მშვილდოსანი და თევზები

მშვილდოსანი და თევზები

                                                       

 ცა ვარსკვლავებით იყო გაწყობილი. ისინი სახლის გარშემო შემჭიდროვებულიყვნენ

   და ფანჯარაში იცქირებოდნენ, თითქოს სურდათ გაეგოთ, რა ხდებოდა შიგნით.

ეს ერთერთი ყველაზე გამომწვევი კავშირია. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, დაძაბული. დაძაბულობა კი ენერგიას ბადებს, არამხოლოდ ფიზიკის ლაბორატორიაში, ადამიანებს შორისაც. შეხებამ შესაძლოა მოგცეთ ბედნიერების სწორი ენერგია. მაგრამ სრულიად თვალსაჩინოა, რომ ჭარბი ენერგია განსხვავებულ შედეგამდე მიგიყვანთ. არავინ იცის, რისი გამოწვევა შეუძლია გადატვირთვას. მაგალითად,  საცდელი მოწყობილობების  ან, ღმერთმა დაგვიფაროს, დედამიწის აფეთქება… მას შეუძლია ააფეთქოს მეგობრული ურთიერთობაც. ასე რომ, თუ მშვილდოსანსა  და თევზებს ერთად რამის მიღწევა სურთ, დროულად უნდა ჩამოიფერთხონ დაძაბულობა, სანამ ის ზრდას დაიწყებს. მაშინ ბედი მათ მედლებით დააჯილდოებს. ეს იმას ჰგავს, სკოლაში კარგი ყოფაქცევისთვის რომ გაჯილდოებენ, მხოლოდ კარმის მედლები უფრო ძვირფასია.

თევზებს ნეპტუნი მართავს, მშვილდოსანს _ იუპიტერი და ამ პლანეტებს ბევრი საერთო აქვთ. ნეპტუნის აღმოჩენამდე, თევზების მმართველად  იუპიტერი ითვლებოდა. ასეთი თავდაპირველი ნათესაობის წყალობით, მშვილდოსანი და თევზები არაერთ უსიამოვნებას  აარიდებენ თავს, თუ თითოეული მათგანი მეწყვილის ისეთ თვისებებზე კონცენტრირდება, რომელიც მის  პატივისცემას იმსახურებს.

იმავდროულად, ორივე ეთაყვანება იმას, რასაც მთლად რელიგიას  ვერ ვუწოდებთ. სასულიერო პირებს შორის  ხშირად შეხვდებით ამ ნიშნების წარმომადგენლებს. თუ თევზებს მისტიურ წყლებში ნეპტუნის თვინიერება და მსხვერპლგაღების უნარი იტაცებს, მშვილდოსანი სულიერი ჭეშმარიტების მიგნების სურვილით გიზგიზებს, ხშირად უკიდურესობებშიც ვარდება _ აბსოლუტური ათეიზმიდან მონასტერში განმარტოებამდე ან პირიქით. თუმცა აღსანიშნავია, რომ რელიგიაში გადავარდნილი მშვილდოსნები და თევზებიც კი არ კარგავენ იუმორის გრძნობას.

შესაძლოა თქვენ თვალსაჩინო მაგალითი გჭირდებათ. არ დაგზარდებით და პატარა ისტორიას გიამბობთ  ერთ მშვილდოსანზე, რომელმაც რელიგიურ-მორალური წინააღმდეგობა საოცრად გონებამახვილურად მოაგვარა. ეს მშვილდოსნის იუმორის, გულწრფელობისა და იდეალიზმის საუკეთესო ილუსტრაცია და სრულიად რეალური ამბავია! ან კი როგორ გავბედავ მშვილდოსნისთვის მიძღვნილ თავში სიმართლეს გადავუხვიო. თევზებსაც არაფერი აქვთ სიმართლის საწინააღმდეგო. თუმცა მათ უყვართ რაღაცების დამალვა ან  შელამაზება, შიშველი სიმართლე ხომ ისეთი მოსაწყენია.

