„გაფართოებული ცნობიერება“
დევიზი – „ჩვენ ვფიქრობთ“
უმაღლესი გონება, აბსტრაქტული აზროვნება, უმაღლესი განათლება, უმაღლესი განათლების მიმართ დამოკიდებულება, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, რელიგია, რწმენა, ღმერთზე წარმოდგენები, იდეალები, სულიერი ძიება, უმაღლესი ეთიკა, მორალი, სამართლებრივი სისტემები, კანონები, სხვა კულტურები, შორეული მოგზაურობები. სულიერება, სამყაროსეული ხედვა, მეცნიერებები, იდეალური საზოგადოება (და მასზე წარმოდგენები) იურისპრუდენცია, პოლიტიკა. საზოგადოებრივი კავშირები, ნაცნობობა, სამეცნიერო ან საქმიანი ურთიერთობები უცხოურ კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, ადამიანებთან. რადიო კავშირები, ტელეპათიური სეანსები. საზღვარგარეთ მოგზაურობა, გამომცემლობასთან დაკავშირებული საქმიანობები. სამეცნიერო შრომები. სულიერი განვითარება:მეტაფიზიკის, მაგიის, წინასწარმეტყველებების, სიზმრების, რეინკარნაციისადმი ინტერესი; ექსტრასენსორული და ფენომენალური შესაძლებლობები. მედიტაცია, ნათელმხილველობა, ოკულტური მეცნიერებებით დაინტერესება/სარგებლობა. ასევე, ბავშვების აღზრდა, დაქორწინებულ ნათესავებთან ურთიერთობები.
პირველი მესამედი – აბსტრაქტული აზროვნება, რელიგია, თეთრი მაგია, წინასწარმეტყველება, ფილოსოფია, უცხო ქვეყნებთან კავშირები, ზნეობა, სიზმრები, შემოსავალი უცხოეთიდან. ფილოსოფიასა და რელიგიასთან დაკავშირებული კითხვები; სხვადასხვა კულტებისა და სექტებისადმი დამოკიდებულება; ფენომენალური და ექსტრასენსორული მანიშნებლები; მული, მაზლი, რძალი, ცოლისდა, ცოლისძმა, სიძე, ქვისლი. მესამე შვილი, პირველი ძმის/დის მეკავშირეები, მამის ავადმყოფობები, მეგობრების მეგობრები
მეორე მესამედი – საზღვარგარეთ მგზავრობები (პროფესიასთან დაკავშირებული), უცხოეთთან და უცხოელებთან დაკავშირებული ინტერესები, სულიერი ან იდეოლოგიასთან დაკავშირებული პროფესია, გამომცემლობასთან დაკავშირებული საქმე, სულიერება, სიღრმისეული სწავლება, ცხოვრების მეორე მესამედი, რელიგიისგან ან სულიერი მოღვაწეობისგან შემოსავალი, ხელქვეითების მამები
მესამე მესამედი – სულიერი პროფესია, კარიერის საფეხური, პროფესიაში მატერიალური მიზეზით მტრობა, ცხოვრების ბოლო მესამედი, სულიერი მოღვაწეობა დიდი დაბრკოლებების შემდეგ.
განსხვავება ოპოზიციურ სახლებს შორის: მესამე სახლი – კონკრეტული აზროვნება, კონკრეტული ოპერაციები, პრაქტიკული სწავლება, პრაქტიკოსი მასწავლებლები. მეცხრე სახლი – აბსტრაქტული აზროვნება, ფართო ხედვა, სულიერ-ფილოსოფიურ-აბსტრაქტული სწავლება, სულიერი მასწავლებლები.
