კურო და კირჩხიბი

კურო და კირჩხიბი

გეტყვით სადაც არიან…

ისინი უკვე მიწისქვეშა სახლში გაიხიზნნენ,

სადაც ასე მყუდროდ გრძნობენ თავს.

კირჩხიბებს უყვართ თავიანთი დედები, სახლი, ფული, შვილები და საჭმელი. კუროებს უყვართ ფული, თავიანთი სახლი, დედები, საჭმელი და შვილები. შეამჩნიეთ რამხელა მსგავსებაა? განსხვავება მხოლოდ თანმიმდევრობაშია.

ორივეს სურს ადამიანთა კეთილდამოკიდებულება. ეს მათთვის ცხოვრებისეულ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს, თუმცა თქვენ შეიძლება  ვერც ამოიკითხოთ მათ ქცევებში მსგავსი მოთხოვნა. ყველაზე სასიამოვნო რამ, რისი გაკეთებაც კირჩხიბს კუროსთვის შეუძლია, არის დახვეწილი ვახშამი (რისგანაც ორივე უდიდეს სიამოვნებას მიიღებს). შემდეგ ისინი დასხდებიან და ისაუბრებენ, როგორ იშოვონ უფრო მეტი ფული (რისგანაც არანაკლებ სიამოვნებას მიიღებენ). ყველაზე სასიამოვნო რამ, რისი გაკეთებაც კუროს კირჩხიბისთვის შეუძლია, არის სპეციალური კალენდრის შეძენა, რომ თვალყური ადევნოს მთვარის ფაზებს და ადეკვატური რეაქციები ჰქონდეს კირჩხიბთა ცნობილ ცვალებად განწყობაზე.

მთვარის გავლენას კირჩხიბები მუდამ მძაფრად გრძნობენ. პრაქტიკულ კუროებს ზედოზირებული საღი აზრი აქვთ იმისთვის, რომ მთვარეს საკუთარ ფსიქიკაზე ზემოქმედების საშუალება მისცენ. სწორედ ამიტომ თანაუგრძნობენ კირჩხიბებს, რაც ამ უკანასკნელთ ძალიან მოსწონთ. განა ის, რომ ისინი ცნობიერად ეძებენ სიბრალულს, უბრალოდ კირჩხიბებს სურთ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახლობელ ადამიანებს ესმით მათი პრობლემები. ამის ნაცვალად კი, როგორც ,ალბათ, თქვენც გსმენიათ, მათ ხშირად ადანაშაულებენ ცხოვრებისეული ტრაგედიების გადამლაშებაში.

ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება გადაამლაშო ტრაგედია? ტრაგედია ტრაგედიაა. კირჩხიბები კი თავიანთ ტრაგედიებს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. მათ შავი მელანქოლიის ისეთი მწარე შემოტევები აქვთ, ედგარ ალან პოს ყვავი ბუხარში თავისით შეფრინდებოდა. ამის შემდეგ ისინი ენამახვილობენ. განა მოწყენილი კომიკოსი უკეთ არ აცინებს ხალხს? მთვარის შვილები ხან ჩუმები და მორცხვები არიან, ხანაც იმდენს ყაყანებენ, აუტანლები ხდებიან. მე ვიტყოდი, რომ ისინი მარტივად ექცევიან ცვალებადი განწყობის გავლენის ქვეშ, რისი გაგებაც კუროებს ხშირად ძალიან უჭირთ. ტირილი და ცხოვრებაზე წუწუნი დროის ფუჭად ფლანგვაა და საღ აზრს მოკლებულია. კუროები იშვიათად არიან ცუდ ხასიათზე, იშვიათად ტირიან და წუწუნებენ (თუმცა ხანდახან ზმუიან), მაგრამ თუ ისინი მოიღუშნენ და დასევდიანდნენ, მერე უკვე აღარ ხუმრობენ. მეორეს მხრივ, კირჩხიბთა განწყობა ჩვეულებრივ რამდენიმე საათი, მაქსიმუმ რამდენიმე დღე გრძელდება და მასში ემოციათა იმხელა დიაპაზონია, მარტივად ვარირებენ რბილი იუმორიდან ექსცენტრულ კრიტიკამდე თუ ცოცხალი საუბრიდან უჩვეულო სიმორცხვემდე. ცრემლებს სწრაფად ცვლის სიცილი და შემდეგ თავს გესხმიან: „რას გულისხმობ, როდესაც ამბობ,რომ ცვალებადი ვარ? შენთან აწყობა შეუძლებელია!“

კირჩხიბებმა ბევრი იციან, რადგან ბევრს გრძნობენ (მათ შორის ადამიანთა სულებსაც), ჩვეულებრივ, ემპათიურები არიან. თუმცა მათი თანაგრძნობა დიდხანს არ გრძელდება, განსაკუთრებით როდესაც თვითონ ეძებენ გაგებას ან სხვისდამი თანაგრძნობა ფულადი სახით უნდა გამოიხატოს. ისინი ცხრაჯერ დაფიქრდებიან, სანამ ფულს გამოეთხოვებიან და მერეც აყოვნებენ, რომ კარგად დარწმუნდნენ საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობაში.

