არც ერთ ჩვენთაგანს არ უკეცავდნენ საბანს…
ხარებს სჭირდებათ ერთგულება და თავდადება,რათა დარწმუნდნენ,რომ ისინი უყვართ და აფასებენ. ლომებს სჭირდებათ თაყვანისცემა და კომპლიმენტები,რათა დარწმუნდნენ,რომ ისინი უყვართ და მათით აღტაცებულნი არიან. ვერც ერთი ვერ იღებს იმას,რასაც ელის,თავისივე ნიშნის წარმომადგენლებისგანაც კი და ეს მართლაც გულდასაწყვეტია.
კურო და ლომი ერთმანეთისგან 90 გრადუსით არიან დაშორებულნი. კვადრატურის ასპექტი ძალიან დაძაბულ ურთიერთობას გულისხმობს. განსაკუთრებით თუ ასცედენტებმა და მთვარეებმა ვერ გაანეიტრალეს. თუმცა ზუსტად ეს ასპექტი დააჯილდოებს ამ ურთიერთობას ჩინებული ურთიერთგაგებითა და ჰარმონიით,თუ მათ ეყოფათ მოთმინება და თავდადება,სიყვარულის გამოცდა ჩააბარონ. ლომი ზედმეტად ეგოისტია იმისთვის,რომ აბსოლუტურად თავდადებული და მორჩილი გახდეს,რასაც ელის მისგან კურო. კურო კი ზედმეტად ჯიუტია იმისთვის,რომ პატივმოყვარე ლომს ქედი მოუხაროს. ორივე ფიქსირებული ნიშანია. შეგვიძლია სიტყვა ფიქსირებული ჯიუტით შევცვალოთ.
ხანდახან,როდესაც უსიამოვნო სიტუაციებს უნდა გაუმკლავდეს,ფეთქებადი ლომი დამოკიდებული ხდება მშვიდ და გაწონასწორებულ კუროზე. შედეგად მან შეიძლება, კუროს ყოველგვარი ნდობა დაკარგოს. თუმცა კუროს ეს პროცესი არა და არ ბეზრდება,როგორც მაგალითად,სხვა უფრო ეგოისტ ნიშანს მობეზრდებოდა. ხარებს ყველაზე ნაკლებად პოპულარობა და პირადი სახელი ადარდებთ. რომ აჩუქოთ,ზურგს არ აქცევენ,მაგრამ სრულიად დასაშვებია,უარიც თქვან დიდებაზე. აი,პატივისცემა, ნაღდი ფულისა და სულიერი სიმშვიდის თანხლებით,კუროებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია.
მე ვიცნობდი ლომ მამაკაცს,რომელსაც ძალიან ნაზად უყვარდა თავისი ავადმყოფი კურო ცოლი. კურომ ათობით ექიმი გადაიტანა,რომლებიც ყოველ ექვს თვეში სიკვდილს უწინასწრამეტყველებდნენ და მიუხედავად ამისა,ლოგინად მყოფი,მაინც აგრძელებდა საშინაო საქმეებს. ლომი აღტაცებული იყო მისი გასაოცარი ამტანობითა და სიცოცხლის წყურვილით. ისინი გამუდმებით კამათობდნენ,მაგრამ კურო,ყოველგვარი წყენის გარეშე,საშუალებას აძლევდა თავი ნამდვილ მამაკაცად ეგრძნო. ის კარგად აცნობიერებდა,რამდენად იყო დავალებული ლომისგან. თუმცა კურომ ისიც კარგად იცოდა,რამხელა ძალისხმევის ფასად უჯდებოდა სულიერი მხნეობის შენარჩუნება წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა,ლომის სიყვარული,ყურადღება და სინაზე ყოვლისშემძლეა,მაგრამ სწორედ კუროს რკინის ნებისყოფამ მოახდინა მედიცინის სასწაული.
კუროს დიდად არ აწუხებს ლომის ეგოიზმი. ის იმდენად ჭკვიანია,წაახალისებს კიდეც მის თავმოყვარეობას. მაგრამ ქედს არასდროს მოუხრის,რაც ლომს ძლიერ სტანჯავს და ვერაფრით პატიობს.
ის,რაც კუროს და ლომს მართლა აერთიანებს,არის იდეები და მათი რეალიზაცია. ლომს უყვარს გრანდიოზული პროექტების შექმნა და თავისი გენიალური ჩანაფიქრების განხორციელება. კურო სიამოვნებას იღებს,როდესაც მოსალოდნელ მოგებაზე ფიქრობს,რომელიც მისი ფინანსური დიდების დასაწყისი გახდება. კუროს თავისებური მოქმედების ტაქტიკა აქვს: მიზანმიმართული,სწორი და განუხრელი. ვერც წინააღდეგობა შეუშლის ხელს ისე,როგორც ლომს. კუროს მიაჩნია,რომ წინაღობა იმ ფასის ნაწილია,რომელიც უნდა გადაიხადოს შესაძლო წარმატებისთვის.