მე-9 სახლი პირველია ოთხეულიდან, რომელიც „პასუხს აგებს“ ადამიანის სამყაროსთან სულიერ გაერთიანებაზე. ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში არ ხდება: ბევრი უპირატესობას მშვიდ ცხოვრებას ანიჭებს მუდმივ სულიერ ძიებასა და ამოუცნობის გახსნას. პიროვნულ დონეზე შეესაბამება ახალგაზრდობის პერიოდს, როდესაც ყველაზე მეტად გვიზიდავს ამოუცნობი, გენიალური, იდეალური, შორეული… მე-9 სახლით საკუთარი ხედვის სისტემა ყალიბდება. ამ სახლის სიმბოლური მმართველი მშვილდოსანია -ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენი და გამოხატავს დაბალი და მაღალი საწყისების გაერთიანებას, ადამიანური გონება (ზედა ნაწილი) აიძულებს ცხოველურ საწყისს (ქვედა ნაწილს) იფიქროს ადამიანურად, რეალობა დაინახოს, ცნობიერება გააფართოვოს და თავი სამყაროს ნაწილად იგრძნობს.
ეს საიდუმლოებების, მუდმივი ძიების, საკუთარი გზის, უმაღლესი მიზნებისა და რწმენის სახლია. მას უკავშირდება საკუთარი თავის გაგების სურვილი, საიდუმლოებების ძიება, სულიერი სწავლება.
მე-9 სახლის უარყოფითი ასპექტებით შესაძლოა ჩამოყალიბდეს მცდარი იდეოლოგია, რეალობა. ერთგვარ გამოსაცდელ სახლად გვევლინება, ამიტომაა მორალის ჩამოყალიბება აუცილებელი, რომ დოგმატიზმის, ფანატიზმისა და სიამაყის „მსხვერპლი“ არ გავხდეთ. ამ სახლის ერთ-ერთი საფრთხეა პატივმოყვარეობა, სხვებზე ძალაუფლების ან ფულის (როგორც კოლექტიური სოციალური ძალაუფლება) სურვილი.
მეცხრე სახლი სიმბოლოების სახლია. ნათალური რუკაც დაბადებულსა და სამყაროს შორის რთული ურთიერთობის სიმბოლოა. თავად სამყარო იმ სახით, როგორადაც ვთვლით წარმოადგენს ჩვენი ადამიანური და პიროვნული ევოლუციის სიმბოლოს.
IX სახლი წარმოადგენს „მე“-ს განვითარების მესამე ფაზას, მის იდეალს, იმას თუ ადამიანს როგორი უნდა იყოს (და არა როგორი არის სინამდვილეში). ამ სახლის მიხედვით პრაქტიკული იდეალია, ანუ თავის თავში რეალობის ელემენტებსაც შეიცავს. იდეალის ფორმირების პროცესი არცთუ სასიამოვნოა, რადგან აღქმის, აზროვნების ან სულაც ქცევის კორექცია ხდება. იდეალისკენ სწრაფვა ხშირად ბოლო წლებში ხდება, რაც არცთუ სწორია – იდეალისადმი სწრაფვა მუდმივად უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როდესაც ყველაზე ნაკლებად გვინდა. მე-იდეალი არ უნდა აგვერიოს ადამიანის უმაღლეს „მე“-ში, რომელიც აბსოლუტადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.
მე-იდეალი ეს მე-ს გამოვლინებაა, რომელიც ადამიანის დაბალ გამოვლინებასთან ერთგვარ დაპირისპირებაშია. მე-იდეალი განვითარების ყველაზე ახლო წერტილია, რაც ადამიანმა შეიძლება მიზნად დაისახოს. რეალურად ის არ უპირისპირდება ინდივიდის დაბალ პროგრამებს, თავად ინდივიდი ცდილობს მათ აღმოფხვრას, მე-იდეალი კი განვითარების მინიმალურ მიზანს, მიმართულებას წარმოადგენს. მე-იდეალი მაგალითების მიხედვით ყალიბდება (ფილმის, წიგნის გმირი, ისტორიული გმირი, ცნობილი ადამიანები და ა.შ.), ასევე კონკრეტული ადამიანების დახმარებით, რომლებსაც ინდივიდის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ისინი შეიძლება იყვნენ სულიერი მასწავლებლები, რომლებიც მას ახალ ხედვას უხსნიან, ცნობიერებას აფართოებენ. გაფართოებული ცნობიერება (მე-9 სახლი) განსხვავდება პრაქტიკული სწავლებისგან (მე-3 სახლი). ამიტომ კლასიკური ასტროლოგიის მიხედვით, მე-9 სახლით იმართება უმაღლესი განათლება, რელიგია, ფილოსოფია, რადგან ამ სამის შესწავლით სამყაროს შესახებ წარმოდგენები იცვლება. იგივე ეხება უცხო კულტურებისა და ქვეყნების გაცნობას, შორეულ მოგზაურობებს. ამ სახლს ბავშვების აღზრდასაც უკავშირებენ:მათი ცნობიერების გაფართოება, მე-იდეალის ჩამოყალიბება.