კუროცa და კირჩხიბიც ძალიან ხელგაშლილები არიან ბავშვებისა და მოხუცების მიმართ. ხოლო როდესაც საქმე მათ საუკეთესო მეგობარებს და ოჯახის წევრებს ეხება, ისინი ივიწყებენ ფინანსურ სიფრთხილეს. უჩვეულო  ხელგაშლილობა ვრცელდება მათზეც, ვინც მათ მართლა უყვარდებათ.

მიზეზი, რის გამოც ამ ორს ფულთან გამოთხოვება სასტიკად არ უყვარს, სულაც არ გახლავთ სიძუნწე, როგორც ბევრს ჰგონია. ისინი მომავალზე ფიქრობენ. ყოველთვის არსებობს „შავი დღის“ დადგომის საშიშროება, რისთვისაც შენახული უნდა გქონდეს ფული, განა ასე არ არის? აი,კუროები და კირჩხიბები, რომლებიც ახლა ამ თავს  კითხულობენ, ჩუმად მიქნევენ თავს და თავისთვის ბურტყუნებენ: „აბა რა?! აბა რა?!“ დიახ, ყოველთვის არსებობს შავი დღე, რომლისთვისაც გადანახული უნდა გქონდეთ ფული და თუ თქვენ ძალიან მოინდომებთ, ის აუცილებლად დადგება, ხანდახან დათქმულ დროსაც კი.  ძველი სიბრძნე გვამცნობს: „ფრთხილად ჩაიფიქრეთ სურვილები, ისინი ხდებიან“ და ეს ეჭვგარეშეა. თუ თქვენ მთლიანად კონცენტრირებული ხართ შავი დღისთვის დაგროვებაზე, ადრე თუ გვიან, უკუნეთ სიბნელეში აღმოჩნდებით.  უკეთესი არ იქნება, ამის ნაცვლად, სიყვარულზე, ბედნიერებასა და სიმშვიდეზე იფიქროთ?

იუმორი ყოველთვის საუკეთესოდ ეწინააღმდეგება ტრაგედიას. ამიტომ, კუროები და კირჩხიბები გამორჩეულად აფასებენ მხიარულებას. განსაკუთრებით თუ დაწყვილდნენ, იქნება ეს საქმეში, სიყვარულში, მეგობრობასა თუ ოჯახში. მართალია, კურომ ხანდახან შეიძლება თავისი სიჯიუტე გაიხსენოს, მაგრამ კირჩხიბს ეყოფა მოთმინება. აქ მათ საკმარისი პირადი გამოცდილება აქვთ, ხომ იცით?!

ორივე ნიშანს ძალიან უყარს ჭამა და, როგორც წესი, ორივე კარგად ამზადებს. თუ ისინი ერთად დიდ დროს ატარებენ, არც ისე იშვიათად წარმოიქმნება დიეტის დაცვის პრობლემა. თუ თქვენ კურო-კირჩხიბის წყვილს იცნობთ, იშვიათი კულინარული წიგნი მათთვის საუკეთესო საჩუქარია. რაც შეეხება ალკოჰოლს, ამით უფრო კირჩხიბს გაახარებთ, ვიდრე კუროს. წყლის ნიშანი და სასმელებში ვერ ერკვეოდეს?! მაგრამ თუ კირჩხიბი ხშირად აცდუნებს კუროს ალკოჰოლით, ეს შეიძლება ტრაგიკული შედეგებით დასრულდეს. კურო ვერ იტანს არაზომიერებას ნებისმიერი სახით და იშვიათად აძლევს თავს გადაჭარბების უფლებას, მაგრამ თუ აიშვა, ამას ისევე საფუძვლიანად გააკეთებს ,როგორც ყველაფერ დანარჩენს. თუმცა უმეტესად კურო რძიან სასმელებს უფრო ეტანება. აქვთ მათ რაღაც მუდმივი ნოსტალგია წარსულ, ბედნიერ დროზე…

როგორც წესი, კურო და კირჩხიბი საკმაოდ კარგად უგებენ ერთმანეთს. თუ ურთიერთობას არკვევენ, ესეც განსაკუთრებული ხმაურის გარეშე ხდება და იშვიათად მიდის სერიოზულ კონფლიქტამდე. ორივე ნორმალურად რეაგირებს წყენაზე და ორივე ცდილობს გაანალიზოს მომხდარი. ბუნებრივია, სრული სიმშვიდე ვერ ექნებათ. დროდადრო ჩუმი ხმები მაინც გამოდის: როდესაც კურო კუთხეშია მიყუჟული და თავისთვის უკმაყოფილოდ ბურტყუნებს, კირჩხიბი კი აბაზანაშია ჩაკეტილი და ქაღალდის ხელსახოცებში ცხვირჩარგული ზლუქუნებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი  ბევრად უფრო მშვიდობიანად სრულდება, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნებში. მართალია, ვხვდებით სისხლისგამყინავ ისტორიებსაც, როდესაც კურო წარმოიდგენს, რომ ჭურჭლის მაღაზიაშია და კირჩხიბი წითელ ნაჭერს უფრიალებს, მაგრამ, საბედნიეროდ, უკიდურესად იშვიათად.

