ნეპტუნის ასპექტები

ნეპტუნის ასპექტები

ნეპტუნით და მასთან ასპექტით  დაკავშირებული პლანეტით მართულ სფეროებში ადამიანი მეტაფიზიკური სამყაროს ფაქიზ ფსიქოლოგიურ გავლენას განიცდის.

ჰარმონიული ნეპტუნი დაკავშირებულია ზემგრძნობიარე ემოციურ განცდებთან, დრამატული ხელოვნების და მუსიკის სიყვარულთან. მაღალგანვითარებული ტიპები, არამატერიალური სამყაროსგან ბოძებული, სულიერი შთაგონების გადმოცემის უნარით არიან დაჯილდოებულნი. ასეთ ადამიანებს ძლიერ განვითარებული აქვთ პარანორმალური გავლენების აღქმა-შეგრძნება.

მეორეს მხრივ, დაზიანებული ნეპტუნი (და მასთან ნეგატიური ასპექტით დაკავშირებული პლანეტა) თვითმოტყუების და ილუზორული წარმოდგენების სიგნიფიკატორია.

ნეპტუნის შეერთება პლანეტებთან

ნეპტუნთან შეერთება ხაზს უსვამს პლანეტის შემოქმედებით საწყისს; დაკავშირებულია უცნაურ, ამოუხსნელ ქცევებსა და მოვლენებთან, რასაც საფუძვლად უდევს  გაუცნობიერებელი ზემგრძნობიარე აღქმა. ასპექტი  ზეცნობიერების ინტუიციური გავლენის სიმბოლოა, რაც საკმაოდ მისტიურ პიროვნებას აყალიბებს. მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს „არაამქვეყნიური“ ხალხია. თუ შეერთება ჰარმონიულია (სხვა ასპექტი არ აზიანებს), ადამიანი ემოციური გამჭრიახობით და სულიერი აღქმით გამოირჩევა. დაზიანებული შეერთება (სხვა ასპექტით) თვითმოტყუების სიგნიფიკატორია _ ადამიანს ძალიან უჭირს ან უბრალოდ არ სურს რეალობის ადეკვატურად აღქმა.

 

ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან

ნეპტუნის სექსტილი დაკავშირებულია სულიერ ზრდასთან, წარმოსახვისა და ინტუიციის განვითარების მეშვეობით. ის გამოიხატება შემოქმედებითი ტალანტებით ლიტერატურაში, მუსიკაში, ფერწერასა თუ პოეზიაში. გარდა ამისა, კარგი ინტუიციის სიგნიფიკატორია.

ნეპტუნის ტრინი დაკავშირებულია ბედნიერებასა და მოგებასთან, რომელიც ადამიანს შემოქმედებითი უნარების და წარმოსახვის ძალის გამოყენების მეშვეობით ეძლევა. საკმაოდ ხშირია ნათელხილვის ან/და  ექსტრასენსორული ნიჭი. მას შეუძლია ორიგინალურად განავითაროს შემოქმედებითი უნარები ხელოვნებაში და მიაღწიოს სულიერი განვითარების მწვერვალებს.

 

ნეპტუნის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან

ნეპტუნის კვადრატი დაკავშირებულია ძლიერ ილუზიებსა და გაუგებრობებთან, ქაოსსა და უწესრიგობასთან, რომელსაც ადამიანი ბუნდოვნად შეიგრძნობს როგორ შინაგანად, ისე რეალურ ცხოვრებაში. მისთვის დამახასიათებელია განადგურების ნევროტული სურვილი, შეპყრობილობა, ფსიქიკური არასტაბილურობა.  ადამიანი ხშირად უარს აცხადებს თვალი გაუსწოროს რეალობას. ის გაუცნობიერებლად თავს არიდებს პასუხისმგებლობას.  ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულების თანმდევი ხშირად ხდება ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან/და სხვა ფსიქტროპული საშულებებით ბოროტად სარგებლობა.

ნეპტუნის ოპოზიცია დაკავშირებულია ურთიერთობაში წარმოქმნილ გაუგებრობებთან, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია  ნატივის გაუცნობიერებელი სურვილით, დააბნიოს და გაურკვევლობაში ამყოფოს გარშემომყოფები. ასეთ ადამიანზე დაყრდნობა საკმაოდ რთულია, რადგან სანდოობითა  და საიმედოობით ნამდვილად არ გამოირჩევა. გარდა ამისა, ის მიდრეკილია, საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების და სირთულეების სხვებზე გადატანისკენ (პროექცია).


About Qet

Scroll To Top