ადამიანი შვილის სულიერ მასწავლებლად გვევლინება. თუ შვილთან ურთიერთობის დროს მე-9 სახლით ვიხელმძღვანელებთ, პირველ რიგში უნდა გამოვრიცხოთ დიდაქტიკა, პრაქტიკული სწავლება. ორიენტირება ხდება ინტუიციასა და ბავშვის ცნობიერებაზე, რელიგიურობასა და მადლიერებაზე. სულიერი არხების გაღება (მე-9 სახლის უმაღლესი ოქტავა) ერთდროულად ხდება სულიერ მასწავლებელსა და მოსწავლესთან. თუ მშობელთან ჩაირთო, ირთვება შვილთანაც. ამიტომ აუცილებელია სწავლებისთვის მშობელიც მზად იყოს.
მე-8 სახლი „გვთავაზობს“ კოლექტიური ძალაუფლებისგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან თუნდაც ოკულტური ხასიათის) გათავისუფლებას, ხოლო მე-9 სახლით ხდება იმ წესებისა და შესაძლებლობების გაგება, რაც გათავისუფლებას აადვილებს და ეფექტურს ხდის.
მე-9 სახლს უკავშირდება რელიგიურობა, გასაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ნაკლებად დასაჯერებლად გვეჩვენება: რელიგიური ფილოსოფია, რელიგიური იდეალები, რელიგიური თვითცნობიერება და სამყაროს სურათი.
ერთ-ერთი ვერსიით, მე-9 სახლის მიხედვით შეგვიძლია გავიგოთ ადამიანის დამოკიდებულება ინტერნაციონალური ომების, სხვა ქვეყნების ეკონომიკური დახმარების, უცხოელებისა და შორეული მოგზაურობებისადმი.
რუკაში მე-9 სახლის მდებარეობა მიანიშნებს საერთო კარმულ ამოცანებზე, უმაღლეს მიზნებსა და იდეალებზე, რომელთა კონკრეტირება და მიყოლა ადამიანმა ცხოვრების განმავლობაში უნდა მოახერხოს.
ძლიერი სახლი აქვს ადამიანს, რომელსაც კარმულად მე-იდეალი განვითარებული უნდა ჰქონდეს, რომელიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს მაძიებელია, რომელიც მუდმივად ეძებს იდეალს, საკუთარ გზას, მიზნებს. ინდივიდი ირგებს სხვადასხვა მახასიათებლებს, ახასიათებს გარშემომყოფების გაიდეალებული დანახვა (ანუ უფრო უკეთესებად დანახვა, აწერს იმ თვისებებს, რაც შეიზლება არც ჰქონდეთ). იდეალები ძლიერია, თუმცა რა როლს შეასრულებენ მის ცხოვრებაში სათქმელად რთულია, რადგან დამოკიდებულია მე-9 სახლის დამუშავების დონეზე. თუ იდეალი ზედმეტად მიწიერია, ინდივიდს პირდაპირი სულიერი განვითარებიდან „თიშავს“, ადამიანს ევოლუციურ კიბეზე ბევრი გამოცდა ელის, სადაც ევოლუციურ „კუდებთან“ გამკლავებაც უწევს. ამ შემთხვევაში იდეალები „შავ“ მასწავლებლად გვევლინება. თუ იდეალი ზედმეტად მაღალია და რეალობასთან შეუსაბამო, მაშინ ინდივიდი მას უკუაგდებს და პასიურობით შემოიფარგლება. ილუზორული აღქმა იზრდება და ინდივიდი სულიერ არხებთან კავშირს ამ შემთხვევაშიც კარგავს. ადამიანი ვერ გაურბის რელიგიურ და სულიერ სიტუაციებს.