მაშ ასე, მერი ენ ჰენსონმა ერთხელ თავის მამაზე მიამბო. ის თორმეტი წლის წინ  გარდაიცვალა ჩრდილოეთ კაროლინაში. მერის დღემდე ახსოვს მამის ენთუზიაზმი, იდეალიზმი და ღირსების განცდა. დენ ვილიამ ჰენსონი ჭეშმარიტი მშვილდოსანი იყო და ყოველთვის სიმართლისთვის იბრძოდა, როგორც შეეძლო. მისი სახება მარმარილოში უნდა იქნას უკვდავყოფილი, ყოველ შემთხვევაში, ამ გვერდებზე მაინც.  ბოლო სიმართლის ისარი დენმა  გარდაცვალების შემდეგ მოარტყა პირდაპირ მიზანში, რადგან მისი ანდერძი საკმაოდ უცნაურად ჟღერდა. იმხანად ჩრდილოეთ კაროლინაში ერთი წესი მოქმედებდა, რომლის თანახმად,  თეთრკანიან და ქალაქის საამაყო  ადამიანებს საკურთხევლის წინ სვამდნენ, შავკანიანებს _ აივანზე, ყველასგან მოშორებით.

თუმცა თეთრკანიანმა დენმა ანდერძში ჩაწერა, რომ ყველა, ვინც მას ბოლოჯერ პატივს მიაგებდა, სპეციალური სქემით  განეთავსებინათ ეკლესიაში: შავკანიანები საკურთხეველთან, პრესტიჟულ ადგილებზე, თეთრკანიანები _ აივანზე. ერთი გენახათ მისი თეთრკანიანი მეგობრების სახეები, როდესაც მათ აივნისკენ მიუთითეს. დარწმუნებული ვარ მთელი ცერემონიის განმავლობაში, სადღაც ვიტრაჟული ფანჯრის ქვეშ, დენის ასტრალური ფიგურა იდგა და პატარა ბიჭივით იღიმოდა, რადგან მშვენივრად აცნობიერებდა მიმდინარე მოვლენებს, როგორც ემართებათ სულ ახლახანს გარდაცვლილ სულებს.

_ მაგრამ  რა იცოდა თქვენმა მამამ, რომ ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც ჩაიფიქრა? _  ვკითხე მერი ენს. _ ხომ შეიძლებოდა შეურაცხყოფილი თეთრები გატრიალებულიყვნენ და საერთოდ წასულიყვნენ; ან სულაც ეკლესიის მსახურებს განეცხადებინათ  უარი ?

მისი პასუხი ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილია.

_ მამა ადგილობრივი დემოკრატების ლიდერი და პოლიციის უფროსი იყო _ მიპასუხა გაღიმებულმა მერი ენმა.

თევზებს შეიძლება აღიზიანებდეს მშვილდოსნის პირდაპირობა. სამაგიეროდ, ნეპტუნელის დახვეწილი თამაშების გამორჩეული უნარი მეისრეებს საშინლად აცოფებთ და თევზებს პირდაპირ მატყუარა ფლიდებს უწოდებენ. განა ეს სამართლიანია, მშვილდოსნებო? თქვენ უნდა შეიგნოთ, რომ თევზები არ ტყუიან. ისინი უბრალოდ სიმართლეს გაურბიან. თუ მცირედ მაინც ჩაუფიქრდებით, თქვენ მიხვდებით, რომ ეს სხვადასხვა რამ არის. თევზებს მხოლოდ ორი მიზეზი აქვთ ასე მოქცევისთვის. ისინი თავს არიდებენ პირდაპირ პასუხს ღრმად პირადულ შეკითხვებზე (და ეს ნამდვილად არ არის თქვენი საქმე); ან იმ შემთხვევაში, როდესაც ხვდებიან, რომ მათ ნათქვამს ვინმეს დაზარალება შეუძლია. ამ შემთხვევაშიც, აღიარეთ, რომ ისინი თქვენზე უფრო  ეთიკურად იქცევიან. სამწუხაროდ, თქვენი იუპიტერული ეთიკის საფუძველი მნიშვნელოვნად განსხვავებულია _ სიმართლე  ნებისმიერ ფასად! აი, თევზების  ეთიკა ემოციური დანაკარგების თავიდან აცილებას ემსახურება.  მაგრამ ეთიკა ეთიკაა, როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს, ასე არ არის?

