ლომი და თევზები

ლომი და თევზები

_ ახლა უნდა მითხრა: „არის, სერ!“

_ არის, სერ!

აღარ იყო საჭირო იმის გარკვევა, ვინ იყო მათი კაპიტანი.

მოგზაურობის დასაწყისში, სანამ გზას გავაგრძელებთ, უნდა შევიგნოთ, რომ თევზების ნიშნის ქალიცა და მამაკაციც ვერასდროს დაიპყრობენ ლომებს ბოლომდე. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს ასტროლოგიისა და ბუნების ყველა კანონს ეწინააღმდეგება. მაშინ რატომ ვაწყდებით ამდენ თევზებს, რომლებიც ლომებს ეტმასნებიან? იმიტომ, რომ ტყვეობაში მოხვედრა თევზებისთვის არც ისე უსიამოვნოა, როდესაც გამარჯვებული „დიდი კატაა“.

ლომები, როგორც წესი, გულმოწყალენი არიან დამარცხებულების მიმართ. გამარჯვებულ კეთილშობილ მონარქებს არ ახასიათებთ  სისასტიკე და ავი ზრახვები, თუმცა ეს  ხშირად კომპენსირდება  ქედმაღლობით. თევზები, პირიქით, ისურვებდნენ, რომ მათზე ვინმე ბატონობდეს (თუმცა სიყვარულით, რაც ასე დამახასიათებელია ლომებისთვის). როდესაც ადამიანს ვინმე ხელმძღვანელობს, მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად მარტივდება. აი, წარმოიდგინეთ, ვიღაც გეუბნებათ, რა აკეთოთ, თქვენც უჯერებთ და საკმარისი დრო გაქვთ ოცნებებისთვის.

თევზებს არ უყვართ  საპასუხიმგებლო გადაწყვეტილებების მიღება. ისინი ყოველთვის თანამშრომლობის მომხრენი არიან, რაც მათ ბევრ თავისუფალ დროს უტოვებს, რომ უდარდელად იცურავონ  წრეეზე, სანამ ვინმე მიმართულების შეცვლას არ შესთავაზებს. არც აქტიური მოქმედება, მართვა და ხელმძღვანელობა ეხატებათ გულზე  _  ეს მოსაწყენი საქმიანობებია, რომელიც იმაზე გაცილებით დიდი ენერგიის გაღებას მოითხოვს, ვიდრე საშუალო დონის თევზებს შეუძლია.

არიან თევზები, ვისაც ლომის დაპყრობა სწადიათ. თუ კონკრეტული თევზების ნათალური მარსი ვერძის ნიშანში მოხვდა, სრულიად დასაშვებია, მას ხელმძღვანელობა სურდეს და არა მორჩილება. ასეთ შემთხვევაში, მარსი ძლიერ გავლენას იქონიებს თევზებზე და მისი ჩვეული თვინიერება და მოქნილობა მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება. მაგრამ მარსიც კი, მთელი თავისი ძალით, ვერასდროს  დაამარცხებს აპოლონს, მზის ღმერთს. წაიკითხეთ ბერძნული მითოლოგია. არც ერთ პლანეტას, თვით მკაცრ  სატურნსა და საზარელ პლუტონსაც  კი  არ აქვს მზის ძალა.

მზის მდებარეობა, პირველი ჩასუნთქვის დროს, ადამიანის ჭეშმარიტი არსის გასაღებია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მზე ჩვენი სისტემის ყველაზე ძლევამოსილი ფიგურაა, ბუნებაშიც, მითოლოგიაშიც და ჰოროსკოპშიც. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მზე ლომის მმართელია. ასე მივუბრუნდით იმ საკითხს, ვინ იქნება ხელმძღვანელი ამ ორიდან. რა თქმა უნდა, ლომი.

მართალია, უფრო ძლიერი ვიბრაციის თევზები (მაგალითად, მთვარით ან მარსით ვერძში) ხშირად სერიოზულ გამოწვევას უცხადებს ლომს, მაგრამ რა შანსები აქვს თევზებს ლომთან, როდესაც თვით ვერძებიც კი ხანდახან იძულებულნი არიან  მის აღმატებულებას დაემორჩილონ  მშვიდობის შესანარჩუნებლად?

მაღალი შეფასება და აღტაცება ყოველთვის საამურია ლომის მზიური ბუნებისთვის და არავინ ისე  არ იხიბლება ლომით, როგორც თევზები. სამაგიეროდ, მისი სხივები ნაზად ათბობს თევზებს, რომელიც ასე საჭიროებს მზრუნველობას და არავის შეუძლია იყოს ისეთი მოსიყვარულე, როგორც ლომს. ამიტომ, თუ მათ მთვარეებს, ასცედენტებს ან მზე-მთვარეებს შორის სერიოზული წინააღმდეგობრივი ასპექტები არ არსებობს, ისინი ავსებენ ერთმანეთს და დიდ სიხარულს იღებენ თანამშრომლობისგან.

ეს საკმაოდ ხშირი ალიანსია, რადგან თევზებს დიდი სინაზე შეაქვს ლომის ცხოვრებაში, ლომი კი თევზებს ემოციური თუ სხვა ტიპის უსაფრთხოებით უზრუნველყოფს. თუმცა ლომს თევზების გადაყლაპვაც შეუძლია, როგორც საჭმელთან თამაშისგან დაღლილ კატას. ისინი შეუთავსებელნი არიან, თავიანთი ბუნებრივი არსით, ამიტომ, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყვნენ.

ლომის მშობლიური გარემო ცხელი ჯუნგლებია, თევზების_ ცივი ოკეანე. ეს მათი ძირითადი განსხვავებაა და  ერთერთს მოუწევს გარემოს სიმბოლურად შეცვლა. თუ ლომის ასცედენტი ან მთვარე წყლის ნიშანშია, მას  გაუადვილდება ჯუნგლებიდან პირდაპირ ნეპტუნის ღრმა წყლებში ისკუპოს. თუ თევზების ასცედენტი ან მთვარე ცეცხლის ნიშანშია, მას გაუდვილდება ხმელ მიწაზე სუნთქვა ისე, რომ კვლავ ოკეანეში გაქცევაზე არ იოცნებოს.