სუსტი სახლის შემთხვევაში ადამიანს ნაკლებად აქვს მე-იდეალის ფორმირების სურვილი. განვითარების საშუალო დონეზე ის ყველაზე ნაკლებადაა მიდრეკილი რაიმეს ან ვინმეს გაფანატებისკენ და ვერ იგებს სხვები რატომ აფანატებენ. ინდივიდი ვერ გრძნობს სწორად მოქცევის შინაგან მორალურ ან ენერგეტიკულ მხარდაჭერას, ამიტომ შესაძლოა ხშირად მოგვევლინოს მორალური საკითხების უხეშ დამრღვევად. კანონებს ემორჩილება, თუმცა ამას იძულებით აკეთებს. სულიერებისა და მე-იდეალის მნიშვნელობას გვიან აცნობიერებს, ვიდრე ეს ძლიერი სახლის შემთხვევაში ხდება. მას ნაკლებად აქვს მიდრეკილება ცნობიერების გაფართოებისა და სამყაროზე წარმოდგენების შეცვლისკენ. თუმცა მათ არც საშინელებად იღებს. რომ არა ცნობიერების გაფართოების აუცილებლობა, ამ კუთხით საერთოდ არ იმოქმედებდა. სულიერ მასწავლებლობა და მოსწავლეობა მისთვის რთულად გასაგებია, განსაკუთრებით ძლიერი მე-3 სახლის შემთხვევაში (პრაქტიკულ სწავლებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს). რაც სულიერი მასწავლებელი გამოჩნდება და ინდივიდი მზად იქნება, ის სულიერ მასწავლებელს იღებს როგორც სწორსა და მშვიდს, სწავლება წარმატებით მიმდინარეობს თუ მცირეოდენ ძალდატანებას გამოიჩენს. აბსტრაქტული ფილოსოფიისადმი ინტერესი (მათ შორის რელიგიური), აქცენტირებული არაა და საკუთარ შვილებს უფრო მეტად კონკრეტულ საგნებს ასწავლის, ვიდრე მათი იდეალების ფორმირებაზე იზრუნებს. ბავშვს მე-იდეალი ოჯახური ცხოვრების გავლენით უყალიბდება.
ჰარმონიული სახლის შემთხვევაში ადამიანს მუდმივი განცდა აქვს, რომ სწორი მიმართულებით მიდის. მას საკმაოდ კარგი, კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს საკუთარ მე-იდეალთან. მის ცხოვრებაში უამრავი მაგალითი და ადამიანი არსებობს, რომლებსაც იდეალად თვლის. რეალურად მე-იდეალი სრულყოფილი სახით ჩამოყალიბდება, თუ სპეციალურად არ იქნება მიმართული მისი კონსტრუქციისკენ, კითხვებს სპეციალურად არ დასვამს („როგორ ჩამოვაყალიბო?“). სულიერი მასწავლებლები სწორი მიმართულებით წაიყვანენ და ინდივიდს ნაკლებმტკივნეულად უწევს სამყაროზე წარმოდგენების შეცვლა. ჰარმონიული სახლის შემთხვევაში რელიიურ-ფილოსოფიური შეხედულებებისადმი ინტერესი და მიდრეკილება აქვს, ცხოვრების აზრსაც ამ ჭრილში ხედავს. იზიდავს უცხო კულტურების შესწავლა, შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა. დამუშავება იძლევა სხვა, უცხო ეგრეგორების ზუსტ ანალიზის უნარს, სინთეზური კულტურის, რელიგიის, ფილოსოფიის შექმნას. შესაძლოა რელიგიური იდეალის მიმართ სირთულე შეექმნას. ამ ადამიანს მოსწონს საიდუმლოებები, გამოცანები, თუმცა მათზე პასუხს ადვილად პოულობს. თუ პასუხებს ბოლომდე მოიძიებს, აღმოაჩენს, რომ სამყარო იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე ფიქრობდა.
