იგივე დესცენდენტი
პირველი ობიექტური სახლი, სამართლიანობის სახლი
მე-7 სახლთან დაკავშირებულია: პლატონური სიყვარული, პარტნიორული და სხვა ტიპის (საქმიანი, მტრობა) ურთიერთობები, პირადი კონკურენტები, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი ცხოვრება, თანამშრომლობა, კონტრაქტის დადება, იურიდიული გაფორმება, სასამართლო პროცესები; თანაავტორობა; საზოგადოება, პარტნიორის საქმიანობა, პოპულარობა, მისი მოქმედებები, სოციალური და მატერიალური მდგომარეობა
- საკუთარი თავის გაგება სხვების გავლენით და გარშემომყოფებთან ურთიერთობით (სხვები როგორც „სარკეები“), სარკისებური ხედვა
- სხვებთან ურთიერთობის ფორმები: ქორწინება, ბიზნესი და ა.შ.
- პირობის მიცემა, აზრი, კონტაქტების ქსელი
- მოლაპარაკებები,კონტრაქტები, კომპრომისები და ურთიერთთანამშრომლობა კონკრეტული მიზნით
პირველი მესამედი – ქორწინება, ქორწილისა და კავშირების ხასიათი, პირველი ქმარი, ქმრის სახე (მანერები, ურთიერთობა, ქმრის ხატი), კოლექტიური სამუშაო, კავშირები; მეორე შვილი, ბაბუა, მესამე და ან ძმა, ძმისშვილები, მეგობრების რელიგიურობა და ხანგრძლივი (შორეული) მოგზაურობები; მამის სახლი.
მეორე მესამედი – თანაავტორები, საქმიანი პარტნიორები, საზოგადოებრივი საქმიანობები, საზოგადოებრივი კამათი, კონფლიქტური სიტუაციები, კავშირები, კონტაქტები; მეორე ქმარი; ღია მტრები; სპეკულაცია.
მესამე მესამედი – თანაპარტნიორი; მესამე ქმარი; სასამართლო პროცესების მიზეზები; საქმიანი ურთიერთობები და საზოგადოებრივი საქმიანობები ცხოვრების ბოლო მონაკვეთში, შემოსავალი ქურდობის, ძარცვის სპეკულაციების ან ომისგან.
მეშვიდე სახლს მეორენაირად „დესცენდენტი“ ეწოდება და აღნიშნავს მას, რაც ჩვენ არ ვართ ან ჩვენი არაა, რასთანაც იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ. მეორეს მხრივ, დესცენდენტი ჩვენი სარკისებური ხედვაა გარშემომყოფებისა და სამყარო აღქმით. მოიცავს ჩვენს იმ ნაწილს, რომელსაც მხოლოდ სხვებთან ურთიერთობით შევიცნობთ.
ასცენდენტი (ანუ პირველი სახლი) არის „მე სამყაროში“, მის საპირისპიროდ მდებარე მეშვიდე სახლი კი „ისინი“, „სხვები“. შეიძლება ისინი მივიღოთ ისეთებად, როგორებიც არიან ან არ მივიღოთ, აქედან გამომდინარე ითვლება „პარტნიორობის და მტრობის სახლად“.
მეშვიდე სახლი უკავშირდება ყველა სახის კონტაქტს, ურთიერთობებს – ამ სახლის მმართველი ნიშანი მიგვანიშნებს, რამდენად ან როგორ გამოსდის ადამიანს სხვებთან ურთიერთობა, როგორ იღებს სხვების აზრს (საერთოდ იღებს თუ არა).
ასევე, ასახავს ქორწინებისადმი დამოკიდებულებას. მეშვიდე სახლში არსებული პლანეტები კი ურთიერთობაზე მეტყველებს. მაგალითად მე-7 სახლში არსებული ნეპტუნი შეიძლება (და არა აუცილებლად) ნიშნავდეს პარტნიორის გაიდეალიზებისკენ მიდრეკილებას, პლუტონი – პარტნიორზე დომინირების სურვილს, ენერგეტიკულ დონეზე ძალაუფლებას. ურანი – ფეთქებად, არასტაბილურ ურთიერთობებს და ა.შ.
