით სამ რამეში: ისინი არასდროს პატიობენ; არასდროს ივიწყებენ; არასდროს იხედებიან უკან და ნანგრევებზე ახლიდან შენებას არ იწყებენ. რაც დაიკარგა,დაკარგულია. ვინც წავიდა,წასულია. წაგებული არასდროს ტირის,თუ ეს კურო ან თხის რქაა. თუმცა წარუმატებლობა ღრმა ნაიარევს ტოვებს მათზე. შეიძლება თვეობით,წლობითაც კი,მძიმე მელანქოლიაში ჩაიძირონ,სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გადაწყვეტენ,რომ დაღვრილ რძეზე ტირილს აზრი არ აქვს და დროის ასე ფლანგვა უბრალოდ არაპრაქტიკულია.
რადგან ეს ურთიერთობა 5-9 ფორმულით მუშაობს,ნამდვილი გადატრიალება უნდა მოხდეს,რომ მათი ბედის ძაფი გაწყდეს,რომელიც კურომ და თხის რქამ,ყველაზე წრფელი და ნათელი ზრახვებით,სამკვდროდ გადაკვანძეს. სექსუალური თვალსაზრისითაც,ასეთი მყარი ურთიერთობა მხოლოდ მისასალმებელია. ამასთან,კურო მამაკაცისა და თხის რქა ქალის მიწიერი სასიყვარულო ურთიერთობა გაცილებით ჰარმონიულია,ვიდრე პირიქით,როდესაც ქალი კუროა და მამაკაცი თხის რქა. მშვიდი და მგრძნობიარე საყვარლის ეროტიულ უნარებს უპრობლემოდ შეუძლია თხის რქის ვნებების აზვირთება. ის კი სულაც არ არის ქალთა იმ კატეგორიიდან,რომელთაც ფიზიკურ ერთობამდე უსასრულო სასიყვარულო თამაშები და სენტიმენტალური ჩურჩული,შემდგომ კი მადლიერების სიტყვები ხიბლავთ. ჭეშმარიტი სიახლოვე ის არის,როდესაც საყვარელ ადამიანთან ჩუმად ხარ და თავს უხერხულად არ გრძნობ. მეტიც,თხის რქა ბედნიერია! სულაც არ არის გასაკვირი,რომ ამ ქალს გაცილებით მარტივად შეუძლია ჯიუტი ხარის ცდუნება,ვიდრე ენერგიულ ცეცხლოვან და კომუნიკაბელურ ჰაეროვან ქალბატონებს. თუმცა სენტიმენტალურმა კურომ შეიძლება დამატებითი რაუნდი მოითხოვოს,თავდადების სადემონსტრაციოდ,რასაც ჭკვიანი თხის რქა გაგებით მოეკიდება.
როდესაც ეს ბედნიერი და რომანტიული საყვარლები,მეუღლეები,მეგობრები და პარტნიორები ოქროს ქორწინების ზღუბლს მიუახლოვდებიან,მათი კავშირი სავსე იქნება სიყვარულითა და სითბოთი. ცხადია,ცალკეული თხის რქები შეეცდებიან გაჰყონ სიყვარული და სექსი,მწარე გამოცდილებისა და ახალგაზრდობაში მიღებული ძველი წყენების გამო და კუროც შეიძლება ასევე მოიქცეს,იგივე მიზეზებით,მხოლოდ გაუცნობიერებლად(ორივეს წარმოუდგენლად „კარგი“ და ხანგრძლივი მახსოვრობა აქვს),მაგრამ მათ შეუძლიათ ბევრი რამ ასწავლონ ერთმანეთს. კუროს სინაზე თხის რქას სიყმაწვილის ოცნებებთან დააბრუნებს და ის თანდათან დაივიწყებს წარსულის გულისტკენებს. მწარე მოგონებებს აწმყოსა და მომავლის,სიყვარულით სავსე,თბილი იმედებით შეცვლის.