რაც შეგეხებათ თქვენ, თევზებო, შეეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ მშვილდოსნების მიმართ, თუ არ გსურთ, რომ მათი ბასრი ისრების სამიზნედ იქცეთ. ახლა მაინც თუ ხვდებით, რომ მშვილდოსნები, როგორც მინიმუმ, თავიანთ განზრახვებში მაინც ყოველთვის მართლები არიან? მართალია, იმასაც ამბობენ, რომ კეთილი ზრახვებით ჯოჯოხეთის  გზაა მოკირწყლული, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სამოთხის გზაც ასეთია.

კენტავრებს მსუბუქი დამოკიდებულება აქვთ ცხოვრების მიმართ, ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან და არასდროს ჰყვებიან თვითგვემას. ხდება ხოლმე, ისინი ივიწყებენ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, თუ ეს თავისუფლების ძიებაში უშლით ხელს. ეს არც ისე მარტივი გასაგებია თევზებისთვის, რომლებიც ყოველთვის სხვებზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე საკუთარ თავზე. თევზები იშვიათად მიდიან პირდაპირ, ისინი მშვიდად ლახავენ წინააღმდეგობას და მოთმინებით მიცურავენ დინების საწინააღდეგოდ, ხანდახან ცივ წყლებში ყოვნდებიან, ჩანჩქერის უკან. ისინი არ ცდილობენ გაასწრონ მათ, ვისაც მათი თანაგრძნობა სჭირდება, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მათ პირად გეგმებს ცვლის. თევზები არაპროგნოზირებადად ცვალებადები არიან და ცდილობენ ერთდროულად რამდენიმე  ჩანაფიქრი განახორციელონ, რადგან ერთ რამეზე კონცენტრაცია არ ეხერხებათ. ხანაც მუდმივი მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან და შესაძლებლობებს ხელიდან უშვებენ. მშვილდოსნებს ეს უბრალოდ აცოფებთ, თუმცა არ არის საჭირო მათი კაშხლიდან გამოტყუება. თევზები ისევე საჭიროებენ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, როგორც მშვილდოსნები თავისუფლებას. ერთადერთი, რაც ორივე მხარეს მოეთხოვება, ურთიერთგაგების  მცდელობაა. თევზები მზად არიან. მშვილდოსნები?

 

 

 

მშვილდოსანი მამაკაცი და თევზები ქალი

Peter Facinelli & Jaimie Alexander

ვენდიმ იგრძნო, რომ წყალქვეშ ფეხზე ექაჩებოდნენ.

პიტერმა დროულად მოასწრო მისი ამოყვანა,

თუმცა მას სიმართლე უნდა ეთქვა.

 

ზოგი თევზები ბევრს ლაპარაკობს, ზოგიც ჩუმია და იშვიათად იწყებს საუბარს პირველი (თუმცა მოგვიანებით, სხვისგან შეთავაზებულ საუბარში, ასეთი ჩუმი თევზებიც  კი იშვიათად განიცდიან სიტყვების ნაკლებობას). მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ისინი არაჩვეულებრივი მსმენელები არიან და ეს შესანიშნავია, რადგან მშვილდოსანიც ისევე საჭიროებს აღფრთოვანებულ  ყურადღებას, როგორც ვერძი და ლომი. და თქვენ იცით, როგორც უყვარს ამ ორს, როდესაც  ყურადღებით უსმენენ. წარმოგიდგენიათ რამდენად მომხიბვლელია ეს გოგონა მშვილდოსნისთვის?

ერთხელაც მშვილდოსანმა შეიძლება ძალიან პირდაპირი შენიშვნა მისცეს. თუ შენიშვნა ზედმეტად უხეში აღმოჩნდება, თევზები მას აღარ მოუსმენს, რადგან ის ძალიან წყენიაა. მას ურჩევნია ჭეშმარიტება „შეიძლება“ ან „იქნებ“-ით იყოს ზავუალირებული… ვერც ერთი თევზები ვერ იტანს შიშველ სიმართლეს, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მშვილდოსნების საყვარელი თემაა. ასე რომ, მე პირდაპირ ვაფრთხილებ, უტაქტო კენტავრმა შეიძლება დაკარგოს სენტიმენტალური თევზების თანამგრძნობი ყური.