ლომისა და თევზების ნიშნების ვიბრაცია იმედისმომცემია დამაკმაყოფილებელი ურთიერთობისთვის. რადგან თევზები შინაგანად ისეთივე ღირსეულია, როგორც ლომი გარეგნულად. მათ შეუძლიათ წარმატებით ითანამშრომლონ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს ბიზნესი, მეგობრობა, ოჯახი თუ ქორწინება.

თევზებს ძალიან უჭირთ იმის გადაწყვეტა, რისი კეთება სურთ და ვინ არიან. ისინი სიამოვნებით ისმენენ რჩევებს თითქმის ყველასგან, თუმცა დიდი ხნით არავის დარიგებას მიჰყვებიან (თუ საერთოდ დაუჯერეს). ჰო, აი, აქ ნამდვილად შეიძლება წარმოიქმნას სერიოზული უსიამოვნებები. ლომის რჩევებს ყოველთვის ყური უნდა უგდოთ და გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალიან უბედური იქნება. ვინაიდან თევზებს სხვების უბედურებაზე, ლომებს კი სხვების უსაქმურობაზე გული უღონდებათ, ყველაფერი შეიძლება ლომის მძვინვარე ღრიალით და თევზების გულამოსკვნილი ტირილით დასრულდეს.

ხშირად თევზები ერთდროულად ორი შესაძლებლობის პერსპექტივით იხიბლება. ლომმა მას ორივე მხარის მოსინჯვის საშუალება უნდა მისცეს, თუ ეს აუცილებელია, რადგან თევზებს მეტი დრო და ნაკლები ზეწოლა სჭირდება საკუთარი თავის საპოვნელად. ბრძენია ის ლომი, რომელიც თევზებს მეტი გამოცდილების მიღების პრივილეგიას მიანიჭებს, ის ხომ სავსეა ღირსებითა და სიბრძნით. თევზებს არ აწყენდა ლომთან ყოველდღიურ კონტაქტში ახსოვდეს, რომ გულწრფელი სიყვარული გაცილებით უკეთ ამშვიდებს ველურ მტაცებელს, ვიდრე დაპრუწული ტუჩები, ცრემლები და დუმილი. თავის მხრივ, არც ლომმა უნდა დაივიწყოს, რომ სინაზე  საუკეთესო სატყუარაა, რომელზეც თევზები ებმება. სამეფო ღრიალი კი თევზებს მხოლოდ ფარფლების ღონიერი მოსმისა და შორს გაცურვისკენ უბიძგებს. მათ გაუჭირდებათ ერთმანეთზე მორგება და ერთობლივი ბედნიერების მიღწევა, თუ თითოეული მათგანი საკუთარი ხასიათის  ჩრდილოვან მხარეებს გამოავლენს.

ლომი ორგანიზატორთა კვადრატიდანაა და შეიძლება პერიოდულად ხარჯთაღრიცხვა მოითხოვოს. მაგრამ ის ცეცხლის ნიშანია. თევზებსაც არანაკლებ უყვარს ფულის ფლანგვა. მან შეიძლება კარგად შეასრულოს რთული ფინანსური ანგარიში, მაგრამ წყლის ცხოველი პატივს არ სცემს მატერიალურ ფასეულობებს,ფულსაც მათ შორის. ამიტომ, კარგი იქნებოდა, ფრთხილად დაეთვალათ შემოსავალ-გასავლის ბალანსი. ნეპტუნური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ ინტუიციურია და არა რაციონალური. ეს, ცხადია, რამდენადმე გაანაწყენებს ლომს, რომლისთვისაც რაციონალობა ერთადერთი გონივრული საფუძველია ნებისმიერი აზრისა თუ მოქმედებისთვის. რუტინული სამუშაო სრულიად ბუნებრივია ლომისთვის, ფიქსირებული ორგანიზატორისთვის. თევზებისთვის კი წესრიგი და დისციპლინა, რაც აუცილებელია წარმატებული ორგანიზებისთვის, აბსოლუტურად არაორგანულია. სამაგიეროდ, თევზებმა შეიძლება  ლომი იმით განარისხოს, რომ სწორი პასუხი იპოვოს ლომისთვის სრულიად  გაუგებარ  სიტუაციაში. ლომს უყვარს, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზეა. თევზებს კი მიაჩნია, რომ ცხოვრება, სადაც ყველა დეტალი აკურატულად ორგანიზებულია, ფუჭად ჩავლილია. ქაოსი და უწესრიგობა თევზების ბუნებრივი გარემოა.

თევზები იშვიათად  უპირისპირდებიან აგრესიას. მათი ბოლო გადაწყვეტილება და უკანასკნელი მოქმედება ყოველთვის უკან დახევაა. რთულია თევზების ვალდებულებებით გამოჭერა.  თუმცა ასტროლოგია საიდუმლოდ გამცნობთ, რომ თევზებს შეუძლია ყოვლისმშთანთქმელ ზვიგენად იქცეს. ეს სრული სიმართლეა. არის ზოგიერთი მუტაციები, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. მაგრამ ეს იშვიათი ზვიგენებიც კი, რომლებიც ხანდახან კირჩხიბებსა და ქალწულებს შთანთქავენ, მალე მიხვდებიან, რომ ლომთან ეს ნომერი არ გაუვათ. ლომი ან გამარჯვებული გამოდის ან თევზები მისგან შორს მიცურავს. მართალია, თევზები მოუხელთებლების  შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ „დიდმა კატებმა“  შესანიშნავად იციან, როგორ მიეპარონ ისეთ არსებებს, რომლებიც უსაფრთხოების ილუზიაში იმყოფებიან, სანამ უცებ საკუთარ სხეულზე ლომის ძლიერ თათს არ იგრძნობენ. ასე რომ, ლომისა და თევზების შეტაკების დასასრული საკმაოდ მარტივად პროგნოზირებადია.

ლომები, რომელთაც თევზებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება სურთ, უნდა დაეხმარონ მათ  დუალიზმის დაძლევაში, ნაზად ანუგეშონ, მათ ემოციურ თავდაუჯერებლობას დამამშვიდებელი მალამო წასცხონ  და რბილად გამოიყვანონ  ილუზიების ბურუსიდან  მზის სინათლით განათებულ  რეალობაში. ხედავთ, რა ბრძენნი არიან ვარსკვლავები?