დაზიანებული სახლი – ნიჰილიზმი, ცრუ იდეალები, რეალურსა და სასურველს შორის განსვლაა. „მე“-ს იდეალთან დაძაბულ დამოკიდებულებას მიანიშნებს. ადამიანს მე-იდეალის ამორჩევა უძნელდება. თავდაპირველად ერთი რომელიმე თვისება/თვისებათა ნაკრები იზიდავს და ცდილობს მას მიყვეს, შემდეგ სხვა ინტერესი უჩნდება და ფიქრობს:„როგორ მივყვებოდი ამ სისულელეს? ამასობაში გენიალური და მეტად მნიშვნელოვანი სფერო გამომრჩენია!“. ახალ გატაცებას ახლოს რომ გაიცნობს, შეიძლება ისიც პრიმიტიული ან შეუსაბამო აღმოჩნდეს. მე-იდეალი არაჰარმონიულად ვლინდება. ადამიანს საკუთარ თავში დარწმუნება აკლია, რის გამოც გაორებული ფიქრებითა და დამოკიდებულებებით რეალურ სამყაროსა და სიტუაციებში ცუდად ორიენტირებულია. ხან ზედმეტად იცავს წესებს, ხან კი პასიურია და მათი დარღვევას ყურადღებას ნაკლებად აქცევს. საჭიროებს მუდმივი ყურადღების გამომუშავებას, მუდმივ კონტროლს უმაღლესი „მე“-ს მხრიდან. ჩამოუყალიბებელი ან გაურკვეველი მე-იდეალის გამო საკუთარ თავზე ბევრად უარყოფითი აზრისაა. ცნობიერების გაფართოებასა და სამყაროსეული წარმოდგენების შეცვლას მტკივნეულად აღიქვამს. ადამიანს დაზიანებული მე-9 სახლით, გულის სიღრმეში, ქვეცნობიერ დონეზე სულიერი განვითარების, ფილოსოფიური და რელიგიურ-ფილოსოფიური გაგების, სამყაროს მსგავსად ხედვის დიდი მოთხოვლინება აქვს, თუმცა ეს ყველაფერი რთულად მიმდინარეობს და ხანდახან ადამიანს თავადაც უკვირს რატომ ურთულდება საკუთარ თავთან და სხვებთან გამოტყდომა/აღიარება. შესაძლოა განვითარდეს ფილოსოფიური ნიჰილიზმი, ათეიზმი, ზედმეტი მატერიალიზმი. დამუშავების შემდეგ ვიღებთ მრავალმხრივ საინტერესო პიროვნული თვისებების მქონე მდიდარ სულიერ სამყაროს, რომელსაც სამყაროს თავისებური ხედვა აქვს. სულიერ მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან დამოკიდებულება რთულია: შესაძლოა კონფლიქტები ჰქონდეს ან პირიქით, მცირეხნიანი სულიერი მიზიდულობა ჰქონდეს. ამ ასპექტის დამუშავება რთულად, მაგრამ ხდება. დაზიანებული მე-9 სახლის დამუშავების შედეგად კაცობრიობის უდიდესი სულიერი მასწავლებელი, დიდი მწერალი ან რელიგიური ფილოსოფოსი შეიძლება მივიღოთ, რომელსაც ადამიანთა გონებაზე დიდი ძალაუფლება ექნება.