მოსმენის კულტურა ნამდვილი ხელოვნებაა, რომელიც რთულად ისწავლება. უმეტეს შემთხვევაში კარგ მსმენელებად იბადებიან. ეს თანამგრძნობი და არაეგოისტური ბუნების ნიჭია, რადგან ნამდვილი მსმენელს გულწრფელად ადარდებს მონათხრობი  და ისიც, რა ხდება მისი „ეგოს“ გარეთ. ნეპტუნის იდუმალი ალქიმიის წყალობით, თევზები ყველას ნაამბობს ისე განიცდის, თითქოს ეს მისი პირადი საქმეა. როდესაც თევზები გისმენთ, ის თქვენს ყველა განცდას  საკუთარ თავზე ირგებს. მშვილდოსანი  ნათლად კითხულობს მის თვალებში, რომ თევზები მის თითოეულ სიტყვას მთელი გულით განიცდის. არაფერი ამშვიდებს სულს ისე, როგორც მეორე სულის ცოცხალი გამოხმაურება. ყველა ადამიანური არსება საჭიროებს ასეთ თერაპიას. მშვილდოსანი კი სხვებზე მეტადაც. ამიტომაც არის მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ დაუდევრობით არ დაკარგოს ბედის ეს საჩუქარი, ძალზედ ყურადღებიანი და უკიდურესად მოწყვლადი თევზები გოგონას სახით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წყვილში ყოველთვის იგრძნობა კვადრატურის დაძაბული ენერგია, მათ ბევრი რამ შეიძლება მისცენ ერთმანეთს. თუ ის იმ ერთერთი იშვიათი ჩუმი მშვილდოსანთაგანია, ზუსტად თევზებს შეუძლია დაეხმაროს გახსნაში, რაც ასე სჭირდება მის ექსპანსიურ ბუნებას. როდესაც მშვილდოსანი ამას გაბედავს, ვერავინ მოუსმენს ისეთი ინტერესით, როგორც თევზები. თევზებს ისე კარგად ეხერხება ადამიანის გახსნა, ხანდახან საკვირველია, რატომ არ გახდა ფსიქოლოგი. ზოგიერთი თევზები მართლა ირჩევს ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის პროფესიას, მაგრამ ხშირად არა. საქმე ის არის, რომ თევზებს კატეგორიულად არ უყვარს, როდესაც მის პირად საქმეებში ცხვირს ყოფენ.  ვინაიდან  მას  სხვის მდგომარეობაში შესვლაც არაჩვეულებრივად ეხერხება, სულაც  არ უნდა სხვას ის გაუკეთოს, რაც თავად არ ესიამოვნებოდა.

თევზებმა ქალმა ისედაც ბევრი იცის თავის მამაკაცზე, თუმცა მშვილდოსანი ამას იშვიათად ხვდება. ის ძალიან გულისხმიერია და ინსტინქტურად გრძნობს, რა იმალები მისი სულის სიღრმეში. თევზები პირდაპირ კითხულობს მის გრძნობებს, თითქოს მშვილდოსანი გამჭირვალე ბროლის ბურთი იყოს, რომელსაც ის დაჟინებით აკვირდება. ეს ძალზედ ფაქიზი და დახვეწილი ხელოვნებაა, რომელიც იშვიათად არის თვალსაჩინო და ხშირად არა თუ გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ, თევზებიც კი ვერ აცნობიერებს. ასეთი თანდაყოლილი ნიჭით ცხოვრება რთულია.  საკუთარ პრობლემებს ხომ ყველაფერი ემატება, რაც მისი ცნობიერების მიღმა ხდება _  ყველა დაუპატიჟებელი სახება, რომლებიც სხვებს ეკუთვნით. თუმცა  ეს მისი ნეპტუნური „თორმეტსართულიანი“ ბედისწერაა და უნდა ითქვას, რომ თევზები  მას, თითქმის წუწუნის გარეშე იღებს.