სამაგიეროდ,ლომის საყვარელი დევიზია:”ან ყველაფერი,ან მოვიცდი”. ლომი,რომელსაც ფანატიზმამდე უყვარს თავისუფლება,უარს ამბობს აღიაროს ან დასთანხმდეს ნებისმიერ შეზღუდვას. ის ყოველთვის იმედებით აღსავსეა და გაბედულად მოქმედებს. მთელ ფსონს მოხსნის კამათლის ერთი დიდებული გაგორებით,იქნება ეს საქმე,სიყვარული,მეგობრობა,ქორწინება თუ აზარტული თამაში. “დიდი კატები” ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობებს. ოპტიმისტი ლომი მთელ დანაზოგს დადებს ერთ ბანქოზე და იმ შემთხვევაშიც კი,თუ წააგებს,არასოდეს ინანებს,რომ სცადა და გარისკა.
კურო,რბილად რომ ვთქვათ,მოუხერხებელია,ამიტომ შანსს ხშირად ვერ იყენებს. ამასთან,მნიშვნელობა არ აქვს,ფულს რისკავს თუ გულს. თუმცა მას საკმარისად დიდხანს ახსოვს მარცხი იმისათვის,რომ სასარგებლო დასკვნები გააკეთოს უსიამოვნო გამოცდილებიდან.
ხარმაც და ლომმაც შეიძლება შეიძულონ ერთმანეთი წარუმატებლობისთვის. განსაკუთრებით,როდესაც საქმე ფულს ეხება. მართალია,მოთქმა არც ერთს არ ახასიათებს,მაგრამ ისინი მარტოობაში ღვრიან მწარე ცრემლებს ურთიერთწყენისთვის. კუროს და ლომს ერთნაირად არ უყვართ მარცხის და საკუთარი წარუმატებლობის ღიად აღიარება,მით უმეტეს მოწმეების თანდასწრებით.
კურო თვლის,რომ ფულის გამრავლების ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური საშუალება,მისი დაწყობა,გადათვლა და უკანვე,ჯიბეში ან საბანკო ანგარიშზე დაბრუნებაა. ფულისადმი ამგვარი მიდგომა საკმაოდ ტიპურად ახასიათებს კუროს ფილოსოფიას. ახალგაზრდობაში კუროს მიაჩნია,რომ სტაბილური საბანკო ანგარიში და საპირისპირო სქესის სიყვარული ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. რაც დრო გადის,სულ უფრო რწმუნდება,რომ მართალია.
ერთადერთი,რაშიც ლომია დარწმუნებული,არის საკუთარი უნიკალური თვისება, თავად მოახდინოს მოვლენები. ამიტომ არც ისე გასაკვირია,რომ მისი გულითადობა,ურყევ თავდაჯერებასთან ერთად,საოცრად იზიდავს იღბალს.
ყველა ლომი “დიდი კატაა”,უზარმაზარი მოსიყვარულე გულითა და გამორჩეული ძალით. თუმცა როდესაც ლომის ეგოიზმი არ არის მხარდაჭერილი განუწყვეტელი ქებით,თავს საცოდავ კნუტად გრძნობს. ამასთან,კომპლიმენტი აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. ლომი კარგად ხედავს მლიქვნელობას. ის გამჭრიახია,როგორც ყველა მმართველი.
ლომს ძალიან უყვარს მართვა,რასაც კურო წყობიდან გამოჰყავს. მაგრამ განა კარგი მეფე და დედოფალი დიდსულოვნად არ ეპყრობიან თავიანთ ქვეშევრდომებს? გულის სიღრმეში კუროს ახარებს ლომის ექსპრესიული სიყვარული,მზუნველობა,დაცვა და კეთილდღეობა. ის შეიძლება ჯიუტად უარყოფდეს,მაგრამ ვერავინ აფასებს სიკეთეს და არავინ საჭიროებს სიყვარულს ისე,როგორც კურო.
უსიამოვნებები მხოლოდ მაშინ იწყება,როდესაც ლომი მეფურ ბრძანებებს გასცემს,რასაც კურო იძულებად აღიქვამს. ლომის მწველი ცეცხლი ყოველ ჯერზე სულ უფრო ძლიერ ახურებს კუროს. ასე გრძელდება იქამდე,სანამ კუროს მოთმინების ფიალა აივსება და მისი მიწიერი სიჯიუტე და წინააღდეგობა ლომს თავს რისხვად დაატყდება. ახლა კი ის დროა გავიხსენოთ,რომ ლომს მზე ანიჭებს ამ ძალას,მაგრამ იმავდროულად სინათლესა და სითბოს სძენს. ხოლო ვენერა კუროს სირბილეს და სიყვარულს ასწავლის.