ლომი ამ კავშირის ლიდერია და ეს ორივე მხარისთვის უკეთესია. თევზები საჭიროებს ძლიერ და მკაცრ ხელს, რომელიც  ცხოვრების უსიერ ტყეებში ხეტიალისგან  შეაკავებდა, სადაც არაერთი ხილული თუ უხილავი საფრთხე ელის. და ვინ არის საფრთხესთან შეჯახებისას ლომზე მამაცი და ძლიერი ? ლომი მას ყოველთვის დაიცავს. თევზებს მადლიერებისგან გული უჩუყდება. მაგრამ თუ ისინი წვიმაში მოყვნენ, სულიერად მოწიფული თევზები ასწავლის ლომს, როგორ არ დასველდეს  მოულოდნელ ცხოვრებისეულ სეტყვაში. ბოლოს და ბოლოს, სამეფო პროტექცია ნამდვილად იმსახურებს  ღირსეულ მადლობას.

 

 

ლომი მამაკაცი და თევზები ქალი

სტეფანე მღებრიშვილი და მაია დარსმელიძე

ის ზედმეტად კარგი იყო, 

რომ მონობისთვის გაემეტებინა,

მაგრამ პიტერი თვლიდა,

რომ ასე იყო საჭირო და მედიდურად უპასუხა:

_ ეს კარგია! ასე ამბობს პიტერ პენი!

 

ბუნებრივია, ყველა თევზები ქალი არ ემონება ლომ ქმარსა თუ საყვარელს, მაგრამ მათი უმეტესობა მოწიწებულ პატივისცემას განიცდის ლომის მიმართ და აღტაცებულია მისი ღრიალით. ის თევზებიც კი, ვისი მარსი და მთვარეც ვერძშია. დიახ, ზვიგენის ტიპის თევზებიც. თუმცა ამ უკანასკნელთ არა იმდენად შიში  უბიძგებთ სიფრთხილისკენ, უფრო დამთრგუნველი სცენების თავიდან არიდების სურვილი ამოძრავებთ. არავის სურს  დრამატულ ღრიალთან ან მედიდურ სიცივესთან პირისპირ შეჯახება, როდესაც  ლომს უპატივცემულობის ხიჭვებისგან  თათები ტკივა. ლომზე შეყვარებული ტიპური თევზები (არა ზვიგენი) ინტუიციურად გრძნობს, რომ ჯობია მის უდიდებულესობას დაემორჩილოს. თევზებმა კარგად იცის ეს და მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ის, როდესაც თავისი კეთილგანწყობილი მეგობრების რჩევებს ისმენს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ „ერთხელ მაინც გულახდილად უნდა დაელაპარაკოს“. თევზები ძალიან ბრძენია, როდესაც საქმე ადამიანის გულს ეხება. ის არასდროს მიმართავს დესტრუქციულ მეთოდებს.

ლომი ძალიან სენტიმენტალური და გამოუსწორებელი რომანტიკოსია. მხოლოდ კუროს შეუძლია იყოს უფრო სენტიმენტალური და რომანტიული. შეყვარებული ლომი, რომელიც მიჯნური თევზების ქალურობით სრულიად აღტაცებულია, ისე კარგავს თავს, მორჩილებისთვისაც მზადაა. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი კაპიტულაციაა. კარგად გახსოვდეთ, ლომი არასდროს ტოვებს ტახტს დიდ ხნით და არავითარ შემთხვევაში არ დათმობს  გვიგვინსა და სკიპტრას!  მართალია, შეიძლება მისი ტახტიდან გადმოგდება სცადოთ, მაგრამ მე მაინც არ გირჩევთ…

არასდროს უგულვებელყოთ ნიშნების მშობელი სტიქიების ფაქტორი. ლომი ცეცხლია, თევზები_წყალი. ნებისმიერ ცეცხლს ფარულად ეშინია, რომ წყალი  ჩააქრობს. მნიშნველობა არ აქვს, რამხელა ძალაუფლებას მოიპოვებს ის საყვარელ ქალზე; შინაგანი საფრთხის შეგრძნება, რომ გრძნეულ წყლის სტიქიას მისი მგზნებარე ენთუზიაზმის  ჩაქრობა შეუძლია, ყოველთვის რჩება. წყალსაც ეშინია ცეცხლის, რადგან იცის, რომ საკმარისი ძალის შემთხვევაში, მას ყველაფრის აორთქლება ძალუძს საკუთარ გზაზე. თუ მათ შორის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გაქრა, ორივემ იცის, რომ მეორეს მისი ინდივიდუალობის განადგურება შეუძლია. ასეთ სევდიან დასასრულს ჯობია, ლომს დაუთმოთ და დაემორჩილოთ… ყოველ შემთხვევაში, გარეშე თვალისთვის მაინც.

თევზები ქალი იშვიათად ცდილობს კაცის ხელმძღვანელობას. ის უფრო მის დარწმუნებას ეცდება _ რბილად, დაუჟინებლად, ნაზი ჩურჩულით. თუ ამან არ გაჭრა, მაშინ თევზები გაუცხოებულ დუმილს მიმართავს, რომელიც სავსეა ტკივილით და რომელსაც გულმართალი ლომის განრისხება შეუძლია. დამიჯერეთ, ნაზი ჩურჩული უკეთესი მეთოდია, წინააღმდეეგ შემთხვევაში, სახლი ცეცხლოვანი მრისხანებითა და ცრემლების ჩანჩქერით აივსება.

თავიდან ლომი გააღმერთებს თავის რჩეულს. შემდეგ მოითხოვს, რომ ის მის გამოგონილ იდეალს უნდა შეესაბამებოდეს. ლომისთვის რთული გასააზრებელია, რომ მისი სატრფო სრულფასოვანი ინდივიდია. ამის ნაცვლად, მას თევზები  საკუთარი პიროვნების ანარეკლად და დანამატად მიაჩნია. სწორედ ამიტომ განადიდებს და აღამაღლებს კვარცხლბეკზე, რის გამოც თევზები სასოწარკვეთილებაში ვარდება. მხოლოდ მორიელი და სასწორი მამაკაცები თუ ელიან ქალისგან იმდენს, რამდენსაც ლომი. როგორც ცეცხლის დანარჩენი ნიშნები, ლომიც ფრიად დრამატული  არსებაა. ამასთან, ის იმ ბედნიერი ნიჭითაც არის დაჯილდოებული, რომლის მეშვეობით  ყველა გრძნობასა და განცდას საოცარი ოსტატობითა და სიამოვნებით გადმოსცემს სიტყვიერი მონოლოგებით. თევზებს არ ეხერხება ბევრი და ხატოვანი ლაპარაკი. წინააღმდეგობის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ  ის  მინიმალური დაპირისპირების გზას ირჩევს და შორს მიცურავს. მუდმივი განსჯის ან მკაცრი ზეწოლის პირობებში თევზები სასწრაფოდ ქრება თვალთახედვის არედან. ქედმაღალი ნოტაციების დასრულების შემდეგ შემოტრიალებული ლომი, იმის შესამოწმებლად, რომ მისი აცახცახებული მსხვერპლი საკმარისად დამცირებული და დასჯილია, ცარიელ ადგილს აღმოაჩენს იქ, სადაც წუთის წინ თევზები გოგონა იჯდა და მოთმინებით აღსავსე ღიმილით უსმენდა. სად წავიდა? გაცურა, შორს  გაცურა.