კუროსა და კირჩხიბის შეხვედრა ხშირად ფატალურია ,კარმის ფარული გავლენით. ეს ჩვეულებრივ ინტერესზე მეტია. ეს ის არის, რაც მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ.

კურო და კირჩხიბი ბრწყინვალე წყვილია ნებისმიერი საქმისთვის, იქნება ეს მაკლერობა თუ ბანკი, ფერმერობა თუ მებაღეობა, პოლიტიკა თუ უძრავი ქონება. კურო შეძლებს მყარი ფუნდამენტის ჩაყრას და ყველაფრის ორგანიზებას. კირჩხიბი კი ყოველთვის ზუსტად გრძნობს, როდის რა უნდა აკეთოს. საერთო ძალისხმევით მაქსიმალური ეფექტიც არ აყოვნებს. მართალია, კირჩხიბებს არც ისე აინტერესებთ წარმატების გარეგანი გამოხატულება, მაგრამ მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს გაზეთების პირველ გვერდებსა თუ ტელევიზორის ეკრანებზე მოხვედრა.

დროთა განმავლობაში კირჩხიბი ემსგავსება კუროს და არა პირიქით. წყალი თვინიერი და მოქნილია და სწორედ ამაშია მისი სიბრძნე. ის იმ ჭურჭელს იმეორებს, რომელშიც ასხამენ და როდესაც ეს ჭურჭელი კუროა, ის იღებს ფორმას, რომელიც სწორიც არის და თვალსაც ახარებს. კუროს ფორმის შეგრძნება და კირჩხიბის ფერის აღქმა ხომ განუმეორებელია.

 

 კურო მამაკაცი და კირჩხიბი ქალი

Isabelle adjani & Daniel Day Lewis

„მას სურს ფანჯარა გავაღო,

_ გაიფიქრა პიტერმა. _

მაგრამ არ გავაღებ.ოღონდ მე არა!“

 

წარმოიდგინეთ, რომ უშველებელი კლდე ხართ. არაფერი გაღელვებთ, ვერაფერი გაშინებთ. თქვენ იმდენად მტკიცე და შეუვალი ხართ, ვერც ერთი გრიგალი ვერ მოგერიათ, თუმცა სხვა კლდეები ქარმა უმწეო ღორღებად აქცია.  ერთ მშვენიერ ცივ დღეს უწყინარი წვეთი გაიბრწყინებს თქვენზე და ნელა ჩაცურდება დაბადებიდან თანდაყოლილ ღრმა ბზარში, რომელსაც აქამდე გვერდს უვლიდა წვიმა და ქარი. რას იზამთ? სავარაუდოდ,არც არაფერს. განა თქვენ უნდა შეგაშინოთ  წყლის პატარა წვეთმა?! მაგრამ მეორე დღეს უფრო აცივდება და თქვენს სიღრმეში ჩაბუდებული წვეთი გაიყინება. ეს ტკივილს მოგანიჭებთ. ახლა რა დამოკიდებულება გაქვთ წყლის წვეთის მიმართ, რომელიც თქვენს შიგნით იზრდება და შუაზე გახეთქვით გემუქრებათ?

ახლა წარმოიდგინეთ მიწიერი, მოწყვლადი კურო მამაკაცი, რომელსაც მთვარის ასული შეუყვარდა. ამან შეიძლება სულის სიღრმემდე შეძრას. მაგრამ უკვე ძალიან გვიანია: მან იქ შეპარვა მოახერხა, სადაც ჯერ არავის შეუღწევია _ მის გულში. შეიძლება კუროს გული არც გაუსკდეს, მაგრამ ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო, სანამ გოგონამ დაუძახა და ისიც სავსე მთვარით განათებულ ზღვის სანაპიროზე თავქუდმოგლეჯილი გაეკიდა მის ზიგზაგისებრ ნაკვალევს, სიცილით, ყვირლით და…გრძნობით. კურომ ყველაფერი იცის სიახლოვეზე, მაგრამ „გრძნობა“  ცოტა სხვა სიტყვაა და კირჩხიბი ასწავლის მას ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობასა და სინონიმს.

