ზურმუხტი ბერილის სახესხვაობაა და ძვირფასი ქვების კატეგორიაში ერთიანდება. მწვანე შეფერილობა ქრომის შერევით ენიჭება (0.14% ქრომი, 0.12% რკინა, 0.05% – ვანადიუმი). ძველად „სმა-რაგდოს“ (smaragdus) უწოდებდნენ, რაც „მწვანეს“ ნიშნავს.
ძველი დროიდანვე ზურმუხტი ცნობილი ქვაა. ეგვიპტელები თოტის წყალობად და ქალღმერთ ისიდას სიმბოლოდ თვლიდნენ. ზოგიერთი ვერსიით, კლეოპატრას ერთ-ერთი საყვარელი ქვაა. გადმოცემის მიხედვით, ზურმუხტის მომპოვებელი საბადოები განლაგებული იყო წითელ ზღვასა და ნილოსს შორის ტერიტორიაზე, როდესაც კლეოპატრამ ისინი მოინახულა, საბადოებს მისი სახელი ეწოდა. აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ინდოეთში ზურმუხტი სიყვარულისა და ერთგულების ქვად მიაჩნდათ. ისლამურ ქვეყნებში კი მთავარ მაგიურ ქვად იწოდება.
ზურმუხტის მომპოვებელ ქვეყნებს შორის კოლუმბია ლიდერობს (მოპოვების 90%, ბოლო ათწლეულის მანძილზე მაჩვენებელმა 78%-ზე დაიწია). კოლუმბიიდან ზურმუხტი ევროპაში მე-16 საუკუნეში მოხვდა, როდესაც ესპანელებმა ქვეყანა კოლონიად აქციეს. კოლუმბიის შემდგომ მომპოვებელ ქვეყანად ზამბია ითვლება. 2011 წლის მონაცემებით ზამბიაში 3,74 ტონა ზურმუხტი მოიპოვეს. გარდა ამ ქვეყნებისა, ზურმუხტის საბადოებია ურალში, ავსტრალიაში, მოზამბიკაში, ნამიბიაში, პაკისტანსა და შრი-ლანკაში.
სამკურნალო თვისებები
ზურმუხტის სამკურნალო თვისებები საკმაოდ მრავალფეროვანია. მწვანე ფერი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, თვალის დაძაბულობას ხსნის და თვალის დაავადებების აღიარებულ მკურნალ ქვად გამოიყენებოდა.
ლითოთერაპევტების მტკიცებით, ზურმუხტი უძილობის საწინააღმდეგო მინერალია. ის ტემპერატურას დაბლა წევს, ინფექციების, ანთების, შარდის ბუშტისა და საშარდე სადინარების დაავადებების დროს გამოიყენება. ასევე, ითვლება, რომ დიაბეტის, დამწვრობის, გულის ტკივილის, მაღალი წნევის, ფსორიაზის სამკურნალო ეფექტიც გააჩნია.
მაგიური მახასიათებლები
ზურმუხტი – სიბრძნის, იმედის ქვაა. ადამიანი, რომელიც ზურმუხტით გაწყობილ სამკაულს ატარებს, დაზღვეულია უბედური შემთხვევებისგან (უბედურებისგან), შელოცვებისგან. ზურმუხტი სიმდიდრის, სიმშვიდის მომტან, ავხორცობისგან დამცველ ქვად მიაჩნდათ. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება რწმენა, რომ ზურმუხტის ტარება მფლობელს ქალწულობის, უბიწობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა.
ზურმუხტის მთავარი ამოცანაა მფლობელის უარყოფით მახასიათებლებზე გავლენის მოხდენა, მათი შეცვლა: ტყუილისკენ ან თაღლითობისკენ მიდრეკილება, ეჭვიანობა სიყვარულში. თუ მეპატრონეს არ გააჩნია მსგავსი მახასიათებლები, მაშინ ქვას წარმატება და იღბალი მოაქვს.
