V სახლი – გართობა, შემოქმედება, ბავშვები, როლები…
მთავარი პრინციპები: სიყვარული, თავისუფალი სასიყვარულო კავშირები, მოულოდნელი სიხარული, ვნება, გატაცებები, შთამომავლობა (შვილები)
მეხუთე სახლის მნიშვნელობა – თვითგამოხატვა შემოქმედებით სფეროში. სიყვარული, სულიერი გატაცებები, ინტიმური ცხოვრება, რომანტიული თავგადასავლები, შემთხვევითი შეხვედრები, ქორწინებისგარეშე ურთიერთობები; სიამოვნება პირადი სურვილებისგან, გართობა, განაყოფიერება, ფეხმძიმობა, მშობიარობა, ბავშვები, ზოგადად შთამომავლობაც; ასევე – თავისუფალი პროფესია, პროფესიონალური შესაძლებლობები, წარმატება, აღიარება; დაწყებითი განათლება – განსაკუთრებით ბაღისა და სკოლის დაწყებითი კლასები; მასწავლებლები; შემთხვევითი მიღწევები/მოგება: ლატარეა, აზარტული თამაშები, კაზინო, სპეკულაციები, სარისკო საფინანსო საქმეები, ავანტიურა, ბირჟის თამაშები, ფონდებში მონაწილეობა, საჩუქრები წარმატებული შემთხვევებიდან.
პირველი მესამედი – ინდივიდის ინიციატიურობა, მისი უნარები და შესაძლებლობები, ძალა, ტალანტის გამოვლენა; მოქმედებებში თავისუფლება, რისკისადმი მიდრეკილების დონე, პროგნოზირების ან წინასწარჭვრეტის სფეროში შესაძლებლობები; სასიყვარულო პარტიორი; ბავშვები (როგორც კანონიერი, ასევე უკანონო); ქალის შემთხვევაში მანიშნებელია როგორ ჩაივლის მშობიარობა – ადვილად თუ ძნელად, აბორტის ან ბავშვის დაკარგვის („მუცლის მოწყდომა“) რისკის; მეორე ძმა ან და; ფიზიკური კონტაქტები, ბავშვები, ახალგაზრდობაში სიკვდილი, ბავშვების დახმარება, გაფლანგვის რისკი.
მეორე მესამედი – ნიჭი, ლატარეა, თეატრისადმი დამოკიდებულება, მუსიკა. სასიყვარულო გატაცება, ქორწინებისგარეშე კავშირები, სპეკულაციები, აზარტული თამაშები. საზოგადოებრივი ღონისძიებები, გასართობი ადგილები (რესტორანი, ღამის კლუბი და ა.შ.); პროფესია დაკავშირებული მეცნიერებასთან, მასწავლებლობასთან, ხელოვნებასთან.
მესამე მესამედი – ოფიციალური ქორწინება, ინდივიდუალური მიდრეკილებები და გატაცებები, სულიერი და კულტურული ცხოვრება, სპორტული მოქმედებები, გვარის გაგრძელება, ბავშვები, შვილიშვილები, შვილთაშვილები; მჭიდრო კონტაქტები უმცროს თაობასთან; თამაშები, სპორტი, ცეკვა, ნებისმიერი სახის სულიერი შემოქმედება. ჯანმრთელობის მდგომარეობის მანიშნებელი.
მეხუთე სახლი ასტროლოგებს ინფორმაციას „აწვდის“ არამხოლოდ ინდივიდის ბავშვობის წლებზე, მის ადრეულ განვითარებაზე, განათლებაზე, არამედ განაყოფიერებასა და ბავშის გაჩენაზეც. კაცის რუკაში მე–5 სახლი მიანიშნებს პირველ შვილზე. პლანეტები მე–5 ან მე–11 სახლებში წარმოადგენენ ემოციური სურვილებისა და იმედების, პლატონური სიყვარულის ან მეგობრობის მანიშნებლებს.
ნებისმიერი ცეცხლის ნიშნის სახლი ეხება ინდივიდის „მე“–ს. თუ პირველი სახლი აღნიშნავს პიროვნებას, როგორც სამყაროსგან დამოუკიდებელს; მეხუთე სახლი „მე“–ს გარე გამოვლინებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეხუთე სახლი წარმოადგენს:
ა) პიროვნების აქტუალურ ნაწილს, რომელიც გარე სამყაროში ჩანს,
ბ) პირველი სახლისთვის პოტენციურ პიროვნებას საჭიროების შემთხვევაში,
გ) ფსიქოლოგიურ ტესტებზე „პასუხის გამცემი“ პიროვნება.
