რა არის ეზოტერიკა

რა არის ეზოტერიკა

ეზოტერიკა _ ბერძნული სიტყვაა  და ნიშნავს “შინაგანს”, “დაფარულს, “ფარულს”, ანუ ისტორიულად ეზოტერიკა აღნიშნავდა საიდუმლო, “შინაგან დოქტრინას”.

სავარაუდოდ, ამ ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ელინიზმის ეპოქას (IV – III ს.ს. ძვ.წ–ით) და კერძოდ, პითაგორას, მაგრამ ეს ფილოსოფიურ–რელიგიური სწავლება, რა თქმა უნდა, პითაგორამდეც არსებობდა და იგი მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში, მასწავლებლიდან მოსწავლეს და ისიც ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. ეზოტერიკისგან განსხვავებით ეგზოტერიკა (რომელიც, გარეგანს, გახსნილს ნიშნავს) ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და მასში შედიოდა ის რელიგიურ–ფილოსოფიური დისციპლინები, რომელიც  აღსაქმელად ყველასთვის ადვილი იყო.

ანუ ეზოტერიკა, პირველსაწყისად, აღნიშნავდა იმ საიდუმლო ცოდნას, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობის რჩეულისთვის, განდობილისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ჭეშმარიტ ეზოტერიკასთან მუდამ იყო დაკავშირებული რაღაც დაფარული, იდუმალი, რომლის განდობაც მხოლოდ მცირედთათვის და ისიც რჩეულთათვის ხდებოდა.

მაგალითად, პითაგორა, – სანამ იმ ცოდნას აზიარებდა, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანს შეეძლო გაეგო, – საკუთარ მოსწავლეებს რამდენიმე საფეხურიან (ეტაპიან) გამოცდას უტარებდა. სანამ პითაგორა მოსწავლეს თავის სკოლაში მიიღებდა, მანამდე ის იგებდა, თუ როგორ იქცეოდა ეს ადამიანი სახლში, მშობლებთან, ნათესავებთან, ამ პერიოდში ის აკვირდებოდა ასევე მოწაფის გარეგნულ იერს და შინაგან ზნეობასაც, მის ადამიანებთან ურთიერთობას, – რომელი და როგორი ადამიანი იწვევდა მომავალ მოწაფეში სიხარულს და რომელი კიდევ მწუხარებას, ამ დაკვირვებას, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, სამ წლამდე აწარმოებდა; შემდეგ კი, პირველ ტაპზე (საფეხურზე), მოსწავლეობის მსურველს დუმილის აღთქმა უნდა დაედო და დაეცვა. ეს დუმილის აღთქმა 5 წელი გრძელდებოდა და ამ პერიოდში მოსწავლეს უფლება არ ჰქონდა რაიმე ეთქვა, მას მხოლოდ უნდა მოესმინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლიდან უშვებდნენ; ამ ეტაპზე, მოსწავლეს ყველაფერ იმას ართმევდნენ, რაც მის საკუთრებად ითვლებოდა და გადასცემდნენ ამისთვის სპეციალურად დანიშნულ პირს. მეორე ეტაპი გამოქვაბულში განმარტოება იყო. სადაც ადამიანი გადიოდა საკუთარი თავის განჭვრეტის პროცესს.

ეზოტერული ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა მისტერიების სახით. სიტყვა მისტერია ბერძნული “muo”–დან წარმოიშვა და ნიშნავს “პირის დახურვას”. საიდუმლოს გაცემაში დადანაშაულებულ ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

უძველესი ტრადიციების ცნობილი ამერიკელი მკვლევარი მ. პ. ჰოლლი, წერდა, რომ: “მისტერიები იცავდნენ და ინახავდნენ ტრანსცედენტულ * ცოდნას იმდენად ღრმად და ყველასთვის ხელმიუწვდომლად, რომ გარდა უფრო ამაღლებული ინტელექტებისა, მათი გაგება სხვა არავის შეეძლო და ეს ცოდნა იმდენად ძლიერია, რომ მისი განდობა მხოლოდ მათთვის შეიძლებოდა, ვისაც პირადი ამბიციები უკვე აღარ ჰქონდა და ვინც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა კაცობრიობის უანგარო მსახურებას”.