მზე სიცოცხლეა. ვენერა სიყვარული. რაღა დავამატოთ?
კურო მამაკაცი და ლომი ქალი
სამწუხაროდ,კურო უკვე აშკარად აღარ უსმენდა.
მან მტკიცედ გადაწყვიტა ეჩვენებინა,
ვინ იყო სახლში უფროსი.
კურო სახლში თავს ისე გრძნობს,როგორც ედემის ბაღში და არავითარ შემთხვევაში,როგორც დედოფლის განსასვენებელ ოთახში. კუროს თავად ის ატმოსფეროც კი ნერვებს უშლის,სადაც მუდმივად სამეფო კარის მიღებები იმართება. კეთილგონიერი კურო მამაკაცისთვის ეს ზედმეტია! განა ის,რომ სილამაზეს არ აფასებს? თითქმის ყველა კუროს ფარული ან მკვეთრად გამოხატული შემოქმედებითი ნიჭი აქვს. უბრალოდ მისი ყველაზე დიდი ნიჭი სამყაროს პრაქტიკული სათვალით აღქმაა. კურო გონივრულად ზოგავს საკუთარ ფინანსებსა და გრძნობებს ღირებული საქმისთვის. გვირგვინი და წითელი ხალიჩა კი,მისი აზრით,არც ისე დიდ ღირებულებას წარმოადგენს.
ლომი გოგონა ისეთ მამაკაცს ეძებს,რომელიც მას დედოფლად აღიარებს და გაღმერთებისა და თაყვანისცემის გარდა,მისთვის ისეთ ცხოვრებას უზრუნველყოფს,როგორსაც ის,მისი ღრმა რწმენით,იმსახურებს! ალბათ,ხვდებით რას გრძნობს ლომი,როდესაც მისი საყვარელი კურო იმედოვნებს,რომ დედოფალი პატარა ბინაშიც მშვენივრად მოთავსდება და წინდების ამარა,ტელევიზორის წინ მჯდომს,ლუდსაც კი მოუტანს. რა მიწიერი და პლებეურია! ამიტომ,დედოფალი ერთ დღესაც ძალიან გააოცებს კუროს,როდესაც ყინულითა და ლიმნით შეზავედულ „Fellico”ს წყალთან ერთად,ფაიფურის თეფშზე ლამაზად დაწყობილ ხიზილალიან ორცხობილებს მიართმევს; მდიდრული სახლების კატალოგზე გადაშლილ ჟურნალს გადასცემს და სიყვარულით ჩააცვამს კომფორტულ ფლოსტებს. გაოცებული კურო გაურკვევლად ჩაიბურტყუნებს მადლიერების სიტყვებს და ნაზად გაუღიმებს. თუმცა მეორე დღეს სილამაზის სალონიდან დაბრუნებული დედოფალი ქვედა საცვლებსა და წინდებში გამოწყობილ კუროს კვლავ ტელევიზორის წინ აღმოაჩენს. სრულიად თვალსაჩინოა,რომ ამ ორიდან ერთერთმა რაღაც უნდა გასწიროს და ეს „ერთერთი“ ხარი არ იქნება.
კუროები ან თავს ესხმიან და წინ მიდიან ან ადგილზე დგანან და პოზიციებს იმყარებენ. მაგრამ ისინი არასდროს იხევენ უკან. დამიჯერეთ,ჯობია ეს ფაქტი თავიდანვე აღიაროთ და შეეგუოთ. თუმცა თუ ლომი მზად არის,ელოდოს და არ დააჩქაროს,შეიძლება…როდესმე…რა თქმა უნდა,ეს სწრაფად არ მოხდება,მაგრამ ის უბრალოდ ვერ ნახავს სხვა ადამიანს ასეთი შესაძლებლობებით(და ლომის ფასდაუდებელი დახმარების გათვალისწინებით),რომელიც მართლა შეძლებს,სამეფო აჩუქოს. კუროს ოღონდ დააცადეთ და ტვინს ნუ გაუბურღავთ!
