მარსის და ქირონის შეერთება

მარსის და ქირონის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

მარსის შეერთებანამდვილი სიმძიმე უჩინარია. ჭეშმარიტი ძალა _შეუგრძნობელი!”

მარსთან შეერთება პლანეტას ძალას მატებს, რომელიც, დაბალ დონეზე, დესტრუქციულად ვლინდება. პლანეტის პრინციპი მარსის ენერგიით იკვებება, იბერება და თუ ადამიანმა მისი კონსტრუქციულ კალაპოტში მიმართვა ვერ შეძლო, ხშირად აგრესიის და განადგურების ფორმით რეალიზდება. მაგალითად, დაუმუშავებელი მთვარე მარსის შეერთება ბადებს აგრესიას საკუთარი ორგანიზმის მიმართ. სატურნთან შეერთება კი გამოიწვევს ზღვარგადასულ წინააღმდეგობას თვითჩაღრმავებისა და კონცენტრაციის დროს. მაგ.: როდესაც ადამიანი ცდილობს რაიმე საქმეზე ან საკითხზე კონცენტრირდეს, ყოველთვის ვლინდება გარე ხელშემშლელი ფაქტორი, რაც ყურადღებას უფანტავს. შეიძლება, მოულოდნელად ეზოდან შემოვარდნილმა ფეხბურთის ბურთმა ფანჯარა ჩალეწოს.

აქ დამუშავება მიმდინარეობს არა იმდენად საკუთარი ძალისთვის ლაგამის ამოდების პრინციპით, იმ სფეროებში, რომელსაც პლანეტა მართავს, არამედ უფრო ენერგიის დახვეწის გზით, საკუთარი ენერგოვიბრაციის გაზრდით. მაგალითად, იგივე მთვარე მარსის შეერთების შემთხვევაში, არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშების მიყოლა და სხეულის კუნთოვანი მასის განვითარება. სამაგიეროდ, ფრიად რეკომენდებულია, ისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ენერგიის მართვა (ხათხა იოგა, ავტოტრენინგი და ა.შ.). მარსი-სატურნის შეერთების შემთხვევაში, ნუ დახარჯავთ ძალებს გარეგამაღიზიანებლებთან ბრძოლაში. ამის ნაცვლად, ეცადეთ  კონცენტრაციის უნარი გაიღრმავოთ.

მაღალ დონეზე, მარსი პლანეტას  ზუსტად იმ ზომის და ოდენობის ენერგიას მიანიჭებს, რამდენიც მას  კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდება. ასევე ხარისხიანად გაზრდის მის შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა ამისათვის საჭიროა  გაითავისოთ ისეთი მიმზიდველი პრინციპის მცდარობა და ვერაგი პერსპექტივა, რომ „ძალა და ძლიერება კარგია!“ ადამიანმა უნდა მოახერხოს საშუალო ან დაბალი დონის მარსის დესტრუქციული თვისებების ლიკვიდაცია. განსაკუთრებით, როდესაც ჰოროსკოპში მარსი პლანეტაზე ძლიერია. მაგალითად, ვენერა მარსის შეერთებისას, ადამიანი გრძნობს და აფასებს სილამაზეს მხოლოდ ძალის ელემენტის თანხლებით.

 

ქირონის შეერთება: „სჯობს  ღმერთს  ანგარებით ემსახურო, ვიდრე ეშმაკს უანგაროდ“

ქირონთან შეერთება პლანეტას განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას ანიჭებს, რომელსაც თავიდან გარშემომყოფები უფრო აფასებენ, ვიდრე თავად ინდივიდი, რომელიც ხუმრობების მთავარი გმირი ხდება. ეს ასპექტი ბადებს პლანეტის პრინციპების არატრადიციული მეთოდებით  დამუშავების კარმულ აუცილებლობას, რისი სტიმულიც გაურკვეველი და ქაოტური სიტუაციების ჩიხური განვითარება ხდება, სადაც, მართალია, შინაგანი აზრი იგრძნობა, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია, თუ ადამიანი მისთვის ჩვეულ  პოზიციებზე რჩება. მაგალითად, ქირონისა და მთვარის შეერთება უცნაურ ან თუნდაც ჩვეულებრივ დაავადებებს იძლევა, რომლის მკურნალობაც ტრადიციულ მეთოდებს არ ექვემდებარება.   დაავადება, პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამებს ადამიანს, სანამ ის მკურნალობის უჩვეულო მეთოდებს არ მიმართავს, რასაც ტრადიციული მედიცინა შარლატანობას უწოდებს, ყოველ შემთხვევაში, ეჭვქვეშ მაინც აყენებს.