პრაქტიკულად ყველა ძველ ცივილიზაციასა თუ ერში არსებობდა მისტერიები, მაგალითად:

  1. ასარაპისის მისტერია _ ეგვიპტე;
  2. ბაკჰუსისა (ახუსისა) და დიონისეს რიტუალები _ ძველი საბერძნეთი და რომი;
  3. ორფიკული მისტერიები, რომლის მთავარი სიუჟეტიც ორფეოსისა და ევრიკიდეს სიყვარული იყო;
  4. ელევსინი მისტერიები, რომელიც ცერერას (დემეტრე, რეა ანდა ისიდა) და მისი ქალიშვილის პერსეფონეს (პროზერპინას) საპატივცემულოდ იმართებოდა;
  5. სპარსული მისტერიები, რომელიც მითრას კულტს ეძღვნებოდა;
  6. დრუიდების მისტერიები ბრიტანეთში, გალიაში და სხვა;
  7. საქართველოში ღმერთი გამრიგესა და ღვთიშვილთა (პირქუში, იახსარი, კოპალა და სხვა) მისტერიები; ლამპრობის დღესასწაული, რომელიც მთვარის დაბადების დღესაწაულთან იყო დაკავშირებული (24 იანვარი). მთვარე კი ქართველებისთვის კულტი იყო და სხვა.

ქრისტიანობის წარმოშობის გარიჟრაჟზე სიტყვიერი სამყაროს მრავალი იდეა, მათ შორის მისტერიების ინსტიტუტიც, შეერწყა ახალ რელიგიას. ამის შედეგად, ქრისტიანობაში არსებობს იესოსა და ცათა სასუფევლის მისტერიები, რომლებშიც, – მათთვის ვინც განდობას ეძიებდა, – განსაკუთრებული დათქმები იყო, ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ განდობილებსა და ჭეშმარიტი ცოდნის (სიბრძნის, სულიერი ცოდნის) მაძიებლებს შეეძინათ ეს ცოდნა. ქრისტიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული ებრაულ, სპარსულ და ბერძნულ რელიგიებთან, ირიბად კი უფრო ძველ _ ინდურ და ეგვიპტურ_ რელიგიებთან.

ეზოტერული საიდუმლო ცოდნის ფესვების ძიება კი საჭიროა დაიწყოს ვედებებიდან _ ძველ, წმინდა ტექსტებსა და იმ წყაროებში, რომელიც დღეს კაცობრიობისთვის უკვე ცნობილია. ამ ცოდნის გამო ეგვიპტესა და აღმოსავლეთში (ინდოეთი, ჩინეთი), უძველესი დროიდან მრავალი ფილოსოფოსი მიდიოდა: ჰეროდიტე, თალესი, პარმენიდე, ემპედოკლე, პითაგორა და სხვანი.

ასევე, თავისი ახალგაზრდობა ეგვიპტეში გაატარეს მოსემ და იესომ.

ეზოერიკა და ეზოერული სისტემები

როგორც აღვნიშნეთ, ეზოტერიკა _ ეს საიდუმლო, დაფარული ცოდნაა. ძველად ეზოტერულ ცოდნად იწოდებოდა ყველაფერი ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში აგროვებდა და იცავდა სხვადასხვა ერი, ეთნოსი თუ ადამიანთა ჯგუფი, შემდეგ ამ ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდა, ეს ცოდნა ხან იკარგებოდა ხან კი მისი აღდგენა ხდებოდა. ეს საუკუნეების სიბრძნეა, საკუთარი თავისა და ცხოვრების შეცნობა–გაგების ცოდნაა.

ელენა ბლავატსკაიას “საიდუმლო დოქტრინაში”** საუბარია ეზოტერიკაზე, როგორც ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიური თუ მეცნიერული მიმართულების გამთლიანებასა და საფუძველზე, რადგანაც მისტერიებში, რომლებშიც სიმბოლურ ენაზეა გადმოცემული ეზოტერული “საიდუმლობებები”, ზუსტადაც რომ ეს ერთიანი ეზოტერული დოქტრინაა _ სიბრძნის უძველესი რელიგიაა დაფარული. მისი სინონიმებია _ ეზოტერული ფილოსოფია, ოკულტური მეცნიერება, ღვთაებრივი სიბრძნე (თეოსოფია), საიდუმლო დოქტრინა.

