ლომი და მორიელი

ლომი და მორიელი

_ ყოყლოჩინა და ქედმაღალო ბიჭო, _ თქვა კაუჭამ _ ბედისწერასთან შესახვედრად მოემზადე!

_ ბრაზიანო და მოღუშულო კაცო, მე შენ დაგამარცხებ! _ უპასუხა პიტერმა.

კარგი ამბებით დავიწყოთ! ლომი და მორიელი აბსოლუტურად გულწრფელ პატივისცემას განიცდიან ერთმანეთის მიმართ. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ყველა ცეცხლის ნიშანი (და ლომი გამონაკლისს არ წარმოადგენს ამ წესიდან) ინსტინქტურად გრძნობს, რომ მათი კაშკაშა ენთუზიაზმი შეიძლება მორიელის წყლის სიღრმეებში ჩაიკარგოს. ყველა წყლის ნიშანს (და მორიელსაც მათ შორის) ინტუიციურად ესმის, რომ თუ ლომის ცეცხლს უკონტროლოდ გავრცელების საშუალებას მისცემს, ამან შეიძლება მათი მგრძნობიარობა ააორთქლოს და საერთოდ  გააქროს. მორიელი უმალ სიბნელეში გაუჩინარდება, ვიდრე ასეთ საფრთხეს პირისპირ შეხვდება, რადგან თავს უფრთხილდება, თანაც  ძალიან!

ორივე მუდმივი ნიშანია და ორივეს დომინირება სწადია. მორიელი კიდევ  ახერხებს ამ სურვილის საიდუმლოდ შენახვას; აი,ლომს  ძალიან გამოკვეთილი აქვს. ამიტომ, შორიდან დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ საბოლოოდ ლომი გაიმარჯვებს. ყველა დამკვირვებელი ხომ ასტროლოგი არ არის… ასტროლოგებმა კარგად იციან მორიელის დროში გათვლილი სტრატეგიები და მოულოდნელად თავდასხმის თვისება, როდესაც მისი სამიზნე ყველაზე ნაკლებად ელის დარტყმას.

მორიელი მგრძნობიარეა. ის ინსტინქტურად გრძნობს, როდის არის ლომის სიამაყე შებღალული. მისი ნუგეში და დაცვაც მშვენივრად შეუძლია, თუ ჭრილობა სხვამ მიაყენა. თუმცა ლომის შელახული თავმოყვარეობის მიზეზი ხშირად თავად მორიელია. ამ შემთხვევაში, თანაგრძნობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და ამაში დამნაშავე თავად ლომია. მე ძალიან ბევრჯერ გაგაფრთხილეთ: ნაწყენი მორიელი აუცილებლად შურს იძიებს  და საპასუხოდ დაგგესლავთ! როდესაც მორიელი რისხდება, ის მართლა გიჟდება და ვერანაირი მეთოდით ვერ მოიყვანთ გონს. გარიდება და იმის ლოდინი, როდის შეწყვეტს გაცოფებული მორიელი დუღილს _ ასევე ვერ გიშველით. მორიელის რისხვა არსად გაქრება, როდესაც დაბრუნდებით. რადგან მორიელი იმ ადამიანთა რიცხვიდან არ არის, ვისაც პატიება შეუძლია, მასთან უსაფრთხოდ ყოფნის ერთადერთი საშუალება გონივრული ასტროლოგიური რჩევის გათვალისწინებაა _ პლუტონიელებზე ხშირი და ძლიერი ზეწოლა კატეგორიულად დაუშვებელია!

სამწუხროდ, ლომი იშვიათად ითვალისწინებს ამ რჩევას. მას მიაჩნია, რომ მორიელის გარშემო თითის წვერებზე სიარული ლაჩრების ხვედრია. ლომის ამაყი და უშიშარი ხასიათისთვის მიუღებელია ასეთი სიფრთხილე. ასე რომ, ხშირად სწორედ ლომი  უგულვებელყოფს მორიელთან ურთიერთობის ინსტრუქციებს.

უცნაურია, მაგრამ ამ ტიპის ურთიერთობა უფროსებსა და უმცროსებს შორის, როდესაც ასაკობრივი სხვაობა დიდია, გულისამაჩუყებელი სენტიმენტებითა და სიახლოვით არის სავსე, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ნათესავები არ არიან. ეს ძალიან ჰგავს დედობრივ ან მამობრივ მზრუნველობასა და პროტექციას. შეიძლება ასე იმიტომ ხდება, რომ პატარა ლომს ჯერ არ გადაზრდია გვაროვნული სიამაყე ამპარტავნებაში და მორიელის პროტექციას სრულიად მშვიდად ხვდება. ან იქნებ იმიტომ, რომ უმცროს არწივში ჯერ კიდევ არ არის ჰიპერთროპირებული უნდობლობა და რევანშიზმი და ის კეთილგანწყობილია ლომის თეატრალურობის მიმართ. თუმცა რაც უფრო იზრდებიან ლომი და მორიელი, მით უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდებათ, ჰარმონიის მისაღწევად.

