მერკურის ტრინი სინასტრიულ პლანტებთან

მერკურის ტრინი სინასტრიულ პლანტებთან

მამაკაცის  მერკური ტრინში ქალის მზესთან

ეს ბრწყინვალე ასპექტია საერთო საქმიანობისთვის, რომელიც ორივე პარტნიორისთვის კარგი სტიმულია და სრული კმაყოფილება მოაქვს. ორივე მარტივად და უპრობლემოდ ირეკლავს ერთმანეთს, რადგან თითოეული საკუთარ  შეკითხვებზე პასუხებს  პარტნიორში პოულობს. აქ აქცენტირებულია მენტალური ურთიერთობა, რადგან ურთიერთგაგების მოთხოვნა თითოეულს აძლევს შესაძლებლობას, გულისყურით უსმინონ ერთმანეთს.

 

ქალის მერკური ტრინში მამაკაცის მზესთან

ამ ურთიერთობის საკვანძო ნოტა ურთიერთგაგების ატმოსფერო და ერთმანეთის მიმართ არსებული ცხოველი ინტერესია. მამაკაცი შეიძლება იზიარებდეს პარტნიორის იდეებს, ქალს  შეუძლია ახსნას მისი მიზანი. მთელი მათი საერთო აქტიურობა, რაც თანამშრომლობის სურვილით არის წაქეზებული, მართლაც საოცრად ნაყოფიერია. ქალი დიდ პატივისცემას იმსახურებს, ამ ურთიერთობის გაგების უნარის გამო. ამ ასპექტისთვის შეიძლება დამახასიათებელი იყოს პლატონური ნოტა, რაც იმას გულისხმობს, რომ მამაკაცი უფრო მეტად ფოკუსირებულია ქალის გონებაზე. მისი ცოცხალი აზრები ძალიან ფასეულია კაცისთვის, რადგან ეს ქალი ეხმარება მას საკუთარი სასიცოცხლო ენერგიის სწორად გაგებაში.

 

მამაკაცის მერკური ტრინში ქალის მთვარესთან

ეს ასპექტი მიუთითებს თავისუფალ და მსუბუქ კომუნიკაციაზე. ქალი სიმბოლურად გამოხატავს ხორციელ ვნებას, მამაკაცი კი მის ემოციებს გონებით აბალანსებს, რის შედეგადაც, ორივე პარტნიორი ჰარმონიულად ფუნქციონირებს. მამაკაცს სიამოვნებს პარტნიორისგან დედობრივი თვისებების გამოვლენა. მისი გონება კი  საიმედო ნიადაგს ქმნის ქალის ემოციების გამოსავლენად.

 

ქალის  მერკური ტრინში მამაკაცის მთვარესთან

მამაკაცს ძალიან მოსწონს ეს ურთიერთობა, რადგან ამ ქალისგან ისეთ გაგებას აწყდება, რის მიღწევასაც საკუთარ დედასთან ცდილობდა. ის თავდაჯერებულად გამოხატავს საკუთარ ემოციებს და ტკბება იმით, რომ ქალს შეუძლია მისი ქვეცნობიერი ემოციების ფოკუსირება. მეორეს მხრივ, ქალს დიდად სიამოვნებს ის  ღია აღქმა, რომლითაც  პარტნიორი მის იდეებს ხვდება,  რადგან ასეთი რეაქციით ის რჩეულს საკუთარ თავთან ჰარმონიის განვითარებაში ეხმარება. ამ ურთიერთობისთვის შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ბავშვური გულწრფელობა და უშუალობა. მამაკაცი შესაძლოა მცირე  საფრთხეს გრძნობდეს, მაგრამ მისი შიშები მარტივად გადაილახება, რადგან ქალი გაგებით ეკიდება მის ემოციურ თვითგამოხატვას.

 

მერკურების ტრიგონი

ცნობიერი გონებების, იდეებისა და აზრების ფრიად ჰარმონიული თანხვედრა. ისინი ავსებენ ერთმანეთს, როგორ მეგობრულად განწყობილი ბავშვები, რომლებიც ერთად თამაშობენ, ერთად ერთობიან და საკუთარ აღმოჩენებს უზიარებენ ერთმანეთს. ეს ბრწყინვალე ასპექტია ურთიერთგაგებისთვის.

