პლუტონი მორიელში

პლუტონი მორიელში

პლუტონი ზოდიაქოს ნიშანში აღწერს მისი მოქმედებებისა და წმენდვის პროცესების სტილს, მეთოდს და მიმართულებას. ეს მიმართულებები თაობებს ახასიათებთ, რადგან პლუტონი ერთ ნიშანში დიდხანს რჩება.

დაბადებულები:

06.11.1983 – 15.08.1984;

28.08.1984-17.01.1995;

21.04.1995-10.11.1995

„ძალაუფლებისა და კონტროლის გააზრება“

პლუტონი ყველაზე მეტად სრულყოფილად თავს მორიელის ნიშანში გამოხატავს, რადგან ამ ნიშნის მმართველად ითვლება. პლუტონი მორიელს გადიოდა იმ დროს, როდესაც ახალი კოსმოსური აღმოჩენები, მოგზაურობები აქტიურ ფაზაში შევიდა, როცა ღიად დაიწყეს ტაბუირებულ თემებზე, შინაგან კონფლიქტებზე საუბარი, არაერთი ერი და სახელმწიფო მოექცა კონფლიქტებისა და ომის ზღვარზე. აღნიშნულ პერიოდში გაჩნდა არაერთი რელიგიური სექტა, ფანატიკოსობამდე მისული გამოვლინებები.

მსგავსი მდებარეობა იყო 1739-1750 წლებში, როდესაც კოლონიებმა თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყეს.

ეს თაობა მიდრეკილია რადიკალური და რეფორმატორული ცვლილებებისკენ, განსაკუთრებით სამთავრობო სექტორში, მართვის კუთხით, ნებისმიერ სექტორში, რომელშიც ძალაუფლებაა, მედიცინასთან, გენეტიკასთან, ნაციონალობასა და რელიგიასთან დაკავშირებულ სფეროებში. ასეთ დროს შეუძლია უკვე არსებული მდგომარეობა და გამოცდილება გამოიყენოს ფორმის შეცვლით, ტრანსფორმირება მოახდინოს.

პლუტონ მორიელს დიდი ცვლილებები მოაქვს პოლიტიკასა და სახელმწიფო სტრუქტურებში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც წლების განმავლობაში დიქტატორის მმართველობის ქვეშ იყო. ადამიანებში ძლიერად ვლინდება სულიერი და პირადი თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი.

საუკეთესო შემთხვევაში ამ მდებარეობის მქონე თავდაუზოგავი ადამიანია, რომელიც უსარგებლოს ანგრევს, ცვლის და პლუტონის სასწორში მდებარეობის მქონე ადამიანების საქმის გამგრძელებელია. შეუძლია უმაღლესი ფსიქიკური მოვლენები/ფენომენები, ისწაფვის გამარჯვებისკენ და ამისთვის ძალას არ იშურებს.

უარეს შემთხვევაში პლუტონის ეს მდებარეობა იძლევა დანაშაულებრივი ქმედებების მატებას, თვითგანადგურებისკენ მისწრაფებას, ფეთქებადობას და სხვა ტიპის გამანადგურებელ ქმედებებს.

ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება ეგოცენტრული, კუდაბზიკა, საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული, ფანატიზმისა და დანგრევისკენ მიდრეკილი ადამიანი. დადებითად განვითარების შემთხვევაში – ძლიერი მგრძნობელობა, ზუსტი ინტუიცია, სიმამაცე და ძლიერად გამოხატული ინდივიდუალიზმი.

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში ხასიათს მატებს ფლობის ძლიერ სურვილს, ძალაუფლების ქონას, დაფარულის აღმოჩენის, ნიღბებს იქით ხედვის უნარს, ძლიერ ენერგიასა და ნებისყოფას, თვითანალიზს, საკუთარ თავში დარწმუნებულობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, რეალიზმის შეფასებას, ღირებულებისა და სარგებლის ინსტინქტურ ცოდნას. ინტერესი ვლინდება მედიცინის, ქირურგიის, ქიმიის, მაგიის, ჰიპნოზის, განკურნების მეთოდების მიმართ.

უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში ვლინდება ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორიცაა – დიქტატორობისკენ მიდრეკილება, ემოციური გაუწონასწორებლობა, ჟინიანობა, დემაგოგიისკენ მიდრეკილება, აგრესიულობა, კორუფცია, ტყუილი, მანიპულირება, ინტრიგანობა, ძალადობისკენ მიდრეკილება, ავტორიტარულობა, ფანატიკოსობა, გულღვარძლიანობა.

ასეთი ადამიანი მიზნისკენ მუდმივად მიისწრაფის, სურს გამორჩეული იყოს და ბრბოსგან გამოცალკევებას ახერხებს, მისთვის შუალედური არ არსებობს – მხოლოდ ან „კი“ ან „არა“. შეუძლია საბოლოოდ გაანადგუროს რაც არ მოსწონს და ფერფლიდან აღადგინოს, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთი ან ინფორმაცია, შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს. ცხოვრების განმავლობაში კი არაერთხელ უწევს ძლიერი ემოციური განცდების გადატანა და ძლიერი ტანჯვა, ამ სახით უნიკალურ გამოცდილებას იძენს. მას შეუძლია იყოს როგორც შურისმაძიებელი, ასევე წმინდანიც.