განვითარებული ინტუიციის მქონე ადამიანების შემთხვევაში ქვას შეუძლია „მიცვალებულთა სამეფოსთან“, ასტრალურ არსებებთან კონტაქტს ხელი შეუწყოს, ამიტომ მათთვის, ვინც მედიუმის, ექსტრასენსის ან სხვა ეზოთერული პრაქტიკის მქონეა, რეკომენდებულია ზურმუხტის ტარება. მის შესაძენად უკეთესია მთვარის 1-ელი და მე-2 დღე.
კიდევ ერთი ვერსით, თუ ერთ-ერთი პარტნიორი ერთგულების ფიცს დაარღვევს, ზურმუხტი იბზარება. ამიტომ, ზურმუხტის ტარება რეკომენდებულია სუფთა სულის მქონე ადამიანებისთვის. ძველად ითვლებოდა, რომ ქვა ქალებისა და ოჯახური კერიის თილისმაა. მას ორსული ქალები ატარებდნენ, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი აკვანზე აბამდნენ.
ზურმუხტი მეხსიერებას აუმჯობესებს, უარყოფით სიზმრებს გვაშორებს, მელანქოლიას ფანტავს. შემოქმედებით ადამიანებში შთაგონებასა და სულიერ აღმასვლაზე მოქმედებს, ხოლო საქმიანი ადამიანებისთვის – წარმატება და იღბალი მოაქვს.
ზურმუხტი იმ ქვათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მემკვიდრეობით მიღება უკეთესია. დაკავშირებულია ნაციონალურ ეგრეგორთან, კოსმიური დედის ქვაა და ადამიანს რთულ სიტუაციებში ეხმარება. თუმცა ამისთვის „გზაზე“ უნდა იდგეთ.
ასტროლოგია
ზოდიაქოს ნიშნებიდან განსაკუთრებით გამოყოფენ კუროს, ტყუპებსა და კირჩხიბს.
ტყუპებისთვის ზურმუხტი სიბრძნისა და უემოციოდ განხილვის წყაროა, რაც ასე არ ჰყოფნით სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ისეთი თვისებები, როგორიცაა გულფიცხობა, ნევროზულობა, საფრთხის განცდა, ტყუპებისთვის დამახასიათებელია და ზურმუხტი სწორედ ამ თვისებების ნაკლებად გამოვლენას უწყობს ხელს. ასევე დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, რაც სხვადასხვა ადამიანებთან კონტაქტის დროს ტყუპებს გამოადგებათ.
კურო მიწის სტიქიაა და თავად ქვის ფერიც დამამშვიდებლად მოქმედებს. ზურმუხტი ხელს უწყობს კუროს ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ნათელი ფერების შეტანას, წარმატების მიღწევას, მიზნების რეალიზებას. მოკლედ, ზურმუხტი კუროებს სიბრძნეს, ეფექტურობას, კონცენტრაციის უნარს და გზის ბოლოს დასაჩუქრების იმედს მატებს (რაც სიზარმაცის დაძლევასაც უწყობს ხელს).
კირჩხიბი საკმაოდ ემოციური, მგრძნობიარე და მოწყვლადი ნიშანია, ამიტომ მიდრეკილია საკუთარი განცდების, გრძნობების, ემოციების დამალვისკენ, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან გაუგებრობის დროს. ამ თვისებების გამო, კირჩხიბისთვის რეკომენდებულია ზურმუხტი. ქვას სიმშვიდე, საკუთარი თავის კონტროლის უნარი მოაქვს, ჩაკეტილობისკენ მიდრეკილებას ამცირებს.
ნაკლებად რეკომენდებულია თხის რქისა და მორიელისთვის.
პლანეტებიდან შეესაბამება: მთვარე, მერკური, ვენერა. მეორე ვერსიით, ქვა დაკავშირებულია ვულკანისა და პროზერპინას ენერგიებთან.
ჩაკრები
გულის ჩაკრა. ჩაკრა სიყვარულზე, ერთგულებაზე, თანაგრძნობაზე, ღიაობასა და მგრძნობელობაზეა პასუხისმგებელი. ქვის ტარება დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გულმკერდის ზონაზე, ხელებზე.
მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, იულია კაფთანოვას, lithotherapy.ru, catalogmineralov.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.