მითი ზოდიაქოს ნიშნებზე

მითი ზოდიაქოს ნიშნებზე

 ეს მოხდა  ერთ დილას, როდესაც ღმერთი მისი თორმეტი შვილის წინაშე წარსდგა და ყოველ მათგანში ადამიანური სიცოცხლის თესლი ჩათესა. თითოეული ბავშვი ერთმანეთის მიყოლებით წარსდგა მის წინაშე, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი წყალობის მისაღებად.

 

 „შენ, ვერძო, პირველს გიბოძებ ჩემს  სასიცოცხლო თესლს, რომ გქონდეს მისი დათესვის პატივი. ყოველი თესლი, რომელსაც დათესავ, მრავალგზის გამრავლდება შენს ხელში. შენ არ გექნება საკმარისი დრო, იხილო  თესლის ნაყოფი, რადგან ყველაფერი, რასაც დათესავ, კიდევ უფრო მეტ დასათეს ნაყოფს გამოიღებს.  შენ იქნები პირველი, ვინც ადამიანთა გონების ნიადაგს ჩემი იდეებით გაანაყოფიერებს, მაგრამ იდეების გამოკვება და შესწავლა _ შენი სამუშაო არ არის. შენი ცხოვრება  მოქმედებაა და ერთადერთი მოქმედება, რომელიც ჩემგან  მოგეთხოვება, ადამიანების ცნობიერების გაღვიძებაა, ჩემი შემოქმედების შესაცნობად.

შენი კარგი სამსახურისთვის მე გიბოძებ ღირსების გრძნობას“.

და ვერძმა  ჩუმად დაიხია უკან, თავის ადგილზე.

 

„შენ, კურო, გაძლევ ძალას, რომ გაამაგრო თესლი სუბსტანციაში. შენი  დავალება ძალიან მნიშვნელოვანია და მოთმინებას მოითხოვს, რადგან შენ უნდა დაასრულო ყველაფერი, რაც შენამდე დაიწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თესლს ქარი წაიღებს. არასდროს დაეჭვდე, შუა გზამდე მისულმა არ  გადაიფიქრო და არ დაეყრდნო  სხვებს  იმაში, რასაც შენგან მოვითხოვ.

ამისათვის მე გიბოძებ ძალას. გამოიყენე ის ბრძნულად“.  

და კურო თავის ადგილზე დაბრუნდა.

 

„შენ, ტყუპებო, გიწყალობებ უპასუხო კითხვებს, რათა ადამიანებს გააგებინო ის, რასაც თავის გარშემო ხედავენ. შენ ვერასდროს გაიგებ, რატომ საუბრობენ ან ისმენენ ადამიანები, მაგრამ, კითხვებზე პასუხების ძიებაში,  ჩემგან ბოძებულ ცოდნის წყალობას აღმოაჩენ.”

 და ტყუპები საკუთარი ადგილისკენ გაემართა.

 

„შენ, კირჩხიბო, გაძლევ ამოცანას, ასწავლო ადამიანებს ემოციები. შენ უნდა აიძულო ისინი, იტირონ და იცინონ, რათა ყველაფერი, რასაც ხედავენ და რაზეც ფიქრობენ, შინაგანი სისრულით განვითარდეს.

ამისათვის გიბოძებ ოჯახს, რომ შენმა სისრულემ გამრავლება შეძლოს.“

და კირჩხიბი ადგილზე დაბრუნდა.

 

„შენ, ლომო, სამყაროსთვის  ჩემი შემოქმედების დემონსტრაცია გევალება, მთელი თავისი ბრწყინვალებით. მაგრამ შენ ფრთხილად უნდა იყო სიამაყესთან და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ეს ჩემი შემოქმედებაა და არა შენი. თუ ამას დაივიწყებ, ადამიანები შეგიძულებენ. სამუშაოში, რომელსაც გაძლევ, უამრავი სიხარულია, თუ მას კარგად შეასრულებ.

ამისათვის შენ უნდა ფლობდე პატივს“.

და ლომი თავის ადგილს დაუბრუნდა.

 

„შენ, ქალწულო, გთხოვ გამოიკვლიო ყველაფერი, რა უქნა ადამიანმა ჩემს შემოქმედებას. შენ ყურადღებით უნდა დააკვირდე მის მეთოდებს და შეახსენო ხოლმე შეცდომები, რომ  ჩემს შემოქმედებას, შენი მეშვეობით, შეეძლოს სრულყოფა.

ამის განსახორცილებელად მე შენ გიწყალობებ ნათელ გონებას“.

და ქალწულმა უკან დაიხია.

 

„შენ, სასწორო, მსახურების მისიას გაძლევ, რომ ადამიანს ყოველთვის ახსოვდეს თავისი ვალდებულებები სხვების წინაშე, რომ ისწავლოს თანამშრომლობა და ასევე, საკუთარ ქმედებებზე მეორე მხრიდან დაფიქრება. ამისათვის, მე  წარგგზავნი ყველგან, სადაც განხეთქილებაა.

შენი ძალისხმევისთვის კი გიბოძებ  სიყვარულის ნიჭს“.

და სასწორი თავის ადგილზე დაბრუნდა.

 

„შენ, მორიელო, ძალიან რთულ ამოცანას გაძლევ. შენ გექნება ადამიანთა გონებაზე წვდომის უნარი, მაგრამ გიკრძალავ იმაზე ლაპარაკს, რასაც შეიტყობ. შენ არაერთხელ განიცდი ტკივილს იმისგან, რასაც დაინახავ. ამ ტკივილის გამო, ზურგს მაქცევ და დაივიწყებ, რომ ეს მე კი არა, ჩემი იდეების დამახინჯება გტკივა. შენ იმდენს დაინახავ ადამიანში, რომ მასში ცხოველს ამოიცნობ და ისე იბრძოლებ ამ ცხოველურ ინსტინქტებთან საკუთარ თავში, შენს გზას დაკარგავ.