1971 წელს მედია მაგნატის,უილიამ რენდოლფ ჰერსთის კალიფონრიული სასახლეს ვეწვიე. სახლის ყველა დეტალში კურო იგძნობოდა,რომელმაც თავისი ოცნების ზღაპრული სასახლე რეალობად აქცია. ამ უჩვეულო სახლის ასობით ოთახი მასიური ავეჯით იყო გაწყობილი. იმაზე ბევრად დიდი,ვიდრე თითქოს საჭიროა. მაგრამ ესეც ტიპური კუროს ფსიქოლოგიაა: „კარგი ბევრი უნდა იყოს“. საითკენაც არ უნდა გამეხედა,ყველგან ვენერას გემოვნება ჩანდა „სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუფუნების“ მიმართ. მაგალითად,ოქროს სანტექნიკა სააბაზანო ოთახში,წმინდა აბრეშუმის შპალერი და ძვირფასი აზიური ხალიჩები. ყოველი კურო ინუსხება ამ სახლით, როდესაც ხედავენ,როგორ გამოიყურება კუროს ხორცშესხმული ოცნებები. კურომ აუცილებლად უნდა წაიყვანოს თავისი შეყვარებული ლომი ამ სახლში. უკანა გზაზე დედოფალი ფისუნიასავით აკრუტუნდება და შეიძლება სწორედ მაშინ გაუნათდეს კუროს გონება,რომ მის წინდებიან ფეხებს სწორი მიმართულებით მიჰყავს. თუ ლომი მის რთულ გზაზე დამხმარე და არა ხელისშემშლელი იქნება,კუროს ნამდვილად შეუძლია გახდეს ის კაცი,რომელიც დაბადების დღეზე იახტას აჩუქებს.
როდესაც კურო ბოლოს და ბოლოს საკუთარ მიზანს მიაღწევს,ლომი მის სიმდიდრეს თავის შტრიხებს შეჰმატებს. ლომი დაინახავს,რომ კუროსთან ყოფნა მყუდრო და მოსახერხებელია. ყურადღებითა და სიყვარულით განებივრებული კურო კი ნელი ნაბიჯებით რბილად ისეირნებს მდიდრულ ხალიჩებზე და ბედნიერი იქნება. მაგრამ ის უთუოდ გაბრაზდება,თუ ლომი მისგან მდიდრულ წვეულებებზე სიარულს,მის მეგობრებთან ერთად პოლიტიკოსობის თამაშს,მისი უდიდებულესობის კაპრიზების უსიტყვო აღსრულებასა და მისი გვირგვინიდან მტვრის მოცილებას მოითხოვს. კუროს ასეთი იაფფასიანი მასკარედები დროის ფუჭ ხარჯვად მიაჩნია. ხარებს კი ძალიან არ უყვართ დროის(ფულზე მეტადაც კი) უაზროდ ფლანგვა.
მართალია,ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი დაძაბული ასპექტით ურთიერთობს,მაგრამ თუ ორივეს ეყოფა მოთმინება მძიმე პერიოდები მედგრად გადაიტანონ,ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება. თუ ორივე მომთმენი იქნება(და კურო საერთოდ,ასეთია),პრობლემების ნახევარი თავისით გადაიჭრება. მაგრამ ლომი ცეცხლის ნიშანია და სამივე ცეცხლის ნიშანს არ ჰყოფნის მოთმინება. ეს დამატებით სირთულეებს ქმნის,მუდმივი გაღიზიანებისა და დაძაბულობის სახით.
როდესაც ამაყი,მედიდური და უცხო თვალისთვის ცივი ლომი ქალი იმ მამაკაცის ხელში ხვდება,რომელიც ნამდვილად უყვარს,ის სულაც აღარ არის მძვინვარე ლომი. არც კურო შეეწინააღმდეგება,როდესაც ლომი თავისი ნაზი ხელებით თმებზე მოეფერება,ზურგზე მასაჟს გაუკეთებს ან ყურზე აკოცებს. კურო მამაკაცი ზემგრძნობიარედ რეაგირებს შეხებაზე,ხმასა და სურნელზე. რადგან თითქმის ყველა ლომი იყენებს სუნამოს,ბუნებრივია,ეს ფაქტორი კუროს სრულ ექსტაზამდე მიიყვანს. მაგრამ ამ კაცს ყოველთვის ძალიან ეშინია,სამსონად იქცეს მგრძნობიარე ლომ-დალილას ტყვეობაში.
თუ მათი დაბადებისას,მზეებსა და მთვარეებს შორის დაძაბული ენერგია იყო(კვადრატი ან ოპოზიცია),მათ გაუჭირდებათ ჰარმონიის მიღწევა სექსუალურ ურთიერთობაში. თუ კურომ დაასკვნა,რომ ღამით დედოფლის მოწყალებას იმიტომ ვერ იმსახურებს,რომ დღისით არასაკმარისი ყურადღება გამოავლინა,მას სწრაფად დაღლის ლომის გულის მოგების მცდელობები. და პირიქით_კუროს ზედმეტად მიწიერმა და ფიზიოლოგიურმა სიყვარულმა შეიძლება ლომს ირეალურ უფლისწულზე ოცნებებისკენ უბიძგოს. განაწყენებული დედოფალი ჩუმად ყლაპავს ცრემლებს,მაგრამ ის ზედმეტად ამაყია,რომ თავისი გულისტკივილი ხმამაღლა გამოთქვას. არ არის გამორიცხული,რომ გულწრფელი,მგრძნობიარე და მოსიყვარულე ლომი სრულიად ფრიგიდული გახდეს. ბუნებით ვნებიანი სამეფო კატებისთვის ფრიგიდულობა ფარული და ყველაზე საზარელი შიშია. საქმე ის არის,რომ თუ მის მგზნებარე გულსა და ცეცხლოვან ფანტაზიებს ხშირად უგულველბელჰყოფენ,მისი დაცვითი რეაქცია ირთვება. ცივი და გაუცხოებული ლომი კი საოცრად არაბუნებრივი და სევდიანი სანახავია.