ტიპური კურო თავისი ოჯახის ერთგულია,ამიტომ გაგებით ეკიდება საყვარელი თხის რქის მიჯაჭვულობას საკუთარი ოჯახის,განსაკუთრებით მშობლების მიმართ. ეს კი ცალკე და სერიოზული თემაა. თხის რქა მშობლებზე სამი წლის ასაკიდან ზრუნავს და ასევე გაგრძელდება,როდესაც თავად ას წელს,მისი მშობლები კი ასორმოცს გადააბიჯებენ. კურო დადებითად ეკიდება თხის რქის ურთიერთობას როგორ მის,ისე საკუთარ ოჯახთან… მაგრამ თუ კუროს დედა კირჩხიბის ნიშნის ქვეშ არ არის დაბადებული,ამ შემთხვევაში,ყველაფერი შეიძლება ტრაგიკულადაც კი დასრულდეს. ზოგადად,ყველა კირჩხიბი დედა შეპყრობილია თავისი ვაჟიშვილით. თავის მხრივ,თხის რქა ცოლიც არ ჩამოუვარდება თავის ოპოზიციურ ნიშანს მესაკუთრულ გრძნობებში,მხოლოდ საკუთარი ქმრის მიმართ(გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ ეჭვიანობა და მესაკუთრეობა სხვადასხვა გრძნობაა). სავარაუდოდ,კურო გულწრფელად გააფრთხილებს თხის რქას,რომ ჯობია დედამისს არ შეეხოს! მოკლედ,თუ თხის რქა ქალი და კურო მამაკაცი(განსაკუთრებით თუ ასცედენტი ან მთვარე კირჩხიბში ჰყავთ) იძულებულნი არიან სიყვარულსა და ოჯახს შორის არჩევანი გააკეთონ,მათი ურთიერთობა წამების კამერას ემსგავსება.
მათ კარგად ესმით ერთმანეთის და ბევრ საკითხში ეწყობიან. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთის აზრების კითხვასაც სწავლობენ:
კურო: გინდა წასვლა?
თხის რქა: ჰო,თუ დროულად მივალთ. უნდა…
კურო: არა,არ დარეკო. ჩვენით წავიდეთ. ის გახსოვს?..
თხის რქა: ჩვენი ქორწინების პირველი იუბილე,სახლში რომ დავრჩით?..
კურო: მაშინ თეთრი კაბა კაბა გეცვა და მე…
თხის რქა: ღვინო დაგეღვარა,მე კი…
კურო: გაგეცინა. სხვა ალბათ,ატირდებოდა ან გაბრაზდებოდა,მაშინ მე…
თხის რქა: თქვი,რომ ბედნიერი ხარ…
კურო: განა ეს არ იყო…
თხის რქა: სულელური და სენტიმენტალური? ჰო,მაგრამ არასოდეს დამავიწყდება. შეხედე საათს,უკვე დავაგვიანეთ. შენ…
კურო: ისევ მინდა წასვლა? არა,მოდი სახლში დავრჩეთ და…
თხის რქა: კარგი.
კურო ქალი და თხის რქა მამაკაცი
დროულად მიასწრებენ? თუ კი,რა სიამოვნება იქნება მათთვის და ყველანი შვებით ამოვისუნთქავთ,
მაგრამ მაშინ არც ზღაპარი იქნება. მეორეს მხრივ,რომც დააგვიანონ,
მე საზეიმოდ გამცნობთ,რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.
და ისინი მიასწრებდნენ,რომ არა პატარა მოთვალთვალე ვარსკვლავები...
არის ერთი გაკვეთილი,რომელიც სამივე მიწის ნიშნის მამაკაცებმაც და ქალებმაც უნდა გაითავისონ. გაკვეთილიც არა…უფრო კარმული გაფრთხილება.
შეგიმჩნევიათ,რომ ადამიანები რაღაცეებს ივიწყებენ და შემდეგ თავს იკატუნებენ,თითქოს ის,რაც დაივიწყეს,მათთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყო? კურო ქალი ასე არასოდეს იქცევა. მას არაფერი ავიწყდება და მისთვის ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი. ცხადია,მას ყოველთვის ემახსოვრება ის დღე და საათი,როდესაც თხის რქას შეხვდა. თუ ამასთან 5-9 ფორმულის დადებით გავლენას გავითვილისწინებთ,ეს შეხვედრა ჯეკ პოტის მოხსნას ჰგავს,მრავალრიცხოვან წაგებათა სერიის შემდეგ.