ლომს ასევე ძლიერ ტანჯავს ისიც, რომ თევზები მას ბრძნულ რჩევებს არ ეკითხება. მისი მწუხარება იმდენად ღრმა და გულწრფელია, შეუძლებელია თანაგრძნობა არ გამოიწვიოს. სევდიანი, მარტოსული, გულგატეხილი ლომი სასოწარკვეთილად ცდილობს დამალოს, როგორ ცუდად არის… თუმცა ტიპური ლომი დიდი ხნით მარტო არ იცხოვრებს.

ერთადერთი დრო, როდესაც ამ წყვილს შეტაკებები არ აქვს, ძილის დროა. ვინც ძილის საკითხებს სწავლობს, იცის, რომ ცხოველთა მეფეს  დღე-ღამეში დაახლოებით ოცი  საათი სძინავს. თითქმის ასევე უყვართ ძილი ადამიან  ლომებსაც. რაც შეეხებათ თევზებს, არც ისინი არიან დილის რიჟრაჟზე მარდად წამოხტომის მოყვარულები. დიახ, ორივე ნიშანს ძალიან უყვარს ძილი. ასე რომ, მაღვიძარა იშვიათად გახდება კამათის საგანი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთმანეთს „დილა მშვიდობისას“ ეუბნებიან, რაც, როგორც წესი, სასიყვარულო აქტში გადაიზრდება. ეს პრელუდიაც არ არის, უფრო რაღაც ექოს მსგავსი რომანტიული მუსიკაა, რომელიც  დილას წინა ღამესთან აერთიანებს.

თევზები ლომისთვის VIII ასტროლოგიური  სახლის ბინადარია. ასე რომ, ლომი თავიდან განსაკუთრებულ მიზიდულობას განიცდის თევზები გოგონას მიმართ. ეს ვიბრაცია შეიძლება ასევე ლომის მყისიერი კაპიტულაციის საბაბიც გახდეს. თუმცა მოგვიანებით ის ხშირად გაოგნდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ გამოთქმა  „თევზივით ცივი“  ჩვენს ზეპირსიტყვიერებაში უმიზეზოდ არ გაჩენილა. თევზები ხომ სულაც არ არიან ცხელსისხლიანი არსებები. ვერ ვიტყვით, რომ თევზები ქალი ფრიგიდულია, უბრალოდ ხანდახან ის ვერ შეესაბამება რჩეულის მხურვალე ტემპერამენტს, რასაც ელის და მოითხოვს მისგან ლომი. სამაგიეროდ, ლომს სექსში რომანტიკაც სჭირდება, რისი გაცემაც თევზებს ზედოზირებულად შეუძლია.

ამ წყვილში ძალიან გავრცელებულია სექსუალური ეჭვიანობა. ტიპური თევზები ქალი ფლირტის განსახიერებაა. ლომი უმცირესი საფრთხის დროსაც კი, როდესაც მის რჩეულს  შეიძლება ვინმემ თვალი დაადგას, განრისხებული ღრიალებს. იმავდროულად, ის იმედოვნებს, რომ თევზები მშვიდ მთქნარებას მოჰყვება მის დაუფიქრებელ კეკლუცობაზე სხვა ქალებთან, რაც მამაკაცური პატივმოყვარეობის დაამებისა და აღტაცების მიღების წადილით არის განპირობებული.

თევზებიცა და ლომიც სიყვარულს ამაღლებულ სულიერ ეგზალტაციად განიხილავენ და ორივე ნიშნისთვის უმნიშვნელოვანეს  როლს ასრულებს. ფიზიკური სიახლოვისას თევზებ ქალს სჭირდება სრული ემოციური შერწყმა და მისტიური ერთობის განცდა. ლომი მამაკაცი უფრო ხელშესახებ დაკმაყოფილებას ეძებს _ სითბოს, სიყვარულს და ძლიერ ვნებებს. მას სჭირდება სენტიმენტალური სიტყვები სასიყვარულო აქტის დაწყებამდეც და შემდეგაც. თუმცა ზედმეტი ენაწყლიანობა ყოველთვის არ ზის ნეპტუნით მართული ქალის ხასიათში. ამიტომ, მათი საერთო ჰარმონიისა და ბედნიერების ინდექსი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რომელ ნიშნებში არიან განლაგებული მათი მთვარეები. თუ თევზების მთვარე ცეცხლის ნიშანშია, ლომის კი წყლის ნიშანში, ისინი მარტივად გაუგებენ და დააკმაყოფილებენ ერთმანეთის სურვილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ გარკვეული ძალისხმევა და დიდი მოთმინება დასჭირდებათ.

ორივე საჭიროებს ემოციურ თავისუფლებას და  რაც უფრო მეტად მიანიჭებენ ამ ძვირფას ძღვენს ერთმანეთს, მით უფრო მეტ სიახლოვეს მიაღწევენ. მაგრამ თავისუფლებას ყოველთვის თან უნდა ახლდეს ურთიერთნდობა და ერთგულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ერთისთვის გაქცევის, მეორესთვის კი წამების საფუძველი გახდება.

გლობუსის ერთ მხარეზე დაწყებული ძიება  ყოველთვის შეიძლება იმ წერტილში დასრულდეს, საიდანაც გზა დაიწყეთ, რადგან დედამიწა მრგვალია. სიყვარულიც წრეზე მოგზაურობს, თუ ის ჭეშმარიტია… განა  სიყვარული არ გენატრებათ ყველაზე მეტად, როდესაც ის მიდის და დაბრუნებას გპირდებათ?