კუროს სიჯიუტე და ლომის ხელოვნური სიამაყე ორივეს ხელს უშლის. მათ ურთიერთობას გახსნილობა აკლია. ისინი არასოდეს განიხილავენ თავიანთ პირად იმედგაცრუებებს,სანამ მათი მხურვალე ურთიერთობა მყუდრო მეგობრობაში არ გადაიზრდება და განქორწინებით დასრულდება. ხანდახან ერთერთი მათგანი თავდავიწყებას ალკოჰოლში,ნარკოტიკებსა თუ შემთხვევით კავშირებში ეძებს. საბედნიეროდ,კუროც და ლომიც ზედმეტად კეთილშობილნი არიან მუხანათობისთვის და საკმარისად ადარდებთ საკუთარ რეპუტაცია,რომ თავი სხვების სასაცილოდ არ აიგდონ. არასოდეს არ არის გვიან,რომ ბრალი აღიარო,სასწაული მოახდინო და პრობლემა გადაჭრა ალერსისა და სინაზის მეშვეობით. კარგია თუ ასეთ ძნელბედობის ჟამს იმ პერიოდს გაიხსენებენ,როდესაც მათი სიყვარული იწყებოდა. ეს მნიშვნელოვნად შეარბილებს მათ და დაეხმარებათ ურთიერთდამოკიდებულების შეცვლაში.
ლომი აპატიებს კუროს პერიოდულ უხეშობასა და პერმანენტულ სიჯიუტეს(მის ჭეშმარიტ ხასიათს). თავის მხრივ,კუროც აპატიებს ლომს პერიოდულ კადნიერებასა და პერმანენტულ ქედმაღლობას(მის ჭეშმარიტ ხასიათს). იქნებ ღირს ურთიერთწყენა მიუტევონ ერთმანეთს?
უბრალოდ ლომმა უნდა შეიგნოს,რომ კუროს სიეხეშე და გაუთლელობა მისი მიწიერი,მაგრამ საიმედო ნატურის განუყოფელი ნაწილია. ხოლო მისი შეურიგებლობა თავქარიანობასა და ხელოვნურობასთან,ის თვისებებია,რომლისგანაც ლომმა მაგალითი უნდა აიღოს. სიჯიუტეს კი ისე მარტივად შეიძლება აარიდოს თავი: საჭიროა უბრალოდ ჩაეხუტოს და აკოცოს თავის კუროს,რითაც მარტივად დაიბრუნებს მის კეთილგანწყობას.
კურომ კი უნდა შეიგნოს,რომ ლომის კადნიერება მისი თავდაცვაა. და იქნებ ჯობია აღიაროს მისი ქალური აღმატებულება,რომელიც ასე საჭიროებს ქათინაურებს? კუროს ყოველთვის შეუძლია ლომს ჭკუაში აჯობოს. ნათლად დაანახოს,რომ საკუთარ თავს ყველაზე იღბლიან მამაკაცად თვლის,რადგან ასეთ გამორჩეულ ქალზე დაქორწინდა. მის ლომს კი ისეთი სიყვარული შეუძლია,როგორც არავის,თუ მას სათანადოდ აფასებენ და უყვართ.
კურო ქალი და ლომი მამაკაცი
პატარაობაში კურო გოგონას,ცხადია,მტკიცედ სჯეროდა.
მაგრამ ახლა ის გათხოვილი და კეთილგონიერი ქალი იყო და
საფუძვლიანად დაეჭვდა ასეთი პერსონაჟის არსებობაში.
კურო ქალი ძალზედ მუსიკალური არსებაა. მნიშვნელობა არ აქვს,კარმენის არიას მღერის მეტროპოლიტენ ოპერაში თუ მერძევეს ეუბნება: “კარგით,კიდევ ერთ ქილას ავიღებ”. შეიძლება იმღერო,მელოდია შექმნა ან უბრალოდ დატკბე მუსიკის ჰანგებით _ ნებისმიერი ფორმით,მუსიკა დამამშვიდებლად მოქმედებს ხარებზე. ყოველივე აქედან გამომდინარე,როგორ ფიქრობთ,შესაძლებელია წარმოიქმნას კონფლიქტი,როდესაც კუროზე დაქორწინებულ ლომს მუსიკის მოსმენა სურს? შესაძლებელია და სწორედ ამას გულისხმობენ ასტროლოგები,როდესაც აცხადებენ,რომ ეს ორი ნიშანი შეუთავსებელია. 10-4 ნიშნებს ძალიან რთული და დაძაბული ურთიერთობა აქვთ,მაგრამ თუ ისინი უშიშრად უყურებენ პრობლემებს თვალებში და მათი გადაწყვეტაც შეუძლიათ,მაშინ ბედი უფრო უხვად მოიღებს წყალობას მათზე,ვიდრე დანარჩენებზე.