ზოგიერთი კირჩიხიბი ქალისგან თქვენ ხშირად მოისმენთ, რომ თავისი ნიშნის არა ტიპური წარმომადგენლები არიან: „მე არ მიყვარს საჭმელების კეთება, არ მსურს ბავშვები  და ვერ ვიტან სახლში ჯდომას“. ნუ მისცემთ თქვენი მოტყუების საშუალებას, როგორც თავს იტყუებს. მისი უკიდურესობის მიზეზი ის არის, რომ მას ჯერ არ უპოვია ის მამაკაცი, რომელზეც საიდუმლოდ ოცნებობს; ვინც ყოველთვის დაიცავს და  მზრუნველობის  თბილ საბანში გაახვევს. ცხადია, მას ძალიან უყვარს საჭმლის კეთებაც, ბავშვებიცა და სახლიც, მაგრამ ის სულაც არ აპირებს გაზქურასთან დგომას და აკვნის რწევას ვიღაც აბსტრაქტული მამაკაცის გამო. სანამ „ის ერთადერთი“ მისი შუაღამისეული სიზმრებიდან არ მატერიალიზდება, კირჩხიბი გულმოდგინედ მალავს თავის დედობრივ გრძნობებსა და ქალურ სენტიმენტებს, ფინანსური დამოუკიდებლობისა თუ კარიერული  მისწრაფებების მიღმა. მაგრამ თუ მის შინაგან ხმას გულისყურით მოუსმენთ, თქვენ აუცილებლად გაიგონებთ ჩუმ ვედრებას: „მე თავს მარტოსულად და სევდიანად ვგრძნობ. ნეტავ, ოცნებები როდესმე თუ ხდება?“

ოცნებები ხდება… მხოლოდ მაშინ, თუ მათი გწამთ. უბრალოდ ეს იმდენად მატყუარა ფორმულაა, ბევრი ადამიანი ვერც კი ხვდება, როგორ მუშაობს. ერთხელ გალილეიმ თქვა:  „რასაც არ უნდა ნატრობდეთ, ისე ილოცეთ, თითქოს ეს უკვე გაქვთ  და თქვენ მას აუცილებლად მიიღებთ“. ეს მართლაც ასეა. თუ ნამდვილად გსურთ რამე, ეს უკვე ნატვრა აღარ არის, ხოლო როდის იქცევა თქვენი ოცნება რეალობად, მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ძალაზეა დამოკიდებული. ამ დროს კირჩხიბი გოგონა ისე კი არ ლოცულობს, რომ თითქოს უკვე აქვს, რაც უნდა, არამედ ისე, თითქოს ბედისწერას აზრადაც არ მოუვა სასურველი მისცეს. ამიტომ, კირჩხიბებმა უნდა შეიგნონ, რომ საქმე ბედში კი არა, საკუთარ მერყეობაშია. მუდმივობა ის არის, რაც ასე აკლია მთვარის ასულს.

კურო მამაკაცს ნელა უყვარდება, რომ დიდხანს უყვარდეს. იქამდე არ დანებდება, სანამ „ის ნამდვილი ქალი“ არ გამოჩნდება. ის ბევრ დროს დახარჯავს გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ მისი კაპიტულაცია მყისიერი იქნება, ერთგულება _ სამუდამო. თუ, რა თქმა უნდა, კირჩხიბმა ყველაფერი არ გააფუჭა…

კუროთა უმეტესობასთან პირველი სიყვარული დაახლოებით ოცი წლის ასაკში მოდის, ხანდახან უფრო გვიანაც, მაშინ, როდესაც მათ მეგობრებს უკვე დიდი ხნის აღმოჩენილი აქვთ სასიყვარულო ინტრიგები, ზოგიერთს_ საქორწინოც კი. მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ, რომ კუროებს კომპენსირების გამორჩეული უნარი აქვთ, მათი გრძნობების სიღრმე და ძალა კი ნამდვილად ღირს ლოდინად. იგივე ითქმის კირჩხიბ ქალზეც: ისიც ნელა ებღაუჭება სასურველს და ასევე ნელა უშვებს (თუ საერთოდ გაუშვა) ,იქნება ეს ძველი შალი, გატეხილი ქოლგა, გაბზარული სარკე, ვარდისფერი ლენტი მისი ბავშვობის დროინდელი ქუდიდან, შარშანდელი კვიტანცია თუ ყოფილი მიჯნური.