 

 

ლომი ქალი და თევზები მამაკაცი

მანანა კოზაკოვა და ლევან წულაძე

 

_ ეს ჩიტი არ არის, _

თქვა მან შეშინებული ხმით,

ეს ქალბატონია.

 

 

თქვენ ფიქრობთ, რომ ტიპური ძუ ლომის მედიდური და ქედმაღალი ქცევები უცნობებთან, რომლებიც ხელსა და გულს სთხოვენ, თევზებ მამაკაცს იქამდე შეაშინებს, სანამ ლომი მას სატყუარაზე წამოაგებს? როგორ ფიქრობთ? თუ ასე ფიქრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ქალბატონის ხასიათს მეორე მხარეც აქვს. ლომ ქალს შეუძლია, თუ მას ასეთი ქცევა მოსწონს, მხიარული და სასიამოვნო  ზნეც  გამოავლინოს, ისეთივე თბილი და კეთილისმყოფელი, როგორიც მისი მმართველი მზეა. ამას გარდა, ყველა თევზები როდი ცახცახებს შიშისგან, როდესაც მისი ასტოლოგიური უდიდებულესობის  საზოგადოებაში იმყოფება. როგორც უკვე არაერთხელ გითხარით, არსებობენ ზვიგენებიც. მაგრამ ზვიგენსაც  კი არ შეუძლია ლომის გადაყლაპვა, თუმცა შიშისგან ნამდვილად არ აცახცახდება.

ტიპურ ზვიგენებს უდავოდ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა. თუმცა თევზებ მამაკაცთა უმრავლესობა სულაც არ არის ზვიგენი და მათ დახმარება დასჭირდებათ, თუ ასეთი ქალის ანკესზე გამოებნენ. ასე რომ, ისეთი სიტუაცია განვიხილოთ, როდესაც ლომი  კაუჭზე საშუალო სტატისტიკურ თევზებს წამოაგებს. ეს კი მართლა საშიშია.

ლომი ქალბატონის გარშემო ყველაფერი განსაკუთრებული სიცოცხლის წყურვილით ფეთქავს და სუნთქავს. „ვნახოთ, იმსახურებ თუ არა ჩემთან ყოფნას!“_ მდუმარე მზერით აგზავნის შეტყობინებას გრაციოზული ფისო.

თევზები ამან არ უნდა შეაჩეროს. ეს მხოლოდ პლებეებისგან გამოყოფის სამეფო ტაქტიკაა. მასთან გამკლავების ერთადერთი საშუალება კი ლომისთვის იმის დამტკიცებაა, რომ ის მდაბიო არ არის. მაგრამ როგორ უნდა დაუმტკიცოს  ეს ასეთ ქალს?

დავიწყოთ იმით, რომ თევზებს შეუძლია მეფურად გამოკვებოს და კარგი ღვინით დაათროს ლომი საუკეთესო რესტორნებში; ძვირადღირებული თუ არა, გემოვნებიანი საჩუქრებით აავსოს. გახსოვდეთ, იაფფასიანი ღვინის ბოთლი და სამაჯური, რომლისგანაც მაჯა გაუმწვანდება, ან კარნავალზე ტირში მოგებული პლასტმასის თოჯინა  ის საჩუქრები არ არის, რომელიც ლომს მოეწონება. გაისეირნეით მანჰეტენზე, მეხუთე ავენიუზე, ტიფანიში. ნუ მისცემთ ამ ბრენდს თქვენი დაფრთხობის საშუალებას. სულაც არ არის აუცილებელი მილიონერი იყოთ, რომ  იქ  ლომის გულის გასაღებს შესწვდეთ. მათ საკმაოდ საინტერესო ნაკეთობები აქვთ, 10-12 დოლარის ღირებულების. თევზებ მამაკაცს ნამდვილად შეუძლია ასეთი თანხის  ნაღდი ფულით შეგროვება, საყვარელ ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად. გარდა ამისა, ლომისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეფუთვას აქვს. საკმარისია კოლოფზე  Tiffany ამოიკითხოს, რომ ძუ  ყველაზე მშვენიერ ღიმილად დაიღვრება და მაცდური დაპირებებით აღსავსე  მადლობასაც გადაიხდის.

არის კიდევ კარგი გემოვნების სადემონსტრაციო საჩუქრები, რომლის ჩუქებაც თევზებს შეუძლია. მაგალითად, პატარა კნუტი ან თავისი ბავშვობის ფოტო, გვირილებით მორთულ ჩარჩოში, შუაში ოქროს ვარდით, რომელიც ლომს განასახიარებს.  გემოვნება ხომ მაინცდამაინც ფულს არ გულისხმობს. თუმცა რაც არ უნდა აჩუქოთ ლომ ქალს, ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ ტრადიციულ დღესასწაულებზე: დაბადების დღეზე, შობაზე, იუბილეებზე _ ეს აბსოლუტურად დაუშვებელია! ასე მხოლოდ პლებეები იქცევიან! თავის საჩუქარს თევზებმა ბარათი უნდა დაურთოს, წარწერით: „სამშაბათ  დილის აღსანიშნავად და უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ“. ან უთხრას, რომ საჩუქარი იმ საათისა და წუთის მისალოცად  გაუკეთა, როდესაც მას შეხვდა ერთი ან ხუთი წლის წინ, რამდენიც არ უნდა იყოს; ან სულაც დედოფალ ელისაბედ II  კორონაციის დღე მიულოცოს. ლომი ამას ნამდვილად დაუფასებს, რადგან ეს  მის სამეფო დიდებულებაზე მიანიშნებს. ლომებს შესაშნავი  იუმორის გრძნობა აქვთ, მაგრამ კარგად გახსოვდეთ მისი დახვეწილი გემოვნებაც  და არ მისცეთ თავს უხამსი  ხუმრობებისა და ანეკდოტების უფლება. ლომი საკმაოდ სენტიმენტალურია და ყველა წვრილმანი მისთვის ბევრს ნიშნავს. არ ღირს მისი ინტელექტუალური და რომანტიული ინტერესების უგულვებელყოფა. ეს ქალი ნამდვილი ქალბატონია  და მას ტკივილამდე თრგუნავს ყველაფერი მიწიერი, ჩვეულებრივი, ბანალური და უბრალო. სულ მცირე შემოქმედებითი მიდგომა და თევზები არაერთ საშუალებას იპოვის, რითაც  შეუძლია დაუმტკიცოს, რომ ის კეთილშობილ (ან მმართველ) კლასს მიეკუთვნება და ამიტომ იმსახურებს მის ყურადღებასა და პატივისცემას. მაგალითად, მას შეუძლია გამოავლინოს თავისი ბუნებრივი ნეპტუნური ნიჭიერება მუსიკისა და პოეზიის სფეროში.