ის,რაც ვერასოდეს გახდება პრობლემა სხვა წყვილებში,კუროსა და ლომს შორის ვულკანურ ამოფრქვევებს იწვევს(თუ სინატრიაში მზე-მთვარის დადებითი კომბინირება არ იქნება). ლომი ვერ იტანს საქმის სანახევროდ კეთებას. თუ მას სახლი უნდა,აუცილებლად უზარმაზარი. თუ ბეჭედს ყიდულობს რჩეულისთვის,მხოლოდ ისეთს,ოთახის ნებისმიერი კუთხიდან რომ თვალშისაცემია. თუ მუსიკის მოსმენა სურს,ის მთლიანად უნდა ავსებდეს მის გულს,სულს,ყურებს და უზარმაზარ სახლს. ეს კი,როგორც ერთმა კურო ქალბატონმა განმარტა: “მუსიკა კი არა,მისი შეურაცხყოფაა. მაგრამ მას ვერაფრით შეაგნებინებ ამას”. მეორე ქალბატონი ნეტარების მწვერვალზე იყო,როდესაც მისი ლომი,ჰავაის გიტარაზე შეთხზული სერენადებით ეტრფოდა. შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და კუროს ყოველ ჯერზე გული უწუხდა,როდესაც ლომს გიტარით ხელში ხედავდა. თქვენ ფიქრობთ,ამ ქალბატონებმა ანტიპატია გამოავლინეს მუსიკის მიმართ? სულაც არა. უბრალოდ მათი აურაცხელი კონფლიქტები მუსიკალური საბაბით გამოვლინდა.
ლომ მამაკაცს,ობიექტურად რომც არ იმსახურებდეს მეფესთან შედარებას,ძალიან უნდა ყველა მართოს და პირველ რიგში,საკუთარი ცოლი. კურო ქალი კონსერვატული ბუნებისაა და ინსტინქტურად მიდრეკილია,მამაკაცს დაემორჩილოს. მას სურს,ხელჩაკიდებულმა იაროს ძლიერ მეორე ნახევართან,მარად უყვარდეს და ერთგულობდეს. მაგრამ “იყოს მართვადი” მისთვის უსიამოვნოდ და საეჭვოდ ჟღერს. ეს უფრო იძულებას ჰგავს და ვერც ერთი კურო ვერ იტანს,როდესაც მას უბიძგებენ და მით უმეტეს,აიძულებენ. მართალია, კუროს ღრმა და ხანგრძლივი მიჯაჭვულობა ახასიათებს,მაგრამ ის სიტყვაძუნწია ქათინაურებისა და პირფერობის საკითხში. საერთოდაც მიაჩნია,რომ თაყვანისცემა ჭკუასუსტების ხვედრია. რადგანაც ლომს ამ სამივე კომპონენტის გამძაფრებული მოთხოვნა აქვს,ალბათ უკვე ხვდებით,ყველაზე მეტად რა აკლია ამ ურთიერთობას.
ლომს მტკივნეულად ამაყი და ფეთქებადი ხასიათი აქვს. ის არასოდეს დათანხმდება “მეორე ვიოლინოს” როლს,ვისთვისაც არ უნდა სრულდებოდეს კომპოზიცია. ლომი-მორცხვი ფისოც(არსებობს ასეთი ტიპი) დიდი ხნით დაიმახსოვრებს წყენას,როდესაც მას უარს ეუბნებიან ადგილზე მზისქვეშეთში. ბოლოს და ბოლოს მზე მისი მმართველია,სამყაროს ცენტრი,რომლის გარშემოც მოძრაობს ყველა სხვა პლანეტა. ის თავად არის სამყაროს ცენტრი,რომლის გარშემოც მოძრაობს მთელი მისი ოჯახი(რეალურად უფრო მეგობრები,მაგრამ დაე,იყოს ასე) და იქნებ ჯობია,ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ,თუ არ სურთ,რომ მათი ინტერესები უგულვებელყოფილი იქნას. განაწყენებული ლომის სიცივისა და მედიდურებისგან ხომ თავისუფლად შეიძლება გაიყინოთ.
