მარსის კვადრატი ნეპტუნთან

მარსის კვადრატი ნეპტუნთან

თვითშეწირვის ასპექტი

დამახასიათებელია: რელიგიურობა, მსხვერპლად შეწირვის უნარი, ქმედებების გამო სინანულის განცდა, თვითმოტყუებისკენ მიდრეკილება, საკუთარი ქცევის მოტივების უცოდინრობა („არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი“), შეპყრობილობა (იდეებით), ფანატიზმი, ფსიქოლოგიური სიბრმავე, იდეალური ან/და სუბიექტური წარმოდგენები, მანიაკალური მდგომარეობა, კლეპტომანია. დადებითი კუთხით – სულიერებისკენ სწრაფვა.

ასპექტისთვის დამახასიათებელია ქვეცნობიერიდან წამოსული უცნაური ემოციური სურვილები, რაც არსებულ წესრიგში ვერ ჯდება; უარყოფითი კუთხით შესაძლოა გამოვლინდეს ნევროზი, ჰალუცინაცია, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტყუილი, უცნაური სექსუალური სურვილები.

პიროვნებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული იდეალებისა და იდეალიზმის დაცვა; ზოგჯერ საკუთარ მოტივებს ვერ აცნობიერებს ან არასწორად იგებენ მის საქციელს. რამდენადაც დამახასიათებელია რეალობის დამახინჯებულად გაგება – შესაძლოა ორიენტირებას კარგავდეს, მიუღწეველ მიზნებს ისახავდეს.

ასპექტის გამოვლენა ორგვარად ხდება: ერთ შემთხვევაში საკუთარ უნარებში და შესაძლებლობებში დაურწმუნებლობაა, მეორე შემთხვევაში დამახასიათებელია სურვილებსა და შეგრძნებებს შორის კონფლიქტი. ასპექტის მქონე ადამიანს უარყოფითის ეშინია, ამის გამო შესაძლოა უკან იხევდეს. წარმოსახვა ხშირად წინ უსწრებს ქმედებებს, წარმოიდგენს ერთს და აკეთებს მეორეს.

ასპექტის მქონე ადამიანს იზიდავს მისტერიები, ინტრიგა, სექსუალური ექსპერიმენტები. შესაძლოა სექსუალური გამოხატვის მხრივ შიშები ჰქონდეს („პარტნიორი ვერ გამიგებს“) ან გარკვეული მიზეზების გამო მიუწვდომელი ადამიანი იზიდავდეს.

ამოცანები: ისწავლოს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება, სხვები ბრმად არ დაადანაშაულოს საკუთარ წარუმატებლობაში, ქმედებების გამო დანაშაულის განცდის მოშორება.

მარსის კვადრატი: „სამართებელი, რომელიც სამწერლო ენას ლესავს, კომბოსტოს საჭრელად არ გამოიყენება“

მარსის კვადრატი პლანეტარული ენერგიის გამოვლენას უხეშობას, დისჰარმონიულ ენერგიას მატებს, რაც ფაქიზ გამოვლინებებში მის პრინციპებს არღვევს. ეს რღვევა  გარე და შინაგან დონეზე მიმდინარეობს. თუ ინდივიდი რამით არ ეწინააღმდეგება – გამოვლენა ძლიერია.

კარმულად მარსის კვადრატი პლანეტარული პრინციპების პირდაპირ გამოვლენის აკრძალვას (გამოვლენა ჰარმონიულად ან კონსტრუქციულად არ ხდება) და მის დამუშავებას ნიშნავს. ინდივიდი შინაგანად ძლიერადაა დაინტესებული პლანეტით მართული სფეროებით, მისკენ რაღაც ძალა „ექაჩება“ და მიუხედავად წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისა საკუთარ შესაძლებლობებზე (ამ სფეროებში) მისი წარმოდგენა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს.

დაბალ დონეზე პლანეტის სფეროებში ინდივიდი შესაძლოა საფრთხის მომტანი იყოს გარშემომყოფებისთვის, მაგრამ მაქსიმალურ საფრთხეს მაინც საკუთარ თავს უქმნის. მარსის კვადრატის შემთხვევაში კარმის კანონებს სამყაროში დისჰარმონია შემოაქვს, ენერგიულად და სწრაფად მოქმედებს (ზოგჯერ საპასუხო დარტყმა ინდივიდის შინაგან სამყაროზე მოდის და შინაგანი ნგრევა შეიძლება გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. გამონაკლის წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ინდივიდის საერთო დონე ძლიერად იკლებს, ანუ დეგრადირდება).