 

 

მამაკაცის მერკური ტრინში ქალის ვენერასთან

ეს  კონსტრუქციული თანამშრომლობის ასპექტია. ქალი ძალიან მარტივად იღებს მამაკაცის აზრებს და რადგანაც მის იდეებზეა შეყვარებული, მამაკაცი ძალზედ თავდაჯერებული ხდება მასთან. ორივე ხელოვნების დიდი მოყვარული და დამფასებელია და ისინი კონსტრუქციული ფასეულობების საერთო გრძნობას იზიარებენ.

 

ქალის მერკური ტრინში მამაკაცის ვენერასთან

ამ ასპექტს  მშვიდი ჰარმონიის ნოტა შემოაქვს ურთიერთობაში. ურთიერთგაგების მეშვეობით, ეს მამაკაცი და ეს ქალი დიდ სარგებელს მიიღებენ  საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებით. ქალი თავისი გრძნობების დადებით ესთეტურ შეფასებას ხედავს მამაკაცში, რომელიც თავის გრძნობებს მატებს მის ინტელექტს. თუ ქალს პრაქტიკული გონება აქვს, ეს შესანიშნავი ასპექტია სასიამოვნო კომუნიკაციისთვის.

 

 

მამაკაცის მერკური ტრინში ქალის მარსთან

ქალი ენერგიით აღავსებს და სტიმულს მატებს მამაკაცის ინტელექტს. ის აქეზებს მის აზრებს და ეხმარება ირწმუნოს საკუთარი იდეები. იმავდროულად, მამაკაცი მეტ გონიერებას მატებს მის ვნებებს. ეს ცოცხალი, აქტიური და დინამიური ურთიერთობაა, რადგან ორივე პარტნიორის ენერგიული მისწრაფება „რაკეტის საწვავივით“  მოქმედებს მომავლისკენ წინსვლისთვის. ეს შესანიშნავი ასპექტია საერთო მიღწევებისთვის. თუ მამაკაცს საკუთარ თავში დაეჭვდა, რჩეული გაამხნევებს მას, რადგან სწორედ ამ ქალს შეუძლია დაეხმაროს წინააღმდეგობების დაძლევაში, მამაკაცი კი საკუთარი გამჭრიახობით, ყველაზე გონივრულ გზას ირჩევს ამისთვის.

 

ქალის მერკური ტრინში მამაკაცის მარსთან

ქალის ინტელექტი აძლიერებს მამაკაცის სწრაფვას თვითგამოხატვისკენ. მეორეს მხრივ, ქალი ძლიერ მოთხოვნას განიცდის, საკუთარი აზრები მოქმედებაში მოიყვანოს და ამაში სწორედ ამ მამაკაცის ენერგია ეხმარება. აქტიური კომუნიკაცია მიმართულია ურთიერთგაგებისკენ, რადგან ორივე პარტნიორი სიამოვნებით ეხმარება ერთმანეთს. თუ ამ ურთეირთბაში საკმარისი „საღი აზრი“ ფიგურირებს, ისინი ძალიან მარტივად განახორციელებენ პერსონალურ სურვილებს.

 

მამაკაცის მერკური ტრინში ქალის იუპიტერთან

ამ ასპექტით მამაკაცის უმდაბლესი გონება ქალის უმაღლეს გონებას ერწყმის, რითაც უაღრესად ჰარმონიული ურთიერთგაგება იქმნება. ქალი გულუხვად კვებავს პარტნიორს თავისი იდეებით, რასაც ის ძალზედ მარტივად ითვისებს. ამრიგად, ეს ასპექტი ხელს უწყობს მამაკაცის ცნობიერების გაფართოვებას. იმავდროულად, მამაკაცი რჩეულს თვითგამოხატვის საშუალებებით ამარაგებს, რომ ქალმა საკუთარი იდეების გამოხატვა შეძლოს. თუ მამაკაცი პრაქტიკული და კეთილგონიერია, ეს მშვენიერი ასპექტია ორივე მათგანის სულიერი ზრდისთვის. გონებისა და სინათლის შერწყმით ჭეშმარიტი რენესანსი (აღორძინება) იწყება.