კურო ეჭვიანად ეკიდება სიყვარულს, ეჭვიანად ანუ საფუძვლიანად, გონივრულად და პრაქტიკულად და არა ეჭვით, როგორც შეიძლება გეფიქრათ. ის ხან საშინლად კაპრიზულია, ხანაც უზომოდ აღტაცებული, მაგრამ არავის არაფერს უშავებს. მთვარეულმა გოგონამ შეიძლება თავს უსაფუძვლო ეჭვიანობის უფლება მისცეს, რომელიც სულ მალე დეპრესიასა და უნდობლობაში გადაეზრდება, რასაც აუცილებლად მოჰყვება კუროს გაშმაგება. მართალია, კურო სულაც არ არის წინააღმდეგი, მისმა რჩეულმა ცოტა იეჭვიანოს. სიამოვნებასაც იღებს ამისგან. მაგრამ უნდობლობა უკვე ზედმეტია! კირჩხიბს ბობოქარი წარმოსახვა აქვს და მისი ირაციონალური შიშები, რომელიც უფრო ფანტაზიებს ეფუძნება, ვიდრე ფაქტებს, ხშირად ხდება  ცრემლებისა და მსუბუქი ისტერიკების  შემოტევების მიზეზი. თქვენ ეს გაშინებთ? სინამდვილეში ყველაფერი არც ისე უიმედოდ არის. მხოლოდ რამდენიმე ზოდიაქალურ წყვილს თუ აქვს წარმატების იმხელა შანსი, როგორც კუროსა და კირჩხიბს.

კურო, ჰარმონიული ვენერას გავლენით, უფრო მშვიდად აღიქვამს მათ ურთიერთობას. კირჩხიბი ქალი კი მთვარის შვილია. როგორც მთვარე ირეკლავს სინათლეს, კირჩიხიბიც ასევე ინსტინქტურად ირეკლავს გარემომცველ განწყობას. მის გარემოცვაში ნებისმიერი დეტალის ცვლილება მყისიერად აისახება მის აზრებსა და შეგრძნებებზე.  მთელი ეს ანარეკლები ხანდახან მისი დაბნეულების მიზეზიც ხდება. თუმცა კირჩხიბს საკუთარი თავის გაგება უჭირს, თორემ სხვების გრძნობებსა და აზრებზე შეუმცდარი ინტუიცია აქვს. მას ბევრი ადამიანი უხსნის გულს და ანდობს საიდუმლოებებს. სამაგიეროდ, საკუთარი გულისნადებს ვერაფრით დასტყუებთ. ერთხელაც გაბრაზებული ხარი უსაყვედურებს: „არ მესმის შენი. შენ ამბობ, რომ გიყვარვარ, მაგრამ მთელ დროს ქაოსში ატარებს: ბავშვები, საყიდლები, საქველმოქმედო გზავნილები… ხან ბანკში მიგეჩქარება, ხან მშობლებელთა კომიტეტის სხდომაზე… ხან საერთოდ მარტო ზიხარ და მთვარეს უყურებ… შენ მე არ გჭირდები. მე უბრალოდ ვარსებობ შენს გვერდით“. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს კირჩხიბი, რომ კურო ნაწყენია: ის ვერ იღებს საჭირო ყურადღებას, იმ ალერსსა და კოცნებს, რომელსაც მისგან ელოდება, ანუ იმ ყველაფერს, რაც აგრძნობინებდა, რომ ის მართლა უყვართ. თუმცა სწორედ იმის გამო, რომ კუროს კირჩხიბის  ემოციურობა აკლია, ის ვერაფრით ხვდება, რამდენად აუცილებელია მისი კიბორჩხალასთვის ყველა ის საქმიანობა და ოცნებათა სამყაროში ხეტიალი, რომელზეც საყვედურობს. მან უკან უნდა დააბრუნოს ყველა ის ანარეკლი, რასაც ცხოვრებისგან იღებს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სრულიად თვალსაჩინოა, ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ _ მან, ვისაც უკეთესად ესმის მეორე ნახევრის. და ეს, რა თქმა უნდა, კირჩხიბია. თუმცა ზედმეტად პირდაპირ კუროს მისი მცდელობები შეიძლება არაგულწრფელად  და  გაურკვევლადაც მოეჩვენოს. კირჩხიბი უბრალოდ უნდა მიუახლოვდეს და უთხრას: „მე შენ მჭირდები და უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია… მიზეზი კი, რაც მაშფოთებს ის არის, რომ…“ და ა.შ. და ა.მ. შემდეგ თავისი ნათქვამი მიწიერი სიყვარულით უნდა დაუმტკიცოს. ეს ერთადერთი ენაა, რომელიც კუროს ყოველთვის ესმის _ უბრალო, ბუნებრივი, მართალი,მიწიერი და მგრძნობიარე. მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, კუროს საშინლად არ უყვარს როდესაც ტყუილად „აღიზიანებენ“.