მშვილდოსანს ნამდვილად ვერ შეაშინებს მისი ინტუიცია. თუ კონკრეტული მშვილდოსნის ჰოროსკოპში ასცედენტი ან მთვარე წყლის ნიშნებში არ იმყოფება, ის სიამოვნებით საუბრობს საკუთარ თავზე. ხანდახან იმაზე მეტსაც ამბობს, ვიდრე თევზები ისურვებდა. საერთოდ, ტიპურ მშვილდოსანს რამის დამალვა უფრო უჭირს, ვიდრე გამჟღავნება.  თუ თქვენ რამე გაინტერესებთ,  უბრალოდ ჰკითხეთ მას. მშვილდოსანი ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად გადმოგილაგებთ. ის სიმართლეს ეთაყვანება და არ აღიარებს ცბიერებას. ამას კიდევ რა უჭირს, მშვილდოსანს მიაჩნია, რომ უკლებლივ ყველა მის მაგალითს უნდა ბაძავდეს, განსაკუთრებით მისი საყვარელი ქალი. რადგანაც  თევზების ბუნება მეტად მოუხელთებელია, ისინი ყველაზე ხშირად სიმართლის თემაზე დაობენ. მშვილდოსანს სძაგს თვალთმაქცობა და ფარისევლობა, თევზებს _ უმოწყალო სიმართლე, ყურისმომჭრელი ტექსტები და იმპულსური ქცევები. მათი განსხვავება ამ საკითხებში ძალზედ თვალშისაცემია და ორივესგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვსს:  მცირედ მაინც შეცვალონ საკუთარი დამოკიდებულება ან პარტნიორს დაუთმონ. რატომაც არა!

მშვილდოსანს თევზები მაცდურად და მომხიბვლელად მიაჩნია. მშვილდოსანი  ორმაგ მასკულინურ გავლენას ექვემდებარება, თევზები_ორმაგად ფემინურ ენერგიას. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? როდესაც მამაკაცური და ქალური საწყისები ერთიანდებიან, ეს თავად ბუნების ჰარმონიაა. მაგრამ მისი განადგურება ისეთი მარტივია… გაივლის პირველი ეიფორია და მშვილდოსანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ  რჩეული ძალიან ცივია და მის სურვილებს არც ისეთი მხურვალებით პასუხობს, როგორც მისი ცეცხლოვანი ნატურა ისურვებდა. რა ვუყოთ, ეს სიმართლეა (მით უმეტეს, თუ მისი ასცედენტი ან მთვარე ვერძის ნიშანში არ იმყოფება). თუმცა ეს იმასაც გულისხმობს, რომ სწორედ თევზებმა უნდა იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ მშვილდოსანმა თავი მარტოსულად არ იგრძნოს. წყლის ცხოველი ხომ კარგად ხედავს მისი სურვილის მთელ სიღრმეს. თევზების ჰიპერმგრძნობიარობაც გარკვეულ საფრთხეს შეიცავს. მას შეიძლება მოეჩვენოს, რომ მშვილდოსანს სიყვარულის მხოლოდ ფიზიკური მხარე აინტერესებს. თუ მშვილდოსანი მუდმივად აქცენტს არ გააკეთებს ფიზიკურ სიახლოვეზე, თევზები შედარებით გახსნილი და მხურვალე იქნება.

ამ ქალისთვის აბსოლუტურად აუცილებელია სინაზე და სირბილე. მასზე შეყვარებულმა მამაკაცმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს. ის ხელოვნებითა და წარმოსახვით ცხოვრობს, რასაც მის ცნობიერებაზე ჯადოსნური ძალაუფლება აქვს. უხეში და უტაქტო მოპყრობა მასში დეპრესიას იწვევს. ნაკლებ სავარაუდოა, მშვილდოსანმა ეს შეამჩნიოს,რადგან ეს ქალი  გულმოდგინედ მალავს წყენას. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს მაინც გამოვლინდება. ეს გაფრთხილებაა იმაზე, რომ მშვილდოსანი მეტად თავშეკავებული და რბილი უნდა იყოს, რადგან მის ცეცხლს თევზების წყლის აირთქლება შეუძლია.

რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს, თუ ეს ქალი ტიპური თევზები არ არის. მაშინ მისი ძლიერი წყლის ბუნება  უბრალოდ დატბორავს მშვილდოსნის ოპტიმიზმს. ეს  სავსებით რეალური საფრთხეა. თუ ისინი მთელი ძალისხმევით არ შეეცდებიან იმ პრობლემების გადალახვას, რაც მათ წინააღმდეგობრივ შეხედულებებს ეხება, ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ თვითონაც ვერ შეამჩნიეს, როგორ გახდნენ ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც საერთო ჭერს იზიარებენ.