დამუშავების დონეები
პირველ დონეზე მე-იდეალი თუ საერთოდ არსებობს, დანაწევრებულია, ფრაგმენტებად არსებობს. უმეტესად წარმოდგენილია როგორც საყვარელი მსახიობის, წიგნის/ფილმის გმირის ან ცნობადი სახით, თუმცა გააზრებულად არჩეული არაა. იდეალები არაა გააზრებული და ცხოვრებისეული. უმეტესად კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარეობს. არჩეული იდეალი კი ადამიანის ხასიათს, თვისებებს არ შეესაბამება. მე-იდეალი პრიმიტიული ფორმისაა. ცხოვრებისეულ სიტუაციებში მე-იდეალის გადმოტანას ინდივიდი პროტესტით ხვდება. იდეალები თინეიჯერობის ასაკში უფრო აქტიურია, ასაკის მატებასთან ერთად ინდივიდი მათ ან სამუდამოდ ასამარებს, რათა გადმოტანა არ მოხდეს ან იდეალებს იცვლის. შეცვლა გარეგნული ფორმით ხდება (თვითმოტყუება), რადგან ზოგადად იდეალის შეცვლა იშვიათად და რთულად ხდება. ცნობიერების გაფართოება, „გონების გაბრწყინება“ იშვიათად ხდება და ტკივილს უკავშირდება, რადგან ამ დონეზე სამყაროს ხედვა რიგიდულია და მისი ოდნავი ცვლილებაც მტკივნეულია. სხვა კულტურის ან ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება ფრაზით – „წარმოგიდგენია?!ეს ჩვენც გვაქვს და დიდი ხანია ცნობილია“ გამოიხატოს, ან ასე – „თავიდან ბოლომდე სულერთია“. სულიერი მასწავლებლები ამ ადამიანს უარყოფენ, თავად ინდივიდსაც ცხოვრებაში სულიერი მასწავლებლის ყოფნა (როლი) დიდად არ ანაღვლებს. უფრო მეტიც – შესაძლოა საპირისპირო აზრზე იყოს („რაში მჭირდება სულიერი მასწავლებელი!“). შვილებში იდეალების ფორმირებასა და ცნობიერების გაფართოებას ბრძანებითა და ძალადობით ახდენს. მუქარას და ლოზუნგებს („თუ დედას არ დაეხმარები, გცემ!“, „ვინც უფრო ძლიერია, ის იცხოვრებს“) იყენებს. რელიგიური ფილოსოფია პრიმიტიულია. ღმერთი წარმოუდგენია მბრძანებელ და დამსჯელ ფიგურად. ამაღლებული სიყვარულის იდეა და აბსტრაქტული ეთიკა ფაქტობრივად არ არსებობს. ჯგუფურ სოციალურ ეთიკას არ ცნობს, თუმცა ჯგუფური ეგრეგორის ჩართვისას ეგრეგორი მთლიანად „იპყრობს“. ამ დონეზე მე-იდეალი დამოკიდებულია სხვებზე, რომლებიც პირველ რიგში მის წინაშე აგებენ პასუხს (ვალდებულები არიან).