ადამიანი ძლიერი მეხუთე სახლითა და სუსტი პირველი სახლით – ძლიერი და ნიჭიერი მსახიობია, რომელსაც ყველა როლის მორგება და შესრულება შეუძლია. თუმცა ამას მხოლოდ ძლიერი რეჟისორის დახმარებით შეძლებს. ეს ადამიანი თავს ნაკლებად წარმოადგენს როცა „საკუთარი როლის“ თამაში უწევს პირისპირ ურთიერთობებში, მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს „იყო ის, რაც ხარ“ ურთიერთობაში და „როლის“ შესრულება გაუჭირდება.
საპირისპირო მდებარეობით (ძლიერი პირველი და სუსტი მეხუთე სახლი) იძლევა საინტერესო და მდიდარ პიროვნებას, მაგრამ ასეთი ადამიანი მუდმივად საკუთარ თავს თამაშობს და ძნელად იღებს სხვის „როლს“, უჭირს უჩვეულო სიტუაციებში მოქცევა. მოკლედ რომ ვთქვათ: პირველი სახლი აღნიშნავს შინაგან „მე“–ს (საკუთარი ხედვით) და მეხუთე სახლი აღნიშნავს ადამიანის გარე „მე“ს, რომელიც გარესამყაროში მოცემულ, აქტუალურ მომენტში ჩანს. ბავშვობაში მეხუთე სახლი ყველა თამაშში ერთვებოდა, ახალგაზრდობაში კი – სასიყვარულო ურთიერთობის დროს, მოზრდილობაში – შემოქმედებითი საქმიანობების (განსაკუთრებით ენერგეტიკული პროტოტიპის შექმნაში მონაწილეობს, რაც შემოქმედებით საქმიანობაში ყველაზე ინტიმური ნაწილია) დროს. ფაქტობრივად მეხუთე სახლის როლები ჩვენთვის ის ნიღებია, რომლებსაც ვირგებთ.
მეხუთე სახლს ეზოთერულად „კეთილ გენიას“ უწოდებენ, რადგან ადამიანს აჯოლდოვებს ფორტუნით. ესაა შემოქმედებით, თვითგამოხატვის, თავისუფლების, ბავშვების სახლი.
მეხუთე სახლს უკავშირდება:
- ადამიანის შემოქმედება – ეგოს პრეზენტაცია, ცხოვრება როგორც თეატრი, თვითგამოხატვა შემოქმედების საშუალებით. ნებისმიერი ჩვენგანი ვარსკვლავია თავის „ფილმში“. „სცენაზე“ ვდგავართ, როდესაც სხვებთან ვურთიერთობთ.
- რომანტიკა, სიყვარულის გაცემა – როგორ გავცემთ სიყვარულს, ადამიანი შეყვარებულის როლში. მეხუთე სახლის მიხედვით, ჩვენ ვართ შეყვარებულის როლში, ხოლო მისი საპირისპირო, მე-11 სახლის მიხედვით – როგორც სიყვარულის ობიექტი.
- სექსუალური სპექტაკლი – სიყვარული როგორც „ეგოს“ უმაღლესი გამოვლინება, საყვარელი ადამიანისთვის დადგმული წარმოდგენები. სექსუალურობის სამი სახლი არსებობს: სუფთა, ფიზიკური მგრძნობელობა (მე-2 სახლი), სიყვარული და სიამოვნების მინიჭება სხვა ადამიანის მიმართ (მე-5 სახლი) და ორი ადამიანის კავშირი, როგორც ერთი მთლიანობის (მე-8 სახლი).
მეხუთე სახლთან დაკავშირებულია ბავშვები, როგორც ადამიანის შემოქმედება, უფრო სწორად თუ ვიტყვით ბავშვების აღზრდაა დაკავშირებული, რაც არამხოლოდ საკუთარი შვილების აღზრდას, არამედ ზოგადად ბავშვებისას გულისხმობს. მაგალითად საბავშო ბაღის აღსაზრდელები.