 

ქალის მერკური ტრინში მამაკაცის იუპიტერთან

აქ ქალის ინტელექტი გასხივოსნებულია მამაკაცის სამყაროს გაფართოვებული ბუნების გაგების უნარით. მამაკაცი მას აზროვნების ახალ მეთოდებს აცნობს და  ის ძლიერ მოხიბლული დარჩება, როდესაც თვითონაც მიხვდება, რამხელა მასშტაბებს იძენს მისი მარტივი იდეები. როდესაც იუპიტერი ქალის გონებაში სინათლეს აანთებს, ის ჭეშმარიტების მაცნე ხდება, რომელსაც სხვების გაასხივოსნების უნარიც შესწევს. ეს ასპექტი არამხოლოდ ორმხრივ პერსონალურ ზრდაზე, არამედ სულიერი გარღვევების შესაძლებლობაზეც მიუთითებს.

 

 

მამაკაცის მერკური ტრინში ქალის სატურნთან

ქალს ამ ურთიერთობაში მოწიფულობის წვლილი შეაქვს, რომელიც ამორტიზატორივით მოქმედებს, იცავს რა მამაკაცის ინტელექტს, რომ მან შეძლოს მნიშვნელოვანი თვითგამოხატვა. ქალი ქვეცნობიერად პროეცირებს „ბუდის დადების“ მიზანს, რომელშიც მამაკაცის იდეები უნდა გამოიჩეკოს, გამოიკვებოს და განმტკიცდეს, სანამ საბოლოოდ არ განხორციელდება. ეს შესანიშნავი ასპექტია ხანგრძლივი კარმული პარტნიორობისა და ქორწინებისთვის.

 

ქალის მერკური ტრინში მამაკაცის სატურნთან

აქ მამაკაცს თავისი წვლილი შეაქვს მიზანდასახულობის გრძნობის სახით. ის ეხმარება ქალს ცხოვრებაზე შეხედულებების ჩამოყალიბებაში, რომ მას უფრო მოწიფული აზრები ჰქონდეს. შედეგად, ქალი ხარბი მოწაფე ხდება, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის ტიპში. კარმული ხასიათის გამო (რასაც სატურნი განაპირობებს), ეს პარტნიორობა ორივე მათგანს სულიერ ევოლუციას უქადის.  ქალი იგებს, რომ ყველაფერი მტკიცეს ასაშენებლად დროა საჭირო და სწორედ ეს მამაკაცი ეხმარება ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

 

 

მამაკაცის მერკური ტრინში ქალის ურანთან

ეს ასპექტი ძალზედ ჰარმონიულ ურთიერთობას აყალიბებს მამაკაცის ინტელექტსა და ქალის  უჩვეულო გამომგონებლობას შორის. თავისი უმდაბლესი გონების მეშვეობით, მამაკაცი ისწრაფვის კატეგორიებად დაახარისხოს და გააანალიზოს ყველაფერი, რასაც აღიქვამს. ამ ურთიერთობის წყალობით, ის უფრო ინოვაციური, კრეატიული და ორიგინალური ხდება და იმ არსებულ შესაძლებლობებსაც მეტად უკავშირდება, რომელიც, რომ არა ეს ურთიერთობა, მხედველობიდან გამორჩებოდა.  ეს ასპექტი ხასიათდება გენიალობის ნოტით, თუ ორივე ინდივიდი საკუთარ მენტალურ ენერგიებს  საერთო მიზნების მისაღწევად მიმართავენ.

 

ქალის მერკური ტრინში მამაკაცის ურანთან

ამ ასპექტის გავლენით, მამაკაცი მუდმივად ანახლებს ქალის გონებას, რომელიც ისედაც სასიამოვნოდ აღელვებულია მამაკაცის ინტელექტით. ამის შედეგად, ქალი საკუთარ თავში ახალ, გაცილებით ფართე, ჰორიზონტებსა და პოტენციალს აცნობიერებს და შესაძლოა მისთვის აქამდე უცნობ კონცეფციებსაც ჩაწვდეს. როდესაც უმდაბლეს გონებას (მერკურის) ურანის გამჭრიახი აღმოჩენები ასხივოსნებს, ქალის ინტელექტს უსასრულო პროგრესის შესაძლებლობა ენიჭება. მაშინ ის ხვდება, როგორ გადალახოს დაშვებულის საზღვრები, რომ სრულყოფილი მომავლის სინათლე იხილოს. იმავდროულად, მამაკაცს რჩეულის მენტალური წყობა და ლოგიკა სასურველ არხად მიაჩნია, თავისი არატრადიციული იდეებისთვის, რომელიც ენერგიას აძლევს კონკრეტული მიმართულებისკენ, რასაც, ამ ურთიერთობის გარეშე, უაზროდ გაფლანგავდა.