მეორე დონეზე მე-იდეალი ფრაგმენტული, მაგრამ სქემატურია. უკვე არამხოლოდ გარეგნულ შემთხვევებზეა დამოკიდებული, არამედ ხასიათსა და მორალურ მხარესაც მოიცავს. მაგ: მამაცობა, უპირობო სიყვარულის უნარი და ა.შ. იდეალების შესრულებას ცხოვრებისგან პირდაპირ არ ითხოვს, რადგან უკვე ესმის, რომ იდეალის „ჩაკვლა“ უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე მისი ასრულება. როცა ინდივიდი იდეალის შესაბამისად მოქმედებს, თავს კარგად და კეთილგანწყობილად გრძნობს, ხოლო როდესაც იდეალის პრინციპების საპირისპიროდ უწევს მოქცევა – საკუთარ სინდისთან თავის მართლება უწევს ან ქმედებას ქვეცნობიერად ირიდებს. ამ დონეზე იდეალს გარკვეული ძალაუფლება გააჩნია ინდივიდზე. ის ცდილობს იდეალის შესაბამისად მოიქცეს. ცნობიერების გაფართოება და სამყაროსეული წარმოდგენების შეცვლა უფრო რბილად ხდება, ვიდრე წინა დონეზე. თუმცა ხშირად ემოციურად დამახსოვრება ხდება. ინდივიდმა შესაძლოა წარმოდგენები ინსტინქტურად შეცვალოს. უკვე უჩნდება რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნება, თუმცა მათ შორის დაკავშირებას ცუდად/რთულად ახერხებს. სულიერი სწავლება ეპიზოდურად აქტიურდება და დიდი შედეგები ნაკლებად მოაქვს. სულიერ მასწავლებელთან კონტაქტმა და ცნობიერების ზედმეტმა დატვირთვამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს და არასწორად გაიგოს, შეიმეცნოს, თუმცა ქვეცნობიერად იცის როგორ მოიქცეს სულიერ მასწავლებელთან. იგივე ხდება უცხო კულტურების გაცნობის დროს – ინდივიდი იშვიათად, მაგრამ ამჩნევს განსხვავებულ ინფორმაციას, ენერგეტიკას, რაც შემდგომ ცნობიერების გაფართოებასთან ერთად ფსიქიკის მექანიზმების გადაწყობასაც იწვევს. შვილებთან ურთიერთობის დროს მათი იდეალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. თუმცა ეს იშვიათად ხდება რთული გაგების გამო. ამ ეტაპზე ინდივიდი უსიტყვო მორჩილების ნაცვლად დარწმუნებას იყენებს. რელიგიური თვალსაზრისით ღმერთი წარმოუდგენია, როგორც ერთიანი, შემშინებელ-დამსჯელი ფიგურა, რომელიც ადამიანს ემუქრება ეკლესიიდან, სიყვარულისგან და ადამიანებისგან გაძევებით/ჩამოშორებით. ამაღლებული სიყვარულის იდეა არსებობს, მაგრამ აბსტრაქტულად, ეთიკა კი ფილოსოფოსთა მორალური აფორმიზმებითა და პატრიოტობით გამოიხატება. ინდივიდის მე-იდეალის ჩამოყალიბებაში სხვების „დახმარება“ აღარ ხდება, თუმცა თავად მიაჩნია რომ იდეალები ყველას საერთო აქვთ.
მესამე დონეზე მე-იდეალი ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ დამხმარე ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ დონეზე ინდივიდი იდეალს მიყვება, თუმცა ყოველთვის არა. იდეალი უფრო მეტად ვლინდება ხასიათში თვისებების, შეხედულებების სახით. ინდივიდი იდეალის ფორმირებისთვის ძალას და ენერგიას არ ხარჯავს, მისი (იდეალის) არსებობა არამხოლოდ „მე“-ს მნიშვნელოვან ნაწილად აღიქმება, არამედ ენერგიის წყაროდაც გვევლინება (მისი მიღწევა სურს და მიზნად ისახავს). ამ დონეზე საკუთარ თავზე წარმოდგენები იცვლება, მათ შორის შინაგანი „ნიღბებიც“ (მე-5 სახლი). მესამე დონეზე იდეალი იმდენად ძლიერი და ცნობიერ-ქვეცნობიერ დონეზე გამჯდარია, ინდივიდი მისი პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებას ძალიან იშვიათად და რთულად ჩადის. ცნობიერების