აქამდე განხილული სახლებიდან ყველა ეხებოდა „მე“-ს, სუბიექტს, მის შინაგან ან სულიერ მდგომარეობას. მეშვიდე სახლიდან კი განხილვაში შემოდის „შენ“ ობიექტი. გარემო, სხვები. აქ უკვე მხოლოდ სუბიექტს არ ეხება მოვლენები, სოციუმი და გარესამყარო მნიშვნელოვან დატვირთვას იღებს. სამყარო უფრო მეტად ექცევა ყურადღების ცენტრში. ამ სახლის მიხედვით საკუთარ თავზე წინ სოციუმს აყენებენ. თითოეული ჩვენგანი რამდენიმე ჯგუფში ერთიანდება. სქესის, ასაკის, სტატუსის, სკოლის, უნივერსიტეტის, მეგობრების, სოციალური ქსელების და ა.შ. ჯგუფის წევრობა და წევრებთან ურთიერთობა მოიცავს მეშვიდე სახლს. დესცენდენტი წარმოგვიდგენს ოპონენტს, „მოწინააღმდეგე“ მხარეს, რომელიც შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი, ჯგუფი, ან სულაც სიტუაცია, იდეა. უმეტესად კი ოპონენტს წარმოადგენს ჩვენი პარტნიორი ან ღია მტერი. ზოგჯერ კი ჩვენს შიგნით წარმოქმნილი ფიგურები (რომელიმე იდეოლოგიის ლიდერი, ფანტაზიის ნაყოფი). მეშვიდე სახლის შემთხვევაში მთელი ყურადღება გადატანილია ოპონენტზე, ხოლო თავად ინდივიდი მის ფონად იქცევა. აქ ეგოიზმი ვერ ჭრის.
მეშვიდე სახლის დასაწყისი მიანიშნებს: ა) როგორი პარტნიორი შეიძლება ჰყავდეს ადამიანს, ბ) როგორ იქცევა ინდივიდი, როცა მისი პარტნიორი პასიურია. მაგალითად, თქვენი მეშვიდე სახლი იწყება კუროს ნიშნით – სავარაუდოა, რომ პარტნიორი ან „მტერი“ იქნება წყნარი, მომთმენი, მატერიალურ რესურსებზე ორიენტირებული და ა.შ. (კუროს თვისებები). სწორედ ეს თვისებები მოგეთხოვებათ იმისთვის, რომ საკუთარ თავში განავითაროთ.
ერთ-ერთი ვერსიით, ნიშანი, რომლითაც იწყება ჩვენი მე-7 სახლი, წარმოადგენს პარტნიორის მზეს ან ასცენდენტის ნიშანს (მაგ: თუ მე-7 სახლი იწყება ვერძით, პარტნიორი შეიძლება იყოს ვერძი ან ასცენდენტით ვერძი). ნიშნის მმართველი – პარტნიორზე მიანიშნებს. ხოლო იმავე სტიქიის შემდეგი ნიშნის მმართველი – მოწინააღმდეგებზე, მტრებზე და მათთან კამათზე, სასამართლო პროცესებზე. მაგ: თუ თქვენი მეშვიდე სახლი იწყება ვერძით – ა) შესაძლოა თქვენი პარტნიორი იყოს ვერძი ან ასცენდენტით ვერძი, ბ) ვერძს მართავს მარსი – ეს პლანეტა ტქვენს მომავალ პარტნიორზე მიანიშნებს, გ) იმავე სტიქიის (ვერძი ცეცხლის ნიშანია) შემდეგი ნიშანი ლომია – ლომის მმართველი კი მზე. შესაბამისად ეს პლანეტა მტრებსა და მოწინააღმდეგეებზე მიანიშნებს (ამ კონკრეტული მაგალითით).
თუ მეშვიდე სახლის მმართველი დაზიანებულია ე.წ. „ბოროტი“ პლანეტით, შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობა განქორწინებით დასრულდეს; ხოლო თუ ერთზე მეტი ასპექტი აქვს –შესაძლოა ერთზე მეტი ქორწინება (რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი მაჩვენებელი არაა და მხოლოდ მეშვიდე სახლის მმართველით 100%-იანი დასკვნა ვერ კეთდება).
მეშვიდე სახლის პირველი გამოვლინება ბავშვისთვის ტრავმირებადია. საკუთარი ნაჭუჭიდან, სამყაროდან გარეთ გამოდის, გარემოს აკვირდება და ხვდება ძლიერ პროცესებს, რომლებიც მასზე ძლიერია. უარყოფითი კუთხით ვლინდება თავის დაცვა გარემოსგან, ჩაკეტვა, ნაკლები კონტაქტები. თუმცა განვითარებისა და სოციალიზაციისთვის აუცილებელი სახლია. მეშვიდე სახლი ურთიერთობების, ურთიერთთანამშრომლობის სახლია და პრობლემას ქმნის „მე და ადამიანების“, „მე და ღმერთის“, „მე და სამყაროს“ ურთიერთობაში.
