მზე ქალწულში და მისი გავლენა ზოდიაქოს 12 ნიშანზე (23.08.2013 – 23.09.2013)

მზე ქალწულში და მისი გავლენა ზოდიაქოს 12 ნიშანზე (23.08.2013 – 23.09.2013)

23 აგვისტოს ღამის დაახლოებით 3 სთ-დან მზე ქალწულში გადადის, ანუ „ქალწულების პერიოდი“ იწყება და 23 სექტემბრამდე გასტანს. რას შეიძლება ველოდოთ? როგორ ხასიათდება ეს დრო?

ყოველ წელს, ამ პერიოდში საშუალება გვეძლევა მიზნების მისაღწევად ვიშრომოთ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოვავლინოთ – თუ „ლომის პერიოდი“ წარმოადგენდა შემოქმედებით აქტიურობას, ჰობის წინ წამოწევას, სცენაზე, საზოგადოების წინაშე გამოსვლას, ახლა უშუალოდ შესრულების პერიოდი დადგა. ოცნებებისა და დაგეგმვის დრო დასრულდა, ახლა  ჩვენი შემოქმედებითი მისწრაფებები პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ, მიზნებისთვის ვიშრომოთ.

იზრდება ან სულიერი მოთხოვნილებები ან მატერიალური ღირებულებებისადმი მიდრეკილება; ასევე – ანგარიშიანობა, ყაირათიანობა, დეტალებსა და წესრიგზე ორიენტირება, კრიტიკულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისუნარიანობა.

გამოიყენეთ ეს დრო:

  • ინტელექტუალური საუბრებისთვის, შემეცნებისთვის
  • კონკრეტული საკითხების მოგვარებისთვის
  • საქმეების/დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, ორგანიზებისთვის, დაგეგმვისთვის
  • იმ საქმიანობებისთვის, რომლებიც დეტალებზე ორიენტირებას, აკურატულობას და ლოგიკურ ანალიზს მოითხოვენ
  • მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად
  • ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისთვის
  • განახლებისა და წმენდვისთვის (როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი)

მზის შემდგომ, მეორე დღეს 24 აგვისტოდან, აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა მერკურიც  ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში აღმოჩნდება, რაც კარდინალურ ცვლილებებს გამოიწვევს. გართობის დრო დასრულდა, ვალდებულებები, პასუხისმგებლობა, სამუშაო გარემო, ჩვენი გასაკეთებელი საქმეები აქტიურად შეგვახსენებს თავს. განსაკუთრებით წინ წამოიწევს საქმიანი კონტაქტები და კონტრაქტები, დაგეგმარება, ინვესტიციების საკითხები. განაახლეთ ინფორმაცია, დაისახეთ კონკრეტული გეგმები. მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას.

28 აგვისტოდან მარსი ლომში გადადის – მიუხედავად მოქმედების და მუშაობის აუცილებლობისა, თვითგამოხატვისა და აქტიურობის დროა, ანუ რომ შევაჯეროთ სამუშაო სფერო ენთუზიაზმს, სიმამაცეს, აქტიურობას ითხოვს. ეს იქნება 19-28 აგვისტოს პერიოდის აქტიური ცვლილებების დასასრული.

23 აგვისტოდან – 23 სექტემბრამდე უფრო მეტად წარმატებული პერიოდია მიწის ნიშნებისა და მათთვის, ვისაც მიწის სტიქიის გავლენა აქვთ. პროფესიების მხრივ: მასწავლებლებისთვის, სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის, მეცნიერებისთვის, კრიტიკოსებისთვის, შემოქმედებითი ადამიანებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის.

ახლა ვნახოთ როგორი იქნება თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის 23 აგვისტო – 23 სექტემბრის პერიოდი (აღნიშნული პროგნოზი დგება მხოლოდ მზის, ანუ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელიც ზოგადია. უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგვცემს პირადი რუკის მიხედვით შედგენილი პროგნოზი). ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასცენდენტის ნიშნის მიხედვითაც.

