მამაკაცური ანტიზოდიაქო

მამაკაცური ანტიზოდიაქო

ერთი შეხედვით შეყვარებისგან მხოლოდ მეორედ შეხედვა გიხსნით…

ან ასტროლოგთა რჩევები.

უდრეკი, აგრესიული და სულსწრაფი ვერძი, თქვენი აზრით, ძალზედ მამაკაცურია? საინტერესოა, რას იტყვით, როცა უამრავი მოწმის თანდასწრებით გამოგიცხადებთ, რომ თქვენისთანა ფეხების პატრონი საერთოდ არ უნდა იცვამდეს მინი ქვედაბოლოს. ხომ არ გგონიათ, თქვენი წყენა უნდა? სულაც არა. ის ვერ იტანს დიპლომატიურ ხრიკებს და პირდაპირ დაგიბრეხვებთ ყველაფერს, რაც თავში მოუვა. რომანტიზმი და ქალთან ჯენტლმენური მოპყრობა სისუსტის გამოვლინებად მიაჩნია. კიდევ ვერ იტანს ჭკვიან ქალებს, რომლებთანაც ვერძი თავდაჯერებას კარგავს. ფემინისტები საერთოდ ეზიზღება.

„მას მდუღარე ენერგია აქვს!” ალბათ, შეგვეწინააღმდეგებით თქვენ.

და რა მერე მაგით? რა სარგებელი აქვს ენერგიას, რომელსაც არავითარი ნაყოფი არ მოაქვს? ის ხმაურს ტეხს ყოველ  ახალ წამოწყებაზე და ამ დროს შედეგი სრულიად არ აინტერესებს. იდეალური საქმიანობა, მისი თვალსაზრისით, არის ახალ-ახალი მეთოდების ძებნა კედლის თავით გასამტვრევად. ხომ უნდა დაგიმტკიცოთ, რომ ერთხელაც იქნება და გაამტვრევს!

მოულოდნელად „გადაწვა” და ინტერესის სწრაფად დაკარგვა, მათ შორის თქვენს მიმართაც, ასევე ვერძის გვაროვნული თვისებებია.

კურო მამაკაცთან საშინლად მოსაწყენია. სქელი ხარის კისერი საშუალებას არ აძლევს საძოვარს მოწყდეს, თავი მაღლა აწიოს და ვარსკვლავების ცქერით დატკბეს. ზანტი და ფლეგმატურია. ზოგი ამას მის სიმშვიდეს მიაწერს, თუმცა სამყაროსადმი ტოტალურ გულგრილობას უფრო ჰგავს. არც ეს არის ყველაზე საშინელი. უარესი ის არის, რომ კურომ იცის წყენის დაგროვება სხვებისგან შეუმჩნევლად. მოთმინების ფიალა ნებისმიერ წამს შეიძლება აივსოს და მოულოდნელად გაბრაზებული ყველაფერს ლეწავს და ამსხვრევს.

კურო ძალზედ ეჭვიანია, თუმცა მიაჩნია, რომ ერთგულება მხოლოდ ქალთა ვალდებულებაა. მასზე გათხოვება არც ისე რთული საქმეა. რთული იმასთან შეგუებაა, რომ მას მეგობრებთან რესტორნებში დროსტარება ურჩევნია თქვენს საზოგადოებას და მასთან ვერასოდეს  გაიტანთ საკუთარ აზრს. ასევე არ ელოდოთ საჩუქრებს; ყოველთვის იდეალურად უნდა გამოიყურებოდეთ  და რაც მთავარია, არა მის ხარჯზე; ნერვები არ მოუშალოთ და არ გააღიზიანოთ, მაშინ ის მთელი ცხოვრება თქვენთან დარჩება. წარმოგიდგენიათ რამხელა ბედნიერებაა?

არ ღირს ტყუპებთან სერიოზული ურთიერთობის იმედი გქონდეთ. მან საერთოდ არ იცის, რა უნდა და იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავში ეძიოს მიზეზები, ქალს ადანაშაულებს, რომ ის მის ინტერესს ვერ უნარჩუნებს. პურზე გასული, სახლში ოთხი დღის შემდეგ ბრუნდება, მთელი ამ დროის განმავლობაში მობილური გათიშული აქვს. სად იყო? სად და ბათუმში, რომელიმე საინტერესო კინოფესტივალზე გაიარა შემთხვევით. მისი გატაცებების რაოდენობა გამოთვლას არ ექვემდებარება. ამასთან, ლოგინში არც ისე დახელოვნებულია და ნაკლებად აინტერესებს, რას განიცდის ქალი. თუ მისმა მომაჯადოებელმა გარეგნობამ მოგხიბლათ, მხედველობაში მიიღეთ, რომ ტყუპები კარგად გამოიყურება 25 წლამდე. შემდეგ მისი გარეგნობა ფუჭდება. მისი ნაქები ინტელექტი  ნამდვილად ბრწყინვალეა… და ნამდვილად ზედაპირული, ან მთლიანად პოპულარული ლიტერატურიდან აქვს ნასესხები.

