ლომი და მშვილდოსანი

ლომი და მშვილდოსანი

ისინი თამაშობდნენ „გააკეთე ისე, როგორც მე“.

ლომი ფიქსირებული  ჯვრის ნიშანია, მშვილდოსანი _ მუტაბელურის. რადგან არც ერთი  დაბადებულა ლიდერობის კარდინალური ჯვრის ქვეშ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრე თუ გვიან ორივე მიხვდება: მათ შორის არ იქნება მუდმივი გამარჯვებული. შესაბამისად, ისინი უნდა შეეშვან ამ მოსაწყენ კონფლიქტს, რომელიც ძვირფას დროს ართმევს.

მართალია, არსებობენ ისეთი ლომები და მშვილდოსნები, რომლებიც ამ გონივრულ პოზიციას იზიარებენ, თუმცა ვხვდებით არანაკლები რაოდენობის ცეცხლოვნებსაც, რომლებიც დაჟინებულად ცდილობენ გაარკვიონ, ვინ ვისგან მიიღებს(ან არ მიიღებს) ბრძანებებს. საბედნიეროდ, ეს მუდმივი შეტაკებებიც კი მეგობრულია, რადგან ლომი და მშვილდოსანი, ბუნებრივი კეთილშობილების გარდა, 5-9 ფორმულით ურთიერთობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ კავშირს თავად მზე და იუპიტერი სწყალობენ. თუ მათ შეჯიბრი უყვართ, რატომაც არ უნდა გაერთონ? სიმართლე რომ გითხრათ, მათ სულაც არ სჭირდებათ ჩვენი თანხმობა, მაინც ისე მოიქცევიან, როგორც მოეპრიანებათ. ორივე ძალიან დამოუკიდებელია და უპირატესად საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ვიდრე კეთილისმსურველთა რჩევებზე.

როდესაც ამ ორი მასკულინური ნიშნის ტემპერამენტი, საკუთარი თუ განგების ნებით, ერთმანეთს ეჯახება, მაყურებლები ისეთივე სიამოვნებას იღებენ ამ სანახაობისგან, როგორც თავად მონაწილეები. ლომი დაბადებულია მმართველობისთვის, ბრძანებებისა და რჩევა-დარიგებების გაცემისთვის, თავისუფლებისთვის!  აი, მშვილდოსანი კი იმისთვის დაიბადა, რომ  ბრძანებებს აუჯანყდეს, მითითების შესრულებასა და რჩევების გათვალისწინებაზე უარი თქვას და სრული დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს; ცხადზე ცხადია, რომ ისიც დაბადებულია თავისუფლებისთვის! სრულიად თვალსაჩინოა, რომ, როგორი გლუვიც არ უნდა იყოს მათი ურთიერთობა, პერიოდულად მაინც, რომელიმეს  დათმობა მოუწევს. ლომი არ დათმობს!.. არც მშვილდოსანი!  სიმართლე რომ გითხრათ, ლომიც და მშვილდოსანიც საშინლად ქედმაღლები  არიან.

თუ მათი მთვარეები  ჰარმონიულ ასპექტებში აღმოჩნდნენ, ამ ნიშნების სუპერკაშკაშა აურები, ერთობლიობაში, თითქმის ხილვად ცისარტყელას შექმნიან. ლომი ყოველთვის მშობელი მზის სითბოს ასხივებს, მშვილდოსანი _ მშობელი იუპიტერის იდეალიზმსა და ექსპანსიურ გულუხვობას. ასე რომ, თუ  მოინდომეს, მათ ნამდვილად შეუძლიათ  გადამდები ენთუზიაზმისა და გულწრფელი სინაზის გაერთიანება. მაშინ ისინი რეაქტიული თვითმფრინავის სისწრაფით გაქანდებიან ნებისმიერი, თითქოს მიუღწეველი მიზნისკენ. ლომი და მშვილდოსანი ერთმანეთს და მთელ სამყაროსაც უზომო  ბედნიერებას ჩუქნიან. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ხატოვანი გამოთქმაა. თუ თქვენ ამ ორ ნიშანს ერთად შეხვდებით, აუცილებლად იგრძნობთ უზარმაზარ დადებით ენერგოიმპლუსს.