თევზებს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ჭეშმარიტად სამეფო სისხლის არსებები ყველაზე რთულ სიტუაციებშიც ინარჩუნებენ ღირსებას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მის თავმოყვარეობას, არ ელაპარაკოს უხეშად და უპატივცემულოდ, იმ შემთხვევაშიც, თუ ლომი მართლაც იმსახურებს ვერბალურ ან ფიზიკურ გაროზგვას, რაც ხშირად ხდება. ასეთ დროს თევზებმა უნდა დასაჯოს ლომი, თუმცა კი ჯენტლმენურად. ეს საკმაოდ მარტივია, თუ თქვენ ერთხელ მაინც განგიცდიათ განსხვავება მდაბიო და მმართველ კლასებს შორის. მხოლოდ დედოფლის მიერ რაინდად კურთხეულ დიდგვაროვანს შეუძლია გაბედოს მისი ადგილზე მოსმა ან გაშოლტვა, როდესაც ის ცუდად იქცევა. გესმით? ვერა? კარგი, სხვანაირად ავხსნი: ლომი ქალი არასდროს დაემორჩილება მამაკაცს, რომელიც მისი თანასწორი არ არის და რომელსაც მისი მართვა არ შეუძლია, როდესაც ის ამას  საჭიროებს. ასევე მას არასდროს შეუყვარდება მამაკაცი, რომლის გამოც ბოდიშის მოხდა მოუწევს თავის მეგობრებთან.  ვერც ისეთი კაცი ეღირსება ლომის კეთილგანწყობას, ვინც მას ამცირებს, მნიშვნელობა არ აქვს  საჯაროდ თუ პირისპირ. ნებისმიერ სიტუაციაში ღირსების შენარჩუნება ჭეშმარიტად  დიდებულთა ხელოვნებაა, რომელსაც თევზები  ყველა სხვა ნიშნის მამაკაცებზე უკეთ ითვისებს, რადგან ის დაჯილდოებულია  ყველაზე ველური ცხოველების მოხიბლვის უეშმაკო უნარით, ნაზი თანაგრძნობისა და მშვიდი წინააღმდეგობის მეშვეობით. ამას გარდა, ის შესანიშნავი მსმენელია.  მისი ემპათიური და მგრძნობიარე სმენა  ყოველთვის ჩართული იქნება ლომის გულისნადების მოსასმენად. როგორც მოგეხსენებათ, ლომებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ აუდიტორია. ნეპტუნიელი მამაკაცი კი საუკეთესო მსმენელია.

თუ თევზებმა შემთხვევით ცრუ მოძრაობა გააკეთა მისი უდიდებულესობის მიმართულებით, კანკალმა უნდა აიტანოს დასჯის მოლოდინში. საბედნიეროდ, ძუ ლომის აურის ერთერთი ყველაზე ნათელი შეფერილობა სამეფო დიდებულებით მიტევების უნარია. თუმცა ის მხოლოდ მათ პატიობს, ვინც გულწრფელად ინანიებს. მას იმდენად მზიური ბუნება აქვს და იმდენ სითბოს გამოსცემს, განდიდების მანიის (ფსიქოლოგიური ტერმინი ერთობ გაფუყებული ეგოს აღსანიშნავად) აფეთქებების გარდა, თავის გარშემო ყველას გაბედნიერება შეუძლია. თუ ის საკმარის პატივისცემას იღებს, მის მომხიბვლელობას წინ ვერავინ აღუდგება. თუმცა  ლომს შეუძლია მდუმარე სიამაყით  გააგრილოს  ნებისმიერი მამაკაცის მხურვალება. ღმერთმა დაგიფაროთ, მას საკუთარი წესები უკარნახოთ! თუმცა თევზები არც კი შეეცდება ამის გაკეთებას. ეს მამაკაცი სიამოვნებით ემსახურება თავის დედოფალს, მთელი თავისი მომხიბვლელობით, გონებამახვილობითა და ინტელექტით, რადგან თანდაყოლილი  ინტუიციის წყალობით, ყოველთვის ზუსტად  გრძნობს მის განწყობას. ლომი ქალი ხშირად  სრულიად წარმოუდგენელ მოთხოვნებს უყენებს თავის სიყვარულის ობიექტს და გულწრფელად იმედოვნებს, რომ  მამაკაცი  უსიტყვოდ უნდა ასრულებდეს  მის ყოველ ახირებას. დედოფლის იღბლიანი რჩეული საკმარის ინტელექტსა და თავდაჯერებასაც უნდა ფლობდეს, რომ მისი სწორი იყოს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ნეპტუნით მართულ მამაკაცს ნამდვილად შეუძლია თავი გაართვას. თევზებთა აბსოლუტური უმეტესობისთვის მსახურება და მსხვერპლის გაღება სრულიად ბუნებრივი  მახასიათებლებია. ამიტომ, მისი დამახასიათებელი  თვითგვემა ხელშემწყობი ფაქტორი უფრო გახდება, ვიდრე ხელის შემშლელი. რაც შეეხება თანასწორობას, მისი ტელეპატიური უნარები და ინტელექტის ურიცხვი საზღვრები, რომლებიც კარმულად დანარჩენი 11 ნიშნისგან შეაგროვა, საკმარისად ბრწყინავს, რომ  ძუ ლომის აღფრთოვანებული ყურადღება მიიპყროს და ისიც დააჯეროს, რომ მან ზუსტად ის მამაკაცი იპოვა, რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა.