როგოროც წესი, ეს ორი ნიშანი სექსუალურად მშვენივრად ეთავსება ერთამენთს, იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც მათი პირადი ჰოროსკოპები კატეგორიულად შეუთავსებელია. მართალია, კირჩხიბს სურს, რომ კურო უფრო „ტაქტიანი“ იყოს რომანტიულ ხუმრობებში და უფრო დელიკატური ვნებების გამოხატვაში. მაგრამ მთლიანობაში, ტაქტსა და დელიკატურობასთან დაკავშირებით, კუროს ყველაფერი წესრიგში აქვს. თავისი კირჩხიბის ჯავშნიდან გამოტყუებასაც მშვენივრად ახერხებს ისეთი დაპირებებით, რომელიც სხვა ქალებს მხოლოდ რომანებში წაუკითხავთ. კურო მყარ რწმენას მისცემს კირჩხიბს, რომ ის დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი და სასურველი ქალია და მასზე ძალაუფლებასაც კი ფლობს (გულის სიღრმეში კარდინალური კირჩხიბი სწორედ ამას ელის და ამისკენ მიისწრაფვის). კურო საკმარისს სიყვარულს გამოიჩენს, რომ კირჩხიბის ყველა შიში განდევნოს; ისინიც კი, რომელთაც ბავშვობიდან ზურგით მოათრევს. კუროს სურს და სჭირდება ეს ქალი! და მას შეუძლია ამის დამტკიცება, თუ კირჩხიბი საშუალებას მისცემს…

რთულია შეეწინააღმდეგო ნამდვილ სიყვარულს, განსაკუთრებით ისეთი გულწრფელობით შემოთავაზებულს, როგორიც მხოლოდ კუროს შეუძლია. საპასუხოდ, კირჩიხიბი გააღმერთებს მას (განსაკუთრებით სავსე მთვარეზე). თუ, რა თქმა უნდა, კურო ოჯახთან არ დააპირისპირებს ან თავს უფლებას არ მისცემს, დედამისის მისამართით უკმეხი ფრაზები წამოისროლოს. აი, მაშინ მართლა შეიძლება დაკარგოს. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, ის დაბრუნდება თავის ხართან, როდესაც მთვარე ფაზას შეიცვლის. თუმცა შეიძლება შერიგება არც შედგეს, თუ კირჩხიბმა საკუთარი ინიციატივით არ აპატია და მობოდიშებას დაუწყო ლოდინი, რასაც თავისნათქვამა კურო არ გააკეთებს.

კირჩხიბი ისეთი მგრძნობიარეა… თუ ცვალებადი?

კურო კი ისეთი შუპოვარია… თუ ჯიუტი?

რომელია სწორი? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მხრიდან შევხედავთ საკითხს. სანამ კუროს თვალები დაჩრდილულია, ის ვერ ხედავს რეალობას სრულად. სანამ კირჩხიბი თავის მთვარეულ სარკეში იყურება, სიმართლე ხანდახან მახინჯდება, მისი ემოციები მოულოდნელად იცვლება. ამ ორის ურთიერთობა ბურუსით არის მოცული, მაგრამ ამ ბურუსშიც კი მათ ყოველთვის შეუძლიათ გაიგნონ ერთმანეთთან მისასვლელი გზა, თუ ძველ სიბრძნეს გაიაზრებენ ჭეშმარიტებაზე: „ეძიებდე და ჰპოვებდე“.

და რა არის ჭეშმარიტება? სიყვარული. თავგანწირული და ყოვლისმიმტევებელი სიყვარული. ნამდვილი სიყვარული!

 

 

 

კურო ქალი და კირჩხიბი მამაკაცი

Megan Fox & Brian Austin Green

მას რაღაც დაესიზმრა და ძილში წამოიყვირა.

ვენდი გამოვიდა,გვერდზე მიუჯდა და

თავზე ხელი გადაუსვა.

 

გულის სიღრმეში ყველა კირჩხიბი მამაკაცი ოცნებობს, რომ ქალმა ელოლიავოს. კურო ქალს უყვარს თავისი მამაკაცის განებივრება. შეაერთეთ ეს ორი ასტროლოგიური მახასიათებელი. რას ელით, სიყვარულს ერთი ნახვით? მოლოდინი უნდა გაგიცრუოთ…

კირჩხიბი იშვიათად ყვინთავს თავით სადმე, სიყვარულის მორევშიც კი. ეს არათუ მის ხასიათში არ ზის, მას უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია წინ და პირდაპირ მოძრაობა. ჯერ მარჯვნივ უნდა გადაუხვიოს, შემდეგ მარცხნივ და ბოლოს უკუსვლის რეჟიმზე გადადის იქამდე, სანამ მიზანი, რომლისკენაც მოძრაობს, მხედველობის არედან გაქრება. სწორედ ამ დროს აკეთებს მოულოდნელ გამოხტომას წინ და სამკვდროდ ებღაუჭება სასურველს. იქამდე არ გაუშვებს, სანამ მარწუხები არ მოსძვრება. ასეც რომ მოხდეს, ახლები ამოუვა. სწორედ ამიტომ უწოდებენ ასტროლოგები მათ მჭიდეებს და ეს კიდევ რბილად ნათქვამია.