ამ სახლთან დაკავშირებულია სასიცოცხლო ძალა, რომელსაც ადამიანი იღებს დაბადებისას, რათა გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ შემოტევებს და საკუთარი გზით იაროს. მეხუთე სახლი გარკვეულწილად ბედთანაა დაკავშირებული, რადგან შემოქმედებით მხარეს წყვეტს. მაგალითად, ინდივიდი თავად ირჩევს გააგრძელებს თუ არა შთამომავლობას. ზოგადად ეს სახლი გვაწვდის ინფორმაციას ბავშვებზე, მათ აღზრდაზე და ცხოვრებისეულ გზაზე. ბავშვების, შთამომავლობისა და მშობიარობის გარდა, მეხუთე სახლი დაკავშირებულია სიყვარულთან და პარტნიორულ ურთიერთობებთან. ამ სახლის ზოდიაქოს ნიშნის, მმართველის ან სულაც მასში მყოფი პლანეტების დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ ურთიერთობაში სიამოვნების ან დამუხრუჭების „მიზეზი“ და მიდრეკილება, სექსუალურ სფეროში კომპლექსები.
მეხუთე სახლთან დაკავშირებულია როლები და ნიღბები, რომლებსაც ადამიანი ირჩევს; მისი მსახიობური ნიჭი; ინდივიდუალური შემოქმედება; რეალიზება და ბავშვებთან ურთიერთობა; სიამაყე; თვითშეფასება; დასვენება; სექსუალური ურთიერთობისგან მიღებული სიამოვნება (პლუტონის ეგზალტირების სახლი). ემოციური „ხარისხი“, შეყვარების უნარი (როგორია პარტნიორულ ურთიერთობაში), სხვებისთვის თავის წარდგენა. შემოქმედებითი შესაძლებლობები; სიყვარული, რომლიდანაც შეიძლება შეუერთდე და დაუკავშირდე უმაღლეს ძალას; ნებისმიერი სახის თამაშები, ჰობი, სპორტი. მისი მიხედვით ცხოვრება წარმოდგენილია როგორც თეატრი, რომელშიც „მე“ მთავარი მოქმედი პირია.
იმ ზოდიაქოს ნიშნის მმართველი, რომელზეც მე–5 სახლის კუსპიდია, მიანიშნებს ვნებიანობის პოტენციალსა და ბავშვებზე; ხოლო იმავე სტიქიის შემდეგი ნიშნის მმართველი – სიყვარულსა და ქორწინებისგარეშე კავშირებზე; მესამე ნიშნის მმართველი – ქორწინებაზე (მაგ: თქვენი მე–5 სახლის კუსპიდი მდებარეობს ვერძის ნიშანში – მისი მმართველია მარსი, მეორე ნიშანი გამოდის ლომი (იგივე სტიქიის შემდეგი ნიშანი და მმართველია მზე, მესამე ნიშანია მშვილდოსანი და მმართველია იუპიტერი)
მეხუთე სახლთან დაკავშირებულია კიდევ ერთი სფერო – გარეგანი რელიგიურობა. ადამიანი სჭირდება ღმერთს (სხვა ენაზე – კარმას), უფრო სწორად სჭირდება მისი შემოქმედებითი მონაწილეობა და ქმედებები და ერთ–ერთი ვერსიით, სწორედ ამ ფორმით ვლინდება. ეს სახლი ირთვება მაშინ, როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, ღმერთთან ურთიერთობს. კიდევ ერთი სფერო, რომელიც მეხუთე სახლს უკავშირდება, ესაა კინოთეატრის ან თეატრის სცენა.
ოჯახი და შვილების რაოდენობა პირად რუკაში
მეხუთე სახლის კუსპიდი ვერძში, ლომში ან თხის რქის ნიშანში მიანიშნებს მცირე წევრიან ოჯახზე, კუროს, ქალწულის, მორიელის ან თევზების – მრავალწევრიან ოჯახზე, დანარჩენი ნიშნების შემთხვევაში – საშუალო ოჯახზე (რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს და ეს მხოლოდ ერთ–ერთ ფაქტორად ან/და მანიშნებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მაგალითად ბავშვების რაოდენობაზე ასევე მოქმედებს მთვარის მდებარეობაც). თუ მე–5 სახლის მმართველი მდებარეობს ე.წ. მამაკაცურ ნიშანში და დადებითი ასპექტი აქვს მზესთან ან იუპიტერთან – პირველი შვილი ბიჭი გეყოლებათ, ხოლო თუ ქალურ ნიშანში – გოგო, ასევე, ამავე დროს ასპექტი აქვს მზესთან ან იუპიტერთან – შესაძლოა დაიბადოს როგორც გოგო, ასევე ბიჭი (პ.ს. ე.წ. მამაკაცურ ნიშნებად ითვლებიან ცეცხლისა და ჰაერის ნიშნები, ხოლო ქალურ ნიშნებად – წყლისა და მიწის ნიშნები). კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ინდივიდი უნდა ელოდოს იმდენ შვილს, რამდენი ასპექტიც აქვს მე–5 სახლის მმართველს სხვა პლანეტებთან. თუ მე–5 სახლის მმართველს რომელიმე პლანეტასთან აქვს შეერთება – ტყუპების ყოლის ალბათობაა, ან თავად მმართველი თუ მდებარეობს „გაორებულ“ (ტყუპები, მშვილდოსანი, თევზები) ნიშანში – ორი, სამი ან მეტი შვილის ყოლის.