როდესაც სიყვარულის პირველი ალი ჩაცხრება, ლომი თანდათან გააცნობიერებს განსხვავებას ცეცხლისა და წყლის სტიქიებს შორის. ამ ელემენტების შეთავსება, როგორც, ალბათ, ფიზიკის საფუძვლებიდან იცით, შეუძლებელია მათთვის სრულიად უსაფრთხოდ. წყლის ბუნება ხშირად მოითხოვს განმარტოებას, მშვიდი განსჯისთვის. ამიტომ, ლომის ექსტრავერტულობა მათთვის ძალიან დამღლელია. ლომის  ბუნება უფრო კომუნიკაბელურია და უამრავ დრამატულ შერკინებას, კამათსა და შერიგებას მოითხოვს. როდესაც  ლომის წამონთებული ტემპერამენტი მხურვალედ გიზგიზებს, თევზები კი ამ დროს დუმს, ცეცხლოვან ქალბატონს ეს უარესად აბრაზებს. თევზების ოცნებებში ყვინთვა და სევდიანობა კი ნერვებს უშლის.

კონფლიქტების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი თევზების პირში წყლის ჩაგუბების თვისებაა. ლომმა ყველაფერი უნდა იცოდეს. ვის შეუძლია დედოფლისგან რამე დამალოს? თევზებს  და საკამოდ ხშირადაც, რაზეც ეს ამაყი ქალბატონი ან რისხდება ან იყინება, სანამ თევზები არ დაუთმობს. თუმცა თევზები ფრთხილად უნდა იყოს და ზედმეტად არ მიუშვას ლომის საყელური, თორემ მალე თვითონ აღმოჩნდება მასზე გამობმული.

ლომის  გულისკენ  მიმავალი გზა, სექსუალური ჰარმონიის გათვალისწინებით, მუსიკასა და პოეზიაზე გადის. სწორედ ასე გაიმარჯვეს ცეზარმა და მარკუს ავრელიუსმა კლეოპატრაზე, რომელიც ნამდვილად  ლომი უნდა ყოფილიყო. „თუ მუსიკა სიყვარულის საკვებია, მაშ დაუკარით!“  ლომებს უყვართ, როდესაც  სერენადებს უმღერიან, თუნდაც სიმბოლურად. ნილოსის ლამაზმანივით, ლომები აღმერთებენ  არომატიზებულ ზეთებსა და სხვა სასიყვარულო სათამაშოებს, თან რაც უფრო ეგზოტიკურია, მით უკეთესი. დაე, ეს მინიშნება იყოს თევზები მამაკაცისთვის. ლომი ვერასდროს მიიღებს სიამოვნებას შემთხვევითი სექსუალური კავშირისგან. ტიპურ ლომს არ უყვარს უწესრიგო სქესობრივი კავშირები, განსაკუთრებით თუ თავისი უფლისწული-მეუღლე იპოვა. ზუსტად ასევე, ჭეშმარიტად მონოგამიური ძუ ლომი, ეჭვიანობისგან აღრიალებული დაგლეჯს მოღალატე ქმარს ან საყვარელს. მართალია, მას თავად სჭირდება, რომ ნებისმიერი მამაკაცი აღმერთებდეს და მისით აღტაცებული იყოს, მაგრამ ის განაცხადებს, რომ ეს სხვადასხვა საკითხებია. იცით, რა არის, მას სამეფო პრივილიგებიები აქვს და ამ უფლებაზე დაყრდნობით შეუძლია აცდუნოს სხვისი მამაკაცი, მაგრამ როდესაც ეს მამაკაცი მისი გახდება, მას გვერდზე გახედვა კატეგორიულად აეკრძალება! საკმარისია მისმა რჩეულმა, უბრალოდ თვალი ჩაუკრას მის მეგობარს და ეს უწყინარი საქციელი მთელი ცხოვრება სანანებელი გაუხდება. ძუ ლომი თავისი მამაკაცისგან სხვა ქალთან ფლირტზე მინიშნებასაც კი არ აიტანს. მან მთელი ყურადღება უნდა მიუძღვნას მის უდიდებულესობას. არ იფიქროთ, რამეს ვაჭარბებდე. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უმსუბუქესი ჭრილობაც კი, ტიპურ ლომ ქალს სიყვარულის ფიზიკური ვნებით გადაცემის უნარს ართმევს. ეჭვიანობამ შეიძლება ყინულის დედოფლად აქციოს, რომელსაც არც სექსუალური და არც ემოციური სითბოს გაცემა არ შეუძლია. მეორეს მხრივ, ლომის ზედმეტად ხშირმა და მედიდურმა ჭკუის დარიგებებმა შესაძლოა ასეთივე ფიზიკურ უძლურებამდე მიიყვანოს თევზები მამაკაცი, რაც მათ ინტიმურ ცხოვრებაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება. თევზები მეტად მადლიერი უნდა იყოს ლომის ერთგულების  და მაქსიმალურად ეცადოს არ გამოიწვიოს მისი უკმაყოფილება. კარგი იქნება, თუ მის დაინტერესებულ რჩეულს გულახდილ პასუხებსაც გასცემს. მათი სექსუალურ ურთიერთობა დროდადრო მოსაწყენი ხდება. თევზები ძალიან ეფემერული, იდუმალი და მოუხელთებელია სექსის დროს, რომ სრულად დააკმაყოფილოს ჯუნგლების დედოფლის მოთხოვნები. ლომი კი შეიძლება იმდენად მომთხოვნი და დაჟინებული იყოს, თევზებს უფრო მეტი იდუმალებისა და მოუხელთებლობისკენ უბიძგოს. ეს  მოჯადოებული წრეა, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. ნეტავ, რომელი იწყებს ამას?

თვით ამ კავშირში, როგორც მინიმუმ, მინიშნება მაინც არის პასუხზე. ამ შეთავსების ვიბრაციის წყალობით, ლომი განსაკუთრებულ სექსუალურ მიზიდულობას, იდუმალების მაცდურ ხმობას და შინაგან წინააღმდეგობას განიცდის თევზები მამაკაცის მიმართ, რადგან ის მისთვის VIII ასტროლოგიური სახლის მკვიდრია. ბუნებრივია, სხვა პლანეტებს ამ ფაქტორების გაძლიერება ან შესუსტება შეუძლიათ, მაგრამ ასეთი მაგნიტიზმის სრულად გაქრობა წარმოუდგენელია. მეორეს მხრივ, ლომი თევზებისთვის VI, მსახურების, სახლის ბინადარია და სავსებით დასაშვებია, რომ ის გადაჭარბებულად ბევრი სამსახურის გაწევას ელოდება ამ ამაყი ქალისგან. ლომს კი მოგეხსენებათ ძალიან უჭირს საკუთარი სიდიადის  სხვებზე კონცენტრირება. ჯობია, ორივე  კარგად დაფიქრდეს ამაზე.