მე ვიცნობ ერთ მორიელ ბიჭს,რომელსაც ძმასავით უყვარდა თავისი უფროსი ლომი მეგობარი.  მისი მერწყული ძმა ახალგაზრდული ასაკის ქარტეხილებთან ბრძოლით იყო გართული და მას საკმაოდ ცივად ეპყრობოდა. როდესაც მორიელი ისეთ ვინმეს ან რამეს გადააწყდება, რაც მის პატივისცემას იმსახურებს, არავის შეუძლია თავისი აღტაცების წარმოჩენა ისე ძლიერ, როგორც არწივს. მაიქლმა ბევრი ასეთი თვისება აღმოაჩინა თავის უფროს მეგობარში. ბობი მოთმინებითა და სიყვარულით ასწავლიდა მას, როგორ დაეჭირა ხვლიკები  ან როგორ გაეშვა ფრანი ისე, რომ ლამაზად ელივლივა ღრუბლებში. ის სიამოვნებით უყვებოდა ისტორიებს ჰობიტებზე და მთელი სერიოზულობით უხსნიდა, როგორ მუშაობს ავტომობილის სახელური. ასე განსაჯეთ, დედამისს მკაცრი ტონითაც განუცხდა, რომ მისი შვილი სათანადო პატივისცემით მოპყრობას იმსახურებდა. გაოცებულ ქალბატონს ლომმა აუხსნა, რომ მას თხოვნით უნდა მიემართა ბიჭისთვის და არა უხეში ბრძანებებით გაეგზავნა საკუთარი მითითებების შესასრულებლად. ეს ყველაფერი ნელა, მაგრამ სამუდამოდ აღიბეჭდა პლუტონისეულ ქვეცნობიერებაზე. შემდეგ დადგა დღე, როდესაც ისინი კლდის ქიმზე იდგნენ ოკეანის სანაპიროსთან. მოულოდნელად კლდეს უზარმაზარმა ტალღამ დაარტყა და ბობს რომ მაგრად არ დაეჭირა ბიჭი, მას წყალი წაიღებდა, მან კი ცურვა არ იცოდა. მაიქლი დარწმუნებული იყო, რომ ბობმა სიკვდილს გადაარჩინა და ყოველთვის უდიდესი პატივითა და მოწიწებით ეპყრობოდა უფროს მეგობარს.

მოგვიანებით ბობი სხვა ქალაქში გადასახლდა. დრო გადიოდა, მაგრამ ხანგრძლივმა განშორებამ ვერ შეარყია მაიქლის რწმენა და ერთგულება შორეული მეგობრის მიმართ. მან იცოდა, რომ ბობს საპატიო მიზეზი ჰქონდა წასასვლელად და ერთხელაც ის აუცილებლად დაბრუნდებოდა. თითქმის შვიდი წლის შემდეგ ბობი მართლაც დაბრუნდა და მათი მეგობრობაც უწინდებურად განახლდა. კარგად დაიმახსოვრეთ, მორიელები უკიდურესად იშვიათად ცდებიან ადამიანებში.

პლუტონიელ და მზიურ ადამიანებს შორის ურთიერთობა  „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპით ეწყობა. ლომიც და არწივიც ვერ იტანენ ზერელე დამოკიდებულებას მზრუნველობის მიმართ. ისინი ან მთლიანად გატაცებულნი იქნებიან ან სრულიად დააგნოირებენ ერთმანეთს.

ნაკლებად ბედნიერ ლომი-მორიელის წყვილებში თავდაპირველი მიზიდულობა იმაზე მცირე ხანს გრძელდება, ვიდრე თავიდან იმედოვნებდნენ. თუ მათი მთვარეები დაძაბულ ასპექტებს ქმნიან, სულ მალე მათ შორის იმედგაცრუება დაისადგურებს. მორიელის წესი, „მე ყოველთვის მართალი ვარ“, ხმამაღლა რომც არ გამოთქვამდეს, თავიდან გააღიზიანებს, შემდეგ კი საშინლად განარისხებს ლომს. არწივს არ უყვარს საკუთარი უპირატესობის ხმამაღლა მტკიცება. მისი ცივი, გამჭოლი და თავდაჯერებული მზერა ყველაფერს ნათლად ცხადყოფს. ლომის აღშფოთება, ცხადია, უსამართლოა, რადგან თვითონაც ყოველთვის საკუთარ შეუმცდარობას ღაღადებს. ლომიც ყოველთვის ყველაფერში მართალია და ყველა დანარჩენი ცდება. და მაინც, ლომი ყოველთვის ისეთი თავდაჯერებული ვერ არის, როგორც მორიელი. ამ ორი ნიშნის თვითკმაყოფილი აღმატებულება ისე ჰგავს ერთმანეთს, კარგი იქნებოდა, მეტი მოთმინება და ურთიერთგაგება გამოეჩინათ. მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება.

ორივე ნიშნის მუდმივი მოდალობა ასევე ვერ იქნება ხელშემწყობი ფაქტორი, რადგან ეს მათ სიჯიუტეზე მეტყველებს. სცადეთ, აბა, ლომის ან მორიელის (კუროს და მერწყულისაც) რამეში დარწმუნება, გადარწმუნებაზე უბრალოდ ნერვები აღარ გეყოფათ, და თქვენ მიხვდებით, რას გულისხმობს ფიქსირებული ნიშნების სიჯიუტე.

მორიელი შეიძლება მშვიდად უსმენდეს ლომის მონოლოგებს, მაგრამ მისი გარეგნული სიმშვიდე ნუ შეგიყვანთ შეცდომაში. არც ერთი მორიელი არ დაეთანხმება ლომის აზრს, სანამ მის საფუძვლიანობაში არ დარწმუნდება. მორიელი ან მყისიერ უარს განაცხადებს მისი შეხედულებების გაზიარებაზე ან თავის საყვარელ, შემოვლითი მანევრირების ტაქტიკას აამუშავებს, მალული დატყმისთვის. დიახ, ამას ასე ჰქვია! ყოველ შემთხვევაში, ლომი ასე აღწერდა მორიელის ტაქტიკას _ როდესაც პლუტონიელი ჯერ უკან იხევს, შემდეგ შემოვლითი გზებით მოღოღავს, შეუმჩნევლად ეპარება მსხვერპლს და სრულიად მოულოდნელად ურტყამს პირდაპირ მიზანში. ლომი არ ფლობს ასეთ თვისებებს.  მორიელები თავადაც აღიარებენ, რომ ლომებს არ ახასიათებთ  ჩუმ-ჩუმელობა. ისინი უბრალოდ მედიდური, ძალაუფლებისმოყვარე და, აქიდან გამომდინარე, თავგასული ხალხია. ლომი სახვევების ასაკიდან მიჩვეულია  თავნებობას. მაგრამ  მზიური ადამიანები იმდენად თბილი, გულუხვი და მეგობრულები არიან, ჩვეულებრივ ფრთხილმა მორიელმაც კი შეიძლება ვერ იგრძნოს მოსალოდნელი საფრთხე. სამაგიეროდ, მორიელებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, დამარცხებულად მოგაჩვენონ თავი, როდესაც რეალურად გოჯითაც არ დაუხევიათ უკან. ამიტომ, ლომი ვერც ისე სწრაფად ხვდება, რომ წინ ვატერლოუ ელოდება.