კაცის რუკაში მე–5 სახლთან დაკავშირებულია პირველი ბავშვი, მეორე ბავშვი – მე–7 სახლთან; ხოლო ქალის რუკაში მე–4 სახლი – პირველ ბავშვთან, მეორე ბავშვი კი მე–6 სახლთან.
პოდვოდნის მიხედვით, მეხუთე სახლი ქალის რუკაში ასახავს ორსულობას, კაცის რუკაში კი მეუღლის ორსულობას. ზოგადად ნაყოფიერებას – მეშვიდე სახლი, ფეხმძიმობის ბოლო დღეებს– მეოთხე სახლი.
თუ მე–5 სახლში არის ე.წ. „ბოროტი“ პლანეტა – ქალის რუკაში რთული მშობიარობის მანიშნებელია, იგივეს მანიშნებელია პლანეტების მდებარეობა მე–12 სახლში, მე–5 სახლში მდებარე პლანეტების კვადრატურა ან ოპოზიცია ნებისმიერ „ბოროტ“ პლანეტასთან. თუ მე–5 სახლში მდებარე პლანეტას კვადრატურა ან ოპოზიცია აქვს ურანთან ან რეტროგრადულ სატურნთან – ნაადრევი მშობიარობა;
თუ მე–5 სახლის დომინანტს უარყოფითი ასპექტები აქვს „ბოროტ“ პლანეტებთან, განსაკუთრებით მე–8 სახლის დომინანტთან, შესაძლოა მიანიშნებდეს უნაყოფობაზე (იგივეს მანიშნებელი შეიძლება იყოს მე–5 სახლის მმართველი მზე) ან ავადმყოფობასა და ბავშვების დაკარგვაზე ახალგაზრდა ასაკში.
ძლიერი მეხუთე სახლის შემთხვევაში ადამიანს არ შეუძლია „უბრალოდ ცხოვრება“, ფლობს გამოკვეთილ შემოქმედებით უნარებს. მისი ცხოვრება დატვირთულია თავგადასავლებით, გართობით, სხვადასხვა გატაცებებით. ხალხს იზიდავს, ქარიზმატულია.მუდმივად მიდრეკილია და სურვილი აქვს საკუთარი თავი წარმოაჩინოს, რამე შექმნას, როლი მოირგოს და ბოლომდე შეასრულოს. მეხუთე სახლის „ჩართვა“ დამუშავების ნებისმიერ დონეზე უსაფრთხოა თავად ადამიანისთვის, მაგრამ საფრთხეა გარშემომყოფებისთვის, რადგან ირთვება „მე“–ს ის ტიპი, რომელიც მასაზეა გათვალისწინებული. დაბალ დონეზე, ძლიერი მეხუთე სახლი დრამატიზმისკენ და გაბუქებისკენ მიდრეკილებით ვლინდება. ნიღბის ანდა როლის მორგების შემთხვევაში, თუ ძლიერად გაითავისა, შესაძლოა პიროვნების „ორად გაყოფა“ მოხდეს და ადამიანი „როლში რჩება“. ჩვეულებრივ, ადამიანს ძლიერი მეხუთე სახლით, მოსწონს თამაში, თეატრი, კარგად შეუძლია ბავშვებთან ურთიერთობა და მათი გართობა. დამუშავების შემთხვევაში ნებისმიერ სფეროში შემოქმედებისკენ მიდრეკილებების მქონე ადამიანია. თუმცა საკუთარ პერსონას საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს, განსაკუთრებით იმას, თუ როგორ ჩნდება სხვების თვალში. დაბალ დონეზე ეს მიდრეკილება ბევრ პრობლემას უქმნის.