მართალია,ლომი უდაოდ ძალაფულებისმოყვარე,ხშირად დესპოტური ხასიათის მამაკაცია,მაგრამ მას შეუძლია იყოს ძალიან ნაზი და ვნებიანი საყვარელი,განსაკუთრებით ჩხუბის შემდეგ. ჩახუტება და კოცნა მისთვის შერიგების სრულიად ბუნებრივი მეთოდია. მაგრამ სინანაულის სიტყვებით გამოხატვა ძალიან უჭირს. მას ურჩევნია მოქმედებით,სხვადასხვა რომანტიული ჟესტით წარმოაჩინოს,რომ ნანობს თავის საქციელს,ვიდრე ხმამაღლა აღიაროს. ამიტომაც ამ წყვილს სექსუალურ ურთიერთობაში უფრო მეტი ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის მიღწევა შეუძლია,ვიდრე თუნდაც,ერთი შეხედვით,ისეთ მარტივ საკითში,როგორიც არის მუსიკის მოსმენა.
მიწიერი,ხელშესახები სიყვარულის გამოვლენა ხშირად ერთადერთი გზაა ლომისთვის,კუროსთან კონფლიქტი მოაგვაროს. კურო გაქვავებული სახით ისმენს ყველა მის დამაჯერებელ არგუმენტს. ის სწრაფად იღლება ხანგრძლივი საუბრებისგან. კუროს გრძნობებისა და სხეულის ენა უკეთესად ესმის,მოქმედებებს ითხოვს და არა სიტყვებს. ასეც რიგდებიან და არც ამაყი ლომი თვლის,რომ მისი ღირსება შეილახა. ზოგადად,სექსი არასოდეს ლახავს მის ღირსებას… და ვის,თუ არ კუროს შეუძლია,მთელი მგრძნობიარობითა და სიღრმით გაიზიაროს მისი განცდები და ვნებები. კურო მას თავს “ნამდვილ მეფედ აგრძნობინებს!”(ლომებს უყვართ ეს გამოთქმა).
მაგრამ რა ხდება საძინებლის გარეთ?
როდესაც ლომისთვის მნიშვნელოვანია,მთელი გულისყურით უსმენდნენ,კუროს შეუძლია სრულიად გულგრილი იყოს. მას არც დამთქნარების მოერიდება თხრობის ყველაზე დრამატულ მომენტში. არაფერი ისე სასტიკად არ შეურაცხყოფს ლომის თავმოყვარეობას,როგორც მკაფიო მოწყენილების სიგნალი თავისი მსმენელისგან. თან არა უბრალო ქვეშევრდომის,არამედ საყვარელი ქალისგან. თუ კუროს მისი შენარჩუნება უნდა(და ყველა კურო მუდმივობისკენ ილტვის სიყვარულში),კარგი იქნება,საკმარისი რაოდენობის ყავა მიიღოს და სრულიად დარწმუნდეს,რომ კარგად გამოფხიზლდა,სანამ ლომი სცენაზე გამოვა.
ლომი მამაკაცების ყველაზე გავრცელებული პრეტენზია კუროების მიმართ არის ენთუზიაზმის უკმარისობა. მათ ხშირად უჩნდებათ სურვილი კარგად შეანჯღიონ კუროები და უღრიალონ: „თქვი რამე! რაც გინდა,ის თქვი! ოღონდ ასე ნუ ზიხარ!“ კურო ქალების ყველაზე გავრცელებულ პრეტენზიას,საყვარელი ლომების მიმართ,ზუსტად გამოხატავს შექსპირის ცნობილი სიტყვები: „აურზაური არაფრის გამო“.
კუროს ხუმრობებიც საკმაოდ მტკივნეულად ხვდება ლომის თავმოყვარეობას და მას ყოველ ჯერზე ახლიდან უწევს დამსხვრეული ეგოიზმის შეკოწიწება. არც კურო იქნება ყოველთვის აბსოლუტურად ბედნიერი. დროდადრო ლომი თავის ქვეშევრდომთა მოსანახულებლად და აღფრთოვანებული პუბლიკისგან დამატებითი ოვაციების მისაღებად მიემართება.
მათ აქვთ ხოლმე პერიოდული აფეთქებები,მაგრამ ორივე მუდმივი ნიშანია და ფარ-ხმალს ასე მარტივად არ დაყრიან. გარდა ამისა,როგორ მწვავედაც არ უნდა ჩხუბობდნენ,კურო და ლომი ყოველთვის პატივს სცემენ ერთმანეთს,რაც მიუხედავად უამრავი უთანხმოებისა,ორივეს ამშვიდებს და შერიგებისკენ უბიძგებს.