კურო გოგონა ასევე არ არის მათი რიცხვიდან, ვინც ვნებათაღელვაში მარადიულ სიყვარულზე ხმამაღალი ბოდვის თანხლებით ეშვება. მას სურს, რომ თაყვანისმცემელი ეტრფოდეს. სჭირდება მყარი შეგრძნება, რომ „ეს“ სერიოზულია. ასე რომ, სიყვარული პირველი ნახვით ნამდვილად არ არის ის, რაც კუროს და კირჩხიბს ერთმანეთთან აკავშირებს. აუცილებელია დრო, ხშირად თვეები და წლები… მაგრამ როდესაც ეს ხდება, კურო ქალმა ზუსტად იცის, როგორ გააბედნიეროს თავისი რჩეული. კირჩხიბი მამაკაცი კი, რომელმაც წინ გადახტომა გადაწყვიტა, ის მამაკაცია, რომლის გვერდზეც სხვა კაცებს არაფერი ესაქმებათ.

კურო ქალისა და კირჩხიბი მამაკაცის ურთიერთობა შეიძლება თითქმის იდეალურად მოგეჩვენოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მათში საერთოდ ვერ შეხვდებით ბზარებს. მაგალითად, არსებობს კირჩხიბის „დედობრივი კომპლექსი“. ის შეიძლება ერთერთი იმ ბედნიერთაგანი აღმოჩნდეს, რომელმაც როგორღაც, მაგრამ მაინც, მოახერხა ბავშვობიდან ზრდასრულ ცხოვრებაში გადასვლა ისე, რომ დედა მისთვის ქალის იდეალად დარჩა, მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ ის უბრალოდ ერთერთი საოცარი პიროვნებაა მის ცხოვრებაში და არა ერთადერთი. თუ ეს ასეა, კურო ბედნიერი იქნება, რადგან მისი რჩეულის დედისადმი ზღვარგადასული აღტაცება და პატივისცემა განსაკუთრებულ ერთგულების გრძნობას მიანიჭებს ყველა ქალს, რომელიც მას ეყვარება.

მაგრამ უფრო ხშირად კირჩხიბი მამაკაცები ვერ ახერხებენ იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში უნდა მოგვარებულიყო. თუ თქვენ გახსოვთ, კირჩხიბის ნიშანი დედობის სიმბოლოა და კირჩხიბ მამაკაცებში განსაკუთრებით ხშირად ვაწყდებით ისეთ ტიპს, რომელიც გულში წყენას ატარებს  იმის გამო, რომ როდესაღაც დედის ძუძუს მოწყვიტეს. ამ ტიპის კირჩხიბები თავიანთ ფარულ შინაგან დილემას ორი გზით წყვეტენ:  საერთოდ უარს ამბობენ დედაზე ან ცხოვრების ბოლომდე სრულიად დამოკიდებულნი არიან მასზე. ქალი, რომელიც მას ცოლად გაჰყვება, უპირობოდ იგრძნობს ამ მტკივნეული ურთიერთობების შედეგებს საკუთარ ტყავზე. დავუშვათ, მან უარყოფის ნაცვლად, დამოკიდებულება აირჩია, მაშინ ის შეუბრებლად ითამაშებს საბრალო ქალის ნერვებსა და მოთმინებაზე. საბედნიეროდ, მტკიცე ნერვები და უსაზღვრო მოთმინება ის თვისებებია, სადაც კუროს ვერავინ გაუწევს კონკურენციას და მას ძალუძს ადგილი მიუჩინოს კირჩხიბს, არაორაზროვანი მინიშნებით, რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი!

რთულია სრულყოფილი ქალურობის იდეალის ღირსი გახდე, მაგრამ, უკეთესის იმედით, ყველა კირჩხიბი ასე მტკივნეულად არ არის მიჯაჭვული მშობელ დედაზე. ამასთან, კურო ქალიც მშვენივრად კერავს და ქარგავს, შესანიშნავი მზარეულია, კირჩხიბივით  ეკონომიურია და ყოველთვის გემრიელი სუნი აქვს (ისინი გიჟდებიან არომატიზებულ საპნებზე, გელებზე, ლოსიონებზე და სხვა ქალურ რაღაცებზე, რასაც კარგი სუნი აქვს). ამიტომ, არის კურო ქალში რაღაც ისეთი, რომ მის შეცვლას ვერავინ შეძლებს, თვით კირჩხიბის სათაყვანებელი დედაც კი…

მათი ფიზიკური ურთიერთობა იდეალური იქნება იმდენად, რამდენადაც თავად მოისურვებენ. კურო ქალი ფრიად სექსუალური ნატურაა, ღრმად მოსიყვარულე, ნაზი და…უბრალო. მამაკაცი კირჩხიბიც ღრმად მოსიყვარულე და ნაზია, თუმცა არც ისე მარტივი.