სუსტი მეხუთე სახლის შემთხვევაში ადამიანს უჭირს განსხვავებულ სიტუაციებში მოქცევა, ურთიერთობის ერთი დამახასიათებელი სტილი აქვს, რაც ურთულებს გარშემომყოფებთან ურთიერთობას (განსაკუთრებით ფორმალურს). ხშირად იმაზე მეტად უყვარს ან ემოციურია, ვიდრე გამოხატავს. სუსტი მეხუთე სახლის მქონე ინდივიდს არ მოსწონს თამაში, განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან. მისთვის მსგავსი თამაში აზრს მოკლებულია. ადამიანი ნაკლებადაა შესამჩნევი. სამყარო მოსაწყენად და ერთფეროვნად ეჩვენება. ნაკლებად აქვს რომანტიული გატაცებები. ძლიერი პირველი სახლის შემთხვევაში სურს იყოს და შეამჩნიონ ისეთი, როგორიცაა.
ჰარმონიული მეხუთე სახლი ნებისმიერ ურთიერთობაში წარმატებაზე მეტყველებს. ამ ადამიანს ადვილად გამოსდის სხვებთან დაკავშირება, ურთიერთობა, გრძნობების გამოხატვა, ნებისმიერი როლის მორგება, შეუძლია დადებითი შთაბეჭდილების დატოვება. საერთოდ, ადამიანებს ჰარმონიულ სახლებზე მუშაობა არ უყვართ, ისედაც გრძნობენ ამ სფეროებში მხარდაჭერას. ადვილად შეუძლია საკუთარი/უნიკალური შემოქმედებითი ხაზის შექმნა. ჰარმონიული მეხუთე სახლის პატრონს ძალიან უყვარს ბავშვები, მათთან ადვილად პოულობს საერთო ენას, მის ცხოვრებაში სიყვარულს დიდი როლი და ადგილი უჭირავს. კარმულად ასეთი სახლი საკმაოდ რთულია, რადგან ადამიანს ანიჭებს მნიშვნელოვან „დავალებას“ – ხალხს ღვთაებრივი სიყვარული გადასცენ/გაუზიარონ.
დაზიანებული მეხუთე სახლის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სცენისკენ, ყურადღების ცენტრისკენ დიდი ლტოლვას, მაგრამ ამავე დროს სცენა აშინებს, რის გამოც მისგან და როლისგან გაქცევის სურვილი აქვს. მას მოსწონს თუ არა, ყოველთვის რაიმე როლს მიაკუთვნებენ, რაც მისთვის უცხო ან არასასიამოვნო იქნება. საჭიროა მინიჭებული როლები შესაბამისი და მართვადი იყოს. სიყვარული ამ ადამიანთან შედარებით გვიან მოდის, როდესაც საკუთარ საჭიროებასა და ფუნქციას დაამტკიცებს. დაბალ დონეზე, ეს ადამიანი მატყუარა, მუდმივად მოთამაშეა, გამოხატავს და ამბობს იმას, რასაც სინამდვილეშ არ ფიქრობს და არ გრძნობს. ცხოვრების პირველ პერიოდში მისთვის სასიცოცხლო პოზიცია იქნება: არ ენდოს არასდროს, არავის, არც საკუთარ თავს. დამუშავება იწყება პირველი სახლიდან მეხუთე სახლის გამოყოფით, ანუ პიროვნების ანალიზით (მაგ: იმის ნაცვლად, რომ თქვას „ბევრი „მე“ მაქვს და პიროვნულად მდიდარი ვარ“, აღიარებს, რომ „ როლების მდიდარი კოლექცია მაქვს“). სამომავლოდ კი მოუწევს, „მე“–ს გამოვლინების მართვა, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. ბავშვებისადმი ურთიერთობა არაერთგვაროვანია – მათდამი სიყვარული გადადის სიძულვილში, ეჭვიანობაში ან პირიქით. იგივეა შეყვარებულებისადმიც. ხშირად გატაცებებისა და ვნებების მონაა, შესაძლოა მოჩვენებითი სიხარულის განცდა ახასიათებდეს. მოსწონს სხვის ხარჯზე ცხოვრება. არავის ენდობა, სიყვარულს სერიოზულად არ უყურებს.
მომზადებულია მარკინას, ვრონსკის, პოდვოდნის, კეფერის, ვინკლერის, ჰერბსტის, ეზოთერიკის II ტ.–ის მიხედვით
სტატიის ავტორი: თამთა