მარსის ასპექტები

მარსის ასპექტები

ნიშანი და სახლი, რომელსაც მარსი იკავებს და მართავს (ვერძის კუსპიდს), იმაზე მიუთითებს, სად მოქმედებს ადამიანი აქტიურად და რამდენად კონსტრუქციული ან დესტრუქციულია მისი მოქმედებები.  მარსის ყოველი ასპექტი ხაზს უსვამს ენერგიას, მოქმედებას და აგრესიულ შემართებას.

ქალის ჰოროსკოპში მარსი მეტყველებს მამაკაცის იმ ტიპზე, რომელიც მას მოსწონს.

მამაკაცის ჰოროსკოპში , როგორ იყენებს ის თავის მასკულინურ ენერგიას და უნარებს იმისთვის, რომ ქალს თავი მოაწონოს.

მარსი მჭიდროდ უკავშირდება ინსტინქტების სფეროს და ამიტომ, იმის სიგნიფიკტორია, როგორ მოქმედებს ადამიანი თავისი იმპულსური მოთხოვნებიდან გამომდინარე, სპონტანურ გამოვლინებაში. მხოლოდ ძალიან მაღალგანვითარებული ინდივიდების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სულიერებისკენ მიმართული ნება.

მარსის შეერთება პლანეტებთან

მარსთან შეერთება გულისხმობს, რომ  ადამიანი თავისი ენერგიის უდიდეს ნაწილს სწორედ  პლანეტით მართულ სფეროებისკენ მიმართავს. ეს ასპექტი მეტყველებს პლანეტის ენერგიულობაზე, მასკულინურ ძალაზე და ლიდერულ ნიჭზე. თუ შეერთება დაზიანებულია (სხვა ნეგატიური ასპექტებით), აღინიშნება მიდრეკილება ნაჩქარევი, დაუფიქრებელი ქცევებისკენ. დამუშავებისთვის, ადამიანმა დეტალურად და გულდასმით უნდა გაანალიზოს და დაგეგმოს თავისი მოქმედებები, რომ თავიდან აირიდოს შეცდომები და ენერგიის ფუჭი ხარჯვა.

 

 

მარსის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან

მარსის სექსტილი პოზიტიური ენერგიის გამოვლენის შესაძლებლობაზე მეტყველებს. სექსტილის პირობებში ადამიანის ენერგია და ნება მიმართულია აღმშენებლობისკენ, მისი ძალა მენტალურ ხელმძღვანელობას ექვემდებარება და სულის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ადამიანს არაერთი შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს თავისი ენერგიის ეფექტურობა და ნაყოფიერება, შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება. იმავდროულად, საკმარისი მამაკაცური თვისებებით (სიმამაცე, უშიშრობა, ინიციატივა) არის დაჯილდოებული და თამამად გადალახავს ყველა წინააღმდეგობას.

მარსის ტრიგონი მამოძრავებელი ძალების და ენერგიის შეუფერხებლად გამოვლენაზე მეტყველებს. ტრიგონი მზიური შემოქმედების და იუპიტერული დიდსულოვნების ასპექტია. ის ადამიანის ენერგიის შემოქმედებით აქტივაციას უწყობს ხელს, რომელიც აღმშენებლობისკენ არის მიმართული. ნატივი განსაკუთრებულ სიცოცხლიმოყვარეობას, აზარტს და შემართებას ავლენს პლანეტით მართულ სფეროებში. ის გულწრფელად ცდილობს, თავისი ენერგია მაღალი იდეალების რეალიზაციას მოახმაროს.

 

 

მარსის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან

თუ მარსს დაძაბული ასპექტები აქვს, ადამიანი მიდრეკილი იქნება სასოწარკვეთილი, იმპულსური და გაუაზრებელი მოქმედებებისკენ. მას არ ადარდებს საკუთარი ქცევების შედეგები. დაზიანებული მარსი ფეთქებად ტემპერამენტსა და ძალადობისკენ მიდრეკილებაზე მეტყველებს. პლანეტის ენერგია კონსტრუქციულობისკენ უნდა წარიმართოს ცნობიერი ნების ძალით, რასაც ხელს უწყობს მერკურისთან, იუპიტერთან ან სატურნთან ასპექტები.

მარსის კვადრატი გამოწვევას უცხადებს ნატივს და  მის აგრესიულობას აღვივებს. მარსით და პლანეტით მართულ სფეროებში, კვადრატის დაძაბულ ენერგიას უკმაყოფილება და იმედგაცრუება მოაქვს. ადამიანი მიდრეკილია სახიფათო მოქმედებებისკენ, როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების მიმართ. მან აუცილებლად უნდა ისწავლოს თავშეკავება, სხვისი უფლებების და მოთხოვნების აღიარება და პატივისცემა. მარსის კვადარატი  ძლიერი პატივმოყვარეობის სიგნიფიკატორი და უზარმაზარი უმართავი ენერგიის წყაროა. საკმარისი თვითდისციპლინის შემთხვევაში, თუ ნატივმა საკუთარი ენერგიის მართვა ისწავლა, მას მაღალი მწვერვალების მიღწევა შეუძლია. ამისთვის ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ მარსის ნებისმიერი კვადრატის შემთხვევაში, ადამიანს გარკვეული თვითშეზღუდვა და დიდ მოთმინება მოეთხოვება.

მარსის ოპოზიცია ადამიანისგან  საკუთარი და გარშემომყოფების ქცევის მოტივების განსაზღვრას მოითხოვს. ნატივის აგრესიისადმი მიდრეკილების და ნაჩქარევი ქცევების გამო, ხშირად  ადამიანებთან ურთიერთობების გამწვავების მაპროვოცირებელია. ასეთმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ისწავლოს თავშეკავება და ყოველთვის გაითვალისწინოს სხვების ინტერესები. მარსის ოპოზიცია ბადებს მიდრეკილებას სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლის, შეხლა-შემოხლის, რისხვის, სიტყვიერი პაექრობის და ფიზიკური ძალადობისკენაც  კი. მარსის ოპოზიციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ადამინს უდიდესი სიმტკიცე და ძალა ეძლევა, პარტნიორთან ნაყოფიერი ურთიერთობის დასამყარებლად.

 

• „პლანეტით მართული სფეროები“ _ ა) იგულისხმება სახლი, რომელსაც მართავს პლანეტა. პლანეტა მართავს სახლს, რომლის კუსპიდიც (საწყისი საზღვარი) მდებარეობს მის სატახტო ნიშანზე. მაგალითად, მზე მართავს სახლს, რომელიც იწყება ლომზე. მთვარე მართავს სახლს, რომელიც იწყება კირჩხიბზე, მერკური _ ტყუპების კუსპიდს და ა.შ. ბ) სახლი, რომელშიც ვლინდება პლანეტის ენერგია. (მაგ.: პლანეტა III სახლში).

 

დამხმარე სტატიები

მარსი    მარსის პრინციპები   მარსის დამუშავება


About Qet

Scroll To Top