თუ კურო ქალისთვის უპირობო პრიორიტეტს მიწიერი ვნებები წარმოადგენს, კირჩხიბი მამაკაცისთვის ემოციური განტვირთვა უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უმნიშვნელო განსხვავებები აუცილებლად კონფლიქტს არ გულისხმობს. პირიქით, იშვიათი სისავსის შეგრძნებას იძლევა. არის რაღაც სითბო და საიმედოობა კუროს მიწიერად გადმოცემულ  სიყვარულში, რაც თითქოს ზუსტად ეხმაურება კირჩხიბის ჩუმ ვედრებას, სინაზის ღრუბლები შემოაკრან, ცრემლები შეუშრონ და ყველა შიში გაუქრონ. როდესაც კურო სიყვარულით არის დაკავებული, ის ასე გამოხატავს თავის გრძნობებსა და ერთგულებას. აქ არ არის თამაშების, ფანტაზიებისა თუ ყალბი მორიდების ადგილი, მხოლოდ შიშველი გრძნობა, საკუთარი თავის ჩუქების.  მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი უფრო შემოქმედებითად უდგება ამ საკითხს, ეს ზუსტად ის არის, რაზეც ის ფარულად ყოველთვის ოცნებობდა.

შეუძლებელია ორმა შეყვარებულმა ადამიანმა დროდადრო ტკივილი არ მიაყენოს ერთმანეთს, მაგრამ კურო და კირჩხიბი გაცილებით დიდხანს ინახავენ წყენას გულში, ვიდრე სხვა ნიშნები. მათ აუცილებლად უნდა შეიგნონ, რომ ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. იმის ნაცვლად, რომ ამაზე გამუდმებით ილაპარაკონ, ტყუპებისა და სასწორების მსგავსად; ან მრისხანებისგან დაიფერფლონ, ცეცხლის ნიშნების მსგავსად; ან ამ სულელურ კონფლიქტებზე მიუკერძოებლად ამაღლდნენ, მერწყულისა და თევზების მსგავსად, ამ ქალსა და მამაკაცს შეუძლიათ წყენას ფესვები ღრმად გაადგმევინონ, საიდანაც სულ მალე წამოჰყოფს თავს გულგრილობა და ეს უკვე მართლა სახიფათოა!

როდესაც კურო ქალი გაბრაზებულია, ის ჯერ ტუჩებს ბერავს, შემდეგ კი  სიჯიუტის საშიშ კლდედ იქცევა. როდესაც კირჩხიბი მამაკაცი ბრაზდება, ის თავის ჯავშანში მიძვრება, რომ მარტოობაში ღვაროს მლაშე ცრემლები. მას ნებისმიერი მოძრაობის გაკეთების ეშინია, შერიგებისკენაც კი, რომ მეტი ტკივილი აღარ მიიღოს. ჯიუტი კურო, რომელიც კატეგორიულად უარს ამბობს ბოდიშის მოხდაზე, როდესაც მართლა დამნაშავეა, თავის ძვირფას დროს ხარჯავს იმის მოლოდინში, როდის გამოძვრება მისი რჩეული სამალავიდან და ზავს შესთავაზებს. ნაწყენი კირჩიხიბი ფრთხილად იჭყიტება ჯავშნიდან და იმდენად უნდა ტკივილისგან განთავისუფლება, ყველაფრისთვის მზადაა. იმისთვისაც კი, რომ გადაიყვარეს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ატმოსფერო შერიგებას უწყობს ხელს. სხვა მხრიდან რომ შევხედოთ? სიჩუმეში გაბუტვა არაპრაქტიკულია (და ორივე ვერ იტანს არაპრაქტიკულობას). ეს მხოლოდ კიდევ უფრო ძლიერი მარტოობის ბნელ ჩიხში შეგიყვანთ (და ორივე ვერ იტანს ბნელ ადგილებს).

რა მართებს კუროს? მეტი მოთმინება. თუ ის მთვარის შემდეგ ფაზას დაელოდება, ერთადერთი რისი გაკეთებაც დასჭირდება, გაღიმება და უმარტივესი ფრაზის წარმოთქმაა: „მე შენ მიყვარხარ“. მაშინ კირჩხიბი თავისი ჯავშნიდან პირდაპირ მის მკლავებში ისკუპებს.

რა მართებს კირჩხიბს? მთვარის იმ ვიბრაციებს დაელოდოს, რომელიც დაეხმარება მიხვდეს, რომ მისი რჩეული გაცილებით უკეთ რეაგირებს ფიზიკურ სიყვარულზე, ვიდრე მჭევრმეტყველებაზე და იმის ნაცვლად, რომ სასიყვარულო წერილები სარეცხი ფხვნილის ყუთში დამალოს, იმ იმედით, რომ კურო რეცხვისას აღმოაჩენს, სჯობს მაგრად მოიმწყვდიოს მკლავებში.  მაშინ კურო პირდაპირ მიეკვრება კირჩხიბის გულს, რომელსაც ის ეკუთვნის.

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top