ბევრს მიაჩნია,რომ ბედის მოულოდნელი გარდატეხები მხოლოდ ცეცხლის,ჰაერისა და წყლის სტიქიის წარმომადგენლებს ემართებათ,რაც მცდარი აზრია. ასეთი რამ კუროებს და თხის რქებსაც(ქალწულებსაც)მოსდით და განცვიფრებულები არიან, როდესაც აცნობიერებენ,რომ მათი შეხვედრა გადაწყვეტილი და გარდაუვალი იყო. სინამდვილეში,ცნობიერების ამ დონეზე,არც ერთ ჩვენთაგანს არ აქვს ნების თავისუფლება,იმის გამოკლებით,რა რეაქციას ავირჩევთ ცხოვრებისგან შემოთავაზებულ სიტუაციებზე… მე ამას იმ კუროებისა და თხის რქების გასაგონად ვამბობ,რომელთაც ყოველთვის ხელს უშლით მიწიერი კეთილგონიერების კონტროლი სიყვარულზე და რომლებიც საკუთარ ოცნებებს ყურადღებას არ აქცევენ. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი რეალობა,თუ ყურადღებით მოუსმენენ ვარსკვლავების სიმფონიას.
ცხადია,აქაც იქნება ინდივიდუალური პრობლემები,მაგრამ მართლა ძალიან უნდა მოინდომონ,რომ 5-9 ფორმულის ურთიერთობას სერიოზული ბზარი გაუჩნდეს. მით უმეტეს,რომ როდესაც კურო და თხის რქა საერთო მიზნისკენ ისწრაფვიან,ისინი სრულ პასუხიმგებლობას იღებენ ერთმანეთზე. მათ აერთიანებთ თავდაჯერებულობა და საიმედოობა. მათი ურთიერთობა გამოირჩევა იშვიათი ერთგულებით,რწმენით,ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით.
მართალია,კუროებსა და თხის რქებს ხშირად პოეტური რომანებისთვის საჭირო წარმოსახვა აკლიათ,მაგრამ ორივე დაჯილდოებულია ადამიანური ურთიერთობისთვის უფრო მეტად საჭირო თვისებით_მოთმინებით. ეს კი ის ღირსებაა,რომელსაც შემთხვევითი რომანტიული გატაცების ღრმა და მყარ სიყვარულის გრძნობად გადაქცევა შეუძლია. როგორც პოეტებს და მეოცნებეებს მიაჩნიათ,სასიყვარულო რომანისთვის ასევე აუცილებელია სენტიმენტალურობაც. კურო ქალი,ერთი შეხედვით,არ მოგეჩვენებათ ნაზი გრძნობებით აღსავსე არსებად,მაგრამ ნუ ენდობით ზედაპირულ შთაბეჭდილებას. მისი გარეგნული სიმშვიდე და წონასწორობა იმას არ გულისხმობს,რომ ამ ქალს სენტიმენტალური გრძნობები არ აქვს. პრაქტიკული იერი კუროს სახლის,ოჯახის,შვილების,ქმრისა თუ ძველი სასიყვარულო წერილების მიმართ ძლიერ მიჯაჭვულობას მალავს. კურო შინაგანად ყოველთვის ჯიუტად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ცვლილებას,იმ შემთხვევაშიც,თუ მოგეჩვენათ,რომ თანახმაა. წვრილმანი ცვლილებებიც კი არ უყვარს. დაკვირვებული ადამიანისთვის მარტივი მისახვედრია,რომ კუროს სწორედ ეს თვისება მეტყველებს მის სენტიმენტალურობაზე. მას არ სურს განშორება წარსულთან,მოგონებებთან,უკვე ნაცნობსა და შეყვარებულ ნივთებსა თუ ადამიანებთან. დიახ,კურო ქალი ძალიან სენტიმენტალურია,მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ,რომ ის არასოდეს კარგავს საღად განსჯის უნარს. მან ზედმიწევნით ზუსტად იცის,რა უნდა და