გქონიათ შემთხვევა, როცა საპირფარეშოში ზღვის მცენარეების თიხის ნიღბის გასაკეთებლად განმარტოებულს, კარებზე გესმით დაჟინებული კაკუნი და ფრაზა: „მანდ რას აკეთებ?” თუ ეს თქვენი სამი წლის დისშვილი არ არის, მაშინ ჩვენთვის მარტივი გამოსაცნობია, რომ თქვენ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობთ.

თქვენ ეს საშინელი მესაკუთრე მაინც გულს გიჩუყებთ? დახელოვნებული მანიპულატორი გაიძულებთ უარი თქვათ ძველ მეგობრებზე და დატოვოთ სამსახური (ღმერთმა იცის, იქ ვის გაიცნობთ). შემდეგ კი ტრაბახით მოგიყვებათ, რამდენი უჯდება თქვენი შენახვა.

მიუმატეთ ამას პათოლოგიური მატყუარობა. კირჩხიბი არასოდეს აღიარებს თავს დამნაშავედ. პირიქით, რაც უფრო მეტი ბრალი მიუძღვის, მით უფრო ემსგავსება პატარა, ობოლ ბავშვს. მის თვალებზე გაბრწყინებული ცრემლები პირდაპირ გულს მოგიკლავთ. ის მართლაც გულჩვილია და ძალიან კარგად იცის ამის შესახებ. ამიტომ, სხვები ძლიერ და უგრძნობ არსებებად მიაჩნია და მათთან მკაცრად და უკმეხად იქცევა.

„მე! მე! მე!…”  გესმით, როგორ ღრიალებს ლომის ეგო? მოგწონთ ასეთი დამოკიდებულება? ის თუ იცით, საერთოდ რაში სჭირდებით? თქვენ მისი მთავარი სამკაულის ფუქციას ასრულებთ, რათა შეძლოს ყველასთან ამაყად თქმა: „ეს ჩემი ნადავლია!”  მას ლამაზი მონა სჭირდება; აჩრდილი, რომელიც მის ბრწყინვალებას გაუსმვამს ხაზს და ნაკლოვანებებს დაფარავს. თუმცა ლომს მიაჩნია, რომ საერთოდ არ აქვს ნაკლი და არც ჰქონია, ხოლო ვისაც ასეთი რამ მოეპოვება, სუსტი და ლუზერია.

ძლიერ პიროვნებას ლომი თავის გვერდით ვერ აიტანს. ის ყველანაირად შეეცდება საკუთარ აღმატებულობაში დაგარწმუნოთ. გამუდმებით მოითხოვს თქვენგან ვნებებს და ემოციებს, თავად კი მხოლოდ მიღება შეუძლია და საპასუხოდ არაფერს გასცემს. კიდევ ერთი უსიამოვნო ნიუანსი: მისი ქალი მარად ახალგაზრდა და მშვენიერი უნდა იყოს, იმ შემთხვევაშიც, თუ თავად 50 ს გადააბიჯა. ასე რომ, თუ თქვენ ახალგაზრდობის ელექსირს არ ფლობთ, მით უარესი თქვენთვის _ ლომი მალე სხვა სამკაულით ჩაგანაცვლებთ.

ქალწულის ერთი სიტყვით დახასიათება რომ იყოს საჭირო, პირველი, რაც თავში მოგვდის, არის სიცივე. ეს რაციონალური არსება ვერ განიცდის ღრმა გრძნობებს და არც მათი ესმით, ვისაც გრძნობების გამოვლენა უყვართ. ქალწული ყველაზე ასექსუალური ნიშანია. ჯანსაღი ხორციელი სიამოვნების ნაცვლად, შეიძლება შემოგთავაზოთ  ფანჯრებისა და იატაკის ერთობლივად გაწმენდა; სამუშაო მაგიდისა და ლოგინის დეზინფიცირება მავნე ბაქტერიებისგან;  ჯანმრთელი სოიოს დიეტით დაკავება; იოგას  მიმდევრობა და სექსზე უარის თქმა, ცი ენერგიის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ვერცერთი ქალწული ვერ ძლებს კრიტიკული შენიშვნების გარეშე. აუცილებლად ყველაფერი უნდა შეგისწოროთ და გასწავლოთ. თქვენი უმცირესი პროტესტიც კი კანონგარეშე აგრესიად დაკვალიფიცირდება.