გარდა მისტერიებისა, ეზოთერიკულ ცოდნას მიეკუთვნება:

1. ნუმეროლოგია _ სხვადასხვა ციფრებისგან მიმდინარე და მომავლის მოვლენების შედგენა–დაკავშირების უნარი, რომელიც დაკავშირებულია ამ რიცხვებით აღნიშნულ (ანუ შესაბამისი რიცხვის დახასიათებისა და ენერგეტიკის მქონე) ადამიანებთან და საგნებთან, ასევე, პიროვნების სახელის რიცხვის გამოანგარიშება და ამ რიცხვის ადამიანზე გავლენის ანალიზი;

2. ასტროლოგია _ პლანეტებისა და მნათობების კონკრეტულ დროსა და კოსმიურ სივრცეში მდებარეობა–განლაგების განსაზღვრისა და მათი გავლენის ანალიზის უანრი;

3.  ფიზიოგნომისტიკა _ ადამიანის გარეგნული სახის (სახების, იერის) მეშვეობით მისი პირადი თვისებებისა და შესაძლო ქმედებების განსაზღვრის უნარი;

4.ქირომანტია და ქიროლოგია _ ხელის თითების, ხელის მტევნისა და ხელის გულის მეშვეობით, ადამიანის პირადი თვისებებისა და მის ცხოვრებაში მოვლენების შესაძლო განვითარების გასაზღვრის უნარი;

5. საცერემონიო (სარიტუალო) მაგია;

6. ტაროს კარტი;

7. რუნები;

8. იოგა;

9. ცზინი _ (აღმოსავლური, კერძოდ, ჩინური მიმდინარეობაა), მონეტების გამოყენებით მომავლის მოვლენების განსაზღვრის უნარი;

10. კოსმოენერგეტიკა;

11. ბიოენერგეტიკა;

12. ციგუნი  _ ძველი ჩინური ხელოვნებაა – ორგანიზმის თვითრეგულაციის ვარჯიშები;

13. თეოსოფია;

14. კაბალა;

15. სიზმრების ცნობიერად მართვა და ფაქიზი დონეების (სივრცეების) პროექციები;

16. ნათელმხილველობა;

17. ხმების (შინაგანი, უხილავი) მეშვეობით მომავლის განჭვრეტა;

18. ფენშუი  – ძველი ჩინური სწავლება ადამიანისა და გარემოს, ადამიანისა და საცხოვრებელი ადგილის, გარემოსა და საცხოვრებელი ადგილის ენერგეტიკული ურთიერთქმედების შესახებ;

19. რეიკი  _ კომპლექსური მედიცინის სახეობა, ე.წ. ხელის გულების შეხების გზით განკურნება;

20. ტაილანდური მასაჟი;

21. ჩენნელინგი***  _ უფრო ფაქიზ სამყაროში, სივრცეში “მცხოვრები” ზეგონიერი არსებების მეშვეობით ინფორმაციის მიღება, ამ ინფორმაციის გადაცემა, და სხვა;

22. ძველი ბერძნული (და ზოგადად, სხვა ერებისა და ქვეყნების) მისტერიები და მასონების სწავლებები;

23. ვედური ცოდნა და სხვა.

ყველა ეს დაფარული, საგულდაგულოდ, საიდუმლოდ დაცული ცოდნაა, თუმცა, ოფიციალური  მეცნიერება მათ უარყოფს (მეტ–ნაკლებად, ლოიალურადაა განწყობილი ასტროლოგიის მიმართ, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში (მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების მოჯნაზე) დასავლურმა ცივილიზაციამ ასტროლოგია, როგორც მეცნიერების ერთ–ერთი ინსტიტუცია ისე მიიღო და აღიარა), მაგრამ ეზოტერული სისტემები უბრალო ადამიანების დიდ ინტერესს იწვევს, რადგანაც ეზოტერიკას რეალურ ცხოვრებაში ფართო პრაქტიკული გამოყენება აქვს.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

* ტრანსცედენტული – ლათინურიდან – გადაბიჯება _ ყოფიერების იმ მხარეებს ნიშნავს, რომელიც სამყაროს გარს აკრავს და, რომლის დაფიქსირებაც შეუძლებელია ადამიანის გრძნობის ორგანოებით, გამოცდილების დახმარებით, ექსპერიმენტით, რადგანაც ისინი აღემატებიან მყარ, ხილულ, საზღვრულ სამყაროს. ისინი ადამიანის მიერ შეიმეცნებიან განმჭვრეტითი შეცნობა–გაცნობიერების გზით.

** დოქტრინა – სწავლება, სამეცნიერო კონცეფცია.

*** ჩენნელინგი – ინგლისურიდან channeling – ნაწარმოებია ინგლისური სიტყვა ‘არხი”–დან.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გამოყენებული წყაროები:

ივ. ჯავახიშვილი _ ქართველი ერის ისტორია (I ტომი);.

 ნ. გილკა – სტატიები;

მ. პ. ჰოლი _ სტატიები;

პითაგორა.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top