მსგავსი სიტუაციის მოგვარების მხოლოდ ორი გზა არსებობს: მათ შეუძლიათ დაშორდნენ და ნამდვილი მეგობრობა შეინარჩუნონ, რაც მართლაც  უკეთესი გამოსავალია, ვიდრე ურთიერთსიძულვილამდე მისვლა; ან მცირე გადატვირთვის შემდეგ, ყველაფერი თავიდან დაიწყონ, თუ საკმარისი სიბრძნე აქვთ იმის მისახვედრად, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის აუცილებელი, საყვარელ ადამიანს ყოველთვის  ყველაფერში დაეთანხმო  და ერთმანეთს აბსოლუტურად დაემსგავსონ. განსხვავება  ურთიერთობას აცოცხლებს… ან ანადგურებს. მაშ, როგორ წარიმართება  ყველაფერი? ეს მართლა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

 

 

 

 

 მშვილდოსანი ქალი და თევზები მამაკაცი

Milla Jovovich & Paul W. S. Anderson

ახლაც კი ვერაფერს მიხვდა

_ ჩვენ მივდივართ. _ თქვა თითქმის მხიარულად.

_ჰო. _ჩუმად უპასუხა მან.

 

 

მშვილდოსანი გოგონა ხანდახან უბრალოდ ვერაფერს ხვდება. იქნებ მისი შეყვარებული თევზები სულაც არ არის თევზები, ის ხომ ვიღაც ტყუპებივით იქცევა! მისი დაბნეულობა სრულიად გამართლებულია. თევზებიცა და ტყუპებიც დუალისტური ნიშნები არიან, რომლებიც შუაგზაზე ცვლიან ყველაფერს და რომელიმე იმწუთიერ აღტკინებას აყოლილი, ძირითად კურსს უხვევენ. დიახ, ამაში ისინი ძალიან გვანან. მაგრამ მშვილდოსანიც ხომ ორმაგი ნიშანია, ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხენი. და საერთოდ, რა უფლება აქვს მას, ვიღაცის ცვალებად ზნეზე ისაუბროს?  ჰმმ, ის მშვილდოსანია. მშვილდოსნებს კი ახასიათებთ ყველაფერზე კითხვების დასმა.  ამასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. მით უმეტეს ბევრი კითხვა ექნება მას ამ იდუმალ მამაკაცთან.

ბუნებრივია, გხვდებიან საიმედო პროფესიით დაკავებული თევზები, მუდმივი ინტერესებით, მაგრამ თევზების ძირითადი ნაწილი ყოველთვის ცმუკავს შესაძლო არჩევნებს შორის. ამის უკეთ სადემონსტრაციოდ, მშვილდოსნებისთვის რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

თევზებმა მაიქ თორნთონმა ოქროს მაძიებლის, მენახირის, მწერლისა და მხატვრის პროფესიებში გამოსცადა თავი. შემდეგ ბაღის არქიტექტურას მიჰყო ხელი და ხვიარა მცენარეებზე ატარებდა ექსპერიმენტებს. შემდეგ ელექტრიკოსის პროფესიას დაეუფლა. ამას წინათ აინტერესებდა, რამდენად დადებითი ასპექტები აქვს რუკაში საკლუბო სფეროში, ბილიარდში, ჭადრაკსა და შაშში მოღვაწეობისთვის.

მეორე თევზებმა, მარკმა, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ხუთი წლის განმავლობაში თავით გადაეშვა ამ პროფესიაში. ის მართლაც ბრწყინვალე ადვოკატი იყო. შემდეგ მარკმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ადვოკატურაზე. თავისი აბრა სხვენში აისროლა და ნიუ-იორკში გაფრინდა „დილა მშვიდობისა ამერიკაში“ სამუშაოდ. ახლა ის სპეციალური სიუჟეტებს იღებს პროგრამისთვის და პროდუსერად, რეჟისორად და სცენარისტად მუშაობს. ცხადია, რეპორტაჟებიც თავად მიჰყავს. თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ეს თევზები, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ მისი ტელეეკრანზე გამოჭერა.

როგორც ხედავთ, მშვილდოსანი გოგონა მზად უნდა იყოს ყველაზე განსხვავებული სურპრიზებისთვის. თავიდან ის სულაც არ იქნება წინააღმდეგი. პირიქით, ეს ყველაფერი დიდად ამაღელვებლად მოეჩვენება, განსაკუთრებით თუ თევზების ავანტურისტული ძიების პროცესი საერთო მოგზაურობებსაც მოიცავს.