ძლიერი პლუტონის შემთხვევაში ადამიანი ხშირად ამჟღავნებს ინტერესს ეზოთერიკისა და მისტიკის  მიმართ, ამის გამო გარშემომყოფებში უცნაურად ან ორიგინალურად აღიქმება. ზოგადად მის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს: ძალაუფლება, სექსი, ოკულტიზმი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობს კონფლიქტის ზღვარზე და თავს ხშირად გრძნობს „ბოლო ბრძოლის“ – არმაგედონის შუაგულში.

ზოგადად აღნიშნული ეპოქისთვის და ნაწილობრივ ადამიანებისთვისაც დამახასიათებელია მასობრივი არეულობა, ქაოსი, ნგრევა. უამრავი დამანგრეველი და გამანადგურებელი, ფანატიკოსი, შავი მაგიის მიმდევარი, მისტიკოსი, სუიციდისკენ მიდრეკილი, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იბადება  – ეს პლუტონის ბნელი მხარეა. ნათელი მხარე კი – მის ძლიერ, მატრანსფორმირებელ ენერგიაში იმალება; პლუტონი რეალიზებისთვის დიდ ენერგიას აძლევს ადამიანს, დადებითი კუთხით  ეს თაობა რეფორმატორებს, მეცნიერებს, მკვევრებს, საზოგადოებრივი ცხოვრების წამმართველებს, სამთავრობო სტრუქტურების შემცვლებებს, ფსიქოლოგიასა და მეცნიერებებში ახალი აღმოჩენების, მიმართულებების საფუძვლის ჩამყრელებს აერთიანებს.

ინდივიდუალური დამუშავების გზაზე ინდივიდს უწევს საკმაოდ ძლიერი ემოციური განცდების, ტანჯვის გადატანა, რომლებსაც (როგორც თვითონ მოგვიანებით დაასკვნის) არსად მიჰყავს. პლუტონი მისგან ქვეცნობიერში სიღრმისეულ ჩაღრმავებას და ანალიზს, პიროვნულ და სოციალურ ცვლილებებს ითხოვს. თუ პლუტონის დამუშავება არ ხდება – არაერთხელ უწევს ემოციური იმედგაცურების გადატანა, აფექტის მდგომარეობაში ყოფნა, ერთი სიტყვით – საკუთარ ემოციებზე ძალაუფლებას მოკლებულია (ემოციები მართავენ და არა პირიქით).

ამ შემთხვევაში პლუტონი ემოციურ სფეროს წმენდს, განსაკუთრებით მის შედარებით ძლიერ პროგრამებს, რომლებსაც შესაძლოა ძლიერი დაცვის მექანიზმის მქონე ან ადამიანი მათ ნაკლებად აცნობიერებდეს. მაგრამ პლუტონს არ სჭირდება სიტყვები: დაბალი დონისა და განვითარების პროგრამებს „ჭრის“ და მისთვის წინააღმდეგობა არ არსებობს – ინდივიდს არჩევანის საშუალება ეძლევა: ან ეწინააღმდეგება ძველი, დასანგრევი ემოციური პროგრამების, „შტამპების“ მოშორებას ან ნებაყოფლობით ემორჩილება „კოსმიურ ექიმს“ და მასთან თანამშრომლობს. ამ შემთხვევაში პლუტონის მუშაობასთან თანამშრომლობა მოთმინების გამომუშავებასაც უკავშირდება, დაბალი ოქტავის მორიელური აგრესია, შფოთიანობა, თვითგანადგურებისა და განადგურებისკენ მიდრეკილება საბოლოოდ სცილდება.

პლუტონი მორიელში უფრო მეტად შინაგან, ფაქიზ დონეზე მუშაობს. როდესაც პლუტონი ლომს გადიოდა – მისი ცვლილებები უმეტესად გარეგნულ მხარეზე აისახებოდა, ამჯერად შინაგან დონეზე, სიღრმისეული ცვლილება ხდება. უმაღლეს დონეზე ხდება სამყაროს აღქმის, სამყაროსეული ცოდნის საიდუმლოებების გაგება როგორიცაა დაბადებისა და სიკვდილის თემა, კარმის კანონები, ერთი სიტყვით – სამყაროს ევოლუციური პრინციპების გაგება. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელიც საკმაოდ ფაქიზად და ზუსტად მუშაობს წმენდვისა და სიღრმისეული, ფუნდამენტური ტრანსფორმაციისთვის.

უფრო დაბალ დონეზე პლუტონი მორიელის ძლიერი გამოვლინების შემთხვევაში ვიღებთ  ე.წ. შავ მასწავლებელს, რომელიც საკუთარ მოსწავლეებში წარმოაჩენს ყოველივე ბნელსა და ჭუჭყიანს, რაც მათ სულშია. განსაკუთრებით – ძალაუფლების სიყვარულსა და მისკენ სწრაფვას. პლუტონის ძლიერმა გამოვლენამ შესაძლოა მთლიანად შეგვიცვალოს წარმოდგენა ცოცხალ სამყაროზე დაწყებული უწვრილესი მიკროორგანიზმებიდან დამთავრებული უძველესი რელიგიური ფილოსოფიის გაგებით.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top