გაბრაზებული ლომი მედიდურად იბუტება ან გამძვინვარებული ღრიალებს. მისმა ღრიალმა თავიდან შეიძლება მცირედ ააღელვოს კიდეც მორიელის მგრძნობიარე სული და დროებით უკან დახევისკენ  უბიძგოს, მაგრამ თუ ლომმა რისხვა ხშირად გამოვლინა, საპასუხოდ მხოლოდ მორიელის  ავბედით  მზერას მიიღებს.  მორიელის მტრული მზერა კი ისეთივე სასიამოვნოა, როგორც ტარანტულებით სავსე ქვიშაში თამაში.

თუ ლომი და მორიელი საკუთარი ტემპერამენტის მართვას ისწავლიან და საერთო ინტერესებსა და მიზნებზე კონცენტრირდებიან, ისინი წარმატებით ითანამშრომლებენ. ეს ჰარმონიულად შეთამაშებული დუეტი გამანადგურებელ ძალას წარმოადგენს ყველასთვის, ვისაც ლომის მხურვალების ჩახშობა ან მორიელის წყლის ამღვრევა გადაუწყვეტია.

მორიელთან ლომს მოუწევს თავისი მედიდური გამოხდომების დავიწყება. თუმცა ის ვერც ერთ მზის ნიშანთან ვერ მიაღწევს ისეთ სიღრმისეულ  გაგებასა და ერთგულებას, როგორც მორიელთან. მხოლოდ ამას დამსახურება სჭირდება! ამიტომ, ხანდახან ღირს რამდენიმე მწარე აბის გადაყლაპვა, ამპარტავნების „მოსარჩენად“, რომ შემდეგ ისეთი ძალით მოგაგონ პატივი, როგორიც მხოლოდ პლუტონს შეუძლია.

 

 

 

ლომი მამაკაცი და მორიელი ქალი

Jason Momoa & Lisa Bonet

 

_ ჰო? _ თქვა ვენდიმ და სახე გაუბრწყინდა._

ძალიან მინდა, ოღონდ არ ვიცი, გავუმკლავდები თუ არა.

მე ხომ ჯერ მხოლოდ გოგო ვარ.

_ მაგას არ აქვს მნიშვნელობა! _ ისე თქვა პიტერმა,

თითქოს მშვენივრად ერკვეოდა დედებში.

 

ის ტყუის!.. როგორც ხანდახან ტყუიან მორიელები, ძლიერი განცდების მიჩქმალვის სასოწარკვეთილ მცდელობაში. გამოცდილება არ აქვს? მას პლუტონის სიბრძნის უსასრულო განსხეულებათა გამოცდილება აქვს! და ნუ მიაქცევთ ყურადღებას საკუთარი გრძნობების გულმოდგინედ დათრგუნვის მცდელობებს.

მორიელ ქალს თავიდანვე ძლიერ იტაცებს ლომი მამაკაცი, იმ თავდაჯერების გამო, რომელსაც ლომი ასე უდარდელად ასხივებს. ის თვითონაც თავდაჯერებულია და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ლომზე გაცილებით მეტად, მაგრამ მორიელმა არ იცის ამ თვისების ისე ბრწყინვალედ დემონსტრირება, როგორც ლომმა. მაშ ასე, მორიელი ქალი ლომში უამრავ ღირსშესანიშნავ და პატივსაცემ თვისებას ამჩნევს. მისგან განსხვავებით, ლომმა თვითგამოხატვის მეთოდებიც იპოვა. მორიელის თავდაჯერება, შინაგან რწმენასთან დაკავშირებით, საიმედოდ არის ჩარაზული. შესაძლოა ლომს გასაღები აღმოაჩნდეს და თუ ასე მოხდა, რა მშვენიერ თავისუფლებას აჩუქებდა მას!..

ლომსაც ამავე მიზეზებით იზიდავს მორიელი ქალი. მორიელმა არ იცის, რომ გარშემომყოფებზე ცივად გაწონასწორებული და შინაგანი სიბრძნით აღსავსე ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ადამიანთა უმეტესობა, ვინც მის მზერას აწყდება, მყისვე ზურგს აქცევს მას, რათა თავიდან აიცილონ  „ღმერთმა უწყის რა“. სამაგიეროდ, აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან, რომ მასთან ზედმეტად მიახლოება არ სურთ. მაგრამ მამაცი და გულზვიადი ლომი ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის?!. ის ინუსხება მორიელის მზერით. ხანდახან მას ეჩვენება, რომ მისი თვალების ცივ ტბაში იძირება და მორიელი მდუმარედ გადასცემს მისტიური საიდუმლოებების ცოდნას; ხანაც ლომს ჰგონია, რომ ზედმეტად მიუახლოვდა მისი მზერის სიღრმეში მღელვარე ტალღებს. ეს ყველაფერი დიდად აღაგზნებს ლომს… თუ, რა თქმა უნდა, ბავშვობაში მოჩვენებებით არ შეაშინეს.