ვერძებისთვის დრო დადგა საკუთარ ჯანმრთელობას, მუშაობას მეტი ყურადღება დაუთმონ. როგორც წესი, საქმეები ბევრი უგროვდებათ, სხვებზე ზრუნვა უწევთ. ვერძებს ყურადღება მართებთ კვების მხრივ. კარგი პერიოდია ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, დიეტისთვის, პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. ასევე კარგი პერიოდია პროფესიული წარმატებების მისაღწევად, თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალთან საკუთარი ადგილის დაკავებისთვის. გამოიყენეთ ეს დრო სამსახურეობრივი საკითხების მოგვარებისთვის, თქვენი პროფესიონალური უნარების გამოსავლენად.

კუროებისთვის  დასვენების, ენერგიის აღდგენის, გართობის, ახალი თავგადასავლების, რომანტიული შეხვედრების თვე დაიწყო. წინა თვე სირთულეებთან, კრიზისებთან იყო დაკავშირებული, ამჯერად მდგომარეობა შეიცვალა. შემოქმედებითი აქტიურობისთვის, ორიგინალური თვითგამოხატვისთვის, „სცენაზე გამოსვლისთვის“, ხელოვნებისთვის დროის დასათმობად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. იზრდება რომანტიული შეხვედრების ალბათობა. იყავით გულუხვი, სიამაყე ნაკლებად გამოავლინეთ, ბავშვებს დრო დაუთმეთ, გაიხსენეთ თქვენი ჰობი, რა გაინტერესებთ, რა გართობთ, სად იღებთ დადებით ემოციებს.

ტყუპებისთვის ემოციური თვეა. ოჯახური სიტუაციები, ოჯახი, ბავშვები, მშობლებზე ზრუნვა წინა პლანზე იწევს. ესაა საკუთარი ფესვების, ისტორიის, წარსულის გახსენების პერიოდი. თუ ნაკლებად ენერგიულად გრძნობთ თავს ოჯახური სიმყუდროვე, ოჯახში გატარებული საღამო ენერგიას შეგმატებთ. შინაგან ხმას, ინტუიციას ყური დაუგდეთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გაანალიზეთ რა არის თქვენი საყრდენი, სად გრძნობთ თავს უსაფრთხოდ. კარგი პერიოდია: თვითშემეცნებისთვის, საკუთარი თავის ანალიზისთვის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობის მოგვარებისთვის, წინაპრების გასახსენებლად, სახლის საქმეების მოგვარებისთვის, სახლის კეთილმოწყობისთვის.

კირჩხიბებს ახალი ნაცნობობა, აქტიური კომუნიკაცია და უამრავი ხანმოკლე მგზავრობა ელოდებათ. მოქმედების, აქტიურობის, ცვლილებების პერიოდია, რომლის დროსაც მოწყენილობისთვის ნაკლებად მოიცლიან. სასწრაფოდ გადასაწყვეტი საქმეები მოიმატებს. უარყოფითი კუთხით ზედაპირულობის ტენდენციაა. კარგი პერიოდია ინფორმაციის მოძებისთვის, სხვადასხვა კურსებზე ჩაწერისთვის, განათლების მიღებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, მგზავრობისთვის, ახლობლებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

ლომების ყურადღებას მატერიალური და ფინანსური საკითხები, რესურსები მიიქცევს. მათთვის მნიშვნელოვანი ხდება ფინანსური საკითხები, რესურსები, რომლებსაც ფლობენ, გამომუშავება, საკუთარი ხარჯების გასტუმრება. ეს პერიოდი ხასიათდება როგორც ფინანსური მოგებით, ასევე ბევრი დანახარჯით. განსაზღვრეთ რა ღირებულებათა სისტემა გაქვთ, რაა თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა განიჭებთ სიამოვნებას, რა არის თქვენი კომფორტისთვის მნიშვნელოვანი. ეცადეთ პერიოდულად ენერგიის აღსადგენად დაისვენოთ და არ გადაიტვირთოთ. პრაქტიკულობა საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ხელოვნებისთვის, ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, მატერიალური და სულიერი რესურსების მოსაძიებლად, განახლებისთვის.