სამაგიეროდ, ქირონთან ჰარმონიული შეერთება პრობლემის ძალიან სწრაფ, თითქმის სასწაულებრივ მოგვარების საშულებას იძლევა. როგორც წესი, ადამიანს მხოლოდ ახლებური, თავიდან ნახევრად სასწაულებრივი შეხედულებების, მეთოდების და ილეთების სერიოზული ათვისება და მატერიალიზაცია ევალება. იმავდროულად, აუცილებელია შინაგანი მუშაობა ქვეცნობიერის იმ პროგრამებთან, რომელსაც პლანეტა მართავს. მაგალითად, ქირონი-პლუტონის შეერთების დამუშავება გულისხმობს საკუთარი შეხედულებების გადახედვას ბედისწერაზე, პირადი და მსოფლიო კარმების ურთიერთკავშირზე (პიროვნების როლი ისტორიაში),  სულიერ განწმენდაზე, მონანიებაზე და ა.შ.

ქირონთან შეერთების დამუშავება, პლანეტის მართულ სფეროებში, უჩვეულო შემოქმედებით უნარებს, მეთოდებსა და ილეთებს იძლევა, რასაც, მართალია, თანამედროვეებში სასწაულის ეფექტი აქვს, მაგრამ მომდევნო თაობებისთვის მაინც „მეცნიერული“ და „რაციონალური“ გახდება.

ქირონის ძირითადი მეთოდური პრინციპი ჟღერს ასე „გაიგო_ნიშნავს მიეჩვიო“, თუმცა ქირონთან შეერთების დამუშავება არა პლანეტის პრინციპების ხარისხობრივად ახალი მეთოდების განვითარებას, არამედ ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს.

 

 

მარსის და ქირონის ასპექტების ზოგადი დახასიათება

მარსი-ქირონის ნებისმიერი ასპექტი მასკულინური, სექსუალური ენერგიის „ჭრილობაზე“ მიუთითებს. შესაძლოა ნატივი უარყოფდეს საკუთარი პიროვნების მამაკაცურ ნაწილს. არ ჰქონდეს თავდაცვის უნარი, რადგან ეშინია, რომ ამით სხვებს აწყენინებს.

მისი თავდაჯერება, სურვილები და მათი გამოხატვის ფორმები, მიზანდასახულობა, პირდაპირობა, გულწრფელობა _ ძალიან გაურკვეველ ხასიათისაა. დამახასიათებელია პასიური აგრესია. არ არის გამორიცხული ფიზიკური დეფექტი. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ შეაჩერონ მოქმედება. ამიტომაც, სულ დაკავებულები არიან.

უკიდურესად სენსიტიურად რეაგირებენ ძალადობაზე, ბრაზისა და ძალის გამოხატვაზე. ერთგვარი შეთანხმება უნდა გააფორმონ საკუთარ თავთან, რომ არ გაეჯიბრებიან ადამიანებს ან არ ჩაერთვებიან ძალადობრივ სიტუაციებში. ეშინიათ კონფრონტაციის. სხვებისგან გამოყოფის (ინდივიდუალიზმის) პრობლემები. ჩახშობილი აგრესია, ბრაზი, სექსუალური სურვილები, დიდი ალბათობით გამოიწვევს დაავადებებს, ფიზიკურ დისფუნქციას.