მორიელს შურს ლომის სითბოს გამოსხივების უნარის. როგორც არ უნდა მოინდომოს მორიელმა, მისი სითბო, ყოველთვის დისტანციურ სიცივედ შეიგრძნობა, მათთვისაც კი, ვინც ყველაზე მეტად უყვარს, რადგან ის წყლის სტიქიას მიეკუთვნება. ლომს კი მზე მართავს, მაშინაც, როდესაც ის გაბრაზებული ან გაბუტულია. შეუძლებელია ლომის გვერდით ყოფნისას ვერ იგრძნოთ მზის სითბო, რომელიც  თქვენს მთელ არსში ატანს. როდესაც ლომი ბედნიერია, თქვენ გგონიათ, რომ მყუდრო ბუხართან ზიხართ. როდესაც თავს ნელ-თბილად გრძნობს, მაშინ თითქოს ნაკვერჩხლების სიახლოვეს თბებით.  გახურებული ლომი კი ტყეში გაჩენილ ხანძარს მოგაგონებთ. ეჰ, მორიელსაც რომ შეეძლოს ასე გულუხვი უდარდელობით ფლანგოს საკუთარი, გაცილებით ღრმა, ემოციები!..

მორიელი ცდილობს უფრო ღიად გამოხატოს გრძნობები, მაგრამ ეს ისეთი რთულია. და უცებ მის ცხოვრებაში ჩნდება მამაკაცი, რომელიც, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, გრაციოზულად დემონსტრირებს თავის სიამაყეს. სიარულითაც  გრაციოზულად დადის, როგორც ნამდვილი „დიდი კატა“ ჯუნგლებში და მისი დინჯი ნაბიჯებიც კი, უდავოდ, მის სამეფო ღირსებაზე მეტყველებს. არაფერია გასაკვირი, რომ მორიელი პატივს სცემს მას. ლომისთვის კი ამაზე სანუკვარი ძღვენი არ არსებობს, გაღმერთებას თუ არ ჩავთვლით.

თუმცა როდესაც  მათ  ედემის ბაღში  გველი იპარება, ორივე გაკვირვებული  და იმედგაცრუებულია. რა უნდა მომხდარიყო? მათ ურთიერთობაში ყველაფერი იმდენად მშვენიერი იყო… ნეტავ, რა გაფუჭდა?

ამ კითხვებზე პასუხების გაცემა არც ისე რთულია. ამასწინ  ჩემს მეგობრებს ვეწვიე კოლორადოში. მათ რესტორანი აქვთ, ქეროლს(ლომს) და მის ცოლს, ბარბარას (მორიელს).  გართობის მიზნით, პატარა თამაში შევთავაზე და ბარბარას ვკითხე: „შეგიძლია ერთი სიტყვით განსაზღვრო, ყველაზე მეტად რა არ მოგწონს ქეროლში? მხოლოდ ერთი სიტყვით. რა აფუჭებს  თქვენს ურთიერთობას  ყველაზე მეტად?“ ის წუთით დაფიქრდა, ქმარს  ცივი მზერით მიაშტერდა და გამოაცხადა: „მედიდურება“.  ბოლო დროს რაღაც სირთულეები ჰქონდათ, როგორც ყველა წყვილს ემართება დროდადრო. ვინაიდან ძალიან არ მსურდა ცეცხლისა და წყლის კონფლიქტის შუაში აღმოვჩენილიყავი, შევეცადე ლომის მზერისთვის თვალი ამერიდებინა და მხიარულად დავუსვი იგივე კითხვა მას. წამითაც არ დაფიქრებულა, დაბღვერილმა გახედა ცოლს და მრისხანედ დაიღრინა: „დუმილი!“

„შესანიშნავია! _ წამოვიძახე მე. _ უბრალოდ შესანიშნავია!“ გაოგნებულები მიყურებდნენ. მაშინ განმარტება ვიჩქარე: „მე იმის თქმა მსურს, რომ თქვენი პასუხები შესანიშნავი მაგალითია ლომისა და მორიელის დისჰარმონიის… ანუ ყველა ლომსა და ყველა მორიელს შორის“_ სწრაფადვე შევასწორე ნათქვამი.

ლომს შემდეგი კითხვა დავუსვი: „ახლა იქნებ ერთი სიტყვით განსაზღვრო ბარბარას ის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავს და აღგაფრთოვანებს?“ მისი რისხვა მოულოდნელად გალღვა, ცოლს ნაზად გახედა და სრულიად საოცარი რამ თქვა: „ალბათ, თავდადება. _ მცირედ დაფიქრდა და დაამატა, _ როდესაც ერთი თვის წინ ჰოსპიტალში ვიწექი, გიფსით გადახვეული და ტკვილგამაყუჩებლებით გაბრუებული, ყოველთვის, როდესაც თვალს ვახელდი, ის ჩემთან იყო. ის უბრალოდ გვერდზე იჯდა, რამე რომ დამჭირვებოდა. ჩვენი სახლიდან ჰოსპიტალამდე საკმაოდ შორია. მას კი იმდენი საზრუნავი აქვს: რესტორანი, ბავშვები, სახლი…  და მაინც, ვერაფრით ვხვდები, როგორ პოულობდა დროს. ის ყოველთვის ჩემთან არის, როდესაც მჭირდება… _ შემდეგ გაწითლდა და ენის ბორძიკით დაასრულა. _ მე ვფიქრობ, ის… ნუ, როგორც ვთქვი… ძალიან თავდადებულია“.