თავისი მეთოდებით მიიწევს მიზნისკენ_მტკიცედ და გაბედულად,თუმცა ჩუმად და აუჩქარებლად,ზედმეტი ხმაურის გარეშე. ის მზადაა არ გაასწროს მოვლენებს და მოთმინებით ელოდოს საჭირო მომენტს. ეს თვისება თხის რქას ძალიან ქალურად მიაჩნია. პასიური ქალური სექსუალობა,რომელიც მამაკაცურ საწყისს ემორჩილება,დიდ სიამოვნებას ჰგვრის და ემოციურად რთავს თხის რქას. კუროს ნაზი და ზანტი მანერების მიღმა,მან შეიძლება ვერც შეამჩნიოს რჩეულის ფხიზელი გონება და გამოცდილება,რადგან ეს საშუალებას აძლევს,თავი გამარჯვებულ დამპყრობლად იგრძნოს. აღაფერს ვამბობთ კუროს ღრმა და მუსიკალურ ხმაზე,მადისაღმძვრელად მომრგვალებულ ფორმებზე,მაცდურად რელიეფურ სხეულზე,რომელიც თითქოს ზუსტად იმისთვის შეიქმნა,რომ… ამას გარდა,თითქმის ყველა კურო ქალი ბრწყინვალე მზარეულია და არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს.
ასტროლოგთა ნაწილს მიაჩნია,რომ ეს ორი ნიშანი,განსაკუთრებით კურო ქალი და თხის რქა მამაკაცი,იმდენად გვანან ერთმანეთს,მათი გარჩევა შეუძლებელია. მაგრამ ბუნებრივია,მათ შორისაც არის განსხვავები. კურო ქალი იშვიათად ხარჯავს ენერგიას ხმაურიანი საზოგადოებრივი აღიარების ან თუნდაც პირადი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. თუ მან თვითონ გადაწყვიტა,რომ მართალია,არავის დასტური და გამართლება აღარ სჭირდება.
თხის რქას,პირიქით,დიდად აღელვებს საზოგადოებრივი აღიარება და მოწონება. გულის სიღრმეში ის საკუთარ ადგილს მხოლოდ მწვერვალზე განიხილავს,ხმაურიანი ბრბოსგან შორს,ზევით! რაც უფრო ჩუმია თხის რქა,მით უფრო ძლიერ სწადია პირველობა. უთხარით,რომ მას ვინმე არ ამართლებს ან ვინმეს არ მოსწონს და თხის რქა მშვიდად აიჩეჩავს მხრებს,როგორც მისი მეგობარი კურო. შეიძლება თავისთვის ჩაიბურტყუნოს კიდეც: “მე ეს არ მადარდებს“,მაგრამ ყველასგან ჩუმად ისე მოიქუფრება და გაბრაზდება,შეიძლება კბილიც ასტკივდეს. პატივისცემა და აღტაცება საქმიანი პარტნიორების,მეგობრების,ნათესავებისა თუ მეზობლების მხრიდან თხის რქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ცხადია,კუროსაც უყვარს,როდესაც პატივს სცემენ და აქებენ,მაგრამ თხის რქისგან განსხვავებით,მშვიდად ყლაპავს კრიტიკის მწარე აბებს. თხის რქა კი აუცილებლად შეეცდება გაამჯობესოს შთაბეჭდილება საკუთარ პერსონაზე. თან ისე მოიქცევა,რომ ეჭვები არ გამოიწვიოს. ბოლოს და ბოლოს,ხომ არავის შეუმჩნევია,რომ ეწყინა?! კურო ყოველთვის ხვდება,რამხელა ტკივილს აყენებენ მის რჩეულს სხვა ადამიანები,როდესაც სათანადოდ არ აფასებენ,მაგრამ ის ზედმეტად კეთილი და ტაქტიანია იმისთვის,რომ ეს ღიად აგრძნობინოს. კუროსა და თხის რქას შორის ბევრი რამ ხდება უსიტყვოდ,მდუმარედ,მაგრამ გამოუთქმელი გრძნობები არ კარგავენ სიღრმეს. მათ გულით მოსმენა შეუძლიათ.