ამ სახლის მიხედვით მთავარი პრობლემა – პროექციაა. პროექცია წარმოადგენს „მე“-ს დაცვით მექანიზმს, რომლის დროსაც ჩვენსავე იდეებს, აზრებს, თვისებებს სხვა ადამიანს ვაწერთ. მეშვიდე სახლის შემთხვევაში აქტუალურია კითხვები: „შენ შენ ხარ თუ, შენ მე ხარ?“, „შენ გახასიათებ, თუ ქვეცნობიერად ჩემს თვისებებს გაწერ?“, „ნამდვილად შენ აღგიქვამ, თუ ეს ჩემი წარმოდგენაა შენზე?“. ფსიქოლოგიური კუთხით კი, თუ ადამიანის რაიმე თვისებას ძლიერად ვამჩნევთ, ვაფასებთ ან პირიქით- გვაღიზიანებს. ითვლება, რომ ეს თვისება ჩვენში ღრმად დევს. სხვებთან ურთიერთობით კი ზემოთ ამოდის. რა შეიძლება მოხდეს, თუ სხვაში (თუნდაც პარტნიორში) საკუთარი თვის დანახვას შევწვეტთ? რა მოხდება თუ მას სარკის ფუნქცია აღარ ექნება? ნამდვილი, ინტიმური ურთიერთობა სწორედ ამის შემდეგ იწყება, ჩვენი და სხვისი მე ნამდვილი არსით სარკის ფუნქციის მოშორების შემდეგ იწყება. პარტნიორული ურთიერთობის გარეშე ვერ ვიქნებით შემოქმედები (ბავშვი, როგორც შემოქმედება) – ეს კაცობრიობის ერთგვარი პარადოქსია. სახლის სიმბოლური მმართველი პლანეტა ვენერაა (კიდევ ერთი დასაფიქრებელი ინფორმაცია – სიყვარულის პლანეტა განაგებს სხვებთან ურთიერთობის სახლს)
არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მე-7 სახლი ყოველთვის ადამიანის ნებით ან სურვილით ირთვება, უფრო მეტად სამყაროსეულ პრინციპზე და კარმაზეა დამოკიდებული – ბავშვს მარტო ვერ გააჩენ, საჭირო ხდება პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც თავის თავში მოიცავს: სხვა ადამიანთან ურთიერთობას, პარტნიორობას ოჯახში, სიყვარული, ოჯახური სკანდალები, სექსუალური ურთიერთობა (ეს უკანასკნელი რამდენიმე სახლს უკავშირდება: მე-5 სახლს – სექსუალური ურთიერთობა როგორც ეგოისტური გამოვლინება, თვითგანმტკიცების საშუალება, საკუთარ შეგრძნებებზე, სიამოვნებაზე ორიენტირება. მე-6 სახლს – როგორც ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სექსუალური დაძაბულობის მოცილების საშუალება (განტვირთვა). მე-7 სახლს – პარტნიორის შეგრძნებებზე ორიენტაცია და საკუთარი შეგრძნებების უკანა პლანზე გადაწევა. მე-8 სახლს – სექსი ოკულტური მნიშვნელობით, სიღრმისეული ფსიქოლოგიური განცდები, მედიტაციის და ჩასახვის „მიზეზი“ – საშუალება. მე-12 სახლს – დაბალი ოქტავის გამოვლინებით ჯგუფური პროსტიტუციის საშუალება, უფრო მაღალ დონეზე – ღვთაებრივი აქტი/პროცესი).
მარსისა ტყვეობა სახლის სფეროებზე მოქმედებს და კონფლიქტის არიდებისკენ, პარტნიორობაზე ორიენტირებისკენ გვიბიძგებს. სოციალური სფერო კი ბევრად აქტიური ხდება. ამ სახლიდან უკვე ის გარემო იქმნება, რომელშიც ინდივიდი მარტო არ მოიაზრება – ის საზოგადოების ნაწილია. განვითარების მხრივ მოაქვს: 1. სხვა ადამიანთა უფლებების აღიარება. ადამიანი აცნობიერებს რომ მარტო აღარაა და სხვებიც არსებობენ, რომლებსაც საკუთარი უფლებები გააჩნიათ. რაც თანამშრომლობას წარმოშობს; 2. სხვების უფლებების აუღიარებლობა, მტრობა ან კამათი. ამ შემთხვევაში „მწარე გაკვეთილებს“ ვიღებთ.