ყველაზე ბარბაროსი დრაკონის სახელი, რომელიც მათ კავშირს ემუქრება, ალისფრად უნდა ამოვკვეთოთ: ს ი ა მ ა ყ ე !  ტიპური მშვილდოსანი, როგორც წესი, ამ სიტყვის ნეტარ უმეცრებაში იმყოფება. მშვილდოსნები შეიძლება იყვნენ გამაღიზიანებლად მხიარული და ქედმაღლები, თუმცა მათ არ ახასიათებთ ცრუ სიამაყე. ისინი ხალისიანად  ხუმრობენ და იცინიან საკუთარ თავზე. იუპიტერის ფილოსოფიური ბუნების გამო, ამ ნიშნის ადამიანები სულაც არ განიცდიან არასრულფასოვნების კომპლექსს ან დანაშაულის გრძნობას საკუთარი მანკიერებების გამო. ბოლოს და ბოლოს, ვინ არის უნაკლო?..  ლომი! აი,უბრალოდ ჰკითხეთ მათ _ არავითარი ნაკლი, არანაირი მანკიერება! ყველაფერი, რასაც ლომები ამბობენ და აკეთებენ, სწორია! თანაც ყოველთვის! სამეფო უდიდებულესობები დაცულნი არიან შეცდომებისგან. ლომის განსჯები ყოველთვის გონივრული, საფუძვლიანი და ბრძნულია. სავსებით ბუნებრივია, რომ სხვების მსჯელობაზე მართებულიც. ეს ყველამ იცის! ყველამ, მშვილდოსნის გარდა. კენტავრი სიამოვნებით აცლის ლომს სიამაყის ხავერდოვან ბალიშებს  სიტყვიერი დარტყმებით და რაც უფრო ძლიერ ეხება მის სიამაყეს, მით უფრო ხმამაღლა ღრიალებს ლომი. როგორც მოგეხსენებათ, იუპიტერი ექსპანსიის პლანეტაა და მშვილდოსნის ალიც   ლომის ღრიალის პირდაპირპრორციულად  იზრდება… აფეთქება გარდაუვალია.

ლომისა და მშვილდოსნის ჰარმონიული შეთავსების შესაძლებლობები იმდენად მდიდარი და მრავალფეროვანია, უბრალოდ სირცხვილი იქნება, რომ შეთამაშება ვერ შესძლონ. პირველ რიგში, ყურადღება  მშვილდოსანს მართებს, რომ მისი წყალობით  ლომს თათებში ბევრი ხიჭვი არ შეერჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეგო და თათებნატკენი ლომი სამუდამოდ განერიდება შეურაცხმყოფელს.

თუ მშვილდოსანი საკმარის წინდახედულებას გამოიჩენს, რომ უსაფრთხოების ზღვარს არ გადააბიჯოს მზით მართულ ადამიანებთან ურთიერთობაში, იუპიტერული მიდრეკილება, შეცდომებსა და მანკიერებებზე მიუთითოს ადამიანებს, სასარგებლოც კი იქნება ლომისთვის.  ლომი თანდათან გაცილებით უშუალო გახდება და საკუთარი თავის უფრო რეალისტურად შეფასების ერთობ საჭირო თვისებასაც გამოიმუშავებს. მხოლოდ მშვილდოსანს დიდი ტაქტის გამოჩენა მართებს, რასაც ხანგრძლივი პრაქტიკა სჭირდება. მშვილდოსნის გულახდილი პირდაპირობა, თუ ის ზომიერების ფარგლებს არ ცდება, უდავოდ ძვირფასი საჩუქარია ლომისთვის. „დიდი კატები“ მეტად მომთმენი და გაცილებით სასიამოვნოები ხდებიან ურთიერთობაში. როდესაც ლომი საკუთარ ამპარტავნებას უმკლავდება, მისი პიროვნული მაგნიტიზმი ერთი ათად იმატებს.

რა თქმა უნდა, ამ კავშირის ყველა შეცდომაში მხოლოდ მშვილდოსნები არ არიან დამნაშავეები. ლომებიც ხშირად ცდებიან, როდესაც საქმე რბილ, მაგრამ საკმაოდ თავნება მშვილდოსნებთან მოპყრობას ეხება. მაგალითად, ეს გრძელი, გრძელი, გრძელი, უსასრულო ნოტაციები, რომელსაც ლომი თავმომწონედ უკითხავს. ტიპური მშვილდოსანი, რომელიც პედანტი ლომის დამრიგებლურ სიტყვას უსმენს, ნერვიულობას იწყებს და სულ მალე მისგან გამოშვებული ბასრი ისარიც არ დააყოვნებს  ლომის ფრიად მოწყვლადი ეგოს მიმართულებით: „თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რატომ გამოგრიცხეს კინაღამ კოლეჯიდან? კოლეჯი მხოლოდ იმიტომ დაამთავრე, რომ მამაშენი დეკანს იცნობდა“. ან: „…შეიძლება მე, როგორც შენ ამბობ, ჩემს ხარჯებს ვერ ვაკონტროლებ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს მე არ გავბანკოტებულვარ სამჯერ, შენსავით!“ ან: „მერე რა,რომ  ჩემი გრცხვენია, როდესაც შენს მეგობრებთან ვლაპარაკობ?!  მე კიდევ იმის მრცხვენია, რომ წვერიან ანეკდოტებს ყვები მეასედ და ყველა მთქნარებას იწყებს. მრცხვენია შენი ტრაბახის და საშინლად მყვირალა ტანსაცმლის, მამლაყინწასავით გაფერადებული რომ დააბიჯებ… და კიდევ, ამჩნევ, რომ წელი საერთოდ გიქრება. თუ მუცლის ამოყორვას ვერ ეშვები, დღეში რამდენიმე მილი მაინც ირბინე ან ჩოგბურთი მეთამაშე. შენს ასაკში ასე მომჩვარება არ შეიძლება!“

ლომმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაამლაშოს, როდესაც კენტავრის ინდივიდუალიზმის გახედვნას ცდილობს და აუცილებლად უნდა აღიაროს მეწყვილის თავისუფალი თვითგამოხატვის უფლება. საბედნიეროდ, ლომები სწრაფად სწავლობენ, მშვილდოსანი კი ლომის მჭევრმეტყველი მომთვინიერებელია. ბუნებრივია, ფიქსირებული ლომი მუტაბელურ მშვილდოსანზე გაცილებით ჯიუტია. ასე რომ, კამათის შემდეგ სწორედ მშვილდოსანი უნდა ეცადოს ურთიერთობაში გაჩენილი ნაპრალის ამოვსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსუბუქი უთანხმოება შეიძლება მზარდი სიცივით შემოუტრიალდეთ, რისი გალღვობაც მოგვიანებით ძალიან გაუჭირდებათ. შეურაცხყოფილი ლომი ყინულოვანი სიამაყით იმოსება, მაგრამ ვის ძალუძს გაყინული გულის დადნობა ცეცხლოვან ნიშნებზე უკეთ?!

როდესაც ჭრილობები მოშუშდება,მშვილდოსანი ლომს დიდი ხნის ნანატრ აღტაცებასა და დამსახურებულ პატივს მიაგებს. ლომი კი თანდათან მიხვდება, რომ, მართალია, მშვილდოსანი მუდამ პრობლემებში ეხვევა, როდესაც მის რჩევებს არ ითვალისწინებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ის წარმოუდგენლად იღბლიანია.

მშვილდოსანი ფარულად ისწრაფვის ლომის პრაქტიკულობისა და დიდსულოვანი ხელმძღვანელობისკენ, როდესაც მისი მართვა ბრძანებების ხასიათს არ ატარებს. არანაკლებ საჭიროებს ლომის პროტექციასაც, როდესაც თავისი მოქანავე ტრაპეციიდან ვარდება. ჯუნგლების (და ყველა სხვა ადგილის) კეთილშობილი მონარქები  ფარულად აღმერთებენ მშვილდოსნის  აკრობატულ ტრიუკებს. მაშინ ეს მამაცი და გულითადი ნიშნები თავიანთ იდეალებსა და მიზნებს აერთიანებენ. ასეთი ჯაჭვის გაწყვეტა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

 

ლომი მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი

Casey Affleck & Summer Phoenix

ბევრი ტაშს უკრავდა,ზოგი_არა,

ზოგმაც სტვენა ატეხა.

მართალია, ყველა ლომ მამაკაცსა და მშვილდოსან ქალს შეხვედრა და ერთმანეთის შეყვარება არ უწერია, მაგრამ ვისაც განგება დააკავშირებს, ეს ისეთი ურთიერთობა აღმოჩნდება, რომლის გაწყვეტაც ძალიან რთულია. თუმცა, გაგიკვირდებათ და, ისინი მაინც შეეცდებიან! ერთხელაც შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მათ ერთი საერთო თვისება აქვთ _ ორმხრივი სურვილი, ერთმანეთს არასრულფასოვნების კომპლექსი განუვითარონ. არ მოტყუვდეთ: სინამდვილეში ისინი საკუთარ ურთიერთობას ამოწმებენ, დადასტურებისა და უარყოფის უცნაური მეთოდებით.  ერთგულებისა და თავდადების დამტკიცება და ორმხრივი შიშის გაქარწყლება, ხომ არ ცდებიან საყვარელ ადამიანში, ცეცხლოვანი ნიშნების საყვარელი თამაშია.

თუ ისინი იღბლიანები არიან (და საბედნიეროდ, ლომთა და მშვილდოსანთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმოუდგენლად იღბლიანია), საკმაოდ სწრაფად მიხვდებიან, რამდენ საათს ხარჯავენ სულელურ სატესტო თამაშებში, როდესაც ამ დროის გამოყენება ერთმანეთის გაბედნიერებისთვის შეუძლიათ. თუმცა თუ მათი მზეები დაბადებისას სხვა პლანეტათა დისჰარმონიულ გარემოცვაში აღმოჩნდნენ, ისინი უამრავ  ემოციურ დარტყმას მიიღებენ, სანამ მიხვდებიან, რა სისულელეს სჩადიან.

მაგალითად, ლომი ძალიან გარისკავს, როდესაც მშვილდოსანს გამოუცხადებს, რომ ის ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს, თუ  მის მზიურ ღიმილსა და ძლიერ თათებთან სამუდამოდ გამომშვიდობება არ სურს. ამასთან, ლომი გულწრფელად იმედოვნებს, რომ მშვილდოსანი სრულ მორჩილებას გამოუცხადებს და მოახლესავით მოემსახურება. ლომი მკაცრად გაკიცხავს მშვილდოსანს უმცირესი დაუმორჩილებლობის შემთხვევაშიც და სრულად  წაართმევს თვითგამოხატვის თავისუფლებას. სინამდვილეში ის სულაც არ არის ტირანი. ლომი უბრალოდ შეფარვით ცდილობს რჩეულისგან ერთგულების დამადასტურებელი საბუთის მიღებას. ასეთი ქცევებით ის მშვილდოსნის მორჩილებისთვის მზაობას ამოწმებს,  რომ გადაწყვიტოს, რამდენად ღრმად შეუძლია შეტოპოს ამ ქალთან. იქნებ მშვილდოსანს არც ისე ძალიან უყვარს, როგორც აქამდე არწმუნებდა?

