„ჰიპნოზიორი“
საკვანძო სიტყვა: რისკიანობა
დადებითი მახასიათებლები: პირად ურთიერთობებში სრული თავისუფლების ძლიერი მოთხოვნილება, ქარიზმატულობა, შემოქმედებითი ბუნება, პროფესიული კმაყოფილება, მრავალშვილიანობა, სასიყვარულო პარტნიორთა სიმრავლე, საპირისპირო სქესთან დიდი მოწონებით სარგებლობა.
უარყოფითი მახასიათებლები: პერიოდული დაცემა, შესაძლებლობების ფუჭად ხარჯვა, სტიქიურობა, საკუთარ გენიალურობაში დარწმუნების გამო ბუნტისთავობა. პროტესტი საკუთარი შვილებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ, მათთან კონფლიქტურობა, სირთულეები.
ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მდებარეობაა და თავს ძლიერად ავლენს. როგორც კი ნებისმიერ როლს (მშობლის, შვილის, მოსწავლის…) მოირგებს, მასში პლუტონისეული შეხედულებები ვლინდება, რაც სხვებისთვისაც შესამჩნევია. დაბალ დონეზე – პლუტონის მდებარეობა იძლევა ისეთ პროფესიებს, როლებს, რომლებიც სამყაროს, დედამიწის გაწმენდას ემსახურება („უწყინარი“ პროფესიებიდან აღსანიშნავია – მეეზოვე, დამლაგებელი…)
როლს კი არ იყენებს, თავად ხდება „როლი“, ანუ შეუძლია ნებისმიერი როლის ბოლომდე მორგება, გაშინაგნება, მასში „გათქვეფა“, როლი მისი „მე“ ხდება. ადამიანები ხედავენ მის თამაშს, მაგრამ პიროვნებას – ნაკლებად. „თამაში“, როლის შესრულება მის ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესების ზუსტი ანარეკლია. ამიტომ, მის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ნამდვილი „მე“ს, ეგოს გამოვლენა, ნებისმიერი ადამიანის ღირსებების პატივისცემა.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანს უყვარს აზარტი (შესაძლოა აზარტული თამაშებიც), ბევრს რისკავს ემოციურ და ფინანსურ სფეროში. თანდაყოლილი სიმამაცის წყალობით ბევრს აღწევს. სექსუალური ცხოვრება და სექსი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა შესაძლოა საერთოდ არ აინტერესებდეს ეროტიკა და ოჯახიც არ შექმნას. რთულად ახერხებს ემოციური წონასწორობის მიღწევას, ამისთვის რაიმე სახის შემოქმედებითი პოტენციალის ძიება უწევს საკუთარ თავში. დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში საყვარელ ადამიანებთან დესპოტიზმის, სისასტიკის გამოვლენა ხდება.
შემოქმედებითი ძალა, ენერგია ვლინდება სასიყვარულო კავშირებში, სცენასთან, რეჟისურასთან დაკავშირებულ სფეროებში. ხშირ შემთხვევაში მისი ნიჭი შვილებს გადაეცემა მემკვიდრეობით. თუ თავად ვერ მიაღწია შემოქმედებით წინსვლას, წარმატებას – ცდილობს შვილებში განავითაროს (იგივე სფეროში).
მას საკმაოდ ძლიერი განცდები და სურვილები აქვს, რომანტიული ურთიერთობები და რომანტიკა სიყვარულის ძლიერი საჭიროებით ხასიათდება. სასურველია ურთიერთობებში აკონტროლოს დომინანტისა ან/და დაქვემდებარებულის როლი. სექსუალური განტვირთვა ემოციურ გაუმჯობესებას ხელს უწყობს. შემოქმედებითი მუშაობა პერიოდულობით ხასიათდება: ხან საერთოდ ვერაფერს აკეთებს/ქმნის, ხან შემოქმედებითი პროცესები მთლიანად მოიცავს.
პირად ურთიერთობებში შესაძლოა მოსწონდეს ძლიერი, უხეში პარტნიორი. არ უყვარს კომპრომისზე წასვლა, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უჩნდება მბრძანებლობის შემთხვევაში. სასიყვარულო განცდები მის პიროვნულ განახლებას ხელს უწყობს. შვილები მებრძოლი, ნიჭიერი, გენიალურებიც კი იბადებიან. პირად ურთიერთობებში ან პარტნიორს „იმორჩილებს“ ან მას „ემორჩილება“ (თუნდაც ენერგეტიკულ დონეზე). სექსუალურად მოუწესრიგებელმა ურთიერთობებმა შესაძლოა მიიყვანოს თვითგანადგურებამდე. სასურველია სპეკულაციებს ერიდოს.