თუ მეშვიდე სახლში პლანეტაა, ის ყველა დღის სახლზე ახდენს გავლენას (დღის სახლებად ითვლებიან მე-7-დან მე-12 სახლის ჩათვლით). დღის და ღამის სახლები მიანიშნებს გარეგნულ (ექსტერნალურ) და შინაგან (ინტერნალურ) ფოკუსზე, მუშაობაზე, პროცესებზე.
დაბალ დონეზე „ვინც ჩემს მხარეს არაა, ჩემი მტერია“, „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“-ს ტიპის ფორმულირება ყალიბდება. ურთიერთობებში სხვების დადანაშაულებას უფრო დიდი ადგილი უკავია და თითქმის არასდროს ხედავენ საკუთარ შეცდომას.
დამუშავება ხდება სამყაროსთან ურთიერთობის ჰარმონიული გზების ძიებით, საკუთარ თავში (სხვებთან ურთიერთობის არეკვლით), გარშემომყოფებთან თანამშრომლობის, ურთიერთობაში პასუხისმგებლობის აღების გზით. ამ კუთხით, მტრები ე.წ. „შავ“ მასწავლებლებად გვევლინებიან.
ძლიერი სახლი – აქტიური სოციალური გარემო, ინდივიდი ჩართულია სხვადასხვა სოციალურ პროცესში, აქტიურად მართავს. ქორწინების პარტნიორი მის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. პარტნიორები და მტრები ძლიერები არიან. ძლიერი მეშვიდე სახლი განაპირობებს სიტუაციებით დატვირთულ გარემოს, რომელშიც ადამიანს უწევს გარე სამყაროზე ყურადღების მიქცევა. ინდივიდს უწევს სხვებთან პარტნიორობის სწავლა. თუ ძლიერი სახლი ჰარმონიულიცაა, ეს ურთიერთობები კონსტრუქციულია. რაც უფრო დაულაგებელი იქნება შინაგანი სამყარო, მით მეტი გარე მტრის ყოლაა მოსალოდნელი. ადამიანს ძლიერი სახლით, მოუწევს საკუთარი მტრებისგან სწავლა, მათი დადებითი თვისებების საკუთარ თავში გაძლიერება. სუსტი პირველი სახლის შემთხვევაში ინდივიდი მათ წინაშე როგორც პიროვნება ქრება, კომპლექსდება. როგორც პარტნიორი რთული შესამჩნევია – მუდმივად კომპრომისებზე მიდის, დიპლომატიურია და ადვილად დათანხმებადი.
სუსტი სახლი – რთულია შესაფერისი პარტნიორის პოვნა. მტრები ნაკლებ მნიშვნელოვანია. შესაძლოა ქორწინებას სერიოზულად არ უყურებდეს ან ოჯახის შესაქმნელად თავს მზად არ გრძნობდეს. სუსტი მეშვიდე სახლის შემთხვევაში მტრებს, კონკურენტებს ნაკლები როლი აკისრიათ ინდივიდის ცხოვრებაში. შესაძლოა სულ რამდენიმე ჰყავდეს, თუმცა მათი შემჩნევა უჭირდეს. ასევე, ინდივიდს საკუთარ თავში უჭირს მტრის ხატის იდენტიფიცირება. ქვეცნობიერი სისტემის დაბალი პროგრამების გამოხატვა ღიად ხდება. საერთოდ, თუ პირველი სახლი ძლიერია, შესაძლოა მოსაწყენი ცხოვრება ჰქონდეს, პარტნიორის პოვნა უჭირდეს. უფრო მეტად სუსტ ადამიანებს იზიდავდნენ, თავად ისინი კი ძლიერ პიროვნებებს არ მოსწონდეთ. ოჯახური ცხოვრების განმავლობაში ინდივიდი კონფლიქტისკენ მიდრეკილი არაა. სუსტი სატურნის შემთხვევაში შესაძლოა პასუხისმგებლობის აღება უჭირდეს.