ლომის მომდევნო ტესტი უარყოფის მოლოდინზე იქნება გათვლილი.  ის გამძვინვარებული აღრიალდება ან ამაყად გაიბუტება, თუ  მშვილდოსანი სხვა მამაკაცს გაუღიმებს. ლომი სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ დაადანაშაულებს მას ყველა შესაძლო ცოდვაში (პირდაპირ ღალატშიც!)  და ფარულად იმედოვნებს, რომ მშვილდოსანი ენაწყლიანად უარყოფს ყველა ბრალდებას. რაც უფრო ძლიერი იქნება მშვილდოსნის პროტესტი, მით უფრო  უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ლომის ეგო.

თავის  მხრივ, არც მშვილდოსანი ჩამორჩება მსგავს თამაშებში. ვინაიდან მან მშვენივრად იცის, რამდენად სწადია მის რჩეულს გულწრფელი ქათინაურები, შეიძლება განზრახ ჩაიგუბოს პირში წყალი. რამდენსაც არ უნდა ეცადოს ლომი, ის კრინტსაც არ დაძრავს, არათუ ქებას.  მშვილდოსანი ასე იმას ამოწმებს, რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია  მის რჩეულს, მისი ყურადღებისა და აპლოდისმენტების მოსაპოვებლად. თუ ლომი მოეშვა და ხელი ჩაიქნია, ე.ი. არც მას ჰყვარებია მშვილდოსანი ისე მგზნებარედ, როგორც აქამდე ეფიცებოდა. მაშინ, ვინაიდან ისიც მშვენივრად იცის, როგორ იტანჯება ლომი, როდესაც მისი მამაკაცური სიამაყე ხელყოფილია, მშვილდოსანი  განზრახ ჩააგდებს უხერხულ მდგომარეობაში დამსწრეების თვალწინ.  მაგალითად, რაიმე სასაცილო ისტორიას მოყვება მასზე. მშვილდოსანი ფარულად  ოცნებობს, რომ მოგვიანებით ლომი სცენებს მოუწყობს, ისეთი მძვინვარების დემონსტრირებით, როგორიც მხოლოდ წყობიდან გამოსულ ლომს ახასიათებს და ასე დაუმტკიცებს, რომ მშვილდოსანი ერთადერთი ქალია, ვისაც მისი ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა შეუძლია.

რაც შეეხება, თამაშის მეორე მხარეს, უარყოფის მოლოდინს, მშვილდოსანი ქალიც ისეთივე წესებით თამაშობს, როგორც ლომი. კენტავრი მწვავე სარკაზმს მიმართავს და ყოველ ჯერზე დაადანაშაულებს, თუ, ვთქვათ, ლომმა მარტო დატოვა და სადმე  წავიდა.

_ შენ მე ვერ გამასულელებ!  _ პირდაპირ განუცხადებს იუპიტერელი. _ მშვენივრად ვიცი, როგორ უზნეოდ იქცევი შენს თაყვანისმცემელ ქალებთან, როდესაც არავინ გიყურებს. აბა, ერთი ქალი რას გეყოფა  შენი ეროტიული მადის დასაკმაყოფილებლად?!

მშვილდოსანი დარწმუნებულია ლომის ერთგულებაში. მან კარგად იცის, რომ ლომი არც სიტყვით და არც საქციელით არ ღალატობს. მაგრამ მასაც სჭირდება ლომისგან ბრალდებათა უარყოფის მოსმენა.

განა ეს სულელური და გამაღიაზენებელი თამაში ნერვების ფუჭი შლა არ არის შეყვარებული ქალისა და მამაკაცისთვის?

რადგან მშვილდოსანი მუტაბელური, ლომი კი ფიქსირებული ნიშანია, ამ ქალისთვის ბევრად ადვილია რჩეულზე მორგება. ამიტომ, ეს მან უნდა თქვას პირველმა, როგორ დაიღალა ამ შემოწმებებისგან; როგორ სურს, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ და ურთიერთობის იმ ეტაპს დაუბრუნდნენ, როდესაც, ერთმანეთს მინდობილნი, ბედნიერი ბავშვებივით ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ, ნაზად ეხებოდნენ ერთმანეთს და ყოველ დილით სიხარულით იღვიძებდნენ ახალი სასწაულების აღმოჩენის მოლოდინში. ამ მშვენიერ დროს ლომი რჩეულის გულს მხოლოდ სიყვარულით ახელებდა, მშვილდოსნის ბაგეთაგან კი მხოლოდ აღფრთოვანებული და მხიარული ფრაზები ისმოდა. ეს ის უღრუბლო დრო იყო, როდესაც მშვილდოსანი ლომის  სიახლოვისგანაც სასიამოვნოდ თრთოდა, მშვილდოსნის ღიმილი კი ლომის გულს ნაზი სენტიმენტებით ავსებდა. იმ დროს ლომმა საკუთარ თავს აღუთქვა, რომ ყოველთვის დაიცავდა რჩეულს და არავის მისცემდა თავისი მიამიტი  მიჯნურის  დაჩაგვრის  უფლებას…