მგრძნობიარე, ვნებიანი და ავანტიურისტი ადამიანია, ადვილად გადადის ზღვარს სასიყვარულო ინტრიგებსა და ურთიერთობებში. შესაძლოა ქორწინების გარეშე შვილები ჰყავდეს ან თავგადასავლებით გამოირჩეოდეს. როგორც წესი, ბავშვებთან ურთიერთობაში მკაცრია, უპირატესობას უხეში მეთოდებით აღზრდას ანიჭებს. ძლიერად დაზიანებული პლანეტის შემთხვევაში – შვილებს მემკვიდრეობით დაავადებას „უსახსოვრებს“.
პლუტონის ეს მდებარეობა ემოციურ დონეზე განადგურებისა და ფანატიზმისკენ მიდრეკილებაზე მეტყველებს. შესაძლოა საკუთარი შესაძლებლობების არ სჯეროდეს (მათ შორის სიყვარულშიც). ცხოვრებაში თავს მნიშვნელოვან პიროვნებად მიიჩნევს და სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვების ძლიერი სურვილი აქვს. უარყოფით შემთხვევაში სხვების სისუსტეების სათავისოდ გამოყენება ახასიათებს.
პლუტონის მე-5 სახლში მდებარეობა ბავშებთან პრობლემებზე მიანიშნებს. შესაძლოა ფეხმძიმობის (ან შვილის ყოლის) სირთულეები შეექმნას. პირად ცხოვრებაში სოციუმის, საზოგადოების აქტიური ჩარევა ხდება. დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში ქორწინების გარეშე შვილების ყოლის, მათი დაკარგვის ან სუსტი ჯანმრთელობის მქონე შვილების ყოლის ალბათობაა (აუცილებელი არაა ყველა ერთად იყოს).
პლუტონის მე-5 სახლში მდებარეობა წარმატების მომტანია სცენაზე, ხელოვნების, სპორტის სფეროებში, ოფიციალურ სტრუქტურებში. წარმატების მიღწევა უადვილდება, თუ სექსუალური ენერგიის სუბლიმირებას მოახერხებს პროფესიულ საქმიანობაში. სასურველია აზარტულ თამაშებს მოერიდოს.
პლუტონი იმ სახლის დაბალ გამოვლინებებს იძლევა, რომელშიც დგას. ამ შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს პორნოგრაფიისადმი მიდრეკილება, ხელოვნების უარყოფა, შემოქმედებითი ადამიანებითა და შემოქმედებით გაღიზიანება.
დამუშავება იძლევა საკუთარი და სხვების თვითგამოხატვის, „მე“-ს ნაკლოვანებების ზუსტ კრიტიკას, თვითსრულყოფის მიღწევას, მაგრამ ამისთვის ჯერ ქვეცნობიერში განდევნილი ნიჰილიზმის, პესიმიზმის, ათეიზმის დამუშავება-გადახედვა მოუწევს. დაუმუშავებელი ან/და დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში შესაძლოა ღმერთს „სატანური მანტია“ ესხას ან/და უსამართლოდ თვლიდეს. ნიჭიერი მასწავლებლის როლს და უნარებს, რომელიც პრობლემურ ბავშვებთან, ახალგაზრდებთან წარმატებულად მუშაობს.
დამუშავება სამყაროზე ძალაუფლებას იძლევა, თუმცა საკუთარ დესტრუქციული ნაწილის დამორჩილება და აბსოლუტის ნებისმიერი სახის შემოქმედებითი გამოვლენის პატივისცემა მოუწევს.
ამოცანა:
- ნება მიეცით სიყვარულს გამოვლინდეს თავის დროსა და ადგილზე, შემდეგ კი უარყოფითი განცდები (დისჰარმონიული განცდები, ეჭვიანობა) მოიშორეთ.
- ნუ ეცდებით სიყვარულის შეცვლას, პირიქით – სიყვარულმა შეგცვალოთ პიროვნულად.
- შექმენით ისეთი რამ, რაც ყოველ ადამიანს აღაფრთოვანებს.
- ნამდვილი „მე“ს, ეგოს გამოვლენა
- ნებისმიერი ადამიანის ღირსებების პატივისცემა.
დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.