ჰარმონიული სახლი – სამყაროსეული და პირადი ჰარმონიის განცდა. სოციალურ გარემოში თავს კარგად გრძნობს. მტრები ცოტა და საფრთხეს არ ქმნიან. ქორწინებასა და პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონია. დაუფიქრებლობამ შეიძლება ჰარმონიას ხელი შეუშალოს. საჭიროა საკუთარი „ეგოს“ დათმობა. ჰარმონიული მეშვიდე სახლის შემთხვევაში ადამიანი ფლობს საბრძოლო ხელოვნების ილეთებს, კარგად იცის როგორ გაუმკლავდეს მოწინააღმდეგეს. ამავე დროს, პირველი იშვიათად ურტყამს. პარტნიორულ ურთიერთობებში ერთი შეხედვით სანდო და კარგი პარტიორის შთაბეჭდილებას ტოვებს. საერთო მიზნების დასახვა და ხელშეწყობა შეუძლია. უნდა ერიდოს ეგოისტურ გამოვლინებას. საკუთარ თავზე იმუშაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახური ურთიერთობა შეიძლება დაემსგავსოს ლამაზად შეღებილ ფასადს, რომლის უკანაც პარტნიორის შეზღუდვა იმალება.
დაზიანებული სახლი – სამყარო სავსეა მტრებით, მოწინააღმდეგეებით, რომლებთანაც ხშირად უწევს შეჯახება, კამათი. შესაძლებელია მოუწიოს სამართლებლივი დავა (სასამართლო პროცესები). ადამიანს, დაზიანებული მეშიდე სახლით, იზიდავს და ამავე დროს აშინებს ბრძოლა, კამათი. თუმცა მტრები მოსვენების საშუალებას არ აძლევენ დამუშავების მეოთხე დონემდე. წინააღმდეგობის გაწევის სწავლა უჩვეულო მეთოდებით უწევს. ძალა, ენთუზიაზმი აქვს მანამ, სანამ უიმედოობისა და სისუსტის განცდა შეიპყრობს. დროდადრო, ენერგიის მოზღვავებასთან ერთად, ეს ადამიანი მტრებისთვის საშიშია. რაც არ უნდა ნაკლებად აფასებდეს საკუთარ თავსა და ძალებს, სწორედ მას შეუძლია მოულოდნელი, ძლიერი დარტყმის მიყენება. საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა კი ჰიპერკომპენსაციად შეიძლება ექცეს. როგორც პარტნიორი, არასტაბილურია და მასთან კონტაქტის დამყარება ჭირს. პარტნიორს უყურებს როგორც მტერს, მოწინააღმდეგეს. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში – ოჯახში აუტანელია, პარტნიორს ზედმეტად ბოჭავს. დამუშავება იწყება პროექციის აღიარებით (საკუთარი თვისებების, შეცდომების პარტნიორზე მიწერა), პარტნიორზე პრეტენზიის მოხსნით, საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებით (საკუთარ თავში „მტრის“ თვისებების აღმოჩენითა და დამუშავებით).
დამუშავების დონეები
პირველ დონეზე ადამიანი სამყაროს წინააღმდეგაა, არავის ენდობა, ყველას ერიდება. ცხოვრობს პრინციპით – „ვხედავ – არ მესმის, მეშინია, ვერ ვიტან, გავანადგურებ“. თავისზე ძლიერებთან კი მლიქვნელობს. ქორწინების პარტიორს იღებს როგორც მტერს. დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი „ვერ იტანს“ მტერს. როცა დაპირისპირებულ ადამიანს აწყდება, მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს – „ან მე მომკლავს, ან მე უნდა მოვკლა!“, რაც მის შემდგომ მოქმედებებს აპროგრამებს და განსაზღვრავს. მტრულ გარემოზე და მტრობაზე აზრი პირადი მტრებისგან და მოწინააღმდეგეებისგან უყალიბდება. გულის სიღრმეში კი მათ მიმართ შიში აქვს. ამ დონეზე პარტნიორებისგან ვერაფერს სწავლობს, რთული ურთიერთობა აქვს. შესაძლოა შიშიც ჰქონდეს – „როგორც წინა მეგობარმა უღალატა, პარტნიორიც ისე უღალატებს“. ძალის, თავდაცვის, ფულის ან ძალაუფლების გამო ხშირად ქორწინდებიან პარტნიორზე, რომელსაც ბოლომდე არ ენდობიან და ღალატს ელოდებიან. ამ დონეზე, სხვისი პიროვნება მტკივნეულად აღიქმება და განიცდება. ოჯახში კი განქორწინება, კამათი და სკანდალი როგორც ურთიერთობის ფორმა, ნორმად ითვლება. სადომაზოხისტური ფსიქოლოგიური და სექსუალური თამაშები, იძულებითი სექსუალური კონტაქტები წინა პლანზეა.
