მარგალიტი ორგანული წარმოშობის მინერალია. როდესაც მოლუსკის ნიჟარის ღრუში ქვიშის მარცვალი ხვდება, მის ზედაპირს კალციუმის კარბონატის შემცველი ფირფიტა შემოეკვრება. ასე იწყება მარგალიტის ჩამოყალიბება. მარგალიტი მარცვლის ზომას დაახლოებით 12 წლის შემდეგ აღწევს.
მარგალიტი შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი, წითელი, ცისფერი და შავიც კი. სიტყვა „მარგალიტი“ არაბული სიტყვისგან მომდინარეობს, რომელიც თავის მხრივ, ფუძეს ჩინური სიტყვისგან იღებს. ძველი ბერძნები margarites-უწოდებდნენ.
მარგალიტის რამდენიმე სახეობაა, რომლებიც მომპოვებელი ქვეყნებით განსხვავდებიან:
- მტკნარი წყლის მარგალიტი – მოიპოვება რუსეთში, ჩინეთში, გერმანიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
- სამხრეთის ზღვების მარგალიტი – ავსტრალიაში, ფილიპინებში, მიანმაში, პოლინეზიისა და ინდოეთის კუნძულებზე;
- მარგალიტი „აკოია“ – იაპონიის გარშემორტყმულ ზღვებში.
მარგალიტის პოპულარობის გამო, მოპოვების 90% დაჩქარებული წესით ხდება. მძივად ასხმული მინერალი ნამდვილია თუ არა – შეგვიძლია დავადგინოთ მარგალიტზე გაკეთებული ნახვრეტების მიხედვით. ნამდვილ მარგალიტს ერთგვაროვანი სტრუქტურა აქვს. ძველი გადმოცემის მიხედვით, მარგალიტის ნამდვილობას კბილის მოჭერით ამოწმებენ.
მარგალიტი ერთ-ერთი პირველი ქვაა, რომელსაც ადამიანი იყენებს. ძველი ბერძნები ზღვის ნიმფის ცრემლებად თვლიდნენ, სლავები – მეხის ანარეკლად, ჩინელები – მთვარის გაქვავებულ სინათლედ. გადმოცემის მიხედვით, ეგვიპტეში მარგალიტის კეთება მხოლოდ მმართველი დინასტიის წარმომადგენელს შეეძლო. აღმოსავლეთის ქვეყნებში კი ლალისა და ზურმუხტის თანაბარ ქვად მოიხსენიებდნენ.
მარგალიტი სიწმინდისა და უდანაშაულობის სიმბოლოდ ითვლება. რუსეთში ქრისტეს სარძლოთა ქვად მოიხსენიებოდა, რადგან უმეტესად ქალთა მონასტრებში იყო გავრცელებული, სარიტუალო სამოსს ამაგრებდნენ ან სამკაულად იყენებდნენ.
სამკურნალო თვისებები
მარგალიტი ჯანმრთელობისა და სიყვარულის ქვად ითვლება. სიწმინდის სიმბოლოა, დიდხანს სიცოცხლეს, გულის მუშაობას ხელს უწყობს. ხოლო, ტიბეტური მედიცინის მიხედვით, მინერალი ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას (ნერვული დარღვევების, მეხსიერების დაკარგვის, ნერვული სისუსტის დროს) და მისი გამოყენება მოწამვლის საწინააღმდეგოდ შეგვიძლია.
დადებით ეფექტს ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების დარღვევის, დიაბეტის, თირკმლის დაავადების, წნევის დარეგულირების დროს.
სამკურნალოდ გამოიყენებენ „მარგალიტიან“ წყალს, რომელშიც მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე მარგალიტი იდო. მას ანტიმიკრობული, სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. ასეთი წყალი რეკომენდებულია სისხლდენისა და ჰემოროის, კონიუქტივიტის, ქვების სამკურნალოდ. ლითოთერაპევტების აზრით, მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებასაც უწყობს ხელს.
მაგიური მახასიათებლები
მარგალიტის ყურება ფსიქიკას ამშვიდებს, სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა მოაქვს. ჩინეთში ახალგაზრდობის ელექსირად, ნაყოფიერების ხელშემწყობად და მაგიური ძალის მფლობელად თვლიდნენ, ევროპაში ხანგრძლივი სიცოცხლის, ინდოეთში – აყვავებისა და კეთილდღეობის, ქორწინების; საბერძნეთში – ქორწინების სიმბოლოა. ხოლო მონღოლეთში – ძალაუფლების სიმბოლო იყო, ასევე მისი დახმარებით ადგენდნენ ღვინით სავსე თასში შხამის არსებობას.
ითვლება, რომ ბრწყინვალების დაკარგვით მფლობელს ავადმყოფობის შესახებ აუწყებს, ხოლო აღმოსავლეთ ქვეყნებში მარგალიტის ბეჭედი გათვალვისგან, გაქურდვისა და თაღლითური გარიგებისგან იცავს.
გლობას მიხედვით, თუ საკუთარ თავს არ ფლობთ, მარგალიტს და სადაფს შეუძლიათ დეზორიენტირებული ადამიანი გაგხადოთ. მარგალიტის კეთება საფრთხილოა, რეკომენდებულია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავში ძალიან(!) არიან დარწმუნებულები (მათ ობიექტურობას მატებს, სიამაყეს თრგუნავს, სხვებთან აახლოვებს).
ასტროლოგია: პლანეტებიდან შეესაბამება მთვარე, ნეპტუნი; სტიქიებიდან – მიწა და წყალი; ზოდიაქოს ნიშნებიდან – კირჩხიბი, სასწორი, თევზები.
ჩაკრები: მე-7 ჩაკრა – მარგალიტი თავის ტვინს კვებავს, სულიერ განვითარებას ხელს უწყობს. მე-5 ჩაკრა – სუნთქვისა და სმენის ორგანოებს, კანის საფარს აკონტროლებს. ამ ჩაკრის ფუნქციონირება თვითგანმკიცებას უწყობს ხელს.
როგორ გავწმინდოთ: რამდენადაც მარგალიტი ორგანული წარმოშობისაა, მისი დაზიანება ბევრად ადვილია, ვიდრე სხვა ძვირფასი ქვების. ძლიერად რეაგირებს მჟავაზე, კოსმეტიკურ საშუალებებზე, თმის ფიქსაციის მიმნიჭებელ საშუალებებზე. თუ გავუფრთხილდებით, შეუძლია 100-150 წელი გაძლოს. მისი გაწმენდა რეკომენდებულია ექვს თვეში ერთხელ (წყლის საშუალებით მსუბუქად „ამორეცხვა“).
მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, გლობას, aloris.ru; lithotherapy.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.