მოკლედ, მამაკაცი ქალწული მუდო იპოქონდრიკია. ამასთან, საშინელი ნარცისია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ლომსაც კი აჭარბებს. მიუმატეთ ამას სიძუნწე და ასკეტიზმი, რომელსაც ის აუცილებლობად მიიჩნევს არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ თქვენთვისაც.

რომანტიული, ჯენტლმენი და დიპლომატი… სასწორთან მაინც რა პრეტენზიები უნდა გქონდეთ თითქოს?

პირველ რიგში, სასწორი ვერ ავლენს შეუპოვრობას და თვითონ საერთოდ არც ერთი ქალის მონადირება არ შეუძლია. ის უბრალოდ „დიახს” ეუბნება ყველა იმ ქალს, რომელიც შეძლებს თავში ჩაუბეჭდოს, რომ ზუსტად ის არის მისი იდეალი.  სასწორი  იმდენად ვერ იტანს კონფლიქტებს, რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად, უარყოფს ყველა თავის სიტყვასა და შეხედულებას. მისი ოცნებაა იპოვოს ისეთი ვარიანტი, სადაც ყველა კარგად იქნება. გულზე ხელის დაიდეთ და გამოტყდით, თქვენ გჯერათ, რომ ეს შესაძლებელია? მას საერთოდ არ სურს ვინმეს აწყენინოს. ამიტომ, ყველას ყველაფერში ეთანხმება.ზოგი ამას გულისხმიერებას ეძახის, თუმცა ასეთი მიდგომით შესაძლოა დონ ჟუანადაც იქცეს. ვერანაირი პმს და სამსახურებრივი დედლაინი ვერ გაგამართლებთ, თუ თქვენ ერთი უხეში სიტყვით მაინც დაუმსხვრევთ გულდასმით აშენებულ ბროლის სასახლეს, რომელშიც ცხოვრობს. სასწორი მამაკაცი იმდენად დახვეწილი და ფაქიზი ნატურაა, ყოველთვის ჩამორჩება სხვებს და როგორც ჩანს, მას ეს დიდად არ ადარდებს… და თქვენ?

მორიელს თავადაც არაერთგზის სმენია, რომ სავსეა მაგნიტიზმით და ქალებზე ნარკოტიკივით მოქმედებს: იწვევს ექსტაზს, მიჩვევას, დამოკიდებულებას, ლომკებს. მასთან ურთიერთობისას მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენს წინაშე მუდმივად გათამაშდება სხვადასხვა სპექტაკლი.

მაინც ვინ ჰგონია ამ მამაკაცს თავი? გრაფი მონტეკრისტო? კაზანოვა? მეფისტოფელი? სამწუხაროდ, მორიელებზე სიმართლე სრულიად საპირისპიროდ გამოიყურება. მისი უზომო სიამაყე საკუთარ თავში დაურწმუნებლობას მალავს. ის გულმოდგინედ ცდილობს შეიქმნას მარტოსულის იმიჯი, რადგან წინასწარ დარწმუნებულია, რომ ვერავინ გაუგებს და მას უარყოფენ. ის ხშირად ირგებს ცინიკური სკეპტიკოსის ნიღაბს, რადგან გარესამყარო აშინებს თავისი იდუმალებითა და სირთულით.

ერთი სიტყვით, მორიელი მამაკაცი მუდმივი 13 წლის მოზარდია. ის ეგოისტია, ისტერიული და…უინტერესო, როგორც კი გაშიფრავთ, რა იმალება ზოროს შავი მოსასხამის ქვეშ.

გულღია და ოპტიმისტი მშვილდოსანი თავს გახვევთ მრავალფეროვან პროექტებსა და ფანტაზიებს. მხოლოდ რამდენიმე ხანში აღმოაჩენთ, რომ ყველა მისი ორიგინალური და ბრწყინვალე იდეა, ცისარტყელას ფერებში, არავის  აინტერესებს. მშვილდოსანი ერთერთი ყველაზე მსუბუქი და ქარაფშუტა ნიშანია. ის არასდროს არავის და არაფერს სერიოზულად არ აღიქვამს, თანაც საოცრად გულწრფელია. როდესაც ნახევარსაათიანი ნაცნობობის შემდეგ, ღამის ერთად გატარებას გთავაზობთ, ერთ საათში კი ტელეფონზე რეკავს და გთხოვთ, დასაძინებლად დაწვეთ და მასზე არ ინერვიულოთ, თქვენი მშვილდოსანი აუცილებლად მოვა… სავარაუდოდ, ზეგ.