გაფართოება და სამყაროზე წარმოდგენები რეალურად იცვლება და ნაკლებად მნიშვნელოვანია განცდის თვალსაზრისით (ბუნებრივად იღებს). მე-9 სახლის სფეროების ჩართვა განიხილება როგორც უმაღლესი გახსნა, რაც ადამიანს სულიერ მასწავლებლებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. უფრო მეტიც – მათ რეალურად ხედავს/აღიქვამს ისევე, როგორც პოტენციურ მოსწავლეებს. ამ დონეზე ინდივიდს შეუძლია სხვებს მე-იდეალის ფორმირებაში დაეხმაროს. პირველ რიგში კი – საკუთარ შვილებს. უცხო კულტურებისა და ქვეყნების აღქმა, მოგზაურობისადმი დამოკიდებულება შეცვლილია – ეს უკვე სულიერი გამოცდილების შეძენისა და ღმერთის ხედვის შეცვლის/ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალებაა. უცხო კულტურებს მეტად იგებს და ნაკლებია უცხო და საკუთარ კულტურებს შორის განსხვავება (რადგან უცხო კულტურასაც შინაგანად ითავისებს). ღმერთის სახე მრავალნაირია და ყველა ფორმაშია; შინაგან და გარეგან პროცესებზე დამკვირვებელია და ადამიანის ცხოვრებას რეგულარულად ერთი ან მეორე მიმართულებით მიმართავს. ინდივიდის მიერ მისი ყურადღება აღიქმება როგორც ამაღლებული სიყვარული სამყაროსადმი და მისი ყოველი ნაწილის, ფრაგმენტის მიმართ. ამის გაგება ინდივიდს რელიგიურ ხედვას და გრძნობას უცვლის. შინაგანი ეთიკა და ფილოსოფია ეგზისტენციალური ხასიათისაა. ამ დონეზე ინდივიდი უკვე იაზრებს, რომ „მე“-ს იდეალი ყველასთვის სხვადასხვაა, თუმცა რამდენიმე თვისებას (საერთო ეთიკა და ღირებულებები) საერთოდ თვლის.
მეოთხე დონეზე მე-იდეალის შექმნას ინდივიდი უყურებს როგორც შინაგანი და სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს. იდეალი წარმოადგენს ძლიერ ენერგეტიკულ არხს უმაღლეს კარმულ ეგრეგორთან. ასე, რომ მის შექმნა-ფორმირებაში არამხოლოდ ინდივიდი, არამედ მისი ღმერთიც იღებდა მონაწილეობას. ინდივიდი მუდმივ კავშირს გრძნობს იდეალთან და თავს სულიერად მშვიდად, გაბრწყინებულად გრძნობს. ეს უკავშირდება იმასაც, რომ ინდივიდი ნებისმიერ სიტუაციასა და მოქმედების დროს ღმერთის სახესა და მხარდაჭერას გრძნობს. ცნობიერების გაფართოება და სამყაროზე წარმოდგენების ცვლა მუდმივად ხდება, ადამიანი ყოველ წუთს სწავლობს, მეტ ინფორმაციას იღებს, სხვებს სულიერად განვითარების საშუალებას აძლევს. მის გარშემო ძლიერი ენერგეტიკული წრე იკვრება, ევოლუციური განვითარება სწრაფად ხდება და კარმული „კუდების“ ჩამოშორებაც გაადვილებულია. უცხო კულტურების გაცნობა არამხოლოდ მასზე მოქმედებს, არამედ ახერხებს ეგრეგორთან კავშირსაც, რაც ახალ ძალასა და განვითარების შესაძლებლობებს მატებს. ამ დონეზე ინდივიდი ღმერთს ყველა ობიექტში, საგანში, შინაგან დონეზე (შინაგან სამყაროში) ხედავს და თუ შეძლებს მის აღწერას (აღწერას ხელს უწყობს მერკურის მაჟორული ასპექტი ნეპტუნთან ან მე-9 სახლთან), შეიძლება მივიღოთ საინტერესო რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა. თუმცა ნაკლებად გასაგები, რადგან უმაღლეს დონეზე რელიგიური ხედვა სიტყვებით რთულად გამოითქმება. სხვების „მე“-ს იდეალებს ინდივიდი ხედავს როგორც მათი ევოლუციური განვითარების სამუშაო ინსტრუმენტებს და ყველა იდეალისთვის საერთო თვისებად არაფერი ითვლება.
წყარო: პოდვოდნი, ვინკლერი, კეფერი, ვრონსკი, ჰერბსტი.
სტატიის ავტორი: თამთა