სანამ ლომი ლაპარაკობდა, მორიელი მთელი ძალისხმევით ცდილობდა, თვალებზე მომდგარი ცრემლები შეეკავებინა. აქამდე მათ შორის არსებული  დაძაბულობა ჯადოსნურად გაქრა. მათ წამიერად და მრავლისმეტყველად გახედეს ერთმანეთს. მაშინ ლომის თვალებზეც გაიბრწყინა ცრემლებმა. მართალია, არ მინდოდა ამ მაგიური წამის დარღვევა, მაგრამ მაინც გავაგრძელე ეს საინტერესო თამაში და ახლა ბარბარას ვკითხე: „და შენ? რომელ ერთ სიტყვას აირჩევდი ქეროლის დახასიათებისთვის, რის გამოც გიყვარს ის?“

მორიელი დუმდა. ძალიან დიდხანს დუმდა. ბოლოს, საკუთარი გრძნობების გამოხატვის უუნარობით განაწყენებულმა, თავისთვის ჩაიბურტყუნა: „მაპატიეთ… გესმით, მე… არ შემიძლია ამაზე ფიქრი… უბრალოდ არ ვიცი“. მის სიტყვებს კიდევ რამდენიმე წუთიანი დუმილი მოჰყვა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქეროლს მარადისობად მოეჩვენა. თუმცა რადგან ტიპური ლომი გახლდათ და არასდროს განიცდიდა სიტყვების უკმარისობას, ჩვეული მხიარულებით ჩაერია: „მიდი, ბარბარა, ნუ გრცხვენია. რატომ არ უშვებ, რომ ეს სიტყვა შეიძლება იყოს საყვარელი ?“  ბარბარა კვლავ დუმდა, თუმცა ლომს რა გააჩუმებდა: „სიტყვას ეძებ, ჰო?  საყვარელი? ან იქნებ სიტყვა სრულყოფილი  უფრო მიხდება?“

ნერვიულად გამეცინა. უფრო სწორად მე და ლომი ვიცინოდით, მორიელმა მხოლოდ გაღიმების სუსტი მცდელობა გამოავლინა, შემდგ მოიბოდიშა და სამზარეულოში გავიდა, ყავის მოსატანად. ახლა ლომიც დადუმდა. ვგრძნობდი, რომ ჯობდა ხმა არ ამომეღო. უხერხულობამ თითქმის ხორცი შეისხა. მოულოდნელად ბარბარა სამზარეულოდან გამოვარდა და მხიარულად გაიღიმა:

„ვიპოვე! სიტყვა ვიპოვე! _ გამოაცხადა აშკარად გულშემსუბუქებულმა _  ეს სიტყვა „საიმედოობაა“. ის ისეთია… საიმედო ადამიანია! მე ყოველთვის ვიცი, რომ დანაპირებს შეასრულებს. მას არასდროს დაუღალატებია. თუ რამეს დამპირდა, ზუსტად ვიცი, რომ სიტყვას არ გადავა. ის ყველაზე საიმედო ადამიანია, რომელსაც ცხოვრებაში  შევხვედრივარ. მე ვფიქრობ… მგონი, სწორი სიტყვა შევარჩიე, „საიმედო“!

აი, ასეთი სიტყვების კასკადი ქალისგან, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თითქოს მეტყველების უნარი დაკარგა. მას ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, რომ, როგორც იქნა, თავისი წრფელი გრნობები გამოხატა.

ლომი ღიმილად დაიღვარა, როგორც იქცევიან ლომები, როდესაც რამე სიამოვნებთ. თუმცა ისინი ასევე იშმუშნებიან და ცოტას უხერხულობენ კიდეც შექებისას. ქეროლმაც ხუმრობით შენიშნა: „მაინც არ გინდა „საყვარელი“ და „სრულყოფილი“ დაამატო?“  მაშინ მორიელი, როგორც იქნა, ქათინაურების სამეფო ულუფით გაუმასპინძლდა. მომდევნო ნახევარი საათი მათგან ისეთი სინაზე მოდიოდა, მოვუბოდიშე და ნაადრევად წამოვედი, კიდევ ერთხელ დარწმუნებული, რომ ასტროლოგიას სასწაულების მოხდენა შეუძლია, როდესაც მას სწორად იყენებენ.

ეს სრული სიმართლეა, რომ მორიელის დუმილი ძალიან აღიზიანებს ლომს. ის გაცილებით თავისუფლად გამოხატავს თავის კმაყოფილებასა თუ უკმაყოფილებას. მისთვის აუცილებელიც კი არის საკუთარ გრძნობებზე საუბარი. მაგრამ ლომ მამაკაცს არასდროს მოსდის თავში აზრად, რომ პლუტონით მართული ქალი სწორედ მისი მუდმივი ზეწოლის გამო დუმს.

მორიელ ქალს მტკივნეულ ჭრილობებს აყენებს და ხანდახან პირდაპირ აცოფებს ლომის აუტანელი მედიდურება, მაგრამ ის იშვიათად აცნობიერებს, რომ მის რჩეულს მხოლოდ გულწრფელი შექება და აღტაცება სჭირდება, რის შემდეგაც  კმაყოფილად აკრუტუნდება და საერთოდ გადაავიწყდება, რა აღრიალებდა წუთის წინ. სულ მცირე თვითანალიზი და ორივე მარტივად მიაგნებს გამოსავალს. მართალია, მორიელი უფრო მიდრეკილია თვითანალიზისკენ, ვიდრე ლომი; სამაგიეროდ, ლომი უფრო მარტივად პატიობს, ვიდრე მორიელი. მშვენიერი ბალანსი გამოდის… ან გამოუვათ, თუ ორივე მოინდომებს.