მაგრამ როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ჩემთან დაბრუნდები, მე შენთვის მიზნის უზენაესი ნიჭი მექნება“.

და მორიელი ადგილზე დაბრუნდა.

 

„შენ,  მშვილდოსანო, გთხოვ აცინო ადამიანები, რადგან ჩემი იდეების არასწორი მიმართულებების გამო ისინი გაბოროტდებიან. შენ სიცილის მეშვეობით უნდა მიანიჭო ადამიანებს იმედი, იმედის მეშვეობით კი მათი თვალები ჩემსკენ მოაბრუნო. შენ ბევრ ცხოვრებას შეეხები, თუნდაც მხოლოდ გაელვებით, და ყოველი ცხოვრების მოუსვენრობას შეიტყობ, რომელსაც მიეკარები.

ამისათვის გაძლევ უსაზღვრო სიუხვეს, რომ საკმარისად ფართოდ გავრცელდე, რომ ყველა ბნელ კუნჭულს მისწვდე და სინათლე შეიტანო“.

და მშვილდოსანმა უკან დაიხია.

 

„შენგან, თხის რქავ, ოფლის ღვრამდე შრომას მოვითხოვ, რომ ადამიანებს მუშაობა ასწავლო. შენი ამოცანა არ არის მარტივი, რადგან შენ ყოველი ადამიანის ძალისხმევას საკუთარ მხრებზე შეიგრძნობ.

ამ მძიმე ტვირთიანი უღლისთვის ადამიანის პასუხისმგებლობას შენს ხელში ვათავსებ“.

და თხის რქა ადგილს დაუბრუნდა.

 

„შენ, მერწყულო, მომავლის იდეას გაძლევ, რომ ადამიანმა დაინახოს სხვა შესაძლებლობები. შენ დაიტანჯები მარტოობის ტკივილისგან, რადგან არ გრთავ ჩემი სიყვარულის განსახიერების უფლებას. მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანთა მზერები ახალი შესაძლებლობებისკენ  მიაპყრო, მე გიწყალობებ თავისუფლების ნიჭს, რომ საკუთარი თავისუფლებით ემსახურო კაცობრიობას, როცა არ უნდა დასჭირდეს“.

და მერწყულმა უკან დაიხია.

 

„შენ, თევზებო, ყველაზე რთულ დავალებას გაძლევ. მე გთხოვ, შეაგროვო  და დამიბრუნო ადამიანის მთელი სევდა. შენი ცრემლები ჩემი  ცრემლები უნდა იყოს. სევდა, რომელსაც შეისრუტავ, ჩემი იდეების არასწორი გაგების ეფექტია, მაგრამ შენ ადამიანს უნდა მისცე თანაგრძნობა, რომ მან კიდევ სცადოს. ამ ყველაზე რთული ამოცანისთვის მე გაძლევ  ყველაზე დიდ ნიჭს.

შენ ერთადერთი იქნები, ჩემს თორმეტ შვილთაგან, ვისაც ჩემი ესმის. მაგრამ ღმერთის გაგების წყალობა მხოლოდ შენთვისაა, რადგან  როდესაც ეცდები სხვას გაუზიარო, ის არ მოგისმენს“.

და თევზები ადგილზე დაბრუნდა.

 

 

და ღმერთმა თქვა: „თითოეულ თქვენგანს ჩემი იდეის ნაწილი ერგო. არ ჩათვალოთ შეცდომით, რომ თქვენი წილი მთელი ჩემი იდეაა, არც ერთმანეთში გაცვლა მოისურვოთ, რადგან ყოველი თქვენთაგანი დასრულებულია, მაგრამ თქვენ იქამდე ვერ გაიგებთ ამას, სანამ თორმეტივე არ გაერთიანდებით. მხოლოდ მაშინ გახდება ცხადი  თქვენთვის ჩემი იდეის მთლიანობა“.

ბავშვები წავიდნენ. ყველას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, დაკისრებული საქმე საუკეთესოდ შეესრულებინა, რომ  შეპირებული წყალობა მიეღოთ. მაგრამ ვერც ერთმა ბოლომე ვერ გაიგო თავისი ამოცანის და წყალობის არსი. და როდესაც დაბნეულები შემოქმედთან დაბრუნდნენ, მან თქვა: „ყოველი თქვენგანი თვლის რომ სხვისი წყალობა მისაზე უკეთესია. ამიტომ,უფლებას გაძლევთ ერთმანეთში გაცვალოთ“.

შემდეგ ღმერთმა გაიღიმა და დასძინა: „თქვენ არაერთგზის დაბრუნდებით ჩემთან. დაკისრებული მისიისგან განთავისუფლებას ითხოვთ და ყოველ ჯერზე, თანხმობას მიიღებთ. თქვენ ურიცხვ ინკარნაციას გაივლით იმ თავდაპირველი მისიის დასასრულებლად, რომელიც თითოელ თქვენგანს დავაკისრე. ამისთვის, მე თქვენ უსასრულო დროს გაძლევთ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენს დავალებას ბოლომდე შეასრულებთ, შეძლებთ ჩემთან ყოფნას“.

 

მარტინ შულმანი „კამრული ასტროლოგია”


About Tamta

Scroll To Top