კურო მომთენი და გულკეთილი ქალია და არასოდეს მისცემს წვრილმან უსიამოვნებებს ცხოვრების ტრაგედიად ქცევის საშუალებას. მაგრამ თუ კურო წყობიდან გამოვიდა,ლომი გზიდან უნდა ჩამოეცალოს,ქუჩის მეორე მხარეს გადავიდეს ან დროებით სხვა ქალაქში გაემგზავროს,სანამ კურო გაგრილდება და დაშოშმინდება. როდესაც რისხვა გადაუვლის,კურო სირცხვილით იტანჯება,რომ სისუსტე გამოავლინა და წონასწორობა დაკარგა,რომლის დროსაც მისი ხავერდოვანი ხმა,სამხედრო შენაერთების სერჟანტის ხმას ემსგავსება. ამიტომ ის შეეცდება,რაც შეიძლება თბილი და თვინიერი იყოს,ბრალის დასაფარად. მაგრამ ლომმა უნდა იცოდეს,რომ პოსტ კონფლიქტური სინაზე მოჩვენებითია. მის მიჯნურს კიდევ დიდხანს ემახსოვრება,რომ სწორედ მან მიიყვანა ასეთ გაშმაგებულ მდგომარეობამდე. ისე არ იფიქროთ,რომ კუროს განრისხება ადვილი საქმეა და ეს ხშირი მოვლენაა. ასეთი რამ კუროებს სულ ერთხელ-ორჯერ მოსდით ცხოვრებაში,მაგრამ კუროსთვის ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია და თუ თქვენ მისი რისხვის მომსწრე შეიქმნებით,გაეცალეთ “გამოღვიძებულ ვულკანს”.
კურო ავ ზნეს იმ შემთხვევაში ავლენს,როდესაც მუდმივად უბიძგებენ ამისკენ იმ მენტორული ტონით,რომლითაც ლომი მას ნოტაციებს უკითხავს; ხოლო შემდგომ,თუ კურომ მორჩილება არ გამოუცხადა,ზურგს აქცევს და დიდი ხნით ებუტება. ასეთი საქციელის ხშირი განმეორება ნებისმიერ მიწის ნიშანს აცოფებს. მაგრამ ეს ქალი უფრო მეტია,ვიდრე სიჯიუტე და უტეხობა. მასში აღმოაჩენთ მუდმივობას,გამბედაობას,გულითადობას,სიმშვიდეს,გამძლეობასა და ღრმა გრძნობებს. თანდაყოლილი თვითირონია,საკუთარ თავზე ხუმრობისა და გაცინების უნარი კი კუროს ერთერთი საუკეთესო ღირსებაა. ის პრაქტიკული და კეთილგონიერია,არ ახასიათებს ექსცენტრული გამოხტომები და არასოდეს თვალთმაქცობს. ერთი სიტყვით,ის ღირსეული და დასაფასებელი ქალია.
რაც შეეხება ლომს,ის უფრო მეტია,ვიდრე სიამაყე,პატივმოყვარეობა და ეგოიზმი. ის ასევე საოცრად სიცოცხლისმოყვარე, თავდაჯერებული,ოპტიმისტი,სულგრძელი,ხელგაშლილი და მეფური ბუნების ადამიანია. როდესაც მას აგრძნობინებენ,რომ ის სჭირებათ,ტოლი არ ჰყავს დიდსულოვნებასა და კეთილშობილებაში.
ლომი მარტო იბრძოლებს მთელ რაზმთან იმისათვის,რომ დაიცვას ის,რაც მისი გულისთვის ასე ძვირფასია. ნებისმიერ ძალას შეებრძოლება,რომელიც მის საყვარელს ემუქრება,როგორი უთანასწორო ბრძოლაც არ უნდა იყოს. მან უნდა გაიმარჯვოს,რათა დაამტკიცოს,რომ კუროს ღირსია. ის ძალიან ჰგავს მეფე არტურის დროინდელ რაინდს,იმ განსხვავებით,რომ მეფეც თვითონ არის და რაინდიც. ის თითქოს მართლაც სხვა ეპოქიდანაა. იმ დროიდან,როდესაც ჯერ კიდევ სჯეროდათ ოცნებების და არსებობდა დასაპყრობი სამეფოები. ახლა კი ლომი ისეთ დროში ცხოვრობს,სადაც არავის სჭირდება მისი აღმატებულება და იდეალები. ლომი,თავისი კეთილი და ამაყი გულით,იმაზე მოწყველადი და მარტოსულია, ვიდრე ისინი წარმოიდგენენ,ვინც მხოლოდ მის გარეგნულ აბჯარს და ქედმაღლობას ხედავს.
…და მნიშვნელობა არ აქვს რამდენ წინააღმდეგობას გადალახავენ ისინი ჰარმონიის მისაღწევად. კურო და ლომი მთელ სამყაროს დაუპირისპირდებიან,საჭიროების შემთხვევაში. ისინი წარმატებით ჩააბარებენ ნებისმიერ გამოცდას ერთგულებაზე და სრულიად შესაძლებელია,ეს იქცეს ერთერთ საუკეთესო სასიყვარულო სიმღერად.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.
სტატიის ავტორი Qet Adastra