მათი სექსუალური ურთიერთობა შეიძლება რამდენადმე არათანაბარი იყოს _ ხან ცივი, ხან ცხელი. ლომის მხურვალე ძალა მორიელს ძალიან ეროტიულად, მყუდროდ და ნაზად ეჩვენება. მორიელის მდუმარე ვნებებში ლომი მგრძნობიარე გამოწვევას ამოიკითხავს თავისი რომანტიული ნატურისთვის. გარკვეული ურთიერთდათმობის შედეგად, (მაგალითად მეტი საალერსო სიტყვების, მორიელის მხრიდან და მეტი ყურადღების, ლომის მხრიდან), სურვილი, რომელიც პირველი შეხვედრისას განიცადეს, დიდხანს შენარჩუნდება. მაგრამ თუ მორიელი დუმილში, ლომი მედიდურებაში გადააჭარბებს, თავდაპირველი ვნება მოსაწყენ  სინაზედ გადაიქცევა და ისინი სულ უფრო იშვიათად დაკავდებიან სიყვარულით… მორიელმა ქალმა უკვე იცის ის, რაც ყველა ლომმა უნდა ისწავლოს: კარგი სექსი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებიდან კი არა, გულიდან და გონებიდან იწყება და თანდათან გადაიზრდება ფიზიკურ სურვილში. მხოლოდ ასეთი სექსი ხდება ემოციური სიმშვიდისა და თანხმობის საფუძველი.

ერთერთი სერიოზული მიზეზი, რაც მათ სექსუალურ ურთიერთობაში სიცივეს იწვევს, ლომი მამაკაცის თაყვანისმცემელი ქალების არმიაა, რომლებიც ყველგან მოსიყვარულე ლეკვებივით დასდევენ.  ბრძენი მორიელი ამას კიდევ აიტანდა, მაგრამ ლომი კატეგორიულ უარზეა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშოროს ფანები. და საერთოდ, ის ჭკუაზე არ არის სიხარულისგან, წარმოგიდგენიათ?! მე კი. ლომს სჭირდება გაღმერთების  ვალერიანი, მაგრამ ეს იშვიათად, თითქმის არასდროს, მიდის ღალატამდე, თუ მისი ცოლი ამ საფრთხეს დედამიწის ზურგზე ყველაზე ძლიერი იარაღით, სიყვარულით, ებრძვის. როდესაც ლომი მამაკაცი საკმარის სიყვარულსა და აღტაცებას იღებს საკუთარ სამფლობელოში, ის არასდროს მიდის პრაიდიდან  შორს. ლომის ყველაზე ღრმა ინსტინქტი ერთგულებაა. ლომმა რომ თავის ბუნებას უღალატოს, საჭიროა უამრავი უსაფუძვლო ეჭვიანობა. სამწუხაროდ, ლოგიკამ შეიძლება მორიელს უკარნახოს, რომ თუ ქალთა გარემოცვა ასე აღმერთებს მას, ლომიც იგივე გრძნობებით უნდა პასუხობდეს მათ. მაგრამ ლოგიკა ხანდახან ყველაზე მზაკვარი მატყუარაა სიცრუის ყველა სისტემათა შორის. სამწუხაროდ, წყენისა და რისხვისგან გულნატკენმა მორიელმა შეიძლება თვითონ უღალატოს მას. ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საკუთარ ნეგატიურ ემოციებთან, რადგან ლომი არასდროს არავის პატიობს ღალატს, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს თვითონ ამაში.

დიახ, მე ვიცი, რომ ეს ეგოისტურია, მაგრამ ასეთები არიან ლომები. თუ ლომმა აღმოაჩინა, რომ რჩეულმა სხვა მამაკაცთან უღალატა, უკიდურესად იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს დასასრულია. თუმცა ლომმა უნდა იცოდეს, რომ თუ მორიელი ქალი სხვა მამაკაცის მკლავებისკენ იწევს, ე.ი. მას ამისკენ თავისმა რჩეულმა უბიძგა.  თუ ამ ტრაგიკულ შემთხვევას აღსრულება უწერია, ლომმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რა სჭირდებოდა მორიელს და რაზე უთხრა უარი. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვი, სამსახური ან უბრალოდ ყურადღება, ხანდახან ცოტა მეტი სინაზეც. დიახ, აი, ასეთი ელემენტარული რაღაცები.

როდესაც სიამაყისა და წყენის უფსკრული იმდენად იზრდება, რომ ორივეს ეშინია გადახტომის, ყოველთვის მორიელმა ქალმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. როგორ ძლიერადაც არ უნდა უნდოდეს ლომს შერიგება, ბოდიშის მოხდა მას ძალიან დამამცირებლად მიაჩნია. მას ეშინია, რომ დათმობაზე წასვლით, თავის გვირგვინს და მასთან ერთად ღირსებას დაკარგავს.

ლომი ხშირად  გადააბრალებს მორიელს საკუთარ შეცდომებს და სასოწარკვეთილი იმედოვნებს, რომ მორიელი დაეთანხმება… და თუ მორიელს სიბრძნე ეყოფა, სამეფო  მოწყალების მისაღებად, ლომი დიდსულოვნად „მიუტევებს“ მას და ყველაფერი კვლავ მზიური სითბოთი აივსება.

 

 

 

ლომი ქალი და მორიელი მამაკაცი

Melinda & Bill Gates

 

ახლა ერთი რომელიმე ისტორია უნდა შევარჩიოთ მოსაყოლად.

იქნებ, კენჭი ვყაროთ.

მზადაა! ლაგუნა ამოვიდა.

იყოს ისტორია ლაგუნაზე, რადგან ასე გადაწყდა.

ძლიერი ხასიათი დაეხმარება ამ მამაკაცს, გარდაუვალ  გამარჯვებას მიაღწიოს ნებისმიერ სერიოზულ შეტაკებაში ძუ ლომთან. ის წყლის სტიქიას მიეკუთვნება, წყალი კი ყველაზე ძლიერი ელემენტია. ცეცხლი შეიძლება უკვალოდ გაქრეს, მაგრამ წყალი წვეთ-წვეთად იკრებს ძალას და გრანიტის გახვრეტაც შეუძლია. დინებაში ჩაგდებული კაჭარი ვერ შეცვლის მის მიმართულებას, მაგრამ, აბა, ჩააგდეთ ოკეანეში ანთებული ჩირაღდანი, როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი გაძლებს ცეცხლი? ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია დინებისა და ცეცხლის ძალაზე, მაგრამ  ლომისა და მორიელის ტიპურ შეთავსებებში, ვისი ინდივიდუალური ჰოროსკოპებიც დაბალანსებულია, წყალი გაიმარჯვებს.