მეორე დონეზე მტრის სახე ერთიანი აღარაა, დამოკიდებულებაც შეცვლილია – პირადია და დესტრუქციული სახის, კომპრომისზე წასვლა არ ხდება, თუმცა შეიძლება მოწინააღმდეგეს პატივს სცემდეს. მტრებთან ურთიერთობის დროს იმდენად არ სწავლობს, რამდენადაც ეწინააღმდეგება. მტრობა განიხილება როგორც კონკურენცია, წინააღმდეგობა. პარტნიორთან ურთიერთობა მშვიდია, მოწონებაზე დაფუძნებული, მაგრამ ხშირად პარტნიორის ქცევას, გამოხატვის მანერას მოთმინებიდან გამოჰყავს. პირველი დონისთვის დამახასიათებელი ფიქრი – „ვინ უფრო ადრე უღალატებს მე თუ ის?“, მეორე დონეზე იქცევა შედარებად – „ურთიერთობაშ ვინ არის წამყვანი? ვინ უფრო ძლიერია?“. შესაძლოა გავლენის სფეროების განაწილება დაიწყონ, ერთმანეთისგან „საკუთარი“ გამოყონ. ამ დონეზე პარტნიორის არსებობა თვითშეფასებაზე მოქმედებს. მასთან ღიად დაპირისპირება კი ნაკლებად ხდება.
მესამე დონეზე ინდივიდი კარგად ხედავს პარტნიორობის და ურთიერთობების მნიშნელობას, აზრს, მისიას და ცდილობს სულიერი განვითარებისთვის შესაბამისი ქცევები განახორციელოს. გავლენის სფეროებს გამოყოფს, მაგრამ იწყებს გააზრებას, რომ „მტერი“ მისი კარმის ნაწილია და ბევრს სწავლობს მისგან. პირადი დაპირისპირება ქრება, რადგან დამოკიდებულება იცვლება. ცდილობს მტრების მეთოდები ისწავლოს. მოქმედების დროს კი ცდილობს სამართლიანობით იხელმძღვანელოს. ამ დონეზე ორი რამ ხდება: 1) ინდივიდი უკვირდება, რა აქვს მტრებისგან სასწავლი, დასამუშავებელი; 2) ხვდება, რომ რაც გარეთაა, ის მის შიგნითაა. მტრის ხატი მისი შექმნილია; 3) მტრებთან, მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას განიხილავს როგორც პარტნიორობას; ამ დონეზე შესაძლებელია კონსტრუქციული ურთიერთობა. წინა პლანზე ურთიერთობისგან სწავლა გადმოდის. ინდივიდი ხვდება საკუთარ ნაკლს, მის აღმოფხვრას ცდილობს. მესამე დონეზე პირველ და მეშვიდე სახლებს შორის ბალანსი დაცულია – სხვების და საკუთარი თავის აღქმა იცვლება. პარტნიორული ურთიერთობები ერთმანეთის ნდობით, ერთობლივი მოქმედებებით, მეგობრობაზე დაფუძნებით ხასიათდება. საერთო მიზნების შესრულებას იწყებენ. ამ დონეზე ინდივიდი საკუთარ დამახსიათებელ თვისებებს, რომლებსაც პარტნიორში პოულობდა, ხვდება რომ მასშიცაა. პარტნიორის ნამდვილი თვისებების დანახვას იწყებს და უყვარს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
მეოთხე დონეზე, როგორც წესი, ფიზიკურ დონეზე ადამიანს მტერი არ ჰყავს (არავის თვლის მტრად). მტრის ხატს თვლის დაბალ პროგრამად, რომელიც შინაგანი წარმოდგენებთან, მოქმედებებთან იყო დაკავშირებული. ამ დონეზე კი დაბალი პროგრამა უკვე კორექტირებულია. კარგად ხედავს სხვების კარმას, მისიას, განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებთანაც კონტაქტი უწევთ. შედეგად იქცევა ისე, რომ მათ ევოლუციურ განვითარებას ხელს უწყობს. ამ დონეზე, ბოროტებას კი არ ებრძვის, არამედ თავადაა სინათლის შემომტანი. დაბალ ასტრალურ დონეზე აღარ მონაწილეობს და შეუმჩნეველი ხდება, პარტნიორობა კი მაღალ დონეზე განსხვავებულია.
წყარო: პოდვოდნი, ვინკლერი, კეფერი, ვრონსკი, ბილ ჰერბსტი, astrologya.ru
სტატიის ავტორი: თამთა