 

 

 

მამაკაცის მერკური ტრინში ქალის ნეპტუნთან

ამ ასპექტში მამაკაცის აზროვნებითი უნარები შერწყმულია ქალის  შთაგონებასთან. ამიტომ, ქალის ოცნებები  მისი რჩეულის კონკრეტული რეალობით ივსება. ქალს შეუძლია შთააგონოს და მხარი დაუჭიროს პარტნიორს, რადგან მისი შეხედულებები  და ხედვები  მამაკაცის აღქმას არამხოლოდ  ბუნებრივ სილამაზეს ასწავლის,  მის ინტელექტუალურ უნარებს სულიერადაც აღამაღლებს.  ეს ასპექტი ჰარმონიულ მელოდიურობას სძენს მათ ურთიერთობას.

 

ქალის მერკური ტრინში მამაკაცის ნეპტუნთან

ამ ასპექტს შეუძლია ასწავლოს ქალს  მისტიური აღქმის უმდაბლესი გონებით შემეცნება. ამისთვის კი, იმის ნაცვლად, რომ დასკვნები საკუთარი აზრებიდან გამოიტანოს, ის შეიძლება მიხვდეს, რომ, ცნობიერების ახალი დონეების მისაღწევად, გონება უნდა გახსნას. როდესაც ქალი, რჩეულის ნაზი ზემოქმედების წყალობით,  სულიერების  სამეფოში შეაბიჯებს, მისი აზროვნებისთვის უამრავი ისეთი ნიუანსი, სახება და შეფერილობა  გაიხსნება, რაც მხოლოდ კოსმიური ფორმით არსებობს მარტივ ადამიანურ ურთიერთობაში.  ამრიგად, ეს ბრწყინვალე ასპექტია განვითარებადი ურთიერთობისა და ქორწინებისთვისაც.

 

 

მამაკაცის მერკური ტრინში ქალის პლუტონთან

ამ ასპექტს  დიდი სიღრმე და სიბრძნე შემოაქვს ურთიერთობაში. საკუთარი იდეების პირველწყაროს კვლევის პროცესში, მამაკაცი სწავლობს აზროვნების ტრანსფორმაციას და რადგან მამაკაცი ზუსტად ისეთია, როგორც საკუთარ თავზე ფიქრობს, მას შეუძლია სრულიად შეცვალოს საკუთარი არსი. ქალი ფარული „სინათლის ანგელოზია“, რომელიც ჩუმად აწვდის საიდუმლოებებს, რომელშიც მისი ევოლუციის გასაღები იმალება.  ეს ძალზედ ძლიერი და დინამიური ურთიერთობაა, რომელიც ჰარმონიულად უკვალავს გზას მამაკაცის ცნობიერ აზროვნებასა და ქალის ქვეცნობიერ ემანაციას*. (რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინი; აღნიშნავს ღვთაებრივი საწყისიდან სამყაროს მთელი მრავალფეროვნების გამოშლას, გამოსხივებას)

 

ქალის მერკური ტრინში მამაკაცის პლუტონთან

ქალი საიდუმლოებებისა და ვნებების ჭიდან იღებს პირთამდე გავსებულ თასს და სამყაროს შემეცნებით ივსება. იმან, რაც მას უკიდურესობად ეჩვენება მამაკაცში, შეიძლება ისეთი ძალები წარმოშვას მის სულში, რაც ორივე პარტნიორის ცნობიერებას შეცვლის. ქალი „პატარა წითელქუდაა“, რომელიც ტყეში რუხ მგელს ხვდება, რათა შეიტყოს, რომ მგელი ის კატალიზატორია, რომელიც საკუთარ შიშებსა და ეჭვებზე გადაბიჯებაში დაეხმარება.


About Qet

Scroll To Top