მორიელი გაცილებით მდიდარი სულიერი გამოცდილების მფლობელია, ვიდრე ლომი, რადგან კარმულ წრეში მას  წინ უსწრებს. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ლომმა ურთიერთობის დასაწყისიდანვე, თუმცა, მეორეს მხრივ, ზუსტად ვერასდროს იტყვით, რომელმა გაიმარჯვა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, იმ შემთხვევაშიც, თუ ლომი თავისი უმაღლესი „მეს“ მეათიათასე წრეს გადის ამ კონკრეტულ განსხეულებაში, ეს იმიტომ, რომ მისი წინამორბედი ნიშნების გაკვეთილები ბოლომდე ვერ აითვისა. ვინაიდან მორიელი ასტრალურად მასზე წინ იმყოფება, იმ შემთხვევაშიც, თუ ის მხოლოდ მეასე წრეზეა, ამ კონკრეტულ შეთავსებაში  მას კარმულად ლომის განათლება ევალება, მოსწონს ეს ამ უკანასკნელს თუ არა. იგივე წესი ვრცელდება ლომი მამაკაცისა და მორიელი ქალის შემთხვევაშიც. ლომი ვერ დადგება ვარსკვლავების  განსაზღვრულ განგებაზე მაღლა. ამიტომ, უფრო ბრძნული იქნება, მოდუნდეს და უბრალოდ მიიღოს რეალობა.

ძუ ლომი შეიძლება ძალიან თბილი, გულუხვი, ნაზი, მეგობრული და კომუნიკაბელური ქალი იყოს, მაგრამ მას არ სურს, ფარფატა პეპელასავით შეისწავლონ. ის თავს უხერხულად გრძნობს, როდესაც მორიელი თავისი დაჟინებული მზერით აკვირდება და მისი სულის  სიღრმეების ამოცნობას ლამობს, სხეულზე რომ არაფერი ვთქვათ. თუ მორიელის თვალებში სურვილი დროზე ადრე გაჩნდა, ლომი მის წყალს ყინულად აქცევს, მიუხედავად იმისა, რომ მასაც არანორმალურად იზიდავს ეს მამაკაცი. ლომი ვერ იტანს ფამილიარობას უცნობებისგან. ასე რომ, მის კარგად გაცნობამდე, ჯობია თავშეკავება გამოავლინოთ. დედოფალს არ აშტერდებიან უხამსი მზერით! კარგად დაიხსომეთ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ერთი, ზიზღით სავსე, სამეფო ჟესტით მიგაბრძანებენ სამეფო მეჯლისიდან.

ფული ხშირად ხდება მათი კონფლიქტების მთავარი თემა. ლომს უყვარს ხარჯვა, თუმცა  შეუძლია საოცრად პრაქტიკული იყოს ბიუჯეტის დაგეგმვაში. ის მხოლოდ ხანდახან გადადის საზღვრებს და ბრწყინვალე მხიარულებას აწყობს. მორიელიც შეიძლება ხანდახან გულისამაჩუყებლად ხელგაშლილი იყოს, მაგრამ მას არავითარ შემთხვევაში არ მოეწონება ლომისგან  მისი ხარჯების გაკონტროლების მცდელობები. თუმცა თავადაც ზუსტად ამას შეეცდება ლომთან მიმართებაში. მხოლოდ არა ტიპური ლომს ექნება ამაზე ლმობიერი რეაქცია. საერთო ბიუჯეტის განკარგვა თითქმის ყოველთვის პრობლემატურია.  ლომი მარტივად ხარჯავს ფულს და იმავდროულად, ბრაზდება და ჩხუბობს კიდეც, როდესაც მორიელი წუწუნს იწყებს, რომ ამ თვის ხარჯებისთვის გათვალისწინებული ფული უკვე დამთავრდა. მორიელი მამაკაცი დიდხანს ვერ შეეგუება ამას. მალე ის მკაცრი, განმსჯელი დუმილისა და გაქვავებული მზერის ტაქტიკას ჩართავს, რაც ნამდვილად არ არის ნაყოფიერი ნიადაგი სიყვარულის ყვავილობისთვის.

საბედნიეროდ, ჰარმონიის მიღწევა შეიძლება, თუ ისინი  საბანკო ანგარიშებს განაცალკევებენ და ერთმანეთის ხარჯების დათვლას შეეშვებიან, იმ შემთხვევაშიც, თუ ლომის ჩეკის წიგნაკი მხოლოდ მორიელის საჩუქრებისა და შემოსავლების ხარჯზე არსებობს. თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ტიპური ლომი, თავის არწივთან პირველი შეხვედრიდან, აუცილებლად შეაგროვებდა გარკვეულ თანხას. თითქმის ყველა ლომი ქალი საქმიანია. ის შეიძლება გატაცებით დაკავდეს საშინაო მეურნეობით ქორწინების შემდეგ, მაგრამ მისი დიასახლისობა დიდხანს არ გასტანს. მალე ლომი თავის ჭეშმარიტ ინტერესს  აღმოაჩენს და მის განხორციელებას შეუდგება, რომ  საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა განიმტკიცოს. ლომი ქალი აღტაცებული დიასახლისის როლს მხოლოდ თეთრ სახლში, ციხე-სიმაგრეში, სასახლეში ან უზარმაზარი იმპერიის სატახტო ქალაქში დასჯერდება.