ჰარმონიული სინასტრიის შემთხვევაში, მათი თავდაპირველი  ურთიერთლტოლვა მხიარულ, ლირიულ და ნაზ ურთიერთობაში გადაიზრდება, რომელსაც თევზები დელიკატურობითა და რომანტიულობით, ლომი კი თბილი მიჯაჭვულობითა და მხურვალე ვნებებით გაამდიდრებს. ასეთი პლანეტარული მხარდაჭერის გარეშე, ლომი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ მისმა ძლიერმა მზიურმა სხივებმა და დაჟინებულმა სექსუალობამ (ან, პირიქით, სიცივემ) ფერფლად ან ყინულად არ აქციოს მისი რჩეულის სათუთი სურვილები. თევზებსაც არანაკლები სიფრთხილის გამოჩენა მართებს, რომ მისმა მეოცნებეობამ და მატერიალური სამყაროსგან გარიდების  მიდრეკილებამ ლომის მხურვალება არ გააგრილოს.

ყველაზე ძლიერი და ნაყოფიერი ქალური მოძრაობა, რომელზეც იშვიათად საუბრობენ, ქალთა და მამაკაცთა ემოციური თანასწორობის მოძრაობაა. მისი წარმატება ყველაზე ნანატრი ჯილდო გახდება ორივე სქესისთვის. როდესაც ხმაურიანი აღლუმები დასრულდება, მამაკაცებმა შეიძლება ისეთი ქალური თვისებები შეიძინონ, როგორიც არის თანაგრძნობა, მგრძნობიარობა და ფაქიზი აღქმა; ქალები კი ისეთ მამაკაცურ თვისებებს დაეუფლონ, როგორიც არის გამბედაობა, პირდაპირობა და დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა, ისეთ სასიყვარულო კავშირებში, სადაც ქალი მასკულინური მზის ნიშნით არის დაბადებული, მამაკაცი კი ფემინური მზის ნიშნით, ფხიზელი ყურადღება უნდა მიექცეს შეყვარებულებს შორის ემოციური თანასწორობის შენარჩუნებას. თევზები არც დედიკოს ბიჭია და არც ქალაჩუნა, თუმცა ზედმეტად პასიურია. ისევე როგორც მასკულინური ენერგიის ნიშნით დაბადებული ქალი აუცილებლად აგრესიული არ არის. თუმცა ორმაგი მამაკაცური ენერგიის (ცეცხლისა და მზის) გავლენის მეშვეობით, ლომი ზედმეტად ძლიერია, რაც ხშირად ხდება ენერგო დისბალანსის მიზეზი.

ლომთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას ადამიანის გულთან დაკავშირებული ყველანაირი ცოდნის გამოვლენა სჭირდება, რაც თევზებს ისედაც უხვად  უწყალობეს ვარსკვლავებმა. მართალია, თავიდან მას განრისხებულ მტაცებელთან მოუწევს შეტაკება, რომელიც იკბინება და იკაწრება. თუმცა შემდეგ, როდესაც ის დაიღლება, უცნაურად გადაიქცევა ალერსიან კნუტად, რომელიც საამოდ ეკრუტუნება თავის სიყვარულზე. ლომი ქალი ყინულისა და ცეცხლის, სამეფო ღირსების, სითბოს, უდარდელი მხიარულებისა და დიდსულოვნების ბრწყინვალე ნაერთია. ის შეიძლება გამაღიზიანებლად თავნებაც იყოს და მაცდურად მორჩილიც. ჯერ გულიანი სიცილით გადაიქნევს ფაფარს, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფილი თავმოყვარეობის გამო ცრემლებად იღვრება…  ქცევათა მთელი ეს თაიგული კატისებრი გრაციით ხორციელდება.

ლომის ცივი მედიდურებისა და მომხიბვლელობის კაუჭზე  გამობმულ  თევზებს საერთოდ აღარ აოცებს, რატომ ეთაყვანებოდნენ ძველი ხალხები კატებს. ხანდახან ის თავს მართლაც ისე გრძნობს, თითქოს პირამიდებში, კატისთავიანი ღვთაების წინაშე დგას მუხლმოყრილი. ეგვიპტელები აიგივებდნენ კატისა და ქალის სახებებს. ლომი თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ნამდვილი ქალია  და ის სიამოვნებით გახდება თევზების ქალღმერთი, თუ ეს უკანასკნელი ამას აღიარებს.

სირთულეები, რომელსაც თევზებზე შეყვარებული ძუ ლომი აწყდება, ასევე მოითხოვს იმ სითბოსა და სიბრძნის გამოვლენას, რომლითაც ის უხვად არის დაჯილდოებული თავისი მმართველისგან. თევზები აუცილებლად გამოავლენს ნეპტუნურ გაუცხოებასა და ყინულოვან სიცივეს, თუ ლომი შეეცდება მის საიდუმლოებებსა და მარტოობაში შეიჭრას. დიახ, თევზები ნაზია, გულისხმიერი და ყოველთვის თანაგრძნობით უსმენს ლომს, თუ ის მძვინვარე ეჭვიანობითა და პერმანენტული დამრიგებლობით არ გაუწყალებს გულს. ამ შემთხვევაში, თევზები დაასკვნის, რომ დედოფალი მისთვის არ არის და შორს გაცურავს, ვინმე უფრო მარტივის მოსაძებნად.

მართალია, ხანმოკლე განშორება ბევრ წყვილს უხდება, მაგრამ  იცოდეთ, რომ ეს არავითარ სარგებელს არ მოუტანს ამ წყვილს. განშორება მხოლოდ გააგრილებს მათ ინტერესს.

ლომს უსაზღვრო ცრუ სიამაყე აქვს, თევზებს _ არავითარი. ამიტომ, თევზები მშვენივრად უამებს ლომს უკიდურესად მოწყვლად ეგოს. მეორეს მხრივ, ვინაიდან თევზები უაღრესად თავდაუჯერებელია, ლომი კი, პირიქით, საშინლად თავდაჯერებული, დედოფალი ნაზად ამშვიდებს რჩეულს და დაუჟინებლად უქარწყლებს შინაგან შიშებს.   აი, თქვენ წარმატებული ურთიერთობის ერთერთი მეთოდი: უწილადეთ ერთმანეთს საკუთარი ღირსებები  და იმავდროულად, თანაუგრძნეთ ერთმანეთის სისუსტეებს.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top