შინაგანად ეს ასპექტი იძლევა ზრდის შესაძლებლობას, ქვეცნობიერი პროგრამების, მათ შორის ცხოველური ინსტინქტების, უხეში გამოვლენის გაცნობიერებას, რაც ტრანსფორმირდება უფრო ცივილურ და მისაღებ ფორმად, ანუ ენერგიის, ვიბრაციის გამოვლენის მაღალ საფეხურზე გადადის.

დამუშავება იძლევა ენერგიის მცირე მოცულობის გამოყენებით პლანეტასთან მუშაობის უნარს, მისი პრინციპების ფაქიზ გამოვლენას. ადამიანს  ყველაფერი ეცოდინება პლანეტის დაბალი ოქტავით გამოვლენის შემთხვევაში მისი დამანგრეველი ენერგიის შესახებ. ეს კი საბოლოოდ  სხვებში მისი გაგებისა და მათი დახმარების უნარს იძლევა პლანეტის პრინციპების დამუშავებაში. თუმცა, დაბალ დონეზე მისი ვიბრაციის თავისუფალი ნაკადის ფლობა არ შეუძლია; მაგ: ვენერა-მარსის კვადრატის შემთხვევაში ინდივიდს შეუძლია იყოს შესანიშნავი სექსოლოგი, მაგრამ არა სექსუალური ყოვლისშემძლე (ორიგინალი: სექსუალური გიგანტი).

ნეპტუნის კვადრატი: დიდი შინაგანი პატიოსნებაა საჭირო მისი ნაკლებობის აღმოსაჩენად

რთული ასპექტია. ნეპტუნის კვადრატი იძლევა მედიტაციის დამახინჯებას დაბალ დონეზე, რაც ადამიანს ამოუხსნელად იზიდავს. პლანეტის პრინციპების გაგება რთულია, ჭეშმარიტი და მცდარი გაგება, ილუზია ერთმანეთში ირევა, რომელთა დაჯერება და უფრო მეტად განშორება ადამიანს უჭირს. ნეპტუნი ატყუებს ადამიანს, ინდივიდი ატყუებს სამყაროს და საკუთარ თავს, შემდგომ ტყუილს ამჩნევს და რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს (თუნდაც საკუთარი თავის რწმენას) დაჯერება უჭირს, მაგრამ მხოლოდ დროებით. შემდგომ იგივე მეორდება – სამყაროს ატყუებს და თავს იტყუებს.

ამ ფაქტს შეუძლია გამოიწვიოს სასოწარკვეთა ან უმაღლესი ძალებისკენ ძლიერი სწრაფვა. შედეგი რთულად პროგნოზირებადია, ინდივიდი ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში და არ იფიქროს ყველაფერმა ჩაიარა. ამ შემთხვევაში დაბალი საწყისი მედიტაციის დაბალი და ბინძური საშუალებებით იკვებება (მაგ: ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, ოჯახური სკანდალი და ა.შ.).

მაგალითად, სატურნ-ნეპტუნის კვადრატმა შესაძლოა წარმოშვას არაფრის კეთებისგან სიამოვნება, დამახასიათებელი იქნება “გამოსწორების” მცირე მცდელობები >> მაზოხისტობისა და უმაქნისობისგან დიდხანს მედიტაცია (ტკბობა) >> “გამოსწორების” მცირე მცდელობები და ასე ციკლურად. საბოლოოდ, ციკლში უახლოესი ნათესავები და ფსიქოანალიტიკოსები ერთვებიან.

ასპექტის კარმული მნიშვნელობა თვითმოტყუებისა და დაბალი დონის მედიტაციის (ე.წ. „ტკბობის“) დამუშავებას ნიშნავს პლანეტის სფეროებში. დამუშავება რთულია, დაბალი დონის მედიტაციის ყველა საშუალებაზე უარის თქმას და პლანეტასთან დაკავშირებულ სფეროებში პატიოსან, კონსტრუქციულ მუშაობას მოიცავს. მაღალ დონეზე ინდივიდი აღწევს კოსმიური სიყვარულის გაგების უნარს, მათ შორის მისი რეალობაში გამოვლენის საშუალებებს ხედავს.  ის სეიძლება სხვების თვალში ნათელმხილველად, წმინდა ადამიანად იქცეს, მაგრამ პლანეტის სფეროებში სამყაროს წინაშე დანაშაულის განცდა არასდროს ტოვებს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top