მოგვიანებით…  ის შეიძლება შეჩერდოს, თევზებს თვალი თვალში გაუყაროს და უთხრას რაღაც, საოცრად ტაქტიანი, მაგალითად: „მისმინე, მომბეზრდა შენთან ეს თამაშები. იმდენი პროფესია გამოიცვალე, ვეღარც ვიხსენებ, კონგრესში მოხვედრა გინდოდა თუ იაპონური ჩაის სახლის გახსნა, თუ თხილით ვაჭრობა.  თავი ხომ არაფრისთვის მიგირტყამს?“

რამდენიმე ასეთი სიტყვიერი იერიშის შემდეგ, მგრძნობიარე თევზები შეიძლება საერთოდ დემატერიალიზდეს შოკისგან. მოკლედ, ის უბრალოდ გაქრება. არც ის არის გამორიცხული, მშვილდოსანმა შემდეგ ჯერზე გაზეთების ფურცლებზე იხილოს, კონგრესმენად არჩეული… ახალ გოგოსთან ერთად (თევზების დაშიფრული გზავნილი მშვილდოსანს იმაზე, რომ დროა განქორწინებაზე განცხადება შეიტანოს).

ბუნებრივია, ყველა მშვილდოსანი ასეთი პირდაპირი არ არის. ზოგიერთი მეისრე შედარებით რბილი და მშვიდია, მაგრამ ასეთებიც კი ვერასდროს მიიღებენ ჯილდოს ტაქტიანობისთვის. არადა თევზებზე შეყვარებული მშვილდოსანი სწორედ ტაქტის ხელოვნებას უნდა დაეუფლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს რჩეულის ფაქიზ სულს და სამუდამოდ დაემშვიდობოს მის იშვიათ მიჯაჭვულობასა და თავდადებას.

არც თევზები უნდა იყოს ასეთი სიფრიფანაქერცლიანი და არ შეკრთეს ყოველ ჯერზე, როდესაც რჩეულის ბაგეთაგან სიმართლე ღაღადებს. მშვილდოსანი უბრალოდ ასეთია. მცირედი კორექტირება კიდევ შეუძლია, მაგრამ არსებითად ის ვერაფერს გააწყობს გულწრფელობასთან. თანაც, ხომ გახსოვთ, მხოლოდ საუკეთესო ზრახვებით. თევზებმა ძალიან ფრთხილად უნდა აუხსნას, რამდენად მტკივენულია ეს მისთვის. საბედნიეროდ, მშვილდოსნის სინანულიც აბსოლუტურად გულწრფელი იქნება და ის ნამდვილად შეეცდება, დაფიქრდეს, სანამ რამეს იტყვის. თუმცა პერიოდულად მაინც უნდა შეახსენოთ ხოლმე.

საერთოდ, თუ მშვილდოსანი გოგონა სერიოზულად არის განწყობილი ურთიერთობისთვის, მას, რა თქმა უნდა, მოუნდება გაარკვიოს, რა თევზია ეს კაცი. საქმე ის არის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის  ორი სახეობა არსებობს. არიან ისინი, ვინც დინების საპირისპიროდ მიცურავენ, წარმატებისკენ; და ისინი, ვინც დუნედ მიჰყვებიან დინებას, საკუთარ  ოცნებების წარუმატებლობებში იძირებიან და ბოლოს,  უმწეოდ ფართხალებენ ნაპირზე გამორიყულები. ის იმ თევზებს არ ჰგავს, რომელსაც მშვილდოსანი ბავშვობაში მოქცევის ყურეში პოულობდა. დამცირებული, თავმოყვარეობა დაკარგული, დაუნდობელი ქალაქის ქუჩებში გამორიყული თევზები სულ სხვა შემთხვევაა. შესაძლოა ზუსტად ასეთ თევზებს სჭირდება მისი ერთგულება და სიმამაცე. ასე რომ, მე იმას არ ვამბობ, რომ მშვილდოსანი მას უნდა ერიდოს. პირიქით, არაფერია იმაზე საოცარი, ვიდრე იუპიტერის მაგია, რომელიც დაკარგულ სულს განსაცდელიდან იხსნის. მე მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ უპირველეს ყოვლისა მან უნდა გაარკვიოს, რომელი ჯიშის თევზებს უკავშირებს თავის ცხოვრებას.

ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ დროდადრო მათი ურთიერთობა დაიძაბება. თევზების თვითშეცოდება და თვითგვემა, მშვილდოსნის თავნებობა და იმპულსურობა მხოლოდ გააძლიერებს მათ პრობლემებს. სამაგიეროდ, ეჭვიანობა და მესაკუთრეობა არასდროს გახდება მათი განხეთქილების მიზეზი, ორივე ნიშანი ხომ ძალიან აფასებს  თავისუფლებას. ისინი ყოველთვის იტოვებენ პირად სივრცეს. მართალია, გვხვდებიან ეჭვიანი მშვილდოსანი ქალები, მაგრამ ეს არ არის მესაკუთრეობა.  თევზები ფემინური ნიშანია, ასევე ფემინური ნეპტუნით მართული. ამიტომ, თევზებმა, რომელსაც მშვილდოსანთან ფიზიკური ჰარმონიის მიღწევა სურს, შეგნებულად  უნდა თქვას უარი  თვისებრივ  პასიურობაზე და მეტად გააქტიურდეს. მშვილდოსანი მასკულინური ნიშანია, ასევე მამაკაცური პლანეტით მართული. ამიტომ, მშვილდოსანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს რჩეულის გრძნობებთან. ზედმეტი ცეცხლოვანი დაჟინებულობაც ცუდია. შესაძლოა თევზებმა თავი არასრულფასოვან მამაკაცად იგრძნოს, რადგან ეშინია, რომ საყვარელი ქალის მგზნებარე ვნებებს იმავე ძალით ვერ უპასუხებს. თუმცა საინტერესო ის არის, რომ სწორედ მშვილდოსნის აურის მამაკაცურ ვიბრაციას შეუძლია წყლის დამალული ვნებების გაღვიძება. ასე რომ, მშვილდოსნებო, თუ თქვენს პარტნიორს საკუთარი თავის გაგებაში დაეხმარებით, ის არამხოლოდ სიყვარულით, მადლიერებითაც გიპასუხებთ. მაშინ სექსი ღმერთების საჩუქრად იქცევა. განა სულიერი სიახლოვე არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი? წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური კავშირის შემდეგ  განცალკევების გრძნობა დგება,როდესაც ერთ საწოლში განთავსებული ორი ადამიანი  თავს კიდევ უფრო მარტოსულად გრძნობს.

იუპიტერსა და ნეპტუნს შორის ბევრი შემაერთებელი, სინაზისა და თანაგრძნობის, ძაფია. ნეპტუნის აღმოჩენამდე, იუპიტერი მშვილდოსანსა და თევზებს მართავდა. ეს ასტროლოგიური „სისხლით ნათესაობა“ იმაზე მეტად აკავშირებს კენტავრსა  და თევზებს, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. ორივე თანამგრძნობი და მეოცნებე იდეალისტია. თუმცა არსებობს მომენტები, როდესაც გიგანტი იუპიტერი და ილუზიებით აღსავსე ნეპტუნი ერთმანეთს ეჯახებიან. იუპიტერის არსს სძაგს ნებისმიერი მინიშნებაც კი ნეპტუნურ საიდუმლობებზე, ორაზროვნებაზე, ცბიერებაზე. მეორეს მხრივ, ნეპტუნელ ადამიანებსაც არანაკლებ ტკივათ გული მახინჯი სიმართლისგან. მაგრამ თუ მათ ეთმანეთი მართლა უყვართ, ისინი იპოვიან წინააღმდეგობის დაძლევის გზებს. მშვილდოსანი შეეცდება ოდნავ მაინც ტაქტიანი და უფრო ნაზი გახდეს და თავისი ცეცხლოვანი ბუნების დამოუკიდებლობის თავგამოდებით დაცვასაც შეასუსტებს. თევზები შეეცდება უფრო გახსნილი და ბუნებრივი იყოს და ვინ იცის, იქნებ თავისი წყლის სტიქიის ილუზიურ სიმშვიდეშიც აღარ გასხლტეს  ხოლმე.

 

 

მომზადებული ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top