ქალწულებისთვის საკუთარ თავზე ორიენტირების დრო დადგა. სასიცოცხლო ტონუსი იმატებს. ამჯერად უფრო მეტად ექცევიან ყურადღების ცენტრში, ფიზიკური მდგომარეობა და გარეგნობა ზრუნვას ითხოვს. აქტიურობის, ლიდერობის, ავტორიტეტობის გამოვლენა ხშირად მოუწევთ. თვითშეფასებისა და ღირსების საკითხები არაერთხელ შეახსენებთ თავს. გასათვალისწინებელია, რომ დაბადების დღემდე ჯერ ისევ შეჯამების პერიოდია, ამიტომ ისინი, ვინც სექტემბრის შუა რიცხვების შემდგომ დაიბადნენ, სასურველია დაბადების დღემდე ეცადონ ძველი საქმეები დაასრულონ, წინა ერთი წელი გაანალიზონ: რა მიიღეს, რას ელოდნენ, როგორი წელი ჰქონდათ და იფიქრონ მომავალ წელს რისი შესრულება სურთ, რა მიზნები ექნებათ, რა იქნება  მთავარი მიღწევები.

სასწორებისთვის შემაჯამებელი თვეა. დაბადების თვის წინა პერიოდში უმეტესად მარტო დარჩენის, განმარტოების სურვილი ჩნდება, თუმცა, ამავე დროს მეტად მგრძნობიარეები, ემოციურები ხდებიან. სასურველია ეს დრო ანალიზსა და წინა წლის შეჯამებას დაუთმოთ. რა მიიღეთ ერთი წლის განმავლობაში? რა გაეცით? რა იყო თქვენი მთავარი „გაკვეთილები“? რა დადებითი მოვლენები გახსენდებათ? წარსულში დატოვეთ უარყოფითი მოვლენები, გათავისუფლდით მათგან, მიუტევეთ, პატიება ითხოვეთ და მოემზადეთ ხანგრძლივი და ახალი მომდევნო წლის დასაწყებად. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაბადებული სასწორებისთვის ისევ მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი ცხოვრება, ხალხთან აქტიურად მოუწევთ ურთიერთობა, კონტაქტი. გამოიყენეთ ეს დრო მეგობრებთან შეხვედრებისთვის, იდეების განსახორციელებლად. კარგი პერიოდია მიტევებისთვის, შეჯამებისთვის, ქველმოქმედებისთვის, სხვების დახმარებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის.

მორიელების უმეტესობისთვის საზოგადოებრივი ცხოვრება წინა პლანზე წამოიწევს – ცხოვრების ჩვეული რიტმი აქტიური და ხალხით დატვირთული ხდება. ესაა თანამოაზრეებთან ერთად საერთო იდეალების, გეგმების, ოცნებების განხორციელების საუკეთესო პერიოდი. შესაძლოა სხვადასხვა  ჯგუფებში გაერთიანდნენ (უმეტესად რაღაცის დაცვის სურვილით), ახალი მეგობრები გაიცნონ.  მათ ყურადღებას საზოგადოებრივი ცხოვრება თავისი დადებით-უარყოფითი მხარეებით, უახლესი გამოგონებები, ტექნიკა, გარემოს დაცვა, ეკოლოგია მიიპყრობს. ყოველშემთხვევაში, ამ თვეში მეგობრული ურთიერთობები და მეგობრები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მათთან შეეძლებათ დახმარების მიღება. გაანალიზეთ რა არის თქვენი იდეალი, ოცნებები, მომავალში რისი მიღება გსურთ.

მშვილდოსნებისთვის მიზანდასახულობისა და სოციალური აქტიურობის პერიოდია. ყურადღებას იქცევს და აფიქრებთ: საზოგადო სახე (ხალხში რა შთაბეჭდილებას ტოვებენ), კარიერული სფერო და მიღწევები, სოციალური სტატუსი, პროფესიული ზრდა-განვითარება. ესაა მიზნების დასახვისა და მათი აქტიურად განხორციელების, კარიერული საკითხების გადაწყვეტის დრო. მშვილდოსნების დიდ ნაწილს აღიარების მოთხოვნილება, ამბიციები გაუჩნდება. განახორციელეთ თქვენი დიდი ხნის მიზნები, მთელი ენერგია სასურველი მიმართულებით გაუშვით. სერიოზულობა, პასუხისმგებლობა, პრაქტიკულობა, მოთმინება და თვითკონტროლი წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ კრედიტის აღებას. კარგი პერიოდია ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობისთვის, სამსახურეობრივი საქმეების მოსაგვარებლად, პროფესიული განვითარებისთვის, საკუთარ სოციალურ როლზე ფიქრისთვის.