საჭიროა გააცნობიერონ საკუთარი ლიმიტები, რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა. მშვიდად აღიქვან ის ფაქტი, რომ ყველაფრის მიღწევას ვერ შეძლებენ და ყოველთვის სასურველს ვერ მიიღებენ. უნდა ისწავლონ საკუთარ აგრესიასთან, ფრუსტრაციასა თუ იმედგაცრუებასთან გამკლავება, ბრაზის მენეჯმენტი.  იპოვონ  ფიზიკური ენერგიის ხარჯვის ალტერნატიული მეთოდები. ხარჯონ ენერგია სხვების დასახმარებლად და აქტიურად იყვნენ ჩართული მათი განკურნების პროცესში. დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით, ვარჯიშით, რომ გაანთავისუფლონ ორგანიზმი ნეგატიური ენერგიისგან, აგრესიისგან. იხელმძღვანელონ შინაგანი სიბრძნით, ღრმა და ჰოლისტიკური შეხედულებებით. მისცენ მაგალითი სხვებს, ბრაზსა და წყენასთან გამკლავებაში. კარგი იქნება, თუ დაკავდებიან ფიზიო-თერაპიით, ფიტნესით. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ამისთვის საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: რის მოგებას ცდილობენ და რატომ? რამე აქვთ დასამტკიცებელი? თუ კი, ვისთვის?

განკურნება: მისდიეთ საკუთარ გულისთქმას, იმ შემთხვევაშიც, თუ სხვებს ეწყინებათ. დააფასეთ საკუთარი თავი  და იქეცით ანგარიშგასაწევ ძალად. გააცნობიერეთ, რომ თქვენ იზიდავთ ისეთ ადამიანებს, ვინც აირეკლავს თქვენსავე გამოუთქმელს რისხვას. ისწავლით საკუთარი თავის და პოზიციების დაცვა. შეისწავლეთ საკუთარი მასკულინური მხარე;  რას ნიშნავს, იყო მამაკაცი? „ჩაეხუტეთ“ თქვენს ანიმუსს. განავითარეთ უფრო ჰოლისტიკური შეხედულება მამაკაცურობაზე. ისწავლეთ  ურთიერთობის მოგვარება მამაკაცებთან. დაეხმარეთ ადამიანებს საკუთარი ბრაზის და აგრესიის მართვის სწავლაში.  დაიჭირეთ ბალანსი თვითმყოფადობასა და თანამშრომლობას შორის. გაიგეთ, რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ ან პირიქით, რატომ არ აკეთებთ იმას, რისი კეთებაც გინდათ?

 

მარსის და ქირონის შეერთება

Kanye West ♂ ☌ ⚷ _ ♉

მარსის და ქირონის შეერთება გამოწვევას უცხადებს ნატივს, „უმკურნალოს“  თავისი ბუნების აგრესიული ნაწილს და კონსტრუქციულად გაართვას თავი ისეთ თვისებებს, როგორიცაა პაექრობა, კონფლიქტურობა, საომარი შემართება, სულსწრაფობა ან იმპულსურობა.

შესაძლოა მეტად არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს  ბრაზის გამოხატვისას. ასევე შეიძლება უჭირდეთ დაჟინებულობის გამოვლენა ან საკუთარი პოზიციების დაცვა. ნებისმიერი ტიპის კონფრონტაცია მათთვის პრობლემატურია. თუმცა როგორც კი ერთხელ დაოსტატდებიან საკუთარი იმპულსების ეფექტურად გამოხატვაში; ისწავლიან, როგორ გამოიჩინონ სიმტკიცე, და იმავდროულად შეინარჩუნონ გრაციოზულობა, ისინი შეძლებენ სხვებსაც გაუწიონ მენტორობა მსგავსი ტიპის პრობლემების დაძლევაში.

ეს ადამიანები ყველაფერს თავისებურად აკეთებენ, თუმცა მოცემული ასპექტით მათ  მართლაც წარმოუდგენელი წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ. ისინი იქამდე ეჯახებიან მარსის „გაკვეთილებს“, სანამ მის მოგვარებას არ ისწავლიან, თანაც სრულიად უნიკალური მეთოდებით.

არანაკლებ თავისებური დამოკიდეულება ახასიათებთ სექსთან და საკუთარ სექსუალურ როლებთანაც. არ იფიქროთ, რომ მათი სექსუალური შეხედულებები საიდანღაც არის ნასესხები _ ეს მათ პიროვნებაში იბადება და შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივად მოგეჩვენოთ, რადგან ძალიან ცოტა რამ აერთიანებს სოციალურად მიღებულ ტრადიციებთან. მათ უმეტესობას ბევრი მტერი ჰყავს.


About Qet

Scroll To Top