23 სექტემბერს (00:45 სთ-დან) მზე სასწორის გადაინაცვლებს და „სასწორების პერიოდი“ დგება, რომელიც 23 ოქტომბრის 10:10 სთ-მდე გასტანს.
სანამ მზე სასწორშია – ზოგადი ფონი მშვიდი იქნება, ღია კონფლიქტებსა და ომს ნაკლებად უნდა ველოდოთ. კომპრომისებისა და შეთანხმებების დროა. კანონთან, წესრიგთან, ნებისმიერი სახის პარტნიორობასთან (რომანტიული, საქმიანი…) დაკავშირებული საკითხები წინა პლანზე წამოიწევს.
კარგი პერიოდია კონფლიქტებისა და უთანხმოებების მოსაგვარებლად. ეთიკის, სამართლიანობისა და კანონის დაცვის მოთხოვნილება მატულობს. ამ პერიოდში ენერგია და რესურსები მიმართულია ჰარმონიისა და კომფორტის შესაქმნელად, ბალანსის დასაცავად. ამიტომ:
- იყავით დიპლომატიური
- სიტუაციების აგრესიულად გადაწყვეტის ნაცვლად კომპრომისი ეძიეთ
- კანონებსა და სამართლიანობას მეტი ყურადღება დაუთმეთ
- გამოიყენეთ დრო სასიყვარულო, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, შეხვედრებისთვის.
- დრო დაუთმეთ ურთიერთშეთანხმებებს, თანამშრომლობას, ხელოვნებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს
- კარგი პერიოდია ავტორიტეტის გასამყარებლად, პროფესიული უნარების გამოსამჟღავნებლად, პოპულარობისთვის, ხელოვნებისთვის, იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად, საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის.
საპირისპირო სქესის მიმართ მიზიდულობა მატულობს. რომანტიული თავგადასავლებისა და პარტნიორული ურთიერთობების დაწყების ალბათობა იზრდება. მოერიდეთ უხეშობის გამოვლენას, რადგან ესთეტიურობას, ჰარმონიას მეტი ყურადღება ექცევა.
უფრო მეტად წარმატებული იქნება იურისტებისთვის, დიპლომატებისთვის, ხელოვნების წარმომადგენლებისთვის.
25 სექტემბერი – 3 ოქტომბრის შუალედში – პირადი ურთიერთობების სიმყარის „გამოცდის“ პერიოდია. ემოციების შეკავება ნაკლებად ხერხდება. სასურველია დროებით გადავდოთ სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. სამსახურში, კოლეგებთან მაღალია კონფლიქტურობის, პრეტენზიულობის ალბათობა. ეცადეთ სხვების კრიტიკას, ახალი საქმეების წამოწყებას, მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების ჩატარებას მოერიდოთ. ამავე დროს, ვენერისა და იუპიტერის დადებითი ასპექტი დაძაბულობას ამცირებს. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი. ხელოვნებას, შემოქმედებას დრო დაუთმეთ. პირად ურთიერთობებში მეტი დრო დაუთმეთ ზრუნვას, ყურადღებას, კომპრომისს. გამოიყენეთ ეს დრო სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად.
27 სექტემბერს – ემოციურად არასტაბილური დღეა. მაღალია ილუზიებისა და მოტყუების ალბათობა. ნაკლებად დაუჯერეთ ჭორებს.
29 სექტემბერი – 5 ოქტომბრის შუალედში – პიროვნული და სოციალური ცვლილებების პერიოდია. მაღალია ექსტრემალური სიტუაციების, კონტროლის დაკარგვის, ძალაუფლების გადანაწილების გამო კონფლიქტების, ტრავმების, კატაკლიზმების (უმეტესად წყალი) ალბათობა. აზროვნებისა და კომუნიკაციების პლანეტა მერკური მორიელის ნიშანს სტუმრობს (29 სექტემბრიდან – 5 დეკემბრამდე). ყველაფრის სიღრმისეულად კვლევის სურვილი ჩნდება, ინტუიციური გაგება მატულობს. უარყოფითი კუთხით იზრდება უნდობლობა, სარკაზმი. ინტერესი მატულობს ეზოთერიკის, ასტროლოგიის, ფსიქოლოგიის და სხვა მეცნიერებების მიმართ. ზოგადად, მაღალია ფინანსური საკითხებით (ფასიანი ქაღალდები, ბანკები, სადაზღვევო სისტემა და ა.შ.) დაინტერესება. კარგი პერიოდია ანალიზისთვის, კვლევისთვის, მნიშვნელოვანი საკითხების გასარკვევად.
5 ოქტომბერს – ახალმთვარეობაა. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კარგად გაანალიზეთ თქვენამდე მოსული ინფორმაცია. პირველ შთაბეჭდილებას ნაკლებად ენდეთ. მაღალია მოტყუების, ან არასწორად გაგების ალბათობა. მეტ მნიშვნელობას იძენს სამართლიანობის აღდგენა, კანონების დაცვა. მოერიდეთ კატეგორიულობას, აგრესიისა და სიამაყის გამოვლენას.