თხის რქებისთვის ჰორიზონტის გაფართოების, რწმენის, რელიგიურ-ფილოსოფიურ საკითხებზე ფიქრის, გლობალური პრობლემების გადაწყვეტის, სამართლიანობის დაცვის, უმაღლესი განათლების საკითხებზე ფიქრის  პერიოდია. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მათ ყურადღებას მეტად მიიქცევს ისეთი საკითხები, როგორიცაა ფილოსოფია, რელიგია, იდეალები, საზოგადოებრივი ცხოვრება. სულიერი ძიების, ცხოვრების აზრზე ფიქრის, შეჯამების პერიოდია. შესაძლოა კვლევა-ძიებით დაინტერესდნენ. ჩამოაყალიბეთ თქვენი იდეალები, მიმართულებები, რას ნიშნავს თქვენთვის განვითარება? სულიერება? რისი გწამთ? რისი გჯერათ?  ერთი სიტყვით, „ქალწულების პერიოდი“ თხის რქებისგან სულიერ-მატერიალური საკითხების შეჯამებას, მათ შორის ბალანსის დაცვას მოითხოვს. კარგი პერიოდია: უცხოელებთან კონტაქტისთვის, მგზავრობისთვის, სულიერი ძიებისთვის, რელიგიურ-ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობისთვის, განხილვებსა და დისკუსიებში მონაწილეობისთვის.

მერწყულებისთვის განახლებისა და ცვლილებების პერიოდია. სასურველია უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სარისკო ქმედებებისგან თავი შეიკავონ. დამახასიათებელია: ცვლილებები, მორალური  სისტემის „შემოწმება“, ძლიერი განცდები. მაგნეტიზმი და სექსუალური მიზიდულობა იზრდება. ნებისმიერი დაფარული, გასაიდუმლოებული დიდ ინტერესს იწვევს. ინტუიციას, შინაგან ხმას ყურადღება მიაქციეთ. მოერიდეთ ეჭვიანობას, აგრესიულობას, კონფლიქტურობას. ნებისმიერი რამ, რაც ამ პერიოდში მოხდება, კარგად გაანალიზეთ. მუდმივი ცვლილებები მოასაწყენ გარემოს შეცვლის. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეგიძლიათ. საკუთარ თავს სხვა კუთხით შეხედეთ, თქვენი ძლიერი მხარეები აღმოაჩინეთ. უარყოფითი კუთხით შესაძლოა ფინანსური სირთულეები დაემთხვეს, თუმცა დროებითი იქნება. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობებისთვის, ეზოთერული ლიტერატურის გასაცნობად, თვითანალიზისა და საკუთარ თავში გარკვევისთვის.

თევზებისთვის პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების, თანამშრომლობის პერიოდია. მათი უმეტესობა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ საზოგადო, ჯგუფურ ურთიერთობებზე ორიენტირდებიან, საერთო, ჯგუფური მიზნების შესრულებას მიზნად დაისახავენ. ამ თვეში თევზები გარეგნულ მხარეს დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პარტნიორები, როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიანი. სხვადასხვა კითხვაზე პასუხს საზოგადოებაში, სხვებთან ინფორმაციის გაცვლით, საუბრით იპოვიან. უხეშობა და აგრესია მხოლოდ სიტუაციას გაართულებს, თანამშრომლობაზე, კომპრომისზე ორიენტირება მეტად დაეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევასა და სურვილების ასრულებაში.  კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მათ მოსაგვარებლად, საქმიანი შეთანხმებებისთვის, სოციალური და საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის, კონტაქტებისა და კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად, ურთიერთთანამშრომლობისთვის.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top