სექსუალურ ურთიერთობაში კურო შეიძლება ოდნავ მედიდური იყოს. ნებისმიერი კურო ქალი ბუნებრივად ბევრად უკეთესად არის მომზადებული მიწიერი სიყვარულისთვის,ვიდრე საშუალო თხის რქა. კუროს მაღალგანვითარებული ხუთი ძირითადი გრძნობა მისი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბრად ვლინდება და საშუალებას აძლევს სიყვარული ძალიან დახვეწილი ფორმებით გამოხატოს. კურო საუკეთესოდ გადმოსცემს თავის გრძნობებს სენტიმენტალური ჟესტების მეშვეობით. შეიძლება ისეთი სიტუაციაც შეიქმნას,როდესაც კუროს თანდაყოლილი ეროტიულობა თხის რქას თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს.
გრძნობების ზედმეტად პირდაპირი გამოხატვა თხის რქა მამაკაცს ძალიან სულსწრაფსა და თავშეუკავებელს ხდის სექსუალურ ქცევებში. ხანდახან მის ვნებებს დელიკატურობა აკლია და მართალია,თხის რქა სინაზის დეფიციტს არ განიცდის,მაგრამ კუროს ხშირად ეჩვენება,რომ ეს ასეა. თუ კუროს შეუპოვრობა,მოთმინება და სირბილე ეყოფა,ის შეძლებს მის მიწიერი ნატურაში ღრმად ჩაფლული რომანტიზმი ამოთხაროს. თხის რქას ყოველთვის უჭირს საკუთარი რომანტიული თუ სექსუალური სურვილების გამოხატვა და კურო ის ქალია,ვისაც ნამდვილად გამოუვა მას ემოციების გამონთავისუფლებაში დაეხმაროს,რაც თავად თხის რქისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა.
თხის რქების მმართველი სატურნი,ყოველთვის დადებითად არ მოქმედებს მათზე,როდესაც წინასწარ ნეგატიურად განაწყობს თავის შვილებს,რომ სიყვარულს მხოლოდ უბედურება მოაქვს. ხშირად ეს გამოწვეულია ახალგაზრდობაში გადატანილი რომანტიული იმედგაცრუებებით. რადგან თხის რქის ფიზიკური სურვილები სხვა ნიშნის მამაკაცებზე არანაკლებ ძლიერია,მეტად თუ არა,ამან შეიძლება გამოიწვიოს სექსისა და სიყვარულის მკვეთრად გამიჯვნა_ფაქტობრივად ეს არის მცდელობა,მიიღოს ხორციელი სიამოვნება პირველისგან და თავი აარიდოს გარდაუვალ ტანჯვას მეორესგან. ვენერა დაეხმარება კუროს ასწავლოს თავის მორცხვ და მოსიყვარულე თხის რქას ის მარადიული ჭეშმარიტება,რომ ეს ორი ადამიანური მოთხოვნა ჰარმონიულად შეთავსებადია.
დროდადრო ვლინდება,რომ თხის რქა მამაკაცი მთლიანად მიწიერი ნივთიერებებისგან არის შექმნილი: ეგოიზმის,პრაქტიკულობისა და პატივმოყვარეობისგან. ხანდახან ირკვევა,რომ კურო ქალი მხოლოდ საღი აზრის,სიჯიუტის,პატივმოყვარეობისა და ძველი ჩვევების ნაზავია. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება,რომ ეს სულაც არ არის ასე. რატომ უნდა გაუხსნან ყველას გული? ამ ქალმა და ამ მამაკაცმა კარგად იციან საკუთარი თავის ფასი. თუმცა როდესაც კურო გაბედავს ნაზად შეეხოს ხელზე და ღრმად ჩახედოს თვალებში,თხის რქა მზადაა,დაუფიქრებლად მისცეს გული; ზუსტად ისევე,როგორც კურო მოიქცევა,როდესაც აღმოაჩენს,რომ თხის რქამ მისი მთავარი საიდუმლო ამოიცნო_რომ ისიც რომანტიული მეოცნებეა.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.
სტატიის ავტორი Qet Adastra