7 ოქტომბერი – 5 ნოემბერის პერიოდში სიყვარულის პლანეტა ვენერა მშვილდოსნის ნიშანს სტუმრობს. იდეალური სიყვარულის, გართობის, თავგადასავლებისა და ოპტიმიზმის პერიოდია. სასიყვარულო ურთიერთობებში იმატებს ოპტიმიზმი, დადებითი განწყობა, ფლირტი, თავგადასავლები. მაღალია ერთი ნახვით შეყვარების ალბათობა (ახალგაცნობილი იდეალურ პარტნიორად ადვილად გვეჩვენება). სიყვარულისა და სითბოს გულწრფელი გამოხატვა ხდება. ფინანსური კუთხით შემოსავალი იზრდება სხვადასხვა შეკრებების, მოგზაურობების დახმარებით. უარყოფითი კუთხით დამახასიათებელია გრძნობების როგორც ადვილად წარმოშობა, ასევე ადვილად გაქრობა. გისურვებთ ამ პერიოდში თქვენი იდეალური პარტნიორი გეპოვნოთ : )
9 – 11 ოქტომბერი – სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტას უეცრად მოსული აზრის, ინტუიციის დახმარებით ვახერხებთ. კარგი პერიოდია ანალიზისთვის, საკუთარ თავზე მეტის გაგებისთვის. სასიყვარულო კუთხით იმატებს მოუთმენლობა, უარყოფითი განწობა, დაურწმუნებლობა, ოცნებები იდეალურ ურთიერთობებზე. უმჯობესია ურთიერთობების გარკვევა შემდგომი დღეებისთვის გადადოთ. მოერიდეთ მოტყუებას. ფინანსური კუთხით მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
11-16 ოქტომბრის შუალედი გამოიყენეთ შეჯამებისთვის, ანალიზისთვის, რადგან მაღალია დასკვნების არასწორად გამოტანის ალბათობა.
15 ოქტომბრიდან 8 დეკემბრამდე ენერგიისა და მოქმედების პლანეტა მარსი ქალწულის ნიშანს სტუმრობს. გამოიყენეთ ეს დრო სამსახურეობრივი საქმეების მოგვარებისთვის, მუშაობისთვის, პროფესიული უნარ-ჩვევების დემონსტრირებისთვის, იმ საქმეების მოგვარებისთვის, რომლებზეც წვრილმანების გათვალისწინება მოგიწევთ; ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ზოგადად, მატულობს შრომისუნარიანობა, კრიტიკულობა, დეტალებზე ორიენტირება. მეტი მოთხოვნილება ჩნდება ხარისხისა და მომსახურების მიმართ.
17-23 ოქტომბრის პერიოდში – ემოციების, გრძნობების აქტიურად გამოხატვის პერიოდია. სექსუალური პოტენციალი, ადვილად შეყვარების ტენდენცია იმატებს. ურთიერთობებში სიახლეების შეტანის სურვილი მატულობს. კარგი პერიოდია სიყვარულის გამოსახატად, მოგზაურობისთვის. შესაძლოა მოულოდნელი საჩუქრები ან ფინანსური მხარდაჭერა მივიღოთ. ახალი ნაცნობობისა და ხელსაყრელი კავშირების დამყარების ალბათობაა. მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას ადვილად ვიღებთ.
15 ოქტომბრიდან – 19 ოქტომბრამდე იდეებისა და გეგმების რეალიზებისთვის, ინტელექტუალური უნარების დემონსტრირებისთვის, კვლევისთვის, მგზავრობისთვის ხელსაყრელი დროა. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, მანიპულაციებს, ალკოჰოლური სასმელების მიღებას (ტრავმების მიღების ალბათობას ზრდის).
19 ოქტომბერს – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა (პიკი 03:50სთ). 17-21 ოქტომბრის პერიოდში მოერიდეთ ახალი საქმეების წამოწყებას, მოლაპარაკებების გამართვას. გამოიყენეთ ეს დრო მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ინდივიდუალიზმის, თვითრეალიზაციის, აქტიურობისა და პარტნიორული ურთიერთობების საკითხები მეტ ყურადღებას მიიქცევს. ურთიერთობების გარკვევის, ლიდერობის სურვილი ჩნდება. მოერიდეთ აგრესიულობის გამოვლენას. ჩვენი დროის მიხედვით დაბნელება მე-8 სახლში ხვდება, რომელიც მორიელის სახლად იწოდება. შესაბამისად გააქტიურებს ექსტრემალურ სიტუაციებს, კრიზისულ და ფინანსურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც მოგვიწევს. ამ დაბნელების გავლენას მეტად იგრძნობენ ვერძები და სასწორები (და ისინი, ვისაც ამ ორი ნიშნის გავლენა აქვთ).
21 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე აზროვნებისა და კომუნიკაციების პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. ესაა გადაწყვეტილებების გადახედვის, შეცდომების გასწორების პერიოდი. მოერიდეთ აგრესიულ ქმედებებს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. კონცენტრაციის უნარი ნაკლებია. გამოიყენეთ ეს პერიოდი ძველი საქმეების დასასრულებლად, დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, ანალიზისთვის, შეჯამებისთვის, დაკარგული ნივთების მოძებნისთვის. თუ ამ პერიოდში ძველი სიტუაციები განმეორდა – ე.ი. დროა საბოლოოდ გადაწყვიტოთ, დაასრულოთ. მოერიდეთ: ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოებას, ტექნიკის ყიდვას. ახალი იდეების განხორციელებაზე 11 ნოემბრის შემდეგ იზრუნეთ. ჯანმრთელობის კუთხით მოერიდეთ გადატვირთვას.
მშვიდ, ჰარმონიულ და უკონფლიქტო თვეს გისურვებთ.
სტატიის ავტორი: თამთა