მათი სექსუალური ურთიერთდამოკიდებულება დახვეწილი და ფაქიზი უნდა იყოს. მორიელის მისტიური და ბობოქარი ვნებები თავიდან ძლიერ აღაფრთოვანებს ლომს, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მას სინაზის უფრო  მდიდარი და ხელშესახები, ერთგულების უფრო მრავალფეროვანი გამოხატულება დასჭირდება. მორიელი აღმოაჩენს, რომ ლომში უცნაურად შერწყმული ცივი მედიდურება და მხურვალე ტემპერამენტი  საოცრად აღაგზნებს მას და  არასდროს მობეზრდება გამოწვევები, რომელსაც ლომი უცხადებს. მაგრამ თუ ძუ ლომი თავის ყინულოვან სამეფო ღირსებას ხშირად გამოავლენს, ის დაკარგავს იმ ცოცხალ მაგნიტიზმს, რითაც მორიელში სასიამოვნო თრთოლვას იწვევდა. გარდა ამისა, მორიელისთვის დამახასიათებელი სექსუალური შურისძიება, როდესაც ის უარს აცხადებს სექსზე. ეს შეურაცხყოფილი მორიელის ტიპური ქცევაა და ძალიან სახიფათო გზაა მათი სიყვარულისთვის.

გულწრფელი მცდელობის შემთხვევაში, მიუხედავად დაძაბული კვადრატული ენერგიისა, ლომი და მორიელი  შესანიშნავ წყვილს შექმნიან. თავიდან  შეიძლება ბევრი ფაქტორი ამოქმედდეს მათ საწინააღმდეგოდ, მაგრამ მათ ყოველთვის შეუძლიათ ჭეშმარიტი სიახლოვის მიღწევა.  წარმოიდგინეთ მთვარის შუქით განათებული ჩუმი და ღრმა ტბა, რომელზეც ათასი პატარა კოცონი ლივლივებს და ჯადოსნურად ირეკლება მის ზედაპირზე. როგორ ჩერდებიან ისინი წყალზე ისე,რომ არ ქვრებიან?  ისინი პატარა ბორნებზე არიან დანთებული.  ლომისა და  მორიელისთვის ასეთი ბორნები შეიძლება საერთო მიზნები გახდეს.

თუ ლომი და არწივი ერთხელაც ასეთ საერთო მიზანს (ან საქმეს) იპოვიან, ისინი სასწაულებს მოახდენენ. ლომის მხურვალე  ვნება მისი ძალაა, ან იქნებ პირიქით? ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე საკმარისად  ვნებიანი და ძლიერია. თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ლომი ქალის გამბედაობის მიღმა, ღრმა თავდაუჯერებლობა იმალება და ის შეიძლება ზოოპარკის გალიაში გამოკეტილ სევდიან ლომს დაემსგავსოს, თუ მას საშუალებას არ აძლევენ, სრულფასოვანი პიროვნება იყოს. მორიელისთვის რთული ასატანია მისი დედოფლობა და პერიოდულად შეიძლება პლუტონური ეჭვიანობა და მესაკუთრეობა გამოვლინოს. თუმცა თუ მას ურთიერთობის შენარჩუნება სურს, მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ ამ ქალისთვის  ყურადღების ცენტრში ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ ჩაქვრება.  ლომის აღტაცებულ მეგობრებს შორის არაერთი მამაკაცია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ერთგულებასთან პრობლემები აქვს. უბრალოდ ის პატივისმცემისა და გაღმერთების სამეფო უფლებით სარგებლობს. ეგოისტი მორიელი კატეგორიულად ვერ იტანს, როდესაც მის ქალს ვინმე ეფლირტავება, მაგრამ ზუსტად ეს მოხდება თუ ის ლომს მარტო დატოვებს. ლომი არასდროს დათანხმდება ბუხრის წინ მშვიდად ჯდომას და ქმრის მოლოდინში მისი წინდების კემსვას, მისი ვნებების დაკმაყოფილებას ღამ-ღამობით და მის კომპლექსებთან ლოლიავს დილაობით. ასე რომ, თუ ორივე საკმარის ძალისხმევას არ გამოიჩენს, მათი საერთო გზა  ქვა-ღორღიანი გახდება.  იცით, რა უნდა უყოთ ქვებს? მოიშორეთ!  აიღეთ და შორს მოისროლეთ!

თუ ლომი მორიელის ემოციური საიმედოობისა და გამორჩეული ერთგულების დაფასებას ისწავლის, მორიელი კი სწორად შეაფასებს რჩეულის თბილ და ალერსიან მზიურ სულს, ისინი შეძლებენ ასტროლოგიური კვადრატის დაძაბული ვიბრაციის ძლიერ, კვადრატში აყვანილ, კონსტრუქციულ ენერგიად გარდაქმნას, რომელიც საოცრად მყარ მიჯაჭვულობად გადაიქცევა.  სიყვარული გემს ჰგავს, რომელიც უფრო მყარი და საიმედოა, როდესაც შტორმით არის გამოცდილი.

მიუხედავად იმისა,რომ ლომს ძალიან უყვარს ფლირტი, ის მეუღლის ერთგულია. მხოლოდ მისი რჩეულის ხელი რბილი უნდა იყოს და არა მკაცრი. თუ ეს მამაკაცი და ქალი ერთმანეთს გულისყურით მოუსმენენ, ისინი მიხვდებიან, რომ არც ეჭვიანობა და არც ქიშპობა მათ ურთიერთობას არაფერს არგებს.

ურთიერთობის ბავშვებით გამყარება ბევრ წყვილს არ გამოსდის, მაგრამ ლომსა და მორიელს განგებამ დაუდგინა, რომ თუ მათი ერთად ყოფნის სურვილი მართლა ძლიერია, საერთო შვილები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს გამთლიანებაში.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top