ის უბრალოდ აღმერთებს დროის უქმად და ძალების ფუჭად ხარჯვას. თუ თქვენთან თანაცხოვრება მის მრავალრიცხოვან და მუდმივ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს და მას არ მოუწევს საარსებო პურზე ზრუნვა (ეს პროცესი ძალიან ღლის), მაშინ მშვილდოსანი მამაკაცი დიდხანს შეყოვნდება თქვენთან.

თხის რქა სიჯიუტის განსახიერებაა. ცდილობს საფუძვლიანად მიჩქმალოს გრძნობები, განსაკუთრებით თქვენგან. აქ იგულისხმება ნაზი და რომანტიული გრძნობები, თორემ მტრული დამოკიდებულების დემონსტრირება თხის რქას უყვარს და კარგადაც ეხერხება. მისი საყვარელი საარსებო გარემო უსახური ბრბოა, სადაც შეძლებს კიდევ უფრო რუხი და შეუმჩნეველი გახდეს.

თხის რქა მამაკაცი გულდასმით უფრთხილდება თავის პრივატულ სივრცეს და მარტო ყოფნის უფლებას. იმავდროულად, ყურადღებით გაკვირდებათ რეაქციებზე. თუ მცირედი უკმაყოფილება შეგატყოთ, წამსვე დაიწყებს გამყოფი კედლის აღმართვას, რათა საბოლოოდ განცალკევდეს. შეუძლებელია მათი გულახდილ საუბარზე გამოწვევა. ვერანაირი ემოციური აღტკინებით ვერ გაარღვევთ გაუცხოების სქელ ქერქს. ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულების გათვალისწინებით, არც ისე გასაკვირია არა, რატომ ვარდებიან თხის რქები დეპრესიაში, იტანჯავენ საკუთარ თავს და ტანჯავენ სხვებსაც.

რა, არ არის სასაცილო?  ჩვენ რა ვქანთ მერე? თქვენი არჩევანია.

შესაძლოა ახირებული მერწყული ასი წლის შემდეგ გენიოსადაც სცნონ, მაგრამ თქვენ ხომ მასთან ახლა ცხოვრობთ? და მართალია, აწმყო დროში ჯერ სათანადოდ ვერ აფასებენ, მაგრამ გენიოსისთვის მახასიათებელი წიკები უკვე სახეზეა.

ის მოითხოვს თქვენგან უსიტყვო მორჩილებასა და მისი ნიჭის თაყვანისცემას. თქვენ ძალიან ხშირად მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ საკუთარ აზრსა და მასთან ყოფნის სურვილს შორის. ნებისმიერ შანტაჟზე წავა, ოღონდ დარწმუნებული იყოს თქვენს მორჩილებაში. ცხადია, ამ დროს მისი თავისუფლება ხელშეუხებელია და გაპროტესტებას არ ექვემდებარება.

და მისი ყოველ წვრილმანზე გაცოფების თვისება? ამასთან, კუროსგან განსხვავებით, რომლისთვისაც წვრილმანი მიზეზია დაგროვილი წყენა გამოუშვას, მერწყულისთვის თავად წვრილმანია მიზეზი. მერწყული მამაკაცები, როგორც წესი, იშვიათად ქორწინდებიან და ზემოთაღნიშნულს თუ გავითვალისწინებთ, ასეც ჯობია.

ქალებს უყვართ თევზებ მამაკაცებთან მეგობრობა, რადგან ბევრ  საერთოს პოულობენ და თევზებს მათი კარგად ესმით.ისინი სავსენი არიან ემოციებით. მგრძნობიარე და გაუწონასწორებლები, კარგად აცნობიერებენ და ხმამაღლა აღიარებენ საკუთარ სისუსტეებს. სწორედ ამიტომ თევზები ვერ იქნება თქვენთვის საიმედო საყრდენი და ნამდვილი მამაკაცი. ის ხან ღრუბლებსმიღმა ტკბილ ილუზიებში დაცურავს, ხანაც მწარე იმედგაცრუებით ძირს ენარცხება. საწყის სტადიაზე თქვენ შეიძლება მისმა გულუბრყვილობამ მოგხიბლოთ, მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე გასტანს, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მთელ თავის ხელფასს ორგანიზაცია „გასტროლიორების” წარმომადგენლებს არ გაატანს. ამის შემდეგ მოგიწევთ მეტროს ვაგონებში გულისგანმგმირავი სიმღერებით სარჩოს თხოვნა.

ერთი სიტყვით, თევზებ კაცთან ურთიერთობა საუკეთესო საშუალებაა საკუთარ ტყავზე იწვნიოთ, რატომ ამბობენ მამაკაცები ფრაზას: „ოჰ, ეს ქალები!!!”


About Qet

Scroll To Top