დიახ, მშვილდოსანს მეტი არაფერი მოეთხოვება. მან პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას და გულწრფელად უთხრას, რას გრძნობს. ეს საკმაოდ მარტივი ამოცანაა, იმის გათვალისწინებით, რომ  მშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია თვალთმაქცობა. მაშინ ლომი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, რასაც არც ერთ სხვა ქალთან არ გააკეთებდა _ ის აღიარებს, რომ შეცდა, რომ მართალი არ იყო, რომ ძალიან სწუხს და ახლა სუსტი და შეშინებულია, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთან თავდაჯერებულად და მედიდურად იქცევა. შემდეგ  მშვილდოსანიც მოიბოდიშებს იმ ხიჭვებისთვის, რომელიც ლომს  ფაფუკ თათებში ჩაასო და მწვავე ტკივილი მიაყენა. ის მოინანიებს ყველა იმ სცენას, როდესაც ვითომ ეჭვი შეიტანა მის ერთგულებაში.

მათ თითქმის  დაკარგეს ერთმანეთი, მაგრამ, საბედნიეროდ, იქამდე შეწყვიტეს თამაში, სანამ ჭეშმარიტება მიატოვებდათ. ისინი იმ ბედნიერთა რიცხვს მიეკუთვნებიან, ვისთვისაც სინაზისა და ვნების წუთები ერთიდაიგივეა, ვინც თანაბრად საჭიროებს სირბილესა და გზნებას, როდესაც გონებით, სულით თუ სხეულით ერთიანდებიან.  იმ ლომებისა და მშვილდოსნებისთვის, რომელთაც სიყვარული უწერიათ, ცხოვრება იდეებისა და იდეალების, ოცნებებისა და აღმოჩენების ჯადოსნური კარნავალია. ისინი ერთმანეთში ფიზიკურ სურვილებს, მენტალურ ძიებებსა და სულიერი აღმაფრენებს აღვიძებენ. თუ ერთხელაც ლომის ამპარტავნებისა და მშვილდოსნის სკეპტიციზმის ბარიერები გადალახეს, მათ აღარ დარჩებათ საეჭვო თამაშების დრო. მათი დღეები და ღამეები სავსე იქნება ათასი თავგადასავლით, მნიშვნელობა არ აქვს, უცხო მხარეში გაემგზავნრებიან  თუ პირდაპირ ბალახზე გაიშოტებიან  ზაფხულის ღამეს, ვარსკვლავების დასათვლელად  და ჭრიჭინების გუნდის მოსასმენად.

თუმცა მშვილდოსანმა უნდა იფრთხილოს, რომ მახეში არ გაებას. ის უთუოდ შეცდება, თუ თავს ვერ შეიკავებს და ლომს შეცდომას შეუსწორებს, როდესაც რჩეული ღამის ცაზე სპიკას აჩვენებს, სინამდვილეში კი ეს ვარსკვლავი არკტურია.  ლომმა იცის ეს! უბრალოდ მშვილდოსანს ამოწმებს.  და საერთოდ, როდესაც მშვილდოსანი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება, რომ ლომმა ყველაფერი იცის, ბედნიერების გზაც მაშინ გამოჩნდება.

 

 

ლომი ქალი და მშვილდოსანი მამაკაცი

Christine Taylor & Ben Stiller

_ ისე კარგად ვიმხიარულებ. _ თქვა პიტერმა და

ცალი თვალი ვენდისკენ გააპარა.

_ საღამოობით ბუხართან თავს მარტო იგრძნობ _ შენიშნა ვენდიმ.

_ დინი მეყოლება.

_ჰო, მაგრამ ეგ სულ სხვა რამეა. _ მჟავედ შეახსენა მან.

 

 

აბა, ახლა ყურადღებით მისმინე, კენტავრო, ერთი დაუკითხავი, მაგრამ  მნიშვნელოვანი ასტროლოგიური რჩევა უნდა მოგცე: შეწყვიტე ცანცარი, დამალე შენი ისრები და არავითარ შემთხვევაში არ ეცადო ასეთი ქალის სიყვარული მასში ეჭვიანობის გაღვიძებით გამოიწვიო. ლომის განზრახ განრიხსება, როგორც მინიმუმ, უგუნური საქციელია. რაც შეეხება ეჭვიანობას, მისი გულის მოსაგებად უარეს მეთოდს ვერც მოიფიქრებდი. შენი მოუქნელი, თუმცა საყვარელი ხუმრობები  აქ  ვერ დაგეხმარება. არც მისი გაჯავრება გიშველის, თითქოს შენი უმცროსი და იყოს, შენ კი მისი გამოუსწორებელი ხულიგანი ძმა.  დიახ, მან იცის, რომ გამოუსწორებელი ხარ. ისიც იცის, რომ უზომოდ საყვარელი ხარ, თუმცა ხშირად აღიზიანებ  კიდეც. მას არ სჭირდება და არც უნდა შენი დაცვა. სამეფო არსებებს უბრალოდ არ შეიძლება სჭირდებოდეთ პროტექცია. ისინი თავად მფარველობენ ყველას. ჰო, და კიდევ, ის შენი უმცროსი დაიკო არ არის და არც შენ ხარ მისი უფროსი ძმა. ეს სხვა ურთიერთობაა და შენ თვითონაც კარგად იცი ეს. ასე რომ, შეწყვიტე გულუბრყვილობის თამაში. დიახ, შენ შეგიძლია საოცრად მიამიტი იყო (კიდევ ერთი თვისება, რაც ასე საყვარელს გხდის), მაგრამ, ამასთანავე,  ბრძენი ფილოსოფოსიც ხარ. ეს თვისებები საკუთარ უმანკოებაზე ათასი დარტყმის შედეგად გამოიმუშავე, რამაც სკეპტიციზმი შეგმატა, მაგრამ თითქმის არ ასახულა შენს გულუბრყვილობაზე. სწორედ შენი ბუნების დუალიზმმა მიიზიდა თავიდან ეს საოცარი ქალი, შენმა ბავშვურმა ღიმილმა, ჯამბაზის  გრიმასებმა და ბრძენმა მზერამ. ის სრულიად მოხიბლული იყო.

შეისწავლე შენი ჰოროსკოპი. შემდეგ ბიბლიოთეკაში შეისეირნე და ჯუნგლების სამეფო ოჯახის ქცევებზე წაიკითხე, თუ გინდა გაიგო, როგორ  გადააქციო მტაცებელი ლომი საყვარელ ფისოდ. თუ არ დამიჯერებ, მისი გაჯავრება, პროვოცირება და განრისხება განაგრძე  და შენ იგრძნობ, როგორ მწვავედ დაგიკაწრავს მამაკაცურ ეგოს მისი ბასრი კლანჭები. ის იმაზე ღრმა ემოციურ იარებს დაგიტოვებს, ვიდრე ვარაუდობ. და საერთოდ, დაივიწყე, „რა კარგად შეგიძლია მისი ამოცნობა“.  შენ მიახლობითაც ვერ წარმოიდგენ, რას ნიშნავს  გამძვინვარებული ლომის სიამაყე, სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოცდი. სიტყვაზე მენდე, მიწის გასკდომას ინატრებ. ნუ, თუ, რა თქმა უნდა, გიყვარს ეს ქალი. შენ კი გიყვარს, (შეიძლება ყველა გაასულელო, რომ უბრალოდ ერთობი, მაგრამ არა ასტროლოგი). შენ ის ნამდვილად გიყვარს!

მაშ ასე, მშვილდოსანო, შენ ღირსეული პარტნიორი გჭირდება. იდეების გაცვლა თანასწორ, მართალ და გულღია მეგობართან, რომელიც შეიძლება დამალობანაზე რთულ თამაშებს გეთამაშება. და აი, ისეთი ქალი იპოვე, რომელიც ზუსტად ეხმაურება შენს მოთხოვნებს. ის კეთილშობილი და ერთგულია და მართალია, შენსავით გულწრფელი ვერ არის საკუთარ თავთან, მაგრამ  არც მატყუარაა. მასაც უყვარს თამაში და გთხოვ გაითვალისწინო, რომ არამხოლოდ უყვარს, კარგადაც ეხერხება. იქნება ეს ჩოგბურთი, ჭადრაკი, ინტელექტუალური  პაექრობა, მონოპოლია, ბრიჯი თუ ხელბურთი. ის კარგად თამაშობს და გამარჯვებაც შეუძლია, რაც მას კიდევ უფრო ამაღელვებელ პარტნიორად აქცევს. შენ ხომ ყოველთვის დიდ სიამოვნებას იღებ ღირსეულ მოწინააღმდეგესთან  შეჯიბრში. ლომმა კი შეიძლება ქროსშიც გაჯობოს, თუ მოინდომა. საინტერესოა ახლა, როდესაც ეს მშვენიერი ქალბატონი ხელში ჩაიგდე, რას უპირებ სამეფო ჯილდოს? ჰო, ხანდახან ეს სამეფო ჯილდო მტკივნეულია, მაგრამ ნამდვილად ღირს, რადგან ის თავად ქალურობის განსახიერებაა.

პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტო  და-ძმური დამოკიდებულების დემონსტრირება. დაივიწყე შენი სულელური მასხრობებიც. დიახ, მე ვიცი, რომ იუპიტერის შვილები ძალზედ იღბლიანები ხართ, მაგრამ ამაყი ლომის სიყვარულის მოპოვება  იღბალთა შორის იღბალია. შენ ხომ იცი, რაც ემართებათ ლას-ვეგასში გათამამებულ მოთამაშეებს? ამიტომ, არასდროს დადო ფსონზე შენი სიყვარული, იღბალს არ უყვარს, როდესაც მას ცდიან!

ლომი ქალი კაშკაშა და გრაციოზული, თბილი და მზიურია, გულუხვიც, ბრძენიცა და კეთილგონიერიც. ამას გარდა, მას ძალიან მგრძნობიარე ეგო და უზომო სიამაყეც აქვს, ნაწილობრივ  ცრუ, ნაწილობრივ ჯანსაღი. მას შეუძლია ძალზედ  ქედმაღალი და მომთხოვნი იყოს. მარტივი ენით რომ ვთქვათ, და ვგონებ, ეს საუკეთესო ენაა მშვილდოსანთან სასაუბროდ, ის „გაფუჭებულია“.  ყველა მონარქი გაფუჭებულია. ლომი კი, ხომ გახსოვთ, ჯუნგლებისა და ნებისმიერი სივრცის დედოფალია (საკუთარ  ეგოცენტრულ ცნობიერებაში). კარგი იქნება, მშვილდოსანს ყოველთვის ახსოვდეს ეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლომი  ყურადღებით ათვალიერებს და ცდილობს გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა მშვილდოსანი მისი რჩეულის ტიტულს.

ლომსაც არ აწყენს პატივსაცემი ასტროლოგიური  წკეპლა. ლომი ქალები, როგორც წესი, გადაჭარბებულად ბევრს ელიან საყვარელი მამაკაცისგან და გაუაზრებლად ისეთ სამეფო გამოწვევებს უცხადებენ  რჩეულებს, რისი მიღებაც არც ერთ ჩვეულებრივ მოკვდავს არ შეუძლია. მშვილდოსანი მამაკაცი გულადი და მამაცია. შესაძლოა კენტავრი იმაზე ახლოს არის უშიშრობასთან, ვიდრე მზის დანარჩენი ნიშნები, ლომების ჩათვლით, რომლებიც საკუთარ შიშებს ხავერდოვანი ყარყუმის თავდაჯერებით მალავენ. კენტავრი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ თავისი რჩეული, ტიფანის ნამდვილი ძვირფასეულობით თუ არა, საკუთარი მშხეფარე სიალალის კიდევ უფრო ძვირფასი პატიოსანი თვლებით  შეამკოს. მშვილდოსანი მის ყველა პრობლემას მოაგვარებს და ახალი სამყაროს დარაბებს გაუხსნის. ის ბრწყინვალედ განასახიერებს ესექსს თავისი ელისაბედისთვის ან კოლუმბს _ იზაბელასთვის. იუპიტერელი  გულუხვად წარმოაჩენს თავის გონებრივ შესაძლებლობებსა და ერთგულებას, რათა დაუმტკიცებს, რომ არტურისა და ლანსელოტის საკადრისი შემართება და წმინდა რწმენა აქვს. ერთადერთი, რისი დემონსტრირებაც კენტავრს ძალიან გაუჭირდება, თაყვანისცემაა. მშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია  ვინმეს ფეხქვეშ გართხმა, ტრადიციული მოწიწებითა და მოკრძალებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს სამეფო კარი, ვატიკანი, მისაღები, სამზარეულო თუ საძინებელი. ის სიამოვნებით გამოხატავს პატივისცემას (და თქვენ იცით, რომ ზოგიერთ მამაკაცს ეს ძალიან უჭირს)  და არასდროს  უყურებს ქალს ზემოდან ქვემოთ, მაგრამ ლომს უთუოდ გაუცრუვდება იმედი, თუ ელის, რომ მშვილდოსანი ქვემოდან ზემოთ ცქერას დაუწყებს. სამაგიეროდ, ის ისევე ნაზად და თბილად მოეპყრობა მას, როგორც თავის ძაღლს ან ცხენს. მის უდიდებულესობას არ ვურჩევ ამრეზით ღრენას, რადგან ეს მამაკაცი აღმერთებს ცხოველებს და საერთოდ, ხშირად ფაუნის საყვარელი წარმომადგენლები უფრო უყვარს, ვიდრე ჰომოსაპიენსთა უმეტესობა.

და აი, ლომმა ყველა ძვირფასი ძღვენი მიიღო თავისი სამეფო კარის მასხარასგან, თავისი ღიმილის ბიჭისგან. მაგრამ ქედის მოხრა, სამწუხაროდ, ვერ. მერე რა, რომ მშვილდოსანი მუტაბელური ჯვრის ნიშანია? (მუტაბელურობა, ადაპტაციის ძლიერი უნარის გამო, სირბილესა და მოქნილობას გულისხმობს). მისი ცვალებადობა გაცილებით ზომიერია,რადგან  მასკულინური პლანეტით იმართება. დიახ, ის საკმაოდ ველური ზნის არსებაა. მართალია, ისიც ლომივით მარტივად ფეთქდება, მაგრამ  მისი რისხვა სწრაფადვე იცვლება გულწრფელი სინანულით, დაუფიქრებლად წამოსროლილი უხეში სიტყვების გამო. მას ყოველთვის ჰყოფნის სულგრძელობა, რომ აპატიოს და დაივიწყოს. ლომი გაცილებით რთულად პატიობს და ივიწყებს წყენას, რადგან ის მუდმივი ჯვრის ნიშანია. მაგრამ თუ მშვილდოსანმა მისი დარწმუნება მოახერხა, რომ მართლა ნანობს თავის საქციელს, ლომი ჩვეული გრაციოზულობითა და კეთილგანწყობით უბოძებს კიდევ ერთ შანსს.

თუ ეს წყვილი ყველა თავის პრობლემას გაუმკლავდება, მათი სექსუალური კავშირი ჭეშმარიტად ჯადოსნური გახდება. ღრმა ვნებებში გახვევა, რომელიც გულს ოცნებებით ავსებს, ერთერთი ის ძღვენია, რომლითაც დიადმა იუპიტერმა და ძლევამოსილმა მზემ უხვად დააჯილდოვეს თავიანთი შვილები. მათი სიყვარულის ფიზიკური განსხეულება საოცრად მრავალფეროვანია, წვიმის წვეთებივით  ცელქი, მგრძნობიარე, რბილი და ნაზი; იმავდროულად, პირველყოფილურად ველური, გარყვნილი და უხეშიც. მათი სიყვარული შეიძლება წყნარიც იყოს, სიმშვიდითა და სიჩუმით აღსავსე. უბრალოდ მინდა მშვილდოსანი გავაფრთხილო, რომ, ინტიმური სიახლოვის ყველაზე ამაღელვებელ წუთებში, ჩვეულებისამებრ არ დააბრეხვოს რამე გულისშემაღონებლად  პირდაპირი. ასეთ შემთხვევაში, დაჭრილი ლომი დიდი ხნით განერიდება მას  ჭრილობების მოსაშუშებლად.

ეს მამაკაცი ტაკიმასხარაა. ეს ქალი მშვენიერი ძუ ლომია. ერთად მათ ნაირფერი, ამაღელვებელი საცირკო წარმოდგენის გამართვა შეუძლიათ. მშვილდოსნის ჯამბაზური  გრიმასები, სალტოები და  აკრობატული ტრიუკები; ლომის  მგრძნობიარე გრაცია და სიზანტე, მისი თბილი და ჭკვიანი თვალები _ ეს ყველაფერი   უზარმაზარ ატრაქციონს მოგაგონებთ, რომლის შემხედვარეს, ბავშვობაში გული გიჩერდებოდათ შიშისა და აღტაცებისგან. ახლა გესმით რატომ ხდება მათი რომანი ყველაზე შესანიშნავი წარმოდგენა დედამიწის ზურგზე? ლომიცა და მშვილდოსანიც ხაზგასმით თეატრალურები არიან. თეატრი ლომის სისხლშია, მშვილდოსნის სისხლში_ მანეჟის ნაფოტები. ამდენად, ისინი მშვენივრად ატარებენ დროს  „ცირკობანას“ თამაშში.

მაგრამ ლომმა არასდროს უნდა დაივიწყოს, რომ ყველა ჯამბაზის მიხატული ღიმილის მიღმა  სევდა და ცრემლები იმალება. ვის როლსაც არ უნდა ასრულებდეს მშვილდოსანი, იქნება ეს ლომების უშიშარი მომთვინიერებელი, თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი თუ უდარდელი ბედისწერის ჯარისკაცი, სინამდვილეში ის დონ კიხოტია და  ისურვებდა, რომ საყვარელმა ქალმა კიდევ ერთხელ შეახსენოს, რა  მამაცი და გაბედულია და რომ ყველაზე დაუჯერებელი ოცნებების ასრულება შეუძლია.

არც მშვილდოსანმა უნდა დაივიწყოს, რომ თუ მათ ერთხელ ერთმანეთი შეუყვარდათ, უთანხმოებები არც ისე მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაშიც, თუ გაცეცხლებული კენტავრი თავის მშვილდ-ისარს  დაავლებს ხელს და სადმე სახეტიალოდ გაჭენდება, ის მალე მოიწყენს, როდესაც საბოლოოდ გააცნობიერებს, რამხელა ტკივილი მიაყენა თავის ამაყ  დედოფალს. შემდეგ მისი  მზიურად თვალისმომჭრელი სითბო მოაგონდება, მასში უცნაურად შერწყმული მთრთოლვარე ჭირვეულობა  და არისტოკრატული სიცივე. სხვასაც ბევრს გაიხსენებს, რადგან ლომი მას ჩუმი, მაგრამ ძლიერი ძახილით უხმობს _  ეს მათ ყოველთვის აერთიანებთ, ათიათასობით მილით დაშორებულებიც რომ